Uncategorized

სალმან რუშდი – “რატომ არ უნდა იყოს ლიტერატურა პროვოკაციული? ის არაპროვოკაციული არასოდეს ყოფილა”

SalmanRushdie 2343

ჯეკ ლივინგსის ინტერვიუ სალმან რუშდისთან

სალმან რუშდი ბომბეიში დაიბადა 1947 წელს (სწორედ ამ წელს გამოცხადდა ინდოეთის დამოუკიდებლობა). განათლება მიიღო ინდოეთსა და ინგლისში. ამჟამად ის, ძირითადად, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მწერალს ვესაუბრეთ 2005 წლის 14 თებერვალს (წმინდა ვალენტინის დღეს), ზუსტად 16 წლის თავზე იმ დღიდან, როდესაც აიათოლა ჰომეინიმ დაწყევლა რუშდი თავის ფატვაში (რელიგიურ განაჩენში) და, ისლამური სამართლის შესაბამისად, სიკვდილი მიუსაჯა. 1998 წელს ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დაგმო ფატვა. რუშდი ამჟამად დარწმუნებულია, რომ საშიშროება აღარ ემუქრება, მაგრამ, მაჰმადიანი ფუნდამენტალისტების აზრით, ფატვა გაუქმებული არაა. ამიტომ რუშდის მისამართი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია.

რუშდი, რომელმაც მთელ მსოფლიოში ასეთი ფურორი გამოიწვია, რომელსაც ერთნი ხოტბას ასხამდნენ და თავისუფალი აზრის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, მეორენი კი წყევლიდნენ, ემუქრებოდნენ და მისი ფიტულიც კი დაწვეს, საოცრად უდარდელი და გულღია ადამიანია. ჯინსსა და სვიტერში გამოწყობილი მწერალი ათი წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე – რიჩარდ ავედონის ცნობილ პორტრეტზე (1995 წ.).

ფატვის გამო სალმან რუშდის სახელი ამჟამად ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ მისი, როგორც მწერლის რეპუტაცია არ შეულახავს პოლიტიკურ დევნას. 1993 წელს რუშდი დააჯილდოვეს პრიზით “ბუკერთა ბუკერი” რომანისთვის “შუაღამის შვილები”. ამჟამად ის ამერიკული პენ-ცენტრის პრეზიდენტია. რომანების გარდა, რუშდი არის პუბლიცისტური პროზის ხუთტომეულისა და მოთხრობათა კრებულის ავტორი. წმინდა ვალენტინის დღეს დაწნულ სავარძელში მჯდარმა მწერალმა გვაუწყა, რა საჩუქრის ყიდვას აპირებდა ცოლისთვის, შემდეგ კი პასუხი გასცა ჩვენს კითხვებს.

ჯეკ ლივინგსი

 

– რას იტყოდით თქვენი შემოქმედების შესახებ?

– ხშირად მიფიქრია: როგორ უნდა შევაგნებინოთ ადამიანებს, რომ ესა თუ ის ამბავი, ესა თუ ის აღწერილი ისტორია ყოველი ჩვენგანის ისტორიის ნაწილია? როგორ უნდა ვაიძულოთ მკითხველი, იგრძნოს, რომ ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენები მისი ცხოვრებისეული გამოცდილებაა? ბოლო სამი რომანი წარმოადგენდა მცდელობას, პასუხი გამეცა ამ კითხვებზე. ესენია: “მიწა მის ფეხთქვეშ”, “მრისხანება” და ახალი რომანი “კლოუნი შალიმარი”, რომელიც იწყება და მთავრდება ლოს-ანჯელესში, მაგრამ მოქმედება ვითარდება ხან ქაშმირში, ხან ნაცისტების მიერ ოკუპირებულ სტრასბურგში, ხან კი – 1960-იანი წლების ინგლისში. “შალიმარის” გმირი მაქს ოფალსი მონაწილეობს წინააღმდეგობის მოძრაობაში მეორე მსოფლიო ომის დროს. წინააღმდეგობა, რომელსაც “ჰეროიკულს” ვუწოდებთ, იყო, ფაქტობრივად, ამბოხება ოკუპაციის პერიოდში. ამჟამად ხდება სხვა სახის ამბოხებები, რომელთაც ჰეროიკულს კი არა, ტერორისტულს ვუწოდებთ. არ მსურს, განვსაჯო ისინი. უბრალოდ, აღვწერ, რა ხდებოდა უწინ და რა ხდება ახლა. მკითხველი თავად უნდა დააკვირდეს, რა მიმართებაა ამ ორი სახის მოვლენებს შორის. არა მგონია, რომ რომანისტმა თავის ნაწარმოებში დასკვნები უნდა გამოიტანოს…

– დასკვნებისგან თავს იკავებთ?

– დიახ. ამის წინააღმდეგი ვარ. მწამს, რომ მკითხველის ინსტრუქტირებით რომანი ზარალდება (თუ ტექსტს განმარტებით შენიშვნას ვურთავ, ეს სხვა საქმეა). მაგალითად, შალიმარი ბოროტმოქმედია, მკვლელია, მაგრამ გარკვეულ მომენტებში – თუნდაც, იმ სცენაში, როდესაც ის სან-კვენტინის კედლის თავზე მირბის – თანავუგრძნობთ მას. მინდოდა, მკითხველს კი არ განეკითხა გმირი, არამედ განეცადა ის, რასაც შალიმარი განიცდის. სხვათა შორის, ეს ჩემი ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც “შექმნილია” პერსონაჟების მიერ. წიგნის თავდაპირველი ჩანაფიქრი უგულებელვყავი, რადგან პერსონაჟებმა სიუჟეტი თავიანთ ნებაზე წარმართეს.

– რას გულისხმობთ?

– წერის დროს მოვლენები თავისთავად, ჩემთვის მოულოდნელად ვითარდებოდა. უცნაური განცდები დამეუფლა. იმდენად გატაცებული ვიყავი ჩემი პერსონაჟების ბედ-იღბლით, რომ ზოგჯერ დავტიროდი მათ. წიგნში არის ეპიზოდი, როდესაც ბუნის მამა, პანდიტი პიარელალი, თავის ხეხილის ბაღში კვდება. მაგიდასთან ვიჯექი და ვიცრემლებოდი. არ მესმოდა, რა მემართებოდა. რომანში არის, აგრეთვე, ეპიზოდი, რომელშიც საუბარია ქაშმირის სოფლის განადგურების შესახებ. ძალიან გამიჭირდა მისი დაწერა. მეგონა, რომ წერის უნარი დავკარგე. ბევრ მწერალს განუცდია ამგვარი რამ ტრაგიკული ამბების აღწერისას. მანამდე არასოდეს მიფიქრია, რომ წერის სურვილს დავკარგავდი. საშინელება იყო.

– პოლიტიკისა და ძალაუფლებისადმი ინტერესის გარდა, თქვენს შემოქმედებაში უამრავი ფანტასტიკური გამონაგონიც გვხვდება. როგორც მახსოვს, ერთხელ თქვით, რომ მწერლად გაქციათ ფილმმა “ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან”.

– ფილმის ნახვის შემდეგ დავწერე მოთხრობა, სახელწოდებით P- “ცისარტყელაზე”. ალბათ, ცხრა თუ ათი წლისა ვიქნებოდი. მოთხრობის გმირი იყო ბიჭი, რომელმაც ბომბეიში იხილა ცისარტყელა, ავიდა მასზე და ზღაპრული თავგადასავლები შეემთხვა. საბედნიეროდ, მოთხრობა არ შემინახავს.

– იმხანად რას კითხულობდით?

– სანამ ინგლისში ჩამოვიდოდი, ჩემი საყვარელი მწერლები იყვნენ პ.ჯ. ვუდჰაუსი და აგათა კრისტი. მათYწიგნებს სულმოუთქმელად ვკითხულობდი. ბაბუაჩემი ცხოვრობდა ალიგარში, ნიუ-დელის მახლობლად. ალიგარის მაჰმადიანურ უნივერსიტეტთან არსებულ ტიბიას კოლეჯში მუშაობდა. ბაბუამ სამედიცინო განათლება ევროპაში მიიღო, მაგრამ კარგად იცნობდა ინდურ ტრადიციულ მედიცინასაც. ველოსიპედით მივყავდი ხოლმე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და იქ მტოვებდა. მახსოვს წიგნების უზარმაზარი თაროები და კიბე, რომლის მეშვეობით ზედა თაროებიდან წიგნების გადმოღება შეიძლებოდა. ბიბლიოთეკიდან გამოტანილ ვუდჰაუზისა და აგათა კრისტის ტომებს ერთი კვირის განმავლობაში ვკითხულობდი, შემდეგ კი სხვა წიგნები მომქონდა. ვუდჰაუზი მაშინ ძალიან პოპულარული იყო ინდოეთში და, ალბათ, ახლაც ასეა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ?

– როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ვუდჰაუსის იუმორი წააგავს ინდოელთა იუმორს.

– ესე იგი, თქვენ წერდით მოთხრობებს ცამეტი წლის ასაკამდე, სანამ რაგბიში (ინგლისი) გაემგზავრებოდით?

– არაფერი მახსოვს, გარდა მოთხრობისა “ცისარტყელაზე”. იმხანად საგულდაგულოდ ვეცნობოდი ინგლისურ ლიტერატურას. მახსოვს, ერთხელ დაგვავალეს, დაგვეწერა ლიმერიკი რაიმე თემაზე. ერთს თუ დავწერდით, შემდეგ ორი უნდა დაგვეწერა. სანამ ჩემი თანაკლასელები ცდილობდნენ დაეწერათ ერთი ან ორი უხეირო ლიმერიკი, მე ოცდაჩვიდმეტი დავწერე. პედაგოგმა დაასკვნა, როგორც ჩანს, იცუღლუტეო. მისი უსამართლო ბრალდება ახლაც მტკენს გულს. მე ხომ ედვარდ ლირის წიგნი მქონდა შინ და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ლიმერიკი დავიზეპირე. შექების ნაცვლად, დამადანაშაულა.

– კითხულობთ თუ არა მხატვრულ ლიტერატურას, როდესაც რომანზე მუშაობთ?

– არც ისე ბევრს. ყოველ შემთხვევაში, არც ისე ბევრ თანამედროვე ნაწარმოებს. უფრო კლასიკა მიტაცებს. მაგალითად, როდესაც “მრისხანებას” ვწერდი, ვკითხულობდი ბალზაკს, კერძოდ – “ეჟენი გრანდეს”. თუ წაიკითხავთ ამ რომანის დასაწყისს, დარწმუნდებით, რომ ბალზაკი იყენებს მეთოდს, რომელსაც კინოობიექტივის პრინციპი შეიძლება ვუწოდოთ. თავდაპირველად მწერლის თვალთახედვის არე ძალზე ფართოა – ქალაქი, მისი შენობები, ეკონომიკური სიტუაცია. შემდეგ მისი ყურადღების ცენტრში ექცევა ქალაქის ერთი რაიონი, ამ რაიონის ერთი სახლი, ამ სახლის ერთი ოთახი და, ბოლოს, ამ ოთახში მჯდარი ქალი. ეს ქალი თითქოს თავისი კლასის, გარკვეული სოციალური სიტუაციის, საზოგადოების ტყვეა. ეჟენი გრანდე გალიაში მყოფ ჩიტს წააგავს. როდესაც მისი ამბის გადმოცემა იწყება, ხვდებით, რომ ყველაფერი ეს უნდა დაინგრეს.

– კინოში ხშირად დადიხართ ხოლმე?

– ძალზე ხშირად. ჩემი თვალსაზრისი ლიტერატურის შესახებ მნიშვნელოვანწილად ჩამოყალიბდა ახალგაზრდობის წლებში, როდესაც – მეოცე საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში – მსოფლიო კინემატოგრაფის უჩვეულო აღმავლობის ეტაპი დადგა. ვფიქრობ, ისევე ბევრი რამ ვისწავლე ბუნუელის, ბერგმანის, გოდარისა და ფელინის ფილმებიდან, როგორც ლიტერატურიდან. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში აჩვენებდნენ ფელინის “8 1/2” -ს, შემდეგ კი, ყოველი მომდევნო კვირის განმავლობაში, გოდარის, ბერგმანის, სატიაჯიტ რეის და, ბოლოს, კუროსავას ფილმებს. ეს რეჟისორები არა მარტო ახლებურად, არამედ დეტალურადაც ასახავდნენ თავიანთ მსოფლხედვას. მათ ქმნილებებს სერიოზული ჩანაფიქრი ედო საფუძვლად. ახლა კინოც და ლიტერატურაც გაზარმაცდნენ. რეჟისორები ტყუილუბრალოდ იღებენ ანაზღაურებას. იღებენ ერთ საინტერესო ფილმს და მდიდრდებიან. ვერ ნახავთ ფილმს, რომელსაც კოჰერენტული ინტელექტუალური და მხატვრული სტრუქტურა ჰქონდეს. ეს აღარავის აინტერესებს.

– რა მოგცათ თქვენ, როგორც მწერალს, ამ ფილმებმა?

– “ახალი ტალღის” ტექნიკურმა თავისუფლებამ მიბიძგა ენის თავისუფლებისადმი. კინომონტაჟის კლასიკური ფორმა ხომ ამგვარია: საერთო პლანი, საშუალო პლანი, მსხვილი პლანი, საშუალო პლანი, საერთო პლანი. ეს საშინლად მოსაწყენია. ორმოცდაათიანი წლების ფილმები სწორედ ასეა გადაღებული. გოდარი კი მკვეთრად “გადახტება” ხოლმე ფართო სცენიდან მსახიობების, მაგალითად, ბელმონდოს ან ანა კარინას სახეებზე. გოდარის ფილმებში გმირი ზოგჯერ უშუალოდ ელაპარაკება კამერას…

– რადგან რეჟისორს არ ჰქონდა საკმარისი თანხა, რათა მთელი სცენა გადაეღო.

– მართალია. მაგრამ მომწონდა თვით ეს იდეა, მოძველებული სტრუქტურის რღვევა, ის, რომ ამ ფილმებში ერთდროულად გვხვდება კომიკური და სერიოზული ელემენტები. “ალფავილში”, რომელიც “შავი” ფილმია, არის შესანიშნავი სცენა, როდესაც კერძო დეტექტივი ლემი კოუშენი აღმოაჩენს, რომ ყველა სუპერგმირი მკვდარია. “ბეტმენი?” “მკვდარია”. “სუპერმენი?” “მკვდარია”. “ფლეშ გორდონი?” “მკვდარია.” ეს კომიკურ შთაბეჭდილებას ახდენს. მიყვარს ბუნუელის სიურრეალიზმი, რაც არ ნიშნავს, რომ მისი ფილმები რეალობისგან შორსაა. “ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლში” პერსონაჟები უნიტაზებზე სხედან მაგიდის გარშემო, შემდეგ კი წარბშეუხრელად გადიან მეზობელ ოთახში სასადილოდ; მიყვარს ბერგმანის მისტიციზმი “მეშვიდე ბეჭედში” და მისივე ფსიქოლოგიზმი; აგრეთვე – კუროსავა, რომელსაც შევყავართ აბსოლუტურად დახურულ კულტურაში, სამურაების კულტურაში. ჩემთვის უცხოა სამურაების აზროვნება, მაგრამ მიყვარს ტოსირო მიფუნე. ესაა ხელოვნების ერთ-ერთი ეფექტი. მას შეყავხართ ახალ სამყაროში, რომელსაც თქვენი სამყაროს ნაწილად აქცევს. კინემატოგრაფიის ამ დიადი პერიოდის შესწავლა რომანისტებისთვის შეიძლება ძალზე სასარგებლო იყოს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწავლა-განათლება კინოში მივიღე.

– შეგნებულად სწავლობდით?

– არა. უბრალოდ, კინოში სიარული მიყვარდა. კინოში უკეთ ვგრძნობდი თავს, ვიდრე – ბიბლიოთეკაში. ამჟამად ბევრი მკითხველი მეუბნება, რომ ჩემი რომანები ვიზუალურ აღქმას ემყარება.

ზოგიერთ ადამიანს ვუყვარვარ სწორედ იმის გამო, რის გამოც სხვებს ვძულვარ. მწერლის ძალა, იმავდროულად, მისი სისუსტეა. ზოგჯერ ერთსა და იმავე ციტატებს იმოწმებენ იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი ან ცუდი მწერალი ვარ. ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ჩემი რომანები, ამბობენ, რომ მათში შთამბეჭდავადაა ასახული ქალთა სახეები, ხოლო ისინი, ვისაც არ მოსწონს ჩემი რომანები, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ არ მეხერხება ქალთა სახეების ხატვა.

– დაწერდით თუ არა აპოლიტიკურ რომანს?

– დიახ. დიდი სიამოვნებით. გული მწყდება, რომ აქამდე მსგავსი არაფერი დამიწერია. ვფიქრობ, ამჟამად გაქრა ზღვარი პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის. უწინ მათ შორის მნიშვნელოვანი დისტანცია იყო. მაგალითად, ჯეინ ოსტინს არც ერთხელ არ უხსენებია თავის რომანებში ნაპოლეონის ომები, თუმცა ბრიტანეთის არმიის წარმომადგენლები მათში გვხვდებიან. ოსტინი თავს კი არ არიდებდა ამ თემას, არამედ შეეძლო სრულად და ღრმად დაეხატა თავისი პერსონაჟების ცხოვრება და, ამავე დროს, გვერდი აევლო საზოგადოებრივი მოვლენებისთვის. ეს ახლა წარმოუდგენელია, და არა მარტო იმის გამო, რომ ტელევიზორი ყოველ ბინაში დგას, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გვაქვს თუ არა სამუშაო? როგორია ჩვენი ფულის ღირებულება? ყველაფერი ეს განისაზღვრება იმ მოვლენებით, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ჰერაკლიტეს შეხედულება იმის შესახებ, რომ ხასიათი განსაზღვრავს ბედს, ამჟამად არ მართლდება. ხდება ისე, რომ თქვენს ბედს თქვენივე ხასიათი კი არ განსაზღვრავს, არამედ – თვითმფრინავი, რომელიც ეჯახება იმ შენობას, სადაც იმყოფებით. გარესამყარო შემოიჭრება რომანში არა იმის გამო, რომ პოლიტიკური მოვლენების აღწერა მსურს, არამედ იმიტომ, რომ ვწერ ადამიანების შესახებ.

– მაგრამ ამერიკულ ლიტერატურაში სხვაგვარი სიტუაციაა – პოლიტიკა გამიჯნულია ლიტერატურისგან. ის რასაც წერენ ამერიკელი რომანისტები, არ ზემოქმედებს ვაშინგტონის პოლიტიკაზე.

– დიახ, სამწუხაროდ, ასეა.

– როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ინდოეთში მხატვრულ ლიტერატურას პოლიტიკური ღირებულება?

– არა. ნეტავ ჰქონოდა. მაგრამ თვით მწერლების შეხედულებებს ინდოეთში კვლავინდებურად ანგარიშს უწევენ – რაც დამახასიათებელი არაა ამერიკისთვის. მათი თვალსაზრისები საზოგადოებრივად ფასეულია. ასეა ინგლისშიც. ასეა ევროპაში. ასე იყო ამერიკაშიც ცოტა ხნის წინ. ეს იყო მეილერის, ზონტაგის, ართურ მილერის თაობა.

– რატომ მოხდა ასე?

– არ ვიცი. ბრიტანეთის იმპერიის ძლიერების დროს ინგლისელი რომანისტები არც ისე ხშირად წერდნენ ბრიტანეთის პოლიტიკის შესახებ. გასაკვირია, რომ მაშინ, როდესაც ინგლისი ზესახელმწიფო იყო, მისი პოლიტიკა მწერალთა უმრავლესობის ინტერესთა სფეროში არ შედიოდა. შესაძლოა, ახლა, როდესაც ამერიკა გლობალურ ზესახელმწიფოდ იქცა, სიტუაცია მეორდება. ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ სიტყვა “ამერიკა” ძლევამოსილების სინონიმია. აქ არიან პოლიტიკით დაინტერესებული მწერლები – დე ლილო, რობერტ სთოუნი, ჯოან დიდიონი და სხვები. მაგრამ ვფიქრობ, რომ მრავალ ამერიკელ მწერალს სულაც არ აინტერესებს, როგორი წარმოდგენა აქვთ ამერიკის შესახებ საზღვარგარეთ. ამიტომ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა გულგრილია პოლიტიკური პრობლემების მიმართ.

– გვიამბეთ, როგორ მუშაობთ.

– თუკი პრესას კითხულობთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ, თითქოს წვეულებებზე სიარულის გარდა, სხვას არაფერს ვაკეთებ. სინამდვილეში ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემს კაბინეტში ვზივარ. როდესაც ვასრულებ მუშაობას, მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობ ტექსტის მომდევნო ნაწილის შესახებ. ამიტომ მეორე დღეს უფრო მიადვილდება მუშაობის გაგრძელება, რადგან უკვე ვიცი, როგორია პირველი წინადადება. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაქვს მის შესახებ. ძალიან მიჭირს წერის დაწყება. ახალგაზრდობისას გაცილებით უფრო იოლად ვწერდი, მაგრამ, საშუალება რომ მქონდეს, იმდროინდელ თხზულებებს მთლიანად გადავასწორებდი. ახლა გაცილებით ნელა ვწერ და დიდ ხანს ვანდომებ გადასწორებას. დღის განმავლობაში რამდენიმე ასეულ სიტყვას ვწერ ხოლმე.

– დილით ადრე დგებით და მუშაობთ?

– დიახ. სწორედ ასე ვიქცევი. არავითარ უჩვეულო, მისტიკურ მანიპულაციებს არ მივმართავ. უბრალოდ, ვდგები, ქვემოთ ჩავდივარ და ვწერ. დილით მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ და ამიტომ სანამ წავიკითხავ გაზეთებს, შევამოწმებ ელექტრონულ ფოსტას, ვიბანავებ ან დავურეკავ ვისმე, პიჟამაში ჩაცმული ვუჯდები საწერ მაგიდას. ადგილიდან ფეხს არ ვიცვლი, სანამ ნაწერით კმაყოფილებას არ ვიგრძნობ. როდესაც მეგობრებთან ერთად სადმე ვსადილობ, შინ დაბრუნებისას საწერ მაგიდას ვუბრუნდები და ვკითხულობ იმას, რაც დილით დავწერე. იმისდა მიუხედავად, მომწონს თუ არა ჩემ მიერ შეთხზული ტექსტი, ის ყოველთვის საჭიროებს რაღაცის ჩამატებას ან ამოშლას. მადლობა ღმერთს, რომ კომპიუტერი აადვილებს ამ სამუშაოს.

– როგორ შეიქმნა “შუაღამის შვილების” პერსონაჟის, სალიმ სინაის სახე?

– ყოველთვის მინდოდა დამეწერა ნაწარმოები, რომელშიც აისახებოდა ჩემი – ბომბეიში გაზრდილი ბავშვის – განცდები. ინდოეთში აღარ ვიმყოფებოდი და ვშიშობდი, რომ ჩემი მოგონებები სამშობლოს შესახებ მნიშვნელოვანწილად გაუფერულდა. ამასთან, თუ ბავშვის დაბადების თარიღი ემთხვევა სახელმწიფოს შექმნის თარიღს, მაშინ ისინი, გარკვეულწილად, ტყუპები არიან და ერთი მათგანის შესახებ თხრობისას მეორეც უნდა გაითვალისწინოთ. ამიტომაც დავწერე რომანი. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ამ რომანზე მუშაობას ხუთი წელი მოვანდომე, იყო ის, რომ არ ვიცოდი, როგორ უნდა მეწერა. ერთ-ერთი პირველი ვარიანტი იწყებოდა სიტყვებით: “თქვენი ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენს დაბადებამდე მოხდა”. ვგულისხმობდი, რომ ახალდაბადებული ბავშვების ცნობიერება ცარიელი არაა. მასში აკუმულირებულია ამ ბავშვების ოჯახისა და მათი ქვეყნის ისტორია. ეს ძალიან წააგავს ტოლსტოის თვალსაზრისს. თუმცა, ზოგადად, ამ წიგნს საერთო არაფერი აქვს “ანა კარენინასთან”. ეს წინადადება რომანის საბოლოო ვარიანტში ჩავრთე, მაგრამ დამავიწყდა – სად.

მესამე პირში თხრობა ვერ ვიგუე და გადავწყვიტე, პირველ პირში მომეთხრო ამბავი. დადგა დღე, როდესაც დავწერე ის, რაც ახლა “შუაღამის შვილების” პირველი გვერდია. ძალიან აღგზნებული ვიყავი. ეს იყო ერთ-ერთი მომენტი, როდესაც გჯერათ, რომ შემოქმედება ხორციელდება თქვენი საშუალებით და არა თქვენ მიერ. ვხედავდი, როგორ ერწყმოდა ერთმანეთს ძველი ინდური ზეპირმეტყველებითი ნარატიული ფორმები, ინდური ქალაქის ხმაური და მუსიკა. პირველმა აბზაცმა მიჩვენა, რა მიმართულებით წარიმართებოდა თხრობა. სალიმს ტანსაცმლის კალთებზე ჩავებღაუჭე და მის ნებას დავემორჩილე. იყო მომენტები, როდესაც ის იმედებს მიცრუებდა. სულ უფრო პასიური ხდებოდა. ვცდილობდი, უფრო აქტიური ყოფილიყო, თავისთავზე აეღო პასუხისმგებლობა მოვლენების გამო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. შემდგომში მკითხველები ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. რადგან ჩვენ შორის ყოველთვის მიმდინარეობდა ბრძოლა, რომელშიც დავმარცხდი.

– თქვენი რომელი ნაწარმოები დაიწერა ასევე დამოუკიდებლად, თავისთავად?

– ყოველი ნაწარმოები თვითონვე განსაზღვრავს, როგორ უნდა დავწეროთ ის, და ამის აღმოჩენის მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია. მსგავსი რამ განვიცადე, როდესაც ვწერდი “ჰარუნს და ისტორიების ზღვას”. თხრობის მართებული კილოსთვის უნდა მიმეგნო. ერთ მშვენიერ დღეს დავწერე რომანის პირველი სტრიქონები. და მივხვდი, რომ უნდა უნდა მომეძებნა “იყო და არა იყო რას” მსგავსი სიტყვიერი ფორმულა. იგავ-არაკების თავისებურება ისაა, რომ გამოყენებული სიტყვები მარტივია, გადმოცემული ამბავი კი – რთული. ეს კარგად ჩანს ინდურ იგავ-არაკებში, მაგალითად, “პანჩატანტრაში”, ასევე – ეზოპეს თხზულებებში და თანამედროვე იგავ-არაკებშიც, თუნდაც, კალვინოს ნაწარმოებებში.

ჯოზეფ ჰელერმა ერთხელ თქვა, რომ არსებობს წინადადებები, რომლებიც ას წინადადებას შეიცავს. როდესაც მან “ხაფანგი-22”-ს თხზვა დაიწყო და აღწერდა, როგორ შეუყვარდა იოსარიანს კაპელანი, ერთმა წინადადებამ განსაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო რომანის დანარჩენი ნაწილი. ასე მომივიდა მეც, როდესაც ვწერდი “შუაღამის შვილების” დასაწყისსა და “ჰარუნს”. მართლაც განვიცადე შთაგონების წუთები, მაგრამ როდესაც “სატანურ ლექსებს” ვწერდი, დიდხანს ვიწვალე, სანამ მოვიფიქრებდი სცენას, რომლითაც ახლა იწყება რომანი – პერსონაჟები ციდან ძირს ცვივიან. როდესაც ამ სცენას ვწერდი, თვითონაც მიკვირდა, როგორ მომაფიქრდა რომანის ამგვარი დასაწყისი.

– ყველა მწერალს აქვს შენახული თუნდაც ერთი დაწუნებული ხელნაწერი მაგიდის უჯრაში.

– უჯრაში სამი დაწუნებული ხელნაწერი მიდევს. “შუაღამის შვილებზე” მუშაობის დაწყებამდე (დაახლოებით 1975 წლის ბოლოს თუ 1976 წლის დასაწყისში) კრიზისის პერიოდი გადავიტანე. საკუთარ თავში ვერ გავრკვეულიყავი, ვერ ვხედავდი, რომელი გზით უნდა მევლო ლიტერატურაში. ამიტომ ვწერდი ნაგავს – ზოგჯერ ჭკვიანურს, მაგრამ მაინც ნაგავს. ვფიქრობ, ასეთი იყო “გრიმუსიც”. ჩემს სხვა თხზულებებს არ ჰგავს. ან მხოლოდ ნაწილობრივ ჰგავს. ზოგჯერ ძალიან მრცხვენია ამის გამო, მაგრამ უკვე ვერაფერს გავაწყობ. ის გამოქვეყნებულია. ვერაფერს შევცვლი. თუ რაიმეს დაბეჭდვისას შეცდომა დაუშვი, ის უცვლელად უნდა დატოვო. არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო შეგაქებენ კიდეც, ჩემდა გასაკვირად.

როდესაც კრიტიკოსებმა დაიწუნეს “გრიმუსი”, საგონებელში ჩავვარდი. ძალიან დავფრთხი. ვფიქრობდი, რომ ჩემი, როგორც მწერლის კარიერა არ შედგებოდა. ჩემი თაობის უამრავ მწერალს – მარტინ ემისს, იან მაკიუენს, ჯულიან ბარნსს, უილიამ ბოიდს, კაძუო იშიგუროს, ტიმოთი მოს, ანჯელა კარტერს, ბრიუს ჩეტუინს უკვე აღიარება ჰქონდა მოპოვებული, მე კი – არა. ძალიან დაბნეული გახლდით.

– მაგრამ გავიდა დრო და რუშდი საკულტო ფიგურად იქცა. ფიქრობთ თუ არა ამის შესახებ, როდესაც საწერ მაგიდასთან ზიხართ?

– როდესაც ჩემს კაბინეტში ვიმყოფები, სამუშაოს გარდა, არაფერზე ვფიქრობ. ლიტერატურული შემოქმედება ძალზე ბევრ ძალებს მოითხოვს მწერლისგან. უმეტესი დროის განმავლობაში უძლურებას ვგრძნობთ სიტყვასთან ჭიდილში. განსაკუთრებით რთულია მუშაობის საწყისი ეტაპი. ამ ეტაპზე ყოველთვის ვშიშობ, რომ თავს ვერ გავართმევ დასახულ ამოცანას. კარგად არც კი მესმის ხოლმე, რაში მდგომარეობს ეს ამოცანა. და ამ დროს სულაც არ მაინტერესებს, ვარ თუ არა საკულტო ფიგურა.

უფრო ძნელია პრესის მტრული დამოკიდებულების ატანა. გამიკვირდა, როდესაც ბრიტანულ პრესაში უსიამოვნო ადამიანად მომიხსენიეს. არ მესმის, რით დავიმსახურე ამგვარი შეფასება. ვიცი, რომ არის პერიოდები, როდესაც გაქებენ და პერიოდები, როდესაც გაძაგებენ. როდესაც “მრისხანება” გამოქვეყნდა, ის პერიოდი იყო, როდესაც მაძაგებდნენ. ვგრძნობდი, რომ კრიტიკული გამონათქვამების უმრავლესობა წიგნის წინააღმდეგ კი არა, ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული. ისიც გამიკვირდა, რომ “მრისხანებისადმი” მიძღვნილ კრიტიკულ სტატიებს ახლდა ჩემი ფოტოსურათი მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც ახლა ჩემი ცოლია. რა კავშირი ჰქონდა ამას რომანთან? განა ჯონ აპდაიკის ან სოლ ბელოუს წიგნების მიმოხილვებს მათი ცოლების ფოტოსურათებს ურთავენ?

– თქვენ ახსენეთ ინგლისელი მწერლების თაობა. რას იტყოდით ნიუ-იორკელი მწერლების შესახებ?

– ამერიკელ მწერალთა ახალგაზრდა თაობაზე დიდ იმედებს ვამყარებ. მაგრამ იყო დრო, როდესაც ამერიკული ლიტერატურა რამდენადმე გაუბედავი გახლდათ. მაგალითად, არაჩვეულებრივად ნიჭიერი მწერლის, რეიმონდ კარვერის მიმდევართა უმრავლესობის ნაწარმოებები ძალზე ბანალურია. თითქოს ლიტერატურას სხვა დანიშნულება არ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ აღწეროს ამგვარი სურათი: ორი ადამიანი მაგიდას უზის, ვისკის სვამს და კლიშირებული ფრაზებით ესაუბრება ერთმანეთს. ახლა ამერიკელი მწერლები ცდილობენ, შექმნან ახალი, საინტერესო ლიტერატურა. ზოგიერთს ეს გამოსდის, ზოგიერთს -არა. მაგრამ კარგი იქნება, ეს სულისკვეთება შეინარჩუნონ.

უცნაურია, მაგრამ სამოცდაათიანი და ოთხმოციანი წლების ინგლისში არ გვსურდა, ჩვენთვის “თაობა” ეწოდებინათ. ერთმანეთს, უმეტესად, არ ვიცნობდით და ვერ ვხვდებოდით გვაერთიანებდა თუ არა რაიმე. არ ვგავდით სიურრეალისტებს, რომლებმაც საერთო მანიფესტი შეიმუშავეს. ერთმანეთის ნაწერების შესახებ არ ვსაუბრობდით. საკმარისად გამიჭირდა საკუთარი გზის მოძებნა და არ მაინტერესებდა სხვათა შეხედულებები.

– დაწერთ თუ არა ოდესმე მემუარებს?

– სანამ განაჩენს გამომიტანდნენ, აზრადაც არ მომსვლია, რომ ჩემი ცხოვრება ვინმესთვის შეიძლება საინტერესო ყოფილიყო. ვწერდი მხოლოდ რომანებს და ვიმედოვნებდი, რომ ისინი საინტერესო იყო. მაგრამ როდესაც ეს უცნაური ამბები შემემთხვა, დღიურის წერა დავიწყე, უბრალოდ, იმისთვის, რომ არ დამვიწყნოდა რაიმე. როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მემუარები დამეწერა.. მაგრამ შემდეგ გავიფიქრე, რომ ერთი წელი დასჭირდებოდა მომხდარის გააზრებას, ერთი წელი – წერას, და კიდევ ერთი წელი საჯარო გამოსვლებს მემუარებში აღწერილ მოვლენებთან დაკავშირებით. ყველივე ამას ერთობლივად სამი თუ ოთხი წელი დასჭირდებოდა. ამიტომ მემუარების წერაზე ხელი ჩავიქნიე.

– შეგირყიათ თუ არა ფატვამ საკუთარი თავის რწმენა?

– თავდაპირველად მართლაც მაიძულა, საკუთარ ძალებში დავეჭვებულიყავი. ბევრი ვიფიქრე, შემდეგ ერთი ამოვიოხრე და კვლავ განვაგრძე მუშაობა. ამ წიგნის წერას ხუთ წელზე მეტ ხანს მოვუნდი. დაძაბულად ვმუშაობდი მასზე. წამითაც არ მიფიქრია ფულის ან სახელის მოხვეჭაზე. ვცდილობდი მხოლოდ, შემექმნა რაც შეიძლება სრულყოფილი ნაწარმოები, საინტერესო პერსონაჟებითა და სიუჟეტით. მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. იმდენად დაძაბულად ვმუშაობდი, რომ სრულიად არ მაღელვებდა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, წიგნის გასაღება და ა.შ. ასე გავატარე ხუთი წელი. საპასუხოდ საქვეყნოდ გამლანძღეს. გარდა ამისა, სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდე. მუქარის გარდა, დამამცირეს, დააკნინეს ნაწარმოების ღირსებები. ამბობდნენ, რომ მე ვარ უღირსი პიროვნება, რომელმაც დაწერა უღირსი წიგნი. საუბედუროდ, დასავლეთშიც კი ზოგიერთი ასე ფიქრობდა. ვფიქრობდი, რა ეშმაკად მინდა ლიტერატურა-მეთქი. ხუთი წლის თავდადებული მუშაობის საპასუხოდ დამაბრალეს, თითქოს ქარაფშუტა და მერკანტილური ადამიანი ვიყავი და ეს რომანი განზრახ დავწერე. რა თქმა უნდა, განზრახ დავწერე! განა შეიძლება, ხუთი წელი შემთხვევით საქმიანობას ეწეოდე??

– ისინი გულისხმობდნენ, რომ პროვოკაციული მიზანი გქონდათ. ხვდებოდით თუ არა, რომ თქვენი სეკულარული თვალსაზრისი ისლამთან დაკავშირებით შეიძლებოდა პროვოკაციული ყოფილიყო?

– ვიცოდი, რომ ჩემი ნაწარმოები არ მოეწონებოდათ რადიკალურად განწყობილ მოლებს.

– და სწორედ ამან გამოიწვია ფატვა.

– რა თქმა უნდა. რასაც არავინ მოელოდა. არავინ. ეს ადრე არასოდეს მომხდარა. შემდგომში შევიტყე, რომ ირანელებს ფარსიზე უკვე ეთარგმნათ ჩემი წინამორბედი რომანი, “სირცხვილი”, და პრემიაც მიეღოთ საუკეთესო თარგმანისთვის. ამიტომ, როდესაც “სატანური ლექსები” გამოქვეყნდა, თვით ირანელი წიგნით მოვაჭრეენიც ფიქრობდნენ, რომ საგანგაშო აქ არაფერი იყო, რადგან მოლებმა მოიწონეს ჩემი წინამორბედი წიგნი. ამდენად, რეაქციამ, რომელიც მოჰყვა “სატანური ლექსების” გამოქვეყნებას, ირანელებიც კი ძალზე გააოცა.

– მაგრამ ის, რომ წინასწარ არ გაითვალისწინეთ ამგვარი რეაქცია, ძვირად დაგიჯდათ.

– რომანზე მუშაობის დასრულების შემდეგ ის წავაკითხე ედვარდ საიდს. მან მირჩია, დავლაპარაკებოდი იმათ, ვისაც შემდგომში ესოდენ მძაფრი რეაქცია ჰქონდათ ამ წიგნზე. მე, გულუბრყვილოდ, უარით ვუპასუხე. არ მესმოდა, რატომ უნდა შეშფოთებულიყვნენ ინგლისურ ენაზე დაწერილი ხუთასორმოცდაათგვერდიანი რომანის გამოცემის გამო. და, საერთოდ, არ მეგონა, რომ ეს რომანი მათი თვალთახედვის არეში მოექცეოდა. ამიტომ თავი არ შემიწუხებია.

გარდა ამისა, რატომ არ უნდა იყოს ლიტერატურა პროვოკაციული? ის არაპროვოკაციული არასოდეს ყოფილა. და წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც თავს ესხმიან, პასუხისმგებელია ამ თავდასხმების გამო, უდანაშაულოს დანაშაულს მიაწერს – რაც არც ისე ძნელი გახლდათ 1989 წელს. უკანასკნელ ხანებში ალ-ქაიდას მიერ განხორციელებულ აქტებთან დაკავშირებით ინგლისელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ყველაფერი “სატანური ლექსებით” დაიწყო. უკვე ყველა თანამიგრძნობს იმის გამო, რაც იმხანად შემემთხვა. ადამიანებს რადიკალური ისლამის არსი ახლა უკეთ ესმით.

– ასე რომ, ახლა ჩვენ ყველანი სალმან რუშდის მდგომარეობაში ვართ?

– დიახ. ამგვარი ფრაზები ახლა განუწყვეტლივ გაისმის ინგლისურ პრესაში. 1989 წელს კი სწორედ ამ პრესაში წერდნენ, რომ ვიყავი მეამბოხე, რომელიც იზოლირებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებისგან მთავრობის მიერ. როდესაც გადავწყვიტე ნიუ-იორკში მეცხოვრა, მათი აზრით, დავადასტურე ჩემი “უმადურობა”. თითქოს, მადლიერი რომ ვყოფილიყავი, მთელი ჩემი ცხოვრება ლონდონში უნდა გამეტარებინა

– 1989 წლის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ფატვამ გაიძულათ დაფიქრებულიყავით, ღირს თუ არა ლიტერატურა ამდენ დავიდარაბად.

– მრავალი თვის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ლიტერატურულ შემოქმედებაზე ხელი უნდა ამეღო. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს სახიფათო იყო. ლიტერატურა შემძულდა და როგორ უნდა მეწერა, თუ ეს პროცესი სიამოვნებას აღარ მანიჭებდა? დავაპირე, ავტობუსის კონდუქტორად მემუშავა. ვფიქრობდი, მწერლობას ყველაფერი სჯობს-მეთქი. ხშირად მითქვამს (და ეს სრული სიმართლეა): ლიტერატურულ შემოქმედებას მხოლოდ იმიტომ არ დავანებე თავი, რომ ჩემს შვილს წიგნს დავპირდი. ჩემი რომანის ირგვლივ ატეხილი სკანდალი მის ცხოვრებასაც შეეხო. ამიტომ დაპირება უნდა შემესრულებინა. როდესაც მივხვდი, როგორ უნდა დამეწერა “ჰარუნი და ისტორიების ზღვა”, და რომ კვლავინდებურად მიყვარდა ჩემი საქმე, ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. ეს იყო ბედნიერების პირველი განცდა 1989 წლის თებერვლის შემდგომ.

იმ პერიოდში ბეკეტის ტრილოგიას ვკითხულობდი. “უსახელო” ისეთივე რთულია, როგორც – “ფინეგანის ქელეხი”, მაგრამ მისი სტოიციზმი მამხნევებდა. ვკითხულობდი, ასევე, ვოლტერს – და ვხვდებოდი, რომ მე არ ვიყავი ერთადერთი მწერალი, რომელმაც რეპრესიები განიცადა. სამშობლოდან განდევნილმა ოვიდიუსმა, სიკვდილმისჯილმა დოსტოევსკიმ, პატიმრობაში მყოფმა ჟენემ შექმნეს ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებები, როგორებიცაა: “მეტამორფოზები”, “დანაშაული და სასჯელი,” ჟენეს მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. თუ მათ შეძლეს, მეც უნდა შევძლო-მეთქი, გადავწყვიტე. ამან ბევრი უსიამოვნო განცდა ამარიდა.

მაგრამ ახლაც ვერ ვხვდები, როგორი რეაქცია ექნებათ მკითხველებს ჩემს წიგნებზე… არავითარი წარმოდგენა არ მაქვს ამის შესახებ… ვფიქრობდი, რომ “სატანური ლექსები” ჩემი უკანასკნელი პოლიტიკური რომანი იყო. მთელი ამ დავიდარაბის შემდეგ მან “ააფეთქა” ლიტერატურული სამყარო, განსაკუთრებით – უნივერსიტეტებში. ამ რომანს მხოლოდ რელიგიათა შედარებითი ისტორიის კურსებზე ან ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კურსებზე როდი კითხულობენ. ვიღებ წერილებს, რომლებშიც არც კი მოიხსენიება ისლამი. ასევე, ვიღებ წერილებს ადამიანებისგან, რომლებსაც მოსწონთ კომიკური ელემენტები რომანში, რის შესახებაც, ჩვეულებრივ, არავინ საუბრობს. მე კი ვფიქრობ: მადლობა ღმერთს! ღირდა ბრძოლა, რომ ეს წიგნი გადარჩენილიყო. ის ხომ წიგნია და არა ცხელი კარტოფილი. ის, ბოლოს და ბოლოს, რომანია.

– “სატანურ ლექსებშიც” და “შუაღამის შვილებშიც”, ისევე, როგორც ზოგიერთ ესეში გვხვდება გამოთქმა: ღვთის მსგავსი ნაპრალი. ეს ფრაზა კვლავ რაიმეს გეუბნებათ?

– ადამიანებს სჭირდებათ რწმენა იმისა, რომ, ფიზიკურის გარდა, არსებობს არამატერიალური სამყაროც. თუ ვისმე ღმერთი არ სწამს, მაინც სურს, დროდადრო განიცადოს ამაღლებული, მანუგეშებელი გრძნობები. ადამიანს სჭირდება, აგრეთვე, ის, რასაც გვაძლევს რელიგია – ეს არის ზოგადისადმი ზიარებულობის გრძნობა, საერთო მეტაფორული სტრუქტურა, საერთო ენა, რომლის მეშვეობითაც საკუთარ თავს განუმარტავთ სხვებს. რელიგია ყოველივე ამას აძლევს ადამიანებს. თუ ღმერთი არ გწამთ, მაშინ ეს არსებითი დეფიციტი სხვაგან უნდა შეავსოთ. ამას ნაპრალს ვუწოდებ. რელიგიის ორი მნიშვნელოვანი საკითხია, საიდან მოვედით და როგორ უნდა ვიცხოვროთ. ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, საინტერესოა ლიტერატურული წარმოდგენები ჩვენი წარმომავლობის შესახებ, მაგრამ არ მაინტერესებს მათი განმარტებები. არ მივდივარ სასულიერო პირებთან, რათა პასუხი მივიღო ამ კითხვებზე. როდესაც მათთან მივდივართ, ნახეთ, რა ხდება! ხდება ჰომეინი! ხდება თალიბანი! ხდება ინკვიზიცია!

– მაშ სად მიდიხართ ხოლმე?

– არსად. კითხვაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, პასუხის გაცემა შეუძლებელია. ეს მუდმივი დისკუსიის საგანია. თავისუფალ საზოგადოებაში ვკამათობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, და ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ! ეს დემოკრატიაა: ყველაზე ნაკლებად უვარგისი სისტემა შესაძლო სისტემათაგან. ადვილია, უარი თქვა რელიგიის განმარტებებზე, ნუგეშზე, ეგზალტაციაზე. საზოგადოებაზე უარის თქმა უფრო ძნელია. ჩემს ცხოვრებას ავსებს ლიტერატურა, და არა მარტო ლიტერატურა, არამედ – ფილმები, მუსიკა, მხატვრობა, საერთოდ, ხელოვნება. და კიდევ, არსებობს სიყვარული. სიყვარული ცოლის, შვილების, მშობლების მიმართ. სიყვარული მეგობრების მიმართ. მეგობრები ჩემთვის საგანგებო ღირებულებაა. ყოველთვის ასე იყო. ალბათ, იმიტომ, რომ სამშობლო დავტოვე და იძულებული ვიყავი, მეხეტიალა მთელ მსოფლიოში. ოჯახის წევრებთან კავშირი არ გამიწყვეტია, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულებები დაიძაბა. მეგობრები ის ოჯახია, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. ძალზე მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრები არიან. ეს მიქარვებს მარტოობის განცდას და მაგრძნობინებს, რომ, უბრალოდ, მექანიზმი არა ვარ.

– რა სახის ლიტერატურა გეხმარებათ შემოქმედებით მუშაობაში?

– ლექსებს ვკითხულობ, რადგან პოეზია შემახსენებს, რომ მეტი ყურადღება უნდა დავუთმო ენას. უკანასკნელ ხანებში ვკითხულობდი ჩესლავ მილოშს, აგრეთვე – ბობ დილანის შესანიშნავ “ქრონიკებს”, რომლებშიც ხშირად გაუმართავი გამოთქმები გვხვდება. მაგალითად, evidentlyს ნაცვლად evidentially, ხოლო Incredulously-ს ნაცვლად incredibly. რედაქტორი, ალბათ, ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი დილანიზმები იყო.

რენდალ ჯარელი წერს: “რომანი არის მოუწესრიგებელი პროზაული ტექსტი”. ჩემი აზრით, ეს სწორია. თუ აპირებთ დაწეროთ ასი, ას ორმოცდაათი ათასი, ორასი ათასი სიტყვა, სრულყოფილება გამორიცხულია. შექსპირის თოთხმეტსტრიქონიანი ლექსები უზადოა, მაგრამ რომანი რომ დაეწერა, შეცდომებს უსათუოდ დაუშვებდა. მის პიესებში შეინიშნება დეფექტები – მოსაწყენი ადგილები. მაგრამ თუ კითხულობთ იმ მიზნით, რომ დატკბეთ ტექსტით, ყურადღებას არ მიაქცევთ ხარვეზებს. ასე ხდება ლიტერატურულ კრიტიკაშიც. არიან კრიტიკოსები, რომლებიც განიხილავენ ნაწარმოების დადებით მხარეებს. და არიან სხვები, რომლებიც ნაკლოვანებებს ეძებენ. ჯულიან ბარნსი “ფლობერის თუთიყუშში” (იმ თავში, რომელსაც ეწოდება “ემა ბოვარის თვალები) მიუთითებს, რომ ემას თვალების ფერი რომანში სხვადასხვანაირადაა მითითებული.

– ღიზიანდებით, როდესაც ვერ ახერხებთ ყოველდღე წერას?

– თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, როდესაც ვწერ. მეორე მხრივ, შემოქმედებითი პროცესი არ წყდება, როდესაც ვამთავრებ ერთ ნაწარმოებს და ჯერ არ დამიწყია მეორის წერა. გონება მაინც მუშაობს. მოულოდნელად წარმომიდგება ხოლმე პერსონაჟი ან აბზაცი ან სიუჟეტი, რომლებიც შეიძლება იქცეს მოთხრობის ან რომანის საფუძვლად. ისევე დაძაბულად ვმუშაობ, როდესაც არ ვწერ, როგორც მაშინ, როდესაც ვწერ. წმინდა შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა ჭვრეტა.

© The Paris Review, ინტერვიუ იბეჭდება შემოკლებით.

Facebook Comments Box