გაგა ნახუცრიშვილი, სტროფი, თბ. „სიესტა“ , 2013.
პირადად ჩემთვის, ე. ი. ადამიანისთვის, ვინც საკმაოდ კარგად იცნობს გაგა ნახუცრიშვილის შემოქმედებას, გარკვეული სიახლე იყო მისი ციკლი „სტროფი“. ლექსების ეს კრებული დიდი სისადავით, პოეტური აზრის ორიგინალობით და ხშირ შემთხვევაში პარადოქსული ფინალებით არის გამორჩეული. „მეუბნები,/ რომ შევიცვალე,/ ალბათ ასეა,/ მე უსასრულო/ ღამეებმა/ წელში გამტეხა,/ მზის მცხუნვარებამ/ გამომფიტა/ და გამომაშრო,/ წვიმამ დამაზრო,/ დამაჭაობა,/ თოვლმა და ქარმა, / ამომივსო სული სიცივით/ და შევიცვალე,/ რომ მეცხოვრა/ უფრო სხვაგვარად,/ რომ ყველაფერი/ თავიდან და ახლად დამეწყო,/ ამ ქვეყანაზე ცვლილებაა/ მხოლოდ უცვლელი.”
ცვლილება რომ უცვლელია, ეს უკვე პარადოქსული სენტენციაა და ამავე დროს ფინალური აკორდი. ადამიანი მართლაც ცვალებადია, მაგრამ აქ საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც გადარჩენის საშუალებას აძლევს დასაღუპად განწირულ მსხვერპლს. ლირიკული პერსონაჟი გვეუბნება იმას, რომ ყოველი ჩვენგანი (თუმცა ის ლექსში თავის თავს გულისხმობს) ერთგვარ ჩაკეტილ წრეში ტრიალებს – კრიზისიდან კრიზისამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიზისი აღწევს უკიდურესობას, იბადება სურვილი ახალი ცხოვრების დაწყებისა და იწყება ახალი ცხოვრება, რომელიც „ბოლოს“ ახალ კრიზისს აღწევს. მერე ხელახლა დგება ჟამი ფერისცვალებისა და ა.შ. და ა.შ. ასე რომ, როგორც ერთმა მოაზროვნემ თქვა, ადამიანის ცხოვრება ერთი გაბმული კრიზისია.
არსებობს გამოთქმა – ისტორია მუდამ თავიდან იწერებაო. ასეა ადამიანის ცხოვრებაც. თავისი სიცოცხლის რომელიღაც ეტაპზე ადამიანი გადახედავს უკვე განვლილ ჟამს და ყველაფერს განსხვავებულად აფასებს და, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის მუდმივი კრიზისის არსებობის შესახებ, მაინც სურს უკან დაბრუნება რაღაცის შეცვლის გამო. „და მინდა მხოლოდ,/ რომ შემეძლოს უკან დავბრუნდე,/ ვცადო მაინც/ რამის შეცვლა,/ სხვა გზის მიგნება,/ რომ თუნდაც ერთხელ,/ ვინმე მაინც გადავარჩინო./ მხოლოდ ყრუდ მტკივა/ და დაბრუნება/ არის უკვე/ შეუძლებელი”./
მიუხედავად მუდმივი კრიზისულობისა, როგორც უკვე ვთქვით, პოეტს მაინც აქვს სურვილი „ახლიდან დაწეროს თავისი ცხოვრების ისტორია“. მას სურს უფრო ღრმა შინაარსი შესძინოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ამიტომაც ამბობს პოეტი: „მალე ორმოცის შევსრულდები… უკაცრავად, თუ დაუდევრად გავფლანგე წლები“.
პოეტი ის ადამიანია, ვინც თავის ბედისწერას „იკვლევს“. გაგა ნახუცრიშვილი წარსულზე ფიქრობს, ცდილობს ისეთი ნაკვალევის შემჩნევას, რომელიც უცხო თვალისთვის დაფარულია და მხოლოდ მისთვისაა მისაწვდომი და დასანახი. იქ, სადაც წარსულის ძიებაში ანალიტიკური საწყისი ჭარბობს, თავისუფალი ლექსის ფორმას ანიჭებს უპირატესობას, სადაც განწყობა დომინირებს, კანონიკურ, ტრადიციულ ლექსს იშველიებს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სპონტანურად ხდება, სათქმელის „მოჩხრეკას“ და აღძვრას ფორმის ძიების პროცესიც ახლავს. ეს ორი მომენტი ერთმანეთისგან განუყოფელია.
შთამბეჭდავი გამოდგა მცირე ზომის ლექსები, რომელთაც პოეტმა პირობითად „სიზმრის ვერლიბრები“ უწოდა. „იესო ვნახე,/ ოღონდ სიზმრად,/ ავტოსტოპზე…/ და მას არავინ უჩერებდა, სულ არავინ, არც სიზმარში“. ეს მცირე „პოეტური განჭვრეტები“, როგორც ყოველთვის, უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე ამბობს. აქ ფორმამ განწყობა და მედიტაცია ერთ ფოკუსში უნდა მოაქციოს. ამის მოხერხება უბრალო საქმე არ არის. სიტყვების მინიმალური რაოდენობა დაუმთავრებლობის შთაბეჭდილებას ქმნის, დაუმთავრებლობა რაღაცის უთქმელობაა და სწორედ ეს უთქმელობაა აქ მთავარი, რადგან, რაც არ ითქმება, ის იგულისხმება. „სიზმარში თოვდა/ თეთრად კი არა,/ უფეროდ თოვდა,/ დედამიწაზე სურდა მოსვლა/ ვერ ასწრებდა,/ ცაში დნებოდა./ ამ ლექსში მართლაც ყველაფერი ითქვა. „ყველაფერი“ ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რასაც ლექსის დაწერამდე გრძნობდა და განიცდიდა პოეტი. ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია სიტყვები: „თეთრად კი არა, უფეროდ თოვდა“. მიჭირს იმის თქმა, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, მაგრამ ეს „უფერობა“ აღქმული მაქვს და დამახსოვრებული. ეს მომენტი ჩემი მეხსიერებიდან ჩემს წარმოსახვაშია გადმოსული და აღბეჭდილი. ამიტომაც ლექსის წაკითხვისთანავე ცოცხლდება და ვიზუალურ ელფერს იძენს. ამის შემდეგ კი მოდის უაღრესად სევდიანი სტრიქონები: „დედამიწაზე სურდა მოსვლა,/ ვერ ასწრებდა,/ ცაში დნებოდა“. ეს არის ყოველივე იმის ნაადრევი კვდომა, რამაც სიცოცხლის ნაპერწკლად გაიელვა და იმწამსვე გაქრა. არსებობს ასეთი სიცოცხლეც და პოეტს იმის თქმა სურს, რომ ასეთ გაელვებასაც სიცოცხლე ჰქვია.
მე მჯერა გაგა ნახუცრიშვილის, როდესაც ის ამბობს: „არ მეშინია,/ არც სიბერის/ და არც სიკვდილის,/ ალბათ, ცოტა მეშინია/ მე მარტოობის”. მარტოობა მძაფრად არის გამოხატული წიგნში „სტროფი“, ოღონდ ეს მარტოობაც თავისებურია. ეს იმ კაცის მარტოობაა, ვისაც აქვს თავისი წარსული და ბედისწერა. და კიდევ ერთი რამ: ეს კაცი თვითონვე კითხულობს, თუ შეიძლება ითქვას, წარსულის პერგამენტზე დაწერილ ბედისწერას. მას აღარ სურს ვრცლად საუბარი და სიტყვაძუნწი პოეზიის ენას იშველიებს. ეს ყველაზე რთული გზაა პოეზიაში.
გაგა ნახუცრიშვილი ფაქიზი ფერებით წერს პეიზაჟს და ამ პეიზაჟში ყოველთვის არის “ადამიანის სახის“ შტრიხი: „მზეს ზღვაში ჩასვლა თითქოს რცხვენია,/ თითქოს დაკარგა სახეზე ფერი,/ და განშორებაც არაფერია,/ მერე შეხვედრა უფროა ძნელი“.
გაგას ლექსს გამოარჩევს უბრალოება, ზოგჯერ უკიდურესობამდე მიყვანილი სისადავე. როცა რაღაც ძალიან გტკივა, იმის თავი აღარა გაქვს, სამკაულებზე იფიქრო. თუმცა ის მაინც „წერს“ ლექსს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკვირდება თავის სათქმელს და გზადაგზა უკვე ნათქვამს შეძლებისდაგვარად პლასტიკურ ფორმას აძლევს.
წიგნი „სტროფი“, ჩემი აზრით, ფორმის ძიების ნიშნით არის აღბეჭდილი. თუმცა მინდა ვთქვა: გაგა ნახუცრიშვილი ისე ეძებს სათქმელის გამოხატვის ყველაზე უკეთეს ვარიანტს, რომ მკითხველს არ აწუხებს. უფრო უბრალოდ ვიტყვი: მკითხველი ვერცკი ამჩნევს მის ლიტერატურულ ძიებას, ყველაფერი ბუნებრივად ხდება.
და რადგან ბუნებრიობაზე და სინაღდეზე ჩამოვარდა საუბარი, არ შემიძლია აქ არ მოვიყვანო ერთი ბრწყინვალე ლექსი, რომლის წაკითხვამაც შემძრა: „სათაურს ვეძებ და ვერ დავარქვი,/ წიგნს… ეს ძალიან დიდხანს მინდოდა…/ ვერ დავიბრუნე ჩემი ქალაქი,/ ვერ მოვიშორე უამინდობა./ გამოვასწორე თითქმის ხარვეზი,/ შეცდომა ძველი, მძიმე, უძირო,/ სარკიდან თავი მიმზერს ამრეზით,/ პატივმოყვარე, ბრიყვი, უძილო./ გამოვიფიტე, თენდება გარეთ,/ მეც გარეთ გავალ, სახლში ვმარცხდები,/ და თუ არავინ გამიღებს კარებს,/ მიმასპინძლებენ ცა და ცაცხვები”.
არაერთხელ უთქვამთ, ზოგჯერ ერთ ლექსში ამა თუ იმ პოეტის მთელი პოეზიაა ჩატეულიო. არის ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი, და შეიძლება გაგას ციტირებული ლექსიც ამის დასტური იყოს, მაგრამ არ მეთმობა სხვა ლექსებიც, ყველგან არის ისეთი შტრიხები, რომლებიც პოეტის სახეს მრავალფეროვნებას სძენენ და მას სხვაგვარად წარმოაჩენენ. ეს კი უკვე პორტრეტია, უფრო ზუსტად, – ავტოპორტრეტი.
© “არილი”