ესე (თარგმანი)

ჩაკ პალანიკი – მონები და მათი მხსნელები

Foto von Chuck Palahniuk

რა მასწავლა წიგნმა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”

ბევრ ისეთ ადამიანს, ვინც მე მიყვარს, ეს წიგნი ეზიზღება. ესეთები ამბობენ, რომ მისი სიუჟეტი მთლიანად რასისტული და სექსისტურია. ამბობენ, რომ კიზი შავკანიანებს და ქალებს დამამცირებლად აღწერს და არამზადებად ჰყავს გამოყვანილი. გეგონება, მარტო ორი აზრი უნდა არსებობდეს ამ წიგნზე. მოდით, ეხლა მესამეზე ვილაპარაკოთ.

წარმოვიდგინოთ, რომ ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” სქესების და რასების დაჯახების შესახებ არაა დაწერილი. ეს თანამედროვე დემოკრატიის პარადოქსზე დაწერილი წიგნია. ამ დემოკრატიაში მარტო ორი პოლიტიკური პარტია არსებობს და ეს თანამედროვე კულტურის დომინანტური თემაა. ,,გუგულის ბუდე” ზუსტად იმავე ამბავს გვიყვება, რასაც წინა საუკუნის ყველაზე პოპულარული რომანები, ამბავს, რომელსაც ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოვყვებით, იმიტომ, რომ პარადოქსი, რომელიც ვახსენე, ჯერ ჩვენი არსებობის პარადოქსია და კიზის უმთავრესი კონფლიქტი ჩვენი კონფლიქტია, რომლის დასაძლევად ბრძოლა გვიწევს: როგორ შეგიძლიათ ისეთ დემოკრატიაში ცხოვრება, რომელიც თქვენგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, საკუთარი შეხედულებების ქონას და არჩევნებში მონაწილეობას მოელის, რაც თქვენი საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობას და მის კონტროლირებას გულისხმობს – მაგრამ, ამავე დროს, გამოდის, რომ თუ უმრავლესობას თქვენგან განსხვავებული აზრი ექნა, სხვის ნებას უნდა დამორჩილდეთ?

ესე იგი, თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ან მხსნელის ცხოვრებით უნდა იცხოვრო, ან მონის ცხოვრებით. უნდა აირჩიო, ყველაფერი ან არაფერი. და ამ არჩევანის მიმართ არჩევანის უფლება უკვე აღარ გაგაჩნია.

სხვანაირად რომ მოიქცე, დაიღუპები. უბრალოდ განადგურდები. ან ის უნდა იყო, რაც ხარ, თავს არ უნდა უღალატო და მაშინ საკუთარი თავის სიძულვილსაც აიცდენ. მაგრამ საზოგადოება შეგიძულებს, იმიტომ, რომ მისთვის საფრთხედ გადაიქცევი.

ან…

ან შეგიძლია, რამე სხვა მოფიქრო. შეგიძლია დააკვირდე, როგორ ანადგურებენ სხვა ადამიანებს და ამაზე დაყრდნობით ისწავლო რაღაც. შეგიძლია, ახალი სისტემა შექმნა და მასში იცხოვრო. შეგიძლია აირჩიო, მშობელი იყო თუ ბავშვი; ან ამაზე მაღლა დადგე. აირჩიო, მხსნელი გინდა იყო თუ მონა. თუმცა შეგიძლია ზრდასრული ადამიანი იყო და ამავე დროს შენი საზოგადოების მიმართ ამბოხზე უარი თქვა. ამის მაგიერ საკუთარი ხედვა გამოიმუშაო და ეს მსოფლმხედველობა ნამდვილ, მნიშვნელოვან რამედ აქციო.

აი, ჩათვალეთ, რომ ესაა ,,გუგულის ბუდის” მთავარი აზრი, არსი. მეამბოხე, და მისი მიმდევარი. და განმანათლებელი სიბრძნე.

პირველად ამ წიგნის არსებობის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ფილმი ვნახე, ის, ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით. ფილმი, რომელზეც მერე კიზიმ მითხრა, არ მომწონსო.

1975 წელს ჩემს მშობლებს შორის გაყრის რამდენიმე პროცესიანი საქმე დაიწყო: მოკლე-მოკლე რეპეტიციები საბოლოო დაშორებამდე. მე და ჩემი და-ძმა დედაჩემთან დავრჩით. მამაჩვენი ჩვენგან ერთი საათის სავალზე ცხოვრობდა და ყოველ კვირა დღეს მოდიოდა ჩვენს წასაყვანად, ნაშუადღევიდან საღამომდე მასთან ვიყავით. აი, ის იყო დრო, როცა ყველაფერი შესაძლებელი მეჩვენებოდა. მაშინ წაგვიყვანა ,,კლუტზე”, რომელშიც ჯეინ ფონდა თამაშობდა, და ,,ბონი და კლაიდზე”, ფეი დანაუეის მონაწილეობით, ანუ ფილმებზე, რომლებიც სექსის და ძალადობის სცენებითაა სავსე. რა ექნა, იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ მასთან ვიყავით, ისეთი მონდომებით ცდილობდა, როგორმე ვესიამოვნებინეთ, რომ გვეთხოვა, ალბათ უარესზეც წაგვიყვანდა.

იქაურობას მარტო ერთი კინოთეატრი გვქონდა, მაგრამ დამიჯერეთ, – მაშინაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი – ჩემს მშობლებს თითქოს საგიჟეთში ვხედავდი, ვხედავდი, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ძალაუფლების წასართმევად. მამაჩემი რენდლ პატრიკ მაკმერფი იყო, რომელიც საკუთარი ცხოვრების კალაპოტში ჩასასმელად თავზე სულ სასწაულის დაცემას ელოდებოდა: სულ რაღაც ხრიკზე, აფერაზე ფიქრობდა, რომელიც ხსნასავით უნდა მოვლინებოდა, ვთქვათ, ხერხემლის ვითომ დაზიანება, რომლის წყალობითაც პენსიაზე დროზე ადრე გასვლას მოახერხებდა და რკინიგზას მოშორდებოდა. ჩვენი ოჯახის ბილი ბიბითი დედაჩემი იყო: დედა ყოველთვის ცდილობდა, იმ გზით ევლო, რომელიც, ბავშვობისდროინდელი შეგონებებით, ყველაზე სწორი და მართალი ეგონა: კეთილი და გამცემი ადამიანი უნდა ყოფილიყო, წესებს უნდა დამორჩილებოდა. მოკლედ, სჯეროდა, რომ სიყვარულს კარგი ქცევით და ბეჯითი მუშაობით მოიპოვებდა. ხუთოსანი ბავშვივით იყო.

თურმე მედდა რეტჩეტის როლშიც შეიძლებოდა დედაჩემის დანახვა – თუმცა მაგას ძალიან გვიან მივხვდით.

და კიდევ ვიყავი მე – ბელადი, ამ ორთაბრძოლების უხმო მოწმე.

მარტო ეს პერსონაჟები არა, ცხოვრებაში სხვა სიუჟეტების გადამღერებაც ბევრი მინახავს. მაგალითად, იყო მეამბოხე გოგონა, ჰოლიდეი გოლაითლი, ფილმიდან ,,საუზმე ტიფანისთან”, ან სალი ბოულზი ,,კაბარედან”. იყო ჯეი გეთსბი, ქალი, რომელიც სოციალურ კიბეზე წინწაწევით ცდილობს დაკარგული სიყვარულის პოვნას ,,დიდ გეთსბიში”. ან კიდევ შემტევი, ამბიციური ეთელ აგნეს ო’ნილი, რომლის სახეც მერე ,,თოჯინების ველში” ნილი ო’ჰარად განმეორდა. კაცმა რომ თქვას, რენდლ პატრიკ მაკმერფი ,,ქარწაღებულნის” თავზეხელაღებული სკარლეტ ო’ჰარაც იყო. ჩემს მშობლებს სულ ეს წიგნები ჰქონდათ, სხვა, მგონი, არც არაფერი, პერლ ს. ბაკის და აგატა კრისტის გარდა.

ამნაირი ამბები ყოველთვის ვიღაცის შესახებაა, კაცის ან ქალის შესახებ, რომელიც ამ სამყაროში ადვილად ვერ ეწერება და გარშემომყოფებს უსაქციელობით შოკში აგდებს.

უფრო ხშირად, ამნაირ მეამბოხეებს რაღაც თვალსაზრისით მამა აკლდათ. სალი ბოულზს, თუ გახსოვთ, დიპლომატი მამა ჰყავდა გამოგონილი, რომელსაც, ვითომ, მისი ბედი არ ანაღვლებდა. სკარლეტ ო’ჰარა მამას მარხავს და მერე მის ადგილს თვითონ იკავებს, რომ საკუთარი ფერმა ფეხზე წამოაყენოს. ჯეი გეთსბისაც ხომ აღმოაჩნდება მდიდარი კაცის, დენ კოდის ფოტო, რომელმაც ჯეი გეთსბი სიღატაკისგან იხსნა და ადამიანური ცხოვრება აჩვენა.

ბილი ბიბითი მიმდევარიცაა. განტევების ვაცი. ამ სიუჟეტებში მელანი უილკსიც იყო, უსაშველოდ კეთილი, იმედიანი და გაუტეხელი. ბილი ბიბითი იყო ჯენიფერ ნორსიც, ,,თოჯინების ველის” კოხტა მოდელი, რომელიც კაცების გულის მოგებას გარკვეული ხერხებით ცდილობდა და ახალი ქურქის მოსაპოვებლად მათგან ყველაზე გულისამრევებთანაც არ უარობდა დაწოლას. იყო ჰოლი გოლაითლის უხილავი ძმა, ფრედ ბარნსი, სულელი და დამყოლი, რომელსაც ვიღაცამ საკუთარი მიზნების მისაღწევად თავი ჯარში უკრა. ზუსტად ისე, როგორც ბიბითი გამოკეტეს საგიჟეთში.

სხვათა შორის, ჰოლი მამის მსგავს ფიგურას ირჩევს და ცოლად დოკ გოლაითლის მიჰყვება. მერეც ასაკოვან, მის მსგავს მამაკაცებს ირჩევს, რომლებსაც ფულის გამო ემსახურება საკუთარი ძმის გადასარჩენად.

ყველა ამ ამბავში არის მხსნელი და არის მიმდევარი. პირველები საზოგადოებრივი წესრიგის დაშლას ცდილობენ, მეორეები – მისი, ამ წესრიგის მაამებლობას და მომსახურებას. ორივენი, საბოლოოდ, სისტემას მხოლოდ ძირს უმაგრებენ.

საზოგადოებრივი წესრიგიც ყველგან ერთნაირია და ერთნაირად მოქმედებს. კონფედერატების არმია ატლანტას წვავს, ნაცისტები სალი ბოულზს ანადგურებენ. ,,თოჯინების ველში” ყველა პერსონაჟი ბარბიტურანტებზეა შემჯდარი.

ყველა ამ ამბავში მეამბოხე თავს სისტემასთან ბრძოლას ახარჯავს. მეამბოხეები ჯანყდებიან, მაგრამ თავად იფიტებიან, საზოგადოებრივ სისტემას კი აძლიერებენ.

მერე მათი მიმდევარი სისტემას ეგუება.

ან – მიმდევარი თავს ინადგურებს.

მეამბოხეც ნადგურდება და იღუპება. ან მარტოდმარტო რჩება, როგორც სკარლეტ ო’ჰარა, უსიყვარულოდ, უქმროდ, უშვილოდ.

რაც შეეხება მოწმეს… მოწმის მთელი შემდგომი ცხოვრება კომპრომისია, ან იგი, მოწმე, მაგალითად, რეთ ბათლერი, ტრანსფორმირებას განიცდის, ძველი სისტემიდან გადის და ახალ საზოგადოებრივ წესრიგში ახალ ამბავს იწყებს. ასეთია მეამბოხის, მიმდევრის და მოწმის ხვედრი. ორი უკიდურესობა და შედეგად მიღებული კომპრომისი.

თქმაც არ უნდა: კიზის საზოგადოებრივი წესრიგი მახინჯია. ამბის ეს ნაწილი ყოველთვის პრიმიტიულია, მახინჯი და უსამართლობას განასახიერებს: პოლიციელები, რომლებიც ჰოლის ჩასაფრებულები ელოდებიან, ბერლინელი ნაცისტები ან ცივსისხლიანი, ჯიბესქელი სნობები – რომლებიც ჯეი გეტსბის წვეულებებს არ ტოვებდნენ, მაგრამ მის დაკრძალვას არ ესწრებიან. დროის კონტექსტის გათვალისწინებით, კიზის შავკანიანი წესრიგის მცველები იმ უსიტყვო შავკანიან ლიფტიორად და მოახლეებად გვევლინებიან, აირა ლევინის ,,როზმარის ჩვილიდან” რომ გვახსოვს. ყოველი მათგანი თეთრკანიანი პერსონაჟების მიმართ მტრულ და უხეშ ძალას ასახიერებს, რაც, ისევ და ისევ, დროის კონტექსტის გათვალისწინებით, მაინცდამაინც არარეალისტურადაც არ აღიქმება.

თუკი რამე მაინც ჭირს ამ რომანს ცუდი, ისაა, რომ არ ჩანს, როგორ იტანჯება მედდა, ზუსტად ისე, როგორ ბილი ბიბითი, ეს ზრდასრული ბავშვი, სიცოცხლეში იტანჯებოდა: რადგან ადამიანი, რომელიც ყოველნაირ ალტერნატიულ თავისუფლებას ახშობს და მასზე ძალადობს, თვითონაც ხუთი წლის გოგონას შეზღუდული, შიშებით სავსე ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს.

მოდელი ხომ ასეთია: რენდლ პატრიკ მაკმერფი საზოგადოებრივი წესრიგის არევას ყოველთვის ხალისით იწყებს. მამაჩვენს, მაგალითად, ჩვევად ჰქონდა, კვირაობით გამოჩნდებოდა ხოლმე და ჩვენ, ბავშვებს, აუცილებლად ისეთ რამეს შემოგვთავაზებდა, წარმოდგენას, ნატვრასაც რომ ვერ ვბედავდით. პირველ აქტში ჰოლი გოლაითლიც ასე ბრწყინავს, სალი ბოულზიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს პირველი ნახვისას.

ყოველთვის იქნება ბილი ბიბითიც, რომელიც შეეცდება ყველას კეთილგანწყობა მოიპოვოს და სხვისი უკმაყოფილების გამოწვევის შიშში გაატარებს თავის დღეს და მოსწრებას.

მაკმარფი ყოველთვის იმღერებს, იცეკვებს, მაგრამ ჯენიფერ ნორსი და ფრედ ბარნსი ვერასოდეს აყვებიან. გვიანაა, მათ უკვე ვერაფერი შეცვლით. მისადაგებას, კონფორმისტობას გააგრძელებენ, თუმცა, ესეცაა, ეს ხალხი დაინახავს, რომ ის, რასაც მაკმარფი აკეთებს, თურმე შესაძლებელი ყოფილა. მათ ჩამყაყებულ ცხოვრებაში პირველად შედის ახალი სიმართლე და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ სისტემიდან გასაქცევად, საკუთარი თავის განადგურებაა. ასევე იქცევა მელანი უილკსიც, როცა ექიმის აკრძალვის მიუხედავად, მეორე ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს და ამით თავს სიკვდილს გადაუწყვეტს.

როცა ბილი ბიბითი ყელს იჭრის, ან სალი ბოულზი აკრძალულ აბორტს იკეთებს, სიუჟეტის სისხლიანი კვანძიც მაშინ ისკვნება. შემდგომი კრიზისი კი საზოგადოებრივ წესრიგს სალი ბოულზის განადგურებისკენ უბიძგებს. სალი ბოულზის. ჯეი გეთსბის. ან რენდლ პატრიკ მაკმარფის განადგურებისკენ.

რამდენჯერ ვყოფილვარ ამ მოდელის ამოქმედების მომსწრე ცხოვრებაში! ცამეტი წლის ვიყავი, და, ჩვენი კვირადღის კინოსეანსების გამოცდილებით, ეგ ამბავი უკვე კარგად ვიცოდი.

იყვნენ ჩემი მშობლები, რომლებსაც ერთმანეთში დაუსრულებელი აყალ-მაყალი ჰქონდათ, და ვიყავი მე: ბელადი. უხმო დამკვირვებელი, უტყვი მოწმე, რომელიც ცდილობს, ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს, მაგრამ გონებაში გაქცევის შესაძლებელ ხერხებს სინჯავს.

ერთადერთი, რაც ვერ გავიგე, ესაა: როგორ შეიძლება ამ ორპარტიულ დემოკრატიაში ეს წიგნი ყველასთვის მოსაწონი იყოს. ახლაც კი, უფრო სწორად კი, განსაკუთრებით ახლა, ამერიკაში ადამიანები თითქმის ერთნაირი სიდიდის ორ ჯგუფად არიან გაყოფილი და ერთი მათგანი იძულებულია, მეორის ნებას დაემორჩილოს. მნიშვნელობა არ აქვს, რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ დემოკრატია მათსავე მიერ არჩეული მთავრობების გამო, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მძაფრად გამოთქვამენ პროტესტს მეორეები: უმცირესობა ხომ მაინც უმცირესობად რჩება. მხსნელებად ან მონებად.

ჩვენს დროში თავს მოხვეულ საზოგადოებრივ წესრიგს ტერორისტები განასახიერებენ, კიზის ,,შავი ბიჭები”. მორჩილი ამერიკელები ისე კვდებიან, როგორც წმინდანებს შეჰფერით – შეშინებული ადამიანები, რომლებიც ისეთ სისტემაში ცხოვრობენ, საკუთარ სისუსტეს ყოველ წუთს რომ ახსენებს, შემოპარულ შიშებს მშობლიური სპეცსამსახურების გაფრთხილებებით უმყარებს, ზუსტად ისე, როგორც ჯენიფერ ნორსს დედა აშინებდა, გათხოვდი, სანამ მკერდი გაგფუჭებია, მერე არავინ შეგირთავსო.

და, რაღა თქმა უნდა, გვყავს მეამბოხეებიც, ლაღი, ომახიანი ხალხი, მაგრამ როგორც კი მათგან საფრთხე იმატებს, ამათაც ხმას ჩააწყვეტინებენ. დააპატიმრებენ ან ლობოტომიას ჩაუტარებენ, ან კიდევ ბრალს წაუყენებენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ხრწნიდნენ და სახელს სამუდამოდ გაუტეხენ.

მოდელი ასეთია და ყოველთვის ასე მუშაობს. მაგრამ არც ჩვენ გვაქვს მარტო ორი არჩევანი.

თუ გაგვიმართლა, ერთხელაც, ჩვენ, დანარჩენები, თვალს გავახელთ, დავინახავთ, რაც ხდება და მესამე ვარიანტის ძებნას დავიწყებთ. მეამბოხეობით ან მორჩილებით საზოგადოებრივი სისტემის გაძლიერებას შევეშვებით და კიზის ბელადივით უმშვენიერეს ხილვებში გავიქცევით. მომავალი არც რეაქციაა და არც გაგრძელება იმ საგიჟეთის, რომელშიც ჯერჯერობით ვართ შემომწყვდეულები.

© “არილი

Facebook Comments Box