
რკინის ღობეზე ოთხნი გადავძვერით. უკვე აღარ ვიყავით პატარა ბიჭები და არ იყო ადვილი ხელში ცელოფნის პარკებით პანთეონის რკინის ღობეზე ჯერ აცოცება, შემდეგ გადახტომა და ამ ყველაფრის გაკეთება ისე, რომ ვაჟა ფშაველას საფლავზე დადგმულ ქვაზე არ ჩამოგვეხია შორტები და სიფათი. პარკებში გველაგა ჯერ კიდევ სიცივეშერჩენილი ცქრიალა ღვინოები, ხილი და კიდე ისეთი ხემსი, რასაც არავინ ჭამს, მაგრამ რატომღაც ღვინის ბოთლებს გვერდით მაინც მიუდებენ ხოლმე.
დილის სამი საათი იყო. „ღვინის კლუბში“ ზაფხულში გამართული ღვინის დეგუსტაციები მაშინ, როგორც წესი, თავისი გაგრძელებებით სრულდებოდა ხოლმე. ზაფხულია, ცოლ-შვილი წასულია, ვარდისფერი ღვინოები დაჭაშნიკებულია და სტატიისთვის ჩანიშვნებიც გაკეთებულია, სიცხე გადავლილია, მახო კარგ ხასიათზეა და ამის დასტურად ღიღინებს „…მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები“. ჩვენც ისღა დაგვრჩენოდა, დავყოლოდით მახოს სურვილს და „ავმაღლებულიყავით“.
პირველად უკვე ხსენებულ ვაჟა-ფშაველას საფლავს მივადექით, რომელიც, როგორც იცით, პანთეონის კუთხეშია ღობესთან ახლოს და არ გაგვჭირვებია მისი მიგნება. ახლა აქ რომ ყოფილიყო, ჩვენთან ერთად ხომ დალევდაო – მეკითხება მახო, თითქოს ვაჟა რას იზამდა, მე უნდა მცოდნოდა. ცქრიალა ღვინოს ვაჟა არ დალევდა-მეთქი, შტერული თავდაჯერებით ვუთხარი. – მაგას მღვდლების და თემის გაჩმახების არ ეშინოდა და 2011 წლის მოსავლის ბრუტი შეაშინებდა, ბიჯო? – ჩაიცინა როგორც იცოდა ხოლმე და დამისხა.
მერე იაკობს წავუქციეთ, აკაკისთან ჩამოვსხედით, გრიბოედოვის საფლავს ცალი თვალით გავხედეთ და უკვე წვიმას იწყებდა, ილიას საფლავთან რომ მივედით. მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი ხომ გახსოვთ როგორია? საფლავი თვითონ პატარაა, მაგრამ კარგა მოცულობით ფართზე აგია მარმარილოს ფილები, რომლებზეც ალბათ ნაწვიმარობის გამო დამისხლტა ფეხი და ზედ ილიას საფლავზე გავსრიალდი დაახლოებით ისე, თანამედროვე ფეხბურთელები გატანილ გოლს რომ აღნიშნავენ ხოლმე. მივსრიალებ და თან ვაგრძელებ დაწყებულ მოთქმას „ეს რა კაცი მოგვიკლეს ამ ჩათლახებმა“. იცინის მახო, იცინის და კვდება სიცილით. ჩვენც გვეცინება, მაგრამ მახო არ ჩერდება. მერე არ ვიცი წვიმით თუ სიცილნარევი ცრემლით სველი თვალები მაისურის ბოლოთი მოიწმინდა და გვითხრა: წარმოიდგინეთ, როგორ არ გაუმართლა საწყალ ილიას. „ნაროდნიკებზე“ ან რუსეთის მეფეზე რამეს იტყოდა და გამოხტებოდნენ და აგინებდნენ, ეგ იმპერიის და ხალხის მტერი ეგაო. გაზეთი დაუხურეს, ბანკის გაკოტრება მაგას შეეტენა, სიკვდილით დასჯის გაუქმება მოითხოვა, მთელმა რუსეთის დუმამ უსტვინა, წიგნი დაწერა, სადაც ლუარსაბს საკუთარი გარეგნობა მისცა და თავადები მოსაკლავად დასდევდნენ. მერე მართლა მოკლეს და ამ ყველაფრის შემდეგ ავჭალელი ლევანა მის საფლავზე შუაღამეს ადის და სრიალებს. აბა, ეს სამართალია?…
სანამ დავწერდი, ერთი ასი ვარიანტი მაინც დავამუშავე, როგორ ჯობდა დამეწყო მახო ხარბედიაზე წერილი და ბოლოს სწორედ მთაწმინდის პანთეონში გადაპარვის ამბავი ავირჩიე, რადგან ყველაზე მეტად ალბათ ასეთ ამბებში ჩანდა მახოს ჭეშმარიტი ბუნება, რაც ერთობლივად მოიცავდა სიხალასეს, სიხალისეს, უბრალოებას, მეგობრულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის ნამდვილ, გულწრფელ, არასუფრულ, არაბანალურ სიყვარულს.
„ღვინის კლუბის“ პრეზიდენტის ხსენებისას ბევრს შეიძლება თვალწინ დაუდგეს ყანწმომარჯვებული, უსაგნოდ მოლაყბე ტიპი, რომელსაც ენაზე მუდმივად „მამა-პაპის აჩრდილები“ და „წინაპართა სისხლი“ აკერია; რომელიც სვამს უზომო რაოდენობის ღვინოს და სუფრაზე პურს არ გატეხს დაძმაკაცებული მღვდლებისა და ეპისკოპოსების გარეშე. მახო იყო ამ ყველაფრის საპირისპირო მოვლენა და მეტიც – მებრძოლი მსგავსი მავნებლობების წინააღმდეგ. ღვინის პირველი სახალხო ჭაშნიკი (დეგუსტაციას მახო ჯიუტად ჭაშნიკს უწოდებდა და მეც სულ ვცდილობ, სიტყვა „ჭაშნიკი“ ვიხმარო), ღვინის სახალხო ფესტივალები, დაწერილი წიგნები და ათასობით სტატია ღვინის სწორად მოხმარებაზე, ვაზის ქართულ თუ უცხოურ ჯიშებზე, მიკროზონებზე, ღვინის კულტურაზე, მევენახეობაზე და, ზოგადად, ღვინოზე გახდა მიზეზი იმისა, რომ ბევრ ადამიანს ყანწი კუთხეში მიეყუდებინა, მარანში ჩოხა-ახალუხით პრანჭიაობის ნაცვლად ქვევრის სათანადოდ მოვლისთვის მიექცია ყურადღება და, სულ მცირე, ღვინის ჭიქის ხელში სწორად დაჭერა ესწავლა.
საქართველოს სუნი
იმერეთისთვის ზედმეტად ცივი და თოვლიანი ზამთარია. ქუთაისში, „მწვანე ბაზარში“ დავბორიალობთ. შემეძლო დამეწერა, რომ დავდივართ, მაგრამ სწორედაც რომ დავბორიალობთ, რადგან ბაზარში შევლამდე გადაწყვეტილი არ გვქონდა, რა უნდა გვეყიდა და რატომ. სადაც ღამე დავრჩით, იქ კარგა გემოზედ გვავახშმეს და გვასაუზმეს. გამოდის, რომ სახლში წასაღებად გვინდა ბაზარში „რამის“ ყიდვა, მაგრამ რის, არც ერთმა არ ვიცით. მახოს დაუჯერებლად იისფერი ჯემპრი მოუჩანს ქურთუკის საყელოდან და უკვე აღარც მპასუხობს ანგლურ კითხვაზე, ლორენცო მედიჩის მოეწონებოდა თუ არა მისი ჩაცმულობა და თუ მოეწონებოდა, რატომ? ქუდი კი სწორედ ისეთი ახურავს, მერე თავისი ღვინის ბოთლზე რომ დაახატვინა იმის აღსანიშნად, რომ კარგი ღვინო დაუდგა და „თავი ქუდში ჰქონდა“.
ამ ბორიალში მივადექით უზარმაზარ დახლს, რომელიც მთლიანად ფარავდა ჯმუხ, ულვაშებიან კაცს თავზე ყურებიანი ქუდით და ნაბახუსევობისათვის დამახასიათებელი ნატანჯი სახით.
დახლზე დაწყობილი ზამთრის ხილი და სათბურის ბოსტნეული ფერადოვანია ხოლმე და მახოს ეს მოსწონდა ყველაზე მეტად. აიღო გრეიპფრუტი, შეატრიალა, შემოატრიალა, დადო. მერე, მე მგონი, ჭარხალი აიღო და მალევე დააბრუნა უკან. მწვანილს ხელი არ მოჰკიდა, ისე დაიხარა და დასუნა, ვაშლებს ზურგი აქცია და უზარმაზარ მსხალს დასწვდა, ალბათ ისევ დასასუნად. გამყიდველმა უყურა მახოს, უყურა და ჩაილაპარაკა – ე, მასე დასუნვით იწყება ყველაფერი და რა მოხდება მერე, გეიგე თუ მაგარი ხარ!
– შენ არ სინჯავ ხოლმეო ? – შეეკითხა მახო. რანაირი კაცი ხარ, ამდენი რამე გილაგია და არ გაინტერესებს როგორიაო. მთელი დღე აქ რომ ვიდგე, ყველაფრის სუნი მეცოდინებოდა.
მერე უკვე მანქანაში ვსხდებოდით (ბაზარში მხოლოდ ლიმონი ვიყიდეთ, ისიც რამდენიმე ცალი) და მახო მომიბრუნდა. „ეგაა, ბიჯო, ჩვენი უბედურება. აზრზე რომ არა ვართ, როგორი სუნი აქვს ჩვენს ქვეყანას. ზოგი წლები აყენებს ღვინოს, მერე ამ ღვინოს ლიტრობით სვამს და ერთხელ არ გასჩენია სურვილი გაეგო, როგორი ღვინოა. არ უფიქრია მარტოს, დაფიქრებით გაესინჯა და დაესუნა მაინც. უტყდებათ სუნის გაგება. ჰგონიათ „პეროიანი“ ხალხის საქმეა ეს. არადა, სუნია ყველაზე მაგარი რამე. მდინარეში რომ ჩაწვები ზაფხულში სადმე სამეგრელოში და ხავსის სუნი რომ აქვს ქვებსაც და წყალსაც – ეგ სუნია მაშინ საქართველოს სუნი. ზამთარში თბილისს სხვა სუნი აქვს და ქუთაისს სხვა. მერე კარგად ვილაპარაკოთ მაგაზე, ოღონდ „ამათ“ (ჩვენს მეგობრებს) არ მოუყვე, თორემ თქვენი ამბავი ხომ ვიცი, მერე იტყვით, მახო დადის და ყველაფერსა ყნოსავსო“.
ეს ამბავი წელს თებერვალში გამახსენდა, როცა მახო უკვე ცუდად იყო და ღვინის სმა აკრძალული ჰქონდა. დაისხამდა ხოლმე ჭიქაში ღვინოს, დასუნავდა, შუქზე გახედავდა, მერე ნელა, ძალიან ნელა მიიტანდა ჭიქას პირთან და ღვინოს ჩაიგუბებდა, გააჩერებდა სულ ერთი წუთით, გამოივლებდა პირში და გადმოღვრიდა უკან ისე, რომ ერთ წვეთსაც კი არ დალევდა. ჩვენ უნამუსოდ ვისხედით, ვახსნევინებდით ძველი ღვინის ბოთლებს და ვსვამდით, მახო კი მხოლოდ პირში ივლებდა და მაინც კარგ ხასიათზე იყო, რადგან ეს მაინც შეეძლო და იცოდა „მუღამი“ რას ნიშნავს, ჯერ შეეხო, მერე აიღო, გახედო და ბოლოს გემოთიც გაიგო „ვისთან“ და რასთან გაქვს საქმე. ღვინის სუნის გაგებას ცოდნა უნდა. საქართველოს სუნის გაგება კი მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ.
ჯაზი და ცრემლები
2013 წელს გამომცემლობა „დიოგენეში“ მახოს წიგნის – „მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ – პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში შესული მოთხრობებისა და ნოველების დიდი ნაწილი უკვე წაკითხული მქონდა, თუმცა რაკი ჯაზში ნაკლებად ვერკვევი, ალბათ მაგიტომ არ ვიცოდი მისი მოთხრობა მახოს მოფიქრებულ, ანუ მისეულ ალტერნატიულ საქართველოში ალეტარნატიულადვე განვითარებულ ჯაზზე.
ამბავი იმაზეა, თუ რა მოხდებოდა, საქართველო რუსეთს რომ არ დაეპყრო, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ქვეყნის მუსიკალური კულტურა და კონკრეტულად ქართული ჯაზი როგორ გახდებოდა მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს ნაწილი. პრეზენტაციაზე როგორც ხდება ხოლმე, ავტორმა გადაშალა თავისი წიგნი და დაიწყო მისი მოფიქრებული ალტერნატიული საქართველოს ამბების კითხვა და ასე მივიდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე, როდესაც საქართველო უკვე „არის“ მსოფლიო ჯაზ-მუსიკის დედაქალაქი და ისტორიაში ყველაზე დიდი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა „მიიღო“ ჯაზის მაშინდელმა ყველა ლეგენდამ, რუსთაველის გამზირზე გაიმართა 1989 წლის 9 აპრილს. მალხაზ ხარბედიასეული 9 აპრილის ღამე მთელი მსოფლიოსთვის დაუვიწყარი იყო. დაახლოებით ასეთი რამე ეწერა: გავა წლები და ამ თარიღს კიდევ უამრავი ადამიანი გაიხსენებს. ეს დიადი ღამე და ისტორია არასოდეს დასრულდება.
როგორც იტყვიან ხოლმე, ასეთ დროს ცრემლი თავისით მოგადგება ადამიანს. მიმოვიხედე გარშემო და სტუდენტი გოგონები ტიროდნენ. ჩემ უკან ნაცნობი პოეტი აღვარღვარებდა ცრემლებს. ზოგს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ისე მალავდა გულჩვილობას. დასრულების შემდეგ მახოს ვკითხე, თუ უყურებდა ხალხის რეაქციებს ტექსტის კითხვისას, გაიცინა და არაფერი მითხრა. მაშინ გამიკვირდა და ცოტა მეწყინა, ეს ამბავი როგორ ვერ შეამჩნია-მეთქი, ამ ამბიდან დიდი ხნის შემდეგ სრულიად სხვა საუბარს მოაყოლა „აი, შენ რომ გევასება, ჯაზზე რომ დავწერე, ეგ ტექსტი დავწერე იმ დროსო“. მახოს ეგეთი რამე არასოდეს დაავიწყდებოდა და არასოდეს გამორჩებოდა. ქება სძულდა და საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. მაგრამ არასოდეს გამორჩებოდა მისი მოთხრობის კითხვის დროს თვალზე მომდგარი ცრემლები.
კუნძულის ხალხი და ხვიჩა
იცით ვინ არის „კუნძულის ხალხი?“ რა თქმა უნდა, ეს ხალხია ბრიტანელები და თან უკლებლივ ყველა ბრიტანელი, ინგლისელიდან – უელსელამდე და ირლანდიელიდან – შოტლანდიელამდე. მახო ასე ეძახდა ბრიტთა კუნძულის მკვიდრთ და საქართველოს შემდეგ თუკი რამე უყვარდა გულწრფელად და ნაღდად, ეს პირველყოვლისა ბრიტანეთი იყო. უყვარდა კუნძულის ხალხის მწერლობა და ცხოვრება, ფიქრი და დამოკიდებულებები და, რა თქმა უნდა, უყვარდა რაგბი და ფეხბურთი. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რომ განაცხადა, უკრაინას ბოლომდე ვუჭერთ მხარს და რაც შეგვეძლება დავეხმარებითო, ომის უკიდურესად მოძულე მახო ამ ამბავმა გაახარა და ორი დღე ინტერნეტში იქექებოდა, რათა გაერკვია ბრიტანეთს რამდენი და როგორი ტანკი ჰყავდა, რა სახის შეიარაღება გააჩნდა და როგორ შეიძლება დახმარებოდა უკრაინას.
ბრიტანეთზე იცოდა ყველაფერი, რაც საჭიროა თუ არ არის საჭირო. მაგალითად, კარგი არქიტექტორივით დაგელაპარაკებოდა ლონდონის ვიქტორიანული ეპოქის სახლებზე, ქუჩებზე, ძველ სტადიონებზე, პორტებზე, რელიგიაზე და ყოვლად უცნაურ ანგლიკანიზმზე, რამდენიმე ასეული წლის ლუდხანებსა და ბარებზე, საკლუბო ფეხბურთზე და ამ კლუბების სიძველესა და ქომაგთა ერთგულებაზე.
მახო „მანჩესტერ იუნაიტედის“, ინგლისის საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებების, ირლანდიისა და უელსის რაგბის ნაკრებების და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ქომაგი იყო. ჰოლანდია იყო მახოს მარადიული N2 გუნდი, თუმცა ინგლისის ნაკრების ბედოვლათობისა და დიდი სანაკრებო ტურნირებიდან დროზე ადრე მუდმივად გამოვარდნის გამო ხშირად N1 ხდებოდა.
„გალანდია მაინც იზამს რამეს, ტრისტანიჩ! ხო იცი, ეგენი არ იღლებიან“ – იტყოდა ინგლისის მორიგი დიდი ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ და ჩემს ნაჩუქარ, „ევრო 2004“-სთვის შექმნილ ინგლისის ნაკრების მაისურს შეინახავდა შემდეგ ჩემპიონატზე რაიმე სასწაულის მოხდენის იმედად. ეს იმედი სულ ჰქონდა, რაც არ უნდა უცნაური მწვრთნელი ჰყოლოდათ და პიტერ კრაუჩსა თუ ჰარი კეინს რამდენი ბურთიც არ უნდა გაეფუჭებინათ. საყვარელი გუნდისადმი ასეთი ერთგულება იშვიათად მინახავს. განსაკუთრებით, როცა ეს გუნდი ათწლეულებია ხელშესახებს ვერაფერს აღწევს.
კიდევ უფრო სხვა რამ იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც ალბათ საქართველოს ნაკრებზე ნაკლებად არ უყვარდა. „მანჩო“ (როგორც ამ გუნდს მოფერებით ეძახდა) და მისი ყოფილი, თუმც მახოსთვის მარადიული მესაჭე, სერ ალექს ფერგიუსონი თავისი „დამრტყმელი ბიჭებით“.
„წააქციე აბა როი კინი და მერე ელაპარაკე ბეკეტზე“ – ტელეეკრანის მეორე მხრიდან მიმართავდა „არსენალის“ ლეგენდარულ კაპიტანს, ტონი ადამსს. „თავი დაარტყი, ბიჯო, თავი! კი გაქვს ათფუთიანი ქვევრივით!“ – მოუწოდებდა უეინ რუნის. „პირიდან კევი გამოიღო ფერგიმ, გამოყრის ახლა იმ ორ შავ გიჟს“ – დუაიტ იორკზე და ენდი კოულზე ამბობდა. „ფულჰემის“ სტადიონი ისე მიყვარს, მანდ წაგებაც მოსულა“ – ეს სტადიონი მართლა ძალიან მოსწონდა იმის გამო, რომ მთლიანად ტყეშია ჩაფლული და გვერდით მდინარე ჩამოუდის. „შონ რაით-ფილიფსის შექმნაში ღმერთი ნაღდად არ ერია“… „ვინც ძია ალექსას (ფერგიუსონს ასეც ეძახდა) დღეს ვისკი არ დაალევინოს, იმას რა ვუთხარი მე“ – „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მოუწოდებდა ასე (ვისკის კისრებით) დაეფასებინათ გამარჯვებული „ალექსა ძია“.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშის დღე მახოსთვის იყო ზეიმი და მისმა ფეისბუქ-მეგობრებმა უკვე დილიდანვე იცოდნენ, რომ სოციალური ქსელი აივსებოდა მახოს მაგარ-მაგარი გამონათქვამებით მისი საყვარელი კლუბისა თუ გუნდების მიმართ, რომელთა შორის ყველაზე მაგარი, ჩემი აზრით, მაინც ეს იყო: „ძია ენაცვალა დათოს! (დევიდ ბექჰემზეა საუბარი) ნახე, „ტრაფორდის“ ტრიბუნაზე უფრო „მანჩესტერულად“ ზის, ვიდრე ეს ბლეყვი ბებე მოედანზე დარბის. ადექი, დათო, გაიხადე და შემოდი!“.
როგორ არა ვთქვა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც მახო ხარბედიას უყვარდა როგორც საკუთარი შვილი, ძმა და ყველაზე ახლობელი ადამიანი. ხვიჩას პირველი გამოჩენისთანავე გადაირია, ისე მოეწონა ამ ბიჭის საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და გონიერება. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა და პირველად გამოჩნდა ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ჩემპიონატში, იმ წელს მახოსთან ერთად სამეგრელო-გურიაში დავდიოდით ღვინის ამბებზე და სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ვერც კი გავბედავდით მახოსთვის იმის თქმას, რომ ხვიჩას თამაშის ნახვა ტექნიკური ან სხვა რამე მიზეზების გამო ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ სულ მზად გვქონდა ლეპტოპი, აპლიკაცია, სადაც ფეხბურთს აჩვენებდნენ და ნაყიდი ინტერნეტი. და იწყებოდა, რაც იწყებოდა!
ხვიჩა კვარაცხელიას ქომაგი არასოდეს აკლდა და იმედია, არც არასდროს მოაკლდება, მაგრამ მეეჭვება მას ოდესმე ჰყოლოდა მახოზე გულწრფელი, ერთგული და ნაღდი გულშემატკივარი. გულშემატკივარი, რომელიც ამაყობდა „ჩქიმი კოჩის“ ქართველობითა და მეგრელობით. მის ყველა მომენტს დებდა სოციალურ ქსელში და აბა, გაგებედა და რამე „ისეთი“ გეთქვა. რატომ? „ხვიჩა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანს, მერე მოხვალთ, დამიჯდებით აქ და ერთ ბოთლსაც კი არ გაგიხსნით!“ – აი ამიტომ!
თამაში გრძელდება!
კორონა-პანდემიის დროს მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰქონდა თავისი ბედნიერებისა და განმარტოების ადგილი – სახლი სოფელ ჩარდახში (სახლი და არა აგარაკი – ამას ხაზგასმით ამბობდა), სადაც მარანიც ააშენა, ბოსტანი და ხეხილიც გააშენა და ცოტათი „გაქართლელდა“ კიდეც, მაინც ძალიან უჭირდა პანდემიური შეზღუდვების ატანა. ონლაინ ლიტერატურამ და ონლაინ სადღეგრძელოებმა არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი. არც ონლაინ ურთიერთობები იყო ის, რაც მახოსნაირ ადამიანს გააბედნიერებდა და როდესაც დადგა ნანატრი ჟამი და რაღაც დოზით მოგვცეს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლის უფლება, დილიდან მახოს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, სასწრაფოდ ჩამოდი ჩარდახში, ფეხბურთს ვუყუროთო.
როგორც ჭეშმარიტი გურმანი, საკუთარი ხელით აკეთებდა მართლა გემრიელ კერძებს, ღვინის დაყენება და მოვლაც არავისზე ნაკლებად გამოსდიოდა და როდესაც იორკშირელმა მელოტმა მსაჯმა მატჩის დაწყებისა ჩაუსტვინა, ალისფერმაისურიანმა „წითელმა ეშმაკებმა“ კი ბურთი თამაშში შეიტანეს, მახომ მისი ღვინოებიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელი, ჩინური გახსნა, დაასხა და თქვა: „თამაში გრძელდება! გაუმარჯოს თამაშს!“ არ მახსოვს მე რა ჩავიბურტყუნე მაშინ, მაგრამ ახლა ვიტყვი:
კიდევ აურაცხელი რამის თქმა მინდა, მაგრამ მოდი მართლა თამაშს გაუმარჯოს, მახო! კარგ თამაშს გაუმარჯოს! თუნდაც სულ ცოტა ხანი რომ გრძელდება, მაგრამ ნაღდი რომაა და თავს არავინ ზოგავს. იმ თამაშს გაუმარჯოს, მსაჯის დასრულების მაუწყებელი სასტვენის შემდეგაც რომ გრძელდება და არასოდეს დასრულდება, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება მიმხვედრი და გამგები.
შენ გაგიმარჯოს, იურევიჩ! შენს გულს და სილაღეს გაუმარჯოს! შენს ნაწერს, ნაფიქრსა და შენს დარდსაც გაუმარჯოს! იმ წლებს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გვერდით იყავი და იმ წლებსაც, როცა არ იქნები, მაგრამ უნდა ყოფილიყავი. აუცილებლად გვეხსომები, ძია! ნეტა, საქართველოს ბევრი ჰყავდეს შენნაირი ნიჭიერი და ქვეყნის მოყვარული კაცი. შენნაირი ფიქრისა და აზრის ადამიანი, შენნაირი ირგვლივ სიმართლისა და სიკეთის მფრქვეველი… ახლა მაინც ხომ ვერ დამიშლი შენ დალოცვას ისე, როგორც მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ დამელოცე!
© არილი