
თარგმნა თამარ ლომიძემ
ალვარო რუსელოტის ამბავი, შესაძლოა, არ იმსახურებს საგანგებო ყურადღებას, მაგრამ ნამდვილად ღირსია, რომ რამდენიმე წუთი დავუთმოთ.
მეოცე საუკუნის შუა ხანების არგენტინული ლიტერატურით გატაცებულ არც ისე მრავალრიცხოვან მკითხველებს, ეჭვგარეშეა, ახსოვთ, რომ რუსელოტი გაწაფული მთხრობელი იყო და მრავალფეროვან სიუჟეტებს იგონებდა. ესპანურ სალიტერატურო ენას კარგად ფლობდა, თუმცა მისთვის უცხო არ იყო ბუენოსაირესის სლენგიც ანუ lunfardo, როცა ამას ამბავი მოითხოვდა (ეს კი ხშირად ხდებოდა), მაგრამ მას ოდენ სამკაულად როდი იყენებდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი, ესე იგი, მის ერთგულ მკითხველთა აზრით.
მაგრამ ავბედითი და უაღრესად სარდონიკული პერსონაჟის, დროის ზეგავლენით საჭირო გახდა რუსელოტის მოჩვენებითი სისადავის გადაფასება. შესაძლოა, ის უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. არსებობს, აგრეთვე, ალტერნატიული განმარტება – შესაძლოა, ის, უბრალოდ, შემთხვევის მორიგი მსხვერპლი იყო.
ამგვარი რამ იშვიათი როდია ლიტერატურის იმგვარ მოყვარულთა შორის, როგორიც რუსელოტი იყო. არსებითად, ისინი იშვიათი არაა ნებისმიერი რამის მოყვარულთა შორის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვივიწყებთ ჩვენივე აღტაცების ობიექტს, ალბათ, იმის გამო, რომ ვნება უფრო სწრაფად იფერფლება, ვიდრე სხვა ემოციები, და ეს, როგორც ჩანს, სასურველ ობიექტთან ზედმეტი სიახლოვის გამო ხდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, რუსელოტს ლიტერატურა ისევე ძლიერ უყვარდა, როგორც მისი თაობის ან წინამორბედი ან მომდევნო თაობების ნებისმიერ არგენტინელ მწერალს. იმის თქმა მსურს, რომ ის არცთუ ძლიერ განსხვავდებოდა მათგან – თავისი მოასაკე ადამიანებისგან, რომლებიც იზიარებდნენ მასთან სიხარულისა და ტანჯვის წუთებს. მაგრამ მათ არაფერი მსგავსი არ დამართნიათ.
აქ შეიძლება მავანმა სრულიად დასაბუთებულად მითხრას, რომ ყველას საკუთარი ჯოჯოხეთი აქვს. მაგალითად, ანჯელა კაპუტომ უჩვეულო ხერხით მოიკლა თავი: ვერც ერთი მკითხველი, რომელიც ტკბებოდა ანჯელას ლექსების მგზნებარე და ბავშვური განწყობილებებით, ვერ იწინასწარმეტყველებდა ავტორის შემზარავ სიკვდილს, რომელიც მაქსიმალურად შემაძრწუნებელი შთაბეჭდილების მოსახდენად იყო გამიზნული. გავიხსენოთ, ასევე, სანჩეს ბრედი, მისი მისტიკური ნაწარმოებებით. ის გარდაიცვალა სამოცდაათიანი წლების სამხედრო რეჟიმის დროს, როდესაც ბრედიმ ორმოცდაათი წლის ასაკს გადააბიჯა და დაკარგა ინტერესი ლიტერატურის (და, საერთოდ, სამყაროს) მიმართ.
ესაა პარადოქსული სიკვდილისა და ბედ-იღბლის შემთხვევები, მაგრამ როდი ჩრდილავენ რუსელოტის ისტორიას, იდუმალებას, რომლითაც მოსილი იყო მისი ცხოვრება, გრძნობას, რომ მისი შემოქმედება იმ სფეროს ზღვარს მიუახლოვდა, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. რუსელოტის ამბავი შეიძლება მარტივად მოგითხროთ, შესაძლოა, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს მარტივი ამბავია.
1950 წელს, ოცდაათი წლის ასაკში, რუსელოტმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი – რომანი პატაგონიის ციხის პატიმართა ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, საკმაოდ ლაკონიური სახელწოდებით „მარტოობა“. ბუნებრივია, წიგნში გადმოცემულია მრავალრიცხოვანი ამბები პატიმართა ცხოვრებისა და ბედნიერების წარმავალი მომენტების შესახებ; ის გვიამბობს, ასევე, ძალმომრეობის მრავალრიცხოვან აქტებზე. რომანის შუა ნაწილში აშკარა ხდება, რომ ყველა პერსონაჟი მკვდარია, გარდა ერთისა, მაგრამ ამ ერთადერთი ცოცხალი პერსონაჟის ვინაობა ბოლომდე უცნობი რჩება. ბუენოს აირესში ეს წიგნი დიდი წარმატებით როდი სარგებლობდა, ათას ეგზემპლარზე ნაკლები გაიყიდა, მაგრამ ზოგიერთი მეგობრის წყალობით 1954 წელს დაიბეჭდა ფრანგული თარგმანი. „მარტოობა“ ვიქტორ ჰიუგოს ქვეყანაში გამოიცა სახელწოდებით „ღამეები პამპებში“ და არავის ყურადღება არ დაუმსახურებია, თუ არ ჩავთვლით ორიოდე კრიტიკოსს, რომელთაგან ერთმა წიგნზე გულთბილი რეცენზია დაწერა, მეორემ კი ჭარბი აღტაცება გამოთქვა. შემდეგ ამ რომანს ბუკინისტური მაღაზიების მტვრიან თაროებზე თუ აღმოაჩენდით.
მაგრამ 1957 წლის ბოლოს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი სახელწოდებით „დაკარგული ხმები“; მისი რეჟისორი იყო ფრანგი გი მორინი და ყველა, ვისაც წაკითხული ჰქონდა „მარტოობა“, მიხვდა, რომ ეს იყო რუსელოტის წიგნის დახვეწილი ადაპტაცია. მორინის ფილმის დასაწყისი და დასასრული რამდენადმე განსხვავებული იყო, მაგრამ მისი ჩანაფიქრი და შუა ნაწილი ზუსტად ემთხვეოდა რომანს. ვერ აღვწერთ რუსელოტის გაოცებას ჩაბნელებულ, ნახევრად ცარიელ კინოთეატრში, სადაც პირველად ნახა ფრანგი რეჟისორის ფილმი. ბუნებრივია, რომ მან თავი პლაგიატის მსხვერპლად მიიჩნია. დროთა განმავლობაში სხვაგვარი განმარტებებიც მოძებნა, მაგრამ მაინც არ ასვენებდა აზრი იმის შესახებ, რომ ეს ფილმი მისი წიგნის პლაგიატი იყო. იმ მეგობართა ერთი ნაწილი, რომლებმაც რუსელოტის თხოვნით ფილმი ნახეს, ურჩევდა მწერალს, რომ სასამართლოში საჩივარი შეეტანა კინოკომპანიაზე, სხვები კი ამბობდნენ, რას იზამ, ასეთი რამეები ხდება, გაიხსენე თუნდაც ბრამსიო. იმ დროისათვის რუსელოტმა უკვე გამოაქვეყნა მეორე რომანი „პერუს ქუჩის არქივები“ – დეტექტიური ამბავი, რომლის სიუჟეტი ემყარებოდა ბუენოს აირესის სამ სხვადასხვა ადგილას სამი გვამის აღმოჩენას: პირველი ორი მსხვერპლი მოკლა მესამემ, რომელიც, თავის მხრივ, უცნობი მკვლელის ხელით დაიღუპა.
ეს მეორე რომანი უჩვეულო ნაწარმოებად მიიჩნიეს იმათ, ვისაც „მარტოობა“ ჰქონდა წაკითხული. წიგნმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, თუმცა, შესაძლოა, ეს იყო რუსელოტის ყველაზე ნაკლებად წარმატებული თხზულება. როდესაც მორინის ფილმი აჩვენეს ბუენოს აირესში,, „პერუს ქუჩის არქივები“ უკვე ერთი წლის განმავლობაში იყიდებოდა ქალაქის წიგნის მაღაზიებში, ხოლო რუსელოტი დაქორწინდა მარია ეუხენია კარასკოზე. ამ ახალგაზრდა ქალს ხშირად შეხვდებოდით დედაქალაქის ლიტერატურულ თავყრილობებზე. მან ახლახან დაიწყო მუშაობა იურიდიულ ფირმაში Zimmerman & Gurruchaga.
რუსელოტი დინჯ, გამოზომილ ცხოვრებას ეწეოდა: დილის ექვს საათზე დგებოდა და რვა საათამდე წერდა ან ცდილობდა ეწერა, შემდეგ კი ემშვიდობებოდა მუზებს, ბანაობდა და დაახლოებით ცხრა საათზე უკვე ოფისში იყო. დილის უმეტეს ნაწილს სასამართლოში ატარებდა ან დოკუმენტებს ეცნობოდა. დღის ორ საათზე შინ ბრუნდებოდა, ცოლთან ერთად სადილობდა, შემდეგ კი კვლავ ოფისში მიდიოდა. შვიდ საათზე სხვა იურისტებთან ერთად სასმელს შეექცეოდა, ხოლო რვა საათზე კვლავ შინ ბრუნდებოდა, სადაც ცოლი ვახშამს უმზადებდა. ამის შემდეგ რუსელოტი კითხულობდა, მარია ეუხენია კი რადიოს უსმენდა. შაბათ-კვირას რუსელოტი უფრო მეტ დროს უთმობდა წერას და საღამოობით ცოლის გარეშე სტუმრობდა ხოლმე თავის ლიტერატურულ თანამოკალმეებს.
„დაკარგულმა ხმებმა“ მას სახელი გაუთქვა და ახლა რუსელოტს მხოლოდ კოლეგები როდი იცნობდნენ. საუკეთესო მეგობარმა-იურისტმა, რომელსაც არც ისე უყვარდა ლიტერატურა, ურჩია რუსელოტს, სასამართლოში ეჩივლა მორინისთვის საავტორო უფლებათა დარღვევის გამო. მწერალი დიდხანს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო და ბოლოს გადაწყვიტა, ხელი ჩაექნია ამ პლაგიატზე. „პერუს ქუჩის არქივების “ შემდეგ მან გამოაქვეყნა მოთხრობათა მომცრო კრებული, შემდეგ კი, თითქმის იმავდროულად, თავისი მესამე რომანი „ახალდაქორწინებულთა ცხოვრება“, რომელშიც, როგორც სათაური მოწმობს, აღწერილი იყო მამაკაცის ცხოვრების პირველი თვეები დაქორწინების შემდეგ და ის, როგორ ხვდება მამაკაცი, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა: ქალი, რომელსაც თითქოს კარგად იცნობდა, სინამდვილეში სრულიად უცნობი აღმოჩნდა და მეტიც: ის იყო ერთგვარი ურჩხული, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვით მამაკაცის სიცოცხლეს. და მაინც, ქმარს უყვარდა ეს ქალი (ან, უფრო ზუსტად, ქალის მიმართ ფიზიკურ ლტოლვას გრძნობდა), ამიტომ აგრძელებდა ცოლთან თანაცხოვრებას, სანამ მისგან თავის დახსნას და გაქცევას გადაწყვეტდა.
როგორც ჩანს, წიგნის ჩანაფიქრი იუმორისტული იყო და, რუსელოტისა და მისი გამომცემლის გასაკვირად, მკითხველი საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. სამი თვის შემდეგ ის ხელახლა გამოსცეს და წლის განმავლობაში თხუთმეტი ათას ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. რუსელოტმა ახლა ფართო აღიარება მოიპოვა. ის მშვიდად შეხვდა ამ ფაქტს. ჰონორარით ცოლთან და ცოლისდასთან ერთად გაემგზავრა პუნტა დელ ესტეში, სადაც მალულად კითხულობდა რომანს „დაკარგული დროის ძიებაში“, წიგნს, რომლის შესახებ უწინ ამბობდა, წაკითხული მაქვსო. სანამ მარია ეუხენია დასთან ერთად პლაჟზე ერთობოდა, რუსელოტი ავსებდა ამ ხარვეზს – იმას, რომ არ იცნობდა ყველაზე სახელგანთქმული ფრანგი რომანისტის შემოქმედებას.
ჯობდა, კაბალას გასცნობოდა. პუნტა დელ ესტეში გატარებული შვებულებიდან შვიდი თვის თავზე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ „ახალდაქორწინებულთა ცხოვრება“ ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდებოდა, ბუენოს აირესში გამოვიდა მორინის ახალი ფილმი, სახელწოდებით „დღის განაწესი“. ის ზუსტად იმეორებდა „ახალდაქორწინებულთა ცხოვრებას“, მაგრამ უკეთესი იყო; რეჟისორს გადაეკეთებინა და გაეფართოებინა ამბავი, ისევე, როგორც „დაკარგულ ხმებში“; შეეკვეცა რუსელოტის სიუჟეტი, რომელსაც ფილმის შუა ნაწილი ეკავა, ხოლო დასაწყისი და დასასრული ეთმობოდა ძირითადი ამბის კომენტირებას (მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ცხოვრების საინტერესოდ გადაღებული სცენების მეშვეობით).
ამჯერად რუსელოტი ძალზე აღშფოთდა. ეს ინციდენტი არგენტინის ლიტერატურულ სამყაროში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გამძაფრებული ინტერესის საგნად იქცა. და მაინც, თუმცა ყველა ვარაუდობდა, რომ რუსელოტი დაუყოვნებლივ მიმართავდა იურისტებს, მწერალმა გადაწყვიტა, არაფერი მოემოქმედა, რამაც გააოცა ისინი, ვინც მისი მხრიდან უფრო მკვეთრსა და გაბედულ ქმედებებს ელოდა. ცოტას თუ შეეძლო, ჩასწვდომოდა მისი რეაქციის არსს. რუსელოტი არ გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ მორინიმ დაარღვია ხელოვანის კოდექსი. თავისი თავდაპირველი გაოცებისა და აღშფოთების შემდეგ რუსელოტმა გადაწყვიტა, უბრალოდ კვლავ არაფერი მოემოქმედა – ყოველ შემთხვევაში, იურიდიული გზებით. იცდიდა. მასში რაღაც, რასაც შესაძლოა ვუწოდოთ მწერლის სული, უბიძგებდა მოჩვენებითი პასიურობისკენ, აწრთობდა ან ცვლიდა მას, ან ამზადებდა მომავალი სიურპრიზებისათვის. სხვა მხრივ რუსელოტის, როგორც მწერლისა და ადამიანის, ცხოვრება წარმატებული იყო: მისი წიგნები პოპულარული იყო, შემოსავალიც გაეზარდა. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, მარია ეუხენიამ აცნობა ქმარს, რომ ფეხმძიმედ იყო.
როდესაც მორინის მესამე ფილმი ბუენოს აირესის ეკრანებზე გამოვიდა, რუსელოტი ერთი კვირის განმავლობაში შინიდან არ გამოსულა და არ აჰყვა ცდუნებას, კონოთეატრში გაქცეულიყო. თავის მეგობრებს ურჩია, არ მოეყოლათ მისთვის ფილმის სიუჟეტი. ფიქრობდა, რომ არ ნახავდა ფილმს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გულმა ვერ გაუძლო. ერთ საღამოს თავის პატარა ვაჟიშვილს აკოცა, ძიძას დაუტოვა და ისე, თითქოს საომრად მიდიოდა და შეიძლება აღარც დაბრუნებულიყო, ცოლს ხელი ჩაჰკიდა და კინოში წავიდა.
მორინის ფილმს „გაუჩინარებული ქალი“ ერქვა და საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსელოტის რომანებთან და არც მორინის წინა ფილმებთან. როდესაც ცოლ-ქმარი კინოთეატრიდან გამოვიდა, მარია ეუხენიამ თქვა, უვარგისი, მოსაწყენი ფილმია. ალვარო რუსელოტს საკუთარი თვალსაზრისი არ გამოუთქვამს, მაგრამ დაეთანხმა ცოლს. რამდენიმე თვის შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი ყველაზე ვრცელი (206-გვერდიანი) რომანი, სახელწოდებით „ჟონგლიორთა ოჯახი“, რომელშიც მისთვის თითქოს უცხო, ახლებური სტილით იყო დაწერილი. აღარ იყენებდა ფენტეზის და კრიმინალური ლიტერატურის ელემენტებს და ამ ექსპერიმენტული ნაწარმოებისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა პოლიფონიური რომანი. ამგვარი ფორმა მისთვის ბუნებრივი არ იყო, ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ამ ნაკლს ანაზღაურებდა პერსონაჟთა ხატვის დახვეწილობა, ასევე – ნატურალიზმი, რომელმაც მარჯვედ აარიდა თავი ნატურალისტური რომანის შტამპებს. თვით მინიმალისტურ და გაბედულ ისტორიაში, ოპტიმისტურ და ლაღ თხრობაში თითქოს ბობოქარი არგენტინული სულისკვეთება აისახა.
„ჟონგლიორის ოჯახი“ მართლაც რუსელოტის საუკეთესო რომანი იყო, რომლის ზეგავლენით მისი დანარჩენი წიგნები ხელახლა გამოიცა და ეს ტრიუმფი დააგვირგვინა მუნიციპალურმა ლიტერატურულმა პრემიამ, რომელიც რუსელოტს გადასცეს ცერემონიაზე, სადაც რუსელოტი ხუთ საუკეთესო მწერალს შორის დაასახელეს. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურაში კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავები ჰგვანან იმ ყვავილებს, რომლებიც ერთ დღეში იფურჩქნებიან და ჭკნებიან. და, მიუხედავად იმისა, ეს დღე ხანმოკლეა თუ ათი ან ოცი წლის განმავლობაში გრძელდება, ის, ბოლოს, უნდა დასრულდეს. ფრანგები, რომლებიც პრინციპულად არ ენდობიან ჩვენს მუნიციპალურ ლიტერატურულ პრემიებს, არ ჩქარობდნენ „ჟონგლიორის ოჯახის“ თარგმნას და გამოქვეყნებას, ამ დროისთვის საფრანგეთში სამხრეთამერიკულ ლიტერატურის ნაცვლად მოდაში შემოვიდა უფრო თბილი მხარეები, ვიდრე ბუენოს აირესია. როდესაც რომანი პარიზში სხვა გამომცემელმა გამოაქვეყნა, მორინიმ უკვე გადაიღო თავისი მეოთხე და მეხუთე ფილმები – ბანალური, მაგრამ საინტერესო დეტექტივი და ყოვლად მდარე ფილმი ფრანგული ოჯახის მიერ სენ-ტროპეში გატარებული შვებულების შესახებ.
არგენტინაში ორივე ფილმს აჩვენებდნენ და რუსელოტმა შვებით აღმოაჩინა, რომ არც ერთ მათგანს საერთო არაფერი ჰქონდა მის თხზულებებთან. მორინი თითქოს გაემიჯნა რუსელოტს ან, კრედიტორთა ზეწოლის შედეგად და კინობიზნესის მორევში ჩაძირულმა, უგულებელყო ყოველგვარი კავშირი რუსელოტის ნაწარმოებებთან. მაგრამ შვებას მალე სევდა შეენაცვლა. რამდენიმე დღის განმავლობაში რუსელოტს მოსვენებას არ აძლევდა აზრი, რომ მან დაკარგა თავისი საუკეთესო მკითხველი, ის, ვისთვისაც, ფაქტობრივად, წერდა თავის რომანებს, და რომელსაც მართლაც შეეძლო გამოხმაურებოდა ამ ნაწარმოებებს. მან სცადა, დაჰკავშირებოდა თავის მთარგმნელებს, მაგრამ ისინი ახლა სხვა ავტორთა წიგნებს თარგმნიდნენ და რუსელოტის წერილებს მხოლოდ თავაზიანი და მიკიბულ-მოკიბული ფრაზებით პასუხობდნენ. ერთ მათგანს არ ჰქონდა ნანახი მორინის არც ერთი ფილმი. მეორეს ნანახი ჰქონდა მხოლოდ ის ფილმი, რომელიც წააგავდა წიგნს, რომელიც თვითონ არ ჰქონდა ნათარგმნი (ან წაკითხული არ ჰქონდა, თუკი მისი წერილის მიხედვით ვიმსჯელებდით).
როდესაც რუსელოტმა ჰკითხა თავის პარიზელ გამომცემლებს, შეეძლო თუ არა მორინის „ახალდაქორწინებულთა ცხოვრების“ ხელნაწერის მოპოვება, მათ გულგრილად უპასუხეს, რომ რომ ამ ხელნაწერის მოპოვება ბევრს შეეძლო. რუსელოტმა უხერხულობა იგრძნო და გადაწყვიტა, აღარ გაეღიზიანებინა გამომცემლები თავისი წერილებით და შეეწყვიტა გამოძიება მანამ, სანამ თვითონ არ მიეცემოდა შესაძლებლობა, პარიზში გამგზავრებულიყო.
ერთი წლის შემდეგ რუსელოტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მიიწვიეს. არგენტინული დელეგაცია მრავალრიცხოვანი იყო, მგზავრობა კი – სასიამოვნო. რუსელოტმა გაიცნო ორი არგენტინელი მწერალი, რომლებსაც თავის მასწავლებლებად მიიჩნევდა. ის ცდილობდა, ყოველგვარი სამსახური გაეწია მათთვის, რაც მოეთხოვებოდა მდივანს ან კამერდინერს, მაგრამ არა – კოლეგას. ერთმა მისი თაობის მწერალმა უსაყვედურა და პირმოთნეობაც დასდო ბრალად, მაგრამ რუსელოტი ბედნიერი იყო. ავდრის მიუხედავად, ფრანკფურტში დრო სასიამოვნოდ გაატარა და იმ ორ ხანდაზმულ მწერალს გვერდიდან არ მოსცილებია.
ბედნიერების ოდნავ ხელოვნური ატმოსფერო, არსებითად, მნიშვნელოვანწილად თვით რუსელოტის ძალისხმევის ნაყოფი იყო. იცოდა, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ გაემგზავრებოდა პარიზში, მაშინ, როდესაც სხვები დაბრუნდებოდნენ ბუენოს აირესში ან გარკვეულ დროს სადმე, ევროპაში გაატარებდნენ. როდესაც გამგზავრების დღე დადგა და რუსელოტი აეროპორტში მივიდა ბუენოს აირესში მიმავალი დელეგაციის წევრთა გასაცილებლად, თვალები ცრემლებით აევსო. ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მწერალმა ეს შენიშნა და უთხრა რუსელოტს, ნუ სწუხხუკლარ, მალე კვლავ შევხვდებით და ბუენოს აირესში ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნებაო. მაგრამ რუსელოტს არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ. ტირილს ბევრი არაფერი აკლდა, რადგან მარტო დარჩენისა ეშინოდა და ყველაზე მეტად იმას შიშობდა, რომ პარიზში შეეჩეხებოდა საიდუმლოს, რომელიც იქ ელოდებოდა.
როგორც კი სენ-ჟერმენ-დე-პრეს ერთ-ერთ პატარა სასტუმროში მოეწყო, „მარტოობის“ (რომანის „ღამე პამპებში“) მთარგმნელთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, მაგრამ – ამაოდ. მთარგმნელის ბინაში ტელეფონი წკრიალებდა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. როდესაც რუსელოტი გამომცემლობის ოფისში მივიდა, იქ მთარგმნელის ადგილსამყოფლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სიმართლე რომ ითქვას, გამომცემლობის თანამშრომლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იყო რუსელოტი, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ გამომცემლობას მისი ორი წიგნი გამოექვეყნებინა – „ღამეები პამპებში“ და „ახალდაქორწინებულთა ცხოვრება“. ბოლოს ერთმა ორმოცდაათი წლის კაცმა (რუსელოტმა ვერაფრით გაარკვია, რა როლს ასრულებდა ეს კაცი გამომცემლობაში) უცნაურად სერიოზული კილოთი აცნობა, რომ მისი წიგნები ვერ საღდებოდა. შემდგომ რუსელოტი ეწვია „ჟონგლიორის ოჯახის“ (მორინის, როგორც ჩანს, ის წაკითხული არ ჰქონდა) გამომცემლობას და შეეცადა შეეტყო მთარგმნელის მისამართი, იმ იმედით, რომ ის დააკავშირებდა რომანების – „ღამეები პამპებში“ და „ახალდაქორწინებულთა ცხოვრება“ – მთარგმნელებთან. ეს მეორე გამომცემლობა შედარებით უფრო მცირე იყო და, როგორც ჩანს, მას მხოლოდ ორი ადამიანი უძღვებოდა: ქალი, რომელიც, რუსელოტის ვარაუდით, მდივანი უნდა ყოფილიყო და ახალგაზრდა გამომცემელი, რომელიც რუსელოტს ღიმილით შეხვდა, გადაეხვია და დაიჟინა, ესპანურად ვილაპარაკოთო, თუმცა მალე აშკარა გახდა, რომ ეს ენა არც ისე კარგად იცოდა. როდესაც რუსელოტს ჰკითხეს, რატომ სურდა „ჟონგლიორის ოჯახის“ მთარგმნელთან შეხვედრა, მწერალმა ვერაფერი მიუგო, რადგან მხოლოდ ახლა იაზრა, რაოდენ აბსურდული იყო ვარაუდი, რომ რომელიმე მთარგმნელი მას მორინისთან დააკავშირებდა. მაგრამ გამომცემელი იმდენად თავაზიანი იყო (და მზად იყო, მოესმინა რესელოტისთვის – როგორც ჩანს, იმ დილას სხვა საქმე არ ჰქონდა), რომ გულაჩუყებულმა არგენტინელმა გადაწყვიტა, მისთვის მთელი თავისი თავგადასავალი მოეთხრო.
როდესაც თხრობა დაამთავრა, გამომცემელმა სიგარეტს მოუკიდა და დიდხანს სცემდა ბოლთას ოფისში, ერთი კედლიდან მეორემდე, სულ სამიოდე იარდის მანძილზე. რუსელოტი იცდიდა და სულ უფრო მეტად ფორიაქობდა. ბოლოს გამომცემელი ხელნაწერებით სავსე შემინულ კარადასთან შეჩერდა და რუსელოტს ჰკითხა, პარიზში პირველად იმყოფებითო? მწერალი, ცოტა არ იყოს, დაიბნა, მაგრამ აღიარა, დიახო. „პარიზელები კანიბალები არიან“, – თქვა გამომცემელმა. რუსელოტმა დაუყოვნებლივ მიუგო, რომ არ აპირებდა არავითარი იურიდიული სანქციების გამოყენებას მორინის წინააღმდეგ; უბრალოდ, მსურს შევხვდე და ვკითხო, როგორ მოიფიქრა იმ ორი ფილმის სიუჟეტებიო, განაცხადა მან. გამომცემელმა გადაიხარხარა. „კამიუს დროიდან მოყოლებული, ყველაფერს ფული წყვეტს,“ – თქვა მან. რუსელოტმა გაოცებით შეხედა. ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა გამომცემელი – იმას, რომ იდეალიზმი კამიუსთან ერთად მოკვდა და ახლა ფული მთავარ მიზნად იქცა, თუ იმას, რომ კამიუმ დააწესა მოთხოვნისა და მიწოდების კანონი ხელოვანთა და ინტელექტუალთა შორის.
„ფული არ მაინტერესებს“, – წყნარად თქვა რუსელოტმა. „მეც არ მაინტერესებს, ჩემო საბრალო მეგობარო“, – თქვა გამომცემელმა, – „და შეხეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი ამის გამო“.
ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ორივემ იცოდა, რომ რუსელოტი გამომცემელს დაურეკავდა და შესთავაზებდა, სადმე ერთად ევახშმათ. დღის მეორე ნახევრის განმავლობაში რუსელოტი პარიზის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა. ნახა ლუვრი და ეიფელის კოშკი; ისადილა ლათინური კვარტლის რესტორანში და რამდენიმე ბუკინისტური მაღაზია მოინახულა. იმ საღამოს სასტუმროდან დაურეკა არგენტინელ მწერალს, რომელსაც ჯერ კიდევ ბუენოს აირესიდან იცნობდა და რომელიც ახლა პარიზში ცხოვრობდა. ისინი მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ რუსელოტი აფასებდა ამ მწერლის შემოქმედებას და ხელი შეუწყო მისი ნაწარმოებების გამოქვეყნებას ბუენოს აირესის ერთ-ერთ ჟურნალში.
არგენტინელ მწერალს რიკელმე ერქვა. გაუხარდა რუსელოტის ხმის გაგონება. რუსელოტმა შესთავაზა, მათ ამ დღეებში ერთად ესადილათ ან ევახშმათ, მაგრამ რიკელმეს ამის გაგონებაც კი არ სურდა და იკითხა, საიდან რეკავო. რუსელოტმა თავისი სასტუმროს სახელწოდება აცნობა და თქვა, რომ ახლა დაძინებას აპირებდა, მაგრამ რიკელმემ უთხრა, რომ ახლავე იქ გაჩნდებოდა. გაოგნებულმა რუსელოტმა წინააღმდეგობა ვერ გასწია. რიკელმე მრავალი წლის განმავლობაში არ ენახა და როდესაც სასტუმროს ვესტიბიულში ელოდებოდა, ცდილობდა გაეხსენებინა მისი გარეგნობა. რამდენადაც ახსოვდა, რიკელმე ქერათმიანი ტანდაბალი კაცი იყო, მრგვალი, ფართო, ვარდისფერი სახე ჰქონდა. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც რუსელოტი მის ნაწარმოებებს კითხულობდა.
როდესაც რიკელმე, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა, რუსელოტმა ის ძლივს იცნო. რიკელმე საკმაოდ მაღალი იყო, არც ისე ბაცი ფერის თმა ჰქონდა და სათვალეს ატრებდა. იმ ღამეს მათ ბევრი რამ აღიარეს და გააცხადეს. რუსელოტმა უამბო თავის მეგობარს ის, რაც ფრანგ გამომცემელს იმ დილას აუწყა, ხოლო რიკელმემ თქვა, რომ მეოცე საუკუნის საუკეთესო არგენტინულ რომანს წერდა. უკვე რვაასი გვერდი ჰქონდა დაწერილი და იმედოვნებდა, რომ სამ წელიწადში დაამთავრებდა. მართალია, რუსელოტმა კეთილგონიერება გამოიჩინა და სიუჟეტით არ დაინტერესებულა, მაგრამ რიკელმემ დაწვრილებით უამბო თავისი წიგნის რამდენიმე თავის შინაარსი. რამდენიმე ბარსა და კლუბს ეწვივნენ. რუსელოტი ხვდებოდა, რომ ორივენი ანცი მოზარდებივით იქცეოდნენ და თითქოს რცხვენოდა კიდეც ამისა, მაგრამ შემდეგ სიტუაციას შეურიგდა და ბედნიერებას გრძნობდა იმის გამო, რომ ღამის დასასრულს თავის სასტუმროში მივიდოდა. სიტყვა „ სასტუმრო“ რისკისა და თავისუფლების სასწაულებრივ (ესე იგი, წუთიერ) ხორცშესხმად ეჩვენებოდა.
ბევრი დალია. როდესაც გაეღვიძა, გვერდით ქალი ეწვა. ქალს სიმონი ერქვა. მეძავი იყო. მახლობელ კაფეში ერთად ისაუზმეს. სიმონს ბევრი ლაპარაკი სჩვეოდა და რუსელოტმა შეიტყო, რომ ქალს სუტენიორი არ ჰყავდა, ოცდარვა წლისა იყო და ფილმების ყურება უყვარდა. ვინაიდან რუსელოტს არ აინტერესებდა სუტენიორები ან სიმონის ასაკის თემა, ისინი კინოზე ალაპარაკდნენ. სიმონს მოსწონდა ფრანგული კინო, ფიქრობდა, რომ მორინის პირველი ფილმები ძალიან კარგი იყო და რუსელოტი მზად იყო, ქალი ჩაეკოცნა.
დღის ორ საათზე ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ და ნომრიდან საღამომდე არ გამოსულან. უნდა ითქვას, რომ რუსელოტს არასოდეს უგრძნია თავი ასე კარგად. სურდა, ეწერა, ეჭამა, სიმონთან ერთად ეცეკვა და უმიზნოდ ეხეტიალა მარცხენა სანაპიროს ქუჩებში. თავს იმდენად ლაღად გრძნობდა, რომ ვახშმობისას, სანამ დესერტს შეუკვეთდნენ, სიმონს განუმარტა პარიზში თავისი ჩამოსვლის მიზეზი. სიმონი არ გაუკვირვებია იმას, რომ რუსელოტი მწერალი იყო და რომ მორინი დაესესხა მას ორი რომანის სიუჟეტებს, რათა თავისი ორი საუკეთესო ფილმი გადაეღო.
ცხოვრებაში ამაზე უფრო უცნაური ამბებიც ხდებაო, ლაკონიურად შენიშნა ქალმა. შემდეგ ჯიქურ დაეკითხა რუსელოტს, ცოლი თუ გყავსო? პასუხი თვით კითხვაში იგულისხმებოდა და რუსელოტმა აჩვენა ოქროს ბეჭედი, რომელიც არათითზე ეკეთა. „შვილები გყავს?“ – იკითხა სიმონმა. „პატარა ბიჭუნა მყავს“ – მიუგო რუსელოტმა, რომელსაც გული აუჩუყდა თავისი შვილის გახსენებისას. დასძინა, ძალიან მგავსო. შემდეგ სიმონმა სთხოვა, ის შინ მიეცილებინა. ტაქსიში ორივენი დუმდნენ. უყურებდნენ ფანჯრებში სინათლისა და სიბნელის ურთიერთმონაცვლეობას, რომელიც პარიზს შუა საუკუნეების რუსულ ქალაქს ამსგავსებდა, ყოველ შემთხვევაში, ისეთ ქალაქებს, რომლებსაც თავიანთ ფილმებში დროდადრო აჩვენებდნენ ხოლმე საბჭოთა რეჟისორები. ბოლოს ტაქსი ოთხსართულიან შენობასთან შეჩერდა და სიმონმა რუსელოტი შინ შეიწვია. რუსელოტი შეყოყმანდა, მაგრამ გაახსენდა, რომ სიმონისთვის ფული არ ჰქონდა გადახდილი. ტაქსიდან გადმოვიდა. არ ფიქრობდა იმაზე, როგორ დაბრუნდებოდა თავის სასტუმროში (ამ რაიონში არც ისე ბევრი ტაქსი იყო). სანამ შენობაში შევიდოდა, ქალს ბანკნოტების დასტა გაუწოდა, ისე, რომ არ დაუთვლია. სიმონმა ფული ჩანთაში ჩაიდო და მასაც არ დაუთვლია თანხა.
შენობაში ლიფტი არ იყო. როდესაც მეოთხე სართულზე ავიდნენ, რუსელოტი უკვე ქოშინებდა. ნახევრად ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში დედაბერი მოთეთრო ლიქიორს სვამდა. რუსელოტი მიუჯდა დედაბერს, რომელმაც მასაც დაუსხა ეს ამაზრზენი სითხე, ხოლო სიმონი მეორე ოთახის კარს მიღმა გაუჩინარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ გამოჩნდა და რუსელოტს ხელი დაუქნია – ანიშნა, შემოდიო. „ნეტავ, რა უნდა?“ – გაიფიქრა რუსელოტმა.
პატარა ოთახში იდგა საწოლი, რომელზეც ბიჭუნას ეძინა. „ჩემი შვილია“ – თქვა სიმონმა. „ლამაზია“, – შენიშნა რუსელოტმა. ასეც იყო, მაგრამ შესაძლოა, იმიტომ, რომ ბავშვს ეძინა. ქერა თმა ჰქონდა და დედას წააგავდა, თუმცა მის ბავშვურ სახეს უკვე ბიჭური იერი ჰქონდა. როდესაც რუსელოტი სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, სიმონი გასამრჯელოს უხდიდა დედაბერს, რომელიც შემდეგ დაემშვიდობა მადამ სიმონს, სტუმარს ღამე მშვიდობისა უსურვა და „სერ“ უწოდა. რუსელოტი ფიქრობდა, რომ მისი წასვლის დრო იყო, მაგრამ სიმონმა უთხრა, შეგიძლია ეს ღამე ჩემთან გაატაროო. „ოღონდ ჩემს საწოლში ვერ დაგაძინებ“, – თქვა მან. არ უნდოდა, რომ შვილს გაღვიძებისას უცხო კაცთან მწოლიარე დედა ეხილა. მათ მთელი ღამე სიმონის ოთახში გაატარეს, შემდეგ კი რუსელოტი სასტუმრო ოთახში გამოვიდა, დივანზე დაწვა და დაიძინა. მომდევნო დღე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოჯახურ გარემოცვაში გაატარა. ბიჭუნას მარკი ერქვა. რუსელოტის აზრით, ჭკვიანი ბავშვი იყო (და ფრანგულად მასზე უკეთ ლაპარაკობდა). რომანისტი ფულს არ იშურებდა: მათ პარიზის ცენტრში ისაუზმეს, პარკში გაიარ-გამოიარეს და ისადილეს ვერნეის ქუჩაზე განლაგებულ რესტორანში, რომლის შესახებაც რუსელოტს ბუენოს აირესში უყვებოდნენ; შემდეგ ტბაზე ნავით ისეირნეს და, ბოლოს, ეწვივნენ სუპერმარკეტს, სადაც სიმონმა ნამდვილი ფრანგული სადილისთვის საჭირო სურსათ-სანოვაგე იყიდა. მთელი დღე ტაქსით მგზავრობდნენ. როდესაც სენ-ჟერმენის ბულვარზე, კაფეს ტერასაზე ნაყინს ელოდებოდნენ, რუსელოტმა იცნო ორი ცნობილი მწერალი. შორიდან ტკბებოდა მათი ცქერით. სიმონმა ჰკითხა, ამ მწერლებს ხომ არ იცნობო. რუსელოტმა მიუგო, რომ არ იცნობდა, მაგრამ მათი წიგნების ერთგული მკითხველი იყო. „მიდი და ავტოგრაფი გამოართვი“, – ურჩია სიმონმა.
რუსელოტმა თავდაპირველად ეს სავსებით გონივრულ, ბუნებრივ ნაბიჯად მიიჩნია, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყვიტა, რომ უფლება არ ჰქონდა თავი მოებეზრებინა ვინმესთვის, მით უმეტეს, მათთვის, ვისითაც ყოველთვის აღფრთოვანებული იყო. იმ ღამეს სიმონის საწოლში ეძინა. ერთმანეთს პირზე ხელს აფარებდნენ, რომ მათ კვნესას ბავშვი არ გაეღვიძებინა და სიყვარულს საათობით ეძლეოდნენ, ზოგჯერ გაშმაგებითაც, ისე, თითქოს ეს ერთადერთი რამ იყო, რაც შეეძლოთ. მეორე დღეს რუსელოტი თავის სასტუმროში მანამ დაბრუნდა, სანამ ბავშვი გაიღვიძებდა.
სასტუმროში მისი ჩემოდანი ქუჩაში არ გამოუდგამთ და არც არავის გაჰკვირვებია, როდესაც რუსელოტი მოჩვენებასავით მოულოდნელად გამოჩნდა. პორტიეს დახლზე ეწყო ორი შეტყობინება რიკელმესგან. პირველში ეწერა, რომ რიკელმემ შეიტყო, როგორ შეიძლებოდა მორინისთან დაკავშირება. მეორეში კი რიკელმე კითხულობდა, კიდევ სურდა თუ არა რუსელოტს მასთან შეხვედრა.
რუსელოტმა იბანავა, პირი გაიპარსა, კბილები გაიხეხა (რა უსიამოვნო რამაა), სუფთა ტანისამოსი ჩაიცვა და რიკელმეს დაურეკა. დიდხანს ლაპარაკობდნენ. რიკელმემ რუსელოტს უამბო, რომ მისი მეგობარი, ესპანელი ჟურნალისტი, იცნობდა ერთ ფრანგ ჟურნალისტს, რომელიც მორინის მეგობარი იყო და აქამდე ინახავდა მისი ტელეფონის ნომერს. შემდეგ რიკელმემ და ესპანელმა ჟურნალისტმა დაურეკეს მორინის და გაუხარდათ, როდესაც ვიღაც ქალმა უთხრა, ეს ნამდვილად კინორეჟისორის რეზიდენცია არისო.
ახლა ისღა დარჩენოდათ, რომ რაიმე საბაბით (ასეთი, მაგალითად, შეიძლებოდა ყოფილიყო ინტერვიუ რომელიმე არგენტინული გაზეთისთვის) მოეწყოთ შეხვედრა, რომელზე დასწრებაც სურდათ რიკელმესაც და ესპანელ ჟურნალისტსაც. შეხვედრას მოულოდნელი ფინალი უნდა ჰქონოდა. „რა ნიშნავს მოულოდნელი ფინალი?“ – იკითხა რუსელოტმა. „მოულოდნელი ფინალი მაშინ დადგება, როდესაც ცრუჟურნალისტი თავის ჭეშმარიტ ვინაობას გაუმხელს პლაგიატორს“, – მიუგო რიკელმემ.
ერთ ღამეს, როდესაც რუსელოტი სენას სანაპიროს ფოტოსურათებს იღებდა, მასთან მაწანწალა მივიდა და ხურდა ფული სთხოვა. რუსელოტი ბანკნოტს დაჰპირდა, თუკი ფოტოსურათების გადაღებაზე დათანხმდებოდა. მაწანწალა დათანხმდა. ერთხანს ისინი მდუმარედ მიდიოდნენ და დროდადრო ჩერდებოდნენ, რათა არგენტინელს მაწანწალისთვის ფოტოსურათი გადაეღო. სულ რვა ფოტოსურათი გადაიღო: ჩაჩოქილი მაწანწალა, რომელსაც ხელები ფართოდ გაეშალა; ძელსკამზე ვითომდა ჩაძინებული; მდინარის პირას მდგარი; მოღიმარი, მისასალმებლად აწეული ხელით და ა. შ… როდესაც ფოტოსესია დამთავრდა, რუსელოტმა მაწანწალას მისცა ორი ბანკნოტი და მთელი ხურდა ფული, რაც კი ჯიბეში ედო. შემდეგ ისინი ერთად წამოდგნენ, თითქოს სურდათ კიდევ რაღაც ეთქვათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ამის თქმა. „საიდან ხარ“? – ჰკითხა მაწანწალამ. „ბუენოს აირესიდან, არგენტინიდან“ – მიუგო რუსელოტმა. „საოცარია“, – თქვა ესპანურად მაწანწალამ. – „მეც არგენტინელი ვარ“. რუსელოტს ეს სულაც არ გაჰკვირვებია. მაწანწალამ ტანგოს მელოდიის ღიღინი დაიწყო, შემდეგ კი მოყვა, რომ თხუთმეტი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა ევროპაში და აქ დაბრძენდა კიდეც. რუსელოტმა იაზრა, რომ მაწანწალა უკვე ფამილიარულად ელაპარაკებოდა, თუმცა ფრანგულ ენაზე საუბრისას სხვაგვარად იქცეოდა. თითქოს ხმა და კილოც კი შეეცვალა. რუსელოტი ღრმა სევდამ მოიცვა, თითქოს იცოდა, რომ დღის ბოლოს უფსკრულში ჩახედვა მოუწევდა. მაწანწალამ ეს შეამჩნია და ჰკითხა, რა გაწუხებსო.
„არაფერი“, – მიუგო რუსელოტმა იმავე კილოთი, რომლითაც მისი თანამემამულე ლაპარაკობდა. შემდეგ სწრაფად დაემშვიდობა და როდესაც სანაპიროდან კიბით ადიოდა ქუჩაზე, მოესმა მაწანწალას ხმა: „ენცო კერუბინი მქვია და გეუბნები, რომ სიკვდილი ერთადერთი უეჭველი რამაა, რაც კი არსებობს“. როდესაც რუსელოტი შეტრიალდა, დაინახა, რომ მაწანწალა საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა.
რუსელოტმა იმ ღამეს სიმონს დაურეკა, მაგრამ ქალი შინ არ იყო. ცოტა ხანს ელაპარაკა დედაბერს, რომელიც ბავშვს უვლიდა და შემდეგ ყურმილი დაკიდა. ათ საათზე რიკელმე ეწვია. რუსელოტს გარეთ გასვლა არ უნდოდა და რიკელმეს უთხრა, სიცხე მაქვს და გულისრევას ვგრძნობო, მაგრამ არაფერი გაუვიდა. სამწუხაროდ, პარიზს მისი მეგობარი ერთგვარ სტიქიად ექცია, რომელიც ყოველგვარ წინააღმდეგობას სძლევდა. იმ საღამოს მათ ივახშმეს პატარა რესტორანში, რასინის ქუჩაზე. აქ მათ შეუერთდა ჟურნალისტი პაკო მორალი, რომელიც ძალზე უხეიროდ ჰბაძავდა ბუენოს აირესის მცხოვრებთა კილოს და ფიქრობდა, რომ ესპანური ღვინო ჯობია ფრანგულს, გაცილებით უფრო სხეულიანი იყო. ამ შეხედულებას რიკელმეც იზიარებდა.
ვახშამი გაცილებით უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე რუსელოტი თავდაპირველად ვარაუდობდა. მან თავი შეუძლოდ იგრძნო. როდესაც დილის ოთხ საათზე თავის სასტუმროში დაბრუნდა, სიცხე ჰქონდა და აღებინა კიდეც. შუადღისას გაეღვიძა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს პარიზში უკვე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ქურთუკის ჯიბიდან თავისი მობილური ტელეფონი ამოიღო და მორინის დაურეკა. იმავე ქალმა უპასუხა, რომელიც პირველად დარეკვისას დაელაპარაკა და უთხრა, ბატონი მორინი ამ დილით მშობლების მოსანახულებლად გაემგზავრაო. რუსელოტმა თავდაპირველად გაიფიქრა, რომ ქალი ცრუობდა ან რომ რეჟისორმა მოატყუა ქალი. მან უთხრა ქალს, რომ არგენტინელი ჟურნალისტი იყო და სურდა მორინისთვის ინტერვიუ ჩამოერთმია, შემდეგ კი გამოექვეყნებინა თავის მრავალტირაჟიან ჟურნალში, რომელსაც მთელ სამხრეთ ამერიკაში კითხულობდნენ, არგენტინიდან მექსიკამდე. მისი თქმით, არც ისე ბევრი დრო ჰქონდა, რადგან ორი დღის შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. შემდეგ მორიდებით იკითხა მორინის მშობლების მისამართი. ქალმა დაუსახელა სოფელი ნორმანდიაში, აცნობა ქუჩის სახელწოდება და სახლის ნომერი.
რუსელოტმა მადლობა გადაუხადა ქალს, შემდეგ კი სიმონს დაურეკა. ყურმილი არავინ აიღო. უეცრად მიხვდა, რომ არ იცოდა ახლა კვირის რომელი დღე იყო. გადაწყვიტა, სასტუმროს რომელიმე თანამშრომლისთვის ეკითხა, მაგრამ მოერიდა. დაურეკა რიკელმეს, რომელმაც ხრინწიანი ხმით უპასუხა. რუსელოტმა ჰკითხა, იცოდა თუ არა იმ სოფლის ადგილმდებარეობა, სადაც მორინის მშობლები ცხოვრობდნენ. „მორინი ვინაა?“ – იკითხა რიკელმემ. რუსელოტი იძულებული გახდა, მოეთხრო მისთვის თავისი თავგადასავლის ნაწილი. „წარმოდგენა არა მაქვს“, – თქვა რიკელმემ და ყურმილი დაკიდა. რუსელოტი ცოტათი გაღიზიანდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი რიკელმე ამ საქმისადმი ინტერესს დაკარგავდა. ჩემოდნები ჩაალაგა და სადგურს მიაშურა.
ნორმანდიამდე შორი გზა იყო და რუსელოტი შეეცადა გაეხსენებინა, რას შვრებოდა პარიზში ჩამოსვლის დღის შემდეგ. მის ცნობიერებაში ნული ამოტივტივდა, შემდეგ კი გაქრა. მატარებელი რუანში შეჩერდა. სხვაგვარ ვითარებაში რუსელოტი დაუყოვნებლივ გაემართებოდა ქალაქში, რათა მაძებარი ძაღლივით ყნოსვით მიეკვლია ფლობერის სახლამდე, მაგრამ ახლა სადგურიდან არც კი გასულა. კანამდე მიმავალ მატარებელს ოცი წუთი ელოდა, თან ფიქრობდა სიმონზე, რომელიც ისეთივე მოხდენილი იყო, როგორც ყველა ფრანგი ქალი; ფიქრობდა რიკელმესა და მის უცნაურ მეგობარ ჟურნალისტზე, რომლებსაც გაცილებით მეტად აინტერესებდათ საკუთარი უიღბლო ცხოვრება, ვიდრე სხვისი თავგადასავალი, როგორი უცნაურიც უნდა ყოფილიყო ის, რაც არც ისე უჩვეულო იყო. ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ცხოვრება აინტერესებთო, დაასკვნა სერიოზულად.
კანიდან ლე ამელამდე ტაქსით მივიდა. გაუკვირდა, რომ იმ მისამართზე, რომელიც პარიზში მისცეს, სასტუმრო იყო განლაგებული. ოთხსართულიანი, კოხტა სასტუმრო ზამთრის სეზონის გამო დაეკეტათ. რუსელოტი ნახევარი საათის განმავლობაში სასტუმროს მიდამოებში დაეხეტებოდა და ფიქრობდა, მორინისთან მცხოვრებმა ქალმა მომატყუაო. ნავსადგურისკენ გაემართა და ბარში შევიდა, სადაც ფერმკრთალმა, წითურა მეპატრონემ ურჩია, გამგზავრებულიყო არომანშში, თუკი არ სურდა, ღამე რომელიმე ფუნდუკში გაეთენებინა. რუსელოტმა მადლობა გადაუხადა და ტაქსის საძებრად წავიდა.
ის დაბინავდა არომანშის აგურის, ხისა და ქვისგან ნაგებ სასტუმროში, რომელიც ძლიერი ქარისგან ზრიალებდა. ამაღამ პრუსტი დამესიზმრებაო, გაიფიქრა. შემდეგ სიმონს დაურეკა და დაელაპარაკა დედაბერს, რომელიც სიმონის შვილს უვლიდა. „ქალბატონი ოთხი საათისთვის დაბრუნდება. დღეს ქეიფობს“. „რა თქვით?“ – ჰკითხა რუსელოტმა. დედაბერმა ნათქვამი გაიმეორა. „ღმერთო ჩემო“, გაიფიქრა რუსელოტმა და ყურმილი დაუმშვიდობებლად დაკიდა. კიდევ უფრო უარესი – მას დაესიზმრა არა პრუსტი, არამედ – ბუენოს აირესი, სადაც ათასობით რიკელმე იმყოფებოდა პენ-კლუბის არგენტინულ განყოფილებაში, ყველას პარიზში წასასვლელი ბილეთი ჰქონდა, ილანძღებოდნენ ან გაიძახოდნენ ვიღაცის ან რაღაცის სახელს, რომელიც რუსელოტმა ვერ გაარჩია ან, შესაძლოა, ეს იყო პაროლი, რომლის საიდუმლოდ შენახვაც სურდათ და რომელიც მათ თითქოს შიგნიდან ღრღნიდა.
მეორე დილას, საუზმობისას, გაოგნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ფული აღარ ჰქონდა. ლე ამელს არომანშისგან სამი ან ოთხი კილომეტრი აშორებდა. იმისთვის, რომ თავი გაეხალისებინა, რუსელოტმა გაიხსენა, რომ 1944 წლის 6 ივნისს ამ სანაპიროზე მოკავშირეთა ჯარები გადმოსხდნენ. ეგონა, რომ ლე ამელამდე ნახევარ საათში მიაღწევდა, მაგრამ ამისთვის ორჯერ მეტი დრო დასჭირდა. გზაში ითვლიდა, რამდენი ფული ჩამოიტანა ევროპაში, რამდენი დახარჯა საჭმელზე, სიმონზე (საკმაოდ ბევრიო, მელანქოლიურად გაიფიქრა), რიკელმეზე, ტაქსიზე (ტაქსისტები განუწყვეტლივ ყვლეფდნენ) და თავს ეკითხებოდა, ხომ არ გაძარცვეს ის, რაც მხოლოდ ესპანელ ჟურნალისტსა და რიკელმეს შეეძლოთ. ეს აზრი არც ისე აბსურდული იყო.
მორინის სასტუმროს პლაჟიდან აკვირდებოდა. ჩემს ადგილას ნებისმიერი სხვა ადამიანი უკვე ფარ-ხმალს დაყრიდაო, გაიფიქრა. სასტუმროსთან ბოლთის ცემა სრული იდიოტიზმი იქნებოდა, რომელიც, რუსელოტის აზრით, პარიზული იყო ან კიდევ – კინემატოგრაფიული, ან ლიტერატურულიც კი, თუმცა მისთვის სიტყვა „ლიტერატურულს“ თავისი ოდინდელი ბრწყინვალება შეენარჩუნებინა, ნაწილობრივ მაინც. მის ადგილას ნებისმიერი სხვა ადამიანი დარეკავდა არგენტინის საელჩოში, მოიგონებდა დამაჯერებელ ტყუილს და ცოტაოდენ ფულს ისესხებდა, რათა სასტუმროში ცხოვრების ხარჯი გადაეხადა. მაგრამ საელჩოში დარეკვის ნაცვლად რუსელოტმა სასტუმროს კარზე დარეკა. მეორე სართულის ფანჯრიდან მოხუცებულმა ქალმა გადმოიხედა და იკითხა, ვინ გნებავთო. არ გაჰკვირვებია, როდესაც რუსელოტმა უპასუხა, თქვენს ვაჟიშვილს ვეძებო. მოხუცებული გაუჩინარდა და რუსელოტი ძალზე დიდხანს იცდიდა კართან.
განუწყვეტლივ ისინჯავდა მაჯისცემას და ხელს შუბლზე იდებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ავად არ იყო. როდესაც, ბოლოს, კარი გაიღო, გამხდარი შავგვრემანი სახე და შეშუპებული თვალები დაინახა; გადაწყვიტა, რომ ეს დეგენერატის სახე იყო და მოეჩვენა, რომ ის სადღაც ენახა. მორინიმ რუსელოტი სახლში შეიპატიჟა. „ოცდაათ წელზე მეტია, რაც ჩემი მშობლები ამ სასტუმროს დარაჯებად მუშაობენ“, – თქვა მან. ისინი ვესტიბიულში დასხდნენ, სადაც სავარძლებზე, მტვრისგან დასაცავად, უზარმაზარი ზეწრები ეფარა. ერთ კედელზე ეკიდა სურათი, რომელზეც ლე ამელის პლაჟები და Belle Époque-ის კოსტიუმებში გამოწყობილი მობანავეები იყვნენ გამოსახულნი, ხოლო საპირისპირო კედელზე ეკიდა სახელგანთქმულ კლიენტთა (ასე გაიფიქრა რუსელოტმა) პორტრეტები, რომლებიც თითქოს მას აკვირდებოდნენ. რუსელოტი შეკრთა. „ალვარო რუსელოტი ვარ“, – თქვა მან, – „მარტოობის“ ავტორი, უფრო სწორად, ავტორი წიგნისა „ღამეები პამპებში“.
მორინის რამდენიმე წამი დასჭირდა, რათა სტუმრის ნათქვამი გაეაზრებინა, შემდეგ წამოხტა, შიშით რაღაც წამოიყვირა და დერეფანში გაუჩინარდა. რუსელოტი ამგვარ რეაქციას არ მოელოდა. სიგარეტს მოუკიდა (ფერფლი ნაწილ-ნაწილ ცვიოდა ხალიჩაზე) და ფიქრობდა სიმონსა და მის ვაჟიშვილზე, პარიზის კაფეზე, სადაც მუშტრებს საუკეთესო კრუასანებით უმასპინძლდებოდნენ. შემდეგ წამოდგა და მორინის გასძახა: „ყმაწვილო!“, და კვლავ, გაურკვეველი მიმართულებით, „ყმაწვილო, ყმაწვილო, ყმაწვილო!“
რუსელოტმა მორინი იპოვა სხვენზე, სადაც სასტუმროს დასალაგებელი მოწყობილობა ინახებოდა. ფანჯარა გააღო და მოინუსხა გარემომცველი ბაღით და კიდევ ერთი, მეზობელი სახლის ბაღით, რომელიც შავ მესერში მოჩანდა. მორინისთან მივიდა და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა. მორინი ახლა თითქოს უფრო გამხდარი და გალეული იყო, ვიდრე – ადრე. შემდეგ რუსელოტმა ქაღალდის ფურცელზე დაწერა თავისი მისამართი პარიზში, ასევე – მისამართი არომანშის სასტუმროსი, სადაც ახლა ცხოვრობდა, და კინორეჟისორს ეს ფურცელი ჯიბეში ჩაუდო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს საძრახისი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ როდესაც არომანშში ბრუნდებოდა, მიიჩნია, რომ საძრახისი, უაზრო და სასაცილო იყო მისი ცხოვრება პარიზში. თავი ხომ არ მოვიკლაო, ფიქრობდა, როდესაც ზღვის ნაპირს მიუყვებოდა.
არომანშში დაბრუნებისას ისე მოიქცა, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი გონიერი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ფული გამოელია: სიმონს დაურეკა, ვითარება აუხსნა და ფული სთხოვა სესხად. სიმონმა თქვა, სუტენიორი არ მჭირდებაო, რაზეც რუსელოტმა მიუგო, რომ ფულს სესხად სთხოვდა და ამ თანხას პროცენტებით დაუბრუნებდა. ამაზე ორივეს გაეცინა და სიმონმა უთხრა, სასტუმროში დარჩი, რომელიმე მეგობარს მანქანას ვთხოვ, რამდენიმე საათში არომანშში ჩამოვალ და პარიზში წაგიყვანო. რამდენჯერმე chéri[1] უწოდა, რუსელოტმაც ალერსით მიმართა: chérie. საღამოს რუსელოტმა გაიცნობიერა, რომ ის მართლაც არგენტინელი მწერალი იყო, რაშიც ეჭვი ეპარებოდა წინა დღეებში; შესაძლოა, წინა წლებშიც, ნაწილობრივ, იმიტომ, რომ თავის თავში დარწმუნებული არ იყო და, ასევე, იმიტომაც, რომ დარწმუნებული არ იყო არგენტინული ლიტერატურის არსებობაში.
[1] ძვირფასო (ფრ.)
© არილი