პოეზია

თემურ ჩხეტიანი – ახალი ლექსები

კირჩხიბის ტროპარი 69

ნუთუ უკვე ამ ხნისა მოვიყარე?!..

სარკე ყოველთვის მახსენებს, რომ ჭაღარა ვარ,
რომ სახეც უკვე საიდუმლო რუკას მიმიგავს,
რომ თვალებშიც სევდა მეტყობა;

მაგრამ ხანდახან ეს თვალები რატომ მიციმციმებს?
რატომ გამირბის საამო სანახებისკენ
და სახეზე ღიმილი რატომ მეხატება?..

ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი ვარ.
სწორად სვლისა რა მოგახსენოთ,
უკვე აცაბაცა დავფაჩუნობ,
მაგრამ თურმე მაინც წინ მივდივარ.

საით? რა ვიცი?..
ალბათ ახალი ნიშნულებისკენ –
ახალი ცრემლისთვის,
ახალი ღიმილისთვის…

გამარჯობა, ტკბილო სიბერევ!..

***

ახლა მხოლოდ იმიტომ წვიმს,
რომ ამინდის გუშინდელი პროგნოზი გაამართლოს.

პირადად მე სხვა ახსნა არ მაქვს:
რადგან ითქვა სიტყვა, ის უნდა აღსრულდეს!..

და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო მთქმელი –
იდუმალი წინასწარმეტყველი
თუ გაფუყული თუთიყუში ტელეეკრანიდან.

ლექსი, რომელსაც სახელი ვერ დავარქვი

დილის შვიდ საათზე
აკორდეონის ჟღრიალა ხმა გვაღვიძებდა.

გრძელი დერეფნის თავიდან ბოლომდე
გამოივლიდა ხოლმე რუსი მეგარმონე
(ალბათ ნასალდათარი იყო
და იმ დროისთვის ალბათ გადაკრულშიც გახლდათ).
გამოივლიდა შავ-თეთრად მოლაპლაპე ინსტრუმენტით;
გამოივლიდა ცმუკვა-ცმუკვით და ვითომდა სახალისო რეპერტუარით,
პალატების ღია კართან ყოვნდებოდა,
უკრავდა და იცინოდა,
როცა ჩვენ, ბავშვები – ჩემხელები და უფრო დიდებიც –
დაფეთებულნი ვახელდით თვალებს
და ძალის-ძალად ვიღიმებოდით,
თუმც ატირებას ბევრიც არ გვაკლდა.

შვიდი წლის ვიყავ
და მალე პირველკლასელი უნდა გავმხდარიყავი.

ასე გვაღვიძებდნენ მაშინ და იქ…
ვდგებოდით, პირს ვიბანდით და დარბაზში ვგროვდებოდით.
რატომღაც სიას კითხულობდნენ
(აქედან გამქცევს არავინ ვგავდით)
და მე ჩემი სახელის გაგონებაზე
ყოველთვის ვკრთოდი,
ფეხზე ვდგებოდი და სუსტი ხმით ვამბობდი:
„- ვარ…“

მერე… საუზმე და უფრო მერე: მასაჟი თუ აბაზანები –
სავალდებულო და უხალისო პროცედურები.
მერე შუადღის მოსვენება, სადილი და ნებადართული თამაშები:
კენჭობანა, დახუჭობანა;
ხან აღმართულ ხელების ქვეშ დერეფნის გავლა,
ხან იმავე ხელებით შეკრულ და შემოსაზღვრულ წრეში ტრიალი…

პატარა ვიყავ,
პატარებში ვითვლებოდი,
შესაფერისად მექცეოდნენ – მტუქსავდნენ ან მეფერებოდნენ.
წერა-კითხვა უკვე ვიცოდი,
მაგრამ იქ ჩემთვის არავის უკითხავს:
„გინდა, წიგნი წავიკითხოთო?..“

სანატორიუმი იყო წყალტუბოში
და ასე იყო ამ სამოცზე მეტი წლის წინ;
ასე იყო,
სახელი კი იმ დიდი სახლისა,
არ მახსოვს, ვერ დავიმახსოვრე.

….

ახლა, რასაკვირველია, არავინ მაღვიძებს –
ჩემს თავსა და ბედსა ვარ მინდობილი.
ცხადია, სიასაც არავინ კითხულობს
და მეც არავინ მახსენებს,
რომ წამოვდგე
და ჩემი გაბზარული ხმით ვუპასუხო:
„ – ვარ!..“

ზაფხულის ცხელი დღეები

კოღოს ნაკბენი  N1

ჰო,
ეს პირველი იყო ამ ზაფხულს:
იდაყვთან, რბილ ადგილას;
თან როგორ მზაკვრულად
და როგორ მწარედ!..

როცა ნასადილევს წავუძინე
სულ რაღაც ნახევარი საათით
და სიზმარში რატომღაც თოვდა.

კოღოს ნაკბენი  N2

თვალს ვარიდებ საინფორმაციო გამოშვებებს,
სმენას ვიხშობ მავანთა ბზუილისგან…

და მაინც:
რაღაც ეკლად მხვდება თვალში,
რაღაც კი მწარედ ჩამესმის ყურში.

გაბრაზებული ვირტყამ ხელს მკლავზე
და თეთრ ფონზე
მკვეთრად მაჩნდება საკუთარი სისხლის წვეთი
შავი წერტილით.

კოღოს ნაკბენი  N3

რაღაცის გახსენება მინდოდა.
გადმოვიღე წიგნი: აკაკი ბაქრაძე, „ნიკო ნიკოლაძე“
და ისე გავერთე კითხვით,
არც შემიმჩნევია.

როცა წიგნი დავხურე,
მერეღა მოვიფხანე წვივზე ამობურცული ბუშტუკი –
ღუდუდი.

კოღოს ნაკბენი  N4

„წარვედ წყალის პირს…“
მაგრამ ფიქრი ვინ დაგაცადა?..

გამიზნულად შემომიტიეს –
ყოველი მხრიდან
და გაბმული ზუზუნ-ყიჟინით;
დამზაფრეს და ხელ-ფეხიც მაქნევინეს.

გაწეწ-გამოწეწეს ჩემი ფიქრები,
დაინაწილეს.

არ ვიცი, ვის რა ერგო და როგორ მოერგო;
არ ვიცი, ვინ როგორ გაიაზრა:
რა დაარქვა თუ გადაარქვა…

რას ვიზამდი? – გამოვიძურწე,
სიმწრით დავტოვე ის ადგილი
და მათგან იავარქმნილი
ჩემი რომანტიზმი.

კოღოს ნაკბენი N5

ბესიკ,
შენ რაღა კოღომ გიკბინა, კაცო,
ფეხბურთზეც რომ გვითხარი ლექსები?!..

დიდი ხნის წინანდელი ამბავი გამახსენდა,
სულ პირველად რომ მოვედი „მნათობში“
ჩემი საწყალი ლექსებითა.
მაშინ მხოლოდ ერთპუბლიკაციიანი ვიყავ
და მხოლოდ ერთი ლექსით მივიქციე
შენი ყურადღება.
დანარჩენები, ასე, ათორმეტი, გვერდზე გადავდეთ.
ერთ-ერთი ლექსი ფეხბურთზეც იყო –
ერთადერთი ევროპული თასი
ახალი მოგებული გვქონდა
და ყმაწვილკაცს ხელი წამიცდა
და, რა თქმა უნდა, ლექსიც ვერ იყო.

ახლა სხვა დროა,
ახლა, ასე თუ ისე, ქვეყანა გვაქვს
და ჩვენი ბურთიც დაგორავს ევროპაში;
ახლა ჩვენც ავზუზუნდით
და უკვე გვიცნობენ
და ისევ შენ – ბესიკ ხარანაულმა გვითხარ ჩვენდა გულგასახარად:

„- ჯვრიანი დროშა ფრიალებს,
საქართველო აწერია!“

კოღოს ნაკბენი  N6

ვესაუბრე საყვარელ მეგობარს
(ვიდეოთვალი და რამე),
თურმე ორივეს არა გვიშავს,
და ორივენი ვსვამთ Staropramen-ს.

სრული ჰარმონია არც ჩვენთან არაა
(იმედს გაგიცრუებთ მსმენელთ):
ის ცხოვრობს კატების თანხლებით და
მე ისევ კოღოები მკბენენ.

კოღოს ნაკბენი  N7

როგორ გამიუცხოვდნენ წიგნები,
როგორ გავუუცხოვდი წიგნებს…

არადა, რაც თავი მახსოვს,
სულ ერთმანეთისკენ ვიყავით დამზერილნი:
ერთად ვიყავით,
ერთად გვიხაროდა,
ერთად გვტკიოდა
და ბევრჯერ ერთმანეთთან ჩახუტებულებს გვეძინა.

როგორ გავუუცხოვდით ერთმანეთს! –
სულ თვალს ვარიდებთ,
გავურბივართ…
ხანდახან თუ წაგვძლევს სული
და ერთმანეთს მივეახლებით
და ერთმანეთში ჩავმყუდროვდებით,
მაშინაც კი სიახლოვე ისეთი არ არის
და საბაბს ვეძებთ ერთურთისგან თავდასახსნელად.

აი, ახლაც…
საკმარისი აღმოჩნდა ჩემი მკლავიდან
წიგნის ფურცელზე კოღოს დაცემა
და… წიგნი ტაშივით შემოვკარი
და ის კოღო წიგნს შევატოვე.

კოღოს ნაკბენი N8

პირველი ნოველა,
რომელიც ამ მწერლისა წავიკითხე,
იყო „აღუ“ – თბილი, თბილი და ძალიან კეთილი.

მერე იყო „ვანო და ნიკო“,
იყო სხვებიც…
და ყველა იყო თბილი და კეთილი;

მერე იყო ფილმები –
ამ მწერლის სცენარების მიხედვით შექმნილი
და ყველა იყო ძლიერი, შთამბეჭდავი…

მაგრამ რატომღაც ისე მოხდა
(მრცხვენია კიდეც),
რომ ამ მწერლის ბოლო წიგნი
„კოღო ქალაქში“
არ წამიკითხავს.

კოღოს ნაკბენი N9

იყო ზაფხულები,
რომლებსაც ჩემთვის ლუდის გარეშე ჩაუვლიათ.
ახლა, ვერ ვიტყვი, რომ განძი ვიპოვე,
მაგრამ სამნაირი ლუდი მაქვს მაცივარში.

ლუდის მსმელები ვუყვარვართ კოღოებს,
თანაც თურმე
მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან.

სიბერის  განცდა

1.
ვეღარ გამომაქვს
სიმწრით ნაპოვნი სტრიქონები
სიზმრიდან ცხადში.


2.
მილიარდი ყვავილი აპრილში –
ველად თუ ხეებზე…
მე კი ის ერთი დამამახსოვრდა,
ალუჩის განაპირა ტოტიდან:
დიდხანს მიყურებდა
თვალდაუხამხამებლად.

3.
რომ ვუთხრა
“მიყვარხარ!”-მეთქი,
ვინ დამიჯერებს?..
ალბათ ისევ შენ,
ლოყაშეფაკლულო ატმის ყვავილო.

4.
რამდენი ყვავილი მოუკვდება
ამ გაზაფხულს
და რამდენი შერჩება
ხანგრძლივი კვდომისთვის?..

5.
ვიღაცამ
მზესუმზირას ჩენჩოებივით გადმოფანტა
მერცხლები ცაში
და
სარკმელი დახურა.


6.
იყო, სუნთქავდე, მოძრაობდე,
ფიქრობდე და ვიღაცას ელოდე –
ეს ყველაფერი ფერადი სხივებია
გულის პრიზმაში შეკრებილი –
დიდ სინათლეში დასაბრუნებლად.

7.
რა მსუბუქია
დედამიწა
პეპელასათვის!..


8. საღამო

ცოტა მთვარე,

ცოტა ნიავი

და ცოტა სიმშვიდე

ამ თავზარდამცემ სამყაროში.

9. ფოთოლი

მოვწყდი,
ვეშვები,
მოვფარფატებ…

მოასწარით და ჩამითქვით,
რაც გსურთ.

მერე რა, თუ ვარსკვლავი არ ვარ –
მე უფრო მესმის
თქვენი სურვილები.

© არილი

Facebook Comments Box