მალხაზ ხარბედია
საბჭოთა კრიტიკა ყოველთვის დიდი მონდომებით ასრულებდა მმართველთა დავალებას – შეექმნა მტრის ხატი. ამ კამპანიას “შეეწირა” ერნსტ იუნგერიც, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილოსოფოსი და მწერალი. 1992 წლამდე მისი შემოქმედება თითქმის არ ითარგმნებოდა რუსულ ენაზე, საქართველოში კი მასზე ლიტერატურულ-კრიტიკული წერილიც კი არ დაბეჭდილა. ქართველი მკითხველისთვის დღემდე უცნობი დარჩა შემოქმედი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ფილოსოფიური და მხატვრული აზრის განვითარებაში.
“სულის ავანტიურა”, “უნივერსალური სიმბოლო” – ასე უწოდებდნენ მის წიგნებს დასავლეთში, ჩვენში კი იგი მილიტარისტად, ანტიჰუმანისტად, ნეონაცისტად მონათლეს, მოაზროვნედ, ვინც “სიცოცხლის ფილოსოფია” ფაშიზმის სამსახურში ჩააყენა.
* * *
ერნსტ იუნგერი 1895 წლის 29 მარტს დაიბადა ქ. ჰაიდელბერგში. მეოცნებე, ჩაფიქრებული ყმაწვილისთვის მიუღებელი იყო ის შეზღუდვები, რომლებიც შინ თუ გარეთ უფლებას არ აძლევდა მას, მთელი თავისი სისავსით შეეგრძნო ცხოვრებისა და შემეცნების თვალისმომჭრელი მომხიბვლელობა, გაეგო ბუნებასა და ადამიანში მიმდინარე პროცესების არსი. 15 წლისა გატაცებით კითხულობდა დოსტოევსკის რომანებს, თხზავდა მცირე ზომის ნაწარმოებებს. 18 წლის ასაკში კი მეამბოხე, თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა სახლიდან გაიქცა და ალჟირის პატარა ქალაქში განლაგებულ გერმანიის არმიის ერთ-ერთ ლეგიონში დაიწყო სამსახური. მაგრამ მის რომანტიკულ ოცნებას ჯერ განხორციელება არ ეწერა (საქმეში მამა ჩაერია და იგი შინ დააბრუნეს), ამისთვის საჭირო იყო დიდი, სერიოზული გამოცდა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სახით მოევლინა სამყაროს. ფრონტზე მოხალისედ წასული 19 წლის იუნგერი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. დამანგრეველმა ომმა, ამ ომში მიღებულმა 14-მა ჭრილობამ (რისთვისაც პრუსიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა) მასში ახალი ადამიანი შვა, საკუთარ თავში ახალი თვისებები აღმოაჩინა, ასწავლა “სტერეოსკოპული ხედვა”, უნარი, რომელიც მოვლენებიდან გაუცხოების საშუალებას იძლეოდა. აქედან იწყება მისი ყარიბობა, ამ წლებში გაიცნო იგი მსოფლიომ, როგორც ნიჭიერი მწერალი.
პირველი წიგნი “ფოლადის ქარიშხლებში” 1920 წელს გამოვიდა და ორიოდე წლის განმავლობაში თითქმის ყველა ევროპულ ენაზე ითარგმნა. განსხვავებით სხვა გერმანელ მოღვაწეთაგან, პირველ მსოფლიო ომში დამარცხება იუნგერს არ განუცდია როგორც კატასტროფა, გერმანული და ევროპული კულტურის აღსასრული. სალონური პესიმიზმის საპირისპიროდ, მას ეს ომი მიაჩნდა მსოფლიო ისტორიული პროცესის გადამწყვეტ მომენტად, რომელიც თავისი მნიშვნელობით საფრანგეთის რევოლუციაზე მაღლა იდგა. დღიურების სახით დაწერილ წიგნში იგი ომის ყოველდღიურობის აღწერასთან ერთად მის მისტიკურ მხარეზე მიანიშნებდა, აღიარებდა მის სტიქიურ, პირველყოფილ ბუნებას. ომი, ესაა “შემოქმედებითი ნგრევის პროცესი”, უნივერსალური მოდელი, რომელშიც ადამიანისთვის ნათელი ხდება კულტურულ-ისტორიულ მოვლენათა მრავალფეროვნების არსი.
იუნგერი აზროვნების ახალ წესს ირჩევს, კლასიკური გერმანული ფილოსოფიის იდეალებს ნიცშესა და შპენგლერის სიმბოლოთა სამყაროთი ცვლის, ცნებით აზროვნებას კი – მითოლოგიური ხატებით. მისი წიგნი “ომი, როგორც შინაგანი განცდა” (1922) ომის სიღრმისეული გააზრებაა და არა ძალადობის აპოლოგია.კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ბურჟუაზიისა და 20-30-იანი წლების მმართველი პოლიტიკური ძალების მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა მასში “ღირებულებათა გადაფასების”, “ტოტალური მობილიზაციის” (ასე ერქვა სტატიას, რომელიც 1930 წელს დაიბეჭდა) აუცილებლობის რწმენა. ძველთუძველესი “პროფესია-მჭვრეტელი”, მისთვის დრომოჭმული მითების დასაძლევ იარაღად იქცა, თუმცა იუნგერის ზოგიერთი თვალსაზრისი ნაცისტებმა მიისაკუთრეს და იდეოლოგიური სტერეოტიპების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. 1932 წელს იუნგერის ყველაზე უფრო გახმაურებული ფილოსოფიური ნაშრომი გამოვიდა – “მუშა, ბატონობა და ხატი”, წიგნი, რომელიც ისევე, როგორც თავის დროზე ნიცშეს თხზულებები, ვერ გაიგეს, ვერ შეაფასეს. “მუშა” არ განასახიერებს გარკვეულ ფენას, სოციალურ ჯგუფს ან კლასს, მას არანაირი კავშირი არა აქვს არსებულ სოციალურ სტრუქტურებთან, იგი ყოვლისმომცველი სიმბოლოა, წინასწარმეტყველური ხატი, რომელმაც ახალი ცნობიერების გამოღვიძებასთან ერთად, ახალი შემოქმედებითი ძალები უნდა აამოძრავოს. “მუშა” – ესაა სიცოცხლის თანამედროვე გაგება, ინდივიდუალობის უარყოფა, ნიცშესეული Amor Fati, მსხვერპლი, რომელმაც ადამიანს უნდა სძლიოს. მეორე სახე, რომელიც “მუშაზე” გამძლე აღმოჩნდა, “მეომარია”, “სიკვდილის ჟონგლიორი”, როგორც მას თავად მწერალი უწოდებს. მასზე მსჯელობას იუნგერი სოციალური მიზეზების ჩამოთვლით იწყებს და აღნიშნავს, რომ ფენათა შორის საზღვრის მოშლით, თავად-აზნაურთა პრივილეგიების შეზღუდვით ქრება ცნება “მეომართა კასტა”. ქვეყნის ინტერესების დაცვა აღარაა შეიარაღებული ხალხის გარკვეული ჯგუფის მოვალეობა. პრივილეგია, რომელიც ადრე პროფესიონალ მეომარს ეკუთვნოდა, ახლა ყველას მოვალეობად იქცევა, ყველასი, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია.
ეს წიგნი (“მუშა…”) იმთავითვე ინტელექტუალური წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა. მარტინ ჰაიდეგერმა იგი თავისი სემინარების თემად აირჩია 1939-40 სასწავლო წელს ფრაიბურგის უნივერსიტეტში. ზოგმა კი იგი არ მიიღო, ნაწილმა “ტოტალიტარიზმის აპოლოგიისთვის”, ნაწილმა კი მისივე აღსასრულის წინასწარმეტყველებისთვის (როგორც, მაგალითად, ფაშისტურმა გაზეთმა “ფოლკიშერ ბეობახტერმა”). 1967 წელს მარტინ ჰაიდეგერისადმი მიწერილ ერთ-ერთ პირად წერილში იუნგერი წერდა: “წიგნი, არსებითად, მხედველობიდან გამორჩათ, ვერ შეამჩნიეს მასში გამოთქმული დიაგნოზები და პროგნოზები”, რომელთა აღსრულება, თურმე წიგნის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1933 წელს უნდა დაწყებულიყო.
ერნსტ იუნგერისა და ნაციონალ-სოციალისტების ურთიერთობაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, იგი ყოველთვის თავს არიდებდა ფაშისტურ წრეებთან თანამშრომლობას. ორჯერ, 1927 და 1933 წელს, უარყო რაიხსტაგის დეპუტატობა ნაციონალ-სოციალისტური პარტიიდან, ხოლო მათი სათავეში მოსვლის შემდეგ კი უარი განაცხადა წინადადებაზე, გამხდარიყო გერმანიის აკადემიის წევრი (რომელშიც აღარავინ იყო მუნდირში გამოწყობილ “ხელოვანთა” გარდა). თუმცა, 1939 წელს იგი ვერმახტის ოფიცრად გვევლინება და მეგობართა დახმარებით პარიზში ახერხებს დარჩენას საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლის შტაბში. აქ პარიზის შემოქმედებით ელიტას უახლოვდება: პიკასოს, ბრაკს, კოკტოს, სელინს, გალიმარს და უერთდება შეთქმული ოფიცრების ჯგუფს, რომელთა უმრავლესობაც 1944 წლის 20 ივლისის შეთქმულებას შეეწირა. სწორედ ამ შეთქმულებისთვის მზადება გახდა მიზეზი იუნგერის “მივლინებისა” კავკასიაში 1942-43 წლის ზამთარში, გენერალ-ფელდმარშალ ერვინ რომელის ბრძანებით. საიდუმლო დავალება, რომლის შესრულებაც მას ევალებოდა, შემდეგი იყო: გაეგო, მზადდებოდა თუ არა მსგავსი შეთქმულება სტალინის წინააღმდეგ საბჭოთა გენერლების მიერ და მზად იყო თუ არა რუსული მხარე მოლაპარაკებისთვის, რათა ორივე ქვეყანაში ტირანია ერთდროულად დამხობილიყო. იმედგაცრუებული მწერალი უკან ბრუნდება, მუშაობს ახალ წიგნებზე, ზედიზედ გამოდის მისი “კავკასიური ჩანახატები”, “მშვიდობა” (1945), “ენა და სხეულის აგებულება” (1947), 1941-48 წლების დღიურები (“გამოსხივება”), წიგნები, რომლებიც შემობრუნების წერტილად იქცა იუნგერის შემოქმედებაში.
ომმა, ჰიტლერის მაგალითმა, მას დაანახა ტოტალიტარიზმის ჭეშმარიტი ბუნება და დაარწმუნა თავისუფალი პიროვნების მნიშვნელობაში. ამ მსოფლმხედველობრივ ევოლუციაზე მეტყველებს რომანი “ჰელიოპოლისიც” (1949), რომლის ანტიუტოპიური სამყარო თანამედროვეობის სიმბოლოდ იქცევა, სამყარო, რომლის პროგრესი ეფექტური მომწამლავი ნივთიერების შექმნაზეა დამოკიდებული. ამ რომანში ავტორი ქურუმია, რომელიც წარსულის აჩრდილებს მსხვერპლად წირავს ახალი, თავისუფალი ადამიანის დაბადებას: “თამაშმა უნდა ამოწუროს ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ შეუძლებელს. ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც მარცხი განიცადა კატასტროფაში. ვეთანხმებით ზარატუსტრას მოძღვრებას, რომლის თანახმადაც ადამიანი ზეკაცმა უნდა ძლიოს. ჩვენ განვიხილავთ მის მოძღვრებას არა ეთიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობის თვალსაზრისით. შემდეგი ნაბიჯი კი, ადამიანის მიერ ზეკაცის დამარცხებაა, ბრძოლა, რომელშიც ადამიანი უმაღლეს ძალაუფლებას მოიპოვებს”.
სიკეთე ტკივილითა და შეცდომებით, დანაშაულითა და მსხვერპლით მიიღწევა. დიდი ადამიანები დიდ შეცდომებს უშვებენ. მათი გააზრება კი ჭეშმარიტებისკენ სავალი გზის საწყისია, გზისა, რომელიც ყოველთვის ტყეზე, ჩრდილში გადის. იუნგერის “ტყის ბილიკი” (1951), ისევე როგორც ნიკოლა კუზელის “ველი”, ან მარტინ ჰაიდეგერის “თემშარა”, “ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის მონიშვნაა, რომელიც მუდამ უნდა განახლდეს”, პასუხისმგებლობა, რომელიც მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია იკისროს.
სიკვდილამდე (გარდაიცვალა 1998 წელს) რამდენიმე წლით ადრე იუნგერთან ახალი სამყაროს დიდი პოლიტიკოსები მივლენ, მაგრამ არა როგორც კეისრები, არამედ როგორც ხელგაუტეხავი, ახალბედა მოწაფენი ყარიბობით დაღლილ ზარატუსტრასთან.
© “არილი”