თამაზ ჩხენკელის თარგმანი
უიტმენის რელიგია კონცენტრირებულია ერთ სიტყვაში, რომელიც ინდური სულის მუსიკასავით ხმიანებს: იგივეობა. ყოველწამიერი იგივეობა სიცოცხლის ყველა ფორმასთან. განხორციელებული ერთიანობის უშუალობა და იმის ღრმა რწმენა, რომ ყოველი წამი და ყოფიერების უმცირესი ატომიც კი მარადიულია.
როგორ დაეუფლა უიტმენს ასეთი რწმენა? ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ოდესმე წაეკითხოს ინდური წიგნები. როცა 1856 წლის ნოემბერში ტორომ უთხრა, შენი “ბალახის ფოთლები” აღმოსავლურ პოემებს მაგონებს, ხომ არ იცნობ რომელიმე მათგანსო, უიტმენმა კატეგორიული “არათი” უპასუხა. და ჩვენ საბაბი არა გვაქვს ამაში დაეჭვებისა: ის ცოტას კითხულობდა და არ უყვარდა ბიბლიოთეკები და წიგნზე გაზრდილი ხალხი. იგი ერთხელაც არ დაინტერესებულა, რამდენად სწორი იყო კონკორდის ვიწრო წრეში შექმნილი შეხედულება იმის თაობაზე, რომ მისი მსოფლმხედველობა აზიურ მოძღვრებებს უახლოვდება. ყოველთვის, როცა თავის ჰომეროსისეულ ჩამოთვლებში ინდოეთის სახე შემოაქვს, გამოთქმათა უკიდურესი ბუნდოვანება წარმოადგენს საგნის არცოდნის საუკეთესო დასტურს…
მით უფრო საინტერესოა, როგორ შეძლო მან, თავისი პიროვნების (ასპროცენტიანი ამერიკელის) საზღვრებიდან გაუსვლელად თავისდაუნებურად გამოეხატა ვედანტური თვალსაზრისი. აკი ეს მსგავსება ემერსონის წრიდან არავის გამოჰპარვია, არც თვითონ ემერსონს, ავტორს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ შესანიშნავი ხუმრობისა: “ბალახის ფოთლები” მე მაგონებს “ბჰაგავატ გიტას” და “ნიუ-იორკ ჰერალდის” ნაზავსო.
რა პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, უიტმენი თავისი რასის შინაგანი არსიდან, ამ რასის რელიგიური მემკვიდრეობიდან გამოდიოდა. მამის მხრივ, მისი ოჯახი კვაკერიზმის მემარცხენე ფრთას ეკუთვნოდა… ეს, ყოველგვარი ეკლესიისგან და კრედოსაგან თავისუფალი ინდივიდუალისტები რელიგიის არსს შინაგან ნათელხილვასა და “უსიტყვო ექსტაზში” ხედავდნენ. ასეთ ზნეობრივ წინასწარგანწყობას უკვე ბავშვობიდანვე ხელი უნდა შეეწყო უიტმენისათვის გამოემუშავებინა მისტიკური თვითდაუნჯების ჩვეულება. და მას ბუნებისაგან მონიჭებული ჰქონდა რაღაცნაირი ხარბი ამთვისებლობა, რომელიც აიძულებდა მსოფლიო ზვრებიდან არა მარტო ტანჯვისა და ნეტარების მტევნები ეკრიფა ჩვეულებრივ მოკვდავთა მსგავსად, არამედ მეყსეულად ყველა მის მიერ ხილულ საგნად გარდასხეულებულიყო. მან ეს იშვიათი თვისება აღწერა თავის ერთ განსაცვიფრებელ პოემაში “შემოდგომის ნაკადულები”. პირწმინდა ინსტინქტის მსგავსად, გაუცნობიერებლად, მთელი სამყარო მისთვის ობიექტი კი არ იყო, არამედ სუბიექტი, – იყო თვითონ ის… და ეს უმაღლეს ექსტაზს, ბჰაქტაიოგას მიმდევართა ყველაზე თავდავიწყებულ სამადჰის გავდა.
აქ ჩვენს წინაშეა ვედანტიზმისადმი მიდრეკილების ტიპიური გამოვლინება. ეს მიდრეკილება ფაქტობრივად, ყველა ქვეყანასა და ყველა ეპოქაში ადამიანის სულის თვისებას წარმოადგენს და სრულიადაც არ არის დაკავშირებული რომელიმე ერთი ქვეყნის რელიგიური მოძღვრების სისტემასთან, როგორც ამას შეცდომით ვარაუდობს ზოგიერთი ინდოელი ვედანტისტი. ასეთნაირი განწყობილება ფარული სახით ყველგან არსებობს, ყოველი კაცის გულში. განსაკუთრებით ეს ითქმის დიდ ხელოვანთა შესახებ, რომელთა არსებაში არა მარტო აირეკლება, არამედ ხორცს ისხამს მთელი სამყარო.
რა უცნაურია, რომ ეს რწმენა არ შეეჯახა ვივეკანანდას რწმენას! იგი უნდა განეცვიფრებინა მთელ რიგ მოულოდნელ შეხვედრებს, დიდად მკვეთრსა და დაჟინებულს უიტმენთან, მაგალითად, მის უაღრესად მტკიცე რწმენას იმის შესახებ, რომ პიროვნება “ტრილიონი წლების წიაღ” მოგზაურობს და რომ გამუდმებული “გარდასხეულებისას” გათვალისწინებულია ყველა წინა არსებობის წაგებ-მოგება. იგი უნდა განეცვიფრებინა “ატმან-ბრაჰმანის” შესაბამის ორმაგ “მე”-ს, რომელთაგან არცერთს არა სურს ქედი მოიდრიკოს მეორის წინაშე, “მაიას ბადეს”, რომელსაც ის გლეჯს, რათა ფართო ჭუჭრუტანებიდან ღვთის მოელვარე თვალი იხილოს…
უიტმენს ვივეკანანდასთან ანათესავებდა პიროვნულ თვისებათა ზოგიერთი მხარე. ის ზვიადი ქედმაღლობა, რომელიც ნებას რთავდა ღმერთისთვის გაეტოლებინა თავი (“არავინ, თავად ღმერთიც კი, არ ნიშნავს კაცისთვის უფრო მეტს, ვიდრე თვითონაა”). მშვიდობიანობის მტრის და შერკინების მოსურნე გულოვანი ქშატრიის მეომრული სულისკვეთება, რომელიც არა თუ უკრთის, პირიქით, თვითონ მოუხმობს ხიფათს და სიკვდილს. და ბოლოს, საშინელის ის კულტი, ჰიმალაის მთებში მოგზაურობისას ვივეკანანდას პირქუშ აღსარებებს რომ გვაგონებს (“ჩემიანებად მიმაჩნიხართ. თქვენ – საზარელო, მუქარით სავსე ჩვენებანო”).
და მაინც, ნათლად ვხედავ, რა არ მოეწონებოდა უიტმენში ვივეკანანდას: ეს არაბუნებრივი ნაზავი “ნიუ-იორკ ჰერალდისა” და “გიტასი”, რომელმაც ემერსონის ასეთი ღიმილი გამოიწვია, ეს მეტაფიზიკური ჟურნალიზმი, ეს იაფი, ლექსიკონებიდან ამოკრეფილი ერუდიცია, ეს ცოტა არ იყოს, ბაზრული მორთულობა წვეროსანი ნარცისისა, ეს მეტისმეტი კმაყოფილება თავისი თავით და თავისი ხალხით, ეს დემოკრატიული ამერიკანიზმი, ბალღური ამაოება და სარკის წინ ფრთაგაშლილი ვულგარიზმი, – ყველაფერ ამას დიდი ჰინდუსის არისტოკრატიული ათვალისწუნება უნდა გამოეწვია, განსაკუთრებით კი იდეალიზმის მაკომპრომეტირებელ სიახლოვეს “მეტაფსიქიკის” საეჭვო გასართობებთან – სპირიტიზმთან, მოჩვენებებთან და სხვ., რაც ჭირისდღესავით სძაგდა ვივეკანანდას…
მაგრამ მივაგებთ რა საკადრის ადგილს ვივეკანანდას გვერდით, მაინც მოვერიდებით ამერიკაზე უიტმენის გავლენის გადამეტებულ შეფასებას. მასათა ამ ჰომეროსმა ვერ შეძლო მასებში შეღწევა. ამერიკაში დემოკრატიის დიადი ბედის მაუწყებელი ეს წინასწარმეტყველი კვდებოდა გაუგებარი, ახალი ქვეყნის დემოკრატიების მიერ შეუმჩნეველი. ღვთაებრივი საშუალოების ამ მგალობელს იყვარებდნენ და თაყვანს სცემდნენ მხოლოდ ხელოვანთა რჩეული წრეები და ამასთან, უფრო მეტად ინგლისელები, ვიდრე ამერიკელები. მაგრამ ასეთია ბედი ყველა წინამორბედისა და ამის გამო ისინი სულაც არ არიან უფრო ნაკლებ ჭეშმარიტი წარმომადგენლები თავიანთი ხალხებისა, თუნდაც რომ საკუთარი ქვეყანა მათ არ აღიარებდეს. მათში დროზე ადრე თავისუფლდება სიღრმისეული ძალები, რომლებიც ადამიანთა მასაშია დაფარული და რომელსაც ეს მასა თვითონვე თრგუნავს. უიტმენი იყო გენიალური წინამორბედი იმ ფარული სულისა, რომელსაც ეძინა (სავსებით არც ახლაა გაღვიძებული) მისთვის მშობლიური ხალხის ოკეანისეულ სიღრმეებში.
© ”არილი”