ესე (თარგმანი),  პოეზია (თარგმანი)

ჰანს კარლ არტმანი – პოეტური აქტის რვაპუნქტიანი პროკლამაცია

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ავსტრიული ლიტერატურული ავანგარდის სულისჩამდგმელმა ჰანს კარლ არტმანმა (1921-2000) 1952 წელს თავის კოლეგებთან (კონრად ბაიერთან, ოსვალდ ვინერსა და სხვებთან) ერთად ე. წ. “ვენის ჯგუფი” დააარსა, რომელიც ძალზე მრავალფეროვანი ლიტერატურული ექსპერიმენტებით იყო დაკავებული და ახალი ცხოვრების სტილიც შექმნა. პოეტი და პროზაიკოსი, ერუდიტი და პოლიგლოტი, მთარგმნელი და ვენის კაფეების ხშირი სტუმარი, არტმანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვენის ქალაქური დიალექტი შემოქმედებითად აითვისა და პოეზიის ენად აქცია. მის სახელს კიდევ ბევრი ამგვარი სიახლე უკავშირდება.
წინამდებარე თარგმანები შესრულდა დათო ბარბაქაძის მრავალტომელი პროექტისთვის, “მე-20 საუკუნის ავსტრიული პოეზია”.
მთარგმნელი

ტექსტები გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

პოეტური აქტის რვაპუნქტიანი პროკლამაცია

არსებობს ერთი ყოვლად ხელშეუხებელი ჭეშმარიტება: შეიძლება იყო პოეტი და, ამასთანავე, ერთი სიტყვაც არ გქონდეს დაწერილი ან წარმოთქმული.
ამისათვის ერთადერთი აუცილებელი წინაპირობაა მეტნაკლებად გაცნობიერებული სწრაფვა პოეტურად ქმედებისა. თვით ყოვლად აბსურდული ჟესტიც კი, ამ სწრაფვით ნასაზრდოები, შეიძლება ამაღლდეს არნახული მშვენიერების აქტამდე, ლექსამდეც კი. ოღონდაც მშვენიერების ცნებას ჩვენ ძალზე ფართო დიაპაზონს ვანიჭებთ.

1
პოეტური აქტი არის შემოქმედება, რომელიც უარს ამბობს ნებისმიერ შუამავალზე, ესე იგი, არ საჭიროებს გამოხატვის ენობრივ, მუსიკალურ, ანბანურ საშუალებებს.

2
პოეტური აქტი წმინდა პოეზიაა. ის სრულიად თავისუფალია აღიარების, ხოტბისა და კრიტიკის ამბიციისაგან.

3
პოეტურმა აქტმა, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევით მიაღწიოს საზოგადოებამდე. ესეც ასიდან ერთ შემთხვევაში ხდება. რაკიღა საკუთარი მშვენებისა და შეურეველი სიწმინდისათვის ანგარიში აქვს გასაცემი, უფლება არა აქვს, საჯაროდ განხორციელდეს, რადგანაც ის წარმართული თავმდაბლობით გაჯერებულ გულისხმიერ აქტად გვევლინება.

4
პოეტური აქტი სრულიად გაცნობიერებულად დაგალახავს დროის ფარგლებს და წარმოადგენს უბრალოდ პოეტურ სიტუაციას, რომელიც პოეტის არსებობას არც კი საჭიროებს. ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ბითური ისე, რომ ვერც კი გაიაზროს ეს.

5
პოეტური აქტი პოზაა, ამ სიტყვის უკეთილშობილესი გაგებით, ყოველგვარი პატივმოყვარეობისაგან თავისუფალი, სავსე ხალისიანი თვინიერებით.

6
პოეტური აქტის ყველაზე სათაყვანებელ ოსტატებს შორის ჩვენ ვასახელებთ დემონურ-ელეგიურ კ. დ. ნერონს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს უფალს, ფილოსოფიურ-ჰუმანურ დონ კიხოტს.

7
პოეტურ აქტს არ გააჩნია არავითარი მატერიალური ღირებულება, ამიტომაც ის პროსტიტუციის სენისაგან იმთავითვე თავისუფალია.

8
ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი, უკვე განხორციელებული პოეტური აქტი ერთი იმ იშვიათ ფასეულობათაგანია, რომლებსაც მუდამ განუყრელად თან დავატარებთ.

დაღუპული მეგობრის დატირება

ფედერიკო გარსია ლორკას სიცოცხლე თითქმის ჩვიმეტი წლის წინათ შეწყდა სადღაც ფუენტე ბაკეროსთან, შუა მინდვრებში გამავალ შარაზე. ციდან ჩამოვარდნილი შავი ლოდივით ჩაჰყვა მას ბნელ სულეთში მთელი ესპანეთის გლოვა და დარდი. ეს დარდი ვერასოდეს განქარდება, რადგან ის იმავე ფესვიდან აღმოცენდა, რაც დაღუპულის შემოქმედება: სიყვარულიდან…
ნაშუადღევს, როდესაც დღის აურზაური მშვიდდება მზით გამტკნარებულ ქუჩებში, ანდა, საღამოხანს, როდესაც მთვარე გაიელვებს ალვებში, მრავალი მისი თანამემამულე კვლავაც შეიგრძნობს უმძაფრესად, რა ძლიერ უყვარდა ფედერიკო. მაშინ დუმილი ჩამოწვება იმ არარეალურ ჰაერში, უცნაურად რომ გვაგონებს ნატიფად გრეხილი ბრინჯაოს ან ვერცხლის ნაკეთობებსა და იმ ქაღალდის ვარდებს, კედლის სარკის მარცხენა მხარეს რომ ამაგრებენ…
ფედერიკო გარსია ლორკა საუკუნეთა მიჯნამდე ერთი წლით ადრე დაიბადა შეძლებული გლეხისა და მასწავლებელი ქალის ოჯახში, გრანადას მახლობელ ერთ სოფელში. მშობლებისაგან ერგო მისი პიროვნების განმსაზღვრელი თვისებები: ესპანელი ხალხის დასაბამიერი კავშირი მიწასთან და უნარი ადამიანის სულის უფაქიზესი ძვრების მსუბუქად, თამაშ-თამაშით ამოცნობისა. მშობლები საცხოვრებლად გრანადაში გადადიან: ამ ქალაქს იგი გამუდმებით ისევ და ისევ დაუბრუნდება. ფედერიკო სწავლას ალმერიის კოლეჯში იწყებს, შემდეგ მადრიდში განაგრძობს და ბოლოს ნიუ იორკში მიემგზავრება. სწავლობს ფილოსოფიას, იურისპრუდენციას, ლიტერატურის ისტორიას. მისი პირველი პროზა წარმატებას ვერ აღწევს. იგივე ბედი ელის მის პირველ პიესას “პეპელას ჯადოქრობა”, რომელიც 1919 წელს ბარსელონაში მაყურებელმა არ მიიღო. ლორკა ლექსების წერას განაგრძობს. მათ ბეჭდავენ. განსაკუთრებულ გამოხმაურებას ჰპოვებს 1924-1927 წლების შუალედში შექმნილი “ბოშური რომანსერო”. ტრადიციული რომანსის სტილში დაწერილი ეს სიმღერები სულაც არ არის კლასიკოსთა მიბაძვა, ისინი უაღრესად ავანგადულია და ძალიან სწრაფად იქცევა ფოლკლორის განუყოფელ ნაწილად. ლორკა რიტმულად კითხულობს საკუთარ პოეზიას საჯარო გამოსვლებზე, რომლითაც მთელ ესპანეთს შემოივლის, ამიტომ მრავალი ლექსი უკვე მანამდე ხმიანებს ხალხში, ვიდრე მას წიგნში დაბეჭილს იხილავენ. 1929 წელს ლორკა დგავს ძლიერი სიურეალისტური გავლენის ქვეშ დაწერილ ტრაგედიას “მარიანა პინედა”. მას მალევე მოსდევს კომედია “დონ პერლიმპლინი და ბელისა”. 1930 წელს ამერიკაში მოგზაურობისას იქმნება თავზარდამცემი სისხლიანი სურათებით სავსე ლირიკული ციკლი “პოეტი ნიუ იორკში”. პოეტ რაფაელ უგარტესთან ერთად ხელმძღვანელობს მოხეტიალე თეატრალურ დასს, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად სტუდენტები არიან. ძალზე შთამბეჭდავად დგავს ლოპე და ვეგასა და ესპანური სსენის სხვა კლასიკოსებს. 1935 წლამდე მის დრამატულ შემოქმედებას ემატება “სისხლიანი ქორწილი”, “იერმა”, “დონა როსიტა” და “ბერნარდა ალბას სახლი”.
მის ბოლოს წინა და უსრულყოფილეს პოეტურ ქმნილებად კი დარჩება “იგნასიო სანჩეს მეხიასის დატირება”. ეს მოთქმა არენაზე დაღუპული მეგობრის გამო, ოთხი ლექსისაგან შემგარი ეს გვიგვინი, ხარის რქის დარტყმებივით მძლავრი და ულმობელი, შეიძლებოდა თვით ლორკას სიკვდილზე დაწერილიყო. ჯერ კიდევ გაუაზრებელია მისი გავლენა ჩვენი დროის ლირიკაზე… მისი ფრაგმენტები სამუამოდ ჩაინთქა შემდგომი ბობოქარი დროის წყვდიადში. ესპანეთის სამოქალაქო ომის დასაწყისში პოეტი, არასოდეს რომ არ ყოფილა პოლიტიკოსი, შესაძლოა, რაღაც გაუგებრობის გამო, მძევლად აიყვანეს, შემდეგ დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს.
მოდით, მის მოსაგონრად, ყვავილი დავდოთ მსოფლიო რუკაზე, იქ, სადაც ესპანეთია.

მანიფესტი

ჩვენ მთელი ენერგიით ვუცხადებთ პროტესტს
იმ ყოვლად ამაზრზენ ბალაგანს,
რომელსაც ექნება ადგილი
ავსტრიის მიწაზე
შეიარაღების ხელახალი დაკანონების შემდეგ…

ყველანი ჯერაც ყელამდე ვართ სავსე
იმით, რაც წინა ჯერზე ვიგემეთ –
ამჯერად ჩვენ ნუღარ ჩაგვრევთ!

ეს უსაშველო თავხედობაა
იშვიათი უნამუსობა
ათი წლის მანძილზე
აწარმოო ანტიმილიტარისტული პროპაგანდა
ფარისევლურად იკნავლო მშვიდობასა და სამათლიანობაზე
სათამაშო ჯარისკაცები და ინდიელების შესახებ ფილმები
(პლაკატები დღესაც ჰკიდია ქუჩებში…)
დაგმო როგორც ამორალური აგრესია
და უცებ
ეგრეთწოდებული საბოლოო თავისუფლების
ქარის პირველ ქროლვაში
ჯერაც სკოლადაუმთავრებელ ახალგაზრდებს
ბინძური იარაღი შეაჩეჩო ხელში!!
ეს ატავიზმია!!!
ეს სიველურეა!!!
ეს პირველი ნაბიჯია
დაკანონებული კანიბალიზმისკენ!!!

მოგიწოდებთ ყველას:
ბრძოლა გამოუცხადეთ ამ ბარბაროსობას!
არ მისცეთ უფლება რადეცკებს
დოიჩმაისტერებსა და ქაიზერიეგერებს
თვალები და ყურები დაგიხშონ…
ბოლოს და ბოლოს უარი თქვით დაფნაზე!!
დაფნა კარგია წვნიანში!!!
დაფიქრით იმაზე
თუ რა ღირსებას
შეიძენს ავსტრია
თუ ძველებურად დარჩება
მსოფლიოს ერთადერთ სახელმწიფოდ
რომელიც ამ ენითგამოუთქმელ იდიოტობას
თავისზე უფრო სულელებს უთმობს!!
ზუსტად ისევე როგორც პირველყილთა
და გამოქვებულის ბინადართა კანიბალიზმმა
თავისი დრო მოჭამა
გასული დროის ომობანაც
უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ!

სჯობს ის სამი მილიარდი –
თუ ვინ იცის კიდევ რამდენად მეტი –
რასაც ახალი ფედერალური ჯარი ჩანთქავდა
კულტურასა და ცივილიზაციას მოვახმაროთ!!
გვეყოს ეს მეტიჩრობა
რასაც გამოპრუტუნებული ბიუროკრატები გვაძალებენ..!!

ისეთ ავსტრიას
რომელიც ხელახალ შეიარაღებაზე ღაღადებს
მხოლოდ ბაყაყს თუ შევადარებთ,
ბადნაჟით თიაქარგაკრული და გლუკოზით გაჭყეპილი
გარდასული დროის დევგმირთა ხმლის აწევას რომ ლამობს…
გაცემულია 1955 წლის 17 მაისს ვენაში

ვილანდ შმიდის შესახებ

ვილანდ შმიდს შუა საუკნეების კელტთა მეომარ ბარდებს შევადარებდი: ტალეისინსა და გუოლხმეის. მათსავით ისიც ბუნების მგოსანია, გმირთა მეხოტბე, ლაშქართა შემაგულიანებელი, ხოლო უპირველესად კი – ჯადოქარი: “ნიმუში მინდა მას მოვუნახო / ნიშნით მტრედისა და ვაზის ყლორტის / პეპლისა და ბალახის ღერის / დიონისესა და ავაზასი”.
ჩვენს დროში, როცა პოეზია მეტწილად სენტიმენტალურ ან ფსევდოფილოსოფიურ სახეს იღებს, ის შეგნებულად აღიარებს შუა საუკუნეების პოეზიის პრინციპებს. თავადი ოსვალტ ფონ ბოლკენშტაინია მისი მოძღვარი. მისი შთაგონებით წერს. მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თანამედროვე გერმანულენოვან პოეზიაში კვლავ შემოიყვანა საგანი და პიროვნება. თუ არ ვცდები, მის ლირიკულ კრებულში “ქარის რუკა” მხოლოდ შვიდ თუ რვა წინადადებას თუ ნახათ ისეთს, აბსტრაქტულ გამონათქვამს რომ შეიცავდეს. რასაც ის გვაწვდის, არის დაკვირვებები, გამოცდილებები, გავრცობანი. თავად ბუნება კონკრეტულად ფიგურირებს წიგნში, ბუტბუტებს და მღერის მასში. მისთვის, როგორც კელტი მგოსნისთვის, მიდამოსთან, მის მდინარეებსა და ჩარჩქერებთან, ტყეებსა და კლდეებთან საუბარი მითოსური აქტია, რომლის მეშვეობითაც სიტყვა გადამსახველად მოქმედებს სამყაროში.
იმ აბსტაქტულ ჯაგნარში, დღესდღეობით პოეზიის გზები და ბილიკები რომ ჩაუხეგავს, ის გზას მიიკვლევს უშიშად და შეუცდომლად ძველი, მივიწყებული, მაგრამ ჭეშმარიტი საგნებისაკენ: ჰაინიჰ ფონ ჰარდეგეს სავანისაკენ, დონ კიხოტის წისქვილისაკენ, ქრისტობალ კოლუმბუსის ინდოეთისკენ, იმ კალმახებისკენ, რომლებსაც უსინათლო რეფტერი ჭვრეტს ერინის კამკამა ნაკადულებში. მაშასადამე, წარმოსახვითის ზღვარზე არსებული საგნებისაკენ. წარმოსახვითისკენ და არა აბსტრაქტულისკენ! ეს ზღვარი არავის უნახავს: საამისოდ კონორის თვალი უნდა გქონდეს, მაგრამ ტყის ღალღები სწორედ ამ ზღვარს მიუყვებიან ხტუნვა-ხტუნვითო, წერს იგი.
მითოსის გზაზე შეგდომა ბევრ ჩვენგანს დღესაც ისეთ საქმედ ესახება, სიტყვათშემოქმედებასთან საერთო რომ არაფერი აქვს. არადა, ის ხომ წმინდა სიტყვათშემოქმედებაა. მითოსი, წერს მირჩა ელიადე, საჭიროებს თქმას და არა მოყოლას. ვილანდ შმიდი სწორედაც რომ მთქმელია. ის ასწლეულების შემდეგ კვლავაც ახალ გამონათქვამებს, ახალ ფორმულებს გვაწვდის: ჩვენზე უფროსი იალქანია, ხოლო ქარი კი – მასზე უფროსი.
1959

კარლ ლინეი: ლაპლანდიური დღიური

როდესაც 1961 წელს სტოკჰოლმში პირველად მომხვდა თვალში “Iter Lapponicum”, კარლ ლინეოს ლაპლანდიური დღიური, და მის კითხვას შევუდექი, მოულონელად შემძრა ორმა ძლიერმა განცდამ: პირველი იყო გამაოგნებელი და უშუალო სინორჩე რაღაც საოცარი და უშუალო პოეზიისა, ხოლო მეორე: არანაკლებ საოცარი გრამატიკული დაუდევრობა, მთელ ჩანაწერებს გაუვალ ლაბირინთად რომ აქცევს. რა თქმა უნდა, ამ არეულ-დარეული ფურცლების პოეზია უხვად გვინაზღაურებს იმ summa difficultas geographiae-ს ((ლათ.) გეოგრაფიულ სირთულეთა ჯამი), რომელსაც გვიქმნის ტყეებითა და მთიანეთით დაფარული ლანშაფტების უეცარი გადასვლა სულის სანახებში, ლათინურ საკრალურ ჭალებსა და მთებში, – ანდა პირიქით.
რამდენადაც გაუმიზნავია ლინეისეული დღიურის პოეზია, რამდენადაც უდანაშაულოდ და უნებლიეთ იჭრება მეცნიერებაში, მით უფრო შთამბეჭდავად მოქმედებს იგი თავისი ხშირად ერთმანეთზე უწესრიგოდ დახვავებული ეპიზოდებით, დაკვირვებებით, გრძნობათა შეფასებებითა და ბუნების აღქმით. ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი მოვლენები იშლება. ვხდებით მიკროკოსმიული თავგადასავლების მომსწრენი. თავგადასავლებისა, რომლებიც Vaccinia nigra-ს ბუტკოს შეფერილობდან ანდა Sceptrum Carolinum-ის ფესვიდან გვეგებებიან, – ან სულაც კეთილგანწყობილი მომთაბარის სამზავრო ქვაბიდან, არქტიკული სიმარტოვის კლდოვანი მიდამოდან, ან იშვიათი ხოჭოს ფრთის მოლურჯო ჯავშნიდან. ყოველივე ისევ ახალთახალია ამ სამყაროში, თითოეული არსი კვლავაც ბზინავს და კრიალებს ნამის წვეთებით, როგორც ოვიდიუსის ახლადაღმოჩენილ ოქროს თუ ვერცხლის ხანაში, რომლის სუნთქვაც, ყოველი აღმოჩენის გამო ლინეის ხალას სიხარულთან გადახლართული, “Iter Lapponicum”-ის თითოეული ფურცელს მსჭვალავს. ყველაფერი კვლავაც იმკვიდრებს თავის კანონიერ ადგილს: მიწისქვეშეთის ძრწოლაცა და ფლორას მშვენებაც, რომელიც მზადაა ფებუსთან შესაუღლებლად.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box