AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – კოტე ჯანდიერის “კონკიას ღამე”

AUDIO

კოტე ჯანდიერი წიგნად გამოსაცემს ცოტას წერს და ძალზე იშვიათად. წლები უნდა გავიდეს, რომ მან რაიმე პუბლიკაცია მოამზადოს რომელიმე პერიოდული ლიტერატურული გამოცემისთვის, წიგნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 14 წლიანი პაუზის შემდეგ ძლივს მოხერხდა კიდევ ერთხელ მისი მოთხრობების თავმოყრა და ცალკე წიგნად დაბეჭდვა. წიგნს “კონკიას ღამე” ჰქვია და იგი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა.
კარგად მახსოვს 1995 წელს “მერანის” მიერ გამოცემული კოტე ჯანდიერის მოთხრობების კრებულიც. “ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან”, ასე ერქვა წიგნს, რომელიც “არილის” რედაქციაში გვქონდა და 1996 წელს სადღაც გაქრა. წიგნში 5 მოთხრობა შედიოდა, ამ ხუთიდან ოთხი ამ ბოლო კრებულშიცაა გადმობეჭდილი, თუმცა კიდევ 5 ახალი ნაწარმოების დამატებით წიგნი მოცულობითაც შეივსო და შინაარსობრივადაც. წიგნის რედაქტორისთვის, ფილოლოგ ანა ჭაბაშვილის აზრით, ეს გამოცემა მოვლენად უნდა იქცეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულთათვის:
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამომცემლობისთვის, და საერთოდ ქართული საზოგადოებისთვის, მოთხრობების ეს კრებული იქნება და არის მოვლენა, თუმცა, სამწუხაროდ, ფართო მკითხველი ნაკლებად იცნობს საერთოდ ამ მწერალს და კერძოდ ამ კრებულს და გული მწყდება ამაზე, რადგან კოტე ჯანდიერი არ არის ისეთი მწერალი, რომელსაც მკითხველი და ფართო საზოგადოება ხშირად ხედავს ხოლმე და იცნობს მას გარეგნულად, განსხვავებით ბევრი მწერლისგან, რომელიც ხშირად ჩნდება ეკრანზე კადრის ქვეშ წარწერით – მწერალი ესა და ეს”.
ბოლო წლებში კოტე ჯანდიერის სახელი უფრო სერიალებში ჩანდა ხოლმე. შეგახსენებთ, რომ მისი და ნუგზარ შატაიძის სცენარითაა გადაღებული ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი “ცხელი ძაღლი”, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული გადიოდა ქართულ სატელევიზიო ეთერში. თუმცა ტელემაყურებელთაგან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იგი შესანიშნავი მოთხრობების ავტორიცაა:
“80-იანი წლებიდან გამოჩნდა კოტე ჯანდიერი. ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და გარკვეულმა წრემ დაინახა კიდეც იგი, წაიკითხა… შემდეგ უკვე 90-იან წლებში, როდესაც საერთოდ ჭირდა რაიმე წიგნის გამოცემა, გაჭირვებით მოხერხდა ერთი კრებულის დაბეჭდვა, რომელიც პოლიგრაფიულადაც უსახური წიგნია, მაგრამ ავად თუ კარგად გამოვიდა ეს წიგნი და მას მერე კარგა ხანი გავიდა 2009 წლამდე, სანამ ავტორი შეძლებდა თავი მოეყარა თავისი მოთხრობებისთვის, გამოერჩია ისინი და ერთიანი სახე მიეცა ამ წიგნისთვის. სხვათა შორის, აქ ძალიან იმარჯვა გამომცემლობა “დიოგენეს” დირექტორმა თამარ ლებანიძემ, ვინაც დიდი ძალდატანებით მოატანინა კოტე ჯანდიერს თავისი მოთხრობები”.
კრებული საინტერესოდაა აგებული, მას ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ ესე უძღვის წინ. კოტე ჯანდიერი ამ ესეში ბევრ რამეს ეხება, ჰომეროსიდან და პლატონის ფედროსიდან დაწყებული – “ვეფხისტყაოსნით” დამთავრებული, თუმცა აქ თავად მწერალიც მოჩანს, კარგი ზეპირმეტყველი, რომელიც იშვიათად წერს პროზას.
კრებული ძალზე მრავალფეროვანია, ჟანრულადაც და ფორმის თვალსაზრისითაც. ზემოხსენებულ ესეს მოსდევს მოთხრობა “მაყვლოვანი”, რომელიც შეგვიძლია პოსტმოდერნულ კანონშიც მოვათავსოთ, სადაც საუბარია რომელიღაც უძველეს ლათინურ ხელნაწერზე, რომელიც საბოლოოდ კიდევ ერთი ლიტერატურული უცნაურობა აღმოჩნდება, ერთგვარი ბორხესული მისტიფიკაცია. გარდა ამისა აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის საუკეთესო ნიმუში “საოჯახო ქრონიკა”, მოთხრობები, “დაპატიჟება კინოში”, “მატარებლები გვირაბში შედიან” და სხვ. ანა ჭაბაშვილისთვის ამგვარად დალაგებული კრებული თვალსაჩინოს ხდის მწერლის მიერ განვლილ გზასაც:
“კოტე ჯანდიერი, როგორც მწერალი და როგორც პიროვნება ღირსია იმისა, რომ ქართველ მკიითხველს, და სხვათა შორის, არა მარტო ქართველ მკითხველს, სულ ცოტა წაკითხული ჰქონდეს მისი მოთხრობები და უყვარდეს ისინი. მაგალითად მე, როცა საბოლოო, ერთიანი სახით ვნახე ეს კრებული, ამ წიგნმა ჩემს ხელში გაიარა, ძალიან შემიყვარდა კოტე ჯანდიერი როგორც პიროვნება და როგორც მწერალი. როცა ასე დალაგებულს წაიკითხავს ადამიანი ამ წიგნს, ძალიან თვალსაჩინოა ამ მწერლის ზრდა, როგორც ასაკობრივი, ისე, როგორც მწერლისა და ყველაფრის გვირგვინია მოთხრობა გლობალიზაცია, რომელიც აბოლოვებს ამ კრებულს”.
მოთხრობა “გლობალიზაცია” პირველად 2005 წელს, ჟურნალ “არილის” ერთ-ერთ ბოლო ნომერში დავბეჭდეთ. მახსოვს, ის ნომერი ძალიან კარგად გაიყიდა, მკითხველები ალბათ არც ელოდნენ კოტესგან ასეთი მოცულობის ნაწარმოებს, ამბავი, რომელიც თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა მოთხრობილი, მაგრამ მწერლის უდიდესი ოსტატობისა და გამოცდილების კვალიც ამჩნევია:
“რაც შეეხება ბოლო მოთხრობას, გლობალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ მწერალმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. რა თქმა უნდა, კოტე კიდევ დაწერს რამეს, ბუნებრივია ეს მისი ბოლო მოთხრობა არ არის, მაგრამ აქ ის მთლიანად ჩამოყალიბებულია როგორც მწერალი და ეს მოთხრობა ღირსია იმისა, რომ იგი არამარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო მკითხველმაც გაიცნოს. ძალიან გვინდა, გამოვიდეს რომელიმე უცხო ენაზე, რადგან იგი მსოფლიო მასშტაბის ნაწარმოებია და ჩემი აზრით, მომავალში სახელმძღვანელოების ავტორებმა ეს მოთხრობა უნდა შეიტანონ ქრესტომათიაში. ბავშვმა ეს უნდა ისწავლოს, უნდა იცოდეს და ბევრი რამ დაინახოს ამ მოთხრობაში”.
სანამ წიგნად გამოიცემოდა, “გლობალიზაცია” ხელიდან ხელში გადადიოდა. 2005 წლის “არილის” 7-8-ე ნომერი ერთ-ერთი ბოლო იყო. ამის შემდეგ ჟურნალი აღარ გამოსულა, სამაგიეროდ იმ ნომერმა მთელი ქვეყანა მოიარა და ბევრი, ვის ხელშიც ვერ მოხვდა ეს ნომერი, ელექტრონული ფოსტით მიკავშირდებოდნენ და მოთხრობის გადაგზავნას მთხოვდნენ. ასერომ, დღეს კოტე ჯანდიერის ეს მოთხრობა რამდენიმე ადამიანს ელექტრონულადაც აქვს შენახული კომპიუტერში, თუმცა ვფიქრობ ვერანაირი ელექტრონული ვერსია და პედეეფი ვერ შეედრება წიგნს, რომელსაც ზოგიერთი მრავალი წლის მანძილზე ელოდა.

© radiotavisupleba.ge

Facebook Comments Box