ინტერვიუ,  პორტრეტი

ირმა რატიანი – ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

კითხვის პირველი მოგონება უკავშირდება ზაფხულს, ფანჯრის რაფაზე უდარდელად ჯდომას და ასტრიდ ლინდგრენის გენიალური ტექსტის – „პეპი მაღალი წინდა“ (ყოველ შემთხვევაში, ასეთი სათაურით იყო მაშინ ნათარგმნი) კითხვას. ამ წიგნში ყველაფერი მომწონდა: ახტაჯანა გოგონა წითური თმითა და ჭორფლიანი სახით, მისი მეგობრები – ტომი და ანიკა, თამაშები, რომლებსაც ისინი ერთად იგონებდნენ, მხიარული თავგადასავლები და  „მაჭკატების“ სურნელიც კი … საოცარი სიკეთე მოედინებოდა ამ წიგნიდან. ვგრძნობდი, რომ სადღაც სევდაც იყო, ცოტა დარდიც, მაგრამ… სიკეთისა და სინათლის თითქმის წამლეკავი ენერგია ყველაფერს ფარავდა.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ასეთად დავასახელებდი ფიოდორ დოსტოევსკის რომანს – „იდიოტი“. ეს წიგნი 15 წლის ასაკში წავიკითხე და ბევრი რამ ჩემს ცნობიერებაში „გადალაგდა“; დავფიქრდი ისეთ საკითხებზე, რომლებზეც  მანამდე არ მიფიქრია: ადამიანის გაუცხოებაზე გადაგვარებულ და გარყვნილ გარესამყაროსთან, რომელშიც მას უწევს არსებობა, და სადაც მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავმდაბლობა,  ქრისტიანული სიყვარული, თვინიერება და თანაგრძნობის უნარია… დავფიქრდი იმაზეც, რომ დიდი მწერლის სათქმელი ყოველთვის უფრო მასშტაბურია, ვიდრე მოყოლილი ამბავი;  რომ ტექსტი, მიუხედავად მისი რეალისტურობისა და ყოფითობისა, სიღრმისეული მითოლოგიური შრეებისკენ შეიძლება იყოს მიმართული და გაცილებით მეტ მნიშვნელობას იტევდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ან სიუჟეტის ერთი მარტივი გააზრებით მოჩანს.  

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა

დიდი კოლუმბიელი – გაბრიელ გარსია მარკესი. მახსოვს, როდესაც მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ წავიკითხე, რამდენიმე ხნით წიგნების კითხვაც კი შევწყვიტე: ვფიქრობდი, რა შეიძლება ამაზე მეტი თქვას მწერალმა? ან – ამაზე მეტი რა უნდა გვასწავლოს წიგნმა? თუკი წიგნში ერთდროულადაა წარმოდგენილი ცივილიზაციისა და კულტურის ისტორიის ყველა ეტაპი – ბიბლიური ეპოსიდან და ანტიკური ტრაგედიიდან ვიდრე თანამედროვე ომებამდე და ეპიდემიებამდე, და ამ მასშტაბურ დრო-სივრცულ ტილოზე კალმით იხატება სულისშემძვრელი ამბები, განფენილი მითსა და რეალობას, ნამდვილსა და წარმოსახულს, ზოგადსა და პიროვნულს შორის… ეს ყველაფერი კი მიემართება მთავარ კითხვას: როგორი იქნება კაცობრიობა ხვალ? რა მოელის მას, თუ ის არ გამოიმუშავებს საერთო-საკაცობრიო სულიერ ღირებულებებსა და ზნეობრივ ნორმებს? მაშინ ხომ ყველაფერი აზრს კარგავს? … ამ პრობლემებზე დამაფიქრა მარკესმა, და მეც სრულად გავისიგრძეგანე მწერლობის უმთავრესი მისია – დაგვაფიქროს. 

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ჩარლზ დიკენსის „ჩვენი საერთო მეგობარი“. ზოგადად, როდესაც ასეთი კლასიკური მანერის მქონე რომანისტის წიგნს კითხულობ, როგორც ჩანს, გიჩნდება განცდა, რომ, თუ მოინდომებ, შენც შეძლებ რამის დაწერას… დიკენსი, თავისი სიუჟეტურობით, თხრობის რეალისტურობით, ლოგიკური და თანმიმდევრული ნარატივითა და ადამიანის სიღრმისეული ემოციების გაღვიძების უნარით ერთგვარ შემოქმედებით სტიმულს გაძლევს (სხვათა შორის, მგონია, რომ ასეთი „სითამამისკენ“ გვიბიძგებს აკაკი წერეთლის პოეზიაც, რომელიც გვხიბლავს თავისი „სიმსუბუქითა“ და „უბრალოებით“)…  მართალია, ჩემგან მწერალი ვერ დადგა, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ კითხვის პროცესმა ოდესღაც წერის სურვილი გამიჩინა…

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ასეთი წიგნია „ვეფხისტყაოსანი“. მუდმივად ვუბრუნდები, რადგან ჩემი ინტელექტუალური განვითარების ყოველ ეტაპზე სხვადასხვაგვარ ბმას ვამყარებ რუსთაველთან და მის თხზულებასთან: როცა რაინდული რომანტიკითა და ზღაპრული სიყვარულით გატაცების ეტაპი დასრულდა, დადგა ეტაპი წიგნის რელიგიური და ფილოსოფიური შრეებით  დაინტერესებისა; შემდეგ მოვიდა დრო ტექსტის წაკითხვისა მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრების კონტექსტში და რუსთაველის მხარდამხარ დანტეს, ნიზამის, ფირდოუსისა და სხვათა სახელები ამოტივტივდა; გამოხდა ხანი და დავინტერესდი რუსთაველის ტექსტის რეფლექსიებით თანამედროვე  ქართულ მწერლობაში, რამაც კვლავ ჩამაბრუნა მითოლოგიის, ფილოსოფიის, რაინდობის კოდექსისა და უღალატო სიყვარულის დინებაში, რეცეფცია კი გაფართოვდა ჩემი ინტელექტუალური ზრდის კვალდაკვალ, და ასე – დაუსრულებლად… 

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასდროს დავუბრუნდები

სამწუხაროდ, ეს „აკრძალვა“ ეხება ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურას. ამ ჟანრის წიგნებს მე მართლაც მხოლოდ ერთჯერადად ვკითხულობ და, მერე, როგორც წესი, აღარ ვუბრუნდები.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“. ეს ტექსტი სკოლაში ვისწავლეთ როგორც რეალისტური და სოციალური პრობლემებით დატვირთული რომანი, რომლის მთავარი გმირიც საზოგადოების „ხორცმეტია“, ხოლო პერსონაჟები (და ამას უკვე საბჭოთა ეპოქის მასწავლებელი ჩურჩულით ამბობდა) ალეგორიულად განასახიერებენ საქართველოს, რუსეთს და სხვა სახის სოციო-პოლიტიკურ მოდელებს…. დროთა განმავლობაში, ჯავახიშვილის რომანი მთელი თავისი სიდიადით ამოიზარდა ჩემს თვალწინ, ფესვები გაიდგა და განიტოტა, რათა გამოეფხიზლებინა ჩემი მოდუნებული ცნობიერება. ტექსტის არაერთგზის წაკითხვამ სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციასთან მიმიყვანა: დამარწმუნა, რომ ტექსტის რეალიზმი მხოლოდ მასალაა მასში დასმული პრობლემების მოდერნისტულ ყაიდაზე გადაწყვეტისთვის; რომ ეს არის „დიდი წიგნი“ დროსა და ადამიანზე, იმ ტრაგიკულ განხეთქილებაზე, რომელიც წარმოიქმნება დროსა და პიროვნებას შორის, და აიძულებს პიროვნებას დაიძრას „კომფორტის ზონიდან“ გარეთ – სულიერი ღირებულებების გადარჩენისკენ.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ალბათ მაინც ელისი, ლუის კეროლის რომანიდან – „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“. ვფიქრობ, რომ ჩემში, და, ვინძლო, ბევრ სხვა ადამიანშიც, ცხოვრობს ცნობისმოყვარე და უშიშარი „მე“, რომელიც მზადაა მიიღოს ნებისმიერი გამოწვევა, ენდოს საკუთარ წარმოსახვასა და ინტუიციას და დაუპირისპირდეს გაბატონებულ ნორმებსა და წესებს. ელისი გასწავლის, აღმოაჩინო შენი თავი ამ სამყაროში და სამყარო შენს თავში, მთელი მისი აბსურდულობისა და ინფანტილიზმის მიუხედავად; ყურადღება მიაქციო ყოველ დეტალს და შეიგრძნო ის მთლიანობა, რომელიც აუცილებელია სამყაროში პიროვნების ჰარმონიული არსებობისთვის. ელისი პატარა გოგონაა, რომელიც საკუთარ მაგალითზე გვიჩვენებს, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების და ჯიუტად მივიწევდეთ მიზნისკენ.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ნამდვილად იყო პერიოდი, როდესაც ერთგვარი, წინასწარი აკვიატებით ვუდგებოდი ავტორებს: ხან თემა არ მაკმაყოფილებდა, ხან – სტილი, ხან მანერულობა მაღიზიანებდა და ა.შ. ამგვარი განწყობა ხშირად ამა თუ იმ ავტორისა და მისი შემოქმედების რადიკალური კრიტიკის მიზეზიც გამხდარა: შემეძლო მეთქვა, რომ არ წავიკითხავ ამ კონკრეტული ავტორის ტექსტს, ვინაიდან მთრგუნავს, ან – მღლის, ან – ემოციურად მასუსტებს… დროთა განმავლობაში, როდესაც ლიტერატურა ჩემი პროფესია გახდა, მე მკაცრად ავუკრძალე თავს ამგვარი დამოკიდებულება…  ავტორებს პატივს ვცემ. შესაბამისად, მე არ მახსენდება ავტორი, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ „არ მიყვარს“. ერთია – „არ მიყვარს“, ხოლო მეორეა – „არ მომწონს“; როდესაც ვამბობ „არ მომწონს“, ვცდილობ, აკადემიურად დავასაბუთო ჩემი აზრი და გასაგები გავხადო სხვებისთვისაც.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

არ მახსენდება ასეთი წიგნი… ავად თუ კარგად, საქმე მაინც მიმყავს დასასრულამდე.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ისმაილ კადარეს „დიქტატორის  ზარი“. კადარეს ეს რომანი, შესაძლოა, ვერ ახდენს ისეთსავე ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას, როგორსაც მისივე „გახლეჩილი აპრილი“, სადაც ტექსტის ბირთვს შეადგენს ალბანელთა უძველესი ტრადიციებისა და ადათ-წესების, ზნეობრივი ნორმებისა და ვალდებულებების წინ წამოწევა, ფიქრი დროთა კავშირზე და ადამიანის პასუხისმგებლობაზე… მაგრამ, „დიქტატორის ზარი“ ერთი ამბისა თუ ჭორის საკმაოდ საინტერესო ჟანრულ გადაწყვეტას გვთავაზობს, ხოლო გამოცდილი ავტორის დახვეწილი თხრობა და სტილისტური მიგნებები მიმზიდველს ხდის წიგნს ფართო მკითხველისათვის.  

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ორჰან ფამუქის  „შავი ჭირის ღამეები“. ჯერ-ჯერობით გამიჭირდება ამ წიგნზე ჩემი აზრის გამოთქმა, თუმცა, ფამუქი ნამდვილად რჩება ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ თანამედროვე ავტორად. ფამუქის დამსახურება ძალიან დიდია როგორც თურქული, ისე მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის წინაშე. მისთვის ჩვეული პოსტმოდერნისტული მანერით, ფამუქმა შეძლო თურქეთის ისტორიისა და კულტურის, ტრადიციისა და დღევანდელობის „გადაშლა“ მსოფლიო მკითხველის თვალწინ; ერთი მხრივ, მკითხველს ხიბლავს მწერლის გულწრფელობა, მწვავე, ხშირად ტაბუდადებული თემების გახმიანება, მეორე მხრივ კი – უბადლო ნარაციული ოსტატობა, განზავებული პოსტმოდერნულ ფრაგმენტულობასთან, ირონიასა და თამაშთან.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმანსაც ვისურვებდი

ძალიან მომწონს თანამედროვე იაპონელი მწერალი ქალების შემოქმედება. მახსოვს, რომ, თავის დროზე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბანანა იოშიმოტოს პროზამ: „სამზარეულო“, „მთვარის ჩრდილი“, „ნახვამდის ცუგუმი“… ასევე უაღრესად საინტერესოა საიაკა მურატას და იოკო თავადას ტექსტები. საერთოდაც, იაპონური ლიტერატურა გამოირჩევა მწერალი ქალების შემოქმედებით. ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში, სწორედ ქალმა, მურასაკი შიკიბუმ შექმნა პირველი პროზაული შედევრი იაპონურ ენაზე – „უფლისწულ გენჯის ამბავი“ („გენჯი მონოგატარი“); ამავე პერიოდში დაიწერა კიდევ ერთი ქალი-მწერლის საეტაპო ტექსტი – სეე შონაგონის „სასთუმლის წიგნის ჩანაწერები“. სასიამოვნოა, რომ იაპონელი ქალი ავტორები აგრძელებენ ამ საუკუნებრივ ტრადიციას და სხვადასხვა ჟანრში სცდიან კალამს.  მათი თარგმანი ქართულ ენაზე, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ლიტერატურის მოყვარულთათვის.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს წამკითხველს ვურჩევ

ასობით ავტორი და წიგნი დამიდგა თვალწინ და რთულია რომელიმეს შეველიო, იქნება ეს სერვანტესი თუ დანტე, შექსპირი თუ გოეთე, კალდერონი თუ შილერი, ბაირონი თუ ბარათაშვილი, ტოლსტოი თუ ბალზაკი, ჩეხოვი თუ კლდიაშვილი, ვაჟა-ფშაველა თუ ყაზბეგი… მაგრამ, რაკიღა ერთი წიგნი უნდა დავასახელო, მაშინ იყოს ალბერ კამიუს „უცხო“, ეგზისტენციალური ტექსტი, რომელიც მოგვითხრობს სამყაროს აბსურდულობაზე და მასთან ადამიანის ტრაგიკულ შეჯახებაზე, გაუცხოებასა და მარტოობაზე, და, ამავდროს, ამბოხისა და „აბსოლუტური თავისუფლების“ მანიფესტს  წარმოადგენს.

© არილი

Facebook Comments Box