პოეზია

ლია სტურუა – გახსენება და სხვა ლექსები

***

მოხდა, ის რაც უნდა მომხდარიყო: 

ვზივარ სახლში

და მთების პორტრეტებს ვუყურებ,

რომლებიც არავითარ მოულოდნელობას

აღარ გამოაგდებენ:

არც თავის ხერგიანებს მოკლავენ, 

არც ჩემს ნაღველს წააქეზებენ 

სიყვარულის ცალმხრივობაზე – 

სიშორეს თავისი ნაპრალები აქვს…

საიდანაც კაცი მყავს წამოსაყვანი

(კრეატიული მიდგომა მითოლოგიასთან),

რომელზეც ოქროს კრავით ვარ გამობმული, 

იმ დროიდან, როცა არც კი ვიყავი,

როცა ვარ, კრავი აღარ არის

და მარილის ძეგლობა რისთვის?

კაცს, რომელსაც არ გამომატანენ,

ჩემისთანა გარეკილის

ბრინჯაოში ჩამოსხმა შეეძლო, 

ახლა რა? გაშეშება?

ჰოდა, ვიყო აღზევანის ძეგლი

(ქართული ვარიანტი) ამართლებს!

გახსენება

გათენებისას იღვიძებენ,

სახეები არ აქვთ,

თავიდან პურის გორგალი ამოსდით,

30 კაპიკიანი,

თვალებიდან რამე სტანდარტული ყვავილი…

ამ პირობებში

რა ფანტაზიას აამუშავებ?

რას დახატავ, დაწერ, რას დაუკრავ?

ამ უკანასკნელზე რომ გაჩერდე?

მიწაზე დალურსმული ფეხსაცმელებით დადიხარ,

ვინმეზე ერთი მილიმეტრით

მაღალი თუ გამოჩნდი, ბატალია დაინგრევა!

დაგამოკლებენ,

ბგერას რას უზამენ?

ყელში ხშირ სავარცხლებს ჩაგიყრიან –

სიტყვას შეჭამენ

და ხელები შენი არ არი?

როიალები მათ ქვეშ.

გინდა დადგი, გინდა იგულისხმე!

ტვინის წაქეზებით, იმპულსების,

ბევრი სხვა, რამის…

ბგერა აწიე მაღლა, უფრო მაღლა,

აღმატებით ხარისხში აიყვანე!

ეს შენს ენაზე,

მუსიკაშიც ასე არ არი?

კრეშჩენდოს მერე ფრენაა გამოცხადებული…

ათასში ერთხელ

სულ უფრო იშვიათად ამბობ:

“ათასში ერთხელ” (რა წიგნიერი იერი აქვს, 

რა მუდმივობის ილუზია!)

სანამ ასაკს რძეს გამოაკლებ,

თუ ავად არ ხარ

მძიმე ფორმის იდეალიზმით,

“წელიწადში ერთხელ”-ზე გადასვლა,

ნორმალური რეალიზმია,

რომელსაც ცვლის “საათში ერთხელ”

(წამლის პრინციპი) –

სახლში ჯდომა, სახლი ძველია

და აგურის ღრძილებით გღეჭავს…

ვინც წავიდა, ნევროზი დაგიტოვა: 

ოჯახურად წითური მანდარინის ბიჭები,

თავიდან მათი პლანტაცია ამომაქვს, 

ნეიროქირურგის ბებიაქალობით,

ვთქვათ, ზამთარია…

იკისრებენ ეს ბიჭები 

იდეალურ თეთრზე ალისფერობას?

ასეთ ნერვიულ ენერგეტიკას?

რაც შენ უნდა გამოხატო, 

სიტყვით, რა თქმა უნდა,

მნიშვნელობის გადატანით,

გადაზიდვით, გადა- რაც გინდა,

კიდევ ერთხელ, “ტკივილში ერთხელ”!

გაუშვი სიტყვა! აცალე იდიომობა, 

იმხელა თავისუფლება, შენც რომ არ გაწყენდა,

მით უფრო, როცა შეკითხვაზე

– ვის ახსოვხარ ტკბილად?

ჩაიჭრები….

წიგნის სიმართლე

მიდიხარ, მოდიხარ, სავარაუდოდ

A პუნქტიდან B პუნქტში, ვერ იტყვი,

ზუსტად იცი მისამართები:

ციფრები, ლოგოები, კედლის სიმჭიდროვე,

სწორი ხაზის, ვითომ, დამოუკიდებლობა,

შაბათ-კვირის ზიგზაგები –

საშუალო სტატისტიკურიდან ამოხტომის მცდელობა…

საჯდომიდან სკამის მოცილება ჭირს,

თორემ ფეხებში ზამბარები

ისევ მუშაობს, თავში-ჰიპოთეზები –

პოეზიისკენ გადახრა რამდენიმე გრადუსით მაინც.

სულ ცოტაც და აქსიომას შეჭამენ,

მუდმივ მოწმეს შენს წინააღმდეგ;

ჩვენებები ურყევი აქვს, სამხილები მტკიცე

(ბიბლიაზე ისევ აფიცებენ?)

რა შეგიძლია?

ვთქვათ, მეზობელი ინტელექტი გააკვირვო

მიზიდულობის კანონში ვაშლის მეტაფორით?

წიგნის სიმართლით, რომელშიც ცხოვრობ,

ასანთით ხელში,

თუ ლექსს ტემპერატურა დააკლდა,

„არ იწვიანო’’-ს პათეტიკით

ვინმე მშიერი პოეტისგან?

დაივიწყე,  საშუალობის ჩარჩოში ჩასვი,

შეუძლებელი დაუპირისპირე –

ვითომ ხანძარი შენი ავტოპორტრეტია!

ბიომეტრიული ფოტოები რომ ავადმყოფი,

თავის პასპორტებიანად?

ახალი წიგნი თუ მოგცეს საცხოვრებლად

მაგარყდიანი, ცარცის ფურცლებიანი,

წინასიტყვაობა ხომ უნდა დაწერო

გინთია რამე?

მიზიდულობის კანონში ვაშლის მეტაფორაა!

შუქი არ არი?

სცენა რომ მქონდეს

მიდიან…

ლურჯი მანძილები ჩნდება ჩვენს შორის,

რამდენიმე მანძილი ერთად, უკვე ნაპრალი,

გამოხრული კბილივით ჩანს,

იმდენხანს და ისე მკაფიოდ,

რომ ბოლოს უნდა გაისროლოს,

ლურჯი მოკლას, ფერი, რომელიც

მხატვრებს გაუთავდათ და ფული არ აქვთ,

პოეტების სინესთეზია ძალიან თეორიულია,

ლიტერატურულ ხერხებს თუ გაურიგდი,

ჰიპერბოლა და მეტაფორა

ცოცხალ ორგანოებზე იცვლება

რაღა დროს ჩემი დონორობაა?

ეპითეტს, თითქმის, მუქთად იძლევიან

რა შეუძლია?

Status quo-ს შენარჩუნება

ამ თავზარდამცემ რეალიზმში?

რომ ვთხოვო ჯანიანებს, სისხლხორციანებს

სცენა ამიშენონ საწოლთან?

ამათ, თორემ

წიგნის თაროებზე დალაგებულებს

მშობლიურ სილოგიზმში ჩატენი და მორჩა…

ის ჯანიანებიც შუა საქმეში გაჩერდებიან,

სამი-ოთხი არავინ გახდებიან –

დრო სასტიკია, სცენა არანაკლებ:

კომპლექსები, ტრაგედია, კათარსისი.

კათარსისი რაღაა?

უდანაშაულობის კომპლექსი

კრიალა, უსახო, უვადო;

სცენა რომ მქონდეს

და ეს უნიჭობა სისხლით ჩამოვირეცხო?

(აბა, რისთვის ამდენი დავიდარაბა?)

ნეკროლოგში წითელი პუნქტირი

და სიტყვანახევარი – აბსურდის თეატრი

რომელიც უფრო სამშობლოა…

© არილი

Facebook Comments Box