* * *
ის მგლები,
შენს ბავშვობაში რომ ყმუოდნენ,
რაღაცით მჯობნიან;
ის მგლები,
როცა ჯერ კიდევ პატარა იყავი
და არც ამოდენა მთა-გორები ამოგზრდოდა,
და არც ამოდენა მთვარე ამოგდიოდა,
ისევ ყმუიან,
როგორც ადრე, შენს ბავშვობაში,
და მართალია, ზამთარშიც კი გაიშვიათდა მათი ყმუილი,
თუ შეყმუვლებენ, ისევ ისე, როგორც ადრე,
როგორც წლების წინ,
და რაღაცით მჯობნიან მგლები,
რადგან ჩემი ყმუილი სევდისაგან დაიშრიტა,
რადგან მე მახსოვს…
რადგან შენ აღარ ხარ
და დიდი ხანია, შენს მაგივრად შენს ხსოვნას ვუფრთხილდებით,
წლები მიდის, ხსოვნა იზრდება
და ჩვენ ყველას გვიხარია,
რომ ასე გვახსოვხარ,
და ვერ ვამჩნევთ
ამ ხსოვნისაგან თავად როგორ პატარავდები…
და ამითაც მჯობნიან მგლები.
განა მათ ახსოვთ შარშანდელი მთვარე ანდა შარშანწინდელი შიმშილობა,
მე კი ყველაფერი მამახსოვრდება
და ამ ხსოვნისგან მეცვითება საცეცები.
უნდა როგორმე გიღალატო,
უნდა როგორმე შეგიძულო,
უნდა გაგყიდო
და ბოლოს საერთოდ გადაგივიწყო,
რომ მერე, როცა სავსე მთვარე ამოგორდება,
მგლის მშიერი კუჭივით ამეწვას უშენობა,
დაგიჩოქო, შემოგყმუვლო
და შემოგიბრუნდე…
* * *
არის დრო დღე-ღამეში,
როცა მე მართლა თავის უფალი ვარ,
გამოღვიძება,
როცა ღამის კოშმარები გამდნარი ცვილივით ტრიალებენ თავში,
როცა შემიძლია მათგან ნებისმიერი რამ გამოვძერწო
ანდა სულაც ფეხებზე მივიკრა,
რათა მერე ფეხშიშველამ აღვიბეჭდო დედამიწა,
ანდა პაწაწინა ლექსები გამოვძერწო,
ანდა იმედიანი დღის განრიგი,
ან კიდევ რაღაც…
არის დრო დღე-ღამეში,
როცა მე განვსაზღვრავ ჩემს ბედისწერას
და თუ რამე მომეკითხება,
ნუ მომკითხავთ დღისთვის, ნურც ღამისთვის,
მხოლოდ გამოღვიძებისთვის მაგებინეთ პასუხი…
ნაცრისფერი ლაიტმოტივი
დაუგველი კიბეები,
მაკულატურადაც უვარგისი, გადაყრილი წიგნების გროვა
და ათასგვარი ხარახურა
მაცილებს მე
ბნელი სარდაფის ლაბირინთებში.
მარცხნივ, მარჯვნივ, ისევ მარცხნივ,
ცალ ხელში სანთლით,
მეორეში გასაღებით,
ძლივს ვახერხებ ავხსნა ბოქლომი.
რკინის კარი სანამ ჩარჩოს მოსცილდება,
ერთხელ ცივად გაიხმაურებს
და უკვე აქა ვარ, აქ,
საკუთარ სამფლობელოში,
რომელიც ორი ათეული წლის წინ
ბინასთან ერთად ერგოთ ჩემს მშობლებს
უსარგებლო ნივთების და ზამთრის მარაგის
შესანახავად.
მე უკვე აღარა ვარ პატარა
და შიშსაც,
დიდი ხანია, ვძლიე,
და ამათაც,
დიდი ხანია, შევეგუე, –
სარდაფის ბინადრებს,
რომლებიც, არ ვიცი, რა ხნიდან,
მაგრამ ნამდვილად აქ სახლობენ,
ამ ხუთიოდ კვადრატულ მეტრში…
ისინი ნამდვილად ადამიანები არიან,
ყოველ შემთხვევაში, ადამიანის აქვთ თავი, ტანი, ხელი და ფეხი,
ტანზეც ჩვენსავით ტანსაცმელი აცვიათ,
ოღონდ დაძონძილი,
და კიდევ –
ფერი აქვთ განურჩევლად ნაცრისფერი,
თუ შემთხვევით სანთლის ალმა
ყვითლად არ გადაურბინა ჩამქრალ სახეებზე.
მე არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ ისინი აქ,
ამ ჩაკეტილ სივრცეში,
მაგრამ შევეჩვიე მათ არსებობას.
ერთი, მაგალითად,
აი ამ მამაჩემისდროინდელი და მოწნული ოცლიტრიანის უკან ცხოვრობს,
მეორე – უზარმაზარ ჩანთას ეფარება,
რომელშიც ნახმარი ფეხსაცმელები და კიდევ რაღაცეებია,
მესამე და მეოთხე –
ძველი თუჯის ფეჩის ქვეშ ცხოვრობენ,
მეხუთე – მესამე თაროზე
საფარის გარეშე კუთხეშია მიკუნჭული,
და ასე შემდეგ…
მათით სავსე არის მთელი სარდაფი.
მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი ცხოვრება,
გაუგებარია, რა ასულდგმულებთ,
რადგან აქ,
ამ ხუთიოდ კვადრატულ მეტრში,
არაფერი არ იცვლება მათი არსებობით.
ისინი არასდროს არ იპარავენ არანაირ საჭმელს,
არც არანაირ კვალს არ ტოვებენ,
მხოლოდ სუნთქვა,
ერთდროულად მშვიდიცა და დაძაბულიც,
მახვედრებს, რომ ცოცხლები არიან,
და თითქოს ერთადერთი რამ სჭირდებათ –
არ შევიმჩნიო
და არ დავარღვიო მათი საკრალური წესრიგი…
მხოლოდ გასვლისას,
როცა, მაგალითად, საიმედოდ დავაბინავებ მაყვლის მურაბას,
მეჩვენება, რომ ისინი
დაბუჟებული სხეულებით დგებიან ფეხზე,
შლიან ხელებს
და ნაცრისფერი ყვავებივით მშვიდი რწევით მიმაცილებენ.
და მერე, ღამით, დაძინების წინ
თბილ საწოლში
არ მცილდება მათი ხატება.
ზოგჯერ ვფიქრობ,
რომ რაღაც უსაშველო, უფორმო დემონი ვარ
და ღმერთების მთელი მოდგმა ბნელ სარდაფში მყავს ჩაკეტილი,
ზოგჯერ პირიქით,
თავი კაცობრიობის მხსნელი მგონია,
რადგან ყურადღებით ვინახავ უწმინდურებით სავსე დილეგის გასაღებს…
ისიც მიფიქრია, გამოვუძახო მილიციას
და ეს ველურები წავაყვანინო სადმე,
სადაც ასწავლიან ცხოვრებას
ჩვენნაირს,
მაგრამ მილიცია სახელმწიფოს ნაწილია,
სახელმწიფოს კი არ სცალია ჩემი სარდაფის ბინადრებისთვის.
ასეც და ისეც,
მე ვგრძნობ რაღაც უცნაურ პასუხისმგებლობას,
რასაც ისიც ამძაფრებს, რომ ასე მგონია, თოთხმეტი-თექვსმეტი წლისანი არიან
და არც იცვლებიან,
არც ხდებიან, არც სუქდებიან
და ყველაზე ცუდი ისაა,
რომ არაფერი არ იცვლება წლების მანძილზე…
და კიდევ ერთი,
ღამღამობით,
იმ ნაცრისფერ მოქანავე ლანდებთან ერთად,
მახსენდება ხოლმე საბავშო ბაღის ბოლო ზეიმი,
როცა უკვე დიდებს –
ხუთი წლისებს,
სტუმრად გვეწვივნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.
ისინი უკვე სკოლის ასაკის იყვნენ
და რაღაც პიონერულ, ჩეკისტურ მონტაჟს წარმოადგენდნენ.
და მახსოვს კიდევ ერთი, ნაცრისფერი, თავხოტორა ბიჭი,
რომელიც მონტაჟში მონაწილეობას არ იღებდა,
მას ევალა ორიმისხელა მუყაოს ლენინის უკან დგომა,
რომ ბელადის ფიგურა
შუა სცენაზე არ წაქცეულიყო.
და თუკი ზოგჯერ თავს გამოსწევდა
და არაფრისმთქმელი თვალებით დარბაზს გამოხედავდა,
უმკაცრესი მასწავლებლის მზერა აიძულებდა – ისევ დამალულიყო,
და ნაცრისფერი ბავშვების გროვა გვიმღეროდა
სიმღერას დედაზე.
ეს მოგონება, რა თქმა უნდა, ზედმეტად სენტიმენტალურია,
მაგრამ რატომღაც იმ ბიჭის სახეც
მოდის ხოლმე მოქანავე ლანდებთან ერთად
და თითქოს ერთად მთხოვენ ხოლმე პასუხს რაღაცაზე,
და ვერაფრით ვერ გავიგე,
აქვთ თუ არა რამე საერთო…
წლები მიდიან,
არაფერი არ იცვლება
და მეც იმათი უხმაურო არსებობა
მიმყვება უცვლელ ლაიტმოტივად.
ხოლო კედელზე, შემოსასვლელში, საშუალო ზომის ლურსმანზე,
კიდია მოდიდო გასაღები,
კიდია ისე,
როგორც შეიძლება გასაღები ეკიდოს –
ჩვეულებრივად,
მაგრამ მე სულ ველოდები მოვიდეს ვინმე,
მოითხოვოს, გადაიბაროს
და დამამშვიდოს,
რომ მე არაფერი მომეკითხება…
© “არილი”