ესე

ლექსო დორეული – პროტესტის ლიტერატურა

მხატვრული ლიტერატურა პროტესტის ერთ-ერთი უძველესი ენაა. სხვა ენებს შორის ყველაზე ჯიუტი და თავისუფალი. განსაკუთრებით ბოლო 50-60-მა წელიწადმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ თუკი პროტესტი არ ცდილობს ლიტერატურის ენაზეც იშვას და მხოლოდ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტად რჩება, დიდი საფრთხეა, რომ იგი დისკრედიტაციის, გაუცხოებისა და დავიწყების მორევში დაინთქას. ეს რომ არ მოხდეს, პროტესტი უნდა ეძებდეს მეტაფორებს, სადაც საკუთარ თავს „გამოიჭერს“, რომანის სიუჟეტებს, რომლებიც დაუმორჩილებლობის შესახებ მოგვითხრობენ და გააფართოებენ და გაახანგრძლივებენ ამბოხის დროს, პოეტურ ტექსტებს, რომლებიც პროტესტის ხმებს დამაჯერებლობას და ავთენტურობას შესძენენ.

ტყუილია, თითქოს აღარ გვაქვს უფლება, ლიტერატურას რეალობის ლეგიტიმატორის ფუნქცია დავაკისროთ. ვფიქრობთ, საკითხი ასე საერთოდ არც დგას. ლიტერატურას შეუძლია პროტესტს დაეხმაროს იმ ენის ძიებაში, რომელიც მას ყველასათვის გასაგებს და ბუნებრივს გახდის და რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის. იმისთვის, რომ გარკვეული რეალობები გადარჩეს და პროპაგანდამ ვერ გააუქმოს, მას ლიტერატურის (და ზოგადად ხელოვნების) მიერ აღიარება და ასახვა სჭირდება.

მეორე მხრივ, შეგვიძლია ვიკითხოთ: არსებობს ისეთი ლიტერატურა, რომელიც არაფერს აპროტესტებს? ალბათ, არა. ის პოეტური ტექსტებიც კი, რომლებიც მთელი გატაცებითა და ვნებით აღწერენ ქარის მიერ ცაზე გადარეკილი ღრუბლების სევდას და მსგავს მეტეოროლოგიურ მოვლენებს და რეალობის მიმართ გულგრილნი არიან,  პროტესტის არტეფაქტებს წარმოადგენენ. რას აპროტესტებენ ისინი? თუნდაც საკუთარ არსებობას.

„არილის“ 30-წლიანი ისტორია, გარკვეულწილად, ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის პროტესტის ცოცხალი ისტორიაცაა. ისტორია, რომელსაც შეწყვეტით დაემუქრნენ და, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ამით კიდევ უფრო გააბრაზეს და გააძლიერეს.

ამ ნომრისთვის დიდხანს ვემზადებოდით. გვინდოდა პროტესტის ლიტერატურის, მისი მთავარი მეტაფორებისა და სიუჟეტების, ფორმების, ესთეტიკური აკვიატებების შესახებ მოგვეთხრო. ჩვენს ავტორებს ვთხოვეთ, დაეწერათ ტექსტებზე, რომლებიც, მათთვის, ყველაზე მძაფრი და სპეციფიკური საპროტესტო მუხტისა და ენერგიის მატარებელია. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რისკენ იქნებოდა ეს პროტესტი მიმართული: რეჟიმის, ძალაუფლების, მშობლების, კონკრეტული ისტორიული მოვლენის, ღმერთის თუ საკუთარ თავისკენ. ასე შეიქმნა პროტესტის ტექსტები „არილისთვის“.

ნომრის ერთ-ერთი ავტორი, ავსტრალიელი პოეტი და აქტივისტი, ჯონ კინსელა, ინტერვიუში, რომელიც ექსკლუზიურად „არილის“ ამ ნომრისთვის ჩაიწერა, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ამბობს: „თუ წერას შევწყვეტთ, დამანგრეველ ძალებს მივცემთ საშუალებას, მთლიანად დაიმორჩილონ ენა“. მართლაც, ლიტერატურა შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს, რომ ძალაუფლებამ ენაზე კონტროლი ვერ მოიპოვოს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – ინტერპრეტაციაზე მონოპოლია ვერ გამოაცხადოს.

ენის დამორჩილების, მისგან თავისუფლების გამოდევნის პროცესი ახლა ზუსტად ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ძალაუფლება ქმნის სიტყვათა კავშირებსა და სინტაქსურ ალგორითმებს, რომლებშიც უნდა, რომ ვიცხოვროთ. კონსპირაცია, სახელად „გლობალური ომის პარტია“,  „არა ერთ, არამედ ორ ფეხზე დგომის“ იდიოტური იდიომა, რიტორიკული შეკითხვა „აბა ომი გინდათ?“ – ისინი არავის ეკუთვნის, ამ ენას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. დააკვირდით ამ ფრაზებს, რომლებსაც „სიკვდილის ნესტიანი სუნი ასდით“, ისინი თითქოს ციტატების განსაკუთრებულ სახეობას მიეკუთვნებიან – უავტორო ციტატებს. მათი მიზანია, აზროვნება, ფიქრი შეუძლებელი გახადონ, განგვაიარაღონ მისგან. ისინი აზროვნების ერთგვარი შემცვლელები არიან. სწორედ ასე ცდილობს ძალაუფლება ენა დააავადოს უბრჭყალო ციტატების ვირუსით და, საბოლოო ჯამში, ენისგან, ბოდრიარის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „ენის მანეკენიღა“ დარჩეს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელსაც ენის განკურნება შეუძლია ამ მახინჯი ციტატებისგან – უნდა გავაგრძელოთ წერა და ლიტერატურა თვითონ იზამს თავის გასაკეთებელს. სწორედ ლიტერატურა არ აძლევს საშუალებას ძალაუფლებას საბოლოოდ ჩამოაყალიბოს ეს სასაცილო, მაგრამ საშიში ენობრივი პარაზიტები, უავტორო ციტატები.

მჯერა, „არილის“ ეს ცდაც ამ ბრძოლის ნაწილია.

© არილი

Facebook Comments Box