ბასა ჯანიკაშვილი, “აბსურდისტანი”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
“ვერ გავიგე, ეს ქალაქი მარტო გოიმებისაა? ეს ქალაქი მარტო ქაჯებისაა? ვერ გავიგე, ეს ქალაქი ვისია ბოლოს და ბოლოს. მერიის ერთი კინკილა სამსახურის, ვინც კონცერტების პროგრამას წყვეტს, თუ მათი, ვინც აქ ცხოვრობს. გგონიათ, რობერტ პლანტის მსოფლიო ტურში თბილისი რომ მოახვედროთ, ხალხი არ მოვა? ან U-2-ს და Radiohead-ის კონცერტით თავისუფლების მოედანს ვერ გაავსებთ? იქნებ ისიც გეგონოთ, რომ თქვენ მიერ გასროლილ შუშხუნებს ხალხი მოუთმენლად ელის? იმედი მაქვს, რომ არა.” – ეს არის ამონარიდი ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანიდან, რომელიც ავტობიოგრაფიულია და მუსიკას ეძღვნება, უფრო კონკრეტულად კი, როკს.
გასული საუკუნის 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში ეს მიმდინარეობა აკრძალული აღარ იყო, თუმცა, კარგი ჩანაწერების შოვნა არცთუ იოლი გახლდათ. ეს საქმე მელომანთა მხრიდან სერიოზულ “ჩალიჩს” მოითხოვდა, თუმცა, შედეგი ამად ღირდა. “დაპისკებით” გავრცელებული და არალეგალურად შემოტანილი მუსიკა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ხელისუფლების მიერ მკაცრად იყო კონტროლირებული.
მაშინდელ ქვეყანას ავტორი აბსურდისტანს უწოდებს და იყო კიდეც აბსურდული, თუმცა, ბევრისთვის აბსურდისტანური ყოფა დღესაც გრძელდება, რადგან ადამიანები ფსევდოღირებულებებითა და ფსევდოგრძნობებით ცხოვრობენ, ფსევდომუსიკას უსმენენ და ფსევდოთავისუფლებით ტკბებიან. გზა საბჭოთადან თანამედროვე აბსურდისტანამდე ავტორის ყმაწვილკაცობისდროინდელ მოგონებებზე გადის და როკის განვითარებასთან ერთად იმდროინდელი ყოფის საინტერესო დეტალებზეც გვიამბობს.
დიანა ანფიმიადი, კონსპექტური მითოლოგია (ლექსები). თბ. “საუნჯე”, 2009.
მის ლექსებს ხშირად უწოდებენ მუსიკალურ პოეზიას, ოღონდ, კლასიკურს კი არა, ატონალურს, თავისუფალ რითმებად რომ იღვრება დროსა და სივრცეში. პირველი წიგნი შოკოლადის ფილებად დაიღვენთა მკითხველის მეხსიერებაში, მეორედ კი უკვე მითოლოგიური თემატიკით წარდგა ჩვენს წინაშე. “კონსპექტური მითოლოგია” ერთგვარი დაბრუნებაა ძირებთან – პოეტესა ხომ წარმოშობით ბერძენია. სხვათა შორის, ავტორის გვარ-სახელი იმდენად ჟღერადი და პოეტურია, კარგა ხანს ფსევდონიმი მეგონა. როგორც ჩანს, ეს კოდი მასში თავიდანვე იყო ჩადებული, რაც მის ახალ კრებულში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ხან პანდორაა, ხან გალათეა, ხან კასანდრა და ხანაც ელენე, კლიტემნესტრა, მედეა… ერთი სიტყვით, მთელი ბერძნული მითოლოგიაა, თუმცა, ამ კრებულის კლიტე-გასაღებად კენტავრი აირჩია. წიგნის გარეკანზეც ქალი-კენტავრია გამოსახული, კენტავრი დიანა, რომელიც საკუთარ ფლოქვებს კი არ დაჰყურებს, როგორც ლექსშია, დაკვირვებული მზერით სადღაც შორს, უსასრულობაში იყურება, თითქოს ზეციური სამყაროსკენ ისწრაფვის, თუმცა, გაბერილი საღეჭი რეზინი მყარად ამაგრებს მიწაზე. ერთი სიტყვით, არც მიწისაა, არც ცისა. მისი ბიოგრაფიიდან ვიმსჯელებთ, მრავალმხრივი და არაორდინარული ადამიანია: პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ-კრიმინალისტი, არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ამჟამად თსუ ზოგადი და თეორიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დოქტორანტია. გატაცებულია კულინარიით. მისმა პოეტურმა კრებულმა “შოკოლადი” – შარშან “საბას” ლიტერატურული პრემია დაიმსახურა საუკეთესო დებიუტისათვის, შარშანწინ კი ლიტერატურულ კონკურს წეროს გამარჯვებულიც გახდა. წარმატებები ჯერჯერობით თან სდევს. იმედია, ასე გაგრძელდება.
ლია სტურუა, ზღვა დაკეტილია (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.
რა სასიამოვნოა, რომ დღეს, როდესაც პოეზიის გამოცემა არამომგებიან საქმიანობად მიიჩნევა, არსებობს გამომცემლობა, რომელიც ჯიუტად საპირისპირო მიმართულებით მიდის. “სიესტას” ანგარიშზე არაერთი საინტერესო პოეტური კრებულია – ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების, ამჯერად კი გამომცემლებმა მზერა ლია სტურუაზე შეაჩერეს.
ანა კალანდაძის შემდეგ ლია სტურუა პირველი პოეტესა იყო, რომელმაც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლიტერატურულ სივრცეში ხმაური და მღელვარება გამოიწვია. მისი დახვეწილი, ინტელექტუალური, ფორმისა და ჩარჩოებისგან თავისუფალი ლექსი იმ პერიოდის ქართულ პოეზიაში ახალ სიოდ შემოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მის სტილს მიმდევრები გამოუჩნდა, ლია სტურუას პოეზია დღესაც არავისში აგერევათ. “სიესტა” შეეცადა მკითხველისთვის ამ თვითმყოფადი შემოქმედის შედარებით ახალი ნამუშევრები გაეცნო.
გიორგი მირზაშვილი, ნადავლი (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.
დაწურული აზრი, მოზომილი სიტყვა, ლექსი – ნატურმორტი, ლექსი – პორტრეტი, მხატვრის პოეზია – აი, ასეთია გიორგი მირზაშვილის ახალი კრებულით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება. ხანდახან ჯობია, არაფერი დაწეროო – ამბობს ერთგან პოეტი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიტორიკული შეძახილია საკუთარი თავის მიმართ, რადგან “ნადავლი” მისი რიგით მესამე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა “სიესტა” გამოსცემს. მანამდე იყო “მარშრუტი ნომერი ორმოცდარვა” და “მშრალი ხიდი,” რომელთაც პოეზიის მოყვარულთა ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ქართველ პოეტთა ორდენი გარკვეული სიფრთხილით მოეკიდა მხატვრობიდან “გადმობარგებულ” თანამოკალმეს. თუმცა, ვეჭვობ, ამას ავტორისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. წერს, რადგან სხვანაირად აღარ შეუძლია და აწყობს თავისი ლექსის მოზაიკას, რომელიც ოდესმე ერთ დიდ ტილოდ გარდაიქმნება, სახელწოდებით – გიორგი მირზაშვილის პოეზია.
გაიუს ვალერიუს კატულუსი, “ლექსების წიგნი”. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა.
რედაქტორები: იზა ორჯონიკიძე, თემურ დოიაშვილი. თბ. “ლოგოსი”, 2009.
“ლათინური გამოთქმაHHabent sua fata libelli – “წიგნებს თავისი ბედი აქვს” – ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნს შეეფერება” – წერს კატულუსის ქართულ ენაზე მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი. საქმე ისაა, რომ X საუკუნეში, როდესაც ლათინური მხოლოდ ეკლესიისა და მეცნიერების ენად იყო ქცეული, ვერონის ერთ-ერთ მონასტერში ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ძველი რომაელი პოეტის ლექსების ხელნაწერი იპოვა, რომლითაც ძალზე მოიხიბლა, მიუხედავად ავტორის წარმართობისა. ეს იყო კატულუსის ლექსების ერთადერთი კრებული, რომელიც შემოთხვევით შემორჩა მის მშობლიურ ქალაქს. მოგვიანებით, ხელნაწერი ისევ გაქრა, თუმცა XIV საუკუნეში კვლავ იპოვეს და რამდენჯერმე გადაწერეს. შემდეგ კი ყველა ევროპულ ენაზე თარგმნეს. სასიამოვნოა, რომ მათ რიცხვში საქართველოცაა.
“უბერებელი” რომაელი ლირიკოსის პოეზიას ყველა ეპოქა თავისებურად კითხულობდა. რომანტიკოსები მას რომანტიკოსად მოიხსენიებდნენ, სიმბოლისტები – სიმბოლისტად, ჩვენი თანამედროვეებისთვის კი კატულუსი პოსტმოდერნისტია. ამ შემთხვევაში ლიტერატურული ჩარჩოები მეორეხარისხოვანია, მთავარი ავტორის მრავალწახნაგოვანი, ირაციონალური იმპულსებით აღსავსე პოეზიაა, რომელიც ძალზე ოსტატურად გადმოაქართულა მანანა ღარიბაშვილმა.
ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ. ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ჯიშიაშვილმა. რედაქტორი მანანა კვაჭანტირაძე, თბ. 2009.
ეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ლათინომერიკელი და ესპანელი მწერლების შემოქმედებას მოიცავს, ესპანურენოვანი ლიტერატურის მოყვარულთ დააინტერესებს. ოქტავიო პასი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ხუან კარლოს ონეტი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს-რევერტე და გუსტავო მარტინ გარსო – აი, ავტორები, რომელთა ნაწერებსაც კრებულში გაეცნობით.
ესპანურენოვან ლიტერატურას, დაწყებული სერვანტესიდან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო მწერლობის ისტორიაში. მათ რიცხვს გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ლათინოამერიკელ ავტორთა მთელი კასკადი შეუერთდა. მარკესი, ლიოსა, კორტასარი, ბორხესი… ამ პერიოდის მწერლობა “ლიტერატურულ ბუმად” მონათლეს. მოგვიანებით მათი ტრადიცია ფუენტესმა, ონეტიმ და პასმა გააგრძელეს.
აქ წარმოდგენილ მწერალთა ნაწილს ქართველი მკითხველი მეტად იცნობს, ნაწილს ნაკლებად, თუმცა თითოეულმა მათგანმა საკუთარი სიტყვა თქვა ესპანურენოვანი ლიტერატურის განვითარებაში. მათი შემოქმედება არაერთი პრემიითაა აღნიშნული როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. მნიშვნელოვანია, რომ ამ სამყაროს წარმომადგენელთა ლიტერატურული ნააზრევი, შემოქმედებითი ძიებები და მსოფლმხედველობა ქართველმა მკითხველმაც გაითავისოს და შეაფასოს.
სულხან-საბა ორბელიანი – 350, საიუბილეო კრებული. რედაქტორი და შემდგენელი, ირმა რატიანი. თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი”, 2009.
საქართველოს ისტორიაში არიან პიროვნებები, რომელთაც საეტაპო როლი შეასრულეს ქართული ცნობიერების, მწერლობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში. ერთ-ერთი მათგანია სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც 2008 წელს დაბადებიდან 350 წელი შეუსრულდა. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ეს თარიღი დიდი ზარ-ზეიმით არ აღნიშნულა, თუმცა შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი შეეცადა მწერლისთვის ღირსეული პატივი მიეგო. ეს კრებული ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.
დიდი ადამიანების ბიოგრაფია და შემოქმედება იმითაცაა დიდი, რომ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისა და ძიებისათვის. კრებულში წარმოდგენილ ავტორთაგან თითოეულმა თავისი სულხან-საბა დაინახა, მისთვის საინტერესო თემატიკას ჩაუღრმავდა ავტორის შემოქმედებაში და რიგ შემთხვევაში, ახლებური ხედვა, ზოგან კი – უფრო სიღრმისეული გააზრება შემოგვთავაზა.
ზაზა ფირალიშვილი, თეიმურაზ დოიაშვილი, ლევან ბრეგაძე, მერაბ ღაღანიძე, როსტომ ჩხეიძე, დარეჯან მენაბდე, გიორგი გაჩეჩილაძე, ლია ბაკურაძე, თინათინ ბოლქვაძე და მალხაზ ხარბედია სულხან-საბას მიკრო და მაკროკოსმოსის მათეულ ხედვას გვთავაზობენ. კრებულს ირმა რატიანის შესავალი წერილი და რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია ერთვის, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს თვალი გადაავლოს ძირითად სამეცნიერო ლიტერატურას და მისთვის სასურველი მასალა შეარჩიოს.
ალენ პეკარ ლემპერერი, ორელიენ კოლსონი “მოლაპარაკების მეთოდები”. მთარგმნელები: ნატო მაჭარაშვილი, თინათინ ღარიბაშვილი. სამეცნიერო რედაქტორი: ტარიელ სიხარულიძე. რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი.
თბ. ”ჯისიაი”, 2009
კარგ მომლაპარაკებლად კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან – ასეთია წინამდებარე ნაშრომის მთავარი გზავნილი, რომლის ავტორები მოლაპარაკებათა სფეროს გამოცდილი წარმომადგენლები არიან. ალენ ლემპერერი და ორელიენ კოლსონი ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (ESSEC) პროფესორები და არაერთი სამეცნიერო ტიტულის მფლობელები არიან. ეს წიგნი მათი და ამ სკოლის გუნდის 10-წლიანი შრომის შედეგია.
ავტორები მკითხველს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უზიარებენ და მოლაპარაკების წარმოების ფილოსოფიასა და ტექნიკას აცნობენ. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს იმ ქმედებების კვლევა და ანალიზი, რომლებსაც ადგილი აქვს მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.
წიგნი ეფუძნება მოლაპარაკების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, ასევე ტრენინგებს, დიპლომატიური მისიებისა და აკადემიური საქმიანობისას დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებას. როგორ მივიღოთ საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება, მოვაგვაროთ კონფლიქტი და ვმართოთ საკუთარი და მოწინააღმდეგის ემოციები – ამ და ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს წინამდებარე წიგნში შეიტყობთ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“