მალხაზ ხარბედია
1 ივნისს ანდრეი ვოზნესენსკი გარდაიცვალა, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუსი პოეტი, ვის შემოქმედებაშიც და პირად ცხოვრებაშიც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
ანდრეი ვოზნესენსკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, იგი გუშინ დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. 77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, რომელიც 60-იანელთა თაობის სახე იყო რუსულ და საბჭოთა პოეზიაში.
ანდრეი ვოზნესენსკის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა საქართველო, სწორედ ამიტომაა, რომ მისი გარდაცვალება ჩვენთანაც არანაკლებ განიცადეს. მწერალ და ესეისტ ზაზა აბზიანიძის აზრით, იგი ქართული კულტურის ნამდვილი პროპაგანდისტი იყო:
“თითოეული ჩვენთაგანისათვის ანდრეი ვოზნესენსკის გარდაცვალება მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყო. გულწრფელად ვიტყვი. რუსულმა პოეზიამ დაკარგა ერთი გამორჩეული პოეტი, საქართველომ კი ერთგული მეგობარი, ჩვენი კულტურის მცოდნე, ქომაგი და პროპაგანდისტი. მართლაც, ის ცდილობდა, რომ ყველასათვის, რუსეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, შეეყვარებინა მის მიერ აღმოჩენილი ქვეყანა, საქართველო”.
ანდრეი ვოზნესენსკი 1933 წელს დაიბადა მოსკოვში. 1957 წელს მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი დაასრულა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა, ჯერ კიდევ 14 წლისამ გაუგზავნა თავისი ნაწერები ბორის პასტერნაკს და შემდეგაც, მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ამ დიდ პოეტთან.
ასპარეზზე ანდრეი ვოზნესენსკი 1958 წელს გამოვიდა, პირველი კრებული კი 1960 წელს გამოიცა. იგი ნამდვილი სამოციალელი იყო, “ოტტეპელის” პირმშო და შემდგომ ოტტეპელისვე მსხვერპლი:
“ორიოდე სიტყვით ვიტყვი მისი პოეზიის ჩემეულ აღქმაზე: მაგალითად, ბროდსკისათვის დომინანტური თემა, გამჭოლი ხაზი მისი პოზიისა, არის ტრაგიზმი, ვოზნესენსკის კი ეს ტრაგიკული მსოფლაღქმა არ ჰქონდა, მაგრამ ის იყო პირველი, 60-ანი წლების გარიჟრაჟზე, ვინც, ეს მოყირჭებული, საბჭოთა ოპტიმიზმი ერთბაშად და ხაზგასმით შეცვალა რაღაც სხვა ტონალობით, სხვა მსოფლშეგრძნებით. ახლა ძალიან მიჭირს ერთი სიტყვით დავახასიათო ეს, მაგრამ ეს იყო შიშის, რაღაც მოსალოდნელი უბედურების შეგრძნება. როგორც შექსპირთანაა: ამ სამეფოში რაღაცა კარგი არ ხდება…”
1963 წელს ამგვარი ეჭვების გამო ანდრეი ვოზნესენსკი თავად ხრუშჩოვმა გაკიცხა და ისევე როგორც პასტერნაკის შემთხვევაში, პოეტი საქართველომ შეიფარა. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა მან ივერია, ქვეყანა, სადაც მან თავშესაფარი ნახა და უძველეს კულტურასაც ეზიარა:
“ის გახლდათ განათლებით არქიტექტორი, ძალიან დიდი კულტურული პლასტის მქონდე ადამიანი და ამ მისმა ცნობისწადილმა, მისმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, კულტურულმა შემზადებულობამ განაპირობა მისი საქართველოსადმი, როგორც ისტორიულ-კულტურული ფენომენისადმი ინტერესი. და აქ არ იყო პრაგმატიზმი – საქართველოში ყველა სტუმართმოყვარეა, უყვართ განსაკუთრებით პოეტები, ბევრი ქვენა აზრითაც გიყურებს, რომ კარგი პოეტია და კარგი მთარგმნელიც იქნება და ა.შ. მაგრამ ანდრეი ვოზნესენსკის, სხვათაგან განსხვავებით, ეს პრაგმატულ-ტურისტული ინტერესი ნამდვილად არ ამოძრავებდა და ჩემთვის, პიროვნულად, და ბევრისათვის, მისი ხიბლის მტავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს გახლდათ”.
კულტურული პლასტების გარდა მას პირადი ურთიერთობიც აკავშირებდა საქართველოსთან, ჯერ ერთი, ანდრეი ვოზნესენსკის დიდი ბაბუა, ანუ პაპის პაპა, ქართველი იყო. ამით იგი ამაყობდა ხოლმე, და ამაყობდა არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში და კიდევ, საქართველოში მან სიყვარული დატოვა. ერთ-ერთ თავის ესეში, რომელიც პასტერნაკს ეძღვნება, იგი შეყვარებულ მოხუც პოეტზე გვესაუბრება, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაუმართლა და თბილისში სრულიად ახალგაზრდა გოგონას მხურვალე სიყვარული დაიმსახურა:
“ასე მგონია, რომ იგი წერდა პასტერნაკზე, მაგრამ სადღაც თავის თავსაც გულისხმობდა. და ჩვენ ვიცით მისი ცხოვრების ქართული პერიოდი, საქართველოს როლი მის შემოქმედებაში და პირად ცხოვრებაში. თუკი პასტერნაკისთვის ჩუკა (ჩუქურთმა გუდიაშვილი) პოეტური გატაცება იყო, პატარა გოგონა, მოწაფე (თუმცა პასტერნაკი წერდა, რომ ის ნამდვილი სიყვარულია, და შესაძლოა იყო კიდეც)… ვოზნესენსკის ნამდვილი და დიდი გრძნობა ჰქონდა აქ და შესაძლებელი იყო, რომ მთელი თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა თავისი ტრფიალის საგანისთვის, მედიკოსთვის. მაგრამ მან უარი მიიღო. არ ვიცი შემდგომ მისი მუზა ნანობდა ამას თუ არა, მაგრამ მისი ქართველი მეგობრებისაგან გამიგონია, რომ ამ უარს და ამ ლიტერატურული რომანის ესოდენ დრამატულ ფინალს გი მართლაც ძალიან განიცდიდა დიდი ხნის განმავლობაში”.
სხვათა შორის, მნიშვნელოვანწილად ალბათ პასტერნაკის დამსახურებაცაა, რომ ვოზნესენსკიმ საქართველოს მოაგნო, იპოვა ქვეყანა, რომელზეც შემდეგ პოეტურ რკალებს შექმნიდა. მას არაერთი ქართველი პოეტი ჰყავდა თარგმნილი, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეები, იოსებ ნონეშვილი, ოთარ ჭილაძე, შოთა ნიშნიანიძე. მისი ერთ-ერთი საუკეთესო და იმავდროულად სრული კრებულის სახელწოდებაში და შინაარსშიც საქართველო ფიგურირებს, წიგნს “ივერიის ნათელი” (1984) ჰქვია და მახსოვს, ამ წიგნის უზარმაზარი ტირაჟის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოში გაიყიდა, ქვეყანაში, სადაც დიდ პატივს ცემდნენ მის პოეზიას:
“მემგონი, ივერიის, საქართველოს ნათელმა თავისი შუქი და თავისი სითბო შეიტანა მის ბიოგრაფიაში და თავის მხრივ, ანდრეი ვოზნესენსკიმ ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხა ამ ზეგარდმო საჩუქარს”.