
სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და თეა თოფურიამ
ის შუაგულ ველზე გხვდება, როგორც მითი, როგორც გზის მოდარაჯე ალფა. ორმწვერვლიან ყელზე ღრუბლის ფთილა შერჩენია. განგრევს მისი თოვლისგან ალაპლაპებული ფერდობები, გირეკლავს, გიწვევს. არაფრის რცხვენია, არაფერი სწამს. იცის, საით მიდიხარ და გაქეზებს: წადი, მიაღწიე, უკან არ მოიხედო, იპოვე, მოსპე, ამოანთხიე. გეუბნება, რომ შორს სიცივეა, წყვდიადი, სევდა, ოღონდ შორს, სხვაგან. აქ ჩემს კალთებზე – არარატის გზებზე – მზეს დაგახვედრებ!
მზის შუქი შემოდგომის ბაღებზე იშლება, ფერებით განებივრებულ ბაღებზე, ალისფერ კორომზე, ცეცხლსა და სიცხეს რომ დანებებია. ლურჯ სივრცეს გზატკეცილი E117 კვეთს – სწორი, გლუვი, კიდეებზე ლერწმის თავთავების ქაფი რომ მიჰყვება. ყველგან ლერწმებია, უკვე ზაფხულგამოვლილი, შემოდგომის ზღაპარი. ვენახებიც შემოდგომის მძიმე ბელტებსა და მთების სუნთქვაში ჩაძირულან.
E117 თითქოს ფოტოგრაფი ქალის გულიდან იწყება და მთელი თავისი ასფალტ-ბეტონით, მანქანის წინ გრძელდება. ახალგაზრდა ქალის გვერდით ფოტოკამერა დევს, არარატის ორი უხეირო გამოსახულებით. სად მიდის, თავადაც ვერ გაუგია. ტელეფონში Google-ის რუკა გზას უშეცდომოდ უჩვენებს, მაგრამ გზის ბოლოს რა დახვდება, ამას აღარ ამბობს.
ბიჭს, რომლის გადასაღებადაც გზას დაადგა, სპარტაკი ჰქვია. მისი სახე ნელ-ნელა ამოდის გზის სიღრმიდან. სწორედ ის სჭირდებოდა ფოტოსესიისთვის. ერთმანეთისთვის ორიოდე სიტყვა თუ აქვთ ნათქვამი, წარმოსახვით კი უკვე ჩასვა სხვადასხვა სცენებში, ისეთში მამაკაცის სექსუალურობას რომ გამოკვეთს. ამ სექსუალურობას მამაკაცები ხშირად ვერც აცნობიერებენ, ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც იღებს ხოლმე. ის პირველაღმომჩენია. მისი კამერა უფრო ადრე ამჩნევს იმას, რასაც მამაკაცები საკუთარ თავზე მოგვიანებით იგებენ. არ უნდა იფიქროს, რომ ეს ექსპლუატაციაა. ფოტოგრაფია მაინც ხედვაა, დანახვა.
არტაშატისკენ მიმავალ გზაზე გადასახვევი დახვდა. იქიდან ოძასარის მთის ქვემოთ გაშენებულ სოფლამდე უნდა მივიდეს. ყველა საგზაო ნიშანს გულისფანცქალით აკვირდება. მოახერხებს კი იმის გადაღებას, რაც უნდა? რა ესაქმება ამ უცნობი სამყაროს ხეობაში?
After three hundred meters turn right, – გაისმა ქალის ხმა ტელეფონში. მოსახვევმა არტაშატში შეიყვანა. ქალაქისკენ მიმავალი გზა კეთილმოწყობილი იყო, მოპირდაპირე ზოლებს შორის, ტროტუარებზე მრგვალი, ჯერაც მწვანე ხეები ჩამწკრივებულიყვნენ. სადღაც თითქოს აუზსაც მოჰკრა თვალი, თუ შადრევანს, წყლის ზედაპირი ჩარჩა მეხსიერებაში.
ამის შემდეგ ლანდშაფტს ქალაქის აღარაფერი ეცხო. ერთმანეთს ენაცვლებოდა გარეუბნის დანგრეული შენობები, ჯიხურები და გზაზე უთავბოლოდ გადამავალი ადამიანები. სამგლოვიარო პროცესიასაც ჩაუარა. შეეცადა თვალებით კუბო მოეძებნა.
სოფლის გზაზე რადიო „ევროპა“ აშიშინდა, მერე კი ისევ ლერწმები ირწეოდნენ ქარში. CD ჩადო, თვითონაც ააყოლა ტანი ლერწმებს. სოფლის სასაფლაო მოიტოვა უკან. რაღაცნაირი ბრტყელი და უღიმღამო იყო – ნათალი ქვების კუნძული, ჩრდილის გარეშე.
სოფლის თავში სოფლის გრძელი სახელი წითელი ასოებით დაეწერათ, თაღისებურად. მოსაწევად გაჩერდა. აჰა, აქ არის. დარეკა.
– სპარტაკ? უკვე თქვენს სოფელში ვარ.
– პირდაპირ იარეთ.
ასფალტზე იმდენი „მწოლიარე პოლიციელი“ იყო, თან იმდენად უხეიროდ გაკეთებული, რომ მანქანას ყოველ ოც მეტრში ამუხრუჭებდა, მერე ისევ ძრავდა და ისიც მეორე მხარეს გადახრიგინდებოდა. გულში რამდენჯერმე შეუკურთხა გამკეთებელს.
სპარტაკი გზის პირას ისე იდგა, თითქოს მის დასახვედრად არ გამოსულიყო. იმ მოჟამულ დღეს ჰგავდა, გამოდარებას მოთმინებით რომ ელის. ხელები ცისფერი სპორტიულების ჯიბეებში ჩაეწყო. ფეხზე მუქი ლურჯი ჩუსტები ეცვა. უხალისოდ მიუთითა სახლისკენ და მანქანას გამოჰყვა. სანამ ავტომობილს ხესა და ქვიშის ბორცვს შორის ჩააკვეხებდა, იფიქრა, გადმოსვლისას გადავეხვევიო, მაგრამ ბიჭი სახლის კიბეებს თავჩაქინდრული აუყვა და ქალიც დაბნეული გაედევნა.
სამზარეულოდან ბიჭის დედამ გამოიხედა, თბილად მიესალმა. ფოტოგრაფმაც რაღაც უპასუხა, ნივთები სკამზე დააწყო და ღიმილით ჩამოართვა ხელი. ახლა ბებია გამოჩნდა, მაღალი ქერა რუსი. ფოტოგრაფს შეეშინდა, რომ რუსულად მოუწევდა ლაპარაკი. ბიჭი არ ერეოდა, მეზობელივით იდგა, სამზარეულოს უბათქაშო კედელს მიყრდნობილი. გაცნობა-ქათინაურები მისი საქმე არ იყო. მოქუფრული იყურებოდა და ელოდა.
ყავის მოდუღებას შეუდგნენ. ქალმა სთხოვა, ფოტოების გადასაღები ადგილის შესარჩევად სახლი დაეთვალიერებინებინა. სპარტაკი ისე გაუძღვა, ჯიბეებიდან ხელები არ ამოუღია. ჩაუარეს მისაღებს, დის ოთახს, ძმის ოთახს და ბიჭის ოთახის ზღრულბთან შედგნენ. პატარა, ვიწრო ოთახში კომპიუტერი იდგა. საწოლი არეული იყო, ბოტასები – ერთმანეთში გადახლართული, ლურჯი ზეწრები და გადასაფარებელი – დაკუჭული. ბიჭს ეს არეულობა არ ადარდებდა, ეზოში გავიდეთო.
ქალის წინ მიდიოდა. სტუმრის მოსვლით აწრიალებული ძაღლები გალიაში ერთმანეთს დაერივნენ. ფოტოგრაფი მიუახლოვდა, ერთ-ერთს გალიიდან გამოჩრილ, მოუსვენარ დრუნჩზე მოუთათუნა ხელი. ძაღლმა ბადე გალოკა.
– ქათმები.
ქალი თითქოს ძალიან დაინტერესდა, ქათმებისა და ინდაურების გუნდით, უაზრო ბორიალში ერთმანეთს რომ ეხლებოდნენ და მიწაში ოქროს ეძებდნენ.
– სახურავზე ავიდეთ. გაჰყვა, თან მის შიშველ კოჭებს უყურებდა. ფეხსაცმელს ქუსლებზე წითელი ზოლები დაეტოვებინა.
სახურავზე ასასვლელი კიბე რამდენიმე რკინის წნული იყო, საკმაოდ სახიფათო. ბიჭი ისე ავიდა, ერთხელ არ მოუხედავს, არ დახმარებია. გათიშული მიდიოდა და უკან მომავალი ქალის წუწუნს აინუნშიც არ აგდებდა. ირგვლივ ყველაფერი ყირაზე იდგა, აქ ფიცარი, იქ – სადენები, ის კი თითქოს უცხოაო, არ ადარდებდა არეული სახლი. მტრედები, ფრრ, სახურავის ღიობიდან შემოფრინდებოდნენ, საჭმლის მოლოდინში წამით ჩამოსხდებოდნენ და მერე ისევ ფრრ, ცაში უჩინარდებოდნენ.
– შენ აჭმევ ხოლმე? – არა! ჩირი, – მიუთითა ტურისტისგან თავმობეზრებული გიდივით.
არარატი მეზობლის ერდოს ედგა თავზე, სახურავის მორყეულ სვეტებს შორის მოჩანდა. გაეშალა თავისი ნეონის ფერდობი და ლივლივებდა მთელი სოფლის დასანახად. გადაიღო, თან ფოტოებს ათვალიერებდა. შემობრუნებულს ბიჭი მეზობლის მზიან სახურავზე დახვდა. სახურავის ქვევით, შორს პატარა სამლოცველოს ვერცხლისფერი გუმბათი ილანდებოდა.
-გაიხადე, – უთხრა ბიჭს.
ბიჭმა მაისური გადაიძრო. ფოტოაპარატი არ გაუჩერებია, ყველა მოძრაობას იჭერდა. ჩხკ, ჩხკ, ჩხკ, დაკუნთული, შეკრული ტანი პერანგისგან გათავისუფლდა. მხრებზე ჩრდილები გაჩნდა, დაჭიმული კუნთების კიდეები. ბიჭი სახურავზე დაწვა, თავი უკან გადააგდო, იცოდა ეს როგორ გაეკეთებინა. მერე ფეხი გადაიდო ფეხზე. -ჩამოწიე! დაემორჩილა. ჩხკ, ჩხკ, ჩხკ. სახურავზე გაიშალა მისი სხეულის ორაზროვნება. ქვემოთ სამლოცველო ამთქნარებდა, გულგრილად ავსებდა სივრცეს. მუცელზე თმა ახლა იწყებდა ამოსვლას, ჭიპის ირგვლივ უკვე ჩამუქებულიყო. მოწითალო გამონაყარი ნეკნებთან არარატს შეჰყურებდა. კუნთების ყოველი მოძრაობა მნიშვნელოვანი იყო. ხარბად იღებდა. ყველა შესაძლო ფორმით ექსპლუატირებდა მის 16 წლის სხეულს, მაგრამ უკვე ხვდებოდა, რომ თავად არ იყო ექსპლუატატორი. რაღაც ეხამუშებოდა – ფოტოკამერის უსუსურობა და გრძნობა, რომ ამას ვერაფერს მოუხერხებს. მოულოდნელად უმცროსი ძმა გამოჩნდა. შიშველი სხეული რომ დაინახა იყვირა, დედამ ყავა მოამზადაო. ჩამოვიდნენ, ქალი კანკალით ეშვებოდა საფეხურებზე.
სპარტაკმა „ფანტას“ ბოთლი გახსნა და გადახედა, თუ დაგისხაო. უარის მერე თვითონ შეივსო ჭიქა. ბებიისა და დედისთვის არც შეუთავაზებია. ფოტოგრაფი ეწეოდა. უცნაური ფიქრები ჩააყოლა ყავას. შეამჩნია, როდესაც დედამისს ელაპარაკებოდა, ცდილობდა, ბიჭისთვის თავი მოეწონებინა, მისი მზერა დაეჭირა. მან კი ჩანგლით ტორტის მოიისფრო ვარდი გასრისა და ნაჭერი გადმოიღო. ლარნაკი ეფარებოდა. სამი ვარდის ღეროსა და ფოთლებს მიღმა ჭამდა მდუმარედ. ხანდახან მზერას გამოაპარებდა, თავისი მოლურჯო-მონაცრისფრო თვალებით, რომლებზეც წარბებს თავიანთი განსაკუთერბული როლი აქვთ.
როცა ტელეფონმა დარეკა და სპარტაკი სასაუბროდ გავიდა. დედა და ბებია ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს. წუხდნენ, ბიჭი სხვას არ ჰგავსო. გოგომ უთხრა: „მოზარდია“. „პადროსტაკ, – თქვა ბებიამ, – გაუვლის ალბათ“. თვითონაც ვერ დაიჯერა საკუთარი სიტყვები. ბებიამ არ იცოდა, ფოტოები რომ გადაუღო მის შიშველ შვილიშვილს სახურავზე.
ბაღში გავიდნენ. სპარტაკმა ბებიას ძუნწად უთხრა, წინ დაჯექიო: „ტუტ, ლიუბა“. ჯერ ეს მოულოდნელი ზრდილობა, რომლითაც ბებიას ადგილი განუკუთვნა და მერე სოფლის ნაკვეთებზე გასხლეტილი რუსული – ბებიასთან რომ აახლოვებს და დედას აშორებს, რადგან დედა რუსულად ორიოდე სიტყვას თუ გადააბამს ერთმანეთზე. მერე პირის ის ჟღერადი აპარატი, ტუჩების ფორმა, რომლითაც რუსული უჩვეულოდ ლამაზი, მკვეთრი და ზუსტი გახდა, გონებადატანებული, ბუნებრივი, უნაკლო.
ბებია არ არის ის ადამიანი, სხვისი ნების ქვეშ მოიდრიკოს, მაინც ემორჩილება მითითებას. შვილიშვილი რაღაც მოუხელთებელით ჯობნის და ეს ყველაზე კარგად თვითონ ბიჭმა იცის. ბებია ებრძვის ამ სხვაობას. ცდილობს, თვალი გაუსწოროს, აალაპარაკოს, დააკვალიანოს. უსიტყვოდ იბრძვიან, ბრძოლის ხაზი მათ სულებზე გადის და ამ ყველაფერს ახლა ფოტოგრაფიც ესწრება. ბებიის არ იყოს, არც მას სიამოვნებს, მაგრამ ძალაუნებურად თვითონაც ნებდება ბიჭის ნეტარ მდუმარებას, თავდაჯერებულობას, რომლითაც ის ასე ზემოქმედებს მასზე, თითქმის აჯადოვებს, აიძულებს საკუთარი უმწეობა დაიჯეროს. – სპარტაკ, შენ, თითო-ოროლა სიტყვის გარდა, საერთოდ ლაპარაკობ? – სცადა აემეტყველებინა. – ჰო.
დაიძრნენ. ბებია გოგოს გვერდით წელგამართული ზის და გზას უჩვენებს, დედა ბიჭის გვერდით – მდუმარედ. ბიჭმა კამერა ჩართო, სახურავზე გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებს. ბუნება ისეთია, როგორიც უნდა იყოს, ის თითქოს ცდილობს კამერიდან ზედმეტი ფოტოები ამოშანთოს. ის უბრალოდ ბუნებაა და მხოლოდ იმის საშუალებას გაძლევს, ფოტო გადაუღო და საკუთარი თავი დაარწმუნო, ამით სული შევიმსუბუქეო. სოფელი თავისი ენითაღუწერელი ჩრდილებით, ოღრო-ჩოღრო გზით, ჩამოცვენილი ფოთლების ყვითელი კარვით გარგრის ხეებქვეშ… ატმის ხეების შავი და წითელი, ბალახებში ჩამალული ნაკადულები, გაღმა დარჩენილი მთების დაკუჭული კალთები, ოძასარი თავისი კლდოვანი მწვერვალით, შორს საკვამურიდან ამოვარდნილი ბოლი და შეგრძნება, რომ რაღაც ახლოვდება: ძრწოლა და ზარი.
ლერწმების სქელ კედელთან გაჩერდა, ბიჭს მანქანიდან ჩამოსვლის საშუალება მისცა და გადაუღო – ლერწმების პირისპირ უბრალოდ მდგარს, მაშინ, როცა მის თვალში ის სულ უფრო იზრდებოდა და დიდდებოდა. შემდეგ ბიჭი ლერწმებში შევიდა და ისე გადაატარა ხელისგული მათ დრეკად სხეულებს, თითქოს მოწყალება გაიღოო. არა სხვის დასანახად, არამედ ისე, როგორც ხდება ხოლმე, როცა ადამიანმა რაღაც ისეთი იცის, რაც მხოლოდ მისი სულის სიღრმეშია. სრულიად ფლობდა საკუთარ სხეულს და იცოდა ეს. ქალს აწუხებდა, რომ არ ექვემდებარებოდა ეს სხეული გადაღებას. არ ჯდებოდა ჩარჩოებში. დედა და ბებიაც კი უფრო ეპატრონებოდნენ ამ სხეულს, ვიდრე ქალი. თუმცა კი ფიქრობდა, რომ სწორედ მას შეუძლია აალაპარაკოს ბიჭი თავის ფოტოებში. თავად ამ სხეულის არსებობა იყო მითი, ყველაფარი, რაც მას უკავშირდებოდა: კვება, ზრდა, უჯრედების გაყოფა.
ქალი კი ჰგავდა ლერწამს, რომელმაც გაზაფხული და ზაფხული მოილია, სიყმაწვილეც თითქმის განზე დარჩა და მალე სრულად დაკარგავს ახალგაზრდულ ბრწყინვალებას. ფოტოგრაფიით თავს იტყუებდა, სურდა თავად ყოფილიყო ნორჩი და ნეკერი, გამოეხსნა თავი წლებისგან და გაქცეულიყო იმ მიუწვდომელი სამყაროსკენ, სადაც ჯერ არც ცოდნა აქვთ და არც – გამოცდილება. მასთან, შინ, იქ მცოდნეც იქნებოდა და თავდაჯერებულიც. კლავდა ბიჭი თავისი დაუმორჩილებლობით, უყურადღებობით, თავშეკავებით, დუმილით. ან არ ესმოდა, ან გაგება არ უნდოდა. საკუთარი თავი უყვარდა.
ბებია თავის ბაღში ჩავიდა და ხეების ფერებს შეერია.
გზა მის გარეშე გააგრძელეს. ბიჭს არ უთქვამს დედისთვის, წინ გადაჯექიო. თვითონ დაჯდა. ქალმა ფოტოაპარატი მიაწოდა. მათი თითები ოდნავ შეეხნენ, ოდნავ იგრძნეს ერთმანეთი. ამ შეხებისგან წარმოქმნილი განცდა სხეულში დარჩა და სხვა ყველაფერი ჩაფერფლა. მანქანა რაღაც ბაღის წინ გაჩერდა, რუსთან.
ლივლივებდა შემოდგომის ბაღი. ბიჭი ხეებში დადიოდა და ყურადღებას არ აქცევდა, დედა და ფოტოგრაფი რას ლაპარაკობდნენ. დედა დაწვრილებით ყვებოდა, ვისი ბაღია, როგორ გააშენეს, რუ როგორ გაიყვანეს, ქალი კი ხეებში ჩაკარგული ბიჭის სხეულს მიშტერებოდა.
ვერ იხელთებდა, ვერ იგებდა, რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში. ექიშპებოდა! მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა, შეეცადა მზერა არ გაქცეოდა. – მუცელზე დაწექი! – უთხრა. ბიჭი დაემორჩილა. – აიზიდე! დედა იდგა და უყურებდა. – კიდევ! ბიჭს სუნთქვა გაუძნელდა. – კიდევ! ოფლის მძიმე, მკვეთრი, გამაბრუებელი სუნი დადგა.
ქალი ცდილობდა ბიჭი მოერჯულებინა, ადგილი მიეჩინა, თავისი ძალა ეგრძნობინებინა. მოზარდობის ჯავშნისგან ათავისუფლებდა, მამაკაცს აღვიძებდა მასში. თან ლაგამს უჭერდა და ამით საკუთარ თავსაც უმტკიცებდა რაღაცას, რას, ამაზე მოგვინებით დაფიქრდებოდა.
ბიჭი ადგა, „კმარა“ – თქვა და წავიდა. ქალმა დატკეპნილ მიწას დახედა. მისი სურნელი ისევ იგრძნობოდა გარგრის ფოთლებში.
როცა უკან სახლში მიჰყავდა, ბიჭი ჩუმად იჯდა მის გვერდით. ვაშლის ბაღში იყვნენ. ტოტები ნაყოფისგან იზნიქებოდა. იღებდა ამ ხვავრიელი, ბარაქინი ხეების ქვეშ, მზეზე და გუგებში არეკლილი მზით, დახუნძლული ტოტებით ხელში, მიწაზე მიმოფანტულ ვაშლებთან… და მისი სასოწარკვეთაც სულ უფრო იზრდებოდა. მხოლოდ ის კი არ ადარდებდა, რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა – აღარ აინტერესებდა ბიჭი, მისი მოუხელთებელი წუთისოფელი, მისი გზა და ფიქრები.
სახლს გასცდა. დედამ უკნიდან წამოიძახა, გავიარეთო. ბიჭისკენ შებრუნდა. ის უდრტვინველი სახით იჯდა. ქალმა არ იცოდა, მართლა ჰქონდა ამ ბიჭს რაღაც შინაგანი სიღრმე თუ თავად მიაწერა.
-ასე მკვეთრად დამუხრუჭება არ შეიძლება, – თქვა უცებ.
უკან დაიხია, რომ შეეხვია. ბიჭმა, ისე, რომ მთისთვის თვალი არ მოუცილებია, უთხრა: – საკმარისია. დედა დარჩა, ხელს უქნევდა და ემშვიდობებოდა.
სოფელი უკან რომ მოიტოვა, გაჩერდა. სიგარეტს მოუკიდა. ჩრდილში მოქცეული არარატი რუხი ცის ქვეშ თუნუქის ფირფიტასავით ჩანდა. აღარ იყო დილანდელივით გოროზი. მბზინავი ზედაპირები ერთად მოეყარა და ორგანზომილებიანი პლაკატივით იდგა მოსაწყენ ჰორიზონტზე. მანქანასთან ლერწმის გროვა შრიალებდა, ერთი – ზედ საქარე მინასთან.
ისე წავიდა, არ მოხვევია, თავისი მკვეთრი სუნი დატოვა და წავიდა. მანამდე უყურა, სანამ გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა.
© არილი