
ბასკურიდან ინგლისურად თარგმნა დალა ბელდმა
ესაუბრა, ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო თამარ მღებრიშვილმა
ჰომეროსს ერთი კაცის მოგზაურობის აღსაწერად 12000-ზე მეტი ჰეგზამეტრული სტრიქონი დასჭირდა. მოგზაურობაზე წერისას ყოველთვის სცდები გეოგრაფიულ ჩარჩოებს და ის, რაც რუკაზე ტოპონიმებად ინიშნება, ტექსტში ემოციური გამოცდილებების ჯაჭვად იქცევა ხოლმე. ასეთ მოგზაურობაზე დაწერა მალხაზ ხარბედიამ „ნავი და ხურდა – ბასკური დღიურები“.
2016 წელს „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“, რამდენიმე დღით ბასკეთში, პასაია დონიბანეში, გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მახო ნანახსა და განცდილს ქრონოლოგიური და ფოტოგრაფიული სიზუსტით აღწერს, ამ ტექსტის მთავარ ღერძად მაინც ადამიანები გვევლინებიან, მათ გარშემო იგება მთელი ნარატივი. ასე იქცნენ ბასკური დღიურების მთავარ გმირებად იმანოლი და ესკარნე, ახლა უკვე მალხაზ ხარბედიას მეგობრები პასაია დონიბანედან.
ესკარნე და იმანოლი ორმოცი წელია პასაია დონიბანეში ცხოვრობენ, თუმცა მათი საერთო ისტორია ბასკეთში არ დაწყებულა. ორივეს ოჯახი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, ჯერ კიდევ მათი ბავშვობის პერიოდში. სწორედ მადრიდში გაიცნეს ერთმანეთი და 1981 წელს ბასკეთში ერთად დაბრუნდნენ. იმანოლი განათლების ექსპერტია, მაგრამ მთელი ცხოვრება ლიტერატურასა და ბიბლიოთეკარის პროფესიას მიუძღვნა, ესკარნემ კი მთელი ცხოვრება ჯანდაცვაში გაატარა, მანამდე კი ოჯახის ექიმად მუშაობდა.
ბასკური ენისა და კულტურის დაცვა და გავრცელება მათი ცხოვრებისეული მისწრაფებაა, დღემდე აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში. როგორც მითხრეს, განსაკუთრებით იზიდავთ ყველაფერი, რაც ღვინის კულტურასა და ისტორიას უკავშირდება, თუმცა მახო არა როგორც ღვინის ექსპერტი, არამედ როგორც მწერალი, ისე გაიცნეს.
მახოს გაცნობისა და მასთან შეხვედრის სურვილი იმანოლს ეკუთვნოდა, გაიგო თუ არა, რომ თავის სოფელში ქართველი მწერალი ჩავიდა, მაშინვე მეილი გაუგზავნა და შეხვედრაც დაიგეგმა.
ამ ტექსტით მალხაზ ხარბედიას დაწყებულ ისტორიას ვაგრძელებთ – ეს ერთი და იგივე ამბავია, თუმცა სხვადასხვა თვალით დანახული და შეფასებული, სადაც ამჯერად მთავარი გმირი მალხაზ ხარბედიაა, ავტორები კი ესკარნე და იმანოლი არიან.
მიმოწერებისა და შეხვედრების დღიური
• ოთხშაბათი, 2016 წლის 27 ივლისი
წინა დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს სოფელში, პასაია დონიბანეში, ახლახან ჩამოსულიყო ქართველი მწერალი, რომელიც Hugoenea[1]-ში დაბინავდა, ჩვენი სახლიდან სულ რაღაც ორი წუთის სავალზე. ერთი წლის წინ, ჩვენ ორმა ერთი თვე – 24 მაისიდან 24 ივნისამდე – საქართველოში გავატარეთ და იქ მიღებულმა გამოცდილებამ და შთაბეჭდილებებმა ეს ქვეყანა ძალიან შეგვაყვარა.
სტუმრად ჩამოსულ ქართველს მაშინვე მივწერეთ და შეხვედრა შევთავაზეთ. იმ დროს ჩვენს სოფელში დღესასწაულები იმართებოდა, 27 ივლისს კი წმინდა პანტალეონეს დღეს აღვნიშნავდით. ამ დღეს ადგილობრივები ქუჩებში სარდინებს წვავენ და გამვლელებს სთავაზობენ.
თხუთმეტ წუთში პასუხი მივიღეთ:
გმადლობ, იმანოლ, ამ შეტყობინებისთვის. შესანიშნავი იქნება ღვინისა და სარდინების თანხლებით შეხვედრა. რომელ საათზე გირჩევნიათ, რომ შევხვდეთ?
და აი, რა ვუპასუხე:
მოედანზე საშინელი ღვინოა, მოდი, ღვინო ჯერ სახლში დავლიოთ და მერე გავიდეთ ქუჩაში სარდინების საჭმელად. ვცხოვრობ №87-ში (ძალიან ახლოს შენთან, მთავარ მოედანთან), მეორე სართულზე. სარდინები დაახლოებით რვის ნახევრიდან იქნება მზად, ასე რომ, შეგიძლია სადღაც შვიდზე მოხვიდე. ქვემოთ ზარის ღილაკს დააჭირე.
შეხვედრამდე.
ამ დროს ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ მახო ღვინის ექსპერტი იყო.
როდესაც მახო ჩვენს ბინაში გვესტუმრა, ყელზე მაშინვე ბასკი მეზღვაურების ტრადიციული ყელსახვევი გავუკეთეთ, ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენს სოფელში ყველა ატარებს. აივანზე რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ, ტყავის ტიკში კარგი ღვინო ჩავასხით და მოედანზე ჩავედით, სადაც ცეცხლზე შემწვარი სარდინები და მარმიტაკო გველოდა (ტრადიციული ბასკური თევზის რაგუ, რომელიც ახლადდაჭერილი თინუსით, კარტოფილით, პომიდვრითა და ბულგარულით მზადდება).
სან-პანტელეონეს დღესასწაული მართლაც სახალისო გამოდგა. მოედანი ხალხით იყო სავსე, ატმოსფეროც შესანიშნავი. მიუხედავად იმისა, რომ მახოზე 17 წლით უფროსები ვიყავით, თავიდანვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დასაწყისშივე გახსნილ, ყველაფრით დაინტერესებულ და შესანიშნავ ადამიანად ჩავთვალეთ.
მომდევნო დღეები დავგეგმეთ: სათევზაოდ ზღვაზე გასვლა, მოგზაურობა რიოხას ღვინის რეგიონში, ვახშამი ბასკური სიდრის სახლში…
• ხუთშაბათი, 2016 წლის 28 ივლისი
წინა საღამოს მახომ გვითხრა, რომ რიოხაში წასვლას აპირებდა და გვკითხა, როგორ შეიძლებოდა იქ მოხვედრა. ჩვენ ვმუშაობდით და სამუშაო კვირის განმავლობაში ვერ ვახერხებდით წასვლას. თუმცა, შაბათ-კვირას შეგვეძლო ერთად მანქანით წავსულიყავით, ამიტომ ასეთი შეტყობინება მივწერეთ:
გუშინ გადარჩი?
დილით, 7:15 სთ-ზე სან-პედროში ნავით გადავედით, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას ჯერ კიდევ ბევრი ხალხი იყო, სვამდნენ და ცეკვავდნენ!
ვფიქრობდი შენს იდეაზე, რიოხაში წასვლასთან დაკავშირებით. თუ გინდა, შაბათს ჩვენი მანქანით წავიდეთ – მე, ჩემი ცოლი ესკარნე და შენ – რიოხა ალავესაში. დღის განმავლობაში ვესტუმროთ ღვინის მარნებს, დავაგემოვნოთ ღვინო ლაგუარდიასა და მიმდებარე სოფლებში. ამ მხარეს კარგად ვიცნობთ და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ იმ ყველაფერს, რაც რიოხა ალავესაზე ვიცით.
რა თქმა უნდა, შეგიძლია თავისუფლად და უპრობლემოდ გვიპასუხო, „კი“ ან „არა“. თუ შენთვის მისაღებია, ყველაფერს მოვაწყობთ, თუ არა – არ იდარდო, პრობლემა არ არის.
მახოს პასუხი:
აააა, შესანიშნავია. ვაუ. მოუთმენლად ველოდები შაბათს 🙂 მზად ვარ. გმადლობ.
გარდა ამისა, ხუანმამ გვითხრა, რომ მზად იყო სათევზაოდ წავეყვანეთ.
ისევ გამარჯობა, მახო.
ხუანმამ ახლახან დამირეკა და მითხრა, რომ ხვალ დილას კარგი და მშვიდი ამინდია მოსალოდნელი და ნავით სათევზაოდ აპირებს წასვლას. მზად ხარ წამოსასვლელად? თუ კი, გთხოვ, შემატყობინე. გეგმა ასეთია: გასვლა დილის 5 საათზე და დაბრუნება ორიოდე საათში – სადღაც 7:30-ზე. შემდეგ მე სამსახურში წავალ.
მისი პასუხი ძალიან სახალისო იყო:
იმანოლ, შენ სამოთხის შემქმნელი ხარ :)) რა თქმა უნდა, მზად ვარ 🙂 შენ და ხუანმას მოედანზე შეგხვდებით 🙂
• პარასკევი, 2016 წლის 29 ივლისი
დილით ხუთ საათზე, მე (იმანოლი), მახო და ხუანმა ერთად ავედით ხუანმას ნავზე. ნელ-ნელა გავცურეთ ზღვაში და პორტი უკან მოვიტოვეთ. ათი წუთის შემდეგ ხუანმამ ნავი გააჩერა და ანკესი გამოიტანა. მალევე მივხვდით, რომ მახოს ზღვის ავადმყოფობა სჭირდა და გემბანიდან გადაეყუდა. ცოტა ხანს დავიცადეთ, იქნებ უკეთ ეგრძნო თავი, მაგრამ დავნებდით და პორტში დავბრუნდით – ბუნებრივია, არც ერთი კალმარი არ დაგვიჭერია!
შუადღის შემდეგ მახოს მივწერეთ შეტყობინება, რომ შემდეგი დღის გეგმა დაგვესახა:
იმედი მაქვს, ახლა უკვე უკეთ ხარ!
ხვალ დილით ისევ 9:00 საათზე შევხვდებით მოედანზე, ზუსტად ისე, როგორც დღეს.
11:00 საათზე გვაქვს შეხვედრა ღვინის მარანში სახელად Remelluri – მოვინახულებთ მარანს და მიმდებარე ტერიტორიას და ორი სახეობის ღვინოს დავაგემოვნებთ.
შემდეგ წავიდეთ ლაგუარდიაში – დავათვალიეროთ ქალაქი და სადილის წინ ერთ ვინოტეკაში რამდენიმე ღვინო გავსინჯოთ.
14:00 საათზე უნდა ვიყოთ პაგანოსში, Hector Oribe-ს რესტორანში.
ვახშმის შემდეგ გავივლით ორ ცნობილ მარანს, რომლებიც თავიანთი არქიტექტურით გამოირჩევიან: Bodegas Ysios (კალატრავა) და Marqués de Riscal (გერი).
• შაბათი, 2016 წლის 30 ივლისი
დილით ადრე გავემართეთ ლაბასტიდასკენ – რიოხას იმ ნაწილში, რომელიც ბასკეთის პროვინცია ალავას ეკუთვნის. იქ მდებარეობს როდრიგესების ცნობილი მარანი La Granja Nuestra Señora de Remelluri. გზად ჰაროში შევიარეთ, თუმცა, სამწუხაროდ, Muga-ს მარანი დაკეტილი დაგვხვდა.
Remelluri-ში ვიზიტი ყოვლისმომცველი და დაუვიწყარი გამოდგა. ღვინის შესანიშნავი მარნის გარდა, მოვინახულეთ მის სიახლოვეს მდებარე პატარა ეკლესიაც. აქ დაცულია ბასკი მხატვრის, ვისენტე ამესტოის ნამუშევრები 1990-იანი წლებიდან, ასევე წმინდანთა უნიკალური პორტრეტები.
შემდეგ მსუბუქად ვივახშმეთ და ღვინოებიც გავსინჯეთ. მახომ Remelluri-ს მფლობელებს ქართული ღვინის შესახებ წიგნი აჩუქა. როდესაც მათ გაიგეს, რომ მახო ქართული ღვინის ექსპერტი იყო, საჩუქრად Remelluri-ს ისტორიისა და ამესტოის ნახატების გამოცემები გადასცეს. მარნის წარმომადგენელმა, ამაია როდრიგესმა, გულწრფელად გვისაყვედურა, წინასწარ რატომ არ ვაცნობეთ მახოს სტუმრობის შესახებ, რათა მასთან შეხვედრისთვის შესაბამისად მომზადებულიყვნენ.
მაგრამ თავად ჩვენც ჯერ კიდევ არ ვიცოდით, ვინ იყო მახო ღვინის სამყაროსთვის სინამდვილეში!
შემდეგი გაჩერება იყო Héctor Oribe-ის რესტორანი პატარა სოფელ პაგანოსში. გავსინჯეთ სხვადასხვა კერძი და რამდენიმე ღვინო დავაგემოვნეთ. ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მახოს ცერემონიალურმა დამოკიდებულებამ – როგორ უღებდა თითოეულ კერძს ფოტოს, როგორ იგებდა სურნელებს, გემოს, დეტალებს და ყველაფერს თავის წიგნაკში იწერდა. ერთმანეთს ჩურჩულით ვკითხეთ: ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს კაცი?
შემდეგ გზა Ysios-ის ცნობილი მარნისკენ გავაგრძელეთ, იმ არქიტექტურული შედევრის ნახვა გვსურდა, რომელიც კალატრავას დაპროექტებულია. ასევე, გვინდოდა გვენახა Marqués de Riscal-ის მარანი, რომელიც ფრენკ გერის აქვს დაპროექტებული, მაგრამ ის შორს იყო – ელსიეგოში.
ამის ნაცვლად, ახლომდებარე La Chabola de la Hechicera (ჯადოქრის ქოხი), პრეისტორიული დოლმენი მოვინახულეთ, აქ სტუმრობის მიზანი უფრო ლაგუარდიას ხედებით ტკბობა იყო. სახლში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ლაგუარდიაში, რიოხა ალავესის დედაქალაქში შევიარეთ. ძალიან კმაყოფილები ვიყავით ერთად გატარებული მშვენიერი დღით.
• ოთხშაბათი, 3 აგვისტო – პეტრიტეგის სიდრის სახლი
მიუხედავად იმისა, რომ მახომ სან სებასტიანელ მეგობართან ერთად ჩაკოლის მარანი მოინახულა (ჩაკოლი ბასკეთის სანაპირო ქალაქებში, გეტარიასა და ზარაუცში წარმოებული თეთრი ღვინოა), საღამოს უკვე მზად იყო, ჩვენთან ერთად სიდრის სახლში წამოსულიყო. აშკარად შესამჩნევი იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი რამის ნახვა და გამოცდა უნდოდა.
სიდრის სახლების, ანუ საგარდოტეგიების სეზონი იანვარში იწყება და აპრილში სრულდება, სწორედ ამ პერიოდში ივსება სიდრის ბოთლები. თუმცა, ზოგი სიდრის სახლი, განსაკუთრებით დიდები, სიდრის ნაწილს მთელი წლის განმავლობაში გიგანტურ კასრებში ინახავენ, რათა სტუმრებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ სიდრის დაგემოვნება.
ჩვენ ბასკეთის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ადგილი შევარჩიეთ, ასტიგარაგაში მდებარე Petritegi Sagardotegi (პეტრიტეგის სიდრის სახლი).
შესვლისთანავე ჩვენს მაგიდასთან მიგვიყვანეს და გვითხრეს, საიდან უნდა აგვეღო ჭიქები. ჩვენი მაგიდის ნახევარი უკვე დაკავებული იყო, სამი მამაკაცი შემოსხდომოდა, რომლებსაც ვახშმის განმავლობაში მახომ რამდენჯერმე გადაუღო ფოტო. თითო ჭიქით ხელში მივადექით გიგანტურ კასრებს. ვაჩვენეთ მახოს, როგორ დაეჭირა ჭიქა ისე, რომ სიდრის ნაკადი ჭიქის კედელს მოხვედროდა და პირდაპირ ჭიქაში არ მოქცეულიყო. ავუხსენით, რომ მხოლოდ იმდენი სიდრი უნდა ჩაესხა, რამდენსაც ერთ ყლუპში დალევდა.
მალე შევნიშნეთ, რომ ატმოსფერო ძალიან მოეწონა და ცოტა ხანში საუბარიც კი დაიწყო ჩვენი მაგიდის მეზობლებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინგლისურად საერთოდ არ საუბრობდნენ.
„კლასიკური“ მენიუ ავირჩიეთ: ცხარე წითელი ძეხვი, ვირთევზას ომლეტი, შემწვარი ვირთევზა წიწაკით და საქონლის უზარმაზარი სტეიკები. ამას მოჰყვა ადგილობრივი ყველი, კომშის ჟელე და ნიგოზი დესერტად, ასევე სპეციალური ორცხობილა, რომელიც ცნობილია როგორც „სიგარილიოს დე ტოლოსა“, რომელსაც სახელი ქალაქ გიპუზკოას პატივსაცემად დაერქვა.

მახოს უკვირდა, რომ ჩვენ სამნი ერთი თეფშიდან ვჭამდით და დასალევად ყოველ ჯერზე უნდა ავმდგარიყავით და კასრებთან მივსულიყავით. ჩვენი მაგიდის მეზობლები კი ძროხის ხორცის ნაცვლად ხეკის განსაკუთრებულ ნაწილს მიირთმევდნენ, ამან მახოს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. სიდრის სახლის პატრონს თან დავდევდით, როცა დაიყვირებდა Txotx! – ეს ნიშნავდა, რომ ახალ კასრს ხსნიდა, რათა სხვა სახეობის სიდრი გაგვესინჯა.
დროის გასვლასთან ერთად ატმოსფერო სულ უფრო ხალისიანი ხდებოდა. კასრებთან გასვლაც გახშირდა და წესებსაც იმდენად აღარ ვიცავდით. ერთ მომენტში მახომ გადაწყვიტა, სიდრი პირდაპირ კასრიდან დაელია!
• ხუთშაბათი, 4 აგვისტო – ჩვენი უკანასკნელი დღე და გამომშვიდობება
გამოსამშვიდობებლად სახლში არაფორმალური ვახშამი მოვაწყვეთ, სუფრაზე ტრადიციული ბასკური კერძები გვქონდა: მარილში დამარინადებული ანჩოუსი, ზეთით შეზავებული თინუსი, ფუა და პომიდვრის სალათა ცხვრის ყველით.
გადმოვალაგეთ სხვადასხვა ღვინო და ზეთი, რაც სახლში გვქონდა და მცირე დეგუსტაციაც გავმართეთ. ძალიან გავერთეთ და თან აღმოვაჩინეთ, რომ მახო არა მხოლოდ ღვინოში, არამედ ზეთებშიც კარგად ერკვეოდა.
მახოს სტუმრობა პასაიაში ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. ის იყო სრულიად უნიკალური, მგრძნობიარე, გამჭრიახი და ინტუიციური ადამიანი. დღემდე გვახსოვს, როგორ იხრებოდა თეფშისკენ, ხელის მოძრაობით სურნელს ცხვირისკენ იზიდავდა და მაშინვე იღებდა კალამს, რათა თავისი შთაბეჭდილებები წიგნაკში ჩაეწერა.
გამოვემშვიდობეთ სიტყვებით – „შევხვდებით თბილისში“. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოში სტუმრობისთვის იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე ვფიქრობდით.
მახომ ერთი ბოთლი საფერავი (Nikala’s Marani) და ერთი ბოთლი ჭაჭა დაგვიტოვა. ასევე ორი ხელნაკეთი ყელსაბამი, რომლებიც მისმა მეუღლემ, ირენმა, დაამზადა – ერთი ალაზნესთვის და მეორე ჩემთვის, ესკარნესთვის.
ოქტომბერში ერთმანეთთან რამდენიმე იმეილი გავცვალეთ:
გამარჯობა, მახო, როგორ ხარ?
გუშინ ესკარნემ და მე Nikala’s Marani-ს საფერავი დავლიეთ, რომელიც საჩუქრად დაგვიტოვე. ძალიან კარგი იყო! რა ფერი! რა გემო! ძალიან მოგვეწონა!
საუკეთესო სურვილებით!
გამარჯობა, იმანოლ, როგორ ხარ? ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. მენატრებით შენ და ესკარნე. მიხარია, რომ მომწერე. გიგზავნი ჩემი ჟურნალის (არილი) PDF ფაილს, სადაც ჩემი დღიურები გამოქვეყნდა 🙂 შეგიძლია 35-44 გვერდზე ნახო.
საუკეთესო სურვილებით!
დიდხანს ნანატრი მოგზაურობა
• 2020–2024
2020 წელს, პანდემიის გამო საქართველოში წამოსასვლელად შეძენილი ბილეთები გაგვიუქმდა, ხოლო 2021-ში ეპიდემიის სერიოზულობამ ისევ შეგვაშინა და მოგზაურობის თავი აღარ გვქონდა.
შემდეგ, 2022 წელს, უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ ჩაგვიშალა გეგმები, ხოლო 2023-ში კვლავაც არსებობდა შიში, რომ კონფლიქტი გაღრმავდებოდა.
დაბოლოს, 2024 წელს, ცოტა ხნის წინ ნაყიდი ბილეთებით ხელში, მახოს მივწერეთ:
2024.05.02
Gamarjoba Makho,
როგორ ხარ? იმედია, შენ და შენი ოჯახი კარგად ხართ.
ჩვენ ორივე – ესკარნეც და მეც – კარგად ვართ.
ეს წერილი მხოლოდ იმისთვის მოგწერე, რომ გაცნობო: 19 მაისს ჩამოვფრინდებით თბილისში და ქალაქში მომდევნო სამი დღის განმავლობაში დავრჩებით (20, 21 და 22).
ვიცით, შესაძლოა დაკავებული იყო, მაგრამ თუ შეძლებ, ძალიან გაგვიხარდება შენი ნახვა და ერთი ჭიქა ღვინის დალევა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებ, არ იდარდო.
კეთილი სურვილებით,
Nakhvamdis.
მახომ იმავე დღეს გვიპასუხა:
2024.05.02
ვაუ, იმანოლ,
ძალიან გამიხარდა შენი წერილის მიღება. მომენტალურად მოგონებების ნიაღვარი წამოვიდა! პასაია დონიბანედან რომ წამოვედი, რამდენიმე თვეში დიდი ტექსტი დავწერე იმ დაუვიწყარი დღეების შესახებ, რომლებიც ერთად გავატარეთ.
შენ და ესკარნე ხართ ამ ტექსტის მთავარი გმირები, წერილს „ნავი და ხურდა – ბასკური დღიურები“ დავარქვი. ჯერ ვერ შევძელი, ჩემი მეგობრისთვის მეთხოვა, რომ ინგლისურად თარგმნოს. ტექსტი დაახლოებით 25 გვერდია. აი, აქ არის ქართულად: https://tinyurl.com/3yufdsj2
ვიმედოვნებ, რომ წელს მაინც გამოგიგზავნით თარგმანს, ასევე მინდა ოიერსაც გადავუგზავნო.
გთხოვ, ჩამოსვლისას აუცილებლად დამიკავშირდი. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი: 557272704. თუ არ ვუპასუხე, ესე იგი, ნომერი ვერ ვიცანი, გთხოვ, შეტყობინება გამომიგზავნე. ასევე შეგიძლია დამიკავშირდე იმეილით.
თუ გინდა, შეგხვდები აეროპორტში.
ფეისბუქზეც შეგიძლია მომწერო – Malkhaz Kharbedia.
როცა მესტუმრები, აუცილებლად უნდა წავიდეთ ჩემს სოფელში, რომელიც თბილისთან ახლოსაა. გიჩვენებ ჩემს მარანს, სადაც ერთად გავხსნით საუკეთესო ღვინოებს და სხვადასხვა კერძს დავაგემოვნებთ.
გარდა ამისა, ძალიან მინდა, რომ ჩემი ღვინოები ბასკეთში წაიღო, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ პასაია დონიბანეში.
გთხოვ, ესკარნეს ჩემი სიყვარული გადაეცი.
მოუთმენლად ველი შენს ნახვას. საშინლად მენატრებით. მუდმივად ვფიქრობ თქვენზე და ყველა იმ ადამიანს ვუყვები თქვენ შესახებ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს.
P.S. კიდევ ერთი ჩანაწერი ჩვენი 2016 წლის ერთად გატარებული დღეებიდან J
http://vinoge.com/degustacia/WiqiT-xelSi-sidris-saZieblad-baskeTSi
ჩვენი პასუხი:
2024.05.03
რა სასიამოვნოა შენი მოსმენა, მახო!!!
ჩვენთვისაც დაუვიწყარია 2016 წელს შენი სტუმრობა პასაია დონიბანეში.
ძალიან სასიამოვნო იქნება შენთან ერთად თბილისში ყოფნა და სიამოვნებით გესტუმრებით სოფელში ჭიქა ღვინის დასალევად. გმადლობ!
თბილისში ჩამოფრენისთანავე ამ იმეილზე მოგწერ (გთხოვ, აეროპორტში გამოსვლა არ არის საჭირო; ყველაფერს მარტივად მოვაგვარებთ; დიდი მადლობა).
თანდართულ ფაილად გიგზავნი ერთ საინტერესო წიგნს ბასკეთის / საქართველოს შესახებ – ბასკურ, ესპანურ და ქართულ ენებზე.
მოუთმენლად ველით შენს ნახვას.
Nakhvamdis.
თუმცა, 13 დღის შემდეგ იძულებული გავხდით, მოგზაურობა გაგვეუქმებინა, რადგან იმანოლს ექიმმა ურჩია, თვითმფრინავით არ ემგზავრა, მას ყურის ანთება ჰქონდა.
• 2025
2025 წლის აპრილის დასაწყისში, უკვე მესამედ შევიძინეთ საქართველოს ბილეთები და 9 აპრილს მახოს მივწერეთ, რომ საბოლოოდ შევხვდებოდით თბილისში.
Gamarjoba, Makho, rogor khar?
იმედია, შენ და შენი ოჯახი კარგად ხართ.
ჩვენც კარგად ვართ.
ესკარნე შარშან შემოდგომაზე გავიდა პენსიაზე და, საბედნიეროდ, ჩემი ყურის პრობლემა (ოტიტი) ახლა უკვე სრულად მოგვარებულია.
ერთი წლის შემდეგ კვლავ ვგეგმავთ საქართველოში (და სომხეთში) გამგზავრებას – მაისში. თბილისში ჩამოვფრინდებით 13-14 მაისის ღამეს და ქალაქში დავრჩებით ორშაბათამდე, 19-მდე.
შემდეგ სამ კვირას მოგზაურობაში გავატარებთ და თბილისიდან ბილბაოში გავფრინდებით 10 ივნისს. არ გვინდა რაიმეზე თავი ვალდებულად იგრძნო, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება, ძალიან გაგვიხარდება შენი ნახვა და თუნდაც ცოტა ხნით საუბარი.
სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ ვიყავით Ola Sagardotegia-ში. შესანიშნავი გამოცდილება იყო!
სიყვარულით,
Nakhvamdis,
ესკარნე და იმანოლი.
გავიდა რამდენიმე დღე და გაგვიკვირდა, რომ მახოსგან პასუხი ვერ მივიღეთ. მის მოსაძებნად ფეისბუქზე ექაუნთიც გავხსენით. როცა, ბოლოს და ბოლოს, მისი პროფილი ვიპოვეთ, შეშფოთებულებმა წავიკითხეთ მახოს უამრავი მეგობრის პოსტი – იქიდან გავიგეთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა ჰქონდა და მკურნალობის მკაცრ კურსს გადიოდა.
18 აპრილს მივიღეთ მახოს იმეილი. მან აგვიხსნა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიგვიწვია 10 მაისს ახალი ღვინის ფესტივალზე. სამწუხაროდ, იქ ვერ მივიდოდით, რადგან თბილისში მხოლოდ 14 მაისს, დილით ჩამოვდიოდით.
ჩვენ სრულად გავითავისეთ მახოსა და მისი ოჯახის მდგომარეობა და ვთხოვეთ, რომ ჩვენზე არ ეფიქრა, ყველაზე მთავარი იყო, თვითონ გამოჯანმრთელებულიყო. თუმცა, მახო მაინც დაჟინებით გვთავაზობდა თბილისში დარჩენას, შემდეგ კი კახეთში ჩვენი საერთო მეგობრების მონახულებას და ერთ-ერთ მარანში სტუმრობას.

არ ვიცით რატომ, მაგრამ მახომ ფეისბუქზე ვერ გვიპოვა. ჩვენ მის კომენტარებს ვნახულობდით, მაგრამ თვითონ ვერ გვპოულობდა.
საქართველოში გამგზავრებამდე ერთ დღით ადრე, როდესაც ონლაინ რეგისტრაციას გავდიოდით, მისგან მესენჯერში შეტყობინებები მივიღეთ. გვაცნობა, რომ ცოტათი დაღლილი იყო, მაგრამ ძალიან კმაყოფილი იმით, თუ როგორ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი.
13 მაისს, როცა ბილბაოს აეროპორტში ბარგს ველოდით, მასთან ბოლოჯერ მესენჯერში ვისაუბრეთ. მოგზაურობაში წარმატება გვისურვა და დავგეგმეთ შეხვედრა ორი დღის შემდეგ, 15-ში.
თუმცა 15 რიცხვი დადგა და მისმა მეუღლემ, ირენმა ხმოვანი შეტყობინება გამოგვიგზავნა ცუდი ამბით – მახო საავადმყოფოში იყო და მასთან შეხვედრას ვეღარ შევძლებდით. ამ ამბავმა ძალიან შეგვაშფოთა. საერთოდ არ ველოდით მისი მდგომარეობის გაუარესებას. სულ რამდენიმე დღის წინ მთაწმინდაზე გადაღებულ ფოტოებში ისე კარგად გამოიყურებოდა…
ირენს შევატყობინეთ, რომ მოგზაურობის განმავლობაში კონტაქტზე დავრჩებოდით და მათ თბილისში აუცილებლად ვნახავდით, სანამ პასაია დონიბანეში დავბრუნდებოდით.
მომდევნო დღეებში ძველ თბილისში გავისეირნეთ და ვნახეთ ულამაზესი ეკლესიები, რომლებსაც უკვე ვიცნობდით.
გოგირდის აბანოებში ვიყავით, ავედით ქართლის დედასთან და გავისეირნეთ რუსთაველის გამზირზე. კონსერვატორიაში ერთ კონცერტს დავესწარით და მეიდანზე ქართული მუსიკა მოვისმინეთ. ვეწვიეთ ბოტანიკურ ბაღს, ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. კვირას ბეთლემის ეკლესიაში წირვას დავესწარით. ვიმოგზაურეთ დავით გარეჯაშიც.
თბილისიდან ბორჯომში გავემგზავრეთ, სადაც ხუთი დღე ბუნებითა და ცნობილი მინერალური წყლებით ვტკბებოდით. ვნახეთ ახალციხესთან ახლოს მდებარე აწყურის ციხე, საფარის მონასტერი და ვარძია, რომელიც საქართველოში წინა სტუმრობის დროს ვერ მოვინახულეთ. ბორჯომში, ერთ პატარა თეატრში თოჯინების წარმოდგენას დავესწარით სახელწოდებით „იავნანამ რა ჰქნა?“, რომელიც ძალიან მოგვეწონა.
დროდადრო მახოს გამამხნევებელ სიტყვებთან და საუკეთესო სურვილებთან ერთად ჩვენი მოგზაურობის ფოტოებს ვუგზავნიდით,
თბილისში დაბრუნების შემდეგ, კახეთში ექსკურსიას შევუერთდით. ტურის განმავლობაში ვნახეთ, როგორ ამზადებდნენ გემრიელ ჩურჩხელას, დაგვაგემოვნებინეს სხვადასხვა ღვინო: მანავის მწვანე, საფერავი და ქინძმარაული. გავსინჯეთ ჭაჭაც და ერთ თონეში შოთის პურის ცხობასაც დავესწარით.
მოვინახულეთ ბოდბის მონასტერი და წმინდა ნინოს საფლავი. კვირა დღე იყო და იმდენ ხალხს მოეყარა თავი, ათი წლის წინ თუ სამლოცველოს ქვემოთ მდებარე წყაროსთან ჩასვლა შევძელით, ახლა ეგ უკვე შეუძლებელი იყო. იქიდან სიღნაღში წავედით და ღვინის ერთ მარანსაც ვეწვიეთ, სადაც ბუდეშურის საფერავი დაგვაგემოვნებინეს.
მომდევნო დღეს, დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა საქართველოში და აბო თბილელის ქუჩაზე აღმოვჩნდით. აქ ვნახეთ აბრა წაწერით „ბუნებრივი ღვინოები“. ეზოში შევედით, ერთმა მამაკაცმა შეგვიპატიჟა და მაშინვე გვკითხა, საიდან ვიყავით. გაიგო თუ არა, რომ ბასკები ვართ, გულთბილად გადაგვეხვია. მისი სახელია კახა. ეს ადგილი ძალიან თბილი და განსაკუთრებული აღმოჩნდა. დავაგემოვნეთ კარგი საფერავი და დრო სასიამოვნოდ გავატარეთ. წასვლამდე ერთი დოქი გვისახსოვრა. ვკითხეთ, იცნობდა თუ არა მალხაზ ხარბედიას და გვითხრა, რომ იცნობდა. ვთხოვეთ, დოქი ჩვენთვის შეენახა, რადგან მცირე ბარგით ვმოგზაურობდით და სომხეთისკენ მივდიოდით. 9 ივნისს უნდა დავბრუნებულიყავით და წამოვიღებდით.
რვა დღის შემდეგ, ერევანში ყოფნისას, ფეისბუქზე ახალ ამბავს წავაწყდით, რომელმაც ლაპარაკის უნარი დაგვაკარგვინა, დაუჯერებელი ამბავი იყო. მახო გარდაცვლილიყო. იმდენად მოულოდნელი და მტკივნეული იყო, რეაგირებაც ვერ მოვასწარით. თუმცა, სიმართლე აღმოჩნდა, რადგან სამძიმრის უამრავი წერილი გვხდებოდა. დღესაც კი გვიჭირს ჩვენი შოკისა და სევდის გადმოცემა. მთელი მოგზაურობის განმავლობაში უდიდესი ტკივილი თან გვდევდა და ამ ტკივილს დღემდე გულით ვატარებთ.
ახლა უფრო და უფრო კარგად ვაცნობიერებთ ჩვენი მეგობრის, მახოს მნიშვნელობასა და ქარიზმას. როცა ვკითხულობთ მისი მეგობრებისა და ნაცნობების გულწრფელ წერილებს, აშკარაა, რამდენად დიდ პატივს სცემდნენ.
ცხრა წლის წინ, ერთად მხოლოდ ხუთი დღე გავატარეთ, მაგრამ მან დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. იმ ხანმოკლე პერიოდში, რაც პასაია დონიბანეში გაატარა, ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი და ტრადიციები გაეცნო. ყოველთვის ცნობისმოყვარე იყო და სიახლით ტკბებოდა. ის იდეალური თანამგზავრი აღმოჩნდა.
მახო ჩვენს სოფელში, როგორც მწერალი, ისე ჩამოვიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ რამდენად მრავალმხრივი პიროვნება იყო: ღვინის ექსპერტი, კრიტიკოსი, ლიტერატორი და ა.შ. ჩვენი ხანმოკლე ურთიერთობისას დავინახეთ, რომ ის სავსე იყო ადამიანურობით.
ვტიროდით მის დაკარგვას, ისე როგორც გაზეთებისა და ჟურნალების გამყიდველი ქალი წერეთლის გამზირიდან. ამავდროულად, გვამშვიდებდა ფიქრი, თუ როგორ გაგვიმართლა, რომ მახოსნაირ გამორჩეულ ადამიანს ვიცნობდით.
მოუთმენლად ველოდით მის ნახვას. ამდენი ხნის შემდეგ, გვინდოდა მასთან ერთად, მის გარემოცვაში გაგვეტარებინა დრო, მაგრამ ეს არ მოხდა.
თბილისიდან ვერ წავიდოდით იმ საჩუქრების დატოვების გარეშე, „მეორე იბერიიდან“ რომ ჩამოვიტანეთ (ტოლოსას სიგარეტები, რომლებიც სიდრის სახლში გატარებულ საღამოს გვახსენებდნენ და რომლებსაც მთელი თვე ზურგჩანთით დავატარებდით). როგორღაც მივაგენით ხელოვნების სკოლა Not Museum-ს. კვირა დღე იყო, მაგრამ ღია დაგვხვდა. ერთმა ძალიან თბილმა ქალმა (შემდგომში გავიგეთ, რომ თამ დადალისა / თამარ მჭედლიშვილი იყო) გულთბილად მიგვიღო და ირენს შეგვახვედრა.
მომდევნო დღეს ირენმა სახლში სადილად დაგვპატიჟა და ტაქსიც გამოგვიგზავნა. შევხვდით მთელ ოჯახს – ირენს, ეკას, ლაშას, თინას და თიკო ნადირაძეს. როგორც ყოველთვის საქართველოში, სუფრა სანახაობრივი იყო, ტკივილი გვახრჩობდა და ამ ყველაფრით სრულად ტკბობა არ შეგვეძლო, თუმცა მაინც გავსინჯეთ წვნიანი, ჩაშუშული, პური, ჩირეული, თევზიც და ყველიც… და, რასაკვირველია, მახოს ღვინოები. ეკას დესერტებმა ყველაფერი დააგვირგვინა.
ძალიან მადლიერები ვართ ირენისა და მახოს ოჯახის, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი მძიმე და სევდიანი იყო, ეს შეხვედრა დაგვეხმარა მეგობრის დაკარგვის ტკივილთან გამკლავებაში. ნამდვილად გვჯეროდა, რომ მისი სული ჩვენთან იყო. მახოსთვის შევასრულეთ Topa dagigun[2] – სულიკოს ბასკური ვერსია.
საჩუქრად ოთხი წიგნი და მახოს მიერ შედგენილი „ქართული ღვინის გზამკვლევი 2024-2025“ გამოგვატანეს. ასევე, ლამაზი საყურეები და საოცარი მედალიონები, რომლებიც ირენმა გააკეთა. ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამ შეგვეძლო გვეფიქრა და გვეთქვა: დიდი მადლობა!
მხოლოდ 12 საათი გვრჩებოდა გაფრენამდე და ძალიან გვინდოდა კახასთან გამომშვიდობება. წინა დღეს დოქი უკვე წამოგვეღო და ძელშავით მახოც დავლოცეთ.
როცა აბო თბილელის ქუჩაზე მივედით, კახასთან ერთად დაგვხვდა მახოს კიდევ ერთი მეგობარი – მერაბ მირცხულავა. ეჭვიც არ გვეპარება: მახო გზად გვიძღვებოდა!
თბილელიდან წაგვიყვანეს ოქროყანაში, ერთ სახლში, სადაც კახა კაკაბაძეს საოცარი კოლექცია ჰქონდა – ანტიკვარები, კერამიკა, სამუშაო იარაღები, ნახატები, მუსიკალური ინსტრუმენტები, წიგნები, გრავიურები, ტანსაცმელი და უამრავი სხვა რამ… ეს იყო საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოს ისტორიას აცოცხლებდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ ეთნოლოგიური განძის ნახვა.
სანამ კახა ბუხარს ანთებდა, სუფრაზე უკვე ლაგდებოდა პური, ყველი, საზამთრო, ალუბალი, ლობიო და, რა თქმა უნდა, ღვინო. სადღეგრძელოების შემდეგ ქართულმა სიმღერებმა მოიტანა სევდიანი, ღრმა განცდა. გიტარა ხელიდან ხელში გადადიოდა და ჩვენი ჯერიც დადგა. შემდეგ კახასა და მერაბის ხმები კვლავ შეუერთდა ქართული პოლიფონიის საოცარ ჰარმონიას.
მადლობა, მახო, რომ შენი საოცარი ხალხი გაგვაცანი და გაგვაერთიანე!
დაღამდა. დადგა გამოსამშვიდობებელი სიტყვებისა და ჩახუტების დრო. ქართულად გამოსამშვიდობებელი სიტყვა – ნახვამდის, იმავე მნიშვნელობას ატარებს, რაც ბასკური – Ez adiorik. ეს არ არის სამუდამო გამომშვიდობება და ნიშნავს: შემდეგ შეხვედრამდე!
მახოს გაცნობა ჩვენთვის სიამოვნება და საჩუქარი იყო. ახლა კი, მისი ხსოვნა იქნება სიამოვნება და საჩუქარი – მისი, მისი ხალხისა და მისი საყვარელი საქართველოსი.
[1] მწერალთა სახლი — ეს პროექტი ბასკი მწერლების ასოციაციისა და პასაიას მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით დაიწყო. იგი მასპინძლობს ბასკ და სხვა პატარა ქვეყნებში მოღვაწე მწერლებს. სახლი ვიქტორ ჰიუგოს სახელს ატარებს, რომელმაც თქვა: „მწერალმა უნდა იმუშაოს, რომ წეროს“ და „კარგი ტექსტი მხოლოდ შთაგონების შედეგი არ არის“. ეს არის ადგილი, სადაც მწერალს შეუძლია იმუშაოს. სწორედ ამიტომაც არის ჰუგოენეა. ვიქტორ ჰიუგო პასაია დონიბანეს 1843 წელს ეწვია.
[2] Topa dagigun (გაგიმარჯოთ!) — ეს სიმღერა ბასკურმა ჯგუფმა Oskorri შექმნა 1996 წელს. მელოდია აღებულია ქართული სიმღერიდან სულიკო. ტექსტის ავტორია ჯონ სარასუა, ხოლო სიმღერა მშვიდობიან და ჰარმონიულ თანაცხოვრებას ეძღვნება.
© არილი