პოეზია

გიო ძამუკაშვილი – ანა მარტინს და სხვა ლექსები

 ანა მარტინს

შენ ჩემი სიყვარულის ცხედარი ხარ.
და ჩემი საშიში მომავლის შეხსენება, ანა…
თითქოს ათიოდე მხედარიღა
შემრჩა და შენს ფეხქვეშ ჩემი ურდოები წვანან.

ლუკმაშიც მოგონება მირევია,
შენს ქალაქს, ლითონის კბილებით უჭირავს ჩემთვის გალესილი დანა,
სხივის კონტრაჟურში მტვრის გალაქტიკების ფირებია
და ღმერთებივით დიდი ხეები დგანან!

ანა…

რომ არსებობდეს ელექსირი,
რომელსაც დალევ და მანამდე იძინებ სანამ,
მტვრისგან არ აღდგები ფენიქსივით,
მართლა რომ არსებობდეს ასეთი ელექსირი, ანა.

და ჩვენს “სიყვარულთან შელექსილი”,
სიზმრის სირენების სიღრმით ადიოდეს
სუნთქვის და ღიმილის ცაში ათასობით ფრანად,
ეს ჩემი მხედარი ათიოდე
და შენი გამცვდარი სლაიდის ფერივით პრანა.

სანაპიროზე ახლა ქარია,
ხმელთაშუაზღვის ქარის სიმლაშე,
მას შემდეგ მუდამ ქარი იქნება, ანა,
“ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია”,
“და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე”,
მილენიუმებს ათვლის ამ ქარის ნანა,

რომ ჩაესმოდეთ ჩემი ყოფნის ფერმკრთალ მირაჟებს
ჩემივე “სულთათანა”,
თუ საგიჟეთში წამიყვანენ იქით კვირაში,
შენ არ გეტყვიან, ანა…

სხვა ცხოვრებაში სანამ გნახავდე,
მე თვითონ უნდა გავაქრო კვალი,
ჯერ ეს ცხოვრება უნდა გავაქრო, ანა,
ჩემს დამარხვამდე
ზღვას არ ეყოფა ქვიშა და წყალი,
ჩვენს ნაფეხურებს როგორ წაშლის მთვარის მოქცევის ხანა!

განა ბოდვაა, ცაზე ამბავს ვკითხულობ ასე,
პარეიდოლურს განა,
რუხი დევები იზმორებიან ქალაქის თავზე,
წვანან და ღრუბლებს ჰგვანან!

ან ამ ძარღვებში გამდინარე ყინვა რისია,
ვისი სიცილის ძალა,
ან სიყვარულის ამ შეწყვეტილ კოსმომისიას
რა უნდა ვუყო ასე კენტად და ცალად,

ილუზიისთვის გზა არასდროს არ მიმიცია
და ახლა თითქოს ღია კოსმოსში ვდგავარ,
ვჭრი ჩვენს ბოლო ბმას, ვჭრი სკაფანდრის ამუნიციას
და რაც დრო გავა, შენგან უფრო შორს წავალ,

ვით უწონადო სიყვარულის თეთრი მხედარი,
ქრისტესნაირი ალონსო კიხანა.
და უკვე ვხედავ, რასაც მხოლოდ ბრმები ხედავენ
და როსსინანტის ფორმის თეთრ ხომალდს, ანა…

ჩემი ღიმილი გაუღიმე ბედის კროსვორდებს,
მარადისობა სანამ,
შენი ხმით ჩემი ავატარის პლაზმას მოქსოვდეს,
ჩემო ციფრულო, ჩემო მომავლის ანა.

            * * *

როდესაც ზეციდან მთაწმინდის,

დიღმისკენ იძვრიან ღრუბლები,

რომ ვიცი რომ უნდა აცივდეს,

ნოტიოდნისლამდელ უბნების

გარშემო რომ დაფრენს მეტწილად

დამფრთხალი მტრედების გუნდები,

ლეკვებდაკარგული მხეცივით

შენთან საუბარში ვბრუნდები.

გულის ნაცარი და ნახშირი

მომაქვს იმ ავბედით ადგილთან,

ხელყუმბარასავით გახსნილი

სული რო კბილივით ამტკივდა.

ვიღაც კი სიცილით გვითვლიდა,

დროს როცა სამყაროს ვიტევდით,

იმ დღეს დავმეგობრდი სიკვდილთან,

ხელში რომ ჩაგვაკვდი ჩიტივით…

ბოლო დროს კოშმარულ რაღაცა,

სიზმრებში გხედავ და მიქრები,

ჩემო დამარხულო ძმაკაცო,

ყოველთვის თვრამეტის იქნები.

თუმცა ეგ ჩვენში რას შეცვლიდა,

ისევ თანატოლის უფლებით

მმოძღვრავ და მთაწმინდის ზეციდან,

დიღმისკენ მიდიან ღრუბლები.

             პალინდრომი ნიკა ცინცაძეს

ამ სილით ამდება ქუჩა…
აისია, დარაბა ირაზება.

სინათლე, ხმა,ცას არ აეკრა სილუეტად.
დალევ… და ნაგანი! შიგ იებით!
ითამაშე შამათი!
თიბე იგი შინაგანად! ველად !
დატეული სარკეა,
რასაც ამხელ თან ის.
აბეზარი აბა რა,
დაისია,
აჩუქა
ბედმა
თილისმა.

                          ***
კარგი იყო არ გამეცან თავიდან,
თვალებით არ მოგემწყვდიე თვალებში,
ჩემი ტანის მწველი სიმხურვალიდან
შენი ცხელი კანის სიმხურვალეში.
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები მართლა შეგიყვარდები!
ცაზე მზეა, ქვეყანაზე შენა ხარ,
შემოგევლონ ურბანული ბარდები,
ვინც თბილისის მყუდროება შელახა,
გიტარით და სიყვარულის ამბებით,
ეგ ღიმილი ჩემ გამო რომ მენახა,
სულის ყველა საზღვარს გადავარღვევდი,
თენდება და – ჩემი სიზმრის ენა ხარ,
ღამდება და – შენს კოცონში ვვარდები,
ჩემს სუნთქვაში პეპლის შემოფრენა ხარ,
ავდგები და მტკვარში დავიკარგები.
თან ქალაქსაც შია პროვოკაცია,
თან რომ ვკვდები, ხომ მართლა ვიბადები!
ცინიკურად მაცილებდეს ნაცია,
გლოვის ნიშნად გადაწეულ ფარდებით.
პროცესიაც – უფრო პოლიტაქცია,
ხელთათმანით, ბაფთითა და ვარდებით,
არტისტების ალკოდელეგაცია
ადიდებულ მტკვრისკენ მივემართებით.

                             INFINITA

დაცარიელდა ჩვენი ეზოც, დაცარიელდა.
და როგორც ვეიმარანერის ტანის აქნევა
შეშდები… დიდი ეტაპების დასალიერთან
როგორ შეცვლილან მყუდროების მომცრო ბაქნები.
შეშდები, რადგან აქ პოულობ სიბერის პირველ
შტრიხებს და ამ დროს რეალობა არაფრით არ გსურს,
(რომელიც თავისთავადია) და დიდხანს ივლი,
ივლი, რომ დიდხანს ესაუბრო საკუთარ წარსულს,
მანამდე სანამ სულზე იგრძნობ ისეთ შეხებას,
ტრაგედიისას რომ ახებენ ხელის გულს ლოყას
და მერე თვალებს უტყუარი ალღო შეღებავს
კაცის, რომელსაც ტკივილებზე ტიტები მოჰყავს
და მიღმიერად ათბობს ლექსით სიზმარზე ადრე,
გაღვიძებასთან დამყარებულ უხსოვარ კავშირს
და შუქნიშნებზე აჩრდილივით გადაჭრის კადრებს
როგორც პოეტი, როგორც მეფე და როგორც ბავშვი,
ან როგორც ერთი უსუსური ხორცის ნაჭერი,
რომელსაც თითქმის არაფერში არ გაუმართლა
და უკანონო ფასადივით სულში გაჩენილ
აფექტურ კედლებს ალკოჰოლურ დებოშს უმართავს.
მერე შუბლს ადებს ცივ ფანჯარას, არ ახელს თვალებს
და დიდხანს უსმენს მანქანების სველ გზაზე შრიალს,
ეს ლირიკული ფაქტიღაა ძილამდე კვალი,
რომელსაც ბოლოს შემოდგომის ფოთლები შლიან…
უძილობა კი სიკვდილივით ამძიმებს ხელებს,
ანტონ პავლოვიჩ, ვეღარ წავლენ ქალაქში დები…
და რჩება სულში ეზოსხელა სიცარიელე,
ეზოს, რომელშიც ჩვენ გადავრჩით და თვითონ კვდება,
რადგან ახლიდან დაიბადოს დიდი ხნის მერე…

                             ***

ის თოვა მინდა – შენით როა თოვაზე მეტი,
ისეთი თოვლი – თითქოს ღმერთი წერილს რომ მოგვწერს.
რომ დედამიწის ყველა ბარდი და ყველა დენდი,
ჩემში გაცოცხლდეს და თოვლივით სამყარო მოგცე.

და ვიდრე ძვლებში შემოღწეულ სიბერეს ვზომავთ
და სანამ გულში სიბერემდე ასე შორია,
უნდა წამომყვე! სადმე ბევრად თბილისზე ზემოთ,
რომ ბილიკს კვალი დავამჩნიოთ პირველთოვლიანს…

ჩემმა თითებმა (შენს თითებს რომ ფარავენ გაშლილს),
შენმა თითებმა (ჩემს თითებზე უფრო პატარამ),
ჩვენში თოვლივით გააღვიძონ მძინარე ბავშვი,
და მთელი თეთრი საოცრება გულით ვატაროთ.

                  ქაღალდის თვითმფრინავი

იმასაც დედა ჰყავდა, იმასაც უმღეროდენ იავნანას,
გაფრინდა მდინარესთან იმისი უდარდელი ბავშვობაც,
მარშაკსაც უკითხავდნენ, ბარტოსაც, კარგ სკოლაშიც მიაბარეს,
უყვარდათ მეგობრებსაც და პირველ სიყვარულსაც დაშორდა.

და როცა ქაღალდისგან პირველად გააკეთა თვითმფრინავი,
რომელსაც კლასელები ერთმანეთს გაკვეთილზე ესროდენ,
ჩაფიქრდა ფანჯარასთან: “ჩიტები ნეტა საით მიფრინავენ?..”
ამ ბავშვის ჩაფიქრება რამდენ ბავშვს ჩააფიქრებს ესოდენ.

რადგან დღეს დიდია და ყოველდღე ბომბდამშენის კაბინაში,
ყინულის თვალებიდან ირეკლავს ფანტასტიკურ ქარიშხლებს,
ერთ ღიმილს უსაზარლესს მოირგებს ქურთუკივით და წინაშე,
ღმერთის და სამშობლოსი სადგურებს სრულ მზადყოფნას ანიშნებს.

ბავშვური ოცნებები დღეს არის სისხლიანი ასპარეზი,
ქალაქის ასაღებად მიზანში წამიერად ზომბდება,
რომ ისევ დაფლეთილი ბიჭების არარსებულ საფლავებზე,
წითელი კვერცხებივით ჩურჩულით გამიგოროს ბომბები.

                                              ***
აი, მე ვდგავარ ჩემი სახლის აივანზე და მაინც ვუყურებ,
თუ როგორ ჭრიან  ჩვენს ეზოში იმ ბოლო ხესაც,
რომლის ტოტებიც გაზაფხულის მოსვლას ამბობდნენ
რომლის ფოთლებიც აივანზე შემოდიოდა…
და ვფიქრობ: “იქნებ კარგიცაა, შენს წაქცევამდე როდესაც გჭრიან?!
სანამ თოვლი ისე ძლიერ არ დაგამძიმებს,
რომ სხვასაც მსხვერპლად გადააქცევ შენი ვარდნისას…”
მაგრამ ეს კუნძი, ვეებერთელა ხის პატარა გადანაჭერი,
გაურკვეველი ტყუილივით დარჩება მათთვის,
ვისაც ერთხელაც არ უნახავს ჩემს აივანზე შემოსული მისი ფოთლები…
ხოლო ვინც ნახა,
მას მაშინვე გაახსენებს კუნძის დანახვა
გაზაფხულს – როგორც
თავისთავად მოსულ სიცოცხლეს,
სიცოცხლეს – როგორც თავისთავად გარდაცვალებას…
კუნძის დანახვა,
ერთი ცუდად მოჭრილი კუნძის…
ვდგავარ და მძიმედ მეფიქრება ადამიანზე…

© არილი

Facebook Comments Box