გოლი თარაყი
შამირანის ავტობუსი
სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსი ჩვენს მისვლამდე იძვრის ადგილიდან და გვშორდება, ჩემი პატარა გოგონა ცოტა ხანს მისდევს მას და მოსახვევთან იმედგაცრუებული ჩერდება… სხვა ავტობუსს ველოდებით.
თოვა იწყება და ჰაერში ბრჭყვიალა მტვერი ტრიალებს. ქალაქის ჩვეულ ხმაურს საამო სიჩუმე ცვლის, ყველაფერი თეთრია და მშვიდი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე, რაც პარიზში ვცხოვრობთ, პირველად თოვს ასე ხვავიანად. ყურში ბებიაჩემის ხმა ჩამესმის: “ანგელოზები სახლს ალაგებენ, ღრუბლებს მტვერს აცლიან და ხალიჩებს ბერტყავენ”.
თეირანული მზიანი ზამთრები მახსენდება, ელბრუსის მაღალი მწვერვალი ნათელი და კრიალა ცის ქვეშ; თოვლის გამწმენდი მანქანების რახრახი სახლების ბანზე; ალვის ხეები ბაღის სიღრმეში, ჭაღარა, ტანმაღალ დედაბრებს რომ ემსგავსებოდნენ.
ბავშვობაში, თოვას რომ დაიწყებდა, თითქოს უსასრულოდ თოვდა, ბოლო არ უჩანდა. შაბათი, კვირა, ორშაბათი, დღეებს ვითვლიდი. ათი სანტიმეტრი, ოცი სანტიმეტრი, ნახევარი მეტრი. სკოლა ერთი კვირით იკეტებოდა.
ო, რა ბედნიერება იყო! წარმოუდგენელი ბედნიერება! მთელი ერთი კვირა დილაობით ლოგინში გორაობა! მთელი კვირა თამაში ათას ერთ ბიძაშვილთან და დეიდაშვილთან. მთელი ერთი კვირა არც ზედამხედველის შიში, არც მათემატიკის ანჩხლ მასწავლებელთან შეხვედრა, არც რჯულის კანონი, არც სავარჯიშოების წერა, მთელი ერთი კვირა გრძელი, უშინაარსო ლექსების და კალიგრაფიის გაკვეთილების გარეშე; სკოლისა და სწავლის გარეშე; თავისუფლებისა და დროსტარების შვიდი დღე!
რა სიხარული იყო თუ სტუმრები გვყავდა, თოვლი კი გზებს ჩაკეტავდა. ყველანი ჩვენთან რჩებოდნენ ორი-სამი დღით.
აი, ვინ იყო ჩვენი მუდმივი სტუმარი: ჩემი სიფრიფანა, კეთილი ბებია, სულ რომ ლოცულობდა და ღმერთს ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ევედრებოდა; ბიბიჯანი – დედაჩემის მოხუცი დეიდა, ყურში რომ არ ესმოდა და სხვა შეგრძნებებიც მოჩლუნგებოდა, მე რომ ჩემს ძმაში ვეშლებოდი, ჩემი ძმა – ბიძაშვილში; ბიძაშვილი რომ მეზობელი ეგონა, მეზობელი კი – მე.
ჩემი ალერსიანი დეიდა აზარი თავისი ონავარი ბავშვებით, რომლებიც პირდაპირ დერეფანში თამაშობდნენ გრძელ ვირს, გულისწამღები წივილ-კივილით, მაიმუნებივით მარჯვედ დაცოცავდნენ კედლებზე თუ ხეებზე და მოაჯირებზე აღმა-დაღმა დასრიალებდნენ.
ბიძია აჰმადხანი, ამქვეყნად ყველაზე კეთილი კბილის ექიმი, ვერავის რომ ვერ იმეტებდა კბილის ამოსაღებად. თუკი რომელიმე ჩვენგანი ატირდებოდა, მასაც მაშინვე თვალები მოუწყლიანდებოდა ხოლმე.
უფროსი ბიძია, საარტილერიო ჯარების ოფიცერი, ცხენს რომ უფრთხოდა და თოფი და ზარბაზანი შიშის ზარს სცემდა. სამსახურის დაწყებისთანავე გაიხადა ოფიცრის ფორმა და მის ნაცვლად ქალის წინსაფარი აიფარა. უგემრიელეს მურაბებს ხარშავდა და შალის ჭრელ-ჭრელ სვიტერებს ქსოვდა.
დაბოლოს, თუბახანუმი, მსუქანი და ზანტი, საოცარ და უცნაურ ამბებს რომ ყვებოდა, სულებსა და ჯინებს იცნობდა, ჯადოქრობა იცოდა და ფოკუსებს გვიჩვენებდა.
ეს ადამიანები, ყველანი ჩვენთან რჩებოდნენ თოვლის დადნობამდე. ვგიჟდებოდი ხალხმრავალ ოთახებზე, ხალიჩაზე მიჯრით დალაგებულ ლოგინებზე, ხორაგით სავსე მაგიდებზე. რა არ ეწყო ხოლმე: შარბათის სურები, ბროწეულის მარცვლებით სავსე ჭიქები, ნაირ-ნაირი კანფეტები და გემრიელი ფაჰლავა, დედა რომ აცხობდა.
რა სიამოვნება იყო, ათასი თავბრუდამხვევი სუნი რომ დატრიალდებოდა ხოლმე სახლის დერეფნებში: აქ იყო ბებიაჩემის ყალიონის სურნელი, ბიბიჯანის ბალახების ნახარშის საამო ორთქლი, ცხელ ბრინჯზე მოყრილი ზაფრანის, ძირასა და დარიჩინის, ვარდის წყლის არომატი, მოხრაკული ხახვისა და გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დაბრაწული მწვადის ოხშივარი.
როგორ მიყვარდა გვერდით ოთახებში მყოფი უფროსების ჩურჩულსა და მოგუდულ სიცილში ჩაძინება…
ვუსმენდი უმცროსი ბიძის თარის წყნარ ხმას, დეიდა აზარის ჩუმ ღიღინს, დედაჩემის ფოსტლების ტყაპა-ტყუპს კიბეებზე და ძილს ვეძლეოდი. შუაღამისას მეღვიძებოდა. უფროსებს არ ეძინათ, სინათლე ენთო, სამზარეულოში ერთი ამბავი იყო, ქვაბები ჩხარუნობდა. ისევ ვიძინებდი. ჩემი სიზმრები ქაღალდის ფრანივით მსუბუქი და ლაღი იყო.
თოვამ ამ საღამოს ისევე ამანთო და ამაფორიაქა, როგორც ბავშვობაში. ჩემი გოგონაც აგზნებულია. ადგილზე ტრიალებს, ცეკვავს, პატარა ხელებით თოვლს აგუნდავებს და ჰაერში ისვრის.
ერთთავად ქუჩის შუაგულისკენ გარბის, მოუთმენლად ელის სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსს. მისი მოუსვენრობა ჩემს ბავშვობის დროინდელ შფოთვას მახსენებს, როცა ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, ღელვით მივშტერებოდი ქუჩის მოსახვევს და ჩემი მეგობრის, აზიზ აყას მოლოდინში წამებს ვითვლიდი…
თავს ზემოთ ვწევ, პირს ვაღებ, რომ თოვლის ფანტელები ვიგრძნო ენაზე. რა გემრიელია, რა საოცარი სურნელი აქვს. თითქოს იასამანს ფურცლები ცვივა ზეციური ბაღებიდან…
მეჩვენება, რომ მიწას ვწყდები, სივრცეში მივცურავ. მინის ბურთში ვზივარ და უხილავი სიო წარსულში მიმაქროლებს.
…ათი წლის ვარ. სკოლის გზაჯვარედინთან შამირანის ავტობუსს ველოდები. ჩვენი ახალი სახლი ქვეყნის დასალიერში დგას, ბორცვებს გადაღმა, შიშველ მიწაზე, გარშემო სულიერი არ ჭაჭანებს. ხანდახან, ღამღამობით, ტურები კივიან. დედას ეშინია, მზარეულსაც ეშინია – ჰასან აყას. ამიტომ ლოგინს პირდაპირ დერეფანში, მამას ოთახის კართან იშლის. მე მიყვარს უკაცრიელ ადგილას ჩადგმული ჩვენი სახლი. არ მეშინია არც წყალსაცავის, არც ბაყაყებით სავსე ჭაობის და არც ხეთა დაბურული ჩრდილების, ავსულებს რომ გვანან. ბაღის სიღრმეში, ბზის ბუჩქებს უკან, ძველი ზეწრებისგან სახლი მოვიწყე, ვერავინ მომაგნებს. საჭმელს აგურის ქვეშ ვინახავ. სუფთა წერის რვეულს, ნოლი რომელშიც მაქვს მიღებული, დედაჩემის შიშით მიწაში ვმარხავ. ალვის ხეები ჩემი მეგობრები არიან. ყველას თავისი სახელი აქვს, უფრო მაღლები ბიჭები არიან. სკოლიდან რომ ვბრუნდები, ჩანთას მოვისვრი და მათ სანახავად მივრბივარ. ყველაფერს ვუყვები, რაც მოხდა.
ჩემს ნახატებსაც ვათვალიერებინებ და სპარსულის წიგნსაც ვუკითხავ ხმამაღლა. ზოგი ზარმაცია და ამთქნარებს, ზოგი უწესოა და არ მისმენს. ვინც კარგად იქცევა, ვკოცნი და ჩემს საღეჭ რეზინს ფოთლებზე ვაწებებ. იმათ კი, ვინც ჩემს ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობს, წავუთაქებ ხოლმე და ტოტებს თოკით ვუბამ ერთმანეთზე.
ფირუზქუჰის სკოლამდე ავტობუსი ერთ საათზე მეტ დროს ანდომებს. ჩემი ძმა უფროსია და მარტოს უშვებენ. მე კი ვალდებული ვარ, ჰასან აყას ჩავჭიდო ხელი და მისი ნებართვის გარეშე ფეხი არ გადავდგა. ეს დედაჩემის განკარგულებაა. მაგრამ მე ისე ვიქცევი, როგორც მინდა. თუ ჰასან აყა კრინტს დაძრავს დედასთან, ტყავს გავაძრობ. რადგანაც ვიცი, რომ საკუჭნაოს ვითომდა დაკარგული გასაღები მას უდევს პიჯაკის სარჩულში. ვიცი, როცა დედა სახლში არ არის, ჰასან აყა პეშვებით იპარავს ლობიოს, ბრინჯის და ოსპის მარცვლებს და, ბაღის სიღრმეში რომ საპირფარეშოა, იმის უკან ინახავს, ყუთში. დასვენების დღეს კი ყველაფერი თან მიაქვს. ამიტომაა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვერჩით და ბარი ბარში ვართ.
ოთხ საათზე, როცა გაკვეთილები მთავრდება, ჰასან აყა მაკითხავს და გზაჯვარედინზე შამირანის ავტობუსს ველოდებით. დღეს თოვს, თეფშისოდენა ფიფქები ცვივა. ყველაფერი გადათეთრდა. ჰასან აყასი კონტურებიღა ჩანს კედლის ძირას. სახე ქათქათა ღრუბლის ფთილას მიუგავს. სწორედ ისეთს, ღამ-ღამობით რომ ვხედავ ხოლმე ცაზე. ვიცი, ისინი ათასი წლის წინანდელი ადამიანები არიან. ზოგიერთს გვირგვინი ადგას, გრძელი წვერი აქვს და ცხენს მიაჭენებს. მთვარეზე, თუ კარგად დააკვირდები, პატარა ბავშვს დაინახავ, ხელები ფეხებისთვის შემოუხვევია, თავი მუხლებზე დაუყრდნია და ტირის. ჩემი ბრიყვი ძმა, რამდენსაც არ ვცდილობ, დავანახო, ვერ ხედავს.
დედას სავსე მთვარის ეშინია და მთხოვს, რომ ცას არ ვუყურო. ხანდახან ცის სილურჯიდან გველეშაპი გამოცურდება ხოლმე და კვლავ მის სიღრმეში იძირება. ამას ჰასან აყას რომ ვეუბნები, ყვირის, თავზე ზეწარს იფარებს და ხმამაღლა ლოცულობს…
შამირანის ავტობუსი არ ჩანს. მიხარია, შუა ქუჩაში დავსრიალებ. ხეებს ფეხს ვურტყამ, რომ თოვლი დამაცვივდეს თავზე. ჰასან აყას ჩემი ჩანთა და სადილის ქვაბი უჭირავს და კანკალებს. პირიდან ორთქლი ამოსდის. მამაჩემის ძველი ფეხსაცმელები აცვია. რამდენიმე ნომრით დიდი აქვს. ქუსლებთან ფეხსაცმელი ცარიელია და თოვლი ეყრება. ხელებიც პატარა აქვს და დედაჩემის ხელთათმანები წამოუცვამს. ცალ-ცალი ხელთათმანი, ერთი – ტყავის, უნაბისფერი, მეორე კი – ნაქსოვი, შავი. მამა დღესასწაულებზე განკარგულებას იძლევა, რომ ყველას ახალი პიჯაკი, პერანგი, წინდა, საცვალი და ფეხსაცმელი უყიდონ. ჰასან აყა ახალ ტანსაცმელს არ იცვამს, ჩემოდანში ინახავს, რომ ზაფხულის მიწურულს, სოფელში რომ წავა, თან წაიღოს, ან ყველაფერს ყიდის და ფულს თავის ოთახში ინახავს, ღუმელის საკვამურში. მე ერთადერთი ვარ, ვინც იცის ეს ამბავი, მაგრამ ხელს არასდროს არ ვახლებ. გეფიცებით.
შორიდან ავტობუსის ხმა ისმის. ჰასან აყა ადგილს სწყდება, მე სიხარულით და ფორიაქით შევცქერი თეთრ კაბინას, რწმენით რომ მოიწევს ჩვენსკენ. ჩემთვის ვამბობ: ფარს თუ აანთებს, ჩავჯდები, თუ არა და შემდეგს დაველოდები. ჰასან აყა რომც გაიყინოს, დედაჩემი მღელვარებით გაგიჟდეს და მე შიმშილით და დაღლილობით მოვკვდე, მაინც. ეს საიდუმლოა, რომელიც არავინ იცის, სრულიად არავინ. ჩემი და აზიზ აყას საიდუმლო, ჰასან აყამაც არაფერი იცის ამის შესახებ და ვერ გაუგია, ზოგჯერ რატომ არ ვჯდები შამირანის ავტობუსში (ფარს რომ არ ანთებს, ის ავტობუსი აზიზ აყასი არ არის) და რატომ გავრბივარ, რატომ არაფრად ვაგდებ მის ყვირილს და პროტესტს. რამდენჯერმე დამემუქრა, დედაშენს ვეტყვიო და მეც საკუჭნაოს გასაღები შევახსენე, სარჩულში რომ უდევს. ამიტომაც აღარ მერჩის, თავი დამანება. აზიზ აყასი ის ავტობუსია, შორიდან სამჯერ რომ აანთებს ფარს. ყოველ ღამე, ძილის წინ, დედამ რომ ლოცვა მასწავლა, იმის ნაცვლად სამჯერ ვიმეორებ: “აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ”, ეს პირობაა, რომელიც ჩვენ დავდეთ, საუკუნო პირობა. რა თქმა უნდა, უსიტყვო. მე ხომ ჩემს გოლიათ მეგობარს (რომელიც მამაჩემზე მაღალიც კია და რომლის შიშისმომგვრელ სახეს პოლიციელებიც კი უფრთხიან) ხმასაც ვერ ვცემ. ვერ ვბედავ!
მოახლოებული ავტობუსის ფარები ინთება და ქრება, ინთება და ქრება და ჩემი გულიც ციბრუტივით ტრიალებს. ჩერდება. ავდივარ. ჰასან აყა წინ მისწრებს, აზიზ აყა მიყურებს და შეშუპებული, დაწითლებული თვალებით სალამზე მპასუხობს. გაპოხილი, ხუჭუჭი თმები აქვს.
ჰასან აყა ამბობს, ექვსთვიანით აქვსო დახვეული. შავი წარბები აქვს, ხშირი ულვაში კი მთელ პირს უფარავს. მე მის უკან ვჯდები. ჰასან აყა სიღრმისკენ მიდის, სადაც უფრო თბილა. დაჯდომას ვერ ასწრებს, ისე იძინებს. სულ რამდენიმე მგზავრია, ისინიც თვლემენ. სკოლიდან ჩემს სახლამდე მთელი მოგზაურობაა. მით უფრო, ზამთარში, როცა თოვს, უჯაჭვო მანქანები სხლტიან, გზები იკეტება. ხანდახან აზიზ აყა დაღლილია, ამთქნარებს. პირიდან მძაფრი სუნი ამოსდის, უფრო მძაფრი, ვიდრე იოდის ხსნარს აქვს, დედა რომ მისვამს ხოლმე გადაყვლეფილ მუხლებზე. თავბრუ მეხვევა, მუცელი მიბუყბუყებს. სარკეში მიყურებს და მეჯღანება, ლოყებს ბერავს, ცხვირს ატრიალებს და თვალებს მარცხნივ ბრეცს, ხელებს პირზე ვიფარებ, მგზავრებმა რომ არ გაიგონონ ჩემი სიცილი. გულში კი მწარედ ვქვითინებ. ჩემი მეგობარი დევს ჰგავს, პატარებს მისი ეშინიათ. ხელები და მკერდი მოსვირინგებული აქვს, ყურიდან კისრის ბოლომდე მსხვილი, იისფერი ზოლი გასდევს, თითქოს ვიღაცა თავის მოჭრას უპირებდა.
დედა არასდროს არ მგზავრობს ავტობუსით. მძღოლი ჰყავს და საკუთარი მანქანა, მაგრამ იცის, რომ ამქვეყნად არსებობენ აზიზ აყას მსგავსი დევები და ჩემს გამო ღელავს.
არ უნდა, რომ სკოლაში ავტობუსით ვიარო, მაგრამ ეს მამას სურვილია და მას ვერავინ გადავა.
ჰასან აყას ფეხი მოურთხამს ავტობუსის სიღრმეში და ღრმად ძინავს. ჩატეხილი ფანჯრიდან სუსხი შემოდის და მგზავრებს თოშავს. აზიზ აყა ქურთუკს იხდის და ფეხებზე მაფარებს. ქურთუკს მყრალი სუნი ასდის. მინდა, მგზავრებმა დამინახონ, ხელს ამაყად ვუსვამ გაქონილ საყელოს. ჩემს ხელს უცნაური სუნი მოჰყვება. ასეთი სუნი ჩვენს სახლში არ არის, არ არის არც ბიძების და მამიდების სახლში. ეს არც კატის და ძაღლის სუნია, არც ძროხის და ცხვრის. ეს ის სუნია, უცნობი ქვეყნის ჭუჭრუტანებიდან რომ ჟონავს, იმ ცუდი საქმეების სუნია, რომელთა ჩადენაც არ შეიძლება, რაღაცეების სუნია, რომელთა შესახებაც კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ უნდა ვიცოდე.
დედას ყველაფრისგან განსხვავებული სუნი აქვს. ეს ის სურნელია, ფრანგულ სუნამოს და ფერუმარილს რომ ახლავს, კინომსახიობებს და მოდის ჟურნალებს, ლალეზარის გამზირს და საცეკვაო სალონებს მუნიციპალურ კაფეში.
დედას მომავალი დღეების სუნი აქვს, ხვალინდელი დღის, ბევრი კარგი რამის, რაც შემდეგ მექნება.
მუხლებზე ამ ქურთუკით სხვა ვიღაც ვხდები. ვიღაც, რომელიც არაა ვალდებული, ფაქიზად იაროს, ზრდილობიანად მოიქცეს, კარგად ისწავლოს და პირველი მოსწავლე იყოს; თმაზე დიდი ბაფთა გაიკეთოს და ყველასთან თავაზიანი იყოს; წვეულებაზე სრულიად უცხო ხალხს სკოლაში ნასწავლი ლექსი წაუკითხოს, ხეირიანად რომ არც იცის; მოყაყანე ნათესაობისთვის ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილი დაუკრას, რაც სხვა არაფერია, თუ არა “დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი”; მონაწილეობა მიიღოს კონკურსში “ულამაზესი ბავშვი” და ვერ გაიმარჯვოს.
მუხლებზე აზიზ აყას ქურთუკით თვითონ აზიზ აყას ვემგვანები. მგონია, რომ მთელ ტანზე სვირინგები მაქვს და ნახევარი კბილები – ოქროსი. ვხედავ, როგორ დავეხეტები ქუჩებში მარტოდმარტო და მრეცხავი ფათემეს გოგოებივით როხროხით ვიცინი. უბნის ულამაზეს ბიჭს ვუზივარ საჭესთან და მასთან ერთად “ტარზანის” სანახავად მივდივარ.
აბშარის გაჩერებაზე აზიზ აყაც ჩერდება. მგზავრების დიდი ნაწილი ჩაიხანაში ჩაის დასალევად შედის. მე და ჰასან აყა ადგილიდან არ ვიძვრით. ჩასვლამდე აზიზ აყა ყუთიდან პატარა პაკეტს იღებს და კალთაში მიდებს. სარკეში მიყურებს და თვალს მიკრავს. სახე ისეთი ალერსიანი აქვს, ნაკვთები ისეთი რბილი, თითქოს ნაჭრის კაცუნა იყოს. ჩემი მეგობარი ყველაზე უკეთესი დევია ამქვეყნად. მის ხელ-ფეხს, მის უცნაურ სუნს, მის ჩაწითლებულ თვალებს, ძველ, გაქონილ ქურთუკს თითქოს მიციაგე ალმური ახლავს, რომელიც გარს მერტყმის. თოვლის ფიფქივით ვდნები ამ ჯადოსნურ სიმხურვალეში და უნაპირო ბედნიერებას ვგრძნობ. მინდა მრავალი, მრავალი წელი ასე დავრჩე, გაუნძრევლად, როგორც ქანდაკება, არ გავიზარდო, არ შევიცვალო.
დღეს აზიზ აყას ჩემთვის ალუბლის კერკი უყიდია, ავტობუსის სიღრმიდან ჰასან აყა მეძახის, ჩემს ამბავს კითხულობს – არ ვპასუხობ. ალუბალს ვითვლი. მგზავრები ფეხზე მდგარნი სვამენ ჩაის. აზიზ აყა რამდენიმე ყლუპ არაყს სვამს პირდაპირ ბოთლიდან და მოსაშარდად ხეებს ეფარება. მე არ ვუყურებ. თავს ვხრი და ჩქარ-ჩქარა ვღეჭავ ალუბალს. მაგრამ მაინც ვხედავ მას და ყურები მიხურს.
გზას ვაგრძელებთ, ვანქის მოედნამდე ჭიანჭველებივით მივღოღავთ. დროდადრო უკან მივსრიალებთ. სხვა მანქანებიც ცურდებიან და ჩვენს წინ ჩერდებიან. დაღამდა, მაგრამ მთელი ქვეყანა ქათქათებს. ჰასან აყას ეშინია და წარამარა მეძახის. ვიცი, სადაცაა ატირდება. ტირილი, თითქოს, ცხვირზე ჰკიდია და დღეში რამდენჯერმე, სრულიად არაფრის გამო ღვრის ცრემლს. დედა ირწმუნება, ჰასან აყას ცრემლებს მიზეზი ისევე არ სჭირდება, როგორც ქათმის კაკანსო. მამა კი ამბობს, ჰასან აყა ნამდვილი ვირიაო. ჰასან აყა იცინის, ძალიან მოსწონს ვირობა. მხიარულად ალაგებს ჭურჭელს და მამას პირში მიშტერებია. ის კი კმაყოფილი ღეჭავს მწვადის ნაჭრებს. უყვარს ჰასან აყას ნახელავი.
ჩემს გვერდით ფანჯარაა ჩატეხილი და ცალ მხარეს სიცივე მირტყამს. კისერი მიშეშდება, ზურგი მეყინება. აზიზ აყა შეშფოთებით მაკვირდება სარკეში. ავტობუსს აჩერებს, გაზეთის ნაგლეჯს და ძონძების გროვას ფანჯარაში ტენის და კვლავ საჭესთან ჯდება. მე მესმის მისი მუნჯური ენა. ვიცი, წუხს ჩემს გამო და ურჩევნია, რომ გადავჯდე. მისი თვალები, თითქოს, მეუბნებიან: “ადექი, შე ჯიუტო გოგო, გაცივდები, უკან გადაჯექი, იქ უფრო თბილა. მეშინია, ავად არ გახდე”. მეც თვალებითვე ვპასუხობ: “არსადაც არ გადავჯდები. ეს ჩემი ადგილია და ვერსად ვერ წავალ”.
მომწონს, აზიზ აყა რომ ღელავს. მისი მშობლიური ზრუნვა მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ. თვალებს ვხუჭავ და შორეულ დროში, დიდებული ფადიშაჰების სახელმწიფოში მივემგზავრები, სადაც თავდადებული ფალავნები მბრძანებელთათვის მორჩილებისა და ერთგულების დასამტკიცებლად გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველი დააბიჯებდნენ და შვიდთავიან გველეშაპებს ეომებოდნენ.
ავტობუსი აღარ იძვრის. გზა ჩაიკეტა. ყინვა დათარეშობს ყველგან. მთელი მარჯვენა მხარე გამიშეშდა. ხელის თითები დამიბუჟდა, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. თავი ქვასავით დამიმძიმდა, იბერება და იჩუტება, თითქოს გასაბერი იყოს. ერთიანად გავითოშე. დამძიმებული ქუთუთოებიდან თოვლში მოფარფატე ლანდებს ვხედავ. ცხვირში სისველეს ვგრძნობ, თვალები მეწვის. ერთიანად ალმური ამდის, მცხელა, მერე ჟრჟოლა მიპყრობს და კბილს კბილზე ვაცემინებ. უნებურად ცრემლი მდის. აზიზ აყა უხეში თითებით მიმშრალებს ლოყებს და თვალებით მიცინის. მას რომ იცნობენ, ის მოსწავლეები ამბობენ, ყველა კბილი ოქროსი აქვსო. არ მჯერა. დედას ვეკითხები. არც მან იცის, აზიზ აყას არც იცნობს. ჩემი შეკითხვა არ მოსწონს და მემუქრება, რომ თუ ავტობუსის მძღოლებს თვალიერებას დავუწყებ ან ხმას გავცემ, ტყავს გამაძრობს. მისი აზრით, ოქროს კბილები მხოლოდ ცუდ ადამიანებს აქვთ. ისინი ყველანი ქურდები და მკვლელები არიან და ათას უბედურებას მოსწევენ პატარა გოგონებს. მე არ მჯერა. გული მწყდება, რომ დედა ხანდახან ავი და მატყუარა ხდება. ამბობს, რომ დეიდა აზარი სქელი და უშნოა. ვწუხვარ, რომ დედამ ბევრი რამ არ იცის. არ იცის, მაგალითად, ბევრი ქვეყნის დედაქალაქი, უბრალო მათემატიკური წესები. მაგრამ ჩემთვის ის მაინც ყველაზე ლამაზი და ყველაზე უკეთესი დედაა მსოფლიოში. ღამღამობით სინდისი მქენჯნის, მინდა, დედა საწოლზე დამიჯდეს და გავუმხილო, მასზე ცუდ რამეებს რომ ვფიქრობ, მაგრამ იგი სულ დაკავებულია, სულ სადღაც ეჩქარება, ჩემს მოსასმენად არ სცალია. რომ იცოდეს, მამასა და მის ლაპარაკს ჩუმად რომ ვუგდებ ხოლმე ყურს, მწარედ დამსჯიდა.
აზიზ აყას თოვლი და ჩაკეტილი გზა ტანჯავს. ძალიან ცდილობს, ცოტათი მაინც წასწიოს წინ ავტობუსი, მაგრამ არაფერი გამოსდის. თითქოს დავიკარგეთ თეთრ უდაბნოში. შორიდან მესმის ჰასან აყას ხმა. ტირის, ეშინია და ხმამაღლა სლუკუნებს, მეც უცნაურად ვგრძნობ თავს, თითქოს ავად ვხდები. მუცელი ალუბლით მაქვს სავსე, ღებინება მინდა. ორივე ხელით ვიხუტებ აზიზ აყას ქურთუკს. თავბრუ მეხვევა. ადგომა მინდა, მაგრამ ძალა არა მაქვს. პირს ვაღებ – ხმა არ ამომდის. ყველგან თოვლია, ავტობუსში, ქალაქში, მთელ ქვეყანაზე, და მე ამ თეთრი გუმბათის ქვეშ გაყინული ვდევარ. წლებია თითქოს, რაც ყინულის ქანდაკად ვქცეულვარ. მხოლოდ თვალები მილაპლაპებს ბუხარივით და მდუღარე ცრემლი მდის. პირი გამომიშრა, მწარე გემოს ვგრძნობ. წყალი მინდა, წყალი, წყალი…
…გრილი, სურნელოვანი ხელი მეფერება შუბლზე. ვიღაც ჩემს ყურთან ლოცვას კითხულობს და სულს მიბერავს. ნაცნობი სახეები მეხვევიან, დეიდა აზარის საყვარელი, დიდი თვალები ბრწყინავენ სინათლეზე. ბიბიჯანის ნახარშის სურნელი დგას. ჩემი საბნისა და ზეწრის სითბოს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ჩემს ლოგინში ვარ და დედა აქვეა, ჩემთან. გული სიმშვიდით მევსება. მეძინება და სიზმარს ვხედავ: აზიზ აყას ზურგზე ვუზივარ. მფრინავ ხალიჩასავით მიმაქროლებს ღრუბლებში, შორეული, უცნობი ქვეყნების სანახავად. როგორ მინდა, პირი გააღოს და ოქროს კბილები დავინახო! მაგრამ არა. პირი მოკუმული აქვს, თითქოს თვალ-მარგალიტით სავსე სკივრი იყოს.
ძალიან ავად ვარ. ექიმი ქოუსარი ყოველ ხუთშაბათს მოდის ჩემს სანახავად. მახიხინებს, ღამღამობით სიცხე მიწევს. ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალ წამლებს მინიშნავს, თანდათან უარესად ვხდები. გავიცრიცე, გავყვითლდი, მომაკვდავს ვგავარ. თმა მცვივა. სხვა ექიმი მოჰყავთ. ის ჩემზე მეტს ახველებს. მისი წამლები არც ერთ აფთიაქში არ იშოვება. დღეები, კვირეები ქარივით მიქრიან. სკოლა, სწავლა აღარც კი მახსოვს. დღისით მძინავს და ძილშიც ვახველებ. ბებია ფერხთით მიზის და ლოცვებს მიკითხავს. როცა ვიღვიძებ, ზღაპრებს მიყვება და კოვზით მაჭმევს საჭმელს.
ფანჯრიდან ხურმის ხეების შიშველი, გაძარცული ტოტები მოჩანს და გაზაფხულის მოსვლამდე დღეებს ვითვლი. ყოველდღე, ოთხ საათზე, შამირანის ავტობუსს ვხედავ. ვხედავ, როგორ ჩაივლის სკოლის წინ, რა სევდიანად უყურებს აზიზ აყა იმ ადგილს, სადაც მე უნდა ვიჯდე. იქნებ, კიდეც დამივიწყა და ჩემთვის გადანახულ ნუგბარს სხვა გოგონას აძლევს?! ბოღმა მიპყრობს და უარესად მახველებს. დაფეთებული დედა ექიმ ქოუსარის იძახებს. მესმის, მამა როგორ იძლევა განკარგულებას, რომ საფრანგეთში წასაყვანად მომამზადონ.
წელს გამოცდებს ვერ ჩავაბარებ. ვტირი, დეიდა აზარი კი მამშვიდებს. მეუბნება, ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო. ოჰ, ნეტავ მალე დადგეს ზაფხული და ბლის ხემ ფოთოლი და ნაყოფი მოისხას. ზაფხულობით ჩვენი სახლი ძალიან ხალხმრავალია. დიდი ნათესაობა გვყავს: ათობით დეიდა, მამიდა და ბიძა, რამდენიმე დუჟინი ბიძაშვილ-მამიდაშვილი. მამა ნათესავებში უფროსია და ყველანი ანგარიშს უწევენ. პარასკეობით ჩვენთან სადილობენ და სტუმართა უმრავლესობას დედა ღამითაც ჩვენთან ტოვებს. ყველანი ერთად ვწვებით ტერასაზე. ბავშვები – ერთ მწკრივად, უფროსები – მოშორებით, ალვის ხეების ძირში, ხის ტახტებზე, კოღოსგან დამცავი ბადეების ქვეშ. მამა მარტო წვება, ფანჩატურში. ფანჩატურს ნაკადული ჩამოუდის. დილამდე ჩაგვესმის ყურში მისი ჩხრიალი. ბებია ჩვენთან იძინებს, ბავშვებთან, და გვპატრონობს, თითოეულს თავთან ყინულიან ჭიქას გვიდგამს, ბალიშის ქვეშ კი ერთ მუჭა იასამნის ყვავილს გვიდებს. გვთვლის, გვეძახის, რომ დარწმუნდეს, არსად წავსულვართ. მიყვარს ღამეული ჩქამებით სავსე სიჩუმე. ყურს ვუგდებ მწიფე ხილის ფეთქვას, ახლადამოწვერილი ყლორტების მსუბუქ სუნთქვას. დაძინებამდე ვარსკვლავებს ვითვლი, ღრუბლებს ვუყურებ, როგორ ჰგვანან ადამიანებს… ერთი აზიზ აყას ჰგავს. ზევიდან მეძახის და მეჯღანება… ბიჭები ჩურჩულებენ და ბებია თავისი ადგილიდან წკეპლას უტყაპუნებს ფეხებზე. უმცროსი ბიძია ისე ხვრინავს, რომ შორიახლო მყოფ ძაღლებს აყეფებს. ბიბიჯანი ძილში ლაპარაკობს, თუბა ხანუმი კი დილამდე ხმაურით იფხანს სხეულს, რომელიღაც ბავშვი ერთთავად ჰაერს აფუჭებს და ბებია ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე. ყველა თავს იმძინარებს და სუნთქვას იკრავს.
კოღოები წუიან, ვარსკვლავები ციმციმებენ, ძილი ნელ-ნელა ბინდავს თვალებს, ხანდახან წვიმს და ბებია წინასწარ მომზადებულ უზარმაზარ ცელოფანს გვაფარებს. მე და ჩემი ბიძაშვილი ამ საიმედო საფარქვეშ ერთმანეთს ვეკვრით და სოროში შემალული ჭიანჭველებივით ვუსმენთ წვეთების ტყაპა-ტყუპს.
რაც ავად გავხდი, ჩემს ოთახში ვარ გამომწყვდეული და ყველაფრის მეშინია. შიში უხილავი ადამიანივითაა – ყველგან არის. ოდნავ შემოაღებს ხოლმე კარს და, ნაშუადღევს, როცა უფროსები ჩათვლემენ, თავს დამადგება. ზოგჯერ ფანჯრის უკანაა, ხან კი დედას კალთას ამოეფარება. ამ დილას სარკეში დავინახე, დამცინოდა. ეს შიშია, ხველას რომ მიმძაფრებს. დედას აღარ სჯერა ექიმი ქოუსარის და მის წამლებს ყრის. ჩემი ექიმი ბიძა ღამ-ღამობით ჩვენთან რჩება. შეთანხმებულები არიან, რომ ერთ საღამოს ის გამიკეთებს ნემსს, მეორე საღამოს კი – დედა. მამა ამბობს, ფრანგი ექიმები მცოდნენი არიან და უმძიმეს ავადმყოფობასაც უცბად არჩენენო. დეიდა აზარი ნაღვლიანად მიყურებს და იმდენს მკოცნის, თითქოს ვეღარასდროს მნახავდეს. ჰასან აყას ერთი ძველისძველი საფოსტო ბარათი აქვს. მასზე ფუნჩულა, ქერათმიანი, ხავერდსა და მაქმანში გამოწყობილი ქალია გამოსახული. ჰასან აყა ამბობს, ეს ქალი პარიზის დედოფალია, ძალიან უზნეოა, ყურანის არ სწამსო. ჰასან აყა ღელავს ჩემსა და დედას გამო. ბებიას სთხოვს, ამ ურჯულო დედოფლისგან ჩვენი გადარჩენისთვის ილოცოს დღედაღამ. დედა სიხარულით ალაგებს ჩემოდნებს. მე კი ვიცი, შიში პარიზშიც არის. ყველგან გამყვება, სადაც არ უნდა წავიდე. ბებია ერთთავად ლოცვას მიკითხავს და სულს მიბერავს. თუბა ხანუმი ყოველ საღამოს ერთ ჭიქა ნახარშს მასმევს. კისერზე, ფეხებზე – ათასი ჯურის ლოცვა მაქვს შებმული, ბალიშის ქვეშაც ქვეყნის პატარა, ოთხად გაკეცილი ქაღალდი მილაგია.
ყოველდღე, ოთხ საათზე, კვლავ მახსენდება სკოლა, ავტობუსი, რომელიც თანდათან მიახლოვდება, მაგრამ მაშინვე, როგორც მივიწყებული სიზმარი, თეთრ ნისლში უჩინარდება.
ყოველ საღამოს, დაძინებამდე, ისევ ვიმეორებ ჩემთვის: “აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ”. ეს ჩვენი პირობაა და მე სამუდამოდ ამ პირობის ერთგული ვიქნები. გეფიცებით. დაფიცებისას თვალებს ვხუჭავ და სუნთქვას ვიკრავ. გულს დოლივით გააქვს ბაგა-ბუგი. მჯერა, აზიზ აყა ჩემს გულისცემას გაიგონებს და მიპასუხებს.
სამ დღეში მივდივართ. ბებია ფანჯარასთან მიმჯდარა და იასამნის ფურცლებს ძაფზე აცვამს, რომ ყელსა და მაჯაზე შემაბას. რა მოწყენილია ყველა… თუბა ხანუმიც კი, რომელიც ადრე სულ მანჭვა-გრეხაში იყო, შეიცვალა. თვალები ცრემლით ევსება და ცხვირს სახელოთი იწმენდს.
…კარზე კაკუნია. ალბათ, რომელიმე ახალი ექიმია, ან – ერთ-ერთი მამიდა. ვინ აღარ მოდის ჩვენს სანახავად, დღეში ასჯერ მაინც აკაკუნებენ კარზე.
ჰასან აყა შემოდის და კართან ჩერდება. დაბნეულია, შემცბარი უყურებს დედას. რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს. როგორც ყოველთვის, შიშით იწყებს სლუკუნს. გარეთ უთითებს, მაგრამ ხმას ვერ იღებს.
დედა ბრაზობს, ვეღარ ითმენს. დგება და ჰასან აყას დერეფანში მიჰყვება. მისი ხმა მწვდება: “ვინ?”
ჰასან აყას პასუხი არ მესმის.
დედა კი თანდათან უწევს ხმას და განგაშის სირენასავით ზაფრავს ყველას.
ბებია დგება, ფანჯარას ხურავს. საბანს ნიკაპამდე მაფარებს.
ხელმეორედ მწვდება ყურს დედას ხმა: “ავტობუსის მძღოლი?”
გული გახეთქვაზე მაქვს. ლოგინში ვჯდები. ჰასან აყა პასუხად დასაკლავი ცხვარივით საწყლობლად ბღავის.
დედაჩემის კივილი თავში მირტყამს: “ვინ? რა? რომელი ავტობუსი?”
ცოცხალ-მკვდარი ჰასან-აყა გამტკნარებული ლუღლუღებს. ყურში დედას წივილ-კივილი ჩამესმის. საინტერესოა, როგორ ბედავს ვიღაც უბადრუკი მძღოლი მისი ქალიშვილის მოსაკითხად მოსვლას? ჰასან აყას აგზავნის მისთვის გადასაცემად, რომ, თუ კიდევ გაბედავს ამ მხარეში გამოჩენას, ფეხებს მოამტვრევენ.
საბანს შორს ვისვრი, ლოგინიდან ვხტები და ფეხშიშველი, თხელი ღამის პერანგით გავრბივარ დერეფანში. თუბა ხანუმი ცდილობს, შემაჩეროს. ხელს ვკრავ და ვკბენ. დედა, ჩემი უცნაური ქცევით გაოცებული, ლოგინში დაბრუნებას მიბრძანებს. მუქარას არად ვაგდებ, დერეფნის ბოლოს, მამაჩემის სამუშაო კაბინეტში შევრბივარ. კარს შიგნიდან ვკეტავ. ფანჯარა ქუჩაში გადის, ფარდას გვერდით ვწევ, სკამზე ავდივარ და აზიზ აყას ვხედავ: დატუქსული ბავშვივით აწურული დგას ქუჩაში. ხელში პატარა შეკვრა უჭირავს. აწეწილი თმა დაუვარცხნია, ღილები ბოლომდე შეუკრავს. არ უნდა, რომ მისი სვირინგი დაინახონ. ფანჯარას ვაღებ და ვეძახი. გარშემო იხედება, წასვლას აპირებს. უფრო ხმამაღლა ვეძახი, ხელს ვუქნევ. ბრუნდება, თავს მაღლა წევს და მხედავს, ისევ ის ძველებური სინაზე ეფინება სახეზე. ცრემლები ჩამომდის, მე თვითონაც არ მესმის, რას ვამბობ. აზიზ აყა თავის ქნევით მესალმება. მარტო ღმერთმა იცის, რა ბედნიერია. ჩემსკენ მოდის, იცინის და საოცარი რამ ხდება: აზიზ აყას ტუჩები ეხსნება, პირი ბნელ მღვიმეს მიუგავს, რომლის სირღმეში ერთადერთი ოქროს კბილი ალადინის ლამპარივით ანათებს, ვიცი, რომ ეს ჯადოსნური ლამპარი ყველაფერს ამისრულებს. თვალებს ვხუჭავ და ვნატრობ, რომ მოვრჩე, ხველამ გამიაროს და შიში მომშორდეს.
პარიზში სასტუმროში ვსახლდებით. სამი დღის მერე ექიმი მსინჯავს და გრძელ რეცეპტს გვიტოვებს. უკეთ ვარ და ნაკლებს ვახველებ. ჩემი საიდუმლოსა და ოქროს ჯადოსნური ლამპრის შესახებ არავინ არაფერი იცის. დედა ჩემს სწრაფ გამოჯანმრთელებას ფრანგ ექიმს მიაწერს. მე კი ვიცი, ვინ და რამ მომარჩინა. ყოველ ღამე, სიბნელეში, საბნის ქვეშ, ხელს ვიწვდი ალადინის ლამპრისკენ და ჩემს ჩვეულ ლოცვას ვიმეორებ.
პარიზში ექვს თვეს ვრჩებით. თეირანში რომ ვბრუნდებით, სკოლას მიცვლიან. ახალი სკოლა სახლიდან რამდენიმე ნაბიჯზეა. ფეხით მივდივარ და მოვდივარ, მაგრამ ქუჩაში გამოსვლისას გული მიმძიმდება, თვალი შამირანის ავტობუსისკენ გამირბის.
…წლები სწრაფად გადის. მე ახალგაზრდა ქალბატონი ვხვდები. ძველი ავტობუსების ადგილს ახალი მანქანები იჭერს და მათ საჭესთან ახალგაზრდა მძღოლები სხედან. მე კი, თუმცა დიდი დრო გავიდა, ჩემი ძველი მეგობრის ერთგული ვრჩები. ყოველთვის, როცა სევდა შემომაწვება, ან საქმეები ამეწეწება, ბავშვობის მოგონებებიდან ჩემი მეგობრის მაგიური სახე გამოკრთება ხოლმე. მისი ოქროს კბილის ელვარება ცისკრის ვარსკვლავივით მინათებს ღამეს.
…მოსახვევში სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსი უხვევს და ნელა მოიწევს წინ. ყურში ბავშვური ხმა ჩამესმის: “აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ”.
ჩემი გოგონა წინ მისწრებს. ავტობუსის მძღოლს ხელს უქნევს. თვალები ანცი და იდუმალი ფიქრით ევსება. იქნებ, მასაც აქვს საიდუმლო, რომელსაც არ მიმხელს? როგორც მე არ ვუმხელდი არავის, არც დედას, არც ჰასან აყას და არც ალვის ხეებს ბაღის სიღრმეში.
© “არილი”