უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ის არაერთხელ მიაკუთვნეს ხან სიურრეალისტებს, ხან კი – მოდერნიზმის ნაცად კალაპოტში მომუშავე პოეტებს. სტრენდი “არათანამედროვეა”, რადგან იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მთელი პოეზია (ბერძნებიდან და რომაელებიდან მოყოლებული), ნებისმიერი თანამედროვე ბრუკლინელი ან კანზასელი შემოქმედისთვისაა აქტუალური. ესეების ახალ წიგნში იგი განმარტავს: “ჩემი აზრით, ნებისმიერი პოეზია ფორმალურია იმ გაგებით, რომ ის გარკვეულ ჩარჩოებში არსებობს, იქნება ეს ტრადიციებისადმი ერთგულება თუ ენის კანონები. თავის მხრივ, ეს ჩარჩოები ფუნქციონირებენ იმ ინდივიდუალური პოეტური კონცეფციის საზღვრებში, რომელიც ააშკარავებს, რა არის, და რა არ არის ლექსები”. პოეზიის თვითრეფლექსირებადი ბუნება – სტრენდის მთავარი თემაა. მომავალი მკითხველი პოეტის შემოქმედებაში თითქმის ვერ იპოვის თანამედროვე ამერიკას. მისი ლექსები ჩაკეტილია, აბსოლუტურად ჩაკეტილი.
უიტმენით დაწყებული, ამერიკელი პოეტები ყოველნაირად ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ ლიტერატურულობა. მკითხველის წინაშე პირმოთნეობა აიძულებდა მათ, ეხელმძღვანელათ ემერსონის იდეით იმის შესახებ, რომ პოეტი ჩვეულებრივი ადამიანია. “ჩვენც თქვენნაირები ვართ” – წერდა უიტმენი 1855 წელს “ბალახის ფოთლებისადმი” წამძღვარებულ წინასიტყვაობაში. სტრენდი მას არ დაეთანხმებოდა.
ის უაღრესად ელიტარული და ლიტერატურულია. მისი მკითხველი – ესაა მავანი იდეალური და სრულიად იდუმალი მკითხველი, რომელიც, შესაძლოა, ჯერ არც დაბადებულა. სტრენდის ნებისმიერი წიგნი წააგავს ღამის მატარებელს, რომლის ერთადერთი მგზავრი პატარა ფარნის შუქზე კითხულობს თავისი ცხოვრების წიგნს. ის რაღაცას ლუღლუღებს და, ამასთან, იმედოვნებს, რომ ვინმე ფარულად მიაყურადებს მის სიტყვებს:
ველად
ველის არარსებობა ვარ
და ყოველთვის
სადაც არ უნდა ვიყო
ის ვარ, რაც არ არსებობს
ვკვეთ სივრცეს
რომელშიც მივდივარ
და ის ყოველთვის
იკვრება
ზურგს უკან
მოძრაობის მიზანია
მიზნობრიობა
მარკ სტრენდი დაიბადა 1934 წელს კანადაში, პრინც ედვარდის კუნძულზე, სამარსაიდში, ამერიკელთა ოჯახში. მამამისი “პეპსი-კოლას” კომპანიის თანამშრომელი გახლდათ და ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობდა. ისინი ცხოვრობდნენ ჰალიფაქსში, მონრეალში, ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, პერუში, კოლუმბიასა და მექსიკაში. 1960-61 წლები მან (ფულბრაითის სტიპენდიის მიღების შემდეგ) იტალიაში გაატარა და, ამასთან, მონაწილეობა მიიღო აიოვაში გამართულ მწერალთა სემინარში, შემდეგ კი იქვე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა (1965 წლამდე). მომდევნო წლებში სტრენდი ცხოვრობდა ბრაზილიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჰევენში, შარლოტსვილში, კემბრიჯში, ბალტიმორსა და ჩიკაგოში, სადაც ასწავლიდა ლიტერატურასა და სამწერლო ოსტატობას. ამერიკელ პოეტთაგან ალბათ მხოლოდ ელიზაბეტ ბიშოპმა მოიარა უფრო მეტი ქვეყანა და ქალაქი, ვიდრე სტრენდმა და ამიტომ ის მოხეტიალე პოეტის იშვიათ მაგალითს წარმოადგენს. იტალო კალვინოს “უჩინარი ქალაქების” გმირის, მარკო პოლოს მსგავსად (რომელიც აზიის ყოველ საზღაპრო ქალაქში მშობლიურ ვენეციას ეძებდა), სტრენდი ყველგან საკუთარ თავს აწყდება. ესაა პოეტი, რომელიც შინ, ხალათსა და ფლოსტებში გამოწყობილი, მაინც ტრანზიტულ მგზავრად რჩება.
სტრენდს პირველად 1967 წელს შევხვდი, ნიუ-იორკში, პოეტურ სემინარზე, რომლის ორგანიზატორმა, პოლ ქეროლმა წარმოადგინა ანთოლოგია “ახალგაზრდა ამერიკელი პოეტები”. მაღალი, ლამაზი, ძალზე ელეგანტური სტრენდი სულაც არ ჰგავდა პოეტს. მეორე მხრივ, პოეტების უმრავლესობა სწორედ ასეთია. უფრო სავარაუდოა, რომ ამგვარ ტიპს აღმოაჩენთ დამკრძალავი ბიუროების მფლობელთა ან ყვავილების მაღაზიის თანამშრომელთა შორის.
სტრენდი და მე მივეკუთვნებით იმ ამერიკელ პოეტთა თაობას, რომლებმაც საკუთარი თავისთვის აღმოაჩინეს როგორც ევროპული, ასევე სამხრეთამერიკული პოეზია. 60-იანი წლები მთარგმნელობითი მუშაობის გაფურჩქვნის პერიოდს წარმოადგენდა. თვით სტრენდი თარგმნიდა ესპანური და პორტუგალიური ენებიდან. გათავისებულ იქნა პაბლო ნერუდას, სეზარ ვალიეჰოს, ვასკო პოპას, პაულ ცელანის, რაფაელ ალბერტის, რაინერ მარია რილკეს, ფერნანდო პესოას, ზბიგნევ ჰერბერტის და სხვათა შემოქმედება. ამერიკელი ლიტერატურათმცოდნეები (რომელთაც, უკეთეს შემთხვევაში, ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საზღვარგარეთული ლიტერატურის შესახებ) ჩვეულებისამებრ, არ ითვალისწინებენ მათ მნიშვნელოვან ზემოქმედებას ჩვენზე. ნებისმიერი ასაკის პოეტისთვის აქტუალური მარადიული პრობლემა – როგორ უნდა მივანიჭოთ ცხოველმყოფელობა ლექსს – იძლეოდა ურთიერთგანსხვავებული, იმდროინდელი ამერიკული პოეზიისთვის უცნობი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. უპირველეს ყოვლისა, აღგვაფრთოვანებდა ზემოჩამოთვლილი პოეტების ექსტრავაგანტური შედარებები და მეტაფორები, მათი “ველური” წარმოსახვა. “ის ყოფითობის კოსმეტოლოგიაო”, ამბობს ნერუდას შესახებ სტრენდი ესეების ახალ წიგნში.
ამასთან, თუ ამერიკელი პოეტების უმრავლესობა, ნერუდას კვალობაზე, კმაყოფილდებოდა მეტაფორების დახვავებით, სტრენდმა თავის პირველ წიგნში “მიზეზები გადაადგილებებისთვის” (1968) სხვა გზა აირჩია. ის იღებდა ერთადერთ ხატს და თხრობას მის საფუძველზე აგებდა, ისე, სიზმრად რომ ხდება ხოლმე. განწყობილება ახერხებს სიზმარში ხატის გამოჩხრეკას, შემდეგ კი ეს ხატი ჰყვება თავის ამბავს. სტრენდიც ასევე იქცეოდა.
ლექსების მომდევნო კრებულმა “უფრო ბუნდოვნად” (1970) გამოააშკარავა, რომ სტრენდი გატაცებული იყო ამერიკელი პოეტებით – უოლეს სტივენსითა და ელიზაბეტ ბიშოპით. მას ხიბლავდა ამ შემოქმედთა სწრაფვა სიურრეალიზმისა და ბუნდოვანებისადმი. სტრენდი წერს: “სტივენსთან ლოგიკა წყვეტილია, ფარული, იდუმალი, ან ის, უბრალოდ, არ შეიმჩნევა. მთავარი რამ, რაც სტივენსის ქმნილებებს ახასიათებს, ესაა სიტყვის ან ფრაზის ჯადოსნური ძალმოსილება”. სტრენდიც ამისკენ მიისწრაფის. ყოველ წიგნში ის მიზნად ისახავს სრულყოფილი მოკლე ლირიკული ლექსის შექმნას.
როდესაც ვსაუბრობ “ლირიკული ლექსების” შესახებ, ვგულისხმობ ისეთ ქმნილებებს, რომელთა საფუძველს მუსიკა წარმოადგენს, მაგრამ ისინი განკუთვნილია საკითხავად ან საწერად და არა – სამღერლად. ჩვეულებრივ, ესაა მოკლე ლექსები, რომლებიც იშვიათად მოიცავენ გვერდს ან ორ გვერდს და გამსჭვალული არიან იმ ემოციური გზნებით, რომელიც ამ ნაწარმოებების გარდაუვალი შექმნის საფუძველია. მათ შორის საუკეთესონი ასახავენ აზრისა და გრძნობის შეუმჩნეველ, ხშირად კი – ეფემერულ ცვლილებებს, რომელთაც ენობრივ სიცხადესა და გასაგებობას ანიჭებენ, ეს კი მოუწვდომელია ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებისთვის. ლექსები, ამგვარად, გვარწმუნებენ მათ ღირებულებასა და სიმართლეში. ლიტერატურულ ჟანრთა შორის ლირიკა ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებებს. მისი თემები ემყარება ადამიანის არსის მდგრადობას და, ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ურთიერთთან აკავშირებს სუბიექტურ-პირადულსა და უნივერსალურ საწყისებს.
“უფრო ბუნდოვნად” – წიგნია ჭაბუკისა, რომელიც საოცრად შეპყრობილია სიკვდილზე ფიქრით. ავტორი მართებულად შენიშნავს, რომ სიკვდილი – ლირიკული პოეზიის მთავარი თემაა. დედ-მამის ადრეული გარდაცვალება და ამ სამუდამო დანაკარგის განცდა არ ასვენებს პოეტს. სტრენდის აზრით, ლირიკა – იმ მომავლის ამსახველი ელეგიაა, რომელიც წარსულს დასტირის. “ლექსები ზეიმობენ მწუხარე მომენტს, როდესაც ჩვენ ისტორიად ვიქცევით” – ამბობს სტრენდი ჩარლზ რაიტის ლექსისადმი მიძღვნილ ესეში, მაგრამ ეს პათოსი სამართლიანია მის მიმართაც. სტრენდი – საკუთარ თავში დევნილია. მისი ლექსები მაგონებს იმიგრანტის ძველი საოჯახო ფოტოსურათებით გატენილ ჩემოდანს, რომელსაც დროდადრო ათვალიერებენ, სანამ არ პოულობენ ახალ, ადრე შეუმჩნეველ, გულის ამაჩუყებელ დეტალებს. უცნაურია, მაგრამ ალბათ სწორედ ამაში მდგომარეობს საქმის არსი: წარსულისადმი ნოსტალგია ჭეშმარიტად ის იდუმალი საშუალებაა, რომელიც მეტ შთამბეჭდაობასა და რეალობას ანიჭებს აწმყოს. ლექსში “წინასწარმეტყველება” ვკითხულობთ:
ამ ღამით მთვარე მიეხეტებოდა ტბორის თავზე,
რძედ აქცევდა წყალს, ხოლო ტოტებქვეშ
ხეებისა, ცისფერი ხეებისა,
სეირნობდა ქალწული, და წამიერად
მან განჭვრიტა თავისი მომავალი:
აწვიმს ქმრის საფლავს,
ბალახში მოთამაშე ბავშვებს,
ქალი კი ღრმად ისუნთქავს ცივ ჰაერს,
უცნობი ადამიანები მკვიდრდებიან მათ სახლში.
მის ოთახში ვიღაც წერს ლექსებს,
რომლებშიც შემოეხეტება მთვარე,
ქალი სეირნობს ხეებქვეშ,
და ფიქრობს სიკვდილზე,
ფიქრობს იმ კაცზე, ვინც მასზე ფიქრობს,
და იწყება ქარი, და მიაქვს მთვარე,
ეს ფურცელი კი ბნელში რჩება.
სტრენდის მეორე თავისებურება ისაა, რომ პოეტი ერთგვარად ანელებს დროის დინებას. ეს-ესაა დაწყებული ლექსი უილაჯოდ ყუჩდება ისე, თითქოს ანტონიონის რომელიმე ფილმს ვუყურებდეთ. სტრენდის მიხედვით, უსასრულო სამყაროში დასაწყისი ისევე აზრსმოკლებულია, როგორც – დასასრული. ორივე მათგანი ჩქმალავს საგანთა არსის ღრმა სიჩუმეს. გახანგრძლივებული, მოვლენებისაგან დაცლილი აწმყო, რომელიც გაჯერებულია მხოლოდ წინასწარი ნიშნებითა და ინტუიციებით – აი პოეტის წარმოდგენა სამოთხის შესახებ. მისტიკოსია თუ არა ის? დიახ, მაგრამ მეტად თავისებური. სტრენდს აინტერესებს არა მომენტის მეტაფიზიკა, არამედ – მისი ესთეტიკა.
ის იმედოვნებს, რომ შეძლებს ამ დიდებული გამოცდილების თანმხლები მშვენიერების ასახვას.
სტრენდის მომდევნო წიგნი, “ჩვენი ცხოვრების ისტორია” (1973) სრულიად განსხვავებული ხასიათისაა. აქ წარმოგვიდგება ვორდსვორთის “პრელუდიით” გატაცებული პოეტი, რომლის ლექსების ავტობიოგრაფიულობა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ვრცელია და თითქმის ყველა ნაწარმოები თხრობითი ხასიათისაა, მაგრამ ეს თხრობა უჩვეულო, არაპირდაპირი ხერხით ხორციელდება. ლექსებში კვლავ და კვლავ ცოცხლდება მოგონების ერთი და იგივე ფრაგმენტი. სტრენდი წააგავს კრიმინალისტს, რომელიც ადიდებს ფოტოსურათს ამა თუ იმ პიროვნების ამოსაცნობად ან არსებითი დეტალების დასაზუსტებლად. ნეტავ შემეძლოს, თითქოს ფიქრობს ის, ხელახლა დავუბრუნდე იმ დაკარგულ წამს. მაშინ თავიდან დავიწყებდი ჩემი ცხოვრების ისტორიას, თითქოს ის ჯერ არ იყოს დაწერილი. “განუმარტავი”, “ელეგია მამას”, “ზეიმი”, “ოთახი” და ლექსი, რომლის სათაური ემთხვევა წიგნის სახელწოდებას, – სტრენდის ყველაზე შთამბეჭდავ ქმნილებებს განეკუთვნება.
წიგნში “გვიანი საათი” (1976) ის უბრუნდება უფრო მოკლე, თავისუფალი ფორმის ნაწარმოებებს, მაგრამ მათი დიაპაზონი კვლავ შეზღუდულია. “დედაჩემი ზაფზულის მიწურულის საღამოს” ძალზე ამაღელვებელი ქმნილებაა, ისევე, როგორც ლექსი მეთევზეების მიერ მოკლული ვეშაპების შესახებ. ამავე ნაყოფიერ წელს სტრენდმა გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური წიგნი – “ძეგლი”; ის შედგება ფრაგმენტებისგან, შენიშვნებისგან პოეზიის, მუზების, რელიგიის შესახებ, აგრეთვე – ანეკდოტებისგან, რაც პროზაული ფორმით გადმოცემულ ლექსებს წააგავს.
“ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო, – ამბობს სტრენდი, – უნივერსალური, ძირეული საიდუმლო, ესაა სიცოცხლის გახანგრძლივებისადმი ლტოლვა”. პოეტმა იცის, რომ ეს შეუძლებელი რამაა. “საბრალო ძეგლო! სიზმრად აღმართულო ვეება არარაობავ..” – წერს ის. “ო, ბედნიერო ძეგლო! ვეება არარა განგრევს!”
წიგნებში “სიცოცხლე გრძელდება” (1990) და “ბნელი ნავსაყუდელი” (1993) სტრენდი ცდილობს, გააფართოოს თავისი რეპერტუარი. კომიკური ელემენტები, რომლებიც გვხვდება “ძეგლში” და კრებულში “მისტერ და მისის ბები და სხვა ისტორიები” (1985), ახლა უკვე ბევრ ლექსში შეიმჩნევა. ერთი მხრივ, პოეტი კვლავ სრულყოფს ფილოსოფიურ ლირიკას, რომლის კვლევის საგნებს დრო და მეხსიერება წარმოადგენს, მეორე მხრივ კი – წერს იუმორისტულ ლექსებს, ფარსულ ბალადებსა და სატირებს. უნდა ვაღიარო, რომ უპირატესობას ვანიჭებ სტრენდის პირქუშ ქმნილებებს, თუ მათში პოეტი არ მიმართავს მასხრულ ან თვითგანმაქიქებელ კილოს – დიდი რაოდენობით ეს ძნელად ასატანია.
“რატომაა, რომ გამუდმებით ცდილობ საკუთარი თავის შეცნობას?” – კითხულობს სტრენდი. მართლაც, რატომ? ვფიქრობ, ის მიპასუხებდა, რომ სხვა არაფერი დაგვრჩენია. ემილი დიკინსონმა საგულდაგულოდ გამოიკვლია თავისი სულიერი ცხოვრება (რაც აისახა მის მიერ დაწერილი 1775 ლექსის უმეტეს ნაწილში) და ამის შემდეგ დატოვა სააქაო. შენ თვითონ ხარ უზენაესი გამოუთქმელობა ორივესთვის.
სტრენდის უკანასკნელი წიგნი “ქათამი, ჩრდილი, მთვარე და სხვა” ხან ერთტაეპიანი ლექსების კრებულს წააგავს, ხან კი – ეპიგრამათა კრებულს. წიგნის თითოეული კარი გაერთიანებულია რომელიმე განმეორებადი მარტივი სიტყვით. მაგალითად, “სამოთხისეული” გვერდი შეიცავს იმგვარ გამონათქვამებს, როგორიცაა: “სამოთხეში სათამაშოები თვითონ იქოქებიან” და “სამოთხეში უბედურება ფრთაშეკვეცილია”, ხოლო “ხელისადმი” მიძღვნილ გვერდზე ვკითხულობთ: “თოვლის ცივი ხელი ბორცვის კალთაზე” და “ხელი, რომელიც აკავებს ბანქოს ქაღალდებისგან აგებულ სახლაკს”. ბევრი გამონათქვამის არსის წვდომა ძნელია, მაგრამ სათანადოდ გააზრებისას ისინი გვატკბობენ პოეტური ფანტაზიითა და მჭევრმეტყველურობით. თავის ლექსებში სტრენდი მიმართავს არარეგლამენტირებულ სასაუბრო მეტყველებასაც და დახვეწილ პოეტურ ფორმასაც. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო სწრაფვა (ერთი – წესრიგისკენ, მეორე – წარმოსახვის თავისუფლებისკენ) განსაზღვრავს მისი, როგორც პოეტის, იერსახეს. “ქაოსის ჩრდილი – წესრიგია”, – წერს სტრენდი, და განაგრძობს: “დაბრუნდი, ჩრდილო ჩემი სიყრმისა, შემიფარე და მითხარ, სად ვიყავი”.
© ”არილი”