ესე (თარგმანი),  პორტრეტი

პეტერ ო. ხოტიევიჩი – ახალი თვითმყოფადი პოეტი

გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

ჰანს კარლ არტმანის პიროვნებისა და შემოქმედების ვერც ერთი მიმოხილვა გვერდს ვერ აუვლის ვენაში შექმნილ იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რაზედაც 1950-იანი წლებიდან მოკიდებლი თვით არტმანიც ახდენდა გავლენას. 50-იანი წლების ვენა და, მაშასადამე, ავსტრია დღევანდელზე უფრო მეტადაც კი წარმოადგენდა მყარად თავდაცობილ გაუმჭვირვალე ბოთლს, რომლის შიგთავსიც ვენის გარეთ ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა: მას სულაც თითქმის არავინ იცნობდა. საყოველთაო შემოქმედებითი დეპრესიის მძიმე სათბურისებრი ატმოსფერო ლიტერატურულ დაჯგუფებათა შექმნას იმთავითვე უწყობდა ხელს. მოგვიანებით პირწავადნილი კომუნისტის, ჰანს ვაიგელის წრეში, ისევე, როგორც გავლენიანი ანტივაიგელიანელის, ჰერმან ჰაკელის ჯგუფში, “ახალი გზების” სამწერლო წრესა და ვენის პოეტთა ჯგუფში კვლავაც და კვლავაც იკრიბებოდნენ ერთურთის სითბოს მოწყურებული შემოქმენი, – ჰარი პონგსმა სხვა მაგალითების მოშველიებით უკვე საფუძვლიანად გააშუქა საზოგადოებრივ დაჯგუფებათა ეს ფენომენი. ამგვარ, თუნდაც არამდგრად და სხვა წრეებთან კავშრების გამო მერყევ ჯგუფში შემოქმედს არც იზოლირებულობა აშინებს, არც გამოქვეყნების შესაძლებლობათა სიმწირეს თუ მკითხველთა უყურადღებობით გამოწვეულ დამუნჯებას უჩივის. 1950 წლიდან მოკიდებული არტმანის ძლიერ გავლენას განიცდის, სულ ცოტა, ორი ამ დაჯგუფებათაგანი: ესაა “ახალი გზების” ავტორთა წრე, რომელსაც ავსტრიელი მწერლობის დიდი ნაწილი შეადგენდა, ვისი ნაწარმოებებიც ჰანს ვაიგელმა შეაგროვა ანთოლოგიაში “თანამედროვეობის ხმები I-IV”, და ვენის პოეტთა ჯგუფი. ვილანდ შმიტი წერს ამის თაობაზე: “არტმანის როლი ამ წრის საქმანობაში შეიძლება შევადაროთ იმ ადგილს, რაც ფაუნდს ეკავა ლონდონში პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში”.
ამ შედარებაში მხოლოდ ფაუნდის “დამძიმებული” სახელი თუ მოგვჭრის ყურს; სხვა მხრივ, ყოველ შემთხევაში, ავტორთა წრის ექსპერიმენტულ ფრთასთან და მოგვიანებით მთელ ვენის პოეტთა ჯგუფთან მიმართებაში, თუკი შესაბამისად შევცვლით მასშტაბებს, ეს შედარება სავსებით გამართლებულია. თავისი შრომებითა და ლიტერატურული აღმოჩენებით, ენობრივი მონაცემებით, რაც უცხო ენებისადმი მიდრეკილებასაც გულისხმობს, არტმანი ახალგაზრდა მწერლებისათვის უთუოდ რჩებოდა იმ აუცილებელ იმპულსთა და წამყვან იდეათა მატარებლად, ჯგუფის ერთსულოვნებას რომ უზრუნველყოფდა, თუმცა მათ თავად უწევდათ ამ იმპულსებისა და იდეების წესრიგში მოყვანა და ადექვატურად ათვისება, რადგან არტმანი, როგორც მის მეოცნებე ბუნებას შეეფერებოდა, თავადაც მუდმივ ძიებასა და პოზიციათა ცვლაში იყო, რათა ბოლოს და ბოლოს ერთი საბოლოო გეზი აეღო. წრეებში გაერთიანებამ ვენის იმდროინდელ ლიტერატურულ ცხოვრებას იმთავითვე საკუთარ თავში ჩაკეტილი, სექტანტური სახე შესძინა, რაც მისი ყველა დეტალის დადგენას ართულებს. ანდრეას ოკოპენკო ასე წერს 50-იანი წლების ვენური ლიტერატურის შესახებ: “ხშირად ერთმანეთთან სტუმრობისას იმპროვიზაციებს ვქმნიდით, მეგობარს ვკარნახობდით ანდა უბრალოდ წარმოვთქვამდით ტექსტებს, რომლებიც ქაღალდზე აღარ გადაგვქონდა; ნაწერს ვკარგავდით, ნაგავს ვატანდით, ვწვავდით. შემოქმედებას თან რაღაც გიჟური სილაღე ახლდა: თითქმის უეჭველი იყო, რომ ყველაფერი, რასაც ვქმნიდით, ჩაუწერელი დაჩებოდა.”
თუკი ბოთლის მეტაფორას დავუბრუნდებით, არტმანი ამ ბოთლში მომწყვდეული ჯინი გახლდათ, პოეტთა ზღაპრული რესპუბლიკის ჰარუნ ალ რაშიდი.
დღევანდელ, დასავლეთგემანულ სინამდვილეში ეს უცნაური ადამიანი უცხოსავით მორიდებით შემოდის. ის თავს არიდებს ლიტერატურული საზოგადობის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს. მას მთლად სანდოდ არ მიიჩნევენ. დასანანი ის კი არ არის, რომ ის ყურაღების ცენტრში ვერ მოექცა მავანის მსგავსად, ვინც ამას ბევრად ნაკლებად იმსახურებს: დასანანი უფრო ისაა, რომ მისი საინტერესო და ვრცელ ლიტერატურულ შემოქმედებას უჯრაში ჩარჩენა და მივიწყება ემუქრება. ან კი რისთვის შეინახოს ლექსები, თუკი ისინი არავის სჭირდება? არტმანის რამდენიმე ასეული ლექსიდან, რომელთა ნაწილი დღეს უკვე დაკარგულია, მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანს თუ წაუკითხავს ორი ან სამი ცალი, ხოლო რაც შეეხება 1966 წლის გაზაფხულზე გამოსულ კრებულს “ვერბარუმი”, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში შექმნილ ორმოცდაათიოდე ლექსს რომ შეიცავს, ის მხოლოდ განმეორებით უდასტურებს განდობილთ იმას, რაც მანამდეც იცოდნენ: რომ არტმანი, როგორც ჩანს, ერთადერთი ჭეშმარიტი პოეტია, რომელიც გერმანულენოვან ლიტერატურას ჰყოლია 1945 წლის შემდგომ, – ყველა იმ მოდური გენიოსის ჯიბრზე, ვინც კი მას შემდეგ ცამდე აუყვანიათ: ბახმანით დაწყებული და გრასით დამთავრებული. ხოლო პროფანებისათვის “ვერბარუმი” მხოლოდ კიდევ ერთი ცდაა, – საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი, თუმცა, უდაოდ, მნიშვნელოვანი. ასევე სანახევროდ დაკარგული, მეტწილად მოკლე პროზაული ტექსტების მრავალი ასეული გვერდი დღემდე მხოლოდ ორ წიგნადაა გამოცემული. ავსტრიაში მხოლოდ დიალექტზე დაწერილმა ლექსებმა მოუპოვა აღიარება. ერთ-ერთი მათგანი, “med ana schwoazzn dintn” (“შავი მელნით ნაწერი”), ბესტსელერიც კი გახდა.
და მაინც, მისი სახელი თანდათანობით სულ უფრო ხშირად ჟღერს. მისი მეგობრებიც კი უკვე თანდათან იწყებენ მის აღმოჩენას.
არტმანს თარგმნილი აქვს შვედურიდან კარლ ლინეი, ესპანურიდან – ფრანცისკო დე კევედო, ირლანდიურიდან – კელტური რელიგიური პოეზია, ფრანგულიდან – მარივო, ინგლისურიდან – დეიზი ეშფორდი, იდიშიდან – ებრაული ანდაზები; ეს მხოლოდ თითო მაგალითია ზოგიერთი ენობრივი სფეროდან, რასთანაც მას საქმე ჰქონია. დაწერილი აქვს ლექსები ბაროკოს სტილში, სპარსული ოთხპწკარიანი ლექსები… ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არტმანს ოცდაათი წლის ასაკამდე კითხვისა და ენების შესწავლის გარდა არაფერი უკეთებია. ის ქალაქში მიმოდის, ადამიანების საუბარს აყურადებს, კითხულობს საგზაო ნიშნებსა და მაღაზიის აბრებს, შემდეგ კი, საღამოთი, ლექსიკონებში დაეძებს თავის მონაპოვართა მნიშნელობებს. მისი პირველი პუბლიკაცია 1950 წელს შედგა. ესაა პირველი ცხრა ბწკარი 1949 წელს დაწერილი უსათაურო ლექსისა, რომელსაც სრულად, 20 ბწკარის სახით, ორიოდ ადგილას ოდნავი ჩასწორებებით, “ვერბარუმის” “კარინტიულ სასიყვარულო ლექსებს” შორის ნახავთ.
რაც შეეხება სიტუაციას მაშინდელ ვენაში: 1945 წელს ოტო ბაზილმა დაიწყო ჟურნალ “Plan”-ის გამოცემა, რომელიც 1948 წელს დაიხურა ისე, რომ ვერ მოესწო არტმანის პირველი, უკვე დაკაბადონებული ტექსტების დაბეჭდვა. 1950 წლისათვის, ანუ არტმანის პირველი პუბლიკაციის დროისათვის ვენაში არსებობდა ერთადერთი ჟურნალი “Neue Wege” (“ახალი გზები”), რომელსაც ახალგაზრდული თეატრი გამოსცემდა ყოველთვიურად. მასში დაახლოვებით 1948 წლიდან ლექსებსა და მცირე პროზას ბეჭდავენ: ჰანს ვაისენბორნი, ჰერბერტ აიზენრაიჰი, გერჰად ლამპერსბერგი, ფრიდრიჰ პოლაკოვიჩი, ანდრეას ოკოპენკო, ერნსტ კაინი, ვალტერ ტომანი და სხვები, რომელთა გვერდითაც ასევე თავ-თავის სიტყვას ამბობენ კაროსა და კვაზიმოდო, არაგონი და მაიაკოვსკი. 1950 წელს ჟურნალი იწვევს მუდმივ ავტორებს შეკრებაზე, სადაც ახალგაზრდა ავსტრიელ ავტორთა დაბეჭდვის საკითხი უნდა გადაწყდეს. არტმანის – რომელიც ჯერ კიდევ თვით ვენაშიც კი ვერ დაიკვეხნიდა პოპულარობით – იმ დროისათვის ერთადერთი მოწაფე, რენე ალტმანი, სიტყვას შეაწევს თავის მოძღვარს და მოითხოვს საზოგადოების ყურადღებას ამ, მისი განმარტებით, სურეალისტი პოეტისადმი. არტმანს მიიღებენ და ის მაშინვე ამ არაერთგვაროვნად სტრუქტურირებული ჯგუფის მენტორად იქცევა. ცხადია, ჯგუფს არც სხვა მხრიდან აკლია გავლენები, მაგრამ არტმანი თავის მიერ მოწვდილი მასალის სიუხვითა და მრავალფეროვნებით და თავისი მჩქეფარე პიროვნებით ყველა სხვა იმპულსს გადასძალავს.
“ის ყველაფერს განსაკუთრებულ სიცხარეს ანიჭებდა, ყველაფრის მაცოცხლებელი ძრავა იყო” – წერს ანდრეას ოკოპენკო.
1951 წლის ნოემბერში ახალგაზრდა ავტორებსა და რეაქციონერ აკადემიურ წრეებს შორის განხეთქილება ხდება. არტმანის, ალტმანისა და სხვათა მრწამსიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს სიურრეალიზმში დაედოთ ბრალი. სიურრეალიზმი ლიტერატურის ავკარგიანობის შეფასების უპირველეს კრიტერიუმად იქცა. 1950 წლის ნოემბრის “ახალ გზებში” არტმანი უმკაცრესად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გამოთქვამს აღშფოთებას იმის გამო, რომ სიურრეალისტებს თითქმის ყოველთვის ისეთ ახალგაზრდა ავტორებს უწოდებენ, ვინც სრულებით არ წერს სიურრეალისტურად და ვისი პუბლიკაციებიც ისე შირსაა სიურრეალიზმისგან, როგორც ცა და დედამიწა. ამასთან დაკავშირებით ის გვთავაზობს საკუთარი შემოქმედების საინტერესო დახასიათებას, რამდენადმე რომ უსწრებს წინ “პოეტური აქტის რვაპუნქტიან პროკლამაციას”. არტმანი წერს: “ავტორები, რომელთაც, ჩემი აზით, მართლაც შეესაბამებათ ეს განსაზღვრება, გახლავთ, პირველ რიგში, ჰელენე დიმი, რენე ალტმანი და ჰ. კ. არტმანი. დასახელებული ავტორები მართლაც სიურრეალისტურ ლექსებს წერენ. (…) სიცოცხლეში სტრიქონიც რომ არ დამეწერა, მხოლოდ ჩემი მწამსითა და მსოფლმხედველობით მაინც ვიქნებოდი სიურრეალისტი”.
სიურრეალიზმმა, – რომელსაც დღემდე მხოლოდ ფრიდერიკე მაირიოკერმა უერთგულა, ისიც, მხოლოდ თავის ზოგიერთ ლირიკულ სტრუქტურაში, – განხეთქილების ვაშლის სახით მოევლინა ვენის პოეტურ წრეებს. 1951 წლის მარტში ოკოპენკომ დაიწყო “ახალგაზრდა ვენელ ავტორთა ჯგუფის პუბლიკაციათა” გამოცემა, რომლებიც საშუალოდ 100 ეგზემპლარის ტირაჟით 1953 წლის დასაწყისამდე წელიწადში ოთხჯერ გამოდიოდა, შემდეგ კი, მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ, 1957 წლის მარტსა და აპრილში არტმანის მიერ გამოცემული ორი ნომრით გაგრძელდა.
1950 წლის შემოდგომიდან მოყოლებული არტმანი განუწყვეტლივ ეძებს გამოცემის ახალ-ახალ შესაძლებლობებს, რადგან “ახალი გზები” და “პუბლიკაციები” ამ მოთხოვნილებას მთლიანად ვერ აკმაყოფილებს. ახალ-ახალი კლუბების დაარსება და დუქან-სარდაფებში დაუსრულებელი ჯდომა არა იმდენად საეჭვო ურთიერთობების ჟინით იყო გამოწვეული, რამდენადაც მუდმივი ბეჭდვითი ორგანოს ძიებით. არტმანის წრის ნაწილობრივი დაშლის შემდეგ ეს მოძრაობა გადაიზარდა პოსტდადაისტურ აქციათა ლიტერატურაში, რომლის წარმომადგენლებიც ძველ წრეზე საშუალოდ ათი წლით უმცროსნი იყვნენ. მაგალითად, არტმანის პროექტი “სარდაფი” ჟურნალის ან ალმანახის სახით იქნა ჩაფიქრებული, თავდაპირველად მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ეძლეოდა, მოგვიანებით კი ის თავისი დასახელების კონკრეტული მნიშვნელობით განახორციელეს. ერთ ხანს ის, არც მეტი, არც ნაკლები, ბალგასეს ქვეშ არსებულ ოთხი სართულის სიღრმის ცნობილ კატაკომბაშიც კი ფუნქციონირებდა.
საკუთარი თავის გამოცხადებამ კატაკომბებში შეფარებულ დაუფასებელ შემოქმედად არტმანს ნამდვილი აღიარება მოუტანა. 1951 წლის შემოდგომაზე ალბერტ პარის გიუტესლოსა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებულმა არტ-კლუბმა საკუთარი კაფე-გალერეა “ჩალის ჩემოდანი” გახსნა. არტმანი თანდათან იქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
თუკი 1945 და 1950 წლებს შუალედში არტმანი, ამერიკელებთან თარჯიმნად მუშაობის შემდეგ, ლუკმა-პურის გულისთვის ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხანაც სტატისტად იყო დაკავებული, ამ პერიოდში ის ამგვარ რამეს არც საკუთარ და არც მეგობრების ცხოვრებაში აღარ მოითმენდა. ის საკუთარი ცხოვრების სტილიზებას შეუდგა, სულ მალე იქცა პოეტის ანუ საკუთარი თავის ცოცხალ არტეფაქტად და, ამასთან, უშუალობის უმაღლეს დონეს მიაღწია. ეს გარემოება ძალზე ართულებს არტმანის შესახებ თხრობას. თუკი პოეტის პიროვნება, როგორც წესი, ნაწილობრივ მაინც იძლევა მისი შემოქმედების გასაღებს, არტმანისნაირი მრავალსახოვნად შენიღბული ავტორის შემთხვევაში, პირიქით, ლიტერატურული ნაწარმოები გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ მოიაზრებდა ის საკთარ თავს შემოქმედებით პროცესში: ჰუსარად თუ სიურრეალისტად, სახალხო პოეტად თუ საკუთარი არარაობით ბაროკალურად დათრგუნულ მონად უფლისა, აგიტატორად თუ ჩინეთის იმპერატორის კარის მგოსნად, მსოფლიო მოგზაურად თუ ვენის გარეუბნის პოეტად, მოუსვენარ ვაგაბუნდად თუ დინჯ მოქალაქედ, დარდიმანდ მოქეიფედ თუ ბულბულის გალობას მიყურადებულ მეოცნებედ, დუნაისპირა მონარქიის ანტისემიტ მესვეურად თუ მეამბოხე ანარქისტად. ეს – რომ არაფერი ვთქვათ დიალექტზე დაწერილი ლექსების კრებულის, “hosn rosn baa”-ს თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ წიგნის ავტორი, სამასი წლის წინათ ყოფილა დაბადებული.
არტმანმა მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო თავისი მისტიფიკაციების უგულვებელყოფა და დღეისათვის შემორჩენილ გაურკვეველ დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მის დაბადების ადგილად დღემდე საყოველთაოდ ითვლება ვითომდა ქვემო ავსტრიაში მდებარე არარსებული სოფელი სანტ-ახაცი-ტყის-პირას: ამგვარი ინფორმაციის გადამოწმება დღეისათვის უკვე შეუძლებელი ხდება, მაგრამ ეს მაინც დიდად არ ცვლის ჩვენს საერთო წარმოდგენას არტმანის ბიოგრაფიაზე.
ლამისაა ვირწმუნოთ, რომ თავად არტმანი არ არის ერთადერთი, ვინც არტმანისეული ლეგენდის ქსოვითაა გართული. ყოველ შემთხევაში, სრულებით აღარ გვაკვირვებს ის, რომ იმხანად, როცა გერჰარდ რიუმს ვენაში ჯერ კიდევ არავინ იცობდა, გავარდა ხმა, თითქოს არავითარი რიუმი არ არსებობს და რომ რიუმის ავტორობით გამოქვეყნებული ტექსტები სინამდვილეში ეკუთნის არტმანს, რომელმაც რიუმის სახით მეორე “მე” შეიქმა და ამ გზით გამოიტანა დღის სინათლეზე თავისი ექსპერიმენტული ნამუშევრები.
არტმანის ლიტერატურული სილუეტის მოხაზვას ორი გარემოება ართულებს. ერთი მათგანი გახლავთ ყოველ ნაბიჯზე, უფრო ხშირად, მეგობრების და მეგობარი ქალების ბინებში მოწყობილ სამუშაო კაბინეტთა უსაშველო სიმრავლე და ხელნაწერთა დაკარგვის მაღალი რისკი, მუდმივ მოგზაურობასა და ბოჰემური ცხორების წესს რომ ახლავს თან. მეორე ის უეჭველი ფაქტია, რომ არტმანის მშობლიური სტიქია ფრაგმენტია. ხშირად ყოველ დღე ახალ-ახალ ტექსტს იწყებს, – ცალკეულ ნაწარმოებს თუ ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების ახალ ციკლს. უბრალოდ ძალზე ბევრი იდეები უტრიალებს თავში. ამასთან, გასაოცარი ისაა, რომ თითოეულ ტექსტში ავტორისეულ სტილს ამოიცნობთ. ეს მუდამ არტმანია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის არტმანი?
ახალგაზრდა ვენელთა პირველი გამოსვლა უცხოურ ტრიბუნაზე 1952 წლის 25 ივნისს შედგა, ბერნში. საამისოდ მათ საკუთარი სახსრებით იქირავეს დარბაზი, სადაც შვეიცარიელმა მსახიობმა, არტმანის მეგობარმა ქალმა ესთერ ვირცმა ჯენი ებნერის, ერნსტ კაინის, ოკოპენკოს, შმიტისა და არტმანის ნაწარმოებები წაიკითხა.
1952 წლის გვიანი შემოდგომით არტმანის გარშემო ფორმირდება უკვე ხსენებული ახალი წრე, მაგრამ, ყველა სხვა წრის მსგავსად, ისიც ძირითადად მხოლოდ არტმანის პიროვნების ზედნაშენს წარმოადგენს. რაც შეეხება “ახალი გზების” ავტორთა წრეს, მათთან ურთიერთობას მეტნაკლებად ინარჩუნებს ან მოგვიანებით აღადგენს. იმ დროისათვის უკვე ნახსენები მცირე პროზის გვერდით არტმანს დაწერილი ჰქონდა კიდევ თვრამეტიოდე პროზაული ტექსტი, ზოგიერთი – რამდენიმე ნაბეჭდ გვერდს ითვლიდა, მათ შორს: “ლანსელოტი და გვინევრა”, “ფანტასმაგორიული მითოლოგია” (სწორედ ამ ტექსტით გამოვიდა შვეიცარიაში გამართულ შეხვედრებზე), “ყველგან, სადაც კი ჰამლეტი მივიდოდა”, “ურჩხულის შესახებ ანუ იკაუსუს დაცემა” და მოგვიანებით “ჰუსარების” კრებულში შესული რამდენიმე ბაროკალური მოთხრობა.
ბაროკალური მოთხრობების გამოკლებით, ყველა ამ ტექსტის სიღრმეში ისევე ისმის ფანტასნაგორიული ჟღერადობა, როგორც 1950-51 წლების ნაწარმოებებში. სწორედ ის ანიჭებს ამ ტექსტებს ძალზე მოკლე და პოეტურად დახვეწილ ფორმას. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ავსტრიელ შემოქმედთათვის სწორედ ეს ფორმა გახდა ყველაზე მისაღები, რადგან მათ სულიერ პროცესებს საუკეთესოდ გამოხატავდა და პუბლიკაციის თვალსაზრისითაც ხელსაყრელი იყო: ჟურნალებში ხომ მუდამ შეინიშნებოდა ადგილის დანაკლისი.
1953 წლის აპრილში არტმანი წერს “პოეტური აქტის რვაპუნქტიან პროკლამაციას”, რომლის პრეამბულაც წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი, უკვე “ახალ გზებიდან” ცნობილი თეზის უფრო ხშირად ციტირებულ ვარიანტს: “არსებობს ერთი ხელშეუხებელი ჭეშმარიტება: შეიძლება იყო პოეტი ისე, რომ სიცოცხლეში ერთი სიტყვაც არ გქონდეს დაწერილი”.
ვენელ პოეტთა ჯგუფის წევრებს, – უპირველეს ყოვლისა, ესენია: გერჰად რიუმი (დაიბ. 1930), კონრად ბაიერი (დაიბ. 1932), ოსვალდ ვინერი (დაიბ. 1935), ფრიდრიჰ ახლაიტნერი (დაიბ. 1930) და ჰ. კ. არტმანი, – ნაკლებად ადარდებთ ის, რომ პროკლამაციის დებულება: “პოეტური აქტი, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევით იქნას საზოგადოების წინაშე გამოტანილი!” – ვენაში შექმნილი გამოუვალი კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ისედაც ერთადერთია, რაც მათ რჩებათ. მიუხედავად ამისა ჯგუფი ყველანაირად ცდილობს, იცხოვროს არტმანისეული პროკლამაციის მიხედვით, თავად უკრძალავს საკუთარ თავს ნაწარმოებების გამოქვეყნებას და ემიჯნება კიდეც არტმანს, როცა ამ უკანასკნელის “shwoazzn dintn” წარმატებით სარგებლობს და ავტორისათვის მოგებაც მოაქვს. ეს არტმანს, ცხადია, დიდად არ ადარდებს.
თუკი მოვისურვებთ არტმანის ლიტერატურული განვითარების ქრონოლოგიური ეტაპების გამოყოფას, უნდა ვთქვათ, რომ 1954 წელი ერთ-ერთი ასეთი ფაზის დასრულებას დაემთხვა. შეგვიძლია ისიც დავძინოთ, რომ დღეისათვის არტმანმა მთელი შესაძლო მწერლური აღიარება მოიპოვა, მის ხელთ შესაძლებლობათა მთელი სპექტრია, რასაც ის უაღრესად მავალფეროვნად განავითარებს; ის გამუდმებით აგებს ხიდებს თავის დღევანდელ სამუშაოსა და იმას შორის, რაც ათი-თორმეტი წლის წინ უკეთებია. აღსანიშნავია, რომ ვალტერის რჩეული ლექსების გამოცემაში სასაფლაოზე ნამღერ ოთხ სიმღერასთან ერთად შესულია ასევე 1954 წელს შექმნილი “ეპიტაფიები” და “შვიდი ლირიკული ვერბარიუმი”. 1954 წლის ლირიკული ვერბარიუმებით არტმანმა კიდევ ერთი ახალი ექსპერიმენი წამოიწყო. ექსპერიმეტული ხასიათისაა აგეთვე “გამოგონებანი”, ნაწილობრივ გერჰარდ რიუმსა და კონრად ბაიერთან ერთად დაწერილი. კონრად ბაიერმა ვერბარიუმის ცნება შემდეგნაირად განმარტა: ესაა ლექსი, რომელშიც ესა თუ ის სიტყვა, თუ სიტყვათა სვეტი, – სწორედ ამას ეწოდება ვერბარიუმი, – განიხილება სხვადახვანაირი პრინციპით, მაგალითად, მათემატიკური მწკრივების მიხედვით. ვენაში ეს მეთოდი ჩილელმა მხატვარმა, იბან კონტრერა ბრუნეტმა შემოიტანა, თუმცა არტმანმა, ეს მეთოდი მხოლოდ გაკვრით გამოიყენა და მეტი პოეტურობა შესძინა.
1955 წელს არტმანი წერს მოკლეპწკარიან, ზოგჯერ ძალზე დიდი მოცულობის ლექსების ციკლს სათაურით “გამორჩეულად მშენიერი სიმღერები კეთილშობილ კასპარისა, ხალხში ჰანს ვურსტელად წოდებულისა”, შემდეგ – რამდენიმე ცალკეულ ლექსს, ავსტრიის შეიარაღების საწინააღმდეგოდ მიმართულ მანიფესტს, “25 ეპიგრამის” პირველ ლექსებს, ასევე რამდენიმე პიესას. 1954 წლისათვის არტმანს უკვე დაწერილი აქვს თავისი პიესა “ჩერმაკისათვის წიწაკა არ არის”, რომელშიც გარეუბნელი ვაჭრის ყოველდღიურობაში აბსურდის თეატრი შემოდის; ეს ყოველივე ისეთი სისხლსავსე ჟარგონული ელემენტებითაა შეკმაზული, რომ ჟურნალი “Wort in der Zeit” 1965 წელს ათავსებს ამ პიესას რუბრიკაში “ვენური კოლორიტი” და ნესტროისეული კომედიის კატეგორიას მიაკუთვნებს.
1956 წელს პოეტი გულმოდგინე მონტაჟის სამუშაოს შეუდგა. ვენის პოეტთა ჯგუფისათვის ტიპიური ერთობლივი ნამუშევრების დრო დამდგარიყო. ლექსიკონებიდან, სახელმძღვანელოებსა და სიტყვათა სხვა რეზერვუარებიდან ხდებოდა ტექსტური ელემენტების ამოკრება და ახალ სისტემაში მოყვანა, რასაც თავად ჯგუფის წევრები მონტრებას უწოდებენ; ამის შედეგად ჩნდება ისეთი შედევრები, როგორიცაა კონრად ბაიერის “ვიტუს ბერინგის თავი”. ჰაინრიჰ ტერებელსკის მიერ 1830 წელს გამოცემული “ბოჰემიური ენის სრული ლექსიკონის” მიხედვით არტმანი და ბაიერი ამონტაჟებენ ტექსტს “სრული სასწავლო ლექსი გერმანელთათვის, თერთმეტი ვერბარიუმი”; რიუმთან თანამშრომლობის შედეგად იქმნება “მაგიური კავალერია”.
1957 წელს “ახალ გზებში”, რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდა ვენელ მწერალთათვის, ფაქტიურად, კვლავაც ერთადერთ ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენდა, ლიტერატურული სკანდალი დატრიალდა. მის მიზეზად მაისის ნომერი იქცა, სადაც ტრადიციული ლირიკის გვერდით დაიბეჭდა ერნსტ კაინის, გერჰარდ რიუმისა და ერნსტ იანდლის ექსპერიმენტული ტექსტები, თანაც, უპირატესად, არაკონკრეტული ჟარგონული პოეზია, რაც ორგზის მკრეხელობად აღიქმებოდა. მართალია, ივნისის ნომერში ახალგაზრდული თეატრის ხელმძღვანელი ჰაინრიჰ ნოიმაიერი ამ ფაქტის გამართლებას შეეცადა, პირობა მისცა მკითხველს, რომ მომავალში ექსპერიმენტული ნაწარმოებები სხვებისაგან საგანგებოდ იქნება გამიჯნული. მიუხედავად ამისა, საზაფხულო არდადაგების შემდეგ 1957 წლის შემოდგომაზე გამოსული ნომერი უკვე სრულებით “გასუფთავებულია”. ამ დროიდან ვენის მკითხველი საზოგადოება კარგა ხანს ვეღარ ადევნებს თვალყურს შემოქმედებით დისკუსიებს.
ვენაში მწერლისათვის ყველაზე შესაფერის კერძად დღესაც შიმშილი მიაჩნიათ. არტმანი ღებულობს ჰონორარებს და ჰგონია, გავმდიდრდიო. ის აღიარებული სახალხო პოეტის საოცნებო ხატს ირგებს, ამაყობს და ნესტროისა და რაიმუნდს ადარებს თავს. “კურიერი” მას ყოველკვირეულ სვეტს უთმობს, რომელსაც ის ქალაქური ჩანახატებითა და სურეალისტური მოთხრობებით ავსებს. ქალაქის მერია სახაზინო ბინას უთმობს, თუმცა პოეტს მალევე კვლავ უწევს მისი დაცლა. ტელევიზია უკვეთავს პიესებს “დუნაისპირა ქალი” და “გრასელი”, ეს უკანასკნელი ავადსახსენებელი ისტორიული პირის, ყაჩარების წინამძღოლის შესახებაა. იგეგმება მისი სცენარით ფილმის გადაღება, პირდაპირ, სპონტანურად რომ უნდა გათამაშდეს გარეუბნის ქუჩებში, მაგრამ რომელიღაც სამშენებლო კომპანიის მიერ ძველი უბნის დანგრევა ხელს უშლის გადაღებების დაწყებას. არტმანი სიცოცხლეში პირველად აფასებს იმის მნიშვნელობას, რომ განსაკუთრებულ პიროვნულ და სივრცობრივ გარემოცვაში გაიზარდა.
ის ლექსები, რაც მას შემდეგ დაწერა, ადრეულ ნამუშევრებზე უფრო “საფუძვლიანია”, ნაკლებად მანერული, თუმცა მისი ჟარგონული ლექსების შავი იუმორი კვლავ შენარჩუნებულია მის მრავალ გვიანდელ ტექსტში. პოლემიკური ხასიათის ლიტერატურული ნამუშევრები, რომლებსაც არტმანი სახელისა და შემოსავლის გამო კიდებს ხელს, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს იმას, რომ არტმანის ძალა, მთელი მისი სიმსუბუქის მიუხედავად, მხოლოდ უმაღლესი დონის ლიტერატურაშია. ასეა თუ ისე, 1958 წლით მთავრდება კიდევ ერთი შემოქმედებითი ფაზა. ამ დროს არტმანი წერს ციკლს “40 სპარსული ოთხპწკარედი. მცირე დივანი”. მასში შესული ლექსების ნაწილი დღეს დაკარგულია, ზოგიერთი მხოლოდ მოგვიანებით გამოქვეყნდა. ვენის პოეტთა ჯგუფთან ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდიც დასრულდა. 1953 წლის პროკლამაციაც წარსულს ჩაბარდა, თუმცა გარეგნულად ჯგუფი ისევ ძველ ჟესტებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში ერნსტ კიოლცი და ფეტი ჯორჯი წერენ მუსიკას არტმანის ჟარგონული ლექსებისათვის, ხოლო ქვალტინგერი ასრულებს მათ.
60-იანი წლების დასაწყისიდან მოკიდებული არტმანი ექვსიოდე წიგნს თარგმნის; მათ შორისაა ვენურ დიალექტზე გადმოთარგმნილი ვიიონის ანდერძიც. სწორედ ამ თარგმანის წყალობით იქმნება მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს არტმანის მთავარი მწერლური ღირსება მის თარგმანებში იყოს. ეს შეხედულება იმიტომაა მცდარი, რომ არაობიექტურად შეზღუდულ ხედვას ეფუძნება. თარგმანების პარალელურად იწერება ამდენივე ვრცელი დრამა და ენობრივად ახალი ლექსების რამდენიმე რვეული, ცოტათი 1950-51 და 1954 წლების ლექსების ტედენციებს რომ განაგძობს: 1960 წელს კარინტიაში შექმნილი სასიყვარულო ლექსები “ჩემს მახვილზე ამოტვიფრული” და 1962 წელს ბერლინში დაწერილი ციკლი “ირმების ნეკრძალი და შუქურ-კოშკი” – ორივე კრებულის უმნიშვნელოვანესი ტექსტები შესულია რჩეული ლექსების ვალტერის გამომცემლობის მიერ დასტამბულ კრებულში, – გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ცალკეული ლექსები და უკვე ნახსენები “ბოთლით გამოგზავნილი წერილები”, რომლებშიც კვლავ გავრცობილი პოეტიკის მიმართულებით ჩატარეულ ცდებს ვაწყდებით, და კიდევ არაერთი ახალი გამოგონება. ამ პერიოდის მრავალრიცხოვანი, ნაწილობრივ – დღემდე დაუმთავრებელი, პროზაული ტექსტებიდან აღსანიშნავია, პირველ რიგში, ავანტიურული რომანის თანამედროვე ვარიანტი, რომლის მოქმედებაც ლისაბონში ვითარდება, მოკლე ტექსტების კრებული “ოთხმოცდაათი სიზმარი”, კრებული “გულმოდგინება და ინდუსტრია” და პაროდია “რობინზონ კრუზოზე”. ამავე პერიოდში დასრულებულია მუშაობა “დრაკულაზე”, ბოლო დროს “Diskus”-ში გამოქვეყნებულ რომანზე კაციჭამიას შესახებ, ძალზე სახალისო ზღაპრებზე და ა. შ.
დღეს უკვე ხდება ადგილობრივი ლიტერატურული მოვლენების ქრესტომატულ ცნებებად დაყოფა: ლიტერატურა ვენაში და ჰ. კ. არტმანი. თუკი წარსულს გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ საქმე უწყვეტ პროცესთან გვაქს, – ცხადია, თავდაპირველად, ირაციონალურთან, რომელიც მთლიანად პოეტის პიროვნებიდან გამომდინარეობს.

(1966)

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box