
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ
ანხელო ერნანდეს სიასი
სამანტა შვებლინის ახალი მოთხრობა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაერთიანებაში“ – ჩვენ მიერ გამოცემულ საზაფხულო ანთოლოგიაშია შესული. ამ ტექსტში მთხრობელი წელზე შებმული ქვებით პირსიდან ხტება. ქალი იძირება, წყალს ფილტვებში უშვებს, ცოტა ხანი იცდის: „დარწმუნებული ვიყავი, ეს უფრო სწრაფად მოხდებოდა“ – შემდეგ თავს ითავისუფლებს, ნაპირამდე გაცურავს, სუიციდამდე დატოვებულ ნაწერებს სამზარეულოს მაგიდიდან იღებს და ქალიშვილებისა და ქმრისთვის ლანჩს ამზადებს. ის მკვდარია?
შვებლინის ფიქციურ სამყაროში, ეს ის შეკითხვა არაა, რომელსაც ბუნებრივად ჩათვლი და მიიღებ. ორი რომანისა და მოთხრობების სამი კრებულის ავტორი არგენტინელი მწერალი, ცნობილია თავისი აუღელვებლად შემზარავი, ფსიქოლოგიურად ზუსტი პროზითა და მტანჯველი სცენებით. „უსაფრთხო მანძილში“, შვებლინის პირველ რომანში, რომელიც ინგლისურ ენაზე ვიხილეთ, სასიკვდილო სარეცელზე მყოფი მთხრობელი ელაპარაკება ბიჭს, რომელიც ან მოჩვენებაა, ანდა ქალის სწრაფად მილევადი წარმოსახვის ნაყოფი. „პატარა თვალების“ ტექნოლოგიურმა ლანდშაფტმა, რომელშიც მომხმარებლები ანონიმურ გლობალურ ქსელში რობოტი პლუშის ცხოველების „მფლობელებად“ და „მცველებად“ ყოფნას ირჩევენ, წინასწარ დაგვანახა ვირტუალურ კავშირთა ის საშინელებანი, რაც ორი წლის შემდეგ, COVID 19-ის პერიოდში, რეალობად იქცა. შვებლინის პერსონაჟები ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს: „ეს ნამდვილია?“, შემდგომ კი, „ცოცხალი ვარ?“
მე და შვებლინს მიმოწერა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ესპანურ ენაზე გვქონდა. შევეხეთ ზებუნებრივს, ლიტერატურას, როგორც ტექნოლოგიას და ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ეს საუბარი, რომელიც მოგვიანებით ინგლისურად მეგან მაკდაუელმა თარგმნა, შემოკლდა და დარედაქტირდა მეტი სიცხადისთვის.
ანხელო ერნანდეს სიასი: თქვენ ხშირად იყენებთ პირველ პირს თქვენს ისტორიებში, თუმცაღა, თქვენი მთხრობელები ზოგჯერ გულჩათხრობილებიც არიან. ერთ-ერთი თქვენი პერსონაჟი საკუთარ თავს აღწერს, შესაძლოა, მკაცრადაც კი, როგორც „შეფერხებული ემოციური ინტელექტის“ მქონეს. რა გხიბლავთ ნარატივის ასეთ შეკვეცილ ხერხში?
სამანტა შვებლინი: როცა რომელიმე ამაღელვებელ ფილმს ვუყურებ, ზოგიერთი სცენა შეიძლება მრავალი წლის შემდეგაც კი გამახსენდეს. მაგრამ ეს მოგონება ბუნდოვანია – თუ მკითხავდით, პერსონაჟის გარდა, სხვა რა იყო იქვე მაგიდაზე, ანდა ქუჩაშიო, ვერ გიპასუხებდით. თუ ასეთივე სავარჯიშოს გავაკეთებ იმ პიესებზე, რომლებიც მინახავს, შემიძლია თითქმის ყველაფერი გავიხსენო. დარწმუნებული ვარ, ამას კავშირი უნდა ჰქონდეს იქვე, შენ წინ, სცენის რეალურ, ფიზიკურ არსებობასთან. მაგრამ არის კიდევ სხვა რაღაც, რაც უკავშირდება ობიექტების ფორმათა ეკონომიურობას.
თეატრში, ჩვენ მისაღები ოთახის ესკიზს ვქმნით დივნით, ნახატით, სანათით. ეს სამი ნივთი სრულფასოვნად წარმოადგენს მისაღებ ოთახს, მაგრამ, ამასთან, მათი იქ არსებობა ისეთი ძლიერია, რაღაც უფრო მეტადაც გარდაიქმნებიან: სიმბოლოებად, რისამე მომასწავებელ ნიშნებად, მაჩვენებლებად. ვფიქრობ, სწორედ ასე ვმუშაობ მეც, როდესაც ვაგებ ჩემს ფიქციას, მაშინაც კი, როცა საუბარი პერსონაჟთა ემოციებზეა. მე რამდენიმე ნივთიღა მჭირდება სცენაზე, მაგრამ როგორც კი ისინი ჩნდებიან, ვცდილობ, სრულიად დავრწმუნდე, რომ ყველაფერი, სხვა ყველაფერში აირეკლება – მკითხველის ჩათვლით, ცხადია.
ა.ე.ს.: უნივერსიტეტში კინოგადაღებას სწავლობდით. თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ სანამ თქვენი თანაკურსელები იღებდნენ ფილმს და ფიქრობდნენ ფილმზე, თქვენ იღებდით ფილმს და ფიქრობდით ლიტერატურაზე. შეგიძლიათ უფრო მეტი რამ გვიამბოთ იმაზე, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს კინო და ლიტერატურა თქვენს შემოქმედებაში?
ს.შ.: მართლაც, რამდენიმე თვის განმავლობაში, ლიტერატურას ვსწავლობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ იგი ვერ მომცემდა პასუხებს, რომელთაც დავეძებდი. მე პრაქტიკული მიდგომა მჭირდებოდა იმ საკითხისადმი, თუ როგორ უნდა მოჰყვე ამბავი, ლიტერატურათმცოდნეობას კი, მეტწილად, თეორიული მეთოდი გააჩნდა. ბევრად უფრო კონკრეტული პასუხები კინოში ვიპოვე, ყველაფერში: დაწყებული მსახიობთა რეჟისურიდან, იმის ჩათვლით, თუ როგორ განალაგო განათება და სად გაამახვილო ყურადღება ჩრდილებზე, ხმაზე, მონტაჟსა თუ გამოტოვების უდიდეს ხელოვნებაზე და თვალთახედვაზე, თავად სცენარზე.
და მაინც, ხშირად მიწევდა მეკამათა იმ მცდარი შეხედულების წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ არის ლიტერატურის ჭირი: ცრუ წარმოდგენა, რომ ფილმი ბევრად უფრო ვიზუალურია, ვიდრე წერა. შესაძლოა, მართლაც, ფილმი ვერ ფუნქციონირებდეს გამოსახულებების გარეშე, რადგან რაც არ უნდა ვნახოთ ეკრანზე, იგი ყველასთვის ერთია: რეჟისორის მიერ შერჩეული კონკრეტული ფეხსაცმელი ყველა მაყურებლისთვის ერთნაირად გამოიყურება. შეგვეძლო, მისთვის მიგვენიჭებინა რაიმე არსი, თუკი ეს ისტორიას წაადგებოდა, მაგრამ ეს დროსაც წაიღებდა და თან ირიბიც აღმოჩნდებოდა.
მართალია, ლიტერატურა კინოს ენას ჩამოჰგავს, თუმცა მას ერთი ფუნდამენტური უპირატესობა გააჩნია: ემოცია აგებულია მკითხველის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მას უშუალოს ხდის. როცა წიგნს ვკითხულობთ და ვაწყდებით ისეთ ფრაზას, როგორიცაა „დედაშენის ფეხსაცმელები ბალიშზეა“, ჩვენ უამრავ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას ვიღებთ. სწორედ ამ მკითხველისეულ გადაწყვეტილებებს გააჩნიათ ლიტერატურული ფიქციის ნამდვილი ძალა. არ შეგვიძლია ეს ფრაზა ისე წავიკითხოთ, არ წარმოვიდგინოთ ხატება ფეხსაცმლის კონკრეტული წყვილისა და იმ ბალიშის, რომელზეც დევს. ჩვენ ვწყვეტთ, რამდენად ჭუჭყიანია ეს ფეხსაცმელები და რა მასალითაა დამზადებული. ჩვენ შეიძლება საკუთარი დედის ფეხსაცმელებიც კი შევარჩიოთ. ასე გვეცოდინება რამდენად მძიმეა ისინი, როგორი სუნი ასდით, სველი ხომ არაა. ჩვენ ასევე ვირჩევთ განათების ტიპს ოთახისთვის, დღის შესაძლო მონაკვეთს. ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა და იგი სრულიად ჩვენი საკუთრებაა. როდესაც იმ ფეხსაცმლის წყვილს საბოლოოდ რაღაც მოუვა, იგი დატვირთული იქნება ყოველი მკითხველის მიერ წარმოდგენილი სცენის სრულიად პირადული სისავსით.
ა.ე.ს : დაძაბულობა, კონკრეტულად კი რეალურსა და ირეალურს შორის არსებული, თქვენს ნაამბობში ცენტრალურ ადგილს იკავებს. როგორ ამძაფრებთ მას თქვენს ნაწარმოებებში და რა სტრატეგიებს იყენებთ, რათა ისინი ცხოვრებაშიც შეამჩნიოთ?
ს.შ: ბავშვობაში, მტანჯავდა ხალხი, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე „მეტისმეტად დაბნეული“ ვიყავი. ყველგან ვიკარგებოდი, ნივთებს ვივიწყებდი ან გადავაადგილებდი, არასდროს ვიყავი ყურადღებიანი. ამან ისეთი გავლენა იქონია ჩემს სასკოლო აკადემიურ მოსწრებაზე, ჩემმა მშობლებმა ფსიქოანალიტიკოსთან გამაგზავნეს. ბედად, იგი გამჭრიახი ქალი იყო, მან უბრალოდ შეცვალა ის ნარატივი, რომელსაც სხვები ჩემზე მეუბნებოდნენ. მან მითხრა: „სამანტა, შენ არ გაქვს პრობლემა და არც ამდენად დაბნეული ხარ. შენ უბრალოდ ისეთ რაღაცებს აქცევ ყურადღებას, რასაც სხვები არ აქცევენ. შენ არ გაქვს ყურადღების მიპყრობის პრობლემა, შენ უბრალოდ სხვა რამეზე ამახვილებ ყურადღებას“.
სწორედ მისეულმა ახსნა-განმარტებამ იმისა, თუ რა ხდებოდა, დამიბრუნა თავდაჯერებულობა. აბა, მე თუ არ ვაკვირდებოდი იმას, რასაც სხვები, მაშ, რაღას ვაკვირდებოდი? შესაძლოა, ყველაფერი, რასაც ვწერ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. ჩემთვის – უცნაური და არანორმალური – რაღაცები, რაც ხილვადია, მაგრამ არა დაჯერებადი – მეტად რეალური რამაა და მე მათ ყველგან ვხედავ.
თუმცა, ეს მთლად ის არაა, რაც აღმაფრთოვანებს. უფრო მეტად, აღმაფრთოვანებს ის, რაც სხვა ადამიანებს ემართებათ: მათ, ვინც ისე მიდი-მოდის, რაღაცებს ვერ ხედავს; აღმაფრთოვანებენ ისინი, ვინც უცაბედად, პირველად აღმოაჩენენ ხოლმე რაღაცებს; აღმაფრთოვანებს გავლენა, რომელიც სამყაროს აქვს ჩვენზე, მაშინ როცა მოულოდნელად ვჩერდებით და მას მართლა გულდასმით შევყურებთ. ხანდახან, მგონია, რომ ხელოვნების კარგი ნიმუში, თავიდან ბოლომდე, სინამდვილეში, მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: „ეს სამყარო დიდად უცნაური ადგილია“. როდესაც ჩვენ, როგორც მკითხველები, ერთი შეხედვით, რეალისტურ ამბავს მივყვებით, შემდეგ კი მასში ბზარი ჩნდება, არის ამაში რაღაც, რაც განგაშს აგვატეხინებს. განგაშის ზარი, რომელიც რეკავს, სიუჟეტს ანდა პერსონაჟის თავს გადამხდარ ამბავს სცდება. ჭეშმარიტ ყურადღებას ამას იმიტომ ვაქცევთ, რომ ასეთი ბზარები ჩვენსავე, საკუთარ რეალობას ემუქრებიან.
ა.ე.ს.: რა ხდება, თუკი დაძაბულობას რაღაც მოსდევს? თქვენთვის, ძრწოლისგან გათავისუფლების კმაყოფილება რას მოაქვს?
ს.შ: დაძაბულობისგან გათავისუფლება ყოველთვის შვება როდია. ხანდახან ეს რაღაცის გაანალიზება ან მიღებაა. თუმცა, უპირველესად, მე მჭირდება, რომ ეს გათავისუფლება გამართლებული იყოს, ჰქონდეს მიზეზი, რის გამოც ეს უნდა გამოგვეარა, ემოციური ბირთვი. როგორც სიმონ ვეიმ თქვა, „აბსოლუტურად შეუმღვრელი ყურადღება – ლოცვაა“. სხვაგან კი ამბობს: „ყოველ ჯერზე, როდესაც მართლა ვკონცენტრირდებით რამეზე, ჩვენს თავში ბოროტს ვანადგურებთ“. დასასრულს, მე ამ შეგრძნების იმედი მაქვს, დაძაბულობის უდიადესი მომენტის შემდეგ: შვების შეგრძნება, რომ ბოროტი, მომწამვლელი წყვდიადი ჩვენში, განდევნილ იქნა.
ვფიქრობ მოთხრობაზე „ხელმძღვანელის ვიზიტი“, რომელიც „კეთილი სიავის“ კრებულშია. დიდი ხნით ადრე, ვიდრე სამი მთავარი პერსონაჟის კონტურებს მოვხაზავდი და ცხადად წარმოვიდგენდი რა მოხდებოდა, რაც კი გამაჩნდა, ეს იყო საჭიროება შვებისა და განკურნების მძაფრი შეგრძნებისა. ვფიქრობდი საზარელ, პირქუშ მოვლენაზე, თუმცა, ჯერ არ ვიცოდი რა მოვლენა იქნებოდა ეს. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, იყო ნათელი, რომელიც ბოლოს დადგებოდა, ის შეგრძნება, რომ „ბოროტებამ“ განგგმირა და მაინც, შენ ცოცხალი ხარ და კვლავ შეგიძლია ფეხზე წამოდგე. ფაქტობრივად, ეს ზუსტად ისაა, რასაც პერსონაჟი ამბის დასასრულს აკეთებს: ის შეძრა იმის აღმოჩენამ, რომ ორივე ფეხზე წამოდგომა შეუძლია.
ა.ე.ს.: თქვენი რომანი, „უსაფრთხო მანძილი“ ვითარდება დიალოგის (შესაძლოა წარმოსახვითი) მეშვეობით. ეს არაა რომანი მოქმედების ადგილის გარეშე, თუმცა, მასში მოქმედების ადგილი ერთგვარი უკანა კარიდან შედის. მეორე მხრივ, „პატარა თვალები“ ყოველი თავის დასაწყისში ქალაქს ასახელებს. გეოგრაფია უდიდესი მნიშვნელობისაა. რა როლი აქვს ადგილს შემოქმედებით პროცესში?
ს.შ.: ყველაფერი ემსახურება ამბავს, რომლის მოყოლაც მსურს. პირველი სიტყვები – ის პირველი მაგიური სალოცავები თუ წინადადებები, რომლებიც ამბავს იწყებენ – აწესრიგებენ ყველაფერს, რაც მათ შემდგომ მოსდევს. ისინი განაპირობებენ ამბის წესებსა და პრიორიტეტებს, ისინი მკითხველისთვის უნდა წარმოადგენდნენ ერთგვარ ჯადოსნურ შელოცვას, ჰიპნოზურ დაპირებას, რომელიც ამბობს: „არის აქ რაღაც, რაც შენ გეკუთვნის. აქ შენ იპოვი პასუხს იმ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, ჯერ რომ ვერ გადაგიჭრია“. მიყვარს წიგნის მაღაზიებში, შემთხვევით წიგნებს რომ გადავშლი და პირველ პარაგრაფებს ვკითხულობ ხოლმე – ზოგიერთი მათგანი შესანიშნავია.
ყოველ წიგნს განსხვავებული თხრობა აქვს. მთავარი გმირები, შესაძლოა, მეტად ან ნაკლებად იყვნენ წარმოჩენილნი კონკრეტული ხერხებით. „უსაფრთხო მანძილის“ დაწყება მესაჭიროებოდა ლამის აჩრდილისებრი მანერით, მაგრამ როგორც კი ამბავი ჩაეშვება, გარემო მეტად კონკრეტული ხდება. „პატარა თვალებში“ მოქმედება ხდება მსოფლიოს ოცდაოთხ სხვადასხვა ქალაქსა თუ დასახლებაში. აქ დასაწყისშივე მჭირდებოდა მკითხველისთვის მეცნობებინა მთავარ გმირთა გუნდი. ყოველ სივრცეში განმელაგებინა კონკრეტული მარკერები, რათა მკითხველი არ დაკარგულიყო, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტომას შევუდგებოდი.
სივრცეები, რომლებშიც ამბები ვითარდება, მხოლოდ ფონს არ წარმოადგენენ. სახლები, რომლებშიც ვცხოვრობთ, ადგილები, სადაც ნივთებს ვყიდულობთ – მათ ყველას გააჩნიათ პირადული და სოციალური მეხსიერება. არ არსებობს ამბავი ადგილის გარეშე. სივრცე მოქმედებს ქცევაზე, კარნახობს რიტმს, ქმნის დაძაბულობას. ჩემთვის, ისინი არიან სხვა პერსონაჟები, რომლებიც ამბავს აამოქმედებენ.
ა.ე.ს.: რადგან ადგილებზე ვსაუბრობთ, რა გავლენა აქვს თქვენს ნამუშევრებზე ბერლინში ცხოვრებას?
ს.შ.: დიდმა არგენტინელმა პოეტმა, რობერტო ხუაროსმა, დაწერა ერთხელ – „როგორც კი ფეხს დავდგამთ გაღმა მხარეს და აღმოვაჩენთ, რომ ჯერ კიდევ ძალგვიძს დაბრუნება, ჩვენ აღარასდროს ვივლით ისე, როგორც აქამდე, ასე ნელ-ნელა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, დავიარებით მეორე მხარესაც“.
აი, ასე ვგრძნობ თავს ბერლინში ცხოვრებისას. აქ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ლიტერატურული გარემო ჯერ ისევ არგენტინაა. ნაცვლად დისტანცირებისა, სხვა ადგილას ცხოვრება მაიძულებს, უფრო ახლოდან დავაკვირდე საკუთარ კულტურულ კონტექსტს. ჩემს ახალ სახლში ვარ და ყოველთვის ვიქნები უცხოელი, უადგილო ადამიანი. აქ, მე არგენტინელი კი არა, ლათინოამერიკელი ვარ. მაგრამ ბუენოს-აირესში, აღარ ვარ პორტენიო, რადგან, როგორც ჩემი წარბშეჭმუხნილი მეგობრები მეუბნებიან, “hablás raro” – უცნაურად ვლაპარაკობ.
ენასთან დაკავშირებით უცნაური რამ მჭირს, რადგან ბერლინის ლათინოამერიკულ „ბაბლში“ ჩაძირულმა ჩემმა პორტენიულმა ესპანურმა ბევრი სხვაგვარი ესპანური შეიწოვა. გარს მახვევიან ადამიანები ესპანეთიდან, მექსიკიდან და ვენესუელიდან და მათ ყველას აქვთ სიტყვები, რომელთაც მე ჩემებურად ვითვისებ, რადგან ისინი საგნებს ისეთ რაღაცებს უწოდებენ, რისთვისაც ჩემს პორტენიო ესპანურს სიტყვები არ გააჩნია. ანდა, ხანდახან აღმოვაჩენ, რომ უფრო ნეიტრალურად ვსაუბრობ, რადგანაც ვიცი, ჩემს გამონათქვამებს ვერ გაიგებენ. და როდესაც მსგავს ესპანურს წერის ინსტრუმენტად ვიყენებ, საკუთარ თავს ვეკითხები, ნეტავ რამდენად მჟღავნდება ეს? შესამჩნევია იგი? ეს ყურადღებას ხომ არ უფანტავს მკითხველს? ხომ არ უნდა შევეცადო, მეტად არგენტინული ესპანური გამოვიყენო? ჯერ კიდევ დიდად არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ამ საფიქრალს, მაგრამ, ამჟამად, მსგავსი კითხვები ენას მაჩვევს. ამასთან, კიდევ ერთი რეალობის წინაშე ვარ: როგორც კი საწერად ვჯდები და ჩემი თითები ბეჭდვას იწყებენ, კვლავ ღრმად ვეფლობი არგენტინაში. მე ვარ მეტად შორს მცხოვრები არგენტინელი მწერალი, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება მასზეა ფოკუსირებული.
ა.ე.ს.: თქვენ ახსენეთ ლიტერატურა, როგორც ტექნოლოგიის ფორმა. რას აკეთებს იგი?
ს.შ.: ლიტერატურა კონკრეტული და პრაქტიკული იარაღია, რომელიც გვემსახურება და გარდაგვქმნის. მხატვრული ლიტერატურა ნებას გვრთავს, გადავიმეოროთ ემოციები, მოვსინჯოთ იდეები და ჩავუღრმავდეთ სივრცეებსა და აზრებს, რომლებზეც, სხვა შემთხვევებში, წვდომა არ გვექნებოდა. განა არსებობს სხვა სახის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავუპირისპირდეთ ჩვენს ყველაზე უარეს ურჩხულებს, კვლავ და კვლავ საკუთარი თავი გამოვცადოთ და შემდგომ, რეალურ ცხოვრებას უვნებლად დავუბრუნდეთ? უვნებლად, თუმცა იმ ზუსტი ცოდნით, თუ რამდენად და სად გვტკივა ეს ჭრილობები. ვბრუნდებით უვნებელნი, თუმცა, ცხოვრებაზე ახალ ინფორმაციას ვფლობთ.
მე ამაზე უფრო წარმტაცი ტექნოლოგია არ მეგულება. ვკითხულობ და ვწერ, რადგან მინდა ვიცოდე, რამდენად მატკენს ის რაღაცები, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. მსურს, საკუთარი თავი გამოვცადო და ვიკითხო: ასეთი რამ რატომ უნდა ჩამედინა? შევძლებდი მსგავსი ტკივილის გადატანას? როგორ? რისთვის? ვისთან ერთად და რამდენი ხნით? ჩვენ ვკითხულობთ და ვცახცახებთ, ოფლად ვიღვრებით, ვგრძნობთ როგორც გვიჩქარდება გულისცემა. კითხვა განა მხოლოდ ვარჯიშია ემპათიასა თუ ჩვენი აზრების განვრცობაში. განა მხოლოდ სააზროვნო ექსპერიმენტია. იგი ასევე ისაა, რაც სხეულს ემართება – არის ბევრად უფრო ფიზიკური და რეალური, ვიდრე ამის აღიარება ძალგვიძს. მას უტყუარი ეფექტი აქვს ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და იმაზე, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს. ლიტერატურა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და საშიში იარაღია.
THE YALE REVIEW
© არილი