ესე

გიგი თევზაძე – ქართველი და ზღვა

არა მგონია საკამათო ის, რომ ჩვენი ცხოვრება საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი უმსჯელობებითაა სავსე. მაგრამ უმსჯელობა რისი უმსჯელობაა ადვილად ამოცნობადი რომ იყოს. უმსჯელობის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი თავისთავად სიცხადით შენიღბულობაა. ანუ, უმეტესობა უმსჯელობები უმეტესობა ადმიანებისათვის თავისთავად ცხად და მარტივ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.
ამას წინათ ლექსო მაჭავარიანის კარგ სტატიაში „ვინ გადაცურავს ზღვას?“ ერთ უმსჯელობას წავაწყდი, რომელიც საბედნიეროდ მხოლოდ ტექსტის სამკაულად იყო გამოყენებული და ამიტომ ტექსტი არ გაუფუჭებია. შესაბამისად, ამ უმსჯელობის გამოაშკარავების მცდელობა მაჭავარიანის ტექსტის დასკვნებს არც დააკნინებს და არც შეცვლის. პირიქით, შეიძლება არგუმენტები დაუმატოს.
„…..ზღვის პირას მცხოვრებ ხალხს, არგონავტებს დადევნებულ აიეტის მითიურ ხომალდებს თუ არ ჩავთვლით, არასდროს გვყოლია ფლოტი. შავი ზღვა არ გვიჩენდა მასში შეცურვის სურვილს. ამიტომაც დავარქვით ზღვა – ზღვარი. მის იქით ჩვენი წინაპრებისთვის არაფერი იყო, შეუცნობელის შიშის გარდა. ვიკინგებს სიცივე, შიმშილი და სიახლისკენ სწრაფვა აიძულებდა ფარატინა გემებით ოკეანე გადაელახათ. ჩვენ, კავკასიის მთების ჩრდილში, თბილ ადგილზე მოკალათებულებს, როგორც ჩანს, არ გვშიოდა, არც სიახლე გვიზიდავდა მაინცდამაინც და შესაბამისად არც იმის მიზეზი გვქონია როდესმე, ზღვების გადაცურვაზე გვეფიქრა“(ლექსო მაჭავარიანი „ვინ გადაცურავს ზღვას?“ ტაბულა” №19. 19-25 ივლისი, 2010. ან http://rekuzo.blogspot.com/2010/07/blog-post_23.html).

ვფიქრობ, რომ ამ აბზაცში გამოთქმული აზრი ბევრისთვის ნაცნობია. ჩემი მხრიდან, ამ წარმოდგენის აღწერა რომ სრულყოფილი გახდეს, დავუმატებდი, რომ „ლაშა გიორგიმ სცადა ფლოტის აგება მაგრამ ქალებს გადაყვა“, და რომ „ქართველი ხალხი ცდილობდა ზღვის პირას არ ეცხოვრა, მთას ირჩევდა საცხოვრებლად“.
მგონია, რომ ქართველების და ზღვის შესახებ წარმოდგენათა ეს კომპლექსი ძირითადათ საბჭოთა დროს შეიქმნა და საბჭოთა ხელისუფლებაც, ნებსით თუ უნებლიეთ [მაინც ვფიქრობ, რომ ნებსით], ცდილობდა ამ წარმოდგენის კულტივირებას და წარმატებით მოახერხა კიდეც. ამ წარმოდგენის გავრცელების პოლიტიკური მოტივი ცხადია – ქართველებს არ უნდა გასჩენოდათ სურვილი ზღვის გადალახვით და ზღვის გავლით მოხვედრილიყვნენ სასურველ ადგილას – ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს მისთვის სასურველ სამყაროს – ევროპას -დააკავშირებდა, რუსეთზე და სამხედრო გზაზე გავლით უნდა მომხდარიყო. ეს პროექტი ალბათ ქართველებისათვის რუსეთის გარდაუვლობის და აუცილებლობის წარმოდგენის გამომუშავების სტრატეგიის ნაწილი იყო.
ახლა თვითონ ქართველების და ზღვის შესახებ. რასაც ახლა დავწერ, იქიდან ზოგი მოუყოლიათ ჩემთვის, როგორც გადმოცემა/მითი, ზოგიც წამოკითხავს, ზოგიც კი – ისტორიკოსებს უთქვამთ, როგორც საკუთარი კვლევის შედეგი. ასე რომ, ის, რასაც ქვემოთ ნახავთ, არის ჭორების, ამბების და ისტორიული ფაქტების ნარევი. სულ არ მგონია, რომ ამის წაკითხვის შემდეგ ქართველების ანტი-ზღვური იდენტობის უმსჯელობა გაქრება, მაგრამ ვფიქრობ, რასაც დავწერ, საკმარისია იმისათვის, რომ უპირობოდ აღარ მივიღოთ უმსჯელობა და მსჯელობა მაინც მოგვინდეს ამ თემაზე.
უპირველეს ყოვლისა, ფლოტის და ნაოსნობის შესახებ: ვისაც შავ ზღვასთან საქმიანი, და არა მარტო საკურორტო, დამოკიდებულება აქვს, იცის, თუ როგორი არასანდოა ის სანაოსნოდ. ფაქტიურად არ არსებობს მეტ-ნაკლებად წყნარი პერიოდი, რომელიც რამდენიმე კვირას გრძელდება. შავი ზღვის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს შორის არ არსებობს არც ერთი, რომელმაც ფლოტი შავ ზღვაზე შექმნა და განავითარა (მხოლოდ საქართველოს ჰქონდა მცდელობა, ამაზე ქვემოთ მოგიყვებით). შავ ზღვაში მოარული ფლოტები ხმელთაშუა ან ეგეოსის ზღვების წყნარ და ნაოსნობისათვის იდეალურ პირობებში იყო შექმნილი და შემდეგ გადმოტანილი „ჩვენსკენ“.
ერთ-ერთი მთავარი ქართველურ-ანტი-ზღვური არგუმენტი, რომელსაც მოიხმობენ ხოლმე, არის ზღვის სამზარეულოს განუვითარებლობა. თითქოსდა რკინის არგუმენტია, მაგრამ ამ დროს საქართველოს ის ისტორიული ნაწილი გვავიწყდება, რომელიც დღეს თურქეთშია, ლაზებითაა დასახლებული და რომლების მთელი ცხოვრებაც დღესაც ზღვასთანაა დაკავშირებული. ის, რომ „ჩვენს“, საზღვარს აქეთ დარჩენილ ლაზებს ეს კულტურა დაავიწყდათ, არაფერია გასაკვირი: საბჭოთა ხელისუფლება ძალიან ზღუდავდა ქართველების ზღვასთან შეხებას, და „ჩვენი“ ლაზებიც იძულებულნი იყვნენ სხვა საქმე მოეძებნათ თავის სარჩენად.
ახლა რაც შეეხება მეზღვაურობას: შუა საუკუნეებში შავ ზღვაზე გენუელები დომინირებდნენ. მარკო პოლო სწორედ მათმა გემებმა ჩამოიყვანეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ქართველები, რომლებიც ეხლანდელი ბათუმის ტერიტორიიდან სამხრეთით სახლობდნენ, იყვნენ კარგი მეზღვაურები და ასევე – სახიფათო მეკობრეები. როგორც ჩანს – რაღაც თანამედროვე სომალელების მსგავს საქმიანობას ეწეოდნენ. არაფერს ვიტყვი ყაბალახზე, რომლის ფორმის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, მისი პირველადი დანიშნულება საზღვაო კაპიუშონობა იყო. რაც შეეხება საქართველოს სანაპიროს ზედა ზოლს – ის სანაოსნოდ ცუდი იყო, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ისინი, ვის ხელშიც ფოთის სანაპირო იყო, სავაჭრო გემის მფლობელებს გემის საფასურის ანაზღაურებას პირდებოდნენ, თუკი გემი ჩაიძირებოდა პორტში შემოსვლისას. მთლიანი ხისგან დიდი, ზღვაში სანაოსნო ნავების გამოთლის შუა საუკუნეების დროინდელი ხელობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე, გასაბჭოებამდე იყო შენარჩუნებული გურიაში.
იმის მაგალითად, შუა საუკუნეებში ზღვას რომ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქართველების ცხოვრებაში, ვფიქრობ, „ვეფხისტყაოსანიც“ საკმარისია. გახსოვთ ალბათ, რომ ზღვა ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია თხრობაში. ის, რომ საქართველოს ფლოტი არ ჰყავდა, ერთის მხრივ პოლიტიკით, ხოლო მეორე მხრივ ისევ და ისევ შავი ზღვის განსაკუთრებულად არეული ბუნებით აიხსნება. ნაოსნები ახლაც ერიდებიან შავი ზღვის პირდაპირ, მის ცენტრზე გავლით გადაკვეთას, და წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ის შუა საუკუნეების ზღვაოსნებისათვის. „ვეფხისტყაოსანზე“ გამახსენდა: ის, რომ ფრიდონი ნავს, რომელსაც ნესტან-დარეჯანი მიჰყავს, ნაპირ-ნაპირ მისდევს ცხენით, ძალიან „შავ-ზღვური“ ალუზიაა: შავი ზღვის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო ახლაც ყველაზე უხიფათო ნაოსნობა სანაპირო ზოლთან ახლოს მოძრაობაა.
ლაშა გიორგის ფლოტურ ამბიციებს რაც შეეხება: ალბათ ის დრო ყველზე უფრო ხელსაყრელი იყო ქართული ფლოტის დასაარსებლად: არც მანამდე და არც მერე – შავი ზღვა „უპატრონო“ აღარ ყოფილა: ბიზანტია, შავი ზღვის ფორმალური „მფლობელი“ – დასუსტებული იყო და არავინ არ შეუშლიდა ხელს ლაშა გიორგის დროინდელ საქართველოს შავი ზღვის დაპატრონებაში. მაგრამ მეფე გარდაიცვალა, საქართველოში მონღოლები შემოვიდნენ. მალევე შავ ზღვაზე გენუელები გაბატონდნენ.
მაგრამ თავი დავანებოთ შუა საუკუნეებს და თუნდაც მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოზე ვილაპარაკოთ. ის, რომ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის და იმერეთის ნაწილები კულტურულად საკმაოდ განვითარებული იყო, სწორედ ზღვის და საზღვაო ვაჭრობის დამსახურებაა. რას არ ნახავდით ხონელი და სენაკელი საშუალო ფენის მიერ ზღვის გავლით გამოწერილ/მიღებული ნივთების სიაში – პარიზული კაბებით დაწყებული, ავეჯით, წიგნებით და სათამაშოებით დამთავრებული. ის ფაქტიც, რომ დასავლეთ საქართველოში მცირე ქალაქების კულტურა განვითარებული იყო, სწორედ ზღვის სიახლოვით და მისი აქტიური გამოყენებით აიხსნება.
ამიტომ, ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევა სულაც არ იყო განუხორციელებელი პროექტი, როდესაც მან შავი ზღვისათვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება დააპირა, ვიდრე მას ჰქონდა იმდროინდელ საქართველოში. და გამოუვიდა კიდეც. მაგრამ გასაბჭოების შემდეგ შავი ზღვა რუსეთის ტბად გადაიქცა და ნიკოლაძის ყველა პროექტი თითქმის საუკუნით შეჩერდა.
საქართველო ახლაც ცნობილია კარგი მეზღვაურებით და კარგი საზღვაო სასწავლებელებით. ბევრი უცხოელი [განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აფრიკიდან] დღეს საზღვაო განათლებას სწორედ საქართველოში იღებს და აქ მიღებული დიპლომი ყველგან „გადის“. მესმის, რომ ეს რუსულ გავლენად შეიძლება ჩათვალოთ, მაგრამ 20 წელი ვერანაირი ინსტიტუციური გავლენა ვერ შენარჩუნდება, როცა წყარო აღარ არსებობს და თუ განვითარების საფუძველი არ არის.
დღეს შავი ზღვა, და განსაკუთრებით საქართველოს სანაპირო – ერთ ერთი ყველაზე უფრო შეუსწავლელი ადგილია ყველა სხვა ზღვასა და ოკეანეს შორის. ის, რომ აქამდე არ ხდებოდა მისი შესწავლა, მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან მომდინარე ინერციით თუ აიხსნება. ვფიქრობ, რომ სტუდენტების დაინტერესება საზღვაო კვლევებით, რომელთა რიცხვი ყოველ წელიწადს, ცოტათი, მაგრამ მაინც იზრდება, მიგვიყვანს იმ დრომდე, როდესაც ერთადერთი „ქართველურ-ანტი-ზღვური“ არგუმენტი მოხუცი და მოწყენილი ჰაიდეგერის მსგავსად, სიტყვებში ეროვნული ხასიათის ამოკითხვის საეჭვო სარწმუნოობის მქონე თამაში („ზღვა-ზღვარი“) იქნება. ზღვა კი იმავე ადგილს, თუ უფრო მეტს არა, დაიკავებს ქართველების თვითპრეზენტაციაში, იდენტობაში და თვითწარმოდგენაში, მას 100, 200 ან თუნდაც 800 წლის წინ ჰქონდა.

© azrebi.ge

P.S.

გიგა ზედანია

ბიბლიოგრაფიული დანამატი

წავიკითხე გიგი თევზაძის საინტერესო და ორიგინალური ტექსტი ”ქართველი და ზღვა”. გიგი ამტკიცებს, რომ საკმაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ქართველებს ზღვისადმი ირაციონალური შიში აწუხებთ და, ამის გამო, ზღვასთან შეხება ისტორიის მანძილზე თითქმის არ ჰქონიათ, უბრალოდ მცდარია. სრულიად ვეთანხმები გიგის ამ მოსაზრებას და გავამაგრებ მას ბიბლიოგრაფიული მითითებით:
თამაზ ბერაძე. ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა შუა საუკუნეების საქართველოში. თბილისი, ”მეცნიერება”, 1989 (რუსულ ენაზე).
საბჭოთა ანოტაციის ტრადიციები რომ გავიხსენოთ: ”წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ისე საქართველოში ზღვაოსნობის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის”.

Facebook Comments Box