* * *
ფოთოლია თუ – ოქროს რკალია –
ძვირფასო, შენ რომ ხელში გიჭირავს?
ზედ დაეტევა წყვილი კალია,
ნემსიყლაპია, ანდაც – ჭრიჭინა.
შენ – სიყვარული – რკალად აქციე,
მე – რკალის – ფოთლად ქცევას ვაპირებ;
და ისე მიყვარს – ანიმაცია, –
ზედ მივახატავ – ნემსიყლაპიებს.
გველის წელიწადი
მთელი თორმეტი წელიწადი მოვანდომე
ამ ზღაპრის თხრობას – შენთვის;
და ისევ – წრე იხსნება რკალად
და რკალი – ადგილიდან იძვრის,
მოცურავს. ჩემი ახალი ბეჭდის თვალი
ნათებას იწყებს. ეს არის – გველის წელიწადი.
თითიდან ვიძრობ, ვატრიალებ.
რა ჩავუთქვა? – სარკმლის მიღმა –
თეთრი ღრუბელი ლამაზია –
ფიჭვის მწვანე ღრუბელს დაჰყურებს.
მე ვისურვებ და ჰაერში – ფანტელები
ატივტივდება. მერე ისევ – ვაშტერდები –
ზამთრის ოთახის თუხთუხა წერტილს –
ჩაიდანს, – იგი კვლავ ამთქნარებს –
მოწყენისაგან; ის არ არის –
ზღაპრის ერთგული. რა ჩავუთქვა?! –
წვნიანი – მარილს რომ ვამატებ –
სულმთლად დამტკბარა. მარილი –
მკვდარი შაქარია. დღეს ცოცხლდება
ყველა კრისტალი და პატარა გოგო,
რომელიც – მზეთუნახავის ნაწნავებზე –
უარს ამბობდა, და თეთრი ცხენი
სურდა, ან – შავი, ოღონდ – ყველგან
თვითონ ექროლა; და მერე –
ამბის გასაგრძელებლად – ისტორიის
სახელმძღვანელოს კითხულობდა იქამდე, –
ვიდრე – სიტყვების თუ ოქროს ძიებით,
თუ – ციებით. – უცხო ქვეყანა არ
აღმოაჩინა; და ჩაუთქვა – თავისუფლება!
მაგრამ მისმა ძმადნაფიცებმა –
იმ ქვეყნის ხალხს – გრძელთმიანებს,
შუბლმოხატულებს – გვირგვინებიდან –
სათითაოდ დააცალეს ფერადი ფრთები,
და ვისკის ბოთლი შეაჩეჩეს ხელში
და მათი წინაპრების ჩრდილებით მბრწყინავ
მიწას – მომავლის ჯადო დაადეს.
და ჩაუთქვეს – სამშობლოსგან თავისუფლება!
და კონსერვის თავღია ქილა –
როგორც სამყაროს ახალთახალი
მაკეტი – წამში აშუშხუნდა –
ყველა ძველი ღმერთის ბაგესთან.
და იმ გოგომ წიგნი დახურა.
და ისევ – ზღაპარს დაუბრუნდა.
პირველივე ხომალდით – თავის
კოშკს მიაშურა და ჩირაღდნები
გამოკიდა, – ავი სულები რომ დაეფრთხო,
ბაბა-იგას – მისი კოშკი – ფეხებიან
ქოხად რომ არ გადაექცია. და თავისი
თეთრი კედებით – ამ კოშკიდან დადიოდა
სკოლაშიც და მეგობრებთანაც.
და ზღაპარი არც აქ დამთავრდა:
იგივე გველის წელიწადი, იგივე – ჩემი
წელიწადი კუდზე-ბეჭედით – მოსრიალებს,
რათა – ამბის გასაგრძელებლად –
თუკი ბაგეს სურვილი დარჩა, – დღეს
ჩაუთქვას და შენს კოშკსაც შემოეხვიოს.
* * *
ისინი – ჩემი დები –
ხელში – ძველი და მაინც
ძველებურად მოელვარე
ვაშლებით – დღემდე
ძვირფას ბავშვებად რჩებიან,
ტკბილად ჩურჩულებენ:
“დიახ, ბატონო!” მე კი –
უღირსი გოგო ვარ, რადგან
ღმერთი მიყვარს, როგორც – მარილი.
მლაშე ზღვიდან ამოტანილი
ფხა – მბრწყინავი და ჩხვლეტია –
შენი ფერდისთვისაც –
მტკივნეული იქნება. და მე –
ჯინსის იდაყვით – ჰაერს
ვკვეთ და ისევ ზღვისკენ
მივიწევ. ზღვები –
შენი თვალის გუგებშიც ტკბება.
* * *
ორ ქალაქს შორის – ხეებად დარგულ
გზაზე ხეები – მგზავრების თვალებს –
ისევ თავისად დაიგულებენ, –
ბუდეებით და ფოთლებით რთავენ.
თუმცა თვალები – დღეს – სარკმელს დააქვს
და რიტმით – ბორბალს მიაქვს ცხოვრება, –
ერთი ქალაქი – მეორე ქალაქს –
კვლავ ხის ჩხირებით მიექსოვება.
* * *
დამწყემსე ჩემი ცხვარი, ვარსკვლავი
და სიტყვები – მთის ფერდობზე
შეფენილები, – სულ უფრო მაღლა
რომ მიიწევენ და ტოვებენ –
ათასნაირ ნაფეხურებს: წრეებს,
ფერად ნამტვრევებს, ლექსებს.
მე არ ვიცი – მათგან
რომელ ერთს უნდა ვდიო,
რომლისათვის უნდა ვიფხიზლო, –
იმ მთის მიღმა – რომელ მხარეს
უნდა გავუძღვე: ტყეში და ღრეში,
კონტინენტის შუაგულისკენ, ოკეანის
სანაპიროსკენ, თუ – სიზმრების მიმართულებით.
მე ხომ ვიცი – ჩამეძინება.
სიზმარა ვარ. ჩემი ცხვარი და
ვარსკვლავი და სიტყვები – ჩემი
სიზმრისაკენ მიიწევენ, იბნევიან,
იკარგებიან. მოაგროვე. თუ არც ერთი
არ აკლია, – ნუ მეტყვი რომ –
მატყუარა ვარ. ნუ მეტყვი რომ –
კარგი მწყემსი ვარ: ჭკვიანიც ვარ,
ლამაზიც ვარ, უშიშარიც ვარ.
დამწყემსე ჩემი სიყვარული.
© “არილი”