ესე,  კრიტიკა

დავით ქართველიშვილი – სოცრეალიზმი და თანამედროვე ბაზარი (თამთა მელაშვილის “აღმოსავლეთით”)

1

სიკეთისა და ბოროტების მიღმა რომ გახვიდე, ჯერ დაზუსტებით უნდა იცოდე, რას წარმოადგენს ან ერთი და ან მეორე. ამის დადგენა თითქოს არ არის რთული ამოცანა, თუ საერთოდ ადამიანი თავს შეიწუხებს და  მსგავს ამოცანას დაისახავს. არსებობს განმარტებითი ლექსიკონი და ასევე არსებობს თაობიდან თაობაში გარდამავალი ზეპირი გადმოცემები მათ შესახებ. პირველი – სამეცნიერო ენისთვის დამახასიათებელი მშრალი, მაღალფარდოვანი და კატეგორიული სტილით განმარტავს ამ ორი სიტყვას (ცნებას). ეს განმარტებები, საბოლოო ჯამში, მაინც აბსტრაქტული, ყოველდღიურობას მოწყვეტილი დეფინიციებია. მეორე – ამბების მეშვეობით ახდენს მათ ილუსტრაციას. ადამიანებისთვის, ალბათ, განმარტებებზე მეტად მნიშვნელოვანი მაინც ილუსტრაციებია.

სიკეთეზე და ბოროტებაზე საუბარი, მათი კონკრეტიზაცია და ერთმანეთისგან გამიჯვნა ძლიერ ადვილია მაშინ, როდესაც საქმე მეხება მე, რადგან მე – ხილული, ხელშესახები, განცალკევებული, მოკვდავი ფიზიკური მოცემულობა ვარ.

ამბობენ, რომ სულიც მაქვს. თუმცა, ერთადერთი რაც სულის შესახებ ამჟამად შემიძლია ვთქვა, სულ ესაა: სული თუ არსებობს, მაშინ ის უკვდავია. თუ – მესმის სპარტელების შორეული ექო.

ცხოვრება თუ ჩემი წარმოდგენების შესაბამისად მექცევა, მაშინ ეს უპირობო სიკეთეა, თუ არა, უპირობო – ბოროტება.

ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ ცხოვრება უფრო ბოროტია, ვიდრე კეთილი. ასე რომ, პირადად ჩემთვის, სიკეთე და ბოროტება შეგრძნებებია და არა იდეები.

მე თითქმის სოლიფსისტი ვარ და მხოლოდ ჩემივე ფიზიკური უსაფრთხოების გამო (მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს?!) ვაღიარებ ობიექტურ-მატერიალური რეალობის არსებობას, სულ მცირე: სპორტის, ავტომობილებისა და სახელმწიფოს სახით. იმასაც მშვენივრად ვხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მატერიალური, ჩემ მიერ აღიარებული და იქნებ თავისთავად არსებული რეალობის სწორედ სიკეთისა და ბოროტების პრიზმიდან შეფასება, რადგან ეს ადამიანებს შორის ყველაზე გავრცელებული მიდგომაა.

რეალობის ნაწილია ისტორია, რომელიც უსასრულო წარსულიდან შემორჩენილი ფრაგმენტების ნაკრებია. ისტორიის შეფასებისას სიკეთე და ბოროტება უკვე კრიტერიუმებია, თუმცა, ისინი მყარი ონტოლოგიური მსოფლმხედველობის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციის საშუალებაა.  დღეს ჩვენ ისტორიის გადაწერის თუ რევიზიის მორიგ ეტაპს გავდივართ და ამ მიმდინარე, რთულ და ქაოსურ სამუშაო პროცესში სიკეთისა და ბოროტების გაგებაც, მათდამი დამოკიდებულებაც იცვლება და ახლდება. ყველაფერი ახალი არ არის კარგად დავიწყებული ძველი.

1932 წელს საბჭოთა კავშირში სოცრეალიზმი ერთადერთ ოფიციალურ ესთეტიკურ მეთოდად გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ერთია გადაწყვეტილების მიღება და მეორე – მისი ცხოვრებაში აღსრულება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ხელოვნების ყველა დარგი უკვე სახელმწიფო სისტემის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, არასოცრეალისტური ხედვა ხელოვნებაში თითქმის აღარ არსებობდა და ასეთი ვითარება შენარჩუნდა საბჭოეთის ერთადერთი ნამდვილი ბელადის გარდაცვალებამდე.

სოცრეალიზმის ელემენტები ხელოვნებაში არსებობდა მანამდეც და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის არსებობს დღესაც. ეს ელემენტებია: ფორმალური და შინაარსობრივი სახალხოობა, გარკვეული იდეოლოგიის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გამოცხადება და დედამიწაზე სამოთხის არსებობის შესაძლებლობის უტყუარობა, კომპრომისულ ვარიანტში – მისი არსებობის სურვილი მაინც.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოცრეალიზმი, როგორც უალტერნატივო სამუშაო მეთოდი, მხოლოდ სტალინისტურ საბჭოეთში იყო.

სოცრეალიზმი ხალხოსნური ლიტერატურიდან ამოიზარდა. თავის მხრივ, ხალხოსნური ლიტერატურის ფესვები ნატურალიზმშია, ამ ტრაექტორიით სვლას, საბოლოო ჯამში, კრიტიკულ რეალიზმამდე მივყავართ და ფიგურალურად წრეც აქ იკვრება.

კრიტიკული რეალიზმის პერიოდში დაწყებული ლიტერატურული ძიებები დასრულდა სოციალისტური რეალიზმით, რომლის დანიშნულებადაც სწორედ კრიტიკული რეალიზმის, ნატურალიზმისა და ხალხოსნური ლიტერატურის მიერ აღწერილი მძიმე ვითარების ერთხელ და საბოლოოდ მოგვარების და მშრომელი ადამიანის გამარჯვების წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესის, სწორხაზოვანი და მარტივი ესთეტიკური ფორმებით გამოხატვა იქცა.

თუმცა, ეს არ ყოფილა უწყვეტი პროცესი.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს წარმოქმნილ ხალხოსნურ ლიტერატურასა და მეოცე საუკუნის 30-იანი წლების სოციალისტურ რეალიზმს შორის არსებობდა ავანგარდისტული დეკადა. ქაოსის ათწლეული. სწორედ ამ პერიოდის ერთ-ერთი ლიტერატურული საიდუმლოს ამოხსნის მცდელობაა თამთა მელაშვილის რომანი “აღმოსავლეთით”.

2

თუმცა, სანამ ამ მცირე რომანის შესახებ გეტყოდეთ ჩემს მოსაზრებას, რომელიც, ჯამში, მხოლოდ ერთი კაცის შთაბეჭდილებაა და არა განაჩენი, მსურს, რადგან აუცილებლად მიმაჩნია, სოცრეალიზმის შედეგებზე და მის შემორჩენილ ნათელ კვალზეც ვთქვა რამდენიმე (ზუსტად რამდენი – არ ვიცი) სიტყვა თანამედროვე ლიტერატურაში.

ოფიციალურად სოცრეალიზმი საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დასრულდა, თუმცა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ამ მეთოდს უკვე მხოლოდ ძალიან კონიუნქტურული მწერლები თუღა მიმართავდნენ, ძირითადად,  საკუთარი ყოფა-ცხოვრების რიგიანად მოსაწყობად, 70-იან წლებში სოცრეალიზმმა მოდერნიზაცია განიცადა და ახლებურად აქტუალური გახდა. ამჯერად ბურჟუაზიულ გადმონაშთებთან მებრძოლი ახალგაზრდა კომკავშირელები ქვეყანაში იმ დროისთვის არსებულ ნეგატიურ მოვლენებთან მებრძოლმა პრინციპულმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს მთავარი პერსონაჟების როლში.

70-იანი წლების სოცრეალისტური რომანი ხარისხობრივად აღემატებოდა სტალინისტურ რომანს. მაგ: გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანი” ამ თვალსაზრისით უკეთესი ტექსტია, ვიდრე კონსტანტინე გამსახურდიას “ვაზის ყვავილობა”, თუმცა, ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტანტინე გამსახურდია გურამ ფანჯიკიძეზე საინტერესო მწერალია. საქმე ის არის, რომ “ვაზის ყვავილობა” 40-იან წლებშია დაწერილი, ხოლო “თვალი პატიოსანი” – 70-იანებში. ორივე კონიუნქტურული ტექსტია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ კონსტანტინე გამსახურდია საკოლმეურნეო რომანს საკუთარი თავის გადასარჩენადაც წერდა, სტალინისტური ცენზურის პირობებში, ხოლო გურამ ფანჯიკიძე უკვე შედარებით მოსუსტებული ცენზურის გარემოში ასრულებდა პარტიის დაკვეთას. დაკვეთაზე უარი რომ ეთქვა, ნამდვილად არ დაიჭერდნენ, მაგრამ ვერც კარიერულ საფეხურზე ამაღლებას შეძლებდა…

ქართული სოცრეალისტური პროზის ამ ორი ეტაპის შედარებითი დახასიათება სულ სხვა, ცალკე თემაა და თამთა მელაშვილის რომანთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა ირიბი მიმართებები ნამდვილად არსებობს.

სოცრეალიზმს, როგორც ნებისმიერ სხვა იდეოლოგიურ სისტემაზე დაფუძნებულ და, აქედან გამომდინარე, განზრახ, ხელოვნურად დავიწროებულ ესთეტიკურ კონცეფციას, ესაჭიროებოდა სიკეთისთვის თავდადებული, კომპრომისულ ვარიანტში – მებრძოლი გმირი, მისი ანტიპოდი და ვიზავი, ბოროტების განმასახიერებელი ანტიგმირი და მსხვერპლი, რომელსაც კეთილი გმირი გამოიხსნის. რა თქმა უნდა, ძველისძველი სქემაა. ბიბლიური და უფრო ადრინდელიც, მაგრამ იყოს ამ შემთხვევაში ბიბლიური – მოსე, ებრაელები, ეგვიპტე, აღთქმული მიწა, იმ დიდი და ფუნდამენტური განსხვავებით, რომ მოსეს ანუ, ამ შემთხვევაში, სტალინს, ებრაელები ანუ, ამ შემთხვევაში, პროლეტარიატი აღთქმული მიწისკენ კი არ მიჰყავს და ეგვიპტეს ანუ მსხვილ ბურჟუაზიას და არისტოკრატიას კი არ გაურბის, პირიქით, მათ აიძულებს გაქცევას და მათგან გათავისუფლებულ მიწაზე საყოველთაო თანასწორობის დამყარებას იწყებს. მისი ფატალური შეცდომაც ეს იყო, რადგან მიწას აქვს მეხსიერება.

რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი თამთა მელაშვილის რომანთან “აღმოსავლეთით”?

სადღაც, უკვე ვახსენე ირიბი კავშირები და ეს არ იყო შემთხვევითი.

3

“აღმოსავლეთით” ერთი პერსონაჟის ირგვლივ კონცენტრირებული ტექსტია. ასევეა, თამთა მელაშვილის მეორე, გაცილებით უფრო ცნობილი და გახმაურებული მცირე რომანი “შაშვი, შაშვი მაყვალი”. სტრუქტურული მსგავსების გარდა, ამ ორ ტექსტს აქვს კიდევ ერთი საერთოც: მთავარი პერსონაჟი ორივე რომანში ქალია, თუმცა უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ რომანის – “აღმოსავლეთით” – ცენტრალური პერსონაჟი და რომანის – “შაშვი, შაშვი მაყვალი” – მთავარი გმირი ქალია.

ამ დაზუსტებას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, პედანტიზმი არაფერ შუაშია.

საქმე ის არის, რომ ირინა, (“აღმოსავლეთით”) არ არის რომანის მთავარი გმირი და არც მთავარი პერსონაჟი, ის ტექსტში ცენტრის ფუნქციას ასრულებს. მის გარშემო იყრიან თავს სხვა პერსონაჟები და მოვლენები, განსხვავებით “შაშვი, შაშვი მაყვლისგან”, სადაც არსებობს მთავარი გმირი, რომელიც ცენტრს საკუთარ თავში პოულობს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ მართლაც ის იპოვა, რასაც ეძებდა.

ამ ორ რომანს შორის არის კიდევ ერთი პრინციპული სხვაობა – თხრობის ტექნიკა. “აღმოსავლეთით” ავტორისეული თხრობით არის დაწერილი, “შაშვი, შაშვი, მაყვალი” კი მთავარი გმირის მონოლოგია.

პირველი არჩევანი ესთეტიკურადაც გამართლებულია, მეორე – კომერციულად.

საერთოდ, თამთა მელაშვილი იმ, ძალიან მცირერიცხოვანი თანამედროვე ქართულენოვანი მწერლების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ესმით ფორმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ლიტერატურაში და ამ თვალსაზრისით ინტუიციასთან და ზეშთაგონებასთან ერთად, ლიტერატურის ისტორიაში დაგროვებულ გამოცდილებას აქცევენ ყურადღებას.

მაგრამ სრულყოფილი ტექსტი არ არსებობს.

ხანდახან ეს არასრულყოფილება გამიზნულია და ფორმალური წესრიგი ავტორისთვის კონკრეტული, მისთვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, თუნდაც საკუთარი იდეების უფრო მკაფიოდ გამოსათქმელად გამოიყენება.

ასეა ხდება “შაშვი, შაშვი მაყვალში.”

მთავარ გმირი, რომელსაც ელემენტარული ლიტერატურული კანონიკის მიხედვით, არანაირად არ უნდა შეეძლოს მოვლენების და განსაკუთრებით საკუთარი განცდების ზუსტი ვერბალური ილუსტრაცია, რადგან მას საამისოდ ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია და მისი მთავარი ხიბლიც ეს არის, მოულოდნელად ცვლის ტექსტის ენობრივ ველს და ვირჯინია ვულფისა და სიმონ დე ბოვუარის ტექსტებით გატაცებულს ემსგავსება. ეს ხდება ფრაგმენტულად, დროდადრო და აშკარად გამიზნულად, მაგრამ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ასეთ ფრაგმენტებში პერსონაჟს ავტორი ანაცვლებს და ეს ტექსტს ფორმალურად აზიანებს, თუმცა კომერციული თვალსაზრისით, პირიქით, მას გზას უკაფავს მკითხველისკენ, ადამიანებს სჭირდებათ პასუხები, მერე რა, რომ შეკითხვები არ აქვთ.

დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა მიხეილ ჯავახიშვილის თითქმის საუკუნით ადრე დაწერილ “თეთრ საყელოშიც”. ამ შემთხვევაში საქმე არა ვერბალურ ჩარევასთან, არამედ ქმედებებთან გვაქვს, თუმცა შედეგი იგივეა – ავტორი მოქმედებს პერსონაჟის ნაცვლად.

ასი წლის განსხვავებით, ორმა ავტორმა იდენტური გადაწყვეტილება მიიღო: ესთეტიკურად დააზიანა ტექსტი სათქმელის გამო.

რა თქმა უნდა, ეს მისაღები არა, მაგრამ სრულიად გასაგებია, როდესაც საქმე ძალზე საშუალო მწერალს ეხება. ასეთების ნაკლებობა არც დღეს არის და არც მაშინ, ასი წლის წინ იყო.

და რადგან მათი სახელი ლეგიონია, აქვე შევთანხმდეთ, რომ მათ ამიერიდან კოლექტიური სახელით – ლეგიონერი – მოვიხსენიებ.

ლეგიონერს აწუხებს, რომ ლეგიონერია, ის საკუთარ ლეგიონერობას ვერ იღებს. ამ მიუღებლობას აქვს გვერდითი მოვლენა – უწყვეტი შფოთი, რომელსაც მხოლოდ პოპულარობა აყუჩებს, ვერ კურნავს, მაგრამ აყუჩებს. პოპულარობა ლეგიონერისთვის აუცილებელია, მაგრამ მას მოპოვება უნდა. სნეული ლეგიონერი ლიტერატურას ვერ უყურებს როგორც ესთეტიკურ მოვლენას და, როგორც წესი, ცოტას ან საერთოდ არ ფიქრობს და ზრუნავს ლიტერატურულ სტილზე, ტექსტის სტრუქტურაზე, რადგან მისთვის ლიტერატურა მთავარი გამაყუჩებლის – პოპულარობის მოპოვების საშუალებაა.

ლეგიონერი ცდილობს აქტუალური თემებითა და მარტივი სენტიმენტალიზმით მის მოპოვებას. ლეგიონერს არ გაემტყუნება, მას სხვა გზა არ აქვს.

მაგრამ რა აიძულებს მწერალს, რომელიც არ არის საშუალო და თავადაც იცის ეს ამბავი, გააზრებულად დააზიანოს ტექსტი?

მაქვს სავარაუდო პასუხი, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით გეტყვით.

4

სტილისტურად განსხვავებული ტექსტია “აღმოსავლეთით”. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც კარგად ჩანს ავტორის დამოკიდებულება ლიტერატურისადმი, მისეული კონცეფცია: ლიტერატურა არა თავისთავადი, ჰერმეტული მოვლენა, არამედ სოციალური რეალობისა და საკუთარი ხედვების მანიფესტაციის საშუალებაა. ავტორისეული თხრობა კი ამის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე მონოლოგი, თუ ეს მონოლოგი მემუარული ან ავტობიოგრაფიული ხასიათის არ არის.

აქვე საჭიროა დაზუსტდეს: ავტორისეულ თხრობაში ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ კლასიკური ყაიდის იმ ყოვლისმცოდნე ავტორის მონათხრობს, რომელიც ტექსტში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც სამყაროში ღმერთი – განაგებს მას, მაგრამ არსად ჩანს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის უკვე მრავალჯერადად და მრავალმხრივ სტილიზებულ ყოვლისმცოდნეობასა და ფსევდო ღმერთობას, რაც, საბოლოო ჯამში, კლასიკური ეპოქის ავტორის იმიტირებაა.

ირინა, რომანის ცენტრალური პერსონაჟი, თანამედროვე სოციალურ თემატიკაზე შექმნილი სხვა ტექსტების პერსონაჟებისგან დიდად არ განსხვავდება, ისიც, სხვების მსგავსად, პირდაპირ ცხოვრებიდან არის ტექსტში გადმოცხოვრებული და მისი გარემოც უკვე ესთეტიკურ ბანალობად ქცეული თანამედროვე ერთფეროვანი ყოველდღიურობაა.

ზოგადად, მე ნაკლებად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თამთა მელაშვილი აქტივისტი, ფემინისტი ავტორია ან, იქნებ, სულაც მე მესმის არასწორად ფემინისტური ლიტერატურის არსი და მართლაც არის.

სქესი ფიზიოლოგიურ მოცემულობასთან ერთად, ეგზისტენციალური მდგომარეობაცაა და მისი პრიზმიდან წერა არა პოზიცია, არამედ ბუნებრივზე ბუნებრივი აქტია.

ირინას მსგავსად სხვა პერსონაჟებიც – მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, საყვარელი, ექიმი, თემატური კონსულტანტები… ასევე ცხოვრებიდან ტექსტში გადმოსახლებული ხალხია და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ მორიგ, არაფრით გამორჩეულ ურბანულ რომანს, უფრო სწორად, მივიღებდით ასეთ ტექსტს, რომ არა ირინას სურვილი გამოიკვლიოს მეოცე საუკუნის, მოდერნისტული დეკადის ყველაზე ცნობილი ლიტერატურული მისტიფიკაციის, ელენე დარიანის ნამდვილი ვინაობა.

სწორედ ეს არარსებული ადამიანი არის ამ რომანის მთავარი პერსონაჟი.

ამ არარსებული ადამიანის უკან, კანონიკური ვერსიის თანახმად, ცისფერყანწელი პოეტი პაოლო იაშვილი დგას. არსებობს მეორე ერეტიკული ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ელენე დარიანის ლექსები ეკუთვნის ელენე ბაქრაძეს.

დარიანული ლექსების ნამდვილი ავტორის ვინაობის გარკვევას წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – იყოს პაოლო იაშვილი, იყოს – ელენე ბაქრაძე, სულერთია. ამ სულერთიას მიზეზი ის არის, რომ დიდად არასდროს მიზიდავდა ცისფერყანწელთა ლიტერატურა, თუმცა უკვე რამდენჯერმე ხან ავანგარდისტულად და ხანაც მოდერნისტულად მოხსენიებულ დეკადაში მათი მნიშვნელობის არ დანახვა უსამართლობა იქნება.

ცისფერყანწელთა შემოქმედება დიდად არასდროს მაინტერესებდა, ამის მიზეზი იქნებ ისიცაა, რომ ისინი პროზას ნაკლებად წერდნენ. უფრო სწორად, როგორ არ წერდნენ, პროზას წერდა: რაჟდენ გვეტაძე, სანდრო კლდიაშვილი, თავად პაოლო იაშვილიც, ასევე ნიკოლო მიწიშვილი, ნაადრევად გარდაცვლილი სანდრო ცირეკიძე და გიორგი ლეონიძე, თუმცა, “ნატვრის ხე“ უკვე სულ სხვა დროის ლიტერატურული ნიმუშია.

პროზას წერდა ასევე საპატიო ცისფერყანწელი – გრიგოლ რობაქიძე. მაგრამ, ჩემთვის ეს პროზა ხან ზედმეტად პოეტური და ხან ზედმეტად სოციალურია. ამ ყველაფერს მეხსიერებაზე დაყრდნობით ვამბობ და იქნებ მათმა ხელახლა გადაკითხვამ აზრი შემაცვლევინოს კიდეც. ერთადერთი პროზაული ტექსტი, რომელიც დადებითად მახსენდება, რაჟდენ გვეტაძის “ლაშაური საღამოებია.”

არ ვიცი, თავად თამთა მელაშვილს როგორი დამოკიდებულება აქვს ცისფერყანწელებისადმი, კერძოდ, პაოლო იაშვილის პოეზიისადმი, აინტერესებს მას მართლაც დარიანული ლექსების ავტორის იდენტიფიცირების საკითხი, თუ, უბრალოდ, თემად იყენებს, როგორც კლასიკური ეპოქის მწერლები იყენებდნენ პრესაში გაბნეულ სხვადასხვა ცნობებს.

ამის ცოდნას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მე არ ვარ თამთა მელაშვილის ბიოგრაფოსი. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ტექსტია.

5

აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო სოცრეალიზმი.

სოციალურ-პოლიტიკური მიზეზების გამო, სოცრეალისტური ესთეტიკის მონოპოლიის შემადგენელი ნაწილი ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული, ხანდახან ერთმანეთთან დაპირისპირებული კულტურა გახდა. ხანდახან, კოლაბორაციის გზით ეს კულტურები საერთო პროდუქტსაც ქმნიდნენ, ასეთი თანამშრომლობის ჰიბრიდია ფილმი “რაჭა ჩემი სიყვარული.” ვისაც ახსოვს, ახსოვდეს, ვინც არ იცის, ნურც ეცოდინება, დიდი დანაკარგი არ არის.

შემდეგ სოციალურ-პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და სოცრეალიზმის მონოპოლია დასრულდა და ყველა საკუთარ გზას დაადგა. აღმოსავლეთ ევროპულმა კულტურებმა აქტიურად დაიწყეს სოცრეალიზმის გადააზრება მისი პაროდირებისა და იმიტაციის გზით, აზია ტრადიციულ ფასეულობებს დაუბრუნდა.

რაც შეეხება საქართველოს – ჩვენ, როგორც ყოველთვის, ისე მოვიქეცით, თითქოს სოცრეალიზმი არც არსებობდა ამ მხარეში, ხოლო ის, ვინც ამბობდა, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა და ამ ყველაფრის გააზრებაა საჭირო, უდაბნოში განმწესდნენ მღაღადებლებად.

ასეთი იყო – კარლო კაჭარავა.

ასეთი იყო – ზურაბ რთველიაშვილი.

თუ ვინმე გამომრჩა – განზრახ, რადგან ახლა მხოლოდ ამ ორი ადამიანის გახსენება მსურდა.

დღესაც ასე გრძელდება.

არადა, სოცრეალიზმი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არსებობს, როგორც სამუშაო მეთოდი. მართალია, აღარც კოლმეურნეობა არსებობს და აღარც კოლმეურნეები, აღარც ყამირი მიწების ასათვისებლად მიდიან ახალგაზრდა კომკავშირელები და თემატური მიმართებაც ცოტა აქვს თანამედროვე ქართულ პროზას – კონსტანტინე ლორთქიფანიძის, იაკინთე ლისაშვილის ან პარმენ ლორიას პროზასთან, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო სახიფათო კავშირი, რომელიც დღეს წახალისებულია, არამხოლოდ მომხმარებელი მკითხველისგან, არამედ პროფესიონალი ლიტერატორების მხრიდანაც.

ვგულისხმობ, პერსონაჟების სქემატიზაციას, მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაქციების პრიმიტიულ სენტიმენტალიზაციას, უპირობო სიკეთისა და ბოროტების არსებობას და ამ ყველაფრის რეალიზმის სახელით გამართლებას და, რაც მთავარია, თავად რეალიზმის ცნების, საუკეთესო სოცრეალისტურ ტრადიციაში დავიწროებას.

ირინა, სწორედ ასე ხელოვნურად დავიწროებული რეალიზმის ტყვეა და რადგან ტექსტის ავტორისთვის ლიტერატურა არა მიზანი, არამედ საშუალებაა, ეს არჩევანი სრულიად შეგნებულია.

რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ერთადერთი რამ: თამთა მელაშვილის დამოკიდებულება ენისადმი.

6

თამთა მელაშვილის ორივე, უკვე ნახსენებ და ნაწილობრივ განხილულ (განხილვა გრძელდება!) რომანში ზუსტად არის ენა შერჩეული, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, და ეს ჩემი შთაბეჭდილებაა – “შაშვი, შაშვი მაყვალში” დროდადრო ენობრივ სიზუსტეს გააზრებული უზუსტობა ცვლის და სწორედ ეს უზუსტობა აქცევს ამ წიგნს ასე პოპულარულად, სწორედ ამ უზუსტობას გადაჰყავს ტექსტი ეგზისტენციალური ველიდან პოპკულტურის ველზე.

“აღმოსავლეთით” ამ მხრივ ნაკლებად კომერციული ტექსტია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ცენტრალური პერსონაჟი საკუთარი არსით არ არის კომერციული თვალსაზრისით საინტერესო, თუმცა რომანის მთავარი გმირი, არარსებული ელენე დარიანი, შეიძლება საინტერესო პერსონაჟი იყოს ამ კუთხით.

ელენე დარიანის ამბავი საუკუნეზე უფრო დიდი ხნის წინანდელია. ამ პერიოდს ჰქონდა საკუთარი თხრობის სტილი, რომელიც რომანში პირდაპირ არ არის იმიტირებული და სტილიზებული კოლორიტის შესაქმნელად, არამედ მისი რიტმია გადმოტანილი. ამ სტილს “ვენური სკოლის” ან “ტელეგრაფულ“ სტილს უწოდებდნენ. ვენურს იმიტომ, რომ სწორედ ამ ქალაქში წერდნენ და ქმნიდნენ ნაწარმოებებს იმპრესიონისტი მწერლები – მოკლე, დაწურული, ორ-სამ სიტყვიანი წინადადებებით. ტელეგრაფულ-დეპეშურიც სწორედ ამიტომაა.

საქართველოში ასე წერდა: ნიკო ლორთქიფანიძე, პირველი პერიოდის დემნა შენგელაია, ამ სტილით არის დაწერილი კონსტანტინე გამსახურდიას ნოველები და ნაწილობრივ გრიგოლ რობაქიძის “გველის პერანგი”.

თუმცა, ესეც ჩემი აზრია, არავინ არ ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი და ბრწყინვალე რიტმულ პროზაში, როგორც ჭოლა ლომთათიძე, დიდი მწერალი, რომლის არათუ სიდიადის, არამედ არსებობის შესახებაც ცოტამ თუ იცის.

ზოგადად, თამთა მელაშვილის პროზა გამორჩეულად რიტმულია, ასეთ პროზას ჩვენში ხშირად პოეტურსაც უწოდებენ, ალბათ საქმის გამარტივების მიზნით. თუმცა, ეს რიტმულობა ამ კონკრეტულ ტექსტში არა მხოლოდ ავტორის სტილია, არამედ ის, რაც კონკრეტული ეპოქის განწყობას ქმნის.

სამწუხაროდ, დღეს მოდერნისტული დეკადის პროზა ნაკლებად არის ცნობილი, ხოლო მისი გავლენა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესზე თითქმის არ არის გააზრებული, რისი მიზეზიც სწორედ სოცრეალიზმია. 1932 წლის დადგენილებამ მოდერნიზმი კანონგარეშედ გამოაცხადა, შემდეგ ჩატარდა წმენდა და აიკრძალა ბევრი მწერლის ხსენება, მათი ნაწარმოებების დაბეჭდვაზე ხომ საუბარი საერთოდაც ზედმეტია.

რეაბილიტაციის შემდეგ სახელების ხსენება ლეგალური გახდა, მაგრამ ტექსტები მაინც შერჩევით და სიფრთხილით იბეჭდებოდა და რეაბილიტირებული მწერლების ნაწარმოებების ინტერპრეტაციაც იმ დროს არსებული კონიუნქტურის ჩარჩოებს არ სცილდებოდა. ამის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველა მწერალი სოცრეალისტი იყო. ამავე ავტორების ექსპერიმენტული ტექსტები მხოლოდ მათ მრავალტომეულებში იბეჭდებოდა.

ამ ყველაფერმა არა მხოლოდ თავად მწერლები და ლიტერატურული პროცესი დააზარალა, არამედ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მკითხველი, სკოლა, უნივერსიტეტი… ყველგან ყალიბდებოდა ახალი ტიპის მკითხველი და ლიტერატურის შეგნებულად ცალმხრივი გაგება, მწერალი “სულის ინჟინერი” გახდა – “მწერალი მოქალაქე”.

იშვიათად თუ გაახსენდებოდა ვინმეს ცხადზე უცხადესი მოცემულობა, რომ ლიტერატურა არის ფორმის ხელოვნება და ვისაც ახსენდებოდა – ოტია პაჭკორია, ოთარ ჩხეიძე, თამაზ ჩხენკელი, პირველი პერიოდის გურამ ასათიანი – მათი მკითხველები იყვნენ თავად მწერლები და არა ლიტერატურის არაპროფესიონალი მკითხველები ანუ მოყვარულები.

ასეთი რამ, ბუნებრივია, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა და არც ჩაუვლია. თანამედროვე მკითხველი მწერლებისგან კვლავ სოცრეალისტურ ტექსტებს ითხოვს – სიკეთისა და ბოროტების მკაცრ ჩარჩოში მოქცეული გმირით, თუმცა ვინ და რა ვითარებამ ჩამოაყალიბა სიკეთისა და ბოროტების ჩვენეული გაგება და რა პრინციპებზე დგას ის, არავის აინტერესებს. არც არის გასაკვირი – ბავშვობაში შემეცნებული იდეების რევიზიას ადამიანი ძალზე იშვიათად ახდენს.

თამთა მელაშვილმა კარგად იცის თანამედროვე წიგნის ბაზარზე არსებული მოთხოვნილება და უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით ადეკვატურ პროდუქტს ქმნის. ასეთი პროდუქტი იყო მისი პირველი წიგნი “გათვლა”, ასეთივე პროდუქტია “შაშვი, შაშვი მაყვალი.”

“აღმოსავლეთით” ამ ორ წიგნს შუაა მოქცეული და ავტორის ბაზართან დაცილების და განსხვავებული ტექსტის დაწერის მცდელობაა.

დასავლეთშიც ხომ იგივე ხდება – იტყვის ვინმე და არც თუ უსაფუძვლოდ მიეცემა მსოფლიო კულტურის დეგრადაციით გამოწვეულ სევდას.

ხდება, მაგრამ სულ სხვა მიზეზით, აქვე ვიტყვი ამ მიზეზს (ირინა მოიცდის, ის ხომ ბუნებით თუ ავტორის ნებით, ძალიან მომთმენი და ამტანი გოგოა).

7

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დასავლურ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.

წითელ აღმოსავლეთში დაიწყო წლების წინ განადგურებული მწერლების რეაბილიტაციის პროცესი, რომლის ინიციატორებიც, არცთუ იშვიათად, ის პარტიული ლიტმუშაკები იყვნენ, რომლებსაც თავის დროზე იმავე მწერლების განადგურებასა და იდეოლოგიურ დამუშავებაში დიდი და საპატიო წვლილი ჰქონდათ შეტანილი. რა თქმა უნდა, შეიცვალა პარტიის გენერალური ხაზი და შეიცვალნენ ისინიც. “აღმოსავლეთით“ ამ თემას ლავრენტი ბერიას სახით ეხება. რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი იმ დროს იხსენებს, როდესაც უცებ წაიშალა ბერიას სახელი ტექსტებიდან, გაქრა მისი გამოსახულება ისტორიული ფოტოებიდან. რეაბილიტაციის პროცესს მოჰყვა ახალი მწერლების გამოჩენა. განსაკუთრებით გურამ რჩეულიშვილის, რომელმაც, ჩემი აზრით, ზუსტ იმ დონის რეფორმა გააკეთა ქართულენოვან პროზაში, რაც თავის დროზე ნიკოლოზ ბარათაშვილმა – პოეზიაში.

რაც შეეხება კაპიტალისტურ დასავლეთს… ამ დროს ემთხვევა პირველი ბიტ-რომანები, ნაბოკოვის “ლოლიტა”, სასამართლო გარჩევები, თუმცა, ამ ყველაფერს კაპიტალიზმში უფრო სარეკლამო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე ფიზიკური განადგურების ხიფათისა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დასავლურ ლიტერატურაში მოხდა, მაინც დიდი გამიჯვნის პროცესი იყო სერიოზულ ლიტერატურასა და მასკულტურას შორის. სერიოზულმა ლიტერატურამ უნივერსიტეტებს შეაფარა თავი, ხოლო უნივერსიტეტების მიღმა არსებული სივრცე მთლიანად მასკულტურამ აითვისა. ეს სეგრეგაცია დასავლეთში დღემდე გრძელდება, იშვიათი გამონაკლისები, როგორც ყოველთვის, მხოლოდ წესს ამტკიცებენ.

სოცრეალიზმისთვის ასეთი დაყოფა წარმოუდგენელი რამ იყო. არსებობდნენ რთულად საკითხავი და წყალივით რომ იკითხება, ისეთი მწერლები, მაგრამ ლიტერატურა, ქარხნებისა და მიწების მსგავსად, ხალხის, პარტიის საკუთრებაში რჩებოდა.

არავის სჯეროდა ამის.

ასე ამბობენ ხოლმე.

დამოუკიდებლობის წლებმა დაგვანახა, რომ თურმე ძალიანაც სჯეროდათ და სჯერათ დღემდე, რომ ლიტერატურა საერთო სახალხო საკუთრებაა, ხოლო ინტელექტუალური სეგრეგაცია, ფაშიზმის ნაირსახეობა.

ამიტომ ჩვენში კომერციული წარმატება და სერიოზული ლიტერატურა დღესაც სინონიმებია.

თუ დასავლეთშიც იგივე ხდება, მაშინ რატომ გვაქვს ასეთი განსხვავებული შედეგები?

8

და თუ მაინც, ჩვენში არაღიარებულ, დასავლურ კრიტერიუმს გამოვიყენებთ, თამთა მელაშვილის პროზა მასკულტურის ნაწილია, ხოლო თავად ავტორი – მასკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი, რადგან ის არამხოლოდ მარტივად ცდილობს წერას, არამედ ამ სიმარტივეს აქცევს სტილად. ჰყავს ბევრი მიმდევარი და ეპიგონიც, რომლებიც მის თემატურ კოპირებას აკეთებენ, მაგრამ მისგან განსხვავებით არანაირი სტილისტური მიდგომა არ აქვთ. ამიტომაც არიან ეპიგონები.

მაგრამ შევეშვათ ლეგიონერებს.

თანამედროვე მასკულტურულ პროზაში წამყვანი არა თხრობა, ამბის დაწყება, მისი განვითარება, კულმინაცია და ლოგიკური დასრულებაა, არამედ ამბის აღწერებია. ამ აღწერებს ერთმანეთთან ემოციური ბმა აქვთ და მასკულტურული პროზისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის მქონე სიუჟეტიც უფრო ემოციებით არის შექმნილი, ვიდრე თხრობით.

ამის მიზეზი ისევ და ისევ სოცრეალიზმია, რომელზეც თანამედროვე მასკულტურული ლიტერატურა დგას. საბჭოთა კავშირში შეიქმნა ქართველის განზოგადებული სახე – კარგად გამოკვებილი, კეთილი, მხიარული, თავისებურად პატიოსანი, ატავისტური სიბრძნეების ეფექტურად მფრქვეველი არსება… წერა-კითხვის მცოდნე ლუარსაბ და დარეჯან თათქარიძეები. ასეთ ტიპიზაციას პირველი სწორედ გურამ რჩეულიშვილი დაუპირისპირდა და მან ლიტერატურაში ბარათაშვილისეული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგომი ადამიანის ვითარება დააბრუნა, თუმცა კრიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ინდივიდუალურ, ერთჯერად ფაქტად ექციათ.

მერე სისტემა მოირღვა, კარგად კვება გაჭირდა და გაჩნდა უკვე ოდნავ სახეცვლილი ქართველი – ნახევრად მშიერი, ნახევრად კეთილი, არც ისე მხიარული, პატიოსნებისგან დატანჯული, ატავისტურ სიბრძნეებში იმედგაცრუებული ადამიანი, რომელსაც არ აქვს აზროვნების უნარი, რადგან მის ცნობიერებას სრულად განსაზღვრავს ყოფიერება, უფრო მარტივად: საკვების ქონა-არქონის საკითხი. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოცრეალიზმი ახალ ფორმაში დღესაც წამყვანი ლიტერატურული მიმართულებაა და მასკულტურის შექმნა შეუძლებელია მისი პრინციპების გამოუყენებლად.

ირინა ახალი სოცრეალიზმის ტყვეა, თუმცა ის გამოსავალს ეძებს და სოცრეალიზმამდე არსებულ მოდერნისტულ დეკადას აფარებს თავს, თუმცა მალევე ელენე დარიანის საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა მას ახალი სოცრეალიზმის ჩარჩოში აბრუნებს.

ირინა ბლოგერი ხდება.

ამ შემთხვევაში ავტორი ზუსტად აღწერს რეალობას. ბლოგი ეს არის ერთადერთი, რაც თანამედროვე, მონდომებულ, არცთუ უინტელექტო არსებას შეუძლია გააკეთოს, რადგან აზროვნება უფლებასთან ერთად უნარიცაა, რომელიც დიდი ხნის წინ მიაძინეს ჩვენში.

9

ირინას ცნობიერება სრულად მოცულია ყოფიერებით, ყოველდღიურობით, ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ არის. ობოლია, ბედმა დაიბრიყვა, ჰყავს ცოლიანი საყვარელი, რომელიც ჩნდება-ქრება, მეგობრები, რომლებსაც არ განიკითხო და განუკითხავი დარჩები და მსგავსი სიბრძნეები დიდად არ აღელვებთ და იციან რა ირინას ურთიერთობის ამბავი ცოლიან კაცთან, ტროლავენ ირინას კომენტარებით, მოუწოდებენ რადიკალური ქმედებებისკენ და ამით დიდ სიამოვნებასაც იღებენ, რომ არსებობს მათზე ბედშავი არსებაც. ირინას დიდად არც ფინანსურად ულხინს, ერთი სიტყვით, ავტორი მასკულტურის წესების დაცვით ქმნის სრულიად დაუცველ არსებას, რომელმაც იმავე მასკულტურის წესების მიხედვით უნდა გადალახოს სიძნელეები და ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს, მაგრამ თამთა მელაშვილი განზრახ სხვა გზას ირჩევს, რაც ტექსტის მასკულტურულ ესთეტიკას ნაკლებად არღვევს, მაგრამ ცვლის მის უთვალავჯერ წარმატებით გამოყენებულ სტრუქტურას.

ირინა ელენე დარიანის პერსონით, უფრო სწორად, მისტიფიკაციის უკან მდგომი არსების ვინაობით ინტერესდება. ეს სვლა ტექსტს მიმართულებას უცვლის და მკითხველი სოც-დრამიდან ინტელექტუალურ რებუსში ინაცვლებს.

უკვე გითხარით, რომ, პირადად ჩემთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ელენე დარიანის ლექსების ნამდვილი ავტორი – პაოლო იაშვილი თუ ელენე ბაქრაძე. ამბობენ, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა და იქნებ ერთადაც წერდნენ ამ ლექსებს. თუნდაც ასეთი ვერსია დავუშვათ – ელენე ბაქრაძე წერდა, პაოლო იაშვილი კი ლექსებს საბოლოო ფორმას აძლევდა და სინამდვილეში ელენე დარიანი არა ერთი ავტორი, არამედ ტანდემია. სულერთია, რადგან ლექსების ამ ციკლს ეპოქალური მნიშვნელობის ტექსტებად არ მივიჩნევ, ალბათ იმიტომ, რომ სულ სხვანაირი პოეზია მიყვარს.

ლექსების მხატვრული ღირებულება არც თავად ირინას აინტერესებს, აქ უფრო მნიშვნელოვანი ქალის როლია საზოგადოებაში, მისი უფლებები.

ელენე დარიანის ლექსები თავის დროზე ხომ პორნოგრაფიად ჩათვალეს და მათ დიდი აღშფოთებაც მოჰყვა. იქნებ ასეთმა მორალურმა წნეხმა აიძულა ელენე ბაქრაძე უარი ეთქვა საკუთარ ლექსებზე?

ირინა იწყებს ბლოგის წერას, რომელშიც ისტორიული სიმართლის დადგენას ცდილობს. თავიდან ინტერნეტში მიმობნეული მასალებით კმაყოფილდება, მაგრამ თანდათან ხვდება, რომ ეს საკმარისი არ არის და როგორც ახალი სოცრეალიზმის პერსონაჟს შეეფერება, თემის სპეციალისტებთან იწყებს კონსულტაციების გავლას. ამ დროს მისი საყვარელი სადღაც უჩინარდება. ემოციურ დაძაბულობას ისიც ემატება, რომ ირინას ვაგინიზმი აწუხებს და ექიმთან დადის.

ეს ამბავი მკითხველმა თავიდანვე იცის, ტექსტის სწორედ ასე იხსნება:

მოდუნდი, თქვა ქალმა, მოდუნდი, მოდუნდი, ნუ ნერვიულობ. მოდუნდი. მტკივა, თქვა ირინამ”

ეს სცენა გადაძახილი (ან უბრალოდ, მე მეჩვენება ასე) უნდა იყოს რეზო ჭეიშვილის მოთხრობასთან “გუია ა.”

აიწიეთ შარვალი! უთხრა სექსოლოგმა ალექსანდრე შერმადინმა გუია ა-ს და ხელები ჩაიბანა ყვითლად აპრიალებულ ხელსაბანში.

ჰო, კი, ბატონო!..

პირველი სცენა ცხოვრებაში დაკარგულ ლიტერატურის მოყვარულ ქალს ეხება, მეორე ცხოვრებაში დაკარგულ კაც პოეტს.

10

ახლა კი სწორედ ის დრო დადგა, რომ ერთხელ ნახსენებ და შემდეგ უყურადღებოდ მიტოვებულ მიხეილ ჯავახიშვილსა და მის რომან “თეთრ საყელოს” მივუბრუნდე.

რომანი 1926 წელს გამოქვეყნდა და ეთნოგრაფების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და ეთნოგრაფიული პერსპექტივიდან ალბათ სამართლიანადაც. ავტორს მთაში არსებული რიტუალების არცოდნაში, ხანდახან მათ დამახინჯებაშიც ადანაშაულებდნენ. რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი განზრახ ახდენდა თემის კომერციალიზაციას, თუმცა მე ასე არ მგონია და აი, რატომ: მიხეილ ჯავახიშვილმა ხალხოსნური ესთეტიკით დაიწყო, შემდეგ დიდხანს გადაეშვა პოლიტიკაში და ლიტერატურას საქართველოს ბოლშევიზაციის შემდეგ დაუბრუნდა.

აქედან გამომდინარე, სქემატიზაცია მისთვის ბუნებრივი იყო. სადაც შეწყვიტა, ზუსტად იქიდან განაგრძო წერა, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილად, უფრო გაშლილად, მაგრამ მისი ესთეტიკის საფუძველი ხალხოსნური ნატურალიზმი იყო და ამიტომ ლიტერატურა მისთვის ბრძოლის ხერხს, ცვლილებების განხორციელების მეთოდს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე დამოუკიდებელ, თავისთავად ესთეტიკურ ფენომენს. შეიძლება – ესეც ხალხოსნური ტრადიციაა – მას მართლაც არ ჰქონდა საფუძვლიანად შესწავლილი მთის ტრადიციები, მაგრამ არ მგონია, რომ მის განზრახ პრიმიტივიზაციასა და კომერციალიზაციას ახდენდა.

თამთა მელაშვილზეც ასევე ვფიქრობ. არ მგონია, რომ ის, ბევრისგან განსხვავებით, ფემინიზმის გაყიდვას ცდილობდეს, უბრალოდ ბუნებრივად ფემინისტია და ფიქრობს, რომ ქალი ძალიან დიდხანს ძალადობრივად ჩამოშორებული იყო დროსა და სივრცეს და ეს გენეტიკურად აისახება თანამედროვე ქალის ცხოვრებაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალისთვის, თუნდაც ჩვენ ლოკალურ სივრცეში, აღარაფერი რომ ვთქვათ გლობალურ მასშტაბზე, უკეთესი ვითარებაა ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის ასატანად, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.

ის, რაც ბუნებრივია ადამიანისთვის, შეუძლებელია იდეოლოგიურად სწორხაზოვანი იყოს, რადგან ბუნებრიობა გულისხმობს განცდას. სწორედ ეს ბუნებრივი ფემინიზმი აქცევს თამთა მელაშვილს თანამედროვე ბაზრისთვის შექმნილ სოცრეალისტურ-ფემინისტური ტექსტების ავტორებს შორის ერთადერთ ცოცხალ მწერლად.

არალეგიონერად.

© არილი

Facebook Comments Box