პროზა (თარგმანი)

აღასი აივაზიანი – ყველაფრის თავი და თავი

თარგმნა მედეა იმერლიშვილმა

არ დაგიმალავთ, პირველი ნახვით შექმნილი შთაბეჭდილება დიდ როლს ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი საკითხი გადამიჭრია ასე, ერთი ნახვით. საკმარისია, ჩემს ოთახში შეიხედოთ, რომ უცებ ამოიცნობთ ჩემი ხასიათის ამ შტრიხს. კოლექციონერი არ ვარ, მაგრამ აქ ყველაფერი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ: მაგიდის საათი ნეაპოლიდან, კობრისა და მანგუსტის შერკინების ამსახველი ფიტული ბომბეიდან, ჩინური აკვარელი, რუსეთ-თურქეთის ომის პერიპეტიებით, 1914 წელს დაბეჭდილი პლაკატი – უყურებ საბრძოლო მოქმედებას, საშუალო გაქანების მხატვარს რომ გამოუსახავს და შეუძლებელია არ გაგეღიმოს და შვება არ განგაცდევინოს. ხედავ ბრძოლის კლასიკურ სცენას – ცხოვრების სახელმძღვანელოს, მილიონჯერ გამეორებულს, ადამიანების ქცევის ანაბანას, სრულიად გულუბრყვილოს. ერთ მხარეს წითელ ფესკიანი თურქები, მეორე მხარეს – რუსი ჯარისკაცები – ხელჩართულ ბრძოლაში. გაბედული რუსული არმია იკავებს ერზერუმს, ბაიაზეთს და სარაყიმიშს, შესაბამისად, ნახატზე ხედავ დახოცილ თურქებს, და თურქ მეომრებს, რომლებიც გარბიან. და ხვდები, რომ სამყარო მეტისმეტად მარტივია. პეიზაჟიც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, პლაკატზე, გამოსახულია გულუბრყვილოდ – „ეს ცაა, ეს – მიწა, ეს – ზარბაზანი, ეს – თოფი, ეს თურქია, ეს – რუსი. სხეულს, რომელსაც ხიშტს ჩასცემენ, სისხლი სდის, სისხლი წითელია…“ და ეს ყველაფერი აუცილებელია, ეს სამყაროს თამაშია, თავის შექცევაა. გენოციდი და ცრემლები რა მოსატანია! მდიდარი წარმოსახვა უნდა გქონდეს, გენოციდის თავზარდამცემი სურათის წარმოსადგენად. როგორ შეიძლება ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბები ასე მძაფრად აღიქვა? თუკი არმია კარგად არის შეიარაღებული და მოწინააღმდეგის ჯარს რაოდენობითაც აღემატება, ის იღებს ქალაქს და წინ მიიწევს (როგორც შეამჩნიეთ, აღწერისას კვლავ უცაბედი შთაბეჭდილებით ვხელმძღვანელობ). სახლში მაქვს ჭოგრიტი და მიკროსკოპი. ორივე პირველი შთაბეჭდილების ნაყოფია. ლენინგრადის საკომისიო მაღაზიაში მიკროსკოპის დანახვისას აღმაფრთოვანა იმ აზრმა, რომ ის საკუთარი ნერწყვის მიკრობებზე დაკვირვებას შემაძლებინებდა! სევასტოპოლში კი, ჭოგრიტს რომ გადავაწყდი, ამიტანა წინასწარ ტკბობამ, წარმოიდგინეთ, ვარსკვლავები, მთვარე და კიდევ ბევრი სხვა რამ, სულ ახლოდან შემეძლო დამენახა. მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი საშიშროება: თუ დააკვირდით, პირველ შთაბეჭდილებაზე საუბრისას, ვცდილობ თავიდან ავირიდო მეორე შთაბეჭდილების წარმოშობის შესაძლებლობა. მაგრამ ის მაინც ჩნდება, თავს გახსენებს და თან მოიყოლებს მესამე შთაბეჭდილებას, რომელსაც ვეღარც კი დაარქმევ შთაბეჭდილებას, არამედ…

ასეა თუ ისე, განვაგრძობ ჩემს უჩვეულო ამბავს. საგანი, რომელზეც მსურს მოგითხროთ, – უცნობი მხატვრის ნახატია. როცა შთაბეჭდილებაზე ვსაუბრობდი, და ვცდილობდი, უპირველესად, ჩემი ხასიათის ამ უცნაურობაზე გამემახვილებინა ყურადღება, მინდოდა გერწმუნათ ტანჯვა, რომელშიც  ჩემი ეს თვისება მაგდებს. მოოქრული ჩარჩო, ზომით ოცი სანტიმეტრი თხუთმეტ სანტიმეტრზე, შემოსაზღვრავდა ნახშირივით შავ სივრცეს. თავიდან ვერაფერს მივხვდი. ვინ იცის, იქნებ აბსტრაქციონიზმის ნიმუშია ძველებურ ჩარჩოში? რას არ მოიფიქრებენ! ნახატი მოჩანდა უკუნ სიბნელედ, სადაც არაფერი გაირჩეოდა. გვერდით მდგომებს გავხედე და დავინახე, რომ ყურადღებით აკვირდებოდნენ და თითქოს რაღაცას ხედავდნენ კიდეც. მეც დავძაბე თვალი და შევუდექი სიბნელის თვალიერებას და თანდათან რაღაც გავარჩიე კიდეც. ტილოზე გამოსახული იყო უღრანი, ბნელი, მოოქროსფრო ტყე, ცოტა ხანში ერთმანეთის მიყოლებით გამოისახა ხეები, მერე გამოჩნდა მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი მიწა, რომელზეც მიიკლაკნებოდა ვერცხლისფერი მდინარე. გასაოცარი იყო, როგორ შეიძლებოდა, თავიდანვე არ შემემჩნია ეს ვერცხლისფერი ზოლი? მერე გამოჩნდა ხეების კენწეროები, ცოტა ხანში – კიდევ ახალი ფერები, თავიდან ძნელად გასარჩევი, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ეს მთები იყო. თითქოს ცას ერთოდნენ და საიდუმლოებით მოცულ უსასრულობაში იკარგებოდნენ… ეს უსასრულობა კი ისეთი ინტენსიური ფერით იყო გამოსახული, თვალი ვერანაირ ელფერს ვერ ამოიკითხავდა. მოულოდნელად ვიგრძენი და მერე უკვე დავინახე, რომ ამ ყველაფერს ერთმანეთისგან გამოარჩევდა, ხილულს ხდიდა შუქი, რომელიც ნახატის მარჯვენა მხრიდან იფრქვეოდა. ეს იყო შიშველი ქალის მოოქროსფრო ანარეკლი, რომელიც ჩაბნელებულ სივრცეს ჩირაღდანივით ანათებდა და გარემოს რბილი კონტურების აღქმას შესაძლებელს ხდიდა… შეიძლებოდა გეფიქრა კიდეც, რომ საკმარისი იყო, ამ თითისტოლა ფიგურისთვის ხელი აგეფარებინა, ნახატი სიბნელეში ჩაინთქმებოდა, ეს ოქროსფერი ჯადოსნობა გაქრებოდა. პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც გგვრიდა ეს ფერწერული ნამუშევარი, თავბრუდამხვევი იყო. ეს შთაბეჭდილებაზე მეტი იყო. როცა გავიგე, რომ ნახატი იყიდებოდა, მაშინვე გადავწყვიტე, ნებისმიერ ფასად მომეპოვებინა. ნაცნობმა ნახატის მფლობელთან, ბეგ-მარმარჩევთან მიმიყვანა. მან უკვე უწყოდა ჩემი განზრახვის შესახებ და რაღაცნაირი დამცინავი მზერით ამათვალიერა.

– გისმენთ… ბრძანეთ, – ისეთი თავაზიანი ქედმაღლობით მომმართა, რომ ნახატის ყიდვაზე სიტყვის დაძვრაც კი, გმირობად თუ არა, რაღაც წმიდათაწმიდის შეურაცხყოფად მომეჩვენა.

ასე თუ ისე, დავძლიე ჩემი პროვინციული მორცხვობა და, ჩემდა გასაკვირად, ვკითხე:

– რა ღირს?

ბეგ-მარმარჩევმა უცებ ამოიქშინა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ამოქშენა კი არა, სიცილი იყო, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და სადღაც იკარგებოდა, ხველა და ხროტინი კი გამოხატავდა ხითხითს.

ბეგ-მარმარჩევი ძველი ყაიდის კაცი იყო, ვიცოდი, ჩვენი საერთო ნაცნობისგან გამეგონა, რომ ჯერ კიდევ მეფის დროს, ის ხშირად მოგზაურობდა ლვოვში, ვარშავაში, პეტერბურგში.

– ნახატი ვაშლი არ არის, – როგორც იქნა, ამოთქვა. – მისი შეძენაც ხელოვნებაა. შესაძლოა, ყიდვა-გაყიდვის აქტი არის კიდეც თავისებურად უმთავრესი მიზანი, მხოლოდ ამგვარად იძენს აზრს საქონელი, ხელოვნების ნაწარმოები, საერთოდ, ყველაფერი დედამიწის ზურგზე. დიახ, ახალგაზრდავ. სწორედ მაშინ შეიგრძნობ თავს ტილოს მფლობელად, აცნობიერებ მასთან კავშირს, შენს შემოქმედებით დამოკიდებულებას მის მიმართ. ვინ იცის, იქნებ ჩვენ, გამყიდველები ან კოლექციონერები, უფრო დიდი შემოქმედები ვართ, ვიდრე მხატვრები. იქნებ, სწორედ ჩვენთვის, ამ ჩვენი უსასრულო, მარადიული შემოქმედებისთვისაც იქმნება ნახატები. სამყაროში ყველაფრის აზრი ხომ კავშირების გაბმაა.

მან მიამბო, როგორ შეიძინა ნახატი კიევის ერთ-ერთ ბაზრობაზე. ეს იყო ცხოვრების ერთი დიდი პერიოდი, უფრო მეტიც, ნახატისგან დამოუკიდებელი, გაცნობიერებული ცხოვრება. თავად გევორქ ბაშინჯაგიანი მოდიოდა ნახატის სანახავად – ოჰ, რა შეხვედრები იყო! ბაშინჯაგიანი ჰყვებოდა ათასნაირ ამბავს, თავისი გამოუქვეყნებელი მოთხრობაც კი წაუკითხავს. სახელი, სამწუხაროდ, ვეღარ გაუხსენებია მარმარჩევს… რას იზამ, მოხუცებულობა, სკლეროზი… მაგრამ ხომ იყო ბაშინჯაგიანი, ხომ იყო მოთხრობა! ხომ იყო ცხოვრების ეს პერიოდი!

ბოლოს, როგორც იქნა, დამისახელა ფასი – ჩემთვის სრულიად ფანტასტიკური. იმან, რომ ფასი ყოვლად მიუწვდომელი მეჩვენა, კიდევ უფრო ამანთო და გამაჯიქა. მარმარჩევს ვუთხარი, რომ აუცილებლად შევიძენდი ნახატს, ოღონდ, როდის, არ ვიცოდი, და ვთხოვე, ნება დაერთო, ვწვეოდი ხოლმე მოსანახულებლად.

უნდობლად და თან მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი და მიმაცილა ძველებურ კარამდე, რომლის ლომისთავიანი სახელური ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც სხვა ყველაფერი მის მტვრით სავსე სახლში.

ამ დღის მერე იმ ნახატის გარდა სხვა აღარაფერზე მიფიქრია.

დავიწყე გაყიდვა, ხან რისი, ხან რისი, მაგრამ თანხის ნახევარი ძლივს მოვაქუჩე. სამი წელი ვაგროვებდი ფულს, ყველაფერს ვიკლებდი, მაგრამ როცა თანხას თავი მოვუყარე, ბეგ-მარმარჩევის გარდაცვალების ამბავი გავიგე. მაშინვე გავვარდი. პანაშვიდებზე კუბოსთან ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი ნახატს, კედელზე რომ ეკიდა.

მარმარჩევის ქვრივს ძაძები ჩაეცვა, წლობით ნაკიდები კარადაში, ჩრჩილით დაჭმული, საგულდაგულოდ დაკემსილი და გაუთოებული, გეგონებოდა, მიკარებაზე მტვრად იქცეოდა, დაფერფლილი პერგამენტივით. არავინ ებადა, უთუოდ ნათესავად მიმიჩნია, ოხრავდა და ყურში რაღაცას ჩამჩურჩულებდა, თუმცა კი ვერაფერი გავიგე.

გასვენებიდან ორი დღე იყო გასული, მაგრამ ნახატზე ხმის ამოღება ვერ გამებედა. უმარმარჩევოდ ბინა ერთბაშად გამოხუნდა, დროის სული დაკარგა. ქვრივიც ნივთივით ჩაიკარგა სხვა ნივთებს შორის, ოღონდ მათგან განსხვავებით, მოძრაობდა. მესამე დღეს ქვრივისკენ გავეშურე. მარმარჩევებთან რამდენიმე კაცი დამხვდა, მოხუცის ნივთებს ათვალიერებდნენ. ავფორიაქდი, ქვრივს რაღაცების გაყიდვა გადაეწყვიტა. სასწრაფოდ მოველაპარაკე, ნახატისთვის მოქუჩებული მთელი თანხა ხელში შევაჩეჩე, ჩემი განსხეულებული გულისთქმა კედლიდან ჩამოვხსენი და სახლისაკენ გამოვეშურე. როგორც იქნა, ნახატი ჩემთან დავიგულე. ის ჩემი იყო. მისდამი ჩემი სამწლიანი გაუნელებელი ლტოლვა თავდავიწყებულ ტკბობაში გადაიზარდა. სახლში ამ პატარა შედევრის სახით აუწონელი განძი მქონდა. ოთახში ბოლთას ვცემდი და თან ნახატით ვტკბებოდი. შევაღებდი თუ არა კარს, ჩემი თვალი მაშინვე დაუწყებდა ხოლმე ძებნას ჩარჩოში ჩასმულ ამ სასწაულს. დავჯდებოდი და თვალს არ ვაცილებდი, სამზარეულოში გასვლისას, თვალს ვაყოლებდი. ის, რომ მხატვარი უცნობი იყო, კიდევ უფრო აღმაგზნებდა. ვცდილობდი წარმომედგინა, ფიქრებში ვთხზავდი მის ბიოგრაფიას. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, სტუმრები (რომლებიც არცთუ ისე ხშირად მოდიან ჩემთან) პეიზაჟის სიბნელეში ერთი მეორის მიყოლებით რომ გამოარჩევდნენ ხოლმე გარემოს კონტურებს – თავდაპირველად მდინარეს, მერე ზედ გადებულ ხის პატარა ხიდს – აქ მთელი სამყარო იყო, უსასრულო და ამოუცნობი. უდავოდ, ესეც იყო ნახატის მთავარი თავისებურება – ამ პატარა სივრცეს ამდენი რამ დაეტია. რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოვაჩინე სამოცამდე წვრილ-წვრილი დეტალი. მართლაც ჯადოქარი უნდა იყო, რომ ქსოვილის ამ პაწაწინა ნაგლეჯზე მთელი უსასრულობა დაატიო – გინდა სიღრმეში, გინდა სიგანეში, გინდა სიგრძეში. ტილო, თითქოს ტვინი ყოფილიყოს, თავის ხვეულებში ინახავდა ყველა შთაბეჭდილებას, განწყობილებას, მოგონებას. სურათი ჩემს უმთავრეს საქმიანობად გადაიქცა. ჩამინაცვლა წიგნები და ტელევიზორი. სახლში რომ დავბრუნდებოდი, წამოვწვებოდი და საათობით ვუყურებდი – გვერდიდან, კუთხიდან, ყველა მხრიდან, ახლოდან – ვცდილობდი მომეხელთებინა ფერთა გრადაცია, რომელიც მიწას მთის ძირისგან გამოყოფდა. რომელი იყო ის ორი ფერი, რომლებიც ქმნიდა უსასრულო სიღრმის ილუზიას? ნუთუ შესაძლებელია საღებავის ფენამ ზედაპირზე, მატერიის სიღრმეებში შეგაღწევინოს? იქამდე მივედი, რომ ნახატის ზედაპირი მიკროსკოპით შევისწავლე. მონასმები ისეთი უხეში და მძიმე იყო, თვალი მოვარიდე, მერე, საკუთარი ცნობისმოყვარეობით გულმოსულმა, თვალიერება განვაგრძე – ერთგან ქსოვილის ორი გადაჯვარედინებული უხეში ძაფი საღებავს ბოლომდე არ დაეფარა, ქალის მანათობელი და ჭკუიდან გადამყვანი სხეულის შუა ნაწილში კი, ტილოს საღებავი საერთოდ არ შეხებოდა და დარჩენილიყო ისეთად, როგორიც დაზგას შეექმნა. ჰორიზონტის ყველაზე შორეულ წერტილში, საიდანაც იწყებოდა სულ სხვა მხარე – ან სამოთხე, ან ჯოჯოხეთი, – და რომელიც სულს სამყაროს ყველა დაისის მოუხელთებლობის იდუმალი წუხილით გივსებდა, – საღებავი ამძვრალიყო და ტილო მოეშიშვლებინა, თუმცა კი მისი ფერი ჰარმონიულად ერწყმოდა პეიზაჟს. წამით სასაცილოდ მომეჩვენა, გამოდიოდა, რომ ამდენი ხანი გამიტარებია ძაფის ორი კუწუწის, ძაფის ორი ორმილიმეტრიანი ნაგლეჯის ცქერაში, რომლის მეტრის ფასიც ნებისმიერ მაღაზიაში ერთ კაპიკს არ აღემატებოდა. საგანი ვიხილე და ეჭვებმა ამიტანა. ნელ-ნელა გავიაზრე ნახატის ბანალურობა, ჯვალოს ნაჭერი სულ უფრო და უფრო თვალში საცემი ხდებოდა. ახლა ამ სახეობის ქსოვილის დამზადების ტექნოლოგიამ დამაინტერესა: სად მოიქსოვა, რა მეთოდით? მიკროსკოპით ახლა ნახატის უკანა მხარის შესწავლას შევუდექი. ტილოზე პაწაწინა საკერებელიც კი აღმოვაჩინე. დამპალი, დაობებული ჯვალო, ზომით ოცი თხუთმეტზე, დაფარული რამდენიმე გრამი გამხმარი, დახეთქილი საღებავით. შევისწავლე ყველანაირი საღებავი ტილოზე და ჯვალოს ნებისმიერი კუთხე-კუნჭული.

კიდევ უფრო შორს წავედი – ტილოს ძაფების რღვევას შევუდექი – დამპალი ნაგლეჯები. ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო – ცოტა ხანში პეიზაჟის ერთი ნაწილი გაქრა, კომპოზიცია დაირღვა და დანარჩენი ნაწილის უაზრობა გამოაჩინა. მდინარე სრულდებოდა უბრალო ქსოვილით და ის უკვე აღარც იყო მდინარე, ქალის ფეხები გადადიოდნენ ჯვალოს ქსოვილში და ისინი უკვე აღარ იყვნენ ფეხები. დანარჩენი ნაწილი ნახატისა აზრისგან დაცლილ სიშავედ მოჩანდა. მალე ვეღარაფერს აღვიქვამდი, მხოლოდ ჯვალოს და საღებავებს, თვითონ ნახატი კი გაუბრალოვდა, გატლანქდა და თვალს მიეფარა. ყველა ცდა, ხელახლა მეპოვა ის ჰარმონიული სამყარო, ის საუცხოო ილუზია, უშედეგოდ სრულდებოდა. ქალის გასაოცარი სიშიშვლეც კი, მხოლოდ და მხოლოდ ორ მონასმად, ორ ფენად გადასმულ საღებავად გადაიქცა. ვიტანჯებოდი, ოთახის ნივთებს ერთმანეთს ვადარებდი, ფანჯრიდან ვიხედებოდი, წარმოსახვაში აღვიდგენდი ნახატზე გამოსახულ პეიზაჟს და ვბუტბუტებდი: „ეს ხომ მარადისობაა, მშვენიერებაა, იდეებია!“ მაგრამ იქვე ჩნდებოდა მეორე ხმაც, რომელიც ამტკიცებდა: „ეს ძველი, ჭუჭყიანი საღებავებია, ტილოს ნაგლეჯია, ამისთანას სანაგვეზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდები, საფეიქრო ფაბრიკაში… ასეთი ნარჩენების მოგროვება დამლაგებლების ყველაზე საძულველი საქმეა“. ამ ორი ხმისგან ნერვიული კანკალი მიტანდა. ყველაფერი გაორებული მეჩვენებოდა. საგნებმა ირგვლივ დაკარგეს თავიანთი დანიშნულება, ავად გავხდი. „გაიყოლეთ ეს ნივთი“, – ვთხოვე ჩემს მკურნალ ექიმს. მან ჩამოხსნა კედლიდან ნახატი და ოთახის კუთხეში მიაყუდა. მაგრამ ის კვლავ იპყრობდა ჩემს ყურადღებას და მეც ისევ ვიტანჯებოდი. „ეს ჯვალოს ნაჭერი რატომ არ გაიტანეთ? წაიღეთ, ექიმო“, – ვუმეორებდი. ექიმი თითქოს ყოყმანობდა, „თუ გინდათ, თქვენი იყოს, – შევთავაზე, – ან წაიღეთ, გადააგდეთ… რაც გინდათ, ის უყავით“.

ექიმს ნახატი სამზარეულოში გაეტანა, მისი წასვლის შემდეგ ვნახე. ფრთხილად ავიღე, ნაგავთან ერთად გადავახვიე, ქუჩაში გავედი და ნაგვის ურნაში ჩავუძახე. 

© არილი

Facebook Comments Box