
ტრადიციის თანახმად, პოეტი იყო ქაღალდის ვეფხვი – არა ფიზიკურ არენაზე, არამედ მეტაფიზიკურ სცენაზე მებრძოლი, რომელიც პოეტურ სტრატეგიებს სახავდა ფურცელზე. ფურცელი იყო მისი ბრძოლის ველი, კალამი/კლავიატურა – იარაღი, სიტყვა – საბრძოლო ჰიმნი. ამის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში, პოეტი ობივატელი იყო, და ასეც უნდა ყოფილიყო თითქოს – ასე იყო მიღებულიც და მისაღებიც. მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ჩნდებოდნენ მაგარ-მაგარი პოეტები, ისინი გადმოდიოდნენ ფურცლის ჩარჩოდან და ამ არცთუ საიმედო სტერეოტიპებს სულ ყირაზე აყენებდნენ. რჩებოდნენ კიდეც ისტორიაში. სხვებიც დარჩენილან, მაგრამ ესენი (მაგარ-მაგრები), უბრალოდ, განწირულები იყვნენ ისტორიაში დარჩენისათვის – არა მხოლოდ პოეტებად, არამედ სიმბოლოებად, მარკერებად, რომლებიც, როგორც ხდება ხოლმე, ცხადყოფენ საზოგადოების წინააღმდეგობის ხარისხს. თუმცა ჩვენ, საზოგადოება, როგორ შევინარჩუნებთ მედეგობას, ამაზეც არის დამოკიდებული ეს ხარისხიც და ამ ამბის ბოლოც.
ბოლო ამბავი კი ჯერ ისაა, რომ ზვიად რატიანს საკანში კალამი და ბლოკნოტი არ აქვს; ფაქტობრივად, აუკრძალეს. ესე იგი, პოეტს აუკრძალეს კალამი და ბლოკნოტი. პოეტს. კალამი და ბლოკნოტი. ბლოკნოტი. კალამი. აკრძალვა. ტავტოლოგიები არ მიყვარს, მაგრამ ამ სიტუაციის აბსურდულობა სხვანაირად როგორ გამოვხატო, არ ვიცი. ერთი ასეთივე აბსურდული ამბავი გამახსენდა “მშობლიური” საბჭოეთიდან. მანდელშტამის ცოლი ზეპირად იმახსოვრებდა მის ლექსებს, რომლებსაც პოეტი ჩუმად კარნახობდა, რადგან ქაღალდზე დაწერა ნიშნავდა მტკიცებულებას, ხოლო მტკიცებულება ნიშნავდა დახვრეტას ან კარგ შემთხვევაში, გაციმბირებას.
ვფიქრობ, ზვიადის შემთხვევაში ვიღაც ჩინოსანს პოეზიის საკმაოდ კარგი შეგრძნება აღმოაჩნდა, რადგან პოეტური სიტყვა, წესით, საშიშიც არის. მეორე მხრივ, იმ ვიღაც ჩინოსანს პოეზიის არც მთლად იმდენად კარგი შეგრძნება აღმოაჩნდა, რომ შედეგები განეჭვრიტა. რადგან ამ კონკრეტული საქციელით, პოეზია ხდება საიდუმლო ცოდნის მსგავსი, რომელიც არა ქაღალდზე, არამედ ადამიანურ მეხსიერებაში შეინახება. პრაქტიკულად, საკრალიზაცია ხდება. ასე რომ, ზვიადს თუ კალამსა და ბლოკნოტს არ მისცემენ, მანდელშტამისა არ იყოს, მისი თანამესაკნეები დაიმახსოვრებენ მის პოეზიას, შემდეგ დაიმახსოვრებენ ათასები, ათიათასები, მისი სიტყვა არ დაიკარგება, უმალ – პირიქით.
არ მინდა ეს ვინმეს თავის გამამხნევებელ სიტყვებად ეჩვენოს. კარგად მესმის, რომ არც პოეტს და არც მეწაღეს არ უნდა უწევდეს ასეთი მსხვერპლის გაღება სრულიად ჩვეულებრივი უფლებებისთვის. ეს არის ფართო სოციალური და კულტურული ამბავი, რომელიც საუბრობს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობაზე (არც ისე სახარბიელოზე, რა დასამალია და). ეს არის ამბავი იმაზე, თუ რას ვაფასებთ უფრო მეტად – წესრიგს თუ სამართლიანობას, მორჩილებას თუ ღირსებას.
ეს ღირსების ისტორიაა. და ამ ისტორიას აქვს პრეისტორია. ზვიად რატიანის ისტორიის სრულად გასაგებად აუცილებელია გავიხსენოთ მზია ამაღლობელის საქმე – ის მოვლენა, რითაც დაიწყო ყველაფერი და რომელმაც თითქოს შექმნა სცენარი შემდგომი დრამატული მოვლენებისთვის.
მზიამ შეურაცხყოფის პასუხად გააწნა სილა პოლიციელს. ეს აქტი – თავდაცვითი, რეფლექსური, ინსტინქტური, ღრმად ადამიანური – დასრულდა მისი პატიმრობით. ის გახდა პრეცედენტი, რომელმაც ჩვენ წინაშე გააჩინა ფუნდამენტური კითხვები: რას ნიშნავს თავდაცვა, როდესაც თავს გესხმიან? რას ნიშნავს სამართლიანობა, როდესაც კანონი გამოიყენება იარაღად? რას ნიშნავს ღირსება, როდესაც შენ მოკლებული ხარ შენი ღირსების დაცვის საშუალებას?
როდესაც ზვიად რატიანმა “გაიმეორა” მზიას ქმედება, ის არ იყო უბრალოდ მექანიკური მიბაძვა ან ზედაპირული ფლეშმობი – ეს იყო ღრმად გააზრებული, სტრატეგიული მცდელობა, რათა გაეფართოებინა მსჯელობის ველი, შეექმნა ემოციური ეპიდემია – როდესაც ერთი ადამიანის აქტი იწყებს გამრავლებას და ხდება კოლექტიური ქცევის ნიმუში. შესაძლოა ზვიადს ამაზე არც უფიქრია ამდენი, მაგრამ როგორ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო!
სოციალური მოძრაობების ზედაპირულად გადახედვაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური აქტები იქცევა კოლექტიურ, საზოგადოებრივ ნარატივად, საერთო ისტორიად, რომელშიც ბევრი ადამიანი ხედავს საკუთარ თავს, ამოიცნობს საკუთარ ტკივილს. მზიამ და ზვიადმა, ორივემ ერთად, შექმნეს ისეთი გამოცდილება, რომ თავგანწირვის ისტორია არ დარჩენილიყო იზოლირებულ შემთხვევად, არამედ გამხდარიყო სიმბოლური მოძრაობის საფუძველი.
და მგონია, რომ გახდა კიდეც. მით უმეტეს, რომ რატიანის სოლიდარობა არ იყო, უბრალოდ, სიმპათია ან ემპათია. ეს იყო სიმბოლური სოლიდარობა – გააზრება იმისა, რომ მზიას ტკივილი, მისი შეურაცხყოფა, მისი დამცირება არ იყო მხოლოდ მისი პერსონალური ამბავი. ეს იყო საერთო ამბავი, რადგან საზოგადოებაში ერთი ადამიანის ღირსების დათრგუნვა ნიშნავს ყველას ღირსების დაკნინებას. და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მისთვის, სავარაუდოდ, იყო არა პირადი არჩევანი, არამედ ეთიკური აუცილებლობა – იმპერატივი, რომელიც მოითხოვს პასუხს, მოითხოვს მოქმედებას, მოითხოვს რისკს.
რისკი კი ზვიად რატიანისგან არ მიკვირს მე პირადად. სხვანაირს არც ვიცნობდი. მან მშვენივრად იცოდა რისკის საფასური. იცოდა, რომ ეს დასრულდებოდა პატიმრობით, ძვლებში დალეწვით, დახეიბრებამდე მიყვანით. მაგრამ სწორედ ამ რისკის გააზრებით და მისი მიღებით ხდება მისი ქმედება გამბედავი და სიმბოლური, ღრმად ადამიანური და ეთიკურად მნიშვნელოვანი. ის არ ქმნის უსაფრთხო დისტანციას მზიას ტრაგედიასა და საკუთარ თავს შორის – ის შედის ამ ტრაგედიაში, ხდება მისი თანამონაწილე, არა მხოლოდ დამკვირვებელი. ის არ საუბრობს სოლიდარობაზე თეორიულად – ის განახორციელებს სოლიდარობას საკუთარი თავისუფლების საფასურად.
და მიუხედავად ასეთი ტრაგიკული, ჰიპერრეალისტური ისტორიისა, მაინც არ მინდა გამომრჩეს ამ ამბის პერფორმატიულობა, რომელშიც გაერთიანდა პოეტური ენა, პოლიტიკური პროტესტი და ეთიკური პოზიცია. სამმაგი სინთეზი, რომელშიც თითოეული ელემენტი აძლიერებს მეორეს.
მხოლოდ იმიტომ არაა რატიანის ქმედება პოეტური, რომ მას პოეტი აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ეს აქტი ატარებს პოეზიის თვისებებს: მეტაფორულობას, სიმბოლურობას, ინტენსიურობას. ვალტერ ბენიამინი საუბრობდა “პოეტურ პოლიტიკაზე” – ანუ რაღაც ისეთზე, რომელიც არ არის მხოლოდ ტექნიკური, მენეჯერული, ბიუროკრატიული, არამედ არის გამოხატულად ვიზიონერული, შთამბეჭდავი, ტრანსფორმაციული, მოულოდნელი – პოლიტიკა, რომელიც იყენებს წარმოსახვის, ემოციის, სიმბოლოს ძალას, რათა შექმნას რესურსები ცვლილებისთვის.
სწორედ ასეთი იყო რატიანის სილა – არა, უბრალოდ, ფიზიკური აქტი, არამედ პოეტური ჟესტი, რომელიც ქმნის კონტექსტს, მნიშვნელობას. ამ მნიშვნელობას რა ქვემნიშვნელობები განუვითარდება, ეს უკვე ჩვენზე, ამ ქვეყნის შვილებზეა დამოკიდებული. მანამდე კი, პოეტის სხეული, რომელიც ავითარებს წინააღმდეგობის ასეთ გამოცდილებას, თავად ხდება სცენა, სადაც თამაშდება პოლიტიკური დრამა ძალისა და სამართლიანობის, სოლიდარობისა და რეპრესიის შესახებ, და სადაც ხმამაღლა ისმის: “ცეცხლი და დედისტყვნა ოლიგარქიას!”
“ეგრე სადაა:
რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,
და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.”
© არილი