ჰანტერ ს. თომპსონი, “ზაფრა და გულისრევა ლას–ვეგასში“, მთარგმნელი გია ჭუმბურიძე, სერია “ამერიკელები“, თბ. “დიოგენე“, 2013.
მწერლებიდან ჩემი საყვარელი ჟურნალისტიაო, ალექსი ჩიღვინაძემ მითხრა ჰანტერ თომპსონზე (1937-2005). კითხვის დროს ისიც გავიფიქრე, რატომ მაგონებს-მეთქი ერთ გრძელ რეპორტაჟს? იმიტომ, რომ წერს ისე, როგორც ჟურნალისტი თუ მწერალი თომპსონი მოხვდა ჟურნალისტიკაში და რეპორტაჟის თავისი სტილიც დაამკვიდრა?! თომპსონის მეგობარმა უილიამ კენედიმ, ჩვენ შეუმდგარი რომანისტები ვიყავით, რომლებმაც პურის ფულისთვის ჟურნალისტიკას შევაფარეთ თავიო.
კითხვისას, რატომღაც, სხვა ამერიკელებიც მაგონდებოდნენ: ერნესტ ჰემინგუეი და ფრენსის სკოტ კ. ფიტცჯერალდი. მართალია, დროც და მხატვრულობაც სხვა იყო, მაგრამ, „თან მომყვებოდნენ“, ვერ ვიცილებდი… ბიოგრაფიულ ამბებში კი ვკითხულობ, რომ ჰანტერ თომპსონმა საბეჭდ მანქანაზე აკრიფა ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო“ და ფიტცჯერალდის „დიდი გეტსბი“, რათა მათი სამწერლო სტილი შეესწავლაო!
ნაწილობრივ ვეთანხმები აზრს, რომ წიგნმა ქართველ მკითხველთან მოსვლა დააგვიანა, მაგრამ მხოლოდ – ნაწილობრივ. ცნობილია, რომ წიგნს, მით უმეტეს – კარგ საკითხავს, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოველთვის ჰყავს ჩასაფრებული მკითხველი.
ჰანტერ სტოქტონ თომპსონი 1966 წლიდან აქვეყნებდა მოთხრობებს. რომანი „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ 1971 წელს დაიბეჭდა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. მთავარ, ჟურნალისტიკის დოქტორ თომპსონის როლში, ჯონი დეპი იყო, რომელმაც თომპსონთან ერთად იცხოვრა კიდეც, მისი ნივთებიც გაითავისა და გადაღების დროს ჭკუასაც ეკითხებოდა. ჰანტერი ავადმყოფობასავითაა, გიძვრება კანში და მერე გიჯდებაო, ამბობდა ჯონი დეპი.
ვიდრე რომანის ქართულ თარგმანზე შევჩერდებით, ტერმინი „გონზოც“ გავიხსენოთ. ერთხელ ჟურნალისტი ჰანტერ თომპსონი ჟურნალმა კენტუკიში დერბის გასაშუქებლად გააგზავნა. ცხენების ჯირითზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მაყურებელს მოუხდენია – ლოთებისა და ბილწმესიტყვეთა ხროვას, რაც თომპსონმა დაწვრილებით ჩაიწერა დღიურში. სტატიის ჩაბარების დროც დადგა, მაგრამ სტატია არც დაუწერია – თომპსონმა რედაქტორს დღიურიდან ამოხეული ფურცლები გაუგზავნა – არც ისე ზომიერად სკაბრეზული. ამ სტატიას დიდი რეზონანსი ჰქონდა და სწორედ მაშინ უწოდა თომპსონს რედაქტორმა „გონზო“. აი, ასე გაჩნდა გონზო სტილი და მისი დამაარსებელი სამოციანი წლების ამერიკულ ჟურნალისტიკასა და მწერლობაში, რომელსაც მიმდევრები, რა თქმა უნდა, გამოუჩნდნენ. გონზო (ინგ. Gonzo – გარეკილი, დარეხვილი, შექანებული…) ირლანდიელი მოქეიფე კაცის განზოგადებული სახელია, რომელიც მარათონული სმის შემდეგ სუფრიდან უკანასკნელი დგება და იმის თავიცა აქვს, რომ ძილის წინ ფეხსაცმელები გაიხადოს – დაახლოებით, ირლანდიური კულტურის გულბაათ ჭავჭავაძეა. მეორე ვერსიით „გონზო“ ესპანური სიტყვიდან მოდის და სხვის გასულელებას, გაშაყირებას ნიშნავს. პირადად, ეტიმოლოგიის ორივე ვარიანტი მომწონს – ცალ-ცალკეც და ერთადაც.
რომანი „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ ჟურნალისტური დავალების შესრულების რეპორტაჟია: ლას-ვეგასში მოტოციკლეტისტების – შავი ანგელოზების დიდი მოტორბოლის გასაშუქებლად გაგზავნილი გონზო ჟურნალისტის ჩანაწერებია.
“რომანის თარგმანი (გია ჭუმბურიძე) მსუბუქი და დინამიკურია. მთარგმნელი თხრობის სტილს არ აფერხებს. მკითხველს კოპროლალიის მიზეზით უხერხულობა არ ექმნება და ის წითელი ზვიგენით დაბოლილ გმირებთან ერთად შეუფერხებლად მიქრის. მწერლის იუმორიცა და ცინიზმიც ქართულ ენაზე მშვიდად, ენის ხელოვნურად გაფუყვის გარეშე იკითხება. თუმცა ერთმა სიტყვამ – „ყამა“, საგონებელში ჩამაგდო – იციან კი ეს სიტყვა მათ, ვისაც, თუნდაც, ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ არ წაუკითხავთ და მიხვდებიან იუმორს?! ან იქნებ ის ჟარგონია, რომელიც მე არ ვიცი?! (მაინც დავწერ: ყამა დიდი ზომის დანაა).
თუ წიგნისთვის რამეს ვისურვებდი, მხოლოდ ბობ დილანის სიმღერის Mr. Tambourine Man ვიდეოკლიპს ან სიმღერიდან ამ სიტყვებს მივაწერდი: I’m ready to go anywhere, I’m ready for to fade. იქვე კი ჯონ ლენონის Power to the people-საც ჩავურთავდი.
რომანი მუსიკითაა გაჯერებული ისე, რომ გინდება შეჩერდე და ნახსენები ესა თუ ის სიმღერა მოძებნო და კითხვასთან დაამეგობრო. მართალია, ეს როკია, მაგრამ ამ ემოციამაც მომაგონა ჯაზის ეპოქის მწერალი ფიტცჯერალდი.
ჰანტერ თომპსონმა თავი მოიკლა. უახლოესი მეგობრისთვის სიკვდილამდე 25(!) წლით ადრე უთქვამს, როგორც კი ვიგრძნობ, რომ თვითმკვლელობის უნარი მეკარგება, ჩემი აღსასრულიც იქვეაო. ჩემი აზრით, თავის მოკვლის უნარი თუ შეძლება სიმამაცე არ არის, რაღაცით, ცინიკურად რომ ვთქვა, მიმბაძველობაცაა, თან დრომოჭმულ ფატალიზმსაც წააგავს. ავტორის თვითმკვლელობის იარაღი „მაგნუმ-357“ რომანშიც აგდია. თუმცა რელიგიურობას ან ათეისტობას არ ითვალისწინებდა მისი საქციელი: თომპსონი თვითონ აირჩევს სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ადგილს, სადაც მოწყენილი არ იქნება და იქნება ფეხბურთიო, წერდა მეგობარი.
1978 წელს ბი-ბი-სის ოცნება გაუმხილა, რომ სიკვდილის შემდეგ მეგობრებისთვის ისეთ წვეულებას ისურვებდა, სადაც ექვსთითა – ორცერიანი გონზოს მუშტის ფორმის ზარბაზნიდან მწერლის ფერფლს გაფანტავდნენ. მეგობრებმა 2005 წელს ოცნება აუხდინეს – ჯონი დეპმა მზის ჩასვლისას ეს სანახაობაც მოაწყო, ფერფლი 50 მეტრის სიმაღლიდან ჩაფიქრებული ზარბაზნიდან გაისროლეს. ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც თომპსონს უნდოდა: „ბებერი სპილოები კოჭლობა-კოჭლობით მიაბიჯებენ გორაკებს იქით სასიკვდილოდ; ამერიკელები კი მშობლიურ ტრასაზე გადიან და თავიანთ დრანდულეტებში ამთავრებენ სიცოცხლეს“.
… და სრულდება დაუსრულებელი „ამერიკული ოცნება“. ოქსიმორონი არ არის, ეს ჩემი აზრია, რადგან თავის დროზე ჰემინგუეიცა და ფიტცჯერალდიც ხომ ფიქრობდნენ, რომ „ამერიკული ოცნება“ დასრულდა, თან უკვე – მეოცე საუკუნის ოცდაათიანებში.
P.S. და ერთ ამონარიდსაც შემოგთავაზებთ: „…ან იქნებ, არც არაფერი, ახლანდელი გადასახედიდან. ოღონდაც ვერანაირი ახსნა-მოყოლა, არეული სიტყვები, მუსიკის ჰანგები თუ მოგონებები ვერ შეცვლის იმას, რომ შენც იქ იყავი, ცოცხლად ერგებოდი სამყაროს ამ კუთხე-კუნჭულსა და დროის იმ ერთ, ვისთვის ხანგრძლივ და ვისთვის კიდე წამიერ მონაკვეთს და ვინ რა იცის, რა მნიშვნელობა ჰქონდა თუ არ ჰქონდა ამ ყველაფერს მომავლისათვის…“
© “არილი”