
საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები – გულაგის სისტემა – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა. იქ, სადაც ადამიანი დანამატად იქცეოდა მძიმე შრომისა და სისასტიკის მანქანისთვის, იქმნებოდა განსაკუთრებული, ტრაგიკული, მაგრამ შეუცვლელი ლიტერატურაც. ამ ლიტერატურის არსი მხოლოდ მხატვრული ღირებულება კი არა, ისტორიული მოწმობაცაა – დამტკიცება იმისა, რომ ტანჯვასა და წყვდიადშიც არ იკარგება სიტყვის ძალა.
სინამდვილეში, ბანაკში წერა არ შეიძლებოდა. ყოველდღიური ჩხრეკის დროს ნაწერებს პოულობდნენ და ავტორებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამიტომ პატიმრები თავის შემოქმედებას ზეპირად ქმნიდნენ, იმახსოვრებდნენ და გათავისუფლების შემდეგ აღადგენდნენ.
გულაგის ლიტერატურის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ მან პირადი ტკივილი კაცობრიობის საერთო მეხსიერებად გარდაქმნა. ნაწერები, რომლებიც ხშირად საშიშროების ქვეშ იქმნებოდა, დღეს გვახსენებს, რომ ადამიანის სული ყველაზე მახინჯ პირობებშიც არ ნებდება და არ ქრება. „გულაგის ლიტერატურა“ მხოლოდ ტანჯვის ქრონიკა კი არა, ასევე გაფრთხილებაა მომავლისთვის: ადამიანის ღირსება და თავისუფლება ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლის დაკარგვასაც უზარმაზარი ტრაგედია მოსდევს.
გულაგის ლიტერატურა მრავალ ჟანრში არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მემუარები – პატიმრების პირადი ისტორიები, რომლებიც ზეპირად იქმნებოდა და მოგვიანებით იწერებოდა.
გულაგის ყველაზე ფართოდ ცნობილი ავტორია ალექსანდრ სოლჟენიცინი. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალია, რომლის სახელსაც უკავშირდება მთელ მსოფლიოში საბჭოთა ტერორის მხილება და გულაგის სისტემის სრული ანატომიის გადმოცემა. მწერალი თავადაც პატიმარი იყო – მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე მსახურობის შემდეგ დააპატიმრეს სტალინის კრიტიკის გამო და რვა წელი გაატარებინეს ბანაკებში. სწორედ აქედან დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა, რომელმაც საბოლოოდ მსოფლიო აღიარება და ნობელის პრემია მოუტანა.
სოლჟენიცინის პირველი დიდი ტექსტი, რომელმაც საზღვარგარეთ მოიპოვა პოპულარობა, არის „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“.
მაგრამ სოლჟენიცინის მთავარი ქმნილება მაინც არის „არქიპელაგი გულაგი“ – მრავალტომიანი ეპოპეა, რომელიც აგებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე, სხვა ტუსაღების მოგონებებსა და დოკუმენტურ მასალაზე. წიგნი არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ ისტორიული მონუმენტიცაა. ავტორი გულაგის სისტემას ადარებს არქიპელაგს, რომელიც კუნძულებადაა გადანაწილებული საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამ ტექსტმა უდიდესი როლი შეასრულა და მთლიანად შეცვალა დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი ცივი ომის დროს.
ალექსანდრ სოლჟენიცინს ხშირად უწოდებდნენ მსოფლიო ლიტერატურის სინდისს. მისი ნაწერები დღესაც გვახსენებს, რომ ლიტერატურა ძალას იძენს მაშინ, როდესაც იგი სიღრმისეულად ასახავს ადამიანის თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვას.
გულაგის ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ვარლამ შალამოვის შემოქმედებას. მისი „კოლიმური მოთხრობები“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შემზარავი ტექსტია. ავტორმა თხუთმეტ წელზე მეტი გაატარა კოლიმის ბანაკებში – იქ, სადაც უკიდურესი სიცივე, შიმშილი და მძიმე ფიზიკური შრომა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად დაიბადა მოთხრობათა ციკლი, რომელიც დღეს მიიჩნევა არა მხოლოდ დოკუმენტურ მოწმობად, არამედ მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს მიღწევად.
შალამოვის ტექსტები მკითხველს თავიდანვე შოკში აგდებს. ისინი მოკლებულია ყოველგვარ რომანტიზმსა და პათეტიკას. ავტორი არ ცდილობს გმირობისა და ღირსების ამაღლებული ტონით წარმოჩენას. პირიქით, მისი მოთხრობები გვიჩვენებს, რომ ბანაკში ადამიანურობა ყოველდღე ირღვევა, ხოლო გადარჩენის ინსტინქტი ხშირად ამარცხებს ზნეობრივ პრინციპებს. შალამოვის გმირები არა გმირები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც იძულებული ხდებიან იბრძოლონ ელემენტარული არსებობისთვის.
ციკლის სტილი მკაცრი და მინიმალისტურია. ფრაზები მოკლეა, ხშირად მშრალი, თითქოს ავტორი მხოლოდ ფაქტებს აფიქსირებს. ამავე დროს, ეს სიმკაცრე ქმნის განსაკუთრებულ ესთეტიკას. მწერალი მკითხველს ეუბნება: „აი, ასე იყო, ასე მოხდა, და სხვა არაფერი“. ამგვარად, იგი გვაიძულებს, თავად შევიგრძნოთ ბანაკის სიცივე და ადამიანური სასოწარკვეთილება.
„კოლიმური მოთხრობები“ განსაკუთრებულია იმითაც, რომ ავტორი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ფიზიკურ ტანჯვაზე, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შალამოვისთვის მთავარია აჩვენოს, როგორ იცვლება ადამიანის გონება და სულიერება მაშინ, როცა იგი წლების განმავლობაში სასიკვდილო რეჟიმში ცხოვრობს. ის აღწერს, თუ როგორ ირღვევა მეხსიერება, როგორ ქრება სინდისი, როგორ ფერმკრთალდება კულტურული და ინტელექტუალური ღირებულებები. ბანაკი ადამიანს აქცევს „სხვა არსებად“, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს – გადარჩეს.
რა თქმა უნდა, არსებობდა გულაგის პოეზიაც, რომელიც ყველაზე ხშირად ზეპირად იქმნებოდა და გადარჩენისთვის, მეხსიერების შესანარჩუნებლად წარმოადგენდა ერთადერთ იარაღს. ადამიანებს, რომლებსაც ქაღალდისა და კალმის ფუფუნება არ გააჩნდათ, ლექსის მეშვეობით ახსოვდათ საკუთარი თავისა და მეგობრების არსებობა. გარდა ამისა, წარმოიშვა პროზაული ტექსტები, რომლებიც აღწერდა ბანაკის ყოველდღიურობას, შიმშილს, სიცივესა და ადამიანის ღირსების დაკარგვას.
ამავე კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ დიდი პოეტები… ოსიპ მანდელშტამი – მისი პოეზია ნაწილია ბანაკის გამოცდილებისა, რომელიც ზეპირად გადარჩა, და ანა ახმატოვა, რომლის „რეკვიემი“ უშუალოდ გულაგში არ დაწერილა, მაგრამ იმავე ეპოქის ტკივილის სიმბოლოა. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ნადეჟდა მანდელშტამის მემუარები, რომელიც ძალიან ცხადად გადმოსცემს მთელი ინტელიგენციის განადგურების მიზანმიმართულ პროცესს.
გულაგის ლიტერატურული შემოქმედებიდან მე ავარჩიე ოთხი, ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულება: ალექსანდრ სოლჟენიცის „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, რომელიც, ფაქტობრივად, გულაგის მოკლე ენციკლოპედიაა; ამავე ავტორის „მატრიონას ეზო“, რომელიც ძეგლს უგებს უბრალო და პატიოსან ადამიანს, რომელსაც სისტემა ანადგურებს; ვარლამ შალამოვის „კოლიმის მოთხრობები“ – ყველაზე მძიმე, ტრაგიკული და სასოწარკვეთილი ლიტერატურა და ევგენია გინზბურგის „ციცაბო მარშრუტი“, რომელიც ქალის თვალით გვიჩვენებს 18-წლიან პატიმრობას.
ალექსანდრ სოლჟენიცინი, „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“
მოთხრობის თავდაპირველი სათაური იყო „Щ-854. ერთი პატიმრის ერთ დღე“. ეს არის ალექსანდრ სოლჟენიცინის 1959 წელს დაწერილი მოთხრობა, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ნოვი მირში“, ხოლო შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა 1963 წელს გამომცემლობა „სოვეტსკი პისატელში“.
რადიოინტერვიუში, რომელიც მწერალმა BBC-ს ჟურნალისტ ბარი ჰოლანდს მისცა მოთხრობის გამოქვეყნების 20 წლისთავთან დაკავშირებით, სოლჟენიცინი იხსენებს: „1950 წელს, რომელიღაც ზამთრის გრძელ საბანაკო დღეს მეწყვილესთან ერთად საკაცის ურიკას დავათრევდი და გავიფიქრე: როგორ უნდა აღვწერო მთელი ჩვენი საბანაკო ცხოვრება? არსებითად, საკმარისია მხოლოდ ერთი დღე აღწერო ყველა წვრილმანით, უწვრილესი დეტალებით, თან ეს უნდა იყოს ყველაზე უბრალო მუშაკის დღე და მასში აისახება მთელი ჩვენი ცხოვრება. ამასთან, სულ არ არის საჭირო რაღაც საშინელებების დახვავება, არაა საჭირო, რომ ეს იყოს რომელიმე განსაკუთრებული დღე, არა, ეს უნდა იყოს რიგითი დღე, სწორედ ის დღე, რომლისგანაც შედგება წელიწადები. ასე ჩავიფიქრე, ეს ჩანაფიქრი გონებაში დამრჩა, ცხრა წელი მე მას არ მივკარებივარ და მხოლოდ 1959 წელს, ცხრა წლის შემდეგ, დავჯექი და დავწერე… დიდხანს არ მიწერია, მხოლოდ ორმოცი დღე, თვე-ნახევარზე ნაკლები, ეს ყოველთვის ასე ხდება, თუ წერ იმ ცხოვრებაზე, რომელსაც მეტისმეტად კარგად იცნობ არ არის საჭირო, რამეს მიხვდე, რამის გაგება სცადო, მთავარია, ზედმეტი მასალა მოიშორო, ზედმეტი არაფერი არ უნდა იყოს, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი.“
ივან დენისის ძე შუხოვი – გლეხი და ნაფრონტალი კაცი „სახელმწიფო დამნაშავე“ და „ჯაშუში“ აღმოჩნდა და ერთ-ერთ სტალინურ ბანაკში მოხვდა, როგორც მილიონობით საბჭოთა ადამიანი მასობრივი რეპრესიებისა და „პიროვნების კულტის“ ეპოქაში. სახლიდან გავიდა 1941 წლის 23 ივნისს, ჰიტლერის გერმანიასთან ომის დაწყების მეორე დღეს და „…ორმოცდაორი წლის თებერვალში ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე მთელი მათი არმია ალყაში მოექცა. თვითმფრინავები საჭმელს არ უყრიდნენ და არც იყო სადმე ის თვითმფრინავები. ისე წახდნენ, დახოცილ ცხენებს ჩლიქებს ათლიდნენ, წყალში ალბობდნენ და ჭამდნენ“,[1] ანუ წითელი არმიის ხელმძღვანელობამ ალყაში მოქცეული თავისი ჯარისკაცები სასიკვდილოდ გაწირა.
რამდენიმე სხვა მეომართან ერთად შუხოვი გერმანელთა ტყვეობაში მოყვა, გამოიქცა ტყვეობიდან და სასწაულებრივად მიაგნო თავისიანებს. ტყვეობაში ნამყოფი რომ იყო, გაუფრთხილებლად წამოსცდა და თავი ახლა საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში ამოყო, რადგან სახელმწიფო უშიშროების ორგანოები ყველას, ვინც ტყვეობიდან გამოიქცა, ჯაშუშად და დივერსანტად მიიჩნევდა.
ბანაკში ხანგრძლივი შრომისა და მოკლე დასვენების დროს შუხოვის მოგონებებისა და განსჯის მეორე ნაწილი მის სოფლად ცხოვრებას ეძღვნება. ახლობლები მას პროდუქტებს არ უგზავნიან (თვითონ მისწერა ცოლს, ამანათები არ გამომიგზავნოო) და ამით ვხვდებით, რომ სოფლადაც ისე შიმშილობენ, როგორც ბანაკში. ცოლი სწერს შუხოვს, რომ კოლმეურნეებს ყალბი ხალიჩების მოხატვისთვის მიუყვიათ ხელი. მოხატავენ ფრონტიდან ჩამოტანილი ტრაფარეტის გამოყენებით და ქალაქელებს მიჰყიდიან, – ამით ირჩენენ თავს.
თუკი რეტროსპექციასა და მავთულხლართების მიღმა ცხოვრების თაობაზე შემთხვევით ცნობებს არ მივაქცევთ ყურადღებას, მთელი მოთხრობის მოქმედება, ანტიკური ტრაგედიის მსგავსად, ზუსტად ერთ დღეს მოიცავს.
დროის ამ მოკლე მონაკვეთში ჩვენ წინაშე გადაიშლება ბანაკური ცხოვრების პანორამა, ბანაკში ცხოვრების თავისებური „ენციკლოპედია“.
ჩვენ წინაშეა სოციალური ტიპებისა და, ამასთანავე, ელვარე ადამიანური ხასიათების მთელი გალერეა. ცეზარი – დედაქალაქელი ინტელიგენტი, ყოფილი კინომოღვაწე, რომელიც ბანაკში შუხოვთან შედარებით „თავადივით“ ცხოვრობს: ამანათით იღებს პროდუქტებს, სამუშაოს დროს რაღაც შეღავათებით სარგებლობს; ბუნოვსკი[2] – რეპრესირებული საზღვაო ოფიცერი; მოხუცი კატორღელი, რომელსაც მეფის ციხეები და კატორღა გამოუვლია (ძველი რევოლუციური გვარდია, რომელთაც საერთო ენა ვერ გამოძებნეს 30-იანი წლების ბოლშევიზმთან); ესტონელები და ლატვიელები – ე.წ. „ბურჟუაზიული ნაციობნალისტები“, ბაპტისტი ალიოშა – მრავალფეროვანი რელიგიური რუსეთის აზრებისა და ცხოვრების წესის გამომხატველი; გოპჩიკი – თექვსმეტი წლის ყმაწვილი, რომლის ბედი გვაჩვენებს, რომ ბავშვებსა და უფროსებს ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ. თვითონ შუხოვიც – რუსული გლეხობის ტიპური წარმომადგენელი განსაკუთრებული საქმიანი მიდგომითა და ორგანული ტიპის აზროვნებით.
რეპრესირებული და დაჩაგრული ადამიანების ფონზე იხატება სხვა თანრიგის ფიგურა – რეჟიმის უფროსი, ლეიტენანტი ვოლკოვოი, რომელიც პატიმრების ცხოვრებას ზღუდავს და თავისებურად წარმოადგენს დაუნდობელი კომუნისტური რეჟიმის სიმბოლოს.
მოთხრობაში მოცემულია ბანაკის ყოფისა და შრომის ძალიან დეტალური აღწერა. ცხოვრება ბანაკში მართლაც ცხოვრებაა ხილული და უხილავი ვნებებითა და ძალიან ღრმა განცდებით. ძირითადად, ეს ვნებები და განცდები საკვების მოპოვებასთანაა დაკავშირებული. პატიმრებს ცუდად აჭმევენ. ძირითადი კერძია ბალანდა – განაყინავი კომბოსტოთი და წვრილი თევზით.
ბანაკში ცხოვრების თავისებური ხელოვნება ისაა, რომ უნდა იშოვო პურის ზედმეტი ულუფა და ბალანდის ზედმეტი სინი და, თუკი გაგიმართლებს, ცოტა თამბაქოც. ამის ხათრით უნდა იხმარო უდიდესი ეშმაკობა, უნდა ემსახურო ცეზარის მაგვარ „ავტორიტეტებს“. ამასთანავე, უნდა შეინარჩუნო ადამიანური ღირსება, არ უნდა გახდე „ჩაშვებული“ მათხოვარი, როგორც მაგალითად ფეტიუკოვი (თუმცა ასეთები ბანაკში ცოტანი არიან).
ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი ზნეობრივი მოსაზრებებით, არამედ პრაქტიკული აუცილებლობითაც: „ჩაშვებული“ ადამიანი ნებისყოფასა და სიცოცხლისადმი მისწრაფებას კარგავს და აუცილებლად იღუპება. ამრიგად, ღირსებისა და ადამიანური სახის შენარჩუნება სიცოცხლის შენარჩუნებასა და გადარჩენასაც ნიშნავს.
მეორე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია მონური შრომისადმი დამოკიდებულება. პატიმრები, განსაკუთრებით ზამთარში, ხალისიანად მუშაობენ, ბრიგადები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდევაც, რომ არ გაიყინონ და თავისებურად „შეამცირონ“ დრო ლოგინიდან ლოგინამდე და ჭამიდან ჭამამდე. ამ სტიმულზეა აგებული კოლექტიური შრომის საშინელი სისტემა; მაგრამ, იგი მაინც ბოლომდე ვერ სპობს ადამიანში ფიზიკური შრომის ბუნებრივ სიხარულს: სახლის მშენებლობა იმ ბრიგადის მიერ, რომლის წევრი შუხოვიცაა, – ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამაგონებელი სცენაა მოთხრობაში. „სწორად“ მუშაობის უნარი (არც ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ არც მოშვება) ისევე, როგორც დამატებითი ულუფის მოპოვება, უმაღლესი ხელოვნებაა.
ასევე უნდა გქონდეს უნარი, ზედამხედველთა მზერას აარიდო ხერხის ნატეხი, რომლითაც ბანაკის ოსტატები მინიატურულ დანებს აკეთებენ და ცვლიან საკვებზე, თამბაქოზე, თბილ ნივთებზე… ზედამხედველების მიმართ, რომლებიც წამდაუწუმ „შმონს“ (ჩხრეკას) ატარებენ, შუხოვი და სხვა პატიმრები მხეცების მდგომარეობაში არიან: ისინი უნდა იყვნენ უფრო ეშმაკები და მოხერხებულები, ვიდრე არიან შეიარაღებული ადამიანები, რომელთაც ბანაკის რეჟიმისგან გადახრისათვის მათი დასჯისა და დახვრეტის უფლებაც კი აქვთ. მოატყუო ზედამხედველები და ბანაკის უფროსები – ესეც მაღალი ხელოვნებაა.
ის დღე, რომელსაც შუხოვი ჰყვება, მისივე აზრით, იღბლიანი იყო:
„სავსებით კმაყოფილი იძინებდა შუხოვი. დღეს ბევრი კარგი ამბავი შეემთხვა: კარცერში არ ჩასვეს, ბრიგადა სოცქალაქში არ გაურეკავთ, სადილობისას ერთი ფაფა ასწია, ბრიგადირმა საპროცენტო კარგად დახურა, კედელი ხალისით ამოჰყავდა, ჩხრეკის დროს ფოლადის ნაჭერი ვერ უპოვნეს, საღამოს ცეზარისგან ცოტა რაღაც იშოვნა, თამბაქოც იყიდა და ავადაც არ გამხდარა, გაუარა. არაფერს გაუფუჭებია ის დღე, თითქმის ბედნიერი დღე იყო.
სასჯელის მოსახდელად სამი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი ამგვარი დღე უნდა გაეტარებინა.
ნაკიანი წელიწადების გამოისობით სამი დღე ზედმეტი გამოუდიოდა…”
მოთხრობის ბოლოს მოცემულია ტექსტში შეხვედრილი ქურდული გამოთქმების, ბანაკის სპეციფიკური ტერმინებისა და აბრევიატურების ლექსიკონი.
ალექსანდრ სოლჟენიცინი, „მატრიონას ეზო“
ალექსანდრ სოლჟენიცინი ცნობილი გახდა, პირველ რიგში, გულაგის თემაზე შექმნილი ნაწარმოებით „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, მაგრამ მისი სხვა მოთხრობებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია საბჭოთა რეალობის გაგებისთვის. მათ შორის გამორჩეულია „მატრიონას ეზო“ (1963), რომელიც ჩვეულებრივი გლეხი ქალის ცხოვრებით გვიჩვენებს მთელი ქვეყნის მორალურ სურათს.
ეს მოთხრობა არ ეხება უშუალოდ ბანაკებს ან პოლიტიკურ ტერორს, მაგრამ მისი ფონი იგივეა: ადამიანების დევნა, სიღარიბე, უსამართლობა. მატრიონა თითქოს „პატარა ადამიანია“, მაგრამ სწორედ მასშია სოლჟენიცინის მთავარი იდეა – ნამდვილი სიწმინდე არსებობს უბრალო ადამიანებში, რომელთაც სახელმწიფო არ აფასებს.
მოთხრობა პირველ პირშია გადმოცემული. მთავარი გმირი, ავტორის Alter ego — გულაგის ყოფილი პატიმარია, რომელიც მასწავლებლად ჩადის სოფელში. ის ქირაობს ოთახს მარტოხელა მოხუც ქალთან, მატრიონასთან. ქალს უმძიმესი ცხოვრება გამოუვლია: ოდესღაც ოჯახი ჰყოლია, მაგრამ საყვარელი მამაკაცი სხვა ქალზე დაქორწინებულა, შვილები არ დარჩენია და მთელი ცხოვრება უმძიმეს შრომაში გაუტარებია.
მატრიონა ცხოვრობს ერთ უბრალო სახლში, რომელიც თავად აუშენებია. სახელმწიფოსა და ნათესავების უსამართლობა მას სახლს უნგრევს. მატრიონა ტრაგიკულად იღუპება – მას მატარებელი გაიტანს, სიმბოლურად ამ ადამიანს „სამშობლოს მანქანა“ ანადგურებს.
მატრიონა არის უბრალო, ღარიბი ქალი, მაგრამ სოლჟენიცინისთვის ის ნამდვილი ქრისტიანია. მისი სიკეთე უანგაროა: ის ეხმარება ყველას, არ ითხოვს არაფერს, იტანს უსამართლობას და არასოდეს კარგავს სულიერ კეთილშობილებას. „მის გარეშე, ამ მართლის გარეშე, არ იქნებოდა სოფელი, არ იარსებებდა მთელი ქვეყანა.“ ეს სიტყვები მოთხრობის მთავარ შეტყობინებას გამოხატავს: ქვეყნის სული უბრალო და მართალ ადამიანებზეა დაყრდნობილი და არა დიდ პოლიტიკურ ლიდერებზე.
მოთხრობა ასევე სოციალური დოკუმენტია. სოლჟენიცინი გვიჩვენებს საბჭოთა სოფლის გაღატაკებულ ყოფას: კოლმეურნეობა, გაუბედურებული სახლები, მძიმე შრომა. მატრიონა და მისი მსგავსი ადამიანები ღირსეულად არ ცხოვრობენ, მხოლოდ არსებობენ.
სისტემა ამ ადამიანებს ვერაფერს სთავაზობს. მატრიონას ხელისუფლება არ აფასებს, პირიქით, დევნის. მისი სახლი იძულებით უნდა დაანგრიონ „გეგმის“ გამო, რაც სიმბოლურად აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას პიროვნებისადმი: ადამიანი მეორეხარისხოვანია, მთავარი მანქანის ინტერესია.
მატრიონას მატარებელი გაიტანს და ეს შემთხვევითობა არ არის, ეს სიმბოლურია: ინდუსტრიული პროგრესის მანქანა კლავს უბრალო ადამიანს, რომელიც სოფლის ნამდვილი სული და სინდისია.
სოლჟენიცინი იყენებს მოკრძალებულ, მაგრამ ზუსტ ენას. მოთხრობა რეალისტურია, დეტალებით გაჯერებული: სოფლის ყოფის აღწერა, მატრიონას სახლის სურათი, შრომის დეტალები.
„მატრიონას ეზო“ განსხვავდება „ივან დენისოვიჩის ერთი დღისაგან“. თუ „ერთ დღეში“ საუბარია გულაგის პირდაპირ გამოცდილებაზე, აქ ჩვენ ვხედავთ რომ ბანაკს გარეთაც გულაგია, თუმცა საერთო არის ერთი: ორივეგან მთავარი პერსონაჟი უბრალო, მოკრძალებული ადამიანია, რომელიც თავისი მორალური სიმტკიცით სახელმწიფო სისტემაზე ძლიერია.
„მატრიონას ეზო“ არის მოთხრობა, სადაც უბრალო გლეხი ქალი – პატიოსანი, უანგარო და ტრაგიკული – სოლჟენიცინმა სიმბოლოდ აქცია. მატრიონა წარმოადგენს ადამიანურობის იმ საძირკველს, რომლის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს. მისი ტრაგიკული სიკვდილი გვიჩვენებს, რომ სისტემა ანადგურებს სწორედ იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც არსებობს. ამით სოლჟენიცინი მკითხველს აფრთხილებს: თუ დავივიწყებთ უბრალო და მართალ ადამიანებს, ქვეყანა ვერ იარსებებს.
ვარლამ შალამოვი, „კოლიმის მოთხრობები“: ლიტერატურა სიცივისა და სასოწარკვეთის ზღვარზე
ვარლამ შალამოვის „კოლიმის მოთხრობები“ (Колымские рассказы) მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ტექსტია. ავტორმა 17 წელი გაატარა კოლიმის ბანაკებში, სადაც -50°C ყინვა, შიმშილი და მძიმე შრომა ყოველდღიურობა იყო. ეს საშინელი გამოცდილება მან გარდაქმნა პროზად, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ილუზიისაგან.
შალამოვი (1907–1982) ახალგაზრდობაში მოსკოვის ლიტერატურულ ცხოვრებაში მონაწილეობდა, მაგრამ რეპრესიების მახეში აღმოჩნდა. 1937 წელს მას „ანტისაბჭოთა საქმიანობაში“ დასდეს ბრალი და გაგზავნეს კოლიმაში. მისი სიტყვებით: „ბანაკი გამოსწორებისთვის კი არა, მოსპობისთვის იყო შექმნილი.“ ეს მკაფიო პოზიცია სათავეს უდებს მთელ მის შემოქმედებას.
შალამოვის სამყაროში ბუნება არის ბანაკის მთავარი დამპყრობელი, ხოლო სიცივე და შიმშილი მისი მოთხრობების მთავარი პერსონაჟები: „კოლიმაში ყინვა იყო მთავარი ბატონ-პატრონი. ყველაფერი დანარჩენი – მხოლოდ ჩრდილები.“ სიცივე და შიმშილი აქცევს ადამიანებს უმწეო არსებებად, რომლებსაც სხვა საფიქრალი აღარ გააჩნიათ, ისინი მხოლოდ გადარჩენას ცდილობენ.
ბანაკში ძველი ზნეობრივი კატეგორიები ქრება. იქ მოქმედებს ახალი კანონი: „ბანაკმა ერთი რამ მასწავლა: არ ირწმუნო, არ შეგეშინდეს, არაფერი არ ითხოვო.“ ეს ანტიმორალური ფორმულა აჩვენებს, როგორ იკარგება ადამიანური ღირსება და ფერმკრთალდება საზოგადოებრივი ნორმები.
შალამოვი ხშირად წერს, რომ კოლიმაში ხელოვნება ქრება, მაგრამ პარადოქსულია, რომ სწორედ ხელოვნებამ გადაარჩინა მისი სული. „ბანაკში ლექსები საჭირო არ იყო. იქ ისინი კვდებოდნენ. მაგრამ ჩემთვის ეს იყო სუნთქვა.“ ეს ფრაზა მიგვანიშნებს აბსოლუტურად უნიკალურ გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც, გულაგში ლიტერატურა გადაიქცა არა იმდენად ესთეტიკურ, რამდენადაც ფიზიოლოგიურად აუცილებელ მოვლენად.
შალამოვის სტილის დახასიათება ორი სიტყვით შეიძლება; ესაა მინიმალიზმი და სიმკაცრე. მისი პროზა მოკლე, მშრალი და ლაკონიურია. ემოციები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ სწორედ ეს ქმნის შალამოვის ტექსტის სიძლიერეს. „ვწერდი ცრემლების გარეშე, რადგან ცრემლები იყინებოდა.“
შალამოვის სტილი თვითონ კოლიმის კლიმატს ჰგავს, იგი მკაცრი და დაუნდობელია.
შალამოვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავზარდამცემი აზრი ასეა გადმოცემული: „ადამიანი ბანაკში არის მასალა, სახარჯავი მასალა.“ ეს ფრაზა ანადგურებს ყოველგვარ რომანტიზმს: ამ მწერლისთვის ბანაკი არ ტოვებს ადგილს გმირობისთვის.
სოლჟენიცინი გულაგში ხედავს სულიერ გამოცდას და ჭეშმარიტების ძიებას. შალამოვი სრულიად სხვა რამეს ამბობს: „ბანაკი ადამიანს უკეთესს არ ხდის. იგი მას უარესს ხდის, ყოველთვის უარესს.“ ამით იგი ყველაზე პესიმისტურ ავტორად წარმოდგა გულაგის ლიტერატურაში.
შალამოვის მოთხრობების მხატვრული თავისებურებებია: მინიმალიზმი – მოკლე ფრაზები, ფაქტობრივი აღწერა; სიმბოლიზმი დეტალებში – ქურთუკი, ფეხსაცმელი, ნაჯახი – ყველაფერი ეს გადარჩენის სიმბოლოებია; დოკუმენტურობა – ყოველ მოთხრობას აქვს რეალისტური საფუძველი, მაგრამ მხატვრული ძალა მას გარდაქმნის უნივერსალურ ნარატივად.
შალამოვის გენიალობა ისაა, რომ მისი ტექსტი აღწერს არა მხოლოდ საბჭოთა ტრაგედიას, არამედ, ზოგადად, ადამიანის ბუნების საზღვრებს. „კოლიმა – ჯოჯოხეთია, და ჯოჯოხეთში ადამიანი ანგელოზად არ იქცევა.“
შალამოვი გვასწავლის, რომ უკიდურეს პირობებში ადამიანი კარგავს თითქმის ყველაფერს, მაგრამ სიტყვა მაინც რჩება.
ვარლამ შალამოვის „კოლიმის მოთხრობები“ არის ლიტერატურა, რომელიც ამბობს ყველაზე მძიმე სიმართლეს. იგი გვიჩვენებს, რომ ტოტალიტარული სისტემა არა მხოლოდ ანადგურებს სხეულს, არამედ აქცევს ადამიანს „სახარჯავ მასალად“. მიუხედავად ამისა, თავად ტექსტის არსებობა ამტკიცებს, რომ ადამიანი მაინც ახერხებს „სულიერების მოწმობის“ დატოვებას.
შალამოვის ხმას დღესაც განსაკუთრებული ძალა აქვს: იგი გვაფრთხილებს, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს, თუ დავივიწყებთ, რა მოხდა კოლიმაში.
წარმოდგენა რომ შეგვექმნას შალამოვის შემოქმედებაზე, განვიხილოთ მისი მოთხრობა – „შერი-ბრენდი“ (Шерри-бренди) – „კოლიმის მოთხრობების“ ციკლიდან ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნაწარმოები.
ვარლამ შალამოვი, “შერი-ბრენდი”
„შერი-ბრენდი“ სასოწარკვეთისა და ადამიანურობის საზღვრის მოთხრობაა, რომელიც პირველად გამოქვეყნდა შალამოვის „კოლიმის მოთხრობებში“. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და ტრაგიკული ადამიანის ისტორია; ავტორი აღწერს პატიმარს, რომელიც კონიაკის ერთ ბოთლს – „შერი-ბრენდის“ – სიცოცხლეს გადააყოლებს.
ეს ტექსტი თითქოს უმნიშვნელო ამბავს ჰყვება, მაგრამ სინამდვილეში იგი გამოხატავს კოლიმის არსს: იქ, სადაც ყველაფერი ადამიანური მოკლებულია მნიშვნელობას, ერთი ბოთლი სასმელი შეიძლება გახდეს საბედისწერო და სასიკვდილო.
მოთხრობა მოგვითხრობს პატიმარზე, რომელიც ბანაკში შემთხვევით იღებს შანსს – მას ხელში უვარდება კონიაკის, შერი-ბრენდის ბოთლი. სიცივის, შიმშილისა და სასოწარკვეთის პირობებში ეს ბოთლი ხდება სიმბოლო არა მხოლოდ თავისუფლებისა და განცხრომისა, არამედ მთელი სამყაროსი, რომელიც პატიმარს სამუდამოდ დაკარგული ჰქონდა; მაგრამ სწორედ ეს სასმელი ამთავრებს მის სიცოცხლეს: ბოთლი იცლება, ადამიანი კვდება.
შერი-ბრენდი ბანაკში დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ფუფუნებაა, მაგრამ მისი მიღება არ ნიშნავს ბედნიერებას. პირიქით, ეს „მოკლევადიანი სითბო“ საბოლოოდ მიიყვანს გმირს სიკვდილამდე – „შერი-ბრენდიმ ერთ საათით გამათბო, მაგრამ წლები წამართვა.“ ეს ფრაზა ცხადყოფს, რომ ბანაკში ყველა სიამოვნება სინამდვილეში სიკვდილის ნიღაბია.
კოლიმის ბანაკში მთავარი მტერია სიცივე. ერთი ბოთლი ალკოჰოლი თითქოს ამარცხებს ყინვას, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი გამარჯვებაა. რეალურად, ის ასუსტებს ორგანიზმს და სასიკვდილო შედეგი მოაქვს.
აქ ჩანს შალამოვის მთავარი იდეა: კოლიმა კლავს არა მხოლოდ ძალით, არამედ „ტყუილებითაც“, რომლებიც დროებით იმედს გაძლევენ.
შალამოვის პერსონაჟი მზად არის სიცოცხლე გაცვალოს ალკოჰოლისგან ნაჩუქარ ხანმოკლე სითბოში. ეს არის სრული კაპიტულაცია, ღირსების დაკარგვა. ავტორი არ გვიხატავს თავის პერსონაჟს გმირად — პირიქით, გვაჩვენებს ადამიანური სისუსტის უკიდურეს გამოვლინებას.
მოთხრობა სავსეა სიმბოლოებით: შერი-ბრენდი ილუზიაა, ცრუ სითბო, სიკვდილის სიგნალი; სიცივე კოლიმის „ნამდვილი ღმერთია“; გმირის სიკვდილი ადამიანური ბუნების განადგურების მეტაფორაა.
„შერი-ბრენდი“ მნიშვნელოვანია შალამოვის სტილის დახასიათებისთვის. ესაა: მინიმალისტური ენა – მოთხრობა მოკლე წინადადებებითაა დაწერილი, რაც ქმნის სიცივის, სიძუნწის ატმოსფეროს; დეტალების სიმბოლურობა: ერთი ბოთლი მთელი სამყაროს სიმბოლოდ იქცევა; ემოციის უარყოფა: ავტორი არ გლოვობს პერსონაჟს, უბრალოდ გვიჩვენებს მის დაღუპვას – და სწორედ ეს ქმნის ყველაზე ძლიერ ემოციას მკითხველში.
„შერი-ბრენდი“ ერთგვარი კონცენტრაციაა „კოლიმის მოთხრობების“ მთელი ციკლისა. თუ სხვა მოთხრობებში შალამოვი სხვადასხვა ასპექტს აჩვენებს (შრომა, დაავადება, მეგობრობა), აქ იგი გვიჩვენებს ერთ მოტივს – ძალას ილუზიის, რომელიც კლავს.
„შერი-ბრენდი“ გვასწავლის, რომ ბანაკში სიცოცხლე შეიძლება გაცვალო უმნიშვნელო სიამოვნებაზე. ეს მოთხრობა არის მკაფიო გაფრთხილება: ტოტალიტარული სისტემა არა მხოლოდ ანადგურებს ფიზიკურად, არამედ ადამიანებს აიძულებს, თავადვე დათმონ სიცოცხლე ილუზიის სანაცვლოდ.
შალამოვის სიტყვებით: „კოლიმაში ყველაფერი, რაც სიხარულს იწვევდა, სასიკვდილო იყო.“ სწორედ ესაა „შერი-ბრენდის“ მთავარი ტრაგიზმი და ძალა.
ევგენია გინზბურგი, ციცაბო მარშრუტი
წიგნს აქვს ქვესათაური: „პიროვნების კულტის ეპოქის ქრონიკა.“
ქალი, კომუნისტური პარტიის წევრი, ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს. მან გამოიარა ციხეებისა და ბანაკების ჯოჯოხეთი, მაგრამ არ გატყდა. სამართლიანობის რწმენამ და განთავისუფლების იმედმა იგი გადაარჩინა. გათავისუფლდა და 1949 წელს ხელახლა დააპატიმრეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი საბოლოოდ განთავისუფლდა.
მთხრობელი, ევგენია გინზბურგი იყო კომუნისტი, პროფესორი, ენერგიული, საქმიანი, სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობის მქონე პოლიტიკურად გულუბრყვილო ადამიანი. მეუღლე, პაველ ვასილევიჩ აქსიონოვი, პარტიის თათრეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი, იყო პარტიის ერთგული, პატიოსანი კომუნისტი. 1934 წელს მათ ოჯახში მოხდა მოვლენა, რომელმაც მემუარებში აღწერილ ტრაგიკულ ამბებს დაუდო სათავე.
„ციცაბო მარშრუტი“ („Крутой маршрут“) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მემუარული ნაწარმოებია, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს აღწერს.
გინზბურგის ისტორია განსაკუთრებით ტრაგიკულია, რადგან მას თავიდან ბოლომდე სჯეროდა პარტიის იდეალებისა. თუმცა 1937 წელს, „დიდი წმენდის“ პერიოდში, მას წაუყენეს ბრალდება „ანტისაბჭოთა საქმიანობაში მონაწილეობაზე“. მისი სიტყვებით: „დამადანაშაულეს არა იმაში, რაც გავაკეთე, არამედ იმაში, რაც არ გამიკეთებია. დამნაშავე ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი.“
ეს ფრაზა ნათლად აჩვენებს სტალინური ტერორის აბსურდულობას: დამნაშავე შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი, მხოლოდ „გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას“ ყოფნის გამო.
წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემაა ტერორის აბსურდულობა.
გინზბურგის დაკითხვის ეპიზოდებში მკითხველი ხედავს, როგორ იქცა გამოძიება ფარსად. ბრალდებები წინასწარ იყო დაწერილი, დანაშაულის „მტკიცებულებები“ – გამოგონილი. როგორც ავტორი წერს: „გამომძიებელი მთხოვდა იმის აღიარებას, რაც არ არსებობდა, და მე ვხვდებოდი, რომ წინააღმდეგობა გმირობა კი არა, უბრალოდ, ადამიანური ღირსება იყო.“
წიგნი ძვირფასია იმითაც, რომ მასში გადმოცემულია ქალის გამოცდილება გულაგში. გინზბურგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებს: დედებს, რომლებიც შვილებს ეძებდნენ, ქალებს, რომლებსაც საშინელი შრომა უწევდათ. „ჩვენ, ქალები, ერთმანეთს ვეხმარებოდით; ზოგჯერ მხოლოდ ქალი, რომელიც ბარაკში მხარს გიჭერდა, გიცავდა სასოწარკვეთილებისგან.“
გინზბურგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გულაგში მეგობრობასა და სოლიდარობას. ავტორისთვის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ სოლიდარობაა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობა იყო ერთადერთი ნამდვილი სიმდიდრე ბანაკში.
„ციცაბო მარშრუტის“ ერთ-ერთი საყვარელი თემაა ხელოვნება და მეხსიერება. გინზბურგი ხშირად იხსენებს ლექსებს, პუშკინისა და ბლოკის სტრიქონებს, რომლებსაც ზეპირად იმახსოვრებდა და იმეორებდა. „პუშკინის ლექსები ჩემთვის ყოველდღიური პური იყო. ვიმეორებდი მათ, როგორც ლოცვას.“ აქ შეიძლება გავიხსენოთ, როგორ როლს ასრულებდა აუშვიცს (ოსვენციმს) გადარჩენილი პრიმო ლევისთვის დანტე ალიგიერის სტრიქონები. ყველაფერი ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ლიტერატურა შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფიზიკური გადარჩენის ინსტრუმენტიც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია „ციცაბო მარშრუტის“ სტილი და ლიტერატურული თავისებურებები.
გინზბურგის ტექსტი სავსეა ემოციური ინტენსივობით, მაგრამ, ამავდროულად, დოკუმენტური სიზუსტით. იგი გვთავაზობს მკაფიო, მკაცრ პროზას. თუმცა სწორედ ამ სიმკაცრეშია მისი პოეტურობა – ყოველი წინადადება ღრმა კვალს ტოვებს მკითხველის მეხსიერებაში.
გინზბურგი განსხვავდება სოლჟენიცინისა და შალამოვისგან. თუ სოლჟენიცინი ცდილობს მთელი სისტემის ანატომიის ჩვენებას, ხოლო შალამოვი გვაძლევს უკიდურესი სიცივისა და სასოწარკვეთის პოეტურ ნარატივს, გინზბურგი, უპირველეს ყოვლისა, გვაცნობს ქალის თვალსაზრისს. „მე ქალი ვარ, და ამიტომ ჩემი ტკივილი სხვანაირი იყო, ვიდრე კაცების: როცა შვილები წამართვეს, გული ამომგლიჯეს.“ ეს ევგენია გინზბურგს განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს გულაგის ლიტერატურაში.
„ციცაბო მარშრუტი“ არის ისტორიული დოკუმენტი და, ამავე დროს, ლიტერატურული ქმნილება. მისი მთავარი მნიშვნელობაა, რომ წიგნი აღწერს არა მხოლოდ ფიზიკურ ტანჯვას, არამედ ადამიანის სულიერ წინააღმდეგობასაც. „ვიცოდი, რომ თუ დავივიწყებდი – სისტემა გაიმარჯვებდა. ხოლო თუ დავიმახსოვრებდი – გადავრჩებოდი, თუნდაც სიტყვით.“
ევგენია გინზბურგის „ციცაბო მარშრუტი“ არის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ტოტალიტარული სისტემის მთავარი იარაღი არის დავიწყება და ჩუმად ყოფნა. მისი ტექსტი გვახსენებს, რომ მეხსიერება წინააღმდეგობის ყველაზე ძლიერი ფორმაა.
დღეს, როცა მსოფლიო კვლავ აწყდება ავტორიტარიზმის საფრთხეებს, გინზბურგის სიტყვები გვახსენებს: „თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანს არ ეშინია სიმართლის თქმის.“ ამიტომ მისი წიგნი რჩება არა მხოლოდ ისტორიის, არამედ თანამედროვე ადამიანის სინდისის ნაწილად.
P.S.
გულაგის პოეზიაზე თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად წარმოგიდგენთ ოსიპ მანდელშტამის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მცირე ლექსის ჩემეულ თარგმანს, რომელშიც პოეტის ოსტატობა თუ არა, მისი ეპოქა მაინც იგრძნობა:
ჩვენ ისე ვცხოვრობთ, რომ ვერასდროს ვერ ვგრძნობთ ქვეყანას,
ჩვენი სიტყვები ათ ნაბიჯში დაიკარგება.
ვერ დაამთავრებ ორსიტყვიან წინადადებას –
კრემლის მთიელი უცილობლად რომ არ ახსენო.[3]
[1] რევაზ თვარაძისა და ვახტანგ პაიკიძის თარგმანი.
[2] ორიგინალში кавторанг, სამხედრო ჟარგონი: капитан второго ранга, მეორე რანგის კაპიტანი.
Мы живём, под собою не чуя страны,
Наши речи за десять шагов не слышны,
А где хватит на полразговорца,
Там припомнят кремлёвского горца.
© არილი