პროზა (თარგმანი)

აღასი აივაზიანი – სახარება ავლაბრიდან

თარგმნა მედეა იმერლიშვილმა

ავლაბრიდან ჩანს ყველაფერი. მთელი ტფილისი თავისი ქუჩაბანდებით: შაითან-ბაზარი, ერევნის მოედანი, საპნის ქუჩა, ნარიყალა, წმინდა სარქისის ეკლესია, სიონი, ბერძნული ეკლესია… ავლაბრიდან ჩანს ბატონების – ხატისოვის, მელიქ აზარიანცის სახლები, თამამშევის ქარვასლა, ზუბალოვისა და ტერ-ოსიპოვას თეატრები, გოგირდის აბანოები… ჩანს მადამ სალომეს მომწვანო-მოცისფრო თვალები, მადამ სუსანას ფითქინა ფეხები, ქალბატონ მერის ამაყი მკერდი, ფუნიკულიორივით ზეაღმავალი. ავლაბრიდან ჩანს ფული, რომელსაც ნაალში მალავს წვრილმანებით მოვაჭრე მარტიროსი, ჩანს სოფიოს ჭაღარა თმა, აყლაყუდა საქოს საკერებლები… ეს რა არის – ავლაბრიდან მოჩანს კოჯორი, ბორჩალო, შავნაბადა და… პარიზი! ავლაბრიდან ჩანს ტფილისური ქორწილები და გასვენებები, სნეულებები და სიზმრები… ავლაბრიდან ჩანს ტფილისის მწუხარებები. და როცა ვინმეს სევდა შეიპყრობს, ავლაბრიდან დაინახავს სარქისოვის ღვინის სარდაფს, სადაც „დათრობა შეიძლება აბაზად“. რაც ნიშნავს, რომ ღვინო კი არ ღირს აბაზი, არამედ ერთ აბაზად ღვინოში დარდის ჩახრჩობა შეგიძლია. სვამ, რამდენსაც გინდა და იხდი მხოლოდ აბაზს. იქ იციან, რომ ბევრი გაჭირვებაა ტფილისში, და ავლაბრის ირგვლივ და ავლაბარში… აქ ადამიანები მკაცრად მისდევენ ღირსების კანონებს და არაფერს ჰპატიობენ, თუკი საქმე ღირსებას ეხება, ღირსების გამო არც საკუთარ სიცოცხლეს დაგიდევენ და არც სხვას დაინდობენ. და უყვართ ისევე გამეტებით, როგორც სძულთ და კლავენ. ხოლო თუკი სიყვარულში არ გაგიმართლებს, სარქისოვის ღვინის სარდაფში ჩახვალ.

კინტო გორელოს უკარება ოლია შეუყვარდა, ყოველ ღამე შეკრებდა ორმოც მედუდუკეს და მღეროდა საიათნოვას და ბესიკის სიმღერებს, ოღონდ კი როგორმე კუშტი მზეთუნახავის სახეზე ღიმილის ჩრდილს გადაერბინა, ოღონდ კი ერთხელ მაინც გაეხედა მისკენ თავისი სევდიანი თვალებით. ორმოცი დუდუკის ხმა, უშველებელ, საპურმარილო ბარაქიან სუფრასავით, მთელ ტფილისს სწვდებოდა. ამ ხმის ძალა ჯვრებს არწევდა ეკლესიებში, თითქოს ტირიფები ყოფილიყვნენ.

სიყვარული დაიარებოდა ავლაბარში და განა იცოდა ვინმემ, საიდან გამოძვრებოდა და საით დაიმალებოდა? ვიღაცას განუზომლად აამაღლებდა, სხვას სასაცილოდ გახდიდა, ქამანჩას აჰკიდებდა, მხარზე ბულბულს შემოუსკუპებდა და ეს ტაკიმასხარაც, დახეტიალებდა ქუჩებში და თავის ხმას მთელ ავლაბარს და, შესაბამისად, მთელ ტფილისს აგონებდა. სიყვარულის ერთ მსხვერპლს თუ პატივს მიაგებდა, მეორეს ლაფში ამოსვრიდა და სათოფეზე არ გაიკარებდა. აი, მაგალითად, ბატონი ასატურიანი, მირზა ასატურ ხანი, ერთ დროს ყველაზე პატივსაცემი კაცი ავლაბარში, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველი, თვით დიოგენეზე მოსაუბრე. თმა თეთრი ჰქონდა, ავლაბრის სისპეტაკესავით, თვალები – ცისფერი, ავლაბრის ოცნებასავით, მაღალი იყო, ყველას ზემოდან გადმოჰყურებდა, როგორც ავლაბარი – დანარჩენ ტფილისს. ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე განსწავლული, მოსიარულე ბიბლიოთეკასავით! სოლოლაკში სომხურად მოსაუბრე, ვერაზე – ქართულად, ეკლესიის ეზოში – გრაბარზე, სირაჩხანის ხელოსნებთან – აშხარაბარზე, სასახლის მოედანზე – რუსულად, მეიდანზე – სპარსულად, კიროჩნიზე – გერმანულად, ავლაბარში კი – ავლაბრულად! მაგრამ რომელ ენაზე დაელაპარაკა მას სიყვარული, ეს ყველასთვის უცნობია. ავლაბარში დარწმუნებულები იყვნენ, რომ მირზა ასატურიანმა არ იცოდა სიყვარულის ენა და ამ ენაზე არ უნდა ესაუბრა, მაგრამ დახედეთ, ამ ენაზეც ალაპარაკდა. უკეთესი კი იქნებოდა, ხმა არ ამოეღო, მთელ ავლაბარში თავი შეირცხვინა! ახლა მისით ვეღარავინ იამაყებდა. დასანანია… იყო დრო, ავლაბრელები მხოლოდ იმიტომ ატარებდნენ ქუდებს, რომ ასატურ ხანთან შეხვედრის დროს მოეხადათ, სხვანაირად თავიანთი პატივისცემა როგორ გამოეხატათ? ახლა? ერთ დროს ერთადერთი და გამორჩეული მთელ ავლაბარში, რიგით ბედშავად გადაიქცა. რაღა უნდა გეკითხა მისთვის, როცა თავად დასჭირვებოდა სხვების რჩევა? ეჰ, ბატონო ასატურ, ძევ ჯულფელი მირზა ასატურ ხანისა, ავლაბრის ძირძველ და პატივსაცემ ოჯახში რომ დაიბადე, წმინდა წყლის ავლაბრელმა, ჩვენმა ჭკუამ და სინდისმა, სასწავლებლად გერმანიაც რომ შემოიარე, წმინდანივით მცხოვრებმა ღვთის სიტყვა ეჩმიაძინში რომ შეისწავლე, ვენეციაში კი ფილოსოფიას და ადამიანური ტანჯვის ისტორიას დაეუფლე… განა დავუშვებდით ჩვენი სიყვარულისა და სიამაყის ფეხქვეშ გათელვას?.. მამაშენი, მირზა-ხან უფროსი რომ მიიცვალა, მთელმა ავლაბარმა დაიტირა, მისი კუბო ხელით ატარეს ყარაჩოხელებმა, არტისტებმა და მასწავლებლებმა, კინტოებს ფესვიანად ამოეთხარათ ყვავილები მცხეთის ბაღებიდან და კუბოს წინ გაეშალათ, უკან თავად გაბრიელ-აღა სუნდუკიანი მიჰყვებოდათ, შლიაპაც კი მოეხადა. გაატარეს მთელი ავლაბარი, რამდენჯერმე მოატარეს მთელი ტფილისი და მერე უკან, ავლაბარზე დააბრუნეს და დიდებულ ხოჯივანქზე მიაბარეს მიწას. შენ კი, რა ქენი, ასატურ ხან, ჩვენო შვილო და მამავ, ჩვენო აკადემიავ? ნუთუ მეცნიერება და ენების ხელოვნება საკმარისი არ იყო იმის გასაგებად, რომ სიყვარული საშენო საქმე არ იყო? შენ, შენი სპეტაკი თმით, ღვთის კაცი, მამა ავლაბრისა. და მერე ვინ შეიყვარე? შესაფერისი ყლორტი მაინც მოგეტეხა, აი, მაგალითად, ქალბატონი ფარანძემი, ქალი ასაკოვანი, მაგრამ ვიღაც ქარაფშუტა ამოარჩიე. არავინ იცის, საიდან გამოტყვრა, მთელ ავლაბარს მიაფურთხა, შენთან კატასავით შემოიპარა და იქიდან კი დაორსულებული გამოვიდა. აბა, ეს რას ჰგავს?.. ამბობენ, ამ ამბავში მკითხავი ვარო იყო ჩარეული, რომელსაც ასატურის შერცხვენა განეზრახა. მისი დიდება მოსვენებას არ აძლევდა. ეხუმრები? ვაროს თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტის სიკვდილის თარიღი, ტფილისსა და ავლაბარში, ნიკოლოზ მეორის მობრძანება ეწინასწარმეტყველა. კედელზე გაეკრა ხელმწიფის ფოტო ავლაბრის ფონზე და ამგვარად ერთ ფოტოზე ხელმწიფე და ავლაბრის ხედი გაეერთიანებინა. ეს როგორ მოახერხა, არავინ იცის და არც არავის უკითხავს. ვაროს ეს არ გაუჭირდებოდა. მაგრამ თუკი ვინმე იკითხავდა, როგორ მოხდა, რომ ავლაბარში მეფე სხვას არავის დაუნახავს, ნერვიული სიცილით განუმარტავდა: „ღამით მობრძანდა, თქვე ქარაფშუტებო, თქვენი ხმამაღალი შეძახილები რომ არ გაეგონა“.

ასატურ ხანს კი, თავისი გერმანულით, თავისი ცისფერი თვალებით, უნდა, რომ ვაროს გზა გადაუჭრას. „დიახაც, ჩემი ნამოქმედარია, დაადასტურა ვარომ, – მე გავთვალე, მინდოდა მისთვის ქედმაღლობა მომეშლევინებინა და მოვაშლევინე კიდეც“. ავლაბრელებმა არ იცოდნენ, ერწმუნათ თუ არა ვაროს ნათქვამი, მაგრამ უბრძანეს, ასატურისთვის ჭკუა-გონება დაებრუნებინა.

დიდხანს იყვნენ გამწყრალები ბატონ ასატურზე, თავზე ქუდს აღარ იხურავდნენ, რომ შეხვედრისას არ მოეხადათ, გაურბოდნენ მის სახლთან გავლას, ბაზარში, მისი დანახვისას საქონელს აძვირებდნენ… მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ცალი თვალი მაინც მუდამ თავიანთი ყოფილი რჩეულისკენ ჰქონდათ მიმართული და დანანებით ოხრავდნენ. მათ თვალწინ მოევლინა ქვეყანას ცეცილიას ქალიშვილი, პატარა ვარდო – ვარდუშა, ვარდიკო… ნამდვილი ავლაბრელი, მისი პირმშო. ხედავდნენ, როგორ გაახალგაზრდავდა და კიდევ უფრო დამშვენდა ასატურ ხანი, ხედავდნენ მას წირვის დროს, ლოცვის შარავანდედში და თვალები ცრემლებით ევსებოდათ.

კვირაობით, პატარა ვარდოსთან ერთად ავლაბარში მოსეირნე ასატურს რომ მოკრავდნენ თვალს, ისეთი გრძნობა ეუფლებოდათ, რომ ეს თავად ქრისტე იყო, თავის შვილთან ერთად. ავლაბარში ახალი სახარება იწერებოდა.

მაინც რამდენ ხანს უნდა გაბუტვოდა? და ავლაბარიც გატყდა. როგორ ვერ უნდა გაეგო სიყვარული თავად მის პირმშოსა და ნაყოფს? დაე, დაე… რას იზამ, თუ ცეცილია მთლად მოსაწონი არ არის, თუ ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოც კია…

და ისევ დაიწყეს ქუდის ხდა მასთან შეხვედრისას, ისევ უღიმოდნენ და, რაც მთავარია, მოწიწებით ეკიდებოდნენ მის სიყვარულს და ოჯახის ღირსებას. ასეთია ავლაბარი – ერთდროულად გულგახსნილი და ეჭვიანი. ასატურ ხანის ოჯახი მისი ოჯახია და თუ გული გადაუხსნა, მისთვის სიცოცხლეს აღარ დაიშურებს. და ახარებდა ავლაბარს ასატურ ხანისა და პატარა ვარდოს დანახვა და უკვირდა, ადრე როგორ ვერ ამჩნევდა ამ სილამაზეს… ასეთი სიყვარულიც ხომ შეუძლია ავლაბარს… ყოველ კვირას კინტოებს პატარა ვარდოსთვის თაბახით შავი და თეთრი თუთა მოჰქონდათ, თეატრის მსახიობები კი ყვავილებს ჩუქნიდნენ. ავლაბრელებისთვის ძვირფასი იყო ასატურის ღირსება, ტიკინა ცეცილიასაც კი პატივისცემით ესალმებოდნენ. ღმერთმა არ ქნას, ვინმეს მისთვის ცერად შეეხედა. ავლაბარი ამაყი და ეჭვიანი კი იყო, მაგრამ ბავშვის გული ჰქონდა. ერთხელ პირდაპირ თეატრის სცენიდან ჩამოათრიეს იაგო და მეტეხის კლდიდან მტკვარში მოისროლეს, მერე კი, ასეთივე გატაცებით ცდილობდნენ ამ როლის შემსრულებელი მსახიობის, სეხბოსიანის გადარჩენას. „რას აკეთებთ, თქვე გადარეულებო?“, – ატირდა მოსულიერებული სეხბოსიანი. „ნუთუ გაუგებარია? – გაუკვირდა ავლაბარს – იაგო დავახრჩვეთ, მსახიობი კი გადავარჩინეთ“. დაფიქრდა სეხბოსიანი და დაეთანხმა. ბრძენი ავლაბარი, უგუნური ავლაბარი!..

და სწორედ ის ავლაბარი, რომელიც გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს, ვინმეს ტიკინა ცეცილიასთვის აგდებული თვალით არ შეეხედა და საამისოდ მცველებიც მიეჩინა – ხან გოჩ გევო,  ხანაც შავო, – ამ ავლაბარმა ერთხელაც დაინახა და შეიცხადა: „ნეტა კი მოვკვდებოდე, ეს რა ხდებაო?!“, – ცეცილია ავლაბრიდან გამოსულიყო და გოლოვინის პროსპექტს მიუყვებოდა, მუშთაიდის ბაღებისკენ ან, სულაც, ნაძალადევისკენ მიეშურებოდა! იქ რა ესაქმებოდა? მართალია, ავლაბარი თბილისის ნაწილი კი იყო, მაგრამ იქ არაფერი ესაქმებოდა. რა აკლდა? ბაზარი? იქვე იყო. ეკლესია? ისიც. თეატრი? მობრძანდით, ბატონო.

ბევრი იფიქრა ავლაბარმა ამ ქვეყნის უსამართლობაზე, დაღონდა, ჩაფიქრდა, ცოტა ხანს სარქისოვის სარდაფში ჩამოჯდა და დაასკვნა, რომ ცეცილიას ავლაბარში აღარ დაედგომებოდა და გზა ხსნილი ჰქონდა, საითაც უნდოდა, იქით წაბრძანებულიყო. ავლაბარმა ბრალი წაუყენა, კედელთან მიაყენა. ოღონდ ეს მათი სათაყვანებელი ასატურ ხანის სახელის შეუბღალავად უნდა მომხდარიყო. ის არ უნდა გამტყდარიყო, იმიტომ რომ ცნობილი იყო, თუკი ადამიანი ერთხელ მაინც გატყდებოდა, თავის სინდისს და ღირსებას გადააბიჯებდა, უსათუოდ დაიღუპებოდა. ჯერ ერთს აპატიებდა, მეორე მეორეს, ნებას დართავდა, მოეტყუებინათ, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მერე კი თვითონაც მოიტყუებოდა… და მისი ღვთიური არსიც გაქრებოდა. ასატურ ხანიც, შესაძლოა, დაცემულიყო, თავისი ციური სახე დაეკარგა და, ღმერთმა დაიფაროს, იალა სტეპკას დამსგავსებოდა… ქვეყანა ხომ დაიღუპებოდა… არც ისე ადვილია ღვთის ხატისა და გულმართალი, წესიერი, სამართლიანი კაცის შექმნა, რომ დასაკარგად გემეტებოდეს.

სიცრუე ასატურ ხანს არ უნდა გაჰკარებოდა, ჩვენ თუ გავიგეთ, ასატურ ხანსაც უსათუოდ უნდა შეეტყო, რომ ავლაბრის ყბაში არ ჩავარდნილიყო. მისი სიმართლეც ფასს დაკარგავდა და ტყუილზე უარესი შეიქნებოდა…

და დაელაპარაკა ავლაბარი ცეცილიას, მასაც, სხვა რა გზა ჰქონდა, დანებდა, შეჰპირდა, რომ რასაც უბრძანებდნენ, შეასრულებდა. მაგრამ ეგეც კაი ოხერი იყო, როცა ასატურ ხანს ავლაბრელების თანდასწრებით თავის თავგადასავლებში გამოუტყდა, დასძინა – მიიღეთ, რაც გინდოდათო და როცა იფიქრეს, ყველაფერი დასრულდაო, შეკრებილებს თვალი მოატარა და მერე, თითქოს ირგვლივ რაღაც აფეთქდაო, მისი ნათქვამი შემოესმათ – არც ბავშვია შენიო. გაოგნდნენ ავლაბრელები: „ოხ!“ – აღმოხდათ და ეს ამოძახილი მთელ ავლაბარს ღრუბელივით ჩამოეფარა. ავლაბარი ხომ ყველას ხელისგულზე უდევს – გოლოვინის პროსპექტი იქნება, ვერა, ნარიყალა თუ, ეშმაკსაც წაუღია, ნაძალადევი, და ამ საყოველთაო „ოხ“-ის გაგონებაზე ყველამ ზემოთ აიხედა – იფიქრეს, ახლა დაიქუხებდა, დელგმა მოვარდებოდა და შებილწულ, სინდისგარეცხილ ავლაბარს მიწასთან გაასწორებდა. „ჩვენი თვალისჩინი, ქრისტესმიერი ვარდო ბაზრის გოგოდ, აღებ-მიცემის საგნად გვექცა“.

ასატურ ხანი დაამწუხრა ცეცილიას სიტყვებმა, მაგრამ მერე წყნარად წარმოთქვა: „ვარდო ჩემი შვილია“.

ავლაბრელებმა კიდევ ერთხელ შეჰყვირეს გაოცებისაგან: „უჰ!“

„ეს როგორ, ასატურ, აკი, თავადა სთქვა?“

„მან არ იცის“, – უპასუხა ასატურმა. მისი ნათელ მზერა სიმართლეს ასხივებდა.

„როგორ თუ არ ვიცი?“ – გაანჩხლდა ცეცილია.

„არ იცი“, – გაიმეორა ასატურ ხანმა და ცეცილია დაიბნა, ჯერ გადაიხარხარა, მერე ავლაბრელებს უნდოდ გადახედა და უმწეობისგან ატირდა.

„კარგად დაფიქრდი, ასატურ ხან, – თავი გამოიდო სინდისის მკაცრმა მცველმა დავითმა – რადგან თავად ამბობს, მანდ რაღაც ამბავია“.

„არაფერიც არ არის“, – გაიღიმა ასატურმა და დავითიც გაჩუმდა.

ასატურ ხანს სჯეროდა, და ყველა მიხვდა, რომ მან იცოდა ის, რაც არ იცოდა ბებიაქალმა და ეს ცოდნა სცდებოდა ადამიანის სხეულის მარტივი კანონების ცოდნას. „ნუ ტირი“, დაუყვავა ასატურ ხანმა ცეცილიას და მანაც დაუჯერა. შეხედეს ავლაბრელებმა ვარდოს და მიხვდნენ, რომ ის მართლაც ასატურის შვილი იყო, კარგი გოგო, სასწაული პატარა გოგო. და დაინახეს სიყვარულის ძალა, რომლითაც ასატურს ეს გოგო უყვარდა და მის სიმართლეში ეჭვი ვეღარ შეიტანეს. სიყვარული ყველაფერს ხსნიდა. ასატურ ხანს უყვარდა ვარდო, ვარდოს უყვარდა ასატურ ხანი და მათი სიყვარული ანათებდა, გინდაც თვალს მოფარვოდნენ ერთმანეთს. თუ ასატურ ხანი ავლაბრის ერთ ბოლოში აღმოჩნდებოდა, ვარდო კი – მეორეში, ეს შუქი მთელ ავლაბარს ანათებდა.

© არილი

Facebook Comments Box