Uncategorized

ჯაბა ზარქუა – თბილისი ხარმსიდან ტარანტინომდე

kill-tbilisi

გიორგი მაისურაძე, KILL თბილისი, თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2013.

არაფერი ისე კარგად არ გამოხატავს თანამედროვე თბილისელების დამოკიდებულებას საკუთარ ქალაქთან, როგორც ლეგენდა 100 000 მოწამის შესახებ. მეტიც – შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მთელი თბილისის არსიც ამ ლეგენდაშია, სამწუხაროდ. თქმულებაში, რომელიც როგორც მინიმუმ დიდ ეჭვს ბადებს პრაგმატული და რაციონალური გადმოსახედიდან და მაქსიმუმ – უბრალოდ ტყუილია. თბილისელებს კი მოჭარბებულად გვიყვარს ეს ამბავი, ტურისტების წინაშე ამაყადაც ვიწონებთ თავს ასი ათასი ადამიანით, რომელმაც ხატების წაბილწვაზე უარი თქვა და მტერს კისერი მიუშვირა, მტერმა კი არც აცია არც აცხელა და სათითაოდ წააცალა თავი ზღვა ხალხს. შემდგომ ეს ზღვა მტკვარს შეერია და ნუ მოკლედ, როგორც არის. ჩემი აზრით, ძალიან სახასიათოა ეს ისტორია და მასთან ჩვენი დამოკიდებულება თავისი მსვლელობებით და ამბებით დღევანდელი თბილისის დედააზრის გამოსახატად. და რა არის ეს დედააზრი თუ არა ერთი დიდი აბსურდი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად ქცეულა.

ვის ვის და ისევ ფილოსოფოსს თუ შეაწუხებდა თანამოქალაქეებში ესოდენ ჭარბად წარმოჩენილი სწრაფვა ირაციონალიზმისკენ. შეაწუხა და დაწერა კიდეც წიგნი სახელად „KILL თბილისი“, რომელიც ტარანტინოს ცნობილ ფილმს მოგაგონებს ჟღერადობით, ხოლო სიუჟეტი კი დანიილ ხარმსის აბსურდულ მინიატურებს. მთელი წიგნის მანძილზე გიორგი მაისურაძე ცდილობს რაც შეიძლება სასტიკად და მწვავედ, „სისხლიანადაც“ კი – შეგვიძლია ვთქვათ რახან ტარანტინოა ნახსენები, დასცინოს თბილისის არსს. ის აბიაბრუებს ყველაფერს, რაც კი ვინმესთვის შეიძლება გარკვეულ სიწმინდეს წარმოადგენდეს და ცდილობს საკრალურობის რკინის ფარდა ჩამოხსნას ისეთ თემებს, რომლებზე ხუმრობა ბევრად წაგვადგებოდა, ვიდრე სერიოზული მსჯელობა. შესანიშნავი იდეაა, ამავდროულად საჭირო და აუცილებელი, ვერაფერს იტყვი. თუმცა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ცარიელი იდეა როდია საკმარისი კარგი ნაწარმოების დასაწერად.

თავიდან კითხვისას რამდენიმე ისეთი დაბალი ხარისხის უტრირებას წავაწყდი, რომელიც გამოცდილ მწერალს კი არა, მეცხრე კლასელ დამწყებ ავტორს არ ეკადრება. ამან უკვე უარყოფითად განმაწყო სიუჟეტის განვითარების მიმართ და არც შევმცდარვარ. ზემოთ ხარმსი ვახსენე, ვისაც გახსოვთ ამ უცნაური კაცის მინიატურები, ალბათ მიხვდებით რა საშინელება იქნებოდა მისი ერთი რომელიმე ციცქნა ნაწარმოები რომ აგეღო, ასზე მეტ გვერდად გექცია და ამასაც არ დაჯერებულიყავი, ზედ ინტელექტუალური საკმაზიც დაგემატებინა. შედეგად ძალიან ცუდ ლიტერატურულ კერძს მიიღებდი.

ალაგ–ალაგ ავტორი იმდენად ერთობა თავისი მოუთოკავი ფანტაზიით, რომ სტილს ივიწყებს, ვარდება თავისივე შექმნილი ტემპიდან და აგდებს მკითხველსაც. მსგავსი ასინქრონია (ამ სიტყვის ცუდი ლიტერატურული გაგებით, ცხადია) კიდევ ერთი მინუსია ამ წიგნისთვის. ამას დავამატოთ მილიონი ისტორიული ამბავი, ლეგენდა, მითი თუ პერსონაჟი და შედეგად ვიღებთ ისტორიულ–მითოლოგიურ–ქრონოლოგიურ–პოსტმოდერნულ დომხალს, რომელიც მკითხველს სასიცოცხლო ენერგიებს აცლის. გასაგებია, რომ ნაწრამოები უნდა ყოფილიყო მეგაეკლექტური (პრინციპში, განა თბილისიც ასეთი არ არის ან არ იყო ოდესღაც?), თუმცა ეკლექტიზმსაც აქვს თავისი წესები, რომლებიც ავტორმა უგულვებელყო და უბრალოდ დაიბნა. მარტივად რომ ვთქვა, დამრჩა განცდა, რომ მან ვერ მოთოკა ის კატასტროფულად დიდი ეკლექტიკური ენერგია, რაც ნაწარმოებშია და მართვის სადავეები ხელიდან გაექცა. ეს კი ცუდია და მკითხველს თვალს ჭრის ადვილად.

ზემოთ ნაწარმოების იდეაზე ვისაუბრეთ. ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ვის ელაპარაკება ავტორი? ლოგიკურად რომ გავცეთ პასუხი, ალბათ იმ ხალხს, რომლებისთვისაც თბილისი საკრალიზებულია და ჰაერივით საჭიროებენ დესაკრალიზაციას. აქ თავს იჩენს ერთი მეტად მწვავე პრობლემა – ეს ხალხი ხომ ამ ნაწარმოებს არასდროს არ/ვერ წაიკითხავს? უბრალოდ ვერ გაუგებს ავტორს და რამდენიმე გვერდის შემდეგ გვერდზე გადადებს წიგნს და დარჩება გიორგის ხმა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. არადა სათქმელის აქტუალობას თუ გავითვალისწინებთ, წესით ეს ნაწარმოები ჰამბურგერივით ან სულაც ხინკალივით უნდა ყოფილიყო – საყოველთაო მოხმარების. მეეჭვება ავტორსაც ასე ეწადა, თუმცა შედეგად მივიღეთ წიგნი, რომელსაც ისევ პოსტმოდერნიზმსა და პოსტსტრუქტურალიზმში თუ სხვა უბედურებაში განსწავლული მკითხველი თუ წაიკითხავს. სტატისტიკა კი მეტყველებს, რომ მსგავს მკითხველებს სულაც არ სჭირდებათ ლეგენდების დესაკრალიზაცია.

“KILL თბილისი“ ძალიან კარგი და მაღალი დონის პუბლიცისტის სუსტი პროზაული ექსპერიმენტია, თუმცა ექსპერიმენტები ყოველთვის როდი ამართლებენ, ამიტომაც ჰქვიათ მათ ექსპერიმენტები. ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ: დღეს ძალიან ბევრი პუბლიცისტი გვყავს, რომელთა აქტივობა ძირითადად ინტერნეტ–ბლოგებით შემოიფარგლება. ამ ბევრი პუბლიცისტიდან კი განსაკუთრებით გიორგის ნაწერების კითხვისას მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ეს ავტორი პროზაში აუცილებლად იტყოდა თავის სიტყვას. მე ამის ამ წუთამდე მჯერა. მთავარია შესაბამისი ამპლუა მონახოს ავტორმა სწორად და დარწმუნებული ვარ, რომ ერთით მეტ ძლიერ პროზაიკოსს მივიღებთ ქართულ ლიტერატურაში.

© “არილი

Facebook Comments Box