პროზა

ცოტნე ავსაჯანიშვილი – თავისუფლების მოედანი

ლუკა

ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ადამიანი გმირი არ არის. ზოგჯერ გმირობა სასოწარკვეთისგან ნაკარნახევი ნაბიჯია, რომელიც მარცხის შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვევს წუხილს, მენტალურ ჩამოშლას, ანდაც იმგვარ ფიზიკურ განადგურებას, რომლისაც ძალიან გეშინია. მე მგონია, რომ ძალა გაყინვაშია. მდგომარეობაში, როცა სულ ერთია გესვრიან თუ არა, რადგან აცნობიერებ, რომ განსხვავებულია მხოლოდ აღსასრულის ფორმები, რომელთა მახასიათებლებიც ფინიშის ჟამს სრულად დაცლილია მნიშვნელობისგან. წარმოიდგინეთ მესამე მსოფლიო ომი, რომელშიც რაღაც მომენტში ყველა ფეხებზე დაიკიდებს ავტომატებს და ტანკებს, რადგან ძალიან მოუნდებათ საუკეთესო იარაღის გამოყენება. ამ მომენტში, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქს მოხვდება თითო ბირთვული ქობინი და ყველას მაგრად დაგვერხევა. რა აზრი აქვს წუწუნს და მოთქმას, მეგობრებო?! საკითხი გადაწყვეტილია და ჩვენ ისედაც არავინ გვეკითხებოდა „ცარ ბომბას“ შექმნიდნენ თუ არა… არც გმირობას აქვს აზრი, ვერავის გადაარჩენთ მაშინ, როცა შენობების შეწოვას გიგანტური ცეცხლოვანი ბურთი დაიწყებს. და სწორედ მაშინ იქნები ძლიერი, როცა ათი ან ნაკლები წამი გექნება დარჩენილი და კივილის ნაცვლად გადაწყვეტ, რომ ცეცხლოვან სოკოს შეხედო, რადგან ასეთი უნიკალური სანახაობა არასდროს ყოფილა შენს ცხოვრებაში. შენი უკანასკნელი სანახაობა, მეგობარო. პურის გარეშე, მაგრამ ბევრად გრანდიოზული, ვიდრე ის სანახაობები, რომლებიც პურთან ერთად გქონდა. ვიცი, რომ გიჟი გგონივარ. თუმცა დამიჯერე, აქამდე რომ მოხვიდე, ძალიან მგრძნობიარე და მშიშარა ადამიანი უნდა იყო, რომელსაც იმდენჯერ შეაშინებენ, რომ ბოლოს შიშისგან დაიღლება. მათ, ვინც ჩვენი შიშებით იკვებებიან, სწორედ ჩემნაირი ადამიანების უნდა ეშინოდეთ, რადგან როგორც ბირთვული ქობინის ყურებისას ვიკაიფებდი, ისე ვიკაიფებდი ყველა გარდაუვალი საფრთხისგან, რადგან ძალიან დიდ თავისუფლებას მანიჭებს სიტყვა გარდაუვალი. მე ვფიქრობ, რომ ისინი იდიოტები არიან, რადგან თავად კლავენ ჩვენში შიშებს. არადა, შიშების გარეშე ფეხებს ვერ მოგვჭამენ. მათ ჰგონიათ, რომ ასე უფრო გვაშინებენ, მაგრამ ეს პირველ, მეორე და მესამე ჯერზე ხდება… რაც უფრო მეტჯერ შემოარტყამ მშიერ ბავშვს ვაშლის მოპარვისთვის, მით ნაკლებად ეტკინება ყოველი შემორტყმა და საბოლოოდ ეს მისი მარტივი ყოველდღიურობა გახდება, რომელსაც გაცილებით იოლად აიტანს ვიდრე შიმშილს და აუცილებლად, ყოველდღე მოგპარავს ვაშლს. ახალს ვერაფერს მიზამთ. კაცობრიობამ დიდი ხანია იცის, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ამ პლანეტაზე დაგმართონ, სიკვდილია. რომელიც ისედაც მოვა, სულაც რომ არ დაგმართოს სხვამ. იცით, რატომ ეშინიათ სიკვდილის ადამიანებს?! იმიტომ, რომ მათი ცხოვრება სიკვდილზე უკეთესია. თუ მათ ცხოვრებას სიკვდილზე უარესად აქცევთ, ვეღარავის შეაშინებთ სიკვდილით.

Giuli Nachyepia

Reeps bodavs es, svilo sen tu sikvtili ginda cven ras gverci msvenivrad vcxovrobt.

ნიტა

ოთხმოცდაათიანი წლები თითქმის არ მახსოვს, მაგრამ მშვენივრად ვიცი, რა არის სიღარიბე. მას შემდეგ, რაც სოციალური პრობლემების მოგვარება მოვახერხე, სიღარიბის პანიკური შიში დამჩემდა და ძალიან არ მინდა უკან დაბრუნება. მე რომ ელემენტარული მქონოდა, დედა უცხოეთში ფიზიკურად შრომობდა და მე ძალიან არ მინდა… ფიქრიც კი მზარავს იმაზე, რომ მე და ჩემს შვილს იგივე ჯოჯოხეთის გავლა მოგვიწიოს, რაც მე და დედამ გავიარეთ. სტრესულია მდგომარეობა, როცა მუდმივად გიწევს იმაზე ფიქრი, რომ დღიდან დღემდე საკვების ფული გქონდეს. შემდეგ მიზერული თანხა, კაპიკები იშოვო და მთელს თვეზე გიწევდეს ამის გადანაწილება… არ მინდა იმ დამცირების გახსენება, როცა მორიგ ჯერზე ვცდილობდი მეგობრისგან მცირეოდენი თანხის სესხებას და არც იმ სირცხვილის გახსენება მინდა, როცა თანხის დაბრუნებას ვაგვიანებდი და წარმოვიდგენდი, რას ფიქრობდა მეგობარი ჩემზე… თითქოს ეს ყველაფერი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ვისწავლე, ვიშრომე და მივაღწიე იმას, რომ საკუთარი თავის და ჩემი გოგონას რჩენა შემიძლია, მაგრამ ბოლო დროს შიშები ძლიერდება. ამბობენ, რომ ისედაც გაძვირებული პროდუქცია კიდევ უფრო გაძვირდება და ინფლაციას ვეღარაფერს მოვუხერხებთ. მეშინია. თუ წინა თვეში ხელფასი ბოლომდე ვერ დავხარჯე, ამ თვის ბოლო კვირის გატარება ეკონომიურ რეჟიმში მომიწია. თითქოს საშუალო კლასი საერთოდ არც არსებობს. ქვეყანაში ან ძალიან მდიდრები არიან, ან ძალიან ღარიბები. ძალიან მდიდრებს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. თავს მშვენივრად გრძნობენ. მე კი, ძალიან მეშინია. ამბობენ, დასავლეთში ბევრად მეტს გამოიმუშავებდიო. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება. ვფიქრობ, რომ კარგი პროფესიონალი ვარ და მეც ვიმსახურებ ისეთ ანაზღაურებას, როგორსაც ჩემი გერმანელი კოლეგა იღებს. რატომ უნდა წავიდე ამის გამო ჩემი ქვეყნიდან? მე აქ ცხოვრება მიყვარს… არ შეიძლება, რომ აქ ვიყო ბედნიერი და მომავლის არ მეშინოდეს? დავანებოთ თავი პათეტიკას და პატრიოტიზმის სხვადასხვა, სწორ თუ არასწორ დეფინიციებს. ვიყოთ პრაქტიკულები. მაშინ მივხვდებით, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა განვითარებულ სამყაროშია. განვითარებული სამყარო კი იქაა, სადაც შრომას აზრი აქვს და არავინ არავის ჩაგრავს. ცხოვრების უფლება მხოლოდ თქვენ არ გაქვთ! ჩვენც გვინდა ცხოვრება და ხელს ნუ გვიშლით!

ყვავილები ისანში

Shvili mkavso da kmari ertxel ar uxsenebia. Egrea, dakrian da visgan kavt arc ician. Mixede mag gogos da nu tlikineb. Tore natkvamia nakopi xidan shors ar vardebao.

ანდრო

დედას გეფიცები, ბოღმიანი თუ ვიყო. მამენტ ადრე არ ვიყავი თორე, ახლა ნაღდად ვერ დავდებ თავს. იცი როგორ მიხაროდა გათენება?! უნივერსიტეტში მივდიოდი. სტიპენდია მქონდა. ეგ კიარა, გრანტიც მქონდა და მოკლედ… აი, ახლა იმ საწყობში რო მივეთრევი ხოლმე დილაობით, გარეთ ისე ყინავს… და თქვენ გგონიათ შიგნით თბილა?! იქ უფრო ყინავს. მაცივარში ვმუშაობ. ძვირიანი რძე და ყველი მანდ ინახება, რო არ აყროლდეს და იმ მილიონერმა პალიწიკანებმა ჭამონ, გაზაფხულობით მაგათი შვილები კაბრიოლეტებზე რო სხედან, მთვრალები. სადმე ვინმეს გოგოს თუ მოჰკრავენ თვალს და მოეწონებათ, მორჩა, უნდა იხმარონ! პატარა უდეი ჰუსეინები. რამდენი მშრომელი ბიჭი დაუჭრიათ სასიკვდილოდ? რთული მათემატიკაა. მუშაობ კლუბში, მიმტანად ან რამედ… შემოვიდა ნაბიჭვარი, არ დაევასე, ვსო, მიზეზი აქ რო გაგიყაროს, მე შენ გეტყვი, ვინმე რამეს მოსთხოვს… მოკლედ, ორასგან ვიყავი გასაუბრებაზე. კერძო სექტორში გამოცდილებას მთხოვდნენ. სად უნდა მიმეღო გამოცდილება, გუშინწინ დავამთავრე უნივერსიტეტი. თუ არ ამიყვან, როგორ მივიღებ გამოცდილებას, თავში ფეხი ხო არ გაქ? საჯარო სამსახურში მიცინოდნენ, რა კარგი ბიჭი ხარო, როგორი განათლებულიო. სამოცი წლის დეიდები და მელოტი ბიძები, ენტონი სოპრანოს რომ ჰგვანან, მაგრამ ფსიქოლოგთან სიარული უტყდებათ, რადგან ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთი და იგივე ჰგონიათ და სულაც არ უნდათ, რომ გიჟობა გაუბაზრდეთ. მიცინოდნენ, მაგრამ ჩემი ფეხები. ბოლოს წინასწარ ჩანიშნული პიჟონი აჰყავდათ, რომელსაც მერე კონცერტებზე და მიტინგებზე წაიყვანდნენ. ასე მოვხვდი მაცივარში. თანამშრომლები მეკაიფებიან, აქ რა ჩემი ფეხები გინდაო. უკვირთ, პროდუქციაზე დაწერილი უცხოური ანოტაციების კითხვა რომ შემიძლია. ყველაზე სასაცილო მაინც ხელფასია. მინისტრის ოფიციალური ხელფასი თოთხმეტზე რომ გაყო, იმაზე ოდნავ ნაკლები. მშიერი ხალხი საკუთარ სისხლში იხრჩობა სიმწრით. ოცნებები იფერფლება. ოჯახები ინგრევა. სიყვარული ფერს კარგავს. მერე ვიღაც მეცხრე კლასიდან გამოგდებული ბოზისშვილი ცეხავიკი მიკროფონთან მივა და ცინიკურად იტყვის, ყველაფერი კარგადააო. ჩემმა ნაცნობმა თავი მოიკლა ერთი თვის წინ. ერთად ვსწავლობდით. ცოლი უნივერსიტეტშივე მოიყვანა. მერე, როგორც მე, ისიც არავის დასჭირდა. ოჯახი რომ გამოეკვება, მუშების ბირჟაზე დადგა დღიურად. მახსოვს, ბოლოს რომ ვნახე გიჟს ჰგავდა. ფიზიკურად აღარაფერის თავი არ ჰქონდა. ბრონხიტი. მაგრად ახველებდა. მოკლედ დაშალეს ბიჭი. თამაში დაიწყო, იქნებ რამე მოვარტყა და ცხოვრებაში წინ წავიდეო. ყომარით ვინ წასულა წინ?! ეგ სლოტებიც მთავრობასავითაა. მოგცემს ერთხელ, როგორც ფრაზა – „ყველაფერი კარგადაა.“ და მერე დედას მოგიტყნავს, როგორც წინადადება – „მწირი საბიუჯეტო სახსრები.“ მოკლედ, დაერხა და დაერხა. ბოლოს პური ვეღარ მიჰქონდა სახლში. დაჟე სახლიდან გარეთ გამოჰქონდა, რასაც იპოვიდა. ჩამოეკიდა რა. აი ასე. იმ და მეორე დღეს იტირეს. ახლა ყველას ქინძზე კიდია. ხოდა მაგიტომ გავდივარ! ბარიგები რო დარბიან ქალაქში კიდე მაგიტო. რუსები რო კერავენ ქართველ ბიჭებს, იბარიგეთ და სხვა ქართველი ბიჭები დაწამლეთო. რაღა დროს კაიფარიკებია ბიჭო?!

ზაალ ვარამაშვილი (ნესტორიჩი)

თუ ძმა ხარ რა… შენ ბრატ ხელის გატოკება გეზარება და ვის რას აბრალეფ? ეტყობა ვერ სწავლოფდი კარგათ და იმიტო ვერ იშოვე ვერაფერი და ისე ნუ გამოგყავს თითქოს რამე არ ფასდება ძმა საქართველოში მასე ნააბაროტ გეტყვი ძმა რო მეც უმაღლესი მაქ დამთავრებული და ვმუშაობ კიდეც სადაც მინდა იიქ და საკაიფოდაც მოვეწყე ძმა ჭიათურის მერიაში

საბა

ხომ არიან ტიპები, ახვარი ჩრდილოეთიო რომ ამბობენ. მშვენივრად მესმის მათი. ღირსების საკითხია. კიდევ იმის, რომ ვერცერთი ჯანმრთელი ცოცხალი არსება ჭაობში ვერ გაიხარებს და ეგეც რომ არ იყოს, ხალხს ოჯახის წევრები დაუხოცეს, სახლები დაუწვეს… ეგ პატრიოტიზმი არ არი. რად უნდა მკვლელის სიძულვილს პატრიოტობა?! ანუ რა გამოდის? დებილი თუ არ ხარ, პატრიოტი ხარ?! არა ძმაკაც, ჩრდილოეთისკენ გადაფურთხება საღი აზრია, მაგას დიადი სულიერი მდგომარეობა არ სჭირდება. ისე კი, ურთულესია პატრიოტობა, როცა ფარისეველი არ ხარ. ფარისეველი რომ არ იყო, მინიმუმ შენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდე და თუ იცი, შეუძლებელია რუსაპეტებზე კარგ რამეებს ფიქრობდე. მოკლედ ალბათ ხვდებით, რასაც ვამბობ და თუ ვერ ხვდებით, მაგასაც მიჩვეული ვარ, მაგრამ მე იქითკენ მიმყავს, რომ ერთია რუსეთი, მეორე კი, ძალიან კომპლექსური საკითხი – კულტურული დეგრადაცია, რომელმაც ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ ზოგ ახალგაზრდას შიშის უნარი გაუქრა, ზოგს კი, შიმშილის ეშინია. ანდაც შევეშვათ ამ ახალგაზრდებს. მე მესმის, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ და საზოგადოებაც პირველ რიგში ჩვენია, მაგრამ აქ სხვებიც ხომ ცხოვრობენ… რომელიღაც სურსათის საწარმოში დილიდან საღამომდე წელში წყდებიან შუახნის ქალბატონები. პროდუქციას ანოტაციებს აკრავენ. უმძიმესი სამუშაოა, რომლის შესრულებაშიც თვეში 600 ლარს უხდიან. 600 ლარს, რომელიც მათ საჭიროებებს კიარა, საბანკო ვალდებულებასაც ვერ სწვდება და ახლა არ დამიწყოთ, ვალს ნუ აიღებდნენო. ბანკის ვალის გარეშე აქ ყველას იმაზე მალე გასძვრებოდა სული, ვიდრე ახლა სძვრება და ესენიც მშვენივრად ირგებენ ფსევდო გადამრჩენელის როლს და სიცოცხლის გახანგრძლივების საფასურად, ამ სიცოცხლეს ნეხვივით ამწარებენ. იმ საწარმოს მფლობელი, მთავრობასთან დაახლოებული ტიპია და სულაც არ თვლის, რომ არასწორად იქცევა. მისთვის ეს ადამიანები, იმ კოლუმბიელებს ჰგვანან, პაბლო ესკობარი რომ კოკაინის პაკეტებს აყლაპებდა და ამერიკაში აგზავნიდა. ეს კოლუმბიელები არავისთვის იყვნენ ადამიანები, გარდა მათი ოჯახის წევრებისა. ერთხელ გამოიყენებდნენ და აგდებდნენ. მათ ან ნარკოსამსახური კლავდა, ან კუჭში გახსნილი პაკეტისგან გამოწვეული ზედოზირება. და აი, რომ წარმოიდგინოთ, რომელიმე დასაქმებულ ქალთაგან ერთ-ერთმა თუ ხუთლარიანი შოკოლადი აიღო და შეჭამა… ისედაც განადგურებულ ცხოვრებას საბოლოოდ დაუნგრევენ, ციხეში გამოკეტავენ და რაც შეიძლება დიდი ხნით, რადგან სხვამაც არ შეჭამოს შოკოლადი. დიახ. მათ ასამართლებენ ხუთი ლარის გამო, მაშინ, როცა იმაზე სამჯერ ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ, ვიდრე მათი შრომა იმსახურებს. რა შუაშია სიღრმეები და კულტურა არა?! ეს ხომ სოციალური საკითხია… ხო, მხოლოდ სოციალური საკითხი რომ იყოს, მაგ შემთხვევაშიც კატასტროფაა, მაგრამ ის, რაც მიზანმიმართული, ფარული პროპაგანდისტული დინებებით არის შექმნილი, აუცილებლად უნდა მივაწეროთ არსებულ საზოგადოებაში გამეფებულ კულტურულ ფონსაც. საქმე იმაშია, რომ ეს ქალბატონები არასდროს იღებენ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ჩაგრულნი არიან და ამას თავადაც მშვენივრად აცნობიერებენ, ვიღაცამ მაგრად დააჯერათ, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ასე უნდა იყოს და ხმის ამოღებას და გატრაკებას აზრი არ აქვს. ასეა, როცა წლების განმავლობაში ირეცხება ტვინი იმით, თუ როგორ უყვარს ჩინარს ჰატიჯე და როგორც ცეკვავენ ვარსკვლავები, რომლებსაც ნათესავებიც ვერ ცნობენ. ადამიანი მორჩილი და უპრეტენზიო ხდება. მისი გონება ელემენტარული სურვილების მინიმალიზებასაც იწყებს და ასე ვიღებთ ბრბოს, რომელიც საკუთარი ხელით გაჩუქებს საკუთარ მომავალს ოცი ლარის გამო. ადამიანებისთვის იდიოტები ღმერთები ხდებიან, რადგან მათ ტელევიზორში უყურებენ. აი, პოლიტიკაში ერთი ქალია. გაპრანჭულია, რადგან ამის ფული აქვს. სხვა მხრივ აბსოლიტური დებილია, მაგრამ რაღაც მანქანებით პოლიტიკურ ელიტას მიეტმასნა. ამ დროს, თუ კოსმეტიკურ ჩარევას გამოვრიცხავთ, მესტიკერე ქალები არაფრით ჩამოუვარდებიან ამ ქალს. მათი გონება ერთნაირად პრიმიტიული და მერკანტილურია და გარეგნობაში არსებული სხვაობაც რამდენიმე გრამი ბოტოქსის დამსახურებაა. თუმცა მესტიკერე ქალებს ჰგონიათ, რომ მათი სქესის წარმომადგენელლი პოლიტიკოსი ღმერთია და მათ უფლებაც კი არ აქვთ, რომ მის მსგავს ცხოვრებაზე იოცნებონ. სისულელეა. ადამიანი რაღაცით უნდა განსხვავდებოდეს ცხვარისგან. პირველ რიგში ამას თავად უნდა აცნობიერებდეს, რადგან ის, ვისაც ფარა სჭირდება და მეცხვარეობაზე აქვს პრეტენზია, თავად არასდროს იტყვის უარს მატყლზე და ჩაქაფულზე.

ზეინაბ გუჯაბიძე

მანდილოსანს რომ დებილს დაუხაძებს ახალგაზრდა ბიჭი იქ დამთავრდა. მისგან ქარტველი კაცი არ გამოვა და რაღაში მაინტერესებს ამისი ბჟუტური?

გუჯა

იკაიფე, წუხელ მილიონერი ვიყავი. შეხვიდოდი ჩემ საბანკო ანგარიშზე და ნულებს ვერ დათვლიდი. თურმე რა საკაიფო შეგრძნებაა, ეგრევე სხვანაირი გავხდი. ვერ გეტყვი რას ვგულისხმობ. შეიძლება იმაზე ახვარიც, ვიდრე მილიონერობამდე. მარა საერთოდ არ მეფიქრებოდა მაგაზე. ბაითიც მქონდა, სამ სართულიანი, საკაიფო ბასეინით, კინოთეატრით… იმას ვუყურებდი, მაკენას ოქროს, ომარ შარიფი და გრეგორი პეკი რო თამაშობენ და მოკლედ… და ცოლიც დამიბრუნდა, რომელიც ათი წლის წინ გამექცა. რატო გამექცა და შიოდა. არც ვამტყუნებ და ჩემ უბედურებაში ვიხარშები მთელი ეს წლები. ეს ვეტერანის პენსია კიდე მაქსიმუმ დოშირაკის სუპზე გეყოს. არადა ისევ მიყვარს. ხო ათი წელი გავიდა?! დღემდე არ მიღალატია. სკოლიდან მიყვარს. მე ბოლო მერხზე ვიჯექი, ის პირველზე. ვინმე რამეს თუ წაეპადხოდებოდა, ეგრევე შევაყენებდი ხოლმე. იცი რა ლამაზი იყო? ახლაც ძალიან ლამაზია. იმდღეს გრიბოედოვზე შევეფეთე. ვითომ ვერ მიცნო. მაგრად მეწყინა. მაგას მერჩია, აეღო და დაეხალა. მე მივცემდი იარაღს დედის სულს ფიცავარ. მოკლედ და კაროჩე… კაროჩე… იკაიფე… მილიონერი ვიყავი სიმონ. კაი მანქანა, ისა, ესა… მარა ეგ ხუი სნიმ… ის დაბრუნდა და ძაან კარგად ვიყავი. მერე გამეღვიძა, ჩემი ბალიში ვიცანი და ისე გადამეკეტა დავაძრე ტრაფეინი ბებუთი და ავკუწე ეს ბალიში. ეგ ბებუთი აძიუჟბაში დავიადე, ომის დროს. იმათ გენერალს დავაწერე. მერე ის გენერალი ჩვენი ბიჭების ნაწამებ სხეულებში გაგვიცვალეს. ეს დანა კიდე არ მივეცი. მაგარი ფსიხი ვარ. ავლიპა რო გამიცოცხლო დაჟე ეგ ვერ მიშველის. ჯერ აფხაზეთმა გამარეკინა, მერე დანარჩენმა ცხოვრებამ. ხოდა დაცვაში მუშაობის დედაც ვატირე ბიჭო. ორ ლარს მიხდიდნენ. არადა თუ იომე და თან გალოთება არ გინდა, უეჭველი დაცვაში უნდა იყო. ჰა,ჰა, დაცვის უფროსად. მანდ სამი ლარია და იმას ჯობია. მოკლედ, მახატია ეგ დაცვობაც და ის პენსიაც, პროსტა ნუ გავიწყდებათ გუმისთა ბიჭო! მთელი ჩემი საძმო იქ ჩაწვა! ის, მაიტა, სიგარეტი… გაიხარე… ვა, პარლიამენტ. საღოლ, პაპიროზი საუფროსო გქონია. იცი ეგ კინო? უშანგი გაბადაძე… მოკლედ ცოტა არეულად ვბაზრობ, გარეკილი მაქ ადგილ-ადგილ… ხოდა მოკლედ, ეს სიგარეტი, პარლიამენტი, რო ვექაჩები სუ მევასება. იმიტო მევასება, რო ეგ პაჩკა თუ პარლამენტია, ეგ ღერი პარლამენტარია და ვწვავ რა… ჰეჰე… ისქესე რას ვმოზგავ?! კაროჩე ნუ გავიწყდებათ გუმისთა! მე მაგრად მისუქებდა საგარეო პოლიტიკა. პროსტა აქ რო აირია რამსი მაგის მერე ვიცი, რო სამყარო ბიპოლარულია. ზვიადას მიტინგებიდან მოყოლებული ეგ მესმის. ხოდა რასაც ვუსმენდი და რაც ვიომე მაქედან ის მოვტვინე, რო ამ ბიპოლარულ სამყაროში სასტავი იყოფოდა პრო-ვესტებად და პროჭებად და მერე აფხაზეთში დამიდასტურდა კიდეც ეგ ამბავი. რავი ძმაკაც, რაც ჩამაგონეს და რაზეც ვიზრდებოდი ეგ იყო და მგონი არც ვცდებოდი რა. იმიტო რო მე ლიჩნად და ჩემ საძმოს, არავისი არაფერი გვინდოდა და აქეთ დაგვიშინეს ჯერ ალესილი ლაფატკები და მერე გაუბიცები. მაგარი ვიწვალე ცხოვრებაში. ეხლანდელი პოლიტიკოსები ისინიც და ესენიც მაგრა მკიდია. პროსტა ნუ გავიწყდებათ ეს გუმისთა! აქეთ ნუ გამოგყავართ პროჭები და ნუ მეუბნებით, რო რუსაკები კაი ტიპები არიან! მთელი საძმო მიწაში ჩამიწვინეს ბიჭო! იცი რა ბიჭები?! იმენა ოქროს ბიჭები. აიღეს და დაწყვიტეს იმიტო, რო ჩვენ ქვეყანაში ჩვენთვის გვინდოდა ცხოვრება. ეხლა მაგათ შენხელა შვილები ეყოლებოდათ, მარა კაკრაზ შენხელები რო იყვნენ, მაშინ ავკრიფე ნაწილ-ნაწილ და იქვე დავმარხე. ჩემი ხელით, დედას გეფიცები.

ვალერი კიკალიშვილი

ცოლისთვის ვერ მიგიხედია და რას ფილოსოფოსობ აქ?! ყოფილხარ საერთოდ რუსეთში? იცი რა პატივს გვცემენ? წაი დეიბანე, ლაპარაკი ისწავლე… კაი კაცი რო იყო, ცოლი არ გაგიბოზდებოდა.

* * *

ანდრო

როგორმე უკან უნდა გადავიდე. ასთმა რო არ მქონდეს არ გადავიდოდი, მაგრამ ასე დავიხრჩობი.

გუჯა

ისროლეთ, ისროლეეეთ… ისინი რო გვესროდნენ მიზეზი ჰქონდათ. მტრები ვიყავით და ჩვენც ვესროდით. თქვენ კიდე ისე, ტყუილად, რო ვაზროვნებთ იმიტო. მე რეზინით რას შემაშინებთ ბიჭო?! გრადის არ მეშინოდა. ბავშვებზე ვდარდობ თორე, მე… მე რა? ვახ, რა სუნი დააყენეს ვერ ისუნთქებ ბლია.

Giuli Nachkepia

Am bavsvebs patroni ar havt? Saikvanon saxsi!!!! Jer Msoblebia sacemi mere eseni

საბა

ჩვენც გვაცადეთ ცხოვრება მეთქი და მცემენ ტო… ეგ პასუხია არა?! როგორ გავბედეთ, უკეთესი პირობები რომ გვინდა? სუბორდინაცია მეგობრებო! მოვიდნენ… ვახ ცხვირი ჩემი… მუცელში რაღატო ჩამარტყა? მე? მე შეგაგინეთ? მე არავისთვის შემიგინებია და გთხოვ შენც ნუ მაგინებ. არ ვარ ის კაცი, შენ რომ შემაგინო! ვახ, რაღას მირტყამთ ბიჭო, ადამიანები არ ხართ?

ზეინაბ გუჯაბიძე

ღმერთო მაპატიე, მაგრამ მანდ ყველა ნაცებია და ეგ ბიჭიც ნაცი იქნება და ხირსი იქნება

ნიტა

ვერსად გავრიბივარ. ყველგან არიან. სუნთქვა მიჭირს. ძალიან მეშინია. ამბობენ, გოგონებსაც დაარტყესო. ცხოვრების უფლებას ვითხოვდი. არ მქონია.

გენადი ყვალთავა

Qalebs raga chemi preferatori undat maq? Xoda geityipebit awi. Daetie saxshi. Uyure serials. Vin gekitxeba qals mitingeps?

ლუკა

ვახხხ, თვალები ჩემი. ვერ ვხედავ ბიჭო. ამეწვა თუ რა არი? რანაირად უნდა გავიქცე, ვერაფერს ვხედავ… ეს სირენები მაინც გააჩუმეთ. გოგოები გავიდნენ ნეტა? მაგათი ჩარჩენა არ შეიძლება. ვახ ნელა ტო. ვერ ვხედავ ისედაც, აღარ დამარტყა. მოვტყან არ მითქვამს, დამარტყა ვთქვი, ცუდად გაიგე ძმაო… ვახ, კაი რას აკეთებთ. სად შემოგარტყი, გეშლები ვიღაცაში ალბათ. სად მიმათრევთ? ტელეფონს ნუ მართმევ, ჩემებს ხო უნდა გავაგებინო… ვერ ვხედავ, მიშველეთ რამე. ექიმთან მიმიყვანეთ, არ დავბრმავდე. კაი თვალში, არ დამარტყა ტო.

გუჯა

მართლა აღარ ახსოვთ გუმისთა ბიჭო. აღარავის არ ახსოვს.

საბ

გამოვედი. სტუდენტემა წყალი და სენდვიჩი მომცეს. მე პირბადე მივეცი. ჰაერი მოწამლულია.

ვალერი კიკალიშვილი

ახლა გამოვრთავ ტელევიზორს და თქვენმა წიკვინმა აღარ დამიფრთხოს ძილი! ჰეჰე, მომინდომეს აქ იგი… გინახიათ რო არ მოგწონთ? რაც მე მიცხოვრია და მიკეთებია სულ იქ მიკეთებია. ახლოსაა, დიდია და მაყუთიც იშოვება. ბიჯოს, სანამ არ გეიტყიპენ არ მოისვენენ.

© არილი

Facebook Comments Box