დედამიწაზე ალბათ არ არსებობს ისეთი პოლიტიზებული რეგიონი, როგორც სამხრეთ ამერიკაა. მუდმივი შიდა თუ გარე კონფლიქტები მას ისეთ კულტურულ ველად აქცევს, სადაც პოლიტიკიდან – ხელოვნებამდე დუღს და გადმოდუღს მძაფრი ვნებები. უკვე კლასიკოსებად აღიარებულთა ტრადიციებს აგრძელებს მოქმედი მწერალი ქალი იზაბელ ალენდე. იგი 1942 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. მამამისი, ჩილელი დიპლომატი ტომას ალენდე ექს-პრეზიდენტ სალვადორ ალენდეს ბიძაშვილი იყო და იზაბელის ცხოვრებასა და შემოქმედებას წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკური ვნებებისა და ემიგრაციის თემები.
პოლიტიკასა და პრეზიდენტ ალენდესთან იზაბელს არამხოლოდ მამა აკავშირებს. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როცა დედამისმა, ფრანცისკა ლიონამ უარი თქვა ამ ქორწინებაზე და სანტიაგოში, მშობლების სახლში დაბრუნდა. მალე იზაბელმა მამინაცვალიც შეიძინა “ასევე დიპლომატი რამონ უიდობრო – “ტიო რამონი”, როგორც მოფერებით ეძახდნენ ხოლმე”. დედასა და მამინაცვალთან ერთად იგი გარკვეული პერიოდი ბოლივიასა და ბეირუთში ცხოვრობდა და ჩილეში მხოლოდ 1958-ში, სწავლის გასაგრძელბლად დაბრუნდა.
ჩილეში შედგა იზაბელ ალენდეს პირველი უიღბლო ქორწინება ინჟინერ მიგელ ფრიასზე, რომელიც 15 წელი გაგრძელდა “მოგვიანებით იგი მეორედ გათხოვდა ამერიკელ გორდონ უილიზე, რომელთან ერთად ახლაც ცხოვრობს კალიფორნიაში”. ფრიასთან მას ორი შვილი – პაოლა და ნიკოლასი შეეძინა. თავდაპირველად იზაბელ ალენდე გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის, FAO-სთვის მუშაობდა. 1954-55 წლებში კი ოჯახთან ერთად ევროპაში გაემგზავრა “გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ბრიუსელსა და შვეიცარიაში”.
1970 წელს, როცა ჩილეს პრეზიდენტად სალვადორ ალენდე აირჩიეს, იზაბელის ცხოვრებაში მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვა დაიწყო. რამონ უიდობრო არგენტინის ელჩად დანიშნეს, მალე ამას ალენდეს პიესა “ელჩის” დადგმა მოჰყვა. შემდეგ, რამდენიმე წელი იგი მშვიდობიან ცხოვრებას ეწეოდა, საბავშვო ;ურნალ “მამპატო”-სა და ტელევიზიისთვის მუშაობდა, მაგრამ პრეზიდენტ ალენდეს მკვლელობის შემდეგ “თუმცა ავგუსტო პინოჩეტის მილიტარისტული მთავრობა ამას თვითმკვლელობად ასაღებდა”, მისი ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ისინი ვენესუელაში გადასახლდნენ, სადაც ცამეტი წელი დაჰყვეს. ვენესუელაში ალენდი გაზეთ “ელ ნასიონალისთვის” მუშაობდა.
1981 წელს იზაბელ ალენდმა ბაბუამისის შესახებ ცნობა მიიღო – იგი სიკვდილის პირას იყო. რამდენიმე თვეში, მომაკვდავი ბაბუასთვის გასაგზავნად გამზადებული წერილი მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანად “სულების სახლად” იქცა. ამას მოჰყვა “სიყვარულისა და ღრუბლების შესახებ” “1985” და “ევა ლუნას მემუარები”, რომელიც მოგვინებით, 1991 წელს გამოქვეყნდა.
ჩილეში იზაბელ ალენდე მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ – 1990 წელს მოხვდა. მორიგი გადატრიალებისა და დემოკრატიული მთავრობის გამარჯვების შემდეგ, იგი უკვე ცნობილი მწერლის სტატუსით სამშობლოში გაბრიელა მისტრალის პრიზის მისაღებად დაბრუნდა.
იზაბელ ალენდეს მორიგი ნაწარმოები “პაოლა” “1992” მის პირად ტრაგადიას – ქალიშვილის გარდაცვალებას მიეძღვნა. ეს მისი ოჯახის სევდიანი ისტორიაა, რომელიც ქალიშვილის მძიმე ავადმყოფობით დასრულდა. უცნაურია, მაგრამ ამ ძალზედ დრამატულ რომანს 1997-ში სრულიად განსხვავებუდი წიგნი “აფროდიტე” მოჰყვა. მის თემას საჭმელი და სექსი წარმოადგენს. ამ უჩვეულო გარდატეხის შესახებ იზაბელ ალენდე ინტერვიუში საუბრობს.
– “აფროდიტე” რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან, რომელიც დიდ ტკივილს, კერძოდ თქვენი ქალიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ამ წიგნზე მუშაობა თქვენთვის სტრესიდან დაძლევის მცდელობას ხომ არ წარმოადგენდა?
– ალბათ. ვფიქრობ ეს სრულიად ჯანსაღი რეაქციაა მწუხარების ძალზედ გრძელი პერიოდის შემდეგ. ეროსი ძალიან ახლოსაა სიკვდილთან. და გარკვეული მნიშვნელობით ისინი ერთმანეთის აწონასწორებენ.
– მაინც რატომ გადაწყვიტეთ საჭმელსა და სექსზე დაგეწერათ? განა ამაზე ცოტა რამ დაწერილა?
– ყველაფერი ეროტიკული სიზმრებით დაიწყო. დეპრესიის და მწუხარების გრძელი პერიოდის შემდეგ, მე ასეთი სიზმრები დამჩემდა. სიზმრებმა საჭმლისა და სექსის შესახებ, მიმიყვანეს იქამდე, რომ აფროდისიაკების, გაუმაძღრობისა და ვნებას შორის ურთიერთობის კვლევა დავიწყე. სწორედ ამაზეა ეს წიგნი.
– სადამდე მიგიყვანათ ამ გამოძიებამ? მგონი აფროდისიაკების უმეტესობა არ არის მეცნიერულად დასაბუთებული.
– არა. ეს ყველაფერი ჩვენს გონებაშია. ყველაზე მნიშვნელოვანი სექსუალური ორგანო ჩვენი ტვინია, ხოლო აფროდისიაკების უმეტესობა ამ ჯგუფში ფორმებთან, სუნთან, ფერებთან კავშირის გამო იგულისხმებიან. ძალიან ცოტა მათგანს გააჩნია მეცნიერული დასაბუთება, გარდა ნარკოტიკებისა, რა თქმა უნდა.
– ამ წიგნში ერთგან თქვენ ამბობთ, რომ კულინარიის ცოდნა, საყვარლისთვის გემრიელი კერძის მომზადება მამაკაცის ერთ ძალზე სექსუალურ მხარეს წარმოადგენს. რას ნიშნავს ეს?
– მამაკაცი საჭმლის მომზადებისას ძალზე სექსუალურია, ქალი კი იგივე სიტუაციაში – არც ისე. იმიტომ რომ ჩვენს გონებაში, ეს ქალის – როგორც მომსახურე არსების კლიშესთან ასოცირდება. ხოლო მამაკაცის შემთხვევაში, ეს საოცრად მიმზიდველია და ახალბედა საყვარლებს მინდა ვურჩიო: ისწავლეთ კულინარია!
– ასე რომ, საკვები და სექსი ერთმანეთს უკავშირდება?!
– ჩემთვის – უთუოდ. და ასეა არაერთ კულტურაში. ყველაფერი რაც საჭმელს უკავშირდება, სექსუალურია. შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ჩვენ გამუდმებით ვჭამთ. სიმსუქნის პრობლემაც გვაქვს. მაგრამ საკვებით სიამოვნება ბოლომდე მაინც ვერ გავაცნობერეთ. ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სწრაფი საუზმე და ნახევარფაბრიკატები, სწრაფი სექსი და სწრაფი კვებაა მიღებული.
– ამ წიგნის ერთ საინტერესო ასპექტს წარმოადგენს ის, თუ როგორ მოიძიეთ ამდენი საკვლევი მასალა თქვენი 72 წლის, კათოლიკე, კონსერვატორი დედისაგან. საინტერესოა, როგორ საუბრობდით ამაზე?
– დედაჩემი ჩილეში ცხოვრობს, თუმცა ჩვენ ყოველდღე ვუკავშირდებით ერთმანეთს: ფაქსს, ან წერილს ვუგზავნი, ანდა ტელეფონით ვესაუბრები. როდესაც წიგნისათვის მასალა მთლიანად მოვიძიე, მივხვდი, რომ წიგნს საკვების შესახებ აუცილებლად დასჭირდებოდა რეცეპტებიც. მაშინვე დედას დავურეკე და ვთხოვე, ჩემი გაგზავნილი ინგრედიენტების სიის მიხედვით, შეყვარებულებისათვის რამდენიმე რეცეპტი გამოეგზავნა, ოღონდ ადვილი მოსამზადებელი, რადგან მთელ დღეს თუ სამზარეულოში გაატარებ, სიყვარულისათვის ენერგია აღარ დაგრჩება. დედაჩემიც სიამოვნებით ჩაერთო ამ თამაშში. არაჩვეულებრივი რეცეპტები შემიგროვა და, სხვათა შორის, შემდეგ ჩემს 80 წლის მამინაცვალზეც გამოსცადა.
– ღმერთო ჩემო! შედეგებზე არაფერი მოგწერათ? რა თქვა, ჭრისო?
– ეს რაღაც შავი მაგიის მსგავსია. ვინმეს თუ ეტყვით, რომ ის შავი მაგიის მსხვერპლია, მართლა ავად გახდება. მაგრამ თუ არ იციან რომ შავი მაგიის ობექტები არიან… აფროდისიაკებიც იგივეა. თუ ეტყვით, რომ აფროდიტულ საკვებს მიირთმევენ, აუცილებლად გაჭრის.
© ”არილი”