ხსოვნა

დიმიტრის ცეკურასი – მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების გამო

ეს კონკრეტული მონაკვეთი ჩემი წიგნიდან „დევ მარტინის საყვარელი“, გამომცემლობა „Βακχικόν“ (2024), 2023 წლის ივნისის ერთ ღამეს, თბილისში დავწერე. ვფიქრობ, ეს არის  ტექსტი,  რომელიც დედამიწაზე ყველა ადამიანის სიკვდილთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე, ვიფიქრე, რომ  ეს ტექსტი   ყველაზე მცირე რამ იყო, რისი მიძღვნაც მისი ხსოვნისთვის შემეძლო.

მალხაზ ხარბედიას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის სულიერი კეთილშობილება, ზნეობრიობა და განათლება, რომელიც იმ  მიმოწერისას დავინახე, ჩვენ შორის 2023 წლის ივნისში რომ შედგა, ამ დროს „არილმა“ თბილისის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობის შესახებ ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მადლობას ვუხდი ჟურნალ „არილს“ ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს იმ „გზებისთვის“, რომლებიც მან ჩემს გონებაში გახსნა.

იორღოს ხიმონასის ერთი ფრაზის გამო

ბერძნულიდან თარგმნა ანინა გოგოხიამ

როცა ადამიანი კვდება, ნებისმიერი ადამიანი, მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი არ კვდება. კვდება ათობით, ასობით, შეიძლება ათასობით ადამიანიც კი. როცა ადამიანი კვდება, ნებისმიერი ადამიანი, ამ ადამიანის სიკვდილთან ერთად (თითქოს) მისი ყველა სახება კვდება. ადამიანის სახება, იმ ადამიანისა, ვინც კვდება, იმდენივეა, რამდენიც შეგრძნება, რომელსაც ამ ადამიანის სიკვდილი იწვევს. როცა ადამიანი კვდება, ნებისმიერი ადამიანი, ის იმდენივე ნაწილად იშლება, რამდენი შეგრძნებაც ამ ადამიანმა გამოიწვია, იწვევდა, გამოუწვევია, შეეძლო გამოეწვია სანამ ცოცხალი იყო და, შესაბამისად, გამოიწვევს სიკვდილის შემდეგაც. იქნებ სიკვდილი არაფერს ანადგურებს, არამედ ამრავლებს. როცა ადამიანი კვდება, ნებისმიერი ადამიანი, უამრავი შეგრძნება იფეთქებს და იღვრება იმ ადამიანების მიერ, ვინც ჯერ არ მომკვდარა, იმ ათობით, ასობით, შეიძლება ათასობით ადამიანის მიერ, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა – ნებისმიერი ურთიერთობა – იმ ადამიანთან, ვინც მოკვდა. შეგრძნებების ასეთი გადმოღვრა, სხვადასხვაგვარი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეგრძნებებისა, ალბათ ყველაზე დიდებული წამია სიკვდილისა და იმ ადამიანისაც, ვინც მოკვდა. როცა ადამიანი  კვდება, ნებისმიერი ადამიანი, ერთი სრულიად განსაკუთრებული სირენის ხმა ისმის. ეს სირენა არც საომარ განგაშს ჰგავს, რადგან სიკვდილი, ალბათ, საომარი მოქმედებების დასასრულს ნიშნავს, არც სასწრაფო დახმარების მანქანის ხმას, რადგან სიკვდილი, ალბათ, ყოველი ავადმყოფობის დასასრულია, არც პოლიციის სირენას, რადგან სიკვდილი, ალბათ, ნებისმიერი გამოძიების დასასრულს მოასწავებს, არც ოდისევსის სირინოზების ხმაა, რადგან სიკვდილი, ალბათ, ყოველგვარი ცდუნების ბოლოა. ეს განსაკუთრებული სირენა, რომელიც, ალბათ, მხოლოდ ადამიანის, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის დროს გაისმის, პოლიფონიური სირენაა, რომელშიც ჰარმონიულად ერთიანდება ყველა იმ ათობით, ასობით, შეიძლება ათასობით ადამიანის სირენა, რომელიც იმ ადამიანს იცნობდა, ვინც მოკვდა. ეს კრებითი სირენაა. ყველა იმ სახების კრებული, რომელიც იმ ადამიანს გააჩნდა, ვინც მოკვდა. როცა ადამიანი კვდება, ნებისმიერი ადამიანი, მაშინ დგება გახსენების წუთი – რომ ადამიანი ერთი ადამიანი კი არა, ადამიანებია. მრავლობით რიცხვში. იმდენივე ადამიანია, რამდენიც იმ ადამიანის  სახებანი, ვინც მოკვდა. ეს სახებანი სამეცნიერო კვლევის საგანია, გაბნეული მასალაა, არა იმ ადამიანის უჯრებში, ვინც მოკვდა, არამედ უკვე ათობით, ასობით, შეიძლება ათასობით ადამიანის უჯრებში, რომლებიც მას იცნობდნენ. ეს სახება-უჯრები, საბედნიეროდ, მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებენ გარდაცვლილს. და ალბათ, რაღაც მსგავსს გულისხმობდა იორღოს ხიმონასი, როცა წერდა: „მხოლოდ სიკვდილი ჰფენს ნათელს ადამიანის კეთილშობილ წარმოშობას“.

© არილი

Facebook Comments Box