პოეზია

ლელა სამნიაშვილი – ლექსები

ტბა – ხელისგულით

ხელის გაშვებაც, ჩაჭიდებაც – რიტუალია –
წმინდა. და რადგან ეს თითები – ჟონავს თითებში –
ისე – არასდროს რომ არ ხდება – ვირტუალური
სივრცეებისკენ (სიტყვები რომ ითოშებიან
ეკრანზე – ვითომ კოცონები, სულის შებერვით –
ლოლუებად რომ იქცევიან) – ტბა – ხელისგულით
დამაქვს. შიგ ბევრი ურჩხულია. შიგ – ცერბერია
და ათასგვარი საფრთხობელა მექანიკური –
გრენდელი – ფსკერზე გაწოლილი – კუდი – სამხრეთით –
როგორც კომპასი უმიზნობის და უდროობის.
ღრმად სძინავს, მაგრამ ოხშივარი ასდის სახეზე,
კენჭების სროლით როცა ვარღვევ მის მყუდროებას.
უნდა იცოდე. ზედაპირი – ასე კრიალა –
რასაც ირეკლავს – ტყის პროფილი და წყვილი გედი –
ზედაპირია. სიღრმეში კი – სიღრმე წრიალებს.
უნდა იცოდე. და თუ შეძლებ, ასეთსაც ენდო.

ალბომის დაწყება

როგორც ტორნადო – არათითზე – შენი ბეჭედი –
ჯერ კვლავ ტრიალებს, არ შეკრულა, ჯერ კვლავ სისინებს
ყურთან – სამოთხის მეგობარი.
და ეს “შეჩერდი” –
შეჩერებული კადრია და ალბათ მისივე
ფოტო – პირველი ჩაწებდება ხსოვნის ალბომში –
ახალ ალბომში – ქათქათაში – თითს რომ დავადებ
და დრო დაიწყებს მერე ფრიალს, როგორც მაქმანი –
მანქანის ღია სარკმელიდან.
და დანარჩენი –
საინტერესო აღარც არის.
ფოტოს დავარდნა.
აღება.
ხოლო ეს ხელები – ცალკე ხალხია
და ისე უყვართ ერთმანეთი, ვერც კი ამჩნევენ
ერთმანეთისკენ რა გაკვეთეს, რა გადახიეს.

მიდიები

შავი ფრჩხილები – ქალღმერთების,
მათ შორის – ხორცი –
უფორმო, როგორც ენის ნამცეცი.

თუმცა არა გვაქვს ბრალი ჩვენ მათ ამოხოცვაში
და თუმცა ნაზად ვაცლით საცეცებს –
კრიჭაში გაჩრილს,

მეჩვენება – იწყევლებიან,
თუ – მოთუხთუხე ქვაბის პირიდან –
როგორც ტუჩები – გახსნილები – ლოცვას იწყებენ,

რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

არის აშკარა – არ არიან პირანიები
სისხლს ვერ მოსვამენ თითებიდან,
ვერც ტკივილებში
გაზავდებიან.

უფრო მეტიც – მშვიდად ითმენენ,
ვიდრე ჩვენ – მათგან –
საქორწინო კერძებს ვამზადებთ.

თითოეული ნიჟარიდან,
როგორც ხორხიდან –
ენის ნამცეცის ამოძრობას სულ უფრო სწრაფად
ვახერხებთ

და ეს სამზადისი თითებს გვიშავებს –
ღამდება. მალე ახალ დღესაც დავეწაფებით.

ეს უცნაური და ძვირფასი კულინარია –
გულის წასვლამდე გემრიელი –
ჩვენ რომ ვარგუნეთ
ერთმანეთს –

პირის ნიჟარებით –
სუნთქვის გარნირით –
ენა – მოლუსკი – სულ მთლიანად ამოგანგლული –
სინათლის ფქვილში –
მზის ტაფაზეც განიერია.

მიდიები კი ლოცულობენ, იწყევლებიან,
რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

გერგეთი. სიყვარულის დღე

ეს ნისლი თითქოს სპეც-ეფექტია –
ჩვენს სივრცეში შემოაცურეს,
როგორც კვამლი – ცეცხლის გარეშე –
ზეციური წარმომავლობის –
წმინდაა და არ აალდება.

ზემოთ – სქელდება, ყველაფერს აქრობს.
რძედაც რომ იქცეს, დაგინახავ, ისე ახლოს ხარ.

ზურგსუკან – მთები და შენ – გვერდით –
ეს სიმყარე გამორიცხავს ვარდნას, დაცემას.

თვალები და ხელები – მაინც აირია,
თითქოს ბალახის ღერებია, შენ კი – ჰაერი
და ჟანგბადი მკერდის მიღმა იწყებს ნათებას.

ნელ-ნელა ვარჩევთ: ხალხი, ხალხი –
თავშლები და ორნამენტები –
კაბების, თაფლის კელაპტრები, ბიჭების გუნდი –
მრავალხმიანი საგალობლები – ისე გვეხვევა –
დალოცვაზე უფრო მეტია.

აგურს და ბალახს ერთად ვაწყობთ ნისლის კიდეზე.
ქვემოთ – სოფელი – სწორედ ასე აშენებული.
ტაძარი კი – მწვერვალის ასლი.

ქვები – მხრებით ამოტანილი
და ურმებით – სხვადასხვა გზით –
ხევის პირჯვარი.

ნამდვილია ნისლიცა და დღესასწაულიც.
ცა გვისრუტავს. ხელი ჩამჭიდე.

გაგრძელება მთის. ვერტიკალი.
ეს – ჯვრისწერაა –
შენთან ერთად – ჰორიზონტის აქ ამოტანა.

მყინვარის სახე – ლოყის გასწვრივ,
დანისლული – დღევანდელი დღის საიდუმლო.
უზარმაზარი. ის აქვეა და ჩვენ გვეხება.

Ah Istanbul Istanbul

ჩვენი მარტივი, ტურისტული ახირებებით –
სილამაზის თუ სულის ძიებით –
\”მივედით, ვნახეთ, გადავიღეთ\” – სალხინებელის
კუთხე-კუნჭული –
წინასწარი შურისძიება – მტვერზე.

რაც ერთად – ხალისია და რაც სევდაა
ამ მოედნებზე, ამ ქუჩებზე, ამ ნაპირებზე –
შემოვიხვიოთ ჭრელა-ჭრულა განსაწმენდელად
ძვალი და ტყავი გადავიკრათ კიდევ ცხრაპირი.
შიგ ქვები ჩავსვათ –
ზურმუხტები. და დავიმუხტოთ
ცრუ სურვილებით – სულთანების – სიბრძნის ძებნაში
სილამაზეს რომ შეატოვეს გულიც და ტვინიც
და სასულეთში თავბრუსხვევით გაყვნენ დერვიშებს.

მთელი ქალაქი – ჩილიმია –
მარწყვის გემოთი.
კონსტანტინოპოლს შეგიძლია კვამლით გახვიდე,
ბოსფორის ქარებს გაატანო თვალების გემი
და გრანდ ბაზარში – თუ მოგბეზრდა, თავი გაყიდო,
ევროპისაკენ მიქცეული დაიწვა სახე
და ჩალმასავით დაიხურო თავზე აზია.

ოხრავს ჰაგია სოფიასთან – სულთან ახმედი.
ხომ შეიძლება – დროის მიღმაც სულ თან რომ გახლდე,
თუნდ ყველა სიბრძნე დახურდავდეს სილამაზეზე.

მინდიას

სვანეთის მთები – ზარებია.
ქვას დანებდა რკინა და დასკდა –
მირონისგან გაიჩინა ნაპრალებში ნაკადულები,
ზედ ტყეები აბიბინდნენ – ზარების ხავსი.

ვიღაცისთვის – ტურისტული აზარტია – ზედ აცოცება –
თოკით და კიბით, ან – ბორბლებით – უფრო მარტივად –
სითეთრემდე ვერ ატანა მუხლის რკალების.

მათ სჭირდებათ – მასპინძელი ეგულებოდეთ.
მასპინძელი, ვისი სოფლის მდებარეობაც – ზარის კიდეა –
ქედი – სინათლით წათლილი თუ გადახეხილი
დარიშხანის მომაკვდინებელ საბადოებს,
ალპურ ყვავილებს, დაცლილ სახლებში მოფარფატე
პეპლებს და ნათელს ვინც ინახავს მკლავის სარტყელზე.

ჩვენც ხომ მათ ვგავდით –
თაფლობისთვის თავბრუსხვევას ამოვყევით იმ სიმაღლეზე.
მთები, ტყეები – უფსკრულებზე დავაქორწინეთ –
თვალებს ავხადეთ ფსკერიც და ჭერიც,
შენს სოფლამდე რაც ჩრდილი იყო – სინათლისკენ ამოვიტანეთ.

სოფლის კარიბჭე სულ ამაოდ ავაჭრიალეთ.
მასპინძელო, არსად იყავი.
ლულებივით – ღრუბელს ხვრეტდნენ საკვამურები.
ჭირისუფლად ქცეულიყო ყველა მათგანი.
უფსკრულის კიდეც უკეთესი იქნებოდა – ღამისთევისთვის.

თითქოს – გვიან გამოგვეგებე. დაგვეწიე.
აილამას მთით, მთვარის გავლით –
ცანადან შიგ – უშგულამდე გზას გვინათებდი.

ჯიხვებს თვლიდაო – ჭიუხებზე.
ბარში სიკვდილს სიმამაცეც არ ეყოფოდა.

სვანეთის მთები – ზარებია –
ზესკნელიდან ჩამოკიდული –
თოკი ჩაწყდა. ჩამოპირქვავდნენ.
გაუნძრევლად გუგუნებენ.
შენ ხარ პატრონი.

ასეთი საშობაო სიმღერა

როგორც მოშლილი ზანზალაკი –
ზედ შობის პირას –
ყურთან რომ მიაქვთ და თავს აქნევენ –
ვარ უსიტყვებოდ. არაფერი არ მაქვს სათქმელი.

პანორამებად გაფენილი შარმი პარიზის –
სულ რომ შორსაა და სულ აქვეა –
აღარ მეწევა. არაფერი არ მაქვს სათქმელი.

თოვაც, რომელსაც ველოდები, ისე უხმოა,
დღესასწაულის მეტისმეტად გრძელი საბანი –
ჭრელი ფიფქებით წვივებზე რომ შემოვიხვიე –
მგონი იმისთვის ტომარაა –
სულ არ უხდება.

როგორც ლარნაკმა – საკუთარი თავის სარქველი –
არ ვიცი – ძველი კალენდარი როგორ მოვირგო.
ახლა ქსოვა და ლექსის წერა – ზუსტი საქმეა,
მაგრამ მე ისევ –
არაფერი არ მაქვს სათქმელი.

ვერც მშივრები ვერ დავაპურე და ვერც ობლები
ვიშვილე – გრძელი ნაკადებით ჩემი ლექსების
და გოლფსტრიმიდან ყველა წყალი უკან მობრუნდა,
მტკვრის კალაპოტიც –
ლამისაა ვეღარ ამივსოს.

ენის გაჭრაა – საკუთარი ტუჩის კიდეზე –
ახლა სიტყვები – ჭის დანამვა, ქარის დაგვაა,
თითქოს ნაძვებზე მოოქროვილ ყულფებს კიდებდე.

გაცერი – ბგერაგაუმტარი შუქის გარსი და
ძველი ეჭვებიც გადაღვარე – სიტყვების მსგავსად,
ვიდრე კრიალა ვარსკვლავი არ დაიბადება.

წაიღე ჩემი ყველა ბგერა, ყველა საგანი
ახალ სინათლედ გადაადნე – ახალი ათვლის
წერტილად, ახალ გალაქტიკად, რომლის მაგვარიც –
ამ სამყაროში ჯერ არ ანთია.

ვილანელა შენთვის

 

ასეც ხომ ვამბობდი – ამ ორომტრიალს რომ გადარჩე –
ამ მტვრიან წარსულებს, საშიშად მოლიპულ მომავლებს,
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ცხრაპირი ქარია – სიგრძივი, განივი. დანარჩენს
მიხვდები, როდესაც თვალსაც და გრძნობასაც მოავლებ
სამყაროს, რომელშიც ძნელია დარჩე და გადარჩე.

ვამბობდი – უარი – სულყველა ჯილდოს და განაჩენს,
რომელსაც ლითონით ჭრიან და წუთებით ზომავენ.
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ზოგჯერ მეჩვენება – თვითონვე მპოულობ, ამარჩევ,
რომ ფეხსაცმელებზე ბაფთებად შეგიკრა ზონარი –
სიცოცხლის, ასე რომ გეწევა – დარჩე და გადარჩე.

შენც მოგზაური ხარ და შენთან ხეტიალს დამაჩვევ.
ალბათ ამ სიტყვებსაც ხშირად დამაყვედრი ონავრად:
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

რას აღარ ვამბობდი – გულზეც გიამბობდი, მორევზეც –
მომავლის, რომელიც დაიწყო, რომელშიც ორნი ვართ,
სამნი ვართ, და უნდა ყველა ორომტრიალს გადავრჩეთ.
დაგტოვებ ზღაპარში, რომელშიც უბრალოდ, გაგაჩენ.

საკეისრო კვეთა

ეს ცის გახსნას გავს.
სკალპელი – ელვა.
და ღმერთის თვალი – მაგიდისკენ – ფარნად ინთება –
თვალყურს ადევნებს ექიმის ხელებს
და შენს სახეს, გადაფითრებულს –
ნაკვთებს რომ ცქერით ვერ დაულაგებს
ქმარი – შენს თავთან –
გარანტია, რომ თუ ჩაქრები, ახალ ვარსკვლავს პეშვით წაიღებს.

ცის გახსნას გავს –
უცაბედი, როგორც სიკვდილი კატასტროფაში –
ყოველგვარი პრელუდიის, სამშობიარო ტკივილების გარეშე –
მიღმა შავი ხვრელის – ბნელი დერეფნის –
სულები რომ მიმოდიან ამ სამყაროში.

ცის გახსნას გავს –
უფრო ძნელია, ვიდრე წერდე სიმფონიას – ტაშზე მქუხარეს,
ან აწყობდე რევოლუციებს – მათთვის, ვინც უკვე მოსულია,
ან გზადაგზა კოლონიებს აარსებდე გალაქტიკებში.
ის ერთი ჩხვლეტა ხერხემალში –
საიმედო ანესთეზია –
მაინც გართმევს ამ უფლებას იყო ჯვარცმული –
თუნდაც ერთისთვის, თუნდაც ასე ხელფეხგაკრული.

ცის გახსნას გავს –
ეს გაბედვა – ჩაეჭიდო ახალ სიცოცხლეს –
ყველანაირი მშვიდობისგან აუშენო ატრაქციონი,
ომებს ზურგით გადაეფარო, რომ მუდამ მისკენ გქონდეს სახე,
რომ უცინოდე. აი, ასე,
შეაბიჯე ძველ ნაკადში, ასე დაწექი
ერთადერთი ქალიშვილივით – კეისრის –
პირმშოს გადასარჩენად რომ გაფატრეს. ორივე ჩაქრა.
შენ კი ფეთქავ და სარკმელში – ღამის ქალაქი –
ციმციმებს, როგორც უხმაურო დღესასწაული.
ცხრა მაისის უცნაური ფეიერვერკი:

კადრებს ხმები ჩამოეცალათ. უხმაუროდ – პულსი – ას ოცი.
შენი სისხლის – პირველი რეზუს დადებითის
საზეიმოდ გადასხმა ახალ ვენებში, მამის თვალის ფერის,
როგორც ბევრად უფრო ნათელის.
ცის გახსნას გავს –
ტირილის ხმა – დასაწყისის მაუწყებელი.

ახლა ჭრილობებს შეუძლიათ, პირი შეიკრან –
ეს ცა აღარ დაიხურება.
არასოდეს არ ყოფილა შენი ღამე ასე კაშკაშა.
თოთო სინათლე შენს თვალებთან
ასე ახლოს არასოდეს მოუტანიათ.
ის იზრდება – ყველა ჩრდილის გადაფარვამდე.

დილისპირული

ხელი – მარტივად – სათამაშოს – ბავშვის საწოლთან
ქოქავს. სხვა ხელი – სულ უბრალოდ –
ცის თაღს ასწორებს.
ასე თანდათან გართულდება სასწაულები.
მე და შენ ერთად გაოცება უნდა ვისწავლოთ.

გათენებები – ეს რძიანი საწოვარები –
ივსებიან და იცლებიან თვალების გასწვრივ.
დღე – თვალებისთვის – მობიბინე საძოვარია,
ხელი – ჯოხია – ჯადოსნური – დამწყემსავს, გაწრთვნის –
შეგრძნებებს, საგნებს.

გაიწოდე, თუ გსურს მოხარე –
მიწისკენ, თუ გსურს – თითის წვეტი დაადე მწვერვალს –
წინ! ამოქოლე წლები – თაგვის გამოხრულები –
ცერით და – ძვლები – შენს ტერფებზე დაგეშილ მწევრებს –
გადაუყარე – მოგონებებს.

სანთებელაა –
ყველა ლითონით ადნებიან ზედ საათები.
ხელი ჯოხია – ჯადოსნური – გათენებებიც –
მისი ნებაა – ტკაც! და თვალში მზე აინთება.

ჯერ შენი ხელი პატარაა –
ჩემს ხელს დაყვება
და ეგ თითებიც ჩემი გულის ძაფებს მართავენ;
ხელში – მახვილი, ხელში – ვაშლი, ხელში – სართავი –
მისთვის უცხოა და ყველასთან არის მართალი.

რეზინის კურდღელს თუ მიწვდება,
რკალს თუ მოხაზავს,
პაწია ნაკაწრს თუ გაგიჩენს ბამბის ლოყაზე.

მიწვდეს, გახადოს თვინიერი ყველა კედელი,
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ – კეთილი.

ასე, ჩურჩულად დაყვებიან ხმები მკერდიდან –
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ კეთილი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

 

Facebook Comments Box