
ინგლისურიდან თარგმნა თამარ მღებრიშვილმა
„ცხოვრება უფსკრულზე გადაჭიმული ზეწარია, ჩვენ კი მასზე ნიღბიანი აკრობატებივით ვცხოვრობთ“
ჰან კანგი
2024 წელს ჰან კანგი გახდა პირველი სამხრეთკორეელი მწერალი და პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ჰანს ჯილდო გადაეცა “ექსპრესიული პოეტური პროზისთვის, რომელიც თვალს უსწორებს ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ადამიანური ცხოვრების სიმყიფეს”. ჰან კანგს 2016 წელს რომანისთვის -„ვეგეტარიანელი“ – მიღებული აქვს ბუკერის საერთაშორისო პრემიაც.
მწერალი 1970 წელს სამხრეთ კორეის ქალაქ გვანგჯუში დაიბადა, რომელიც ცნობილია პოლიტიკური აჯანყებებით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც მწერლის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ისე მის ლიტერატურულ გზაზე. კანგი სულ რაღაც ცხრა წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სეულში გადავიდა, ზუსტად ოთხი თვით ადრე, 1980 წლის გვანგჯუს აჯანყების სასტიკ ჩახშობამდე.
1970-იანი წლები სამხრეთ კორეაში პოლიტიკური დაძაბულობითა და მღელვარებით გამორჩეული პერიოდია, თითქმის ოცწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, 1979 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი პაკ ჩუნ-ჰი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი დემოკრატიული რეფორმებისკენ იმედს აჩენდა, ეს იმედები მალევე გაქრა – გენერალმა ჩუნ-დუ ჰვანმა ძალაუფლება ხელში სამხედრო გადატრიალებით ჩაიგდო.
1980 წელს მან დახურა უნივერსიტეტები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები, დააპატიმრა მათი ლიდერები და ჩაახშო პრესა. სწორედ ჩუნ-დუ ჰვანის დიქტატურის წინააღმდეგ გაერთიანდნენ სტუდენტები, რასაც აჯანყების ძალადობრივი ჩახშობა მოჰყვა.
გვანგჯუს აჯანყება მხოლოდ ისტორიული ტრაგედია არ ყოფილა — ის იქცა დემოკრატიული წინააღმდეგობის სიმბოლოდ. მცირერიცხოვანი მოქალაქეების გამბედაობამ საფუძველი ჩაუყარა 1980-იანი წლების მასობრივ მოძრაობებს, რომლებმაც საბოლოოდ 1987 წელს სამხრეთ კორეაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება განაპირობა.
ჰან კანგის შემოქმედება ამ აჯანყებისგან მიღებული ტკივილის ერთგვარ რეფლექსიად იქცა, როგორც თავად ამბობს, იმ შემთხვევითმა გადარჩენამ მასში „გადარჩენის დანაშაულის“ გრძნობა გააღვიძა — შეგრძნება, რომელიც დღემდე თან სდევს.
ჰანი წიგნებით სავსე გარემოში გაიზარდა, მამამისი, რომელიც ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ კი მწერალი (თუმცა წარმატებული სამწერლო კარიერა ვერ შექმნა), მნიშვნელოვნად მონაწილეობდა ჰან კანგის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში. 2023 წელს Guardian-თან ინტერვიუში ჰანმა თქვა:
ჩემთვის წიგნები ნახევრად ცოცხალი არსებები იყვნენ. მაშინაც კი, როცა ოჯახს საცხოვრებლის ხშირი შეცვლა გვიწევდა, წიგნები ჩემთვის უსაფრთხო თავშესაფარი იყო. სანამ ახალ უბანში ვინმეს დავუმეგობრდებოდი, მთელი ამ დროის განმავლობაში სწორედ ისინი მიცავდნენ.
ჰან კანგმა კორეული ენა და ლიტერატურა შეისწავლა სეულის იონსეს უნივერსიტეტში, რომელიც 1993 წელს დაამთავრა. სწორედ ამ წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები კორეულ ლიტერატურულ ჟურნალში, რასაც მალევე მოჰყვა აღიარება — 1994 წელს მან ლიტერატურული პრემია მოიპოვა გაზეთ „Seoul Shinmun-ის“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონკურსში.
1995 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებულიYeosu, რითაც მკითხველმა ჰანისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილის ამოცნობა შეძლო. 1998 წელს ჰან კანგი აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო ლიტერატურულ პროგრამაზე (International Writing Program) მიიწვიეს, ამავე წელს გამოქვეყნდება მისი პირველი რომანიც შავი ირემი.
ჰან კანგის ლიტერატურული ხედვა მნიშვნელოვნად არის ფორმირებული როგორც ბავშვობაში განცდილი პოლიტიკური ბატალიებით — მათ შორის, გვანგჯუს აჯანყებით — ასევე პოეზიაში გადადგმული პირველი ნაბიჯებით. მისი პროზა ხასიათდება ექსპერიმენტული სტრუქტურით, მეტაფორულობითა და სოციალური თუ ფსიქოლოგიური თემების სიუხვით.
2016 წლის The White Review-თან ინტერვიუში, ავტორი საკუთარ ლიტერატურულ მიდგომას ასე აღწერს:
„ადამიანური ყოფის დიაპაზონი, რომელიც დიადსა და სასტიკს შორის მერყეობს, ჩემთვის ბავშვობიდანვე რთულ საშინაო დავალებას ჰგავდა. ჩემი ნაწარმოებები სწორედ ამ თემის ვარიაციებად შეიძლება ჩაითვალოს.“
ქვემოთ მოცემული ინტერვიუ კი 2023 წელს, ნობელის მიღებამდე ერთი წლით ადრე ჩაიწერა.
– თქვენ იყავით ბუკერის საერთაშორისო პრიზის პირველი მფლობელი მას შემდეგ, რაც 2016 წელს წესები შეიცვალა. როგორი გრძნობა იყო გამარჯვება და რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
– ვეგეტარიანელი 2003-2005 წლებში დავწერე და რომანის სახით 2007 წელს გამოვაქვეყნე. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ საკმაოდ უცნაური იყო (კარგი თვალსაზრისით) ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოპოვება 2016 წელს, ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ. ამ პრიზის მიღების შემდეგ, ჩემი სხვა წიგნები, მათ შორის ადამიანური ქმედებები, თეთრი წიგნი და ბერძნულის გაკვეთილები, ისევე როგორც ჩემი უახლესი რომანი — ჩვენ არ ვშორდებით —რამდენიმე ენაზე ითარგმნა. მადლობელი ვარ, რადგან ბუკერის საერთაშორისო პრემია მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩემს წიგნებს სხვადასხვა კულტურის მქონე მკითხველის შეძენაში.
– თქვენ ასევე იყავით პირველი კორეელი მწერალი, რომელიც ამ პრიზზე იყო ნომინირებული და გაიმარჯვა კიდეც. ფიქრობთ, რომ თქვენმა გამარჯვებამ კორეულ ლიტერატურას უფრო მეტი აღიარება მოუტანა, თუ მას საერთაშორისო დონის აღიარება მანამდეც ჰქონდა?
– იმ დროს უკვე არსებობდნენ შესანიშნავი კორეელი პოეტები და მწერლები, როგორიცაა მაგალითად კიმ ჰიესონი, რომლის ნაწარმოებებიც ინგლისურად ითარგმნა. ახლა უფრო და უფრო მეტი კორეელი მწერლის რომანები ითარგმნება და ქვეყნდება საზღვარგარეთ. ბოლო წლებში კორეულ ლიტერატურაზე მომუშავე მთარგმნელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა – ეს ფენომენი, როგორც ჩანს, მჭიდრო კავშირშია კორეული კინოსა და პოპ-მუსიკის გლობალურ წარმატებასთანაც.
– რომანი დაფუძნებულია 1997 წელს დაწერილ თქვენს მოთხრობაზე ჩემი ქალის ნაყოფი. რამ შთაგაგონათ, რომ ის რომანად, ან სამნაწილიან ტექსტად გექციათ?
– ჩემი ქალის ნაყოფის დაწერის შემდეგ, იმედი მქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავწერდი ვარიაციას ამ ამბავზე. მხოლოდ ორი სრულფასოვანი რომანის დაწერის შემდეგ შევძელი ამის გაკეთება ჩემს მესამე რომანში ვეგეტარიანელი. კერძოდ, ვეგეტარიანელის პირველი ნაწილი პირვანდელი მოთხრობის მრავალ ფორმალურ ნიუანსს ინახავს. მაგალითად, ქმარი იღებს არასანდო მთხრობლის როლს და ქალი პერსონაჟის ხმა მხოლოდ ნაწილობრივ ჩნდება, სიზმრებში ან დედისადმი მიმართულ მონოლოგებში. განსხვავება ამ ორ ისტორიას შორის ქალზე, რომელიც ხდება – ან სურს გახდეს – მცენარე, მდგომარეობს სიბნელის, ვნებისა და ინტენსივობის დონეში. ვეგეტარიანელი გაცილებით მძიმე, უფრო ინტენსიური და მტკივნეული ტექსტია; აქ არაფერი ზებუნებრივი არ ხდება, როგორც ჩემი ქალის ნაყოფში და პერსონაჟები, რომლებიც სასტიკი რეალობის შუაგულში ექცევიან, თვითგანწირულობაში იძირებიან. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ რომანის გმირს ჰყავს და, რაც თვითიდენტიფიკაციის უცნაურ განცდას აჩენს.
– ვეგეტარიანელი 20-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. განსხვავებული იყო თუ არა რომანთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები და რეაქციები სხვადასხვა ქვეყანაში და რომელიმე ამ რეაქციამ თუ გაგაკვირვათ? მიიპყრო თუ არა მან სხვადასხვა ტიპის მკითხველის (მაგალითად, ახალგაზრდა მკითხველების) ყურადღება?
– მართლაც საინტერესოა, როგორ განსხვავდება ინტერპრეტაცია სხვადასხვა კულტურასა და თაობებს შორის, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს, არის თავად რომანის მიღება ზოგადად. მაგალითად, ის განსაკუთრებულად სწორად აღიქვეს და გაიგეს ქალმა მკითხველებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
– ინგლისური გამოცემისთვის თქვენ მუშაობდით წიგნის მთარგმნელთან, დებორა სმიტთან ერთად (სმიტი თვითონ სწავლობდა კორეულს და ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც მან თარგმნა). როგორი იყო ეს გამოცდილება და რით განსხვავდებოდა სხვა ენებზე თარგმნის პრაქტიკისგან? როგორი გრძნობა იყო, როცა თარგმანის გარშემო კამათი გიწევდათ?
– მე არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ მთარგმნელმა შეგნებულად შელახა ორიგინალი. არც იმის მჯერა, რომ მან სრულიად ახალი, ორიგინალისგან განსხვავებული ტექსტი შექმნა. შეცდომები გასწორებულია და თარგმნა თავისი ბუნებით უაღრესად რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც ყოველთვის გულისხმობს როგორც დანაკარგს, ასევე რაღაცის აღმოჩენას. ლირიზმი, რიტმულობა, პოეტური მგრძნობელობა, აზრობრივი შრეები, ორიგინალი ენის ღრმად ფესვგადგმული კულტურული კონტექსტი – ყველაფერი, რაც მხოლოდ ამ ენაშია შესაძლებელი – გარდაუვალად იკარგება სხვა ენაზე თარგმნის პროცესში.
მთარგმნელის წინაშე არსებული რთული ამოცანაა ამ დანაკარგის ბნელ გვირაბში გზის გაკვლევა და ორიგინალთან მაქსიმალურად ახლოს მდგომი შესატყვისებისა და ანალოგიების პოვნა.
პირველად ვეგეტარიანელის ინგლისურენოვან ტექსტს მაშინ გავეცანი, როდესაც გამომცემლობა Granta Books-მა წიგნის პირველი ბეჭდური ვერსია გამომიგზავნა. იმ დროს იმდენად ვიყავი ჩართული რომანის – ადამიანური ქმედებები – წერაში, რომ, გულწრფელად რომ ვთქვა, დაახლოებით სამი-ოთხი საათი ვკითხულობდი ხელნაწერს ისე, რომ ლექსიკონში არც ერთი სიტყვა არ მომიძებნია. კითხვის პროცესში რამდენიმე შეცდომა შევნიშნე და ამასთან დაკავშირებით დებორას რამდენიმე მეილიც გავუგზავნე. ამით შემოიფარგლა ჩემი ჩართულობა ვეგეტარიანელის თარგმნის პროცესში.
თუმცა 2015 წელს, როცა დებორა ადამიანურ ქმედებებზე მუშაობდა, იმ დროისთვის არაფერს ვწერდი, რაც საშუალებას მაძლევდა უფრო მრავლისმომცველი დიალოგი მქონოდა მასთან. ხოლო 2017 წელს, როცა დებორამ თეთრი წიგნი თარგმნა, ჩვენ ერთად ვადარებდით თარგმანსა და ორიგინალ ტექსტს.
მოგვიანებით, როცა ვეგეტარიანელის თარგმანის გარშემო ცხარე კამათი დაიწყო, ვინატრე, რომ იმ თარგმანსაც ისეთივე ყურადღებით მივდგომოდი, როგორც ადამიანურ ქმედებებს. სინამდვილეში, ალბათ ჯობდა, მაშინვე დამექირავებინა ექსპერტი, ვინც ორიგინალსა და თარგმანს წინადადება წინადადებით შეადარებდა.
მთელი დისკუსია, როგორც ჩანს, ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პირველი საკითხი იყო თარგმანში დაშვებული შეცდომები, მათ შორის ჩინური იეროგლიფების არასწორი გადმოტანა და კონტექსტის მცდარი გაგება იმ შემთხვევებში, როცა წინადადებაში სუბიექტი გამოტოვებული იყო — რაც კორეულ ენაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 2017 წელს დებორამ 67 შესწორება შეიტანა თარგმანში. ვეგეტარიანელის ბრიტანული და ამერიკული გამოცემები, რომლებიც 2018 წელს ხელახლა დაიბეჭდა, ისევე როგორც ის თარგმანები, რომლებიც ინგლისური ვერსიიდან შესრულდა, აღნიშნული შესწორებების მიხედვით გადამუშავდა. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თარგმანში შეცდომები აღმოაჩინა და ამის შესახებ მომწერა.
მეორე საკამათო საკითხი ეხებოდა იმას, რამდენად შორდება თარგმანი ორიგინალ ტექსტს. პრობლემა ისაა, რომ არასწორი თარგმანები ამ არგუმენტის განსამტკიცებლად მოჰყავთ.
მაგალითად, კორეული სიტყვა (cheohyeong) აღნიშნავს ცოლის უფროს დას, მაგრამ რადგან ამ სიტყვის პირველი ნაწილი (cheo) ნიშნავს „ცოლს“, ხოლო მეორე ნაწილი (hyeong) — „უფროს ძმას“, დამწყებისთვის ეს შეიძლება დამაბნეველი იყოს და მან იფიქროს, რომ ნიშნავს ცოლის უფროს ძმას. ამ შეცდომის საფუძველზე გაჩნდა მცდარი შეხედულება, თითქოს მთარგმნელმა პერსონაჟები შეცვალა.
გარდა ამისა, ინგლისურ თარგმანში ორიგინალი ტექსტიდან დაახლოებით ნახევარი გვერდი არ არის ჩართული. თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ ეს გამომცემლის სარედაქციო გადაწყვეტილება იყო. მთარგმნელმა კი ტექსტის ყოველი წინადადება გულმოდგინედ თარგმნა.
– ვეგეტარიანელი ერთდროულად სილამაზესა და საშინელებას აერთიანებს. ეს არის ისტორია, რომელიც ზოგჯერ მკაცრი და შემაშფოთებელია — ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სცენებით, იძულებითი კვებითა და სიკვდილის მუდმივი წინათგრძნობით. რა გიბიძგებთ დაწეროთ ასეთ მძიმე თემებსა და ადამიანების ქმედებებზე?
– მინდოდა, იმ კითხვებს კიდევ უფრო მივახლოებოდი, რომლებიც სამყაროსა და ადამიანობაზე მქონდა, ეს ორი დის შესახებ დაწერილი სამნაწილიანი ისტორიით შევძელი: ერთს სურს, რომ თავი დააღწიოს კაცობრიობას – უარს ამბობს ხორცის ჭამაზე და სჯერა, რომ მცენარედ იქცევა. მეორეს კი, თვითონვე ტკივილსა და შინაგან კონფლიქტში ჩაძირულს, სურს, რომ და სიკვდილისგან იხსნას. როდესაც რომანს ვწერ, მუდმივად ვცდილობ, მივუახლოვდე არა პასუხს, არამედ იმ კითხვას, რომელმაც წერა დამაწყებინა.
იმ კითხვებში ჩასაწვდომად კი, რომლებიც ადამიანობის არსს ეხებოდა, ჩემთვის გარდაუვალი იყო მსგავს ინტენსიურ სცენებთან და სახეებთან შეხება.
– რომანი სავსეა ვიზუალური სიმბოლიკითა და განმეორებადი მოტივებით. ეს დეტალები წინასწარი ჩანაფიქრის ნაწილი იყო, თუ ბუნებრივად აღმოცენდა ტექსტის წერის პროცესში? და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენთვის ამ ისტორიის ვიზუალური განზომილება?
– როდესაც პროზას ვწერ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შეგრძნებებს. მსურს, მკითხველამდე სიცოცხლით სავსე სენსორული გამოცდილება მივიტანო — სმენისა და შეხების შეგრძნებები, ვიზუალურ სახეებთან ერთად. ამ ემოციებსა და შეგრძნებებს წინადადებებში ისე ვაქსოვ, თითქოს ელექტრონული დენი გადის მათში — და, რაც საოცარია, მკითხველი ამ დენს ნამდვილად გრძნობს. ეს კავშირი ჩემთვის ყოველ ჯერზე გამორჩეული და ფენომენალურია.
– ვეგეტარიანელი 2007 წელს დაწერეთ, ხოლო 2015 წელს, როცა ის ინგლისურად ითარგმნა, ბევრმა მკითხველმა და კრიტიკოსმა იგი აღიქვა როგორც იგავი — ტაბუს დამრღვეველი ტექსტი კორეულ ეტიკეტსა და საზოგადოებაზე, ასევე პატრიარქალურ ნორმებზე. ახლა, როცა უკვე 16 წელი გავიდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალური ან სწორი რჩება ეს ინტერპრეტაცია?
– ვეთანხმები, რომ რომანი შეიძლება ჩაითვალოს იგავად პატრიარქატის წინააღმდეგ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კორეულ საზოგადოებას შეეხება. შეიძლება არსებობდეს ინტენსივობის განსხვავება, მაგრამ განა ეს უნივერსალური პრობლემა არ არის? არ მქონია მიზანი, კონკრეტულად კორეული საზოგადოების პორტრეტი შემექმნა.
– რომანში ვეგეტარიანელი მთავარი პერსონაჟის, იონჰეს, ისტორია გადმოცემულია მესამე პირების, სამი მთხრობლის საშუალებით, მაშინ როცა თავად პერსონაჟი უმეტესად დუმს… რატომ აირჩიეთ ამგვარი სტრუქტურული მიდგომა და რა მნიშვნელობა აქვს მის დუმილს ტექსტში?
– იონჰე რადიკალური და ძლიერი პერსონაჟია. მისი სურვილი, გახდეს მცენარე და საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ნაბიჯი გადადგას, აშკარა ირონიას შეიცავს — ეს მცდელობები, საბოლოოდ, სიკვდილთან კიდევ უფრო აახლოებს. თავისი პირადი ხმა, როგორც ითქვა, თითქმის არ ისმის, რადგან მისი ისტორია სხვა პერსონაჟების ნარატივში ვლინდება — ისინი ხედავენ მას, სძულთ, არასწორად აღიქვამენ, სინანულს გრძნობენ და, ბოლოს, ობიექტად აქცევენ. მკითხველი კი ნელ-ნელა ამ არასწორ ინტერპრეტაციებში აღმოაჩენს, თუ რა არის ჭეშმარიტი სიმართლე.
– ვეგეტარიანელმა მოიგო ბუკერის საერთაშორისო პრემია, Yi Sang-ის ლიტერატურული პრიზი და მოხვდა კრიტიკოსების მიერ შერჩეულ საუკეთესო წიგნების სიებში. როგორი შეგრძნება იყო, როდესაც თქვენმა წიგნმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და როგორ იმოქმედა ამ წარმატებამ თქვენს შემოქმედებასა და კარიერაზე მომდევნო წლებში?
– ვეგეტარიანელზე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ეს ნაწარმოები ამდენ მკითხველს შეიძენდა. იმ დროს ისიც კი არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა რომანის დასრულებას და დავრჩებოდი თუ არა საერთოდ მწერლად. მასზე მუშაობისას ხელის ართრიტი მქონდა, რის გამოც რომანის პირველ ორ ნაწილზე ნელი ტემპით ვმუშაობდი, ფანქრით, რომელიც მარტივად სრიალებდა ქაღალდზე. ბოლო ნაწილი კი ბურთულიანი კალმით დავწერე. დღემდე უხერხულობას ვგრძნობ, როცა ამ წიგნის „წარმატების“ შესახებ მესაუბრებიან, რადგან იონჰე, ჩემი მთავარი გმირი, ნამდვილად ვერ თავსდება „წარმატების“ სტანდარტებში.
საბოლოოდ, შევძელი იმ რთული პერიოდის გადალახვა და რომანის დასრულება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა ახალ ნაწარმოებზე მუშაობა. ვეგეტარიანელის ფინალურ სცენაში იონჰეს და უყურებს სასწრაფო დახმარების მანქანის ფანჯარას — „თითქოს პასუხს ელის. თითქოს რაღაცას აპროტესტებს.“ ჩემი შეგრძნებით, რომანი მთლიანად სწორედ ასეთ მოლოდინზეა — პასუხის მოლოდინზე, ჩუმი წინააღმდეგობის ფორმებზე. ხშირად ის კითხვები, რომლებიც ტექსტის დასრულების შემდეგ მრჩება, ბიძგს მაძლევს, რომ შემდეგი წიგნი დავწერო. ასე დაიწყო ჩემი მეოთხე რომანი — იმ ბოლო სცენაში დასმული კითხვით: როგორ უნდა შევურიგდეთ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც ერთდროულად ასეთი ლამაზია და, ამავე დროს, ძალადობრივი? ამ კითხვამ გადმოინაცვლა შემდეგ წიგნში, როგორც ახალმა საწყისმა. ასე იქმნებოდა ჩემი ნაწარმოებები დღემდე — ერთი კითხვიდან მეორეზე გადასვლით. ზაფხულში დავიწყე ახალ რომანზე მუშაობა და კვლავ ველოდები, სად მიმიყვანს პასუხი, რომელიც ტექსტის ბოლოში მელოდება.
– თქვენი აზრით, უცხო ენაზე თარგმნილი რომელი სამი კორეული ნაწარმოები უნდა წაიკითხოს მკითხველმა და რატომ?
– მკითხველს მინდა ვურჩიო ჰვან ჯონგინსის ასი ჩრდილი (თარგმანი: ჩონ იევონი), კიმ ჰე-ჯინის ჩემს ქალიშვილზე (თარგმანი: ჯეიმი ჩანგი) და ბორა ჩუნგის წყეული კურდღელი (თარგმანი: ანტონ ჰური). სამივე ნაწარმოები განსაკუთრებულია იმით, რომ მათ არ აშინებთ პირდაპირობა — ისინი თვალს უსწორებენ რეალობასა და ადამიანის შინაგან სამყაროს.
© არილი