ესე (თარგმანი)

მილან კუნდერა – პარიზი თუ პრაღა?

ინგლისურიდან თარგმნა დათა ხარაიშვილმა

1968 წლის სექტემბერში რამდენიმე დღით დასავლეთს ვესტუმრე. თვალწინ ჯერ კიდევ მედგა პრაღის ქუჩებში ჩამწკრივებული რუსული ტანკები, როცა ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც სხვა მხრივ არაფერი დაეწუნებოდა, დაუფარავი ზიზღით მკითხა: „ბოლოს და ბოლოს რა გსურთ ჩეხებს? უკვე მოგბეზრდათ სოციალიზმი? ნუთუ ჩვენი სამომხმარებლო საზოგადოება გირჩევნიათ?“

დღეს, 16 წლის შემდეგ, დასავლელი მემარცხენეები თითქმის ერთსულოვნად უხრიან ქედს პრაღის გაზაფხულს. თუმცა ვეჭვობ, ძველი გაუგებრობა ბოლომდე აღმოფხვრილიყო. 

დასავლელი ინტელექტუალები მათთვის დამახასიათებელი ეგოცენტრიზმით ხშირად ინტერესდებიან საერთაშორისო მოვლენებით – ოღონდ იმისთვის კი არა, რომ შეისწავლონ, არამედ თავიანთ თეორიულ სპეკულაციებში რომ გამოიყენონ – თითქოს საკუთარ ინდივიდუალურ მოზაიკას კიდევ ერთ ქვას მატებენო. ამგვარად, ალქსანდრ დუბჩეკს ზოგჯერ ალიენდეს ან ტროცკის უთანაბრებენ, სხვა შემთხვევებში – ლუმუმბასა და ჩე გევარას მოკავშირედ მიიჩნევენ. პრაღის გაზაფხული აღიარეს, იარლიყიც მიაწებეს – თუმცა ის დღემდე არ შეუსწავლიათ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრაღის გაზაფხული სულაც არ ყოფილა უეცარი რევოლუციური აფეთქება, რომელმაც სტალინიზმის ბნელ ეპოქას მოუღო ბოლო. მას გზა 1960-იან წლებში განვითარებულმა ლიბერალიზაციის ხანგრძლივმა და ინტენსიურმა პროცესმა გაუკვალა. შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო ადრე, 1956 ან სულაც 1948 წელს, ჩეხოსლოვაკიაში სტალინური რეჟიმის დამყარებისთანავე დაიწყო – იმ კრიტიკული სულისკვეთებით, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებდა რეჟიმის დოგმებს – მარქსიზმს მარქსს უპირისპირებდა, იდეოლოგიურ ინტოქსიკაციას – საღ აზრს, არაადამიანურ სოფისტიკას- ჰუმანისტურ სოფიზმს; სისტემას მასზე სიცილ-ხარხარით მიტანილი იერიშით არცხვენდა: კრიტიკული სულისკვეთება, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განემსჭვალა, ხელისუფლებას საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებას აიძულებდა და ნელ-ნელა და მტკიცედ აცლიდა როგორც საკუთარი თავის რწმენას, ისე ლეგიტიმაციას.

პრაღაში ოდესღაც ვხუმრობდით, რომ იდეალური პოლიტიკური რეჟიმი მომაკვდავი დიქტატურაა, რომელშიც ჩაგვრა სულ უფრო და უფრო არაეფექტური ხდება და რომ მისი მქრქალი არსებობა ეროვნულ სულისკვეთებას მაქსიმალური შემოქმედებითი დაძაბულობით ინარჩუნებს. სწორედ ასეთი იყო 1960-იანი წლები – მომაკვდავი დიქტატურა. ახლა, როცა წარსულს გავცქერი, ვხედავ, რომ მუდამ უკმაყოფილონი, მუდამ საპროტესტოდ შემართულნი, თუმცა ოპტიმიზმითა და იმედით სავსენი ვიყავით. გვჯეროდა, რომ ერის კულტურული ტრადიციები (მისი სკეპტიციზმი, რეალობის მისეული შეგრძნება, მისი ღრმად ფესვგადგმული უნდობლობა) უფრო მტკიცე იყო, ვიდრე უცხოეთიდან იმპორტირებული აღმოსავლური პოლიტიკური სისტემა და რომ მას აუცილებლად დავამარცხებდით. ჩვენ სკეპტიციზმიდან აღმოცენებული ოპტიმისტები ვიყავით, გვწამდა მისი გამანადგურებელი ძალისა და გარდაუვალი გამარჯვების.

1967 წლის ზაფხულში, მწერალთა მღელვარე ყრილობის შემდეგ, რეჟიმის მესვეურებმა მიიჩნიეს, რომ დიქტატურის რღვევის პროცესი უკვე მეტისმეტად შორს წასულიყო და მკაცრი პოლიტიკის გატარება სცადეს. თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. წყალი უკვე დანაშაულის შეგრძნებით შეპყრობილ ცენტრალურ კომიტეტსაც შესდგომოდა: მან უარი თქვა ზომების გამკაცრებაზე და თავმჯდომარედ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, დუბჩეკი აირჩია. დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით პრაღის გაზაფხული უწოდეს. კოროზიის რეჟიმში მყოფი კრიტიკული სულისკვეთება უმალ აფეთქდა: ჩეხოსლოვაკიამ უარყო რუსეთისგან გადმოღებული ცხოვრების წესი, ცენზურა გაქრა, საზღვრები გაიხსნა, სოციალურმა ორგანიზაციებმა (პროფკავშირები და სხვა ასოციაციები), რომლებიც პარტიულ დღის წესრიგს მორჩილად ახვევდნენ თავს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობა მოიპოვეს და მოულოდნელი დემოკრატიის მოულოდნელ ინსტრუმენტებად იქცნენ.

ასე და ამგვარად იშვა (წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე) ჭეშმარიტად უპრეცედენტო სისტემა – 100%-ით ნაციონალიზებული ეკონომიკით; კოოპერატივების მიერ მართული სოფლის მეურნეობით; შედარებით თანასწორუფლებიანი, კლასობრივი, თუმცა მერკანტილური ჭკუასუსტობისაგან თავისუფალი საზოგადოებით – მდიდრებისა და ღარიბების გარეშე; თუმცა გამოხატვის თავისუფლებით, პლურალისტური მიდგომითა და დინამიკური კულტურული ცხოვრებით – მთელ ამ მოძრაობის ძალას რომ წარმოადგენდა. (კულტურის ეს განსაკუთრებული გავლენა ლიტერატურაზე, თეატრსა და პერიოდულ პრესაზე სამოციანებს უსაშველო მომხიბვლელობასა და განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.) არ ვიცი, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იყო ეს სისტემა და როგორი იყო მისი სამომავლო პერსპექტივა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო დროის ხანმოკლე პერიოდი, როცა ცხოვრება ჭეშმარიტ სიხარულს გვგვრიდა.

ვინაიდან თანამედროვე დასავლურმა მემარცხენეობამ მიზნად თავისუფლებისა და სოციალიზმის შერწყმა დაისახა, ბუნებრივია, პრაღის გაზაფხული მათ პოლიტიკურ დისკურსშიც ამოტივტივდა. ვამჩნევ, რომ სულ უფრო ხშირად ადარებენ ერთმანეთს პრაღის გაზაფხულსა და 1968 წლის მაისში პარიზში მიმდინარე მოვლენებს, თითქოს ისინი ერთმანეთის მსგავსნი ან ერთი მიმართულებით მავალი პოლიტიკური პროცესები ყოფილიყო.

თუმცა საქმე ასე მარტივად როდია. ამ ორ მოვლენას შორის არსებულ აშკარა განსხვავებებზე არ ვისაუბრებ (პრაღაში აბსოლუტურად ორიგინალურმა პოლიტიკურმა სისტემამ 8 თვე გასტანა, აგვისტოში მისი ნგრევა კი ჩვენი ერის ისტორიაში ტრაგიკული შემობრუნება იყო), არც „პოლიტოლოგიურ“ მსჯელობაში გადავეშვები, რაც მოსაწყენი და მეტიც, ამაზრზენია, რადგან ცხოვრების 20 წელი იმ ქვეყანაში გავლიე, რომლის ოფიციალურ დოქტრინასაც ნებისმიერი ადამიანური პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გამოწვევამდე დაჰყავდა (ადამიანის გაუბრალოების ეს დოქტრინული ვნება გახლავთ ის ბოროტება, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ „იქიდან მოსულებს“ სძაგთ). აქ იმ რამდენიმე ასპექტს მიმოვიხილავ (მათი ჰიპოთეზური ბუნების შეუნიღბავად), რომლებიც სოციალურ პროტესტსა და ცვლილებების სურვილში არსებული მსგავსების მიუხედავად, ამ ორი გაზაფხულის კლიმატში მნიშვნელოვან განსხვავებას წარმოადგენდა.

68 წლის მაისი ახალგაზრდობის ამბოხი იყო. პრაღის გაზაფხულის მთავარი ინიციატორები ის ზრდასრულები იყვნენ, რომელთა ქმედებებიც ისტორიული გამოცდილებიდან და იმედგაცრუებიდან მომდინარეობდა. ცხადია, ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პრაღის გაზაფხულში, თუმცა მათ დომინანტური როლი არ ჰქონიათ. საწინააღმდეგოს მტკიცება იმ მითით გატაცებას ჰგავს, რომელიც პრაღის გაზაფხულს a posteriori მსოფლიოში ეპიდემიასავით მოდებულ სტუდენტურ პროტესტებს მიაკუთვნებს.

პარიზული მაისი რევოლუციური ლირიზმის აფეთქება იყო, პრაღის გაზაფხული კი – პოსტ-რევოლუციური სკეპტიციზმის. სწორედ ამიტომ უმზერდნენ პარიზელი სტუდენტები პრაღას უნდობლობით (უფრო ზუსტად კი – გულგრილად), პრაღელებს პარიზული ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს ჰგვრიდა, მას დისკრედიტებულად, კომიკურად და საფრთხის შემცველადაც კი მიიჩნევდნენ. (უნდა აღინიშნოს ერთი პარადოქსი: სოციალიზმის ერთადერთი წარმატებული – ეფემერული – განხორციელება თავისუფალ გარემოში არა რევოლუციური ენთუზიაზმით, არამედ სკეპტიკური სიცხადით გახდა შესაძლებელი).

მაისი პარიზში რადიკალური იყო. პრაღის გაზაფხულს კი გზა ზომიერების სახალხო ამბოხმა გაუკვალა. როგორც შკვორეცკის რომანში – „სასწაული ბოჰემიაში“ – ცვლის ივანა მრისხანე „მარქსის მიუღებელ ციტატებს ნაკლებად მიუღებელი ციტატებით“, 1968 წელს ყველა ცდილობდა, შეემსუბუქებინა და შეერბილებინა არსებული პოლიტიკური სიმძიმე. „ზომიერებაში“ რაიმე ზუსტ პოლიტიკურ ცნებას კი არა, ღრმად ფესვგადგმულ ადამიანურ რეფლექსს ვგულისხმობ. არსებობდა ეროვნული მიუღებლობა რადიკალიზმის, როგორც ასეთის, მიმართ, რადგან მრავალი ჩეხის ქვეცნობიერში ის ყველაზე უარეს მოგონებებს უკავშირდებოდა.

პარიზი 68 წლის მაისში დაუპირისპირდა იმას, რასაც ევროპულ კულტურასა და მის ტრადიციულ ღირებულებებს ვუწოდებთ. პრაღის გაზაფხული ევროპული კულტურული ტრადიციის, ხელისუფლების მიერ უარყოფილი ქრისტიანობისა და თანამედროვე ხელოვნების ვნებიანი დაცვის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი მცდელობა იყო. ჩვენ ვიბრძოდით, რათა ეღიარებინათ ჩვენი უფლებები იმ ტრადიციის მიმართ, რომელსაც რუსული ტოტალიტარიზმის ანტიდასავლური მექანიზმი ემუქრებოდა.

მაისი პარიზში მემარცხენეების ამბოხი იყო. რაც შეეხება პრაღის გაზაფხულს, „მემარჯვენეობა“ და „მემარცხენეობა“, როგორც ტრადიციული ცნებები, მის ასახსნელად არ გამოდგება. მემარცხენედ და მემარჯვენედ დაყოფას დასავლეთ ევროპის ხალხების ცხოვრებაში ჯერ კიდევ აქვს რეალური მნიშვნელობა, თუმცა მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე ის აღარავის აინტერესებს. ტოტალიტარიზმი მემარცხენეა თუ მემარჯვენე? პროგრესული თუ რეაქციული? ეს კითხვები უშინაარსოა. რუსული ტოტალიტარიზმი, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული კულტურაა და, შესაბამისად, განსხვავებული პოლიტიკური კულტურა, რომელშიც მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის არსებული ევროპული განსხვავება ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. ხრუშჩოვი უფრო მემარცხენე იყო თუ მემარჯვენე, ვიდრე სტალინი? ჩეხეთის მოქალაქისთვის დღეს მთავარი გამოწვევა მემარცხენე და არც მემარჯვენე ტერორი კი არა, არამედ მისთვის სრულიად უცხო ტოტალიტარული კულტურაა. თუ ზოგიერთი ჩვენგანი თავს უფრო მემარჯვენედ ან მემარცხენედ მიიჩნევს, მათ შორის არსებულ განსხვავებათა განხილვა მხოლოდ დასავლური პრობლემების გათვალისწინებითაა შესაძლებელი და არა ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების კონტექსტში.

სწორედ ამ ყოველივემ შექმნა ის სულიერი ატმოსფერო, რომელიც ასე ძალიან განსხვავდება ელბას მიღმა მცხოვრებ ხალხთათვის ნაცნობი გარემოსაგან, და რომელიც ყველაზე ზუსტად სწორედ იოზეფ შკვორეცკიმ აღწერა.

ლიტერატურაში მისი პირველი ნაბიჯი გახლდათ უჩვეულოდ სრულქმნილი რომანი – „მშიშრები“, რომელიც ომის შემდეგ 24 წლისამ დაწერა. თაროზე მრავალი წლის განმავლობაში შემოდებული ხელნაწერი მხოლოდ და მხოლოდ 1956 წელს, ხანმოკლე დათბობისას გამოიცა და მწერალი მაშინვე აქცია ძალადობრივი იდეოლოგიური კამპანიის სამიზნედ. პრესაში და საჯარო შეხვედრებზე შკვორეცკის საშინელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ (მათ შორის ყველაზე ცნობილია „ქეციანი კნუტი“), მისი წიგნების გაყიდვა კი აკრძალეს. მწერალს 60-იან წლებამდე, კერძოდ კი ახალ დათბობამდე უნდა მოეცადა, სანამ მისი რომანი ხელახლა დაიბეჭდებოდა 100 000-იანი ტირაჟით და არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის ომისშემდგომი ლიტერატურული თაობის ბესტსელერად, არამედ თავისუფალი და დამოუკიდებელი ლიტერატურის სიმბოლოდაც იქცეოდა.

მაგრამ, მაინც რამ გამოიწვია სკანდალი? რომანი „მშიშრები“ არ გმობს სტალინიზმსა და გულაგს და არ შეესაბამება იმას, რასაც დასავლეთში დისიდენტურ ლიტერატურას უწოდებენ. იგი მოგვითხრობს ძალიან უბრალო ამბავს ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეზე, სამოყვარულო ჯაზ-ბენდში რომ უკრავს და წარუმატებლად ცდილობს საპირისპირო სქესის თანაკლასელების ყურადღების მიპყრობას. მოქმედება ომის უკანასკნელ დღეებში ვითარდება: ახალგაზრდა გმირი თვალს ადევნებს განთავისუფლების სპექტაკლს, რომელსაც თან სდევს მთელი თავისი დამამცირებელი ამაოება. სწორედ ეს აღმოჩნდა ნაწარმოების მიუღებელი ასპექტი: ანტიიდეოლოგიური დისკურსი, რომელიც წმინდა თემებს (გათავისუფლება ახლა ევროპის მუზეუმების ოქრო-ვერცხლით მოვარაყებულ ვიტრინებში ინახება) შესაბამისი სერიოზულობისა და პატივისცემის გარეშე ეხება.

შკვორეცკის პირველი წიგნი დეტალურად მიმოვიხილე, რადგან მან კანადაში „სასწაულის“ დაწერამდე ჯერ კიდევ 25 წლით ადრე ჩამოაყალიბა თავისი განსაკუთრებული ხედვა: ორივე ნაწარმოებში იგრძნობა მწერლის უნიკალური მიდგომა: განიხილოს ისტორია არატრადიციული კუთხით. თავისებური ნაივური, პლებეური ხედვით. მისი იუმორი უხამსია და ამით იაროსლავ ჰაშეკის ტრადიციას მიჰყვება. შკვორეცკი თხრობის განსაკუთრებულ ნიჭს ავლენს, ხშირად იყენებს ანეკდოტებს. აკრიტიკებს იდეოლოგიებსა და ისტორიულ მითებს. თვალში მოდერნისტული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი სინატიფის ნაკლებობაც მოგხვდებათ; მიუხედავად მისი ღრმა ლიტერატურული დახვეწილობისა, შკვორეცკის სტილი პირდაპირი და ზოგჯერ მიზანმიმართულად პროვოკაციულია. დაბოლოს, მის შემოქმედებაში ანტირევოლუციური განწყობილებაც შეინიშნება.

თავიდანვე ცხადად ვიტყვი, რომ შკვორეცკი არ გახლავთ რეაქციონერი, ის სულაც არ მოითხოვდა ნაციონალიზებული ქარხნების მეპატრონეებისთვის გადაცემას ან ფერმერთა კოოპერატივების დაშლას. თუკი ანტი-რევოლუციურ სულისკვეთებას მასთან მიმართებით განვიხილავ, უნდა ითქვას, რომ მისი ნაწარმოებები წარმოადგენს რევოლუციურ სულში არსებული მითების, მისი ესქატოლოგიისა და „ან ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომის კრიტიკას. ეს კრიტიკა არ გამოიხატება რაიმე კონკრეტული რევოლუციური ან პოლიტიკური მოთხოვნით, მას აღელვებს რევოლუციური მიმართება, როგორც ადამიანის სამყაროში არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა.

დასავლელი მკითხველი გაოცებას ვერ დამალავს. რას უნდა ელოდნენ იმ ჩეხი მწერლისგან, რომელიც სამშობლოდან 1968 წელს საბჭოთა ჯარების შეჭრის შემდეგ გადაიხვეწა? ბუნებრივია, თავისი ნაწარმოებებით პრაღის გაზაფხულის გამოსარჩლებას. სწორედ იმიტომ, რომ შკვორეცკი თავისი ქვეყნის შვილი და პრაღის გაზაფხულის სულისკვეთების ერთგულია, ის პრაღის გაზაფხულზე ურყევი ირონიით წერს. უპირველეს ყოვლისა, თვალში გეცემათ იმ რევოლუციური ილუზიებისა და ჟესტების კრიტიკა, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩნდებოდა პრაღის გაზაფხულის სცენაზე.

შკვორეცკის შეხედულებამ პრაღის გაზაფხულზე სამშობლოში ცხარე კამათი გამოიწვია. ბოჰემიაში მისი რომანი არა მხოლოდ აიკრძალა (ისევე, როგორც მწერლის სხვა ნაწარმოებები), არამედ მას რეჟიმის მოწინააღმდეგეთა შორისაც გამოუჩნდა კრიტიკოსები. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ირონიით მისდგომოდნენ იმ ტრაგიკულ და რთულ ხვედრს, რომელიც ერგოთ. რომანზე საკუთარი აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით: უნდა გვახსოვდეს, რომ შკვორეცკის ეს ნაწარმოები საუკეთესო რეალისტური ტრადიციებიდან ამოზრდილი მდიდარი გამოცდილების ნაყოფია.

ყველაფერს, რასაც რომანში ამოიკითხავთ, ჭეშმარიტების დაღი აზის. მასში უაღრესი სიზუსტითაა აღწერილი რეალური ადამიანები და მოვლენები. რეალურია პოლიციის მიერ დადგმული „სასწაულის“ მთავარი სიუჟეტური ხაზი, თაღლითობისთვის მღვდლის უსამართლო დაპატიმრება და სასტიკი ანტირელიგიური კამპანია. ავტორმა მხოლოდ ერთადერთი რამ შეცვალა – რეალურ სოფელ ჩიხოსტს სახელი შეუცვალა და პისეჩნიცე დაარქვა. ივანა მრისხანე, სკოლის დირექტორი, რომელიც მარქსის ყველაზე ნაკლებად უარყოფით ციტატებს მიმართავს ხოლმე, „ზომიერების ჭეშმარიტი გმირია“: ცხოვრებაში ბევრ მისნაირს შევხვედრივარ. იგი მოთმინებით, უხმაუროდ ებრძვის ერთი სახის რადიკალიზმს, მაგრამ, საბოლოოდ, თავადვე ხდება სხვაგვარი რადიკალიზმის მსხვერპლი (სხვათა შორის, ვეჭვობ, რომელიმე კომუნისტმა მწერალმა ოდესმე შეძლოს იმაზე უფრო გულისამაჩუყებელი კომუნისტის გამოძერწვა, ვიდრე ამ წიგნში გვთავაზობს შკვორეცკი – თავად ურყევი არაკომუნისტი). პოეტი ვრჰკოლაბი, დრამატურგი ჰეილი, ჭადრაკის ოსტატი ბუკავეცი – რეალური, ცოცხალი ადამიანების პროტოტიპებია. არ ვიცი, რეალურია თუ არა რუსი მწერალი, არახიდოვი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ის უფრო რეალური მეჩვენება, ვიდრე თავად რეალობა. და თუ იფიქრებთ, რომ შკვორეცკი მეტისმეტად აზვიადებს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რეალობა უფრო გაზვიადებული იყო, ვიდრე შკვორეცკი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს გმირი ენით აღუწერელ ბოროტებას განასახიერებს, რომანის გმირი შმირიცკიც კი (ავტორის სტილიზებული პროტოტიპი), რომელიც მშვიდად წერს ლენინის იუბილესადმი მიძღვნილ ტექსტს ისე, რომ თავისივე დაწერილი არც ერთი სიტყვის არ სჯერა, არ განასახიერებს ჭეშმარიტებას და არაფრით არ წარმოგვიდგება დადებით გმირად. შკვორეცკი არაერთხელ იყენებს ირონიას, რომელიც რომანს ბოლომდე გასდევს. ეს წიგნი დღემდე რჩება ერთადერთ ნაწარმოებად, რომელიც პრაღის გაზაფხულის დაუჯერებელ ამბავს აღწერს და რომელიც გაჯერებულია იმ სკეპტიკური წინააღმდეგობით – თავისი ყველაზე ავთენტური ფორმით – რომელიც უმთავრეს კოზირს წარმოადგენს ჩეხების ხელში.

1969 წლის იანვარში იან პალახმა საჯაროდ დაიწვა თავი, რათა სამშობლოში მიმდინარე მოვლენები გაეპროტესტებინა (მგონია, რომ მისი სასოწარკვეთილი ქმედება ისეთივე უცხოა ჩეხეთის ისტორიისთვის, როგორც ჰორიზონტზე გამოჩენილი რუსული ტანკების მკრთალი გამოსახულება), რითაც ისტორიის გარკვეული მონაკვეთი დაასრულა. დღესაც შეგვიძლია ზომიერების აჯანყებაზე საუბარი? რუსეთის შემოჭრა ეროვნული კატასტროფა იყო. ჩეხეთის ხელისუფლება შეიცვალა. იქ ვეღარ იხილავთ უბრალო ფანატიკოსებს (როგორც 1950-იან წლებში) ან დანაშაულის შეგრძნებით შეპყრობილებს (როგორც 1960-იან წლებში), არამედ მხოლოდ და მხოლოდ ურცხვ ცინიკოსებს. განა შეუძლია პლებეურ ცინიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს მასზე უფრო ცინიკურ ძალას? ახლა ის დროა, როცა სამშობლოში შკვორეცკისნაირ ცინიკოსსაც აღარ დაედგომება.

© არილი

Facebook Comments Box