პოეზია

ბელა ჩეკურიშვილი – უკუღმა ზღაპრები დაჩის და სხვა ლექსები

OLYMPUS DIGITAL CAMERA

უკუღმა ზღაპრები დაჩის

1.

ალბათ არა, არცერთ ზღაპარში, არც იგავში, არც თქმულებაში,

ერთად რომ ვკითხულობდით,

შენ როცა პატარა იყავი და მე რომ თავი დიდი მეგონა,

როცა გულადი, მარჯვე ბიჭები ერთ დღესაც მამის კერას ტოვებდნენ

და ახალ-ახალი ქვეყნების და ხალხების სანახავად

ხიფათიან გზებს მიუყვებოდნენ,

როცა მათ ყოველ ხმლის მოქნევაზე, ქვესკნელის და ზესკნელის პირას,

შიშისგან სუნთქვა გვეყინებოდა,

არ გვიფიქრია, რას აკეთებდნენ მაშინ მშობლები,

მათი მშობლები,

როცა შვილები სამი გზის გასაყართან არჩევანის წინაშე იდგნენ.

ისინი, ალბათ, მიწას ხნავდნენ,

ძროხას წველიდნენ,

ანდა უძილო, გრძელ ღამეებში მოლოდინის სიჩუმეს ქსოვდნენ,

მაგრამ არასდროს, არასდროს გვახსოვს,

ქარის მოტანილ ხმებს აჰყოლოდნენ და სახლებიდან გაქცეულიყვნენ,

არასდროს გვახსოვს მათი ფეხი უკაცრიელ კუნძულებზე,

ვეშაპის ზურგზე

და არც დევების კიდობანში გვახსოვს ოდესმე მოხვედრილიყვნენ – იმ ჯიუტი ბიჭების მამები და

მით უფრო, მათი დედები…

მე კი ყველა იგავი შემოვაბრუნე

და უცხო ქვეყნებს ისეთი ჟინით ვუვლი გარშემო,

თითქოს სიკვდილის არჩევანი არცა მქონოდეს,

მოსწავლე რომ სკოლის შემდეგ ჩანთას მოისვრის,

ისე მივაგდე დედის სახელი სადღაც, კუთხეში,

გამოვაცალე ჭერს საყრდენად,

მიწას – საშოდ,

ენას – ბგერებად

და ვუსაფრდები  ახალ-ახალ გველეშაპებს უხმლოდ, უისროდ…

დავივიწყე, ან აღარ მახსოვს,

რომ მოლოდინის სიჩუმეს ახლა

ჩემი შვილი ქსოვს,

არ მახსოვს, ან უფრო არ ვიცი,

რა დავუბარე წამოსვლისას:

იჯდეს, ნახირი გაამრავლოს,

რომ დაბრუნებულს მონაგებიდან საუკეთესო ძროხა დამიკლას,

თუ: სიჩუმე რომ მობეზრდება, სახლის კარი აჭედოს და ქარს აედევნოს,

იქნებ დედამისს რომელიმე ქვეყნის კიდეზე გადაეყაროს…

 

2.

“წარვედ წყალის პირს” – ნიკ. ბარათაშვილი

 

რაინი დიდი მდინარეა, დე, რაინზე გემები დადიან.

თუკი ვიფიქრებ, რომ ნაფოტი ვარ, არყის ხისა, გინდ ცაცხვის,

ლუკმად არ ვეყოფი რაინს.

ან უნდა გემად გადავიქცე, თავი ჩავღუნო და მგზავრები ვატარო,

ან თოლიასავით ყაშყაშით გავყვე ტალღებს.

 

აქ მიწას ჩემი სახელი არ ჰქვია, დე, ვერც ქვად ვიქცევი, ვერც კედლად

და სადაც მიწას ხმას ვერ გადააწვდენ, ნურც  წყლისგან ელოდები პასუხს.

მაგრამ თუ მოვახერხებ და ჰაერში ავიწევი,

თვალს ამარიდებენ და ხელსაც

უბრალოდ ამიქნევენ და მეც იქნებ ავფრინდე,

აქ ხომ არც ტოტი მაქვს, არც ფესვი.

 

როცა სიტყვები აღარ გაბადია, როცა  აზრიც არ კრთის თავში,

რამ უნდა ჩამოგაგდოს, ან რამ დაგამძიმოს,

თავისკენ რა მიგიზიდავს, რა დაგსჯის?

შორს კი ვერსად წახვალ, ერთი ნაპირიდან

მეორე ნაპირამდე მხოლოდ სეზონებს თუ  დათვლი,

მაგრამ ნაცადია და ამბობენ, დრო მოვა, ყველა ასე იფრენს ცაში…

 

რაინზე რამ უნდა შემაშინოს, დე, რაინი ხომ დიდი მდინარეა და

აგერ გემებიც მიუყვებიან რაინს…

 

ელექტრონულ  ანდერძებად

მაკას

1.

ჩვენ, ვაშლის ხეები, იმიტომ კი არ ვყვავილობთ, რომ ველოდებით, ვინმე მოვა და თაიგულად შეგვკონის, ანდა გვირგვინებს დაწნავს და მერე ბალახში წამოგორებული უდარდელ ფოტოს გადაიღებს;

ჩვენს ვარდისფერ ყვავილობას პატარა ბიჭის სურვილი ჰქვია, ჯერ კიდევ მწვანე, მჟავე ნაყოფს მარილს რომ დააწებს და კბილებში აახრაშუნებს.

 

ჩვენ, ვაშლის ხეები, ძირს დაშვებული ტოტებით ტირილისთვის კი არ ვემზადებით, ანდა საყვედურის სათქმელად კი არ დავმძიმებულვართ, პოეტებს რომ ლექსის  საბაბი მივცეთ და წუთისოფლის ამაოებაზე ვავაგლახოთ;

ჩვენს სიმწიფეს ახალგაზრდა წყვილების წარმოსახვა ჰქვია, მოკრეფისას რომ გააჟრჟოლებთ და ალმოდებული გულებით საწოლებისკენ გაიქცევიან.

 

ჩვენ, ვაშლის ხეებს, ტკბილი სურნელი არასდროს გვტოვებს კვირტობიდან ფოთოლცვენამდე და (მან  ეს ზუსტად იცის) მითების და  იგავების ცოდვის სირცხვილი კი არ გვაწუხებს, როცა ზამთრის პირას ვშიშვლდებით,

ჩვენს სიშიშვლეს დედაბრის ბუხრის ზღაპარი ჰქვია, თოვლიან დღეებს შემწვარი ვაშლი რომ ულამაზებს, მხატვრები კი, ამას ისე გამოსახავენ, რომ სიბერე და მარტოობა ჩარჩოს უკან უჩინარდება…

2.

როცა ღალატმა ფიქრებიდან გამოაღწია და ყელის ძარღვთან ამიჩხრიალდა, ნიჟარების ყელსაბამი ჩამოვიცვი, მისი ხმა რომ გადამეფარა.

შენ მითხარი, რომ სამკაული ძალიან მშვენის და მარგალიტის ასხმულა მიძღვენი…

 

მერე, როცა მხრებზე სიცრუის ყვავილები ამომეზარდა, სამკეცა შარფი მოვიხვიე და ავწუწუნდი, რომ ქალაქში ვირუსი დადის, შეუმჩნევლად გვეპარება და ძვლებში გვამტვრევს.

შენ ცაცხვის ჩაი დამიყენე და სამი ღამე თეთრად მითიე.

 

ბოლოს თვალები ჩამავალ მზეს გავატანე მთების გადაღმა და გითხარი, დავბრმავდი-მეთქი.

შენ შავი სათვალე და მყარი ჯოხი მომიტანე და

დამამშვიდე, რომ რასაც ვერ ვხედავთ, ისიც ზუსტად ისეთივეა, რაც ვიცოდით და გადაგვავიწყდა…

 

ერთ დღეს კი, სახლის ბილიკის ნაცვლად, მდინარისკენ მიმავალ გზაზე რომ შემამჩნიე,

მენავე დაიქირავე, გაღმა ნაპირზე რომ გადავეყვანე, მხატვარს კი აბრა შეუკვეთე ფერადი წარწერით: “კეთილი იყოს შენი დაბრუნება”…

 

3.

ბოლოს შენს კართან დავიჩოქე,

როგორც პილიგრიმმა ხანაგასთან,

აქლემმა – ქარვასლის გალავანთან,

სიკვდილმა – დაჭრილ ჯარისკაცთან და ჯვართან…

 

არ ველოდები, რას მიპასუხებ,

დამიძახებ, შემიპატიჟებ, თუ უბრალოდ პურს გამომიწვდი,

 

მე აქ მოვედი და ეს კარი ახლა ჩემი სახლის ზღურბლია, სადაც მუხლებს ვასვენებ და ხანდახან შუბლსაც მივადებ,

 

ეს ჭიშკარია, საიდანაც გადადიან ერთმანეთის სექსუალურ შეგრძნებებში, მახსოვრობაში,

თვალების მიღმა,

 

შენ კი მოგიწევს, ამიტანო, მომითმინო და შემეჩვიო,

როგორც ზამთრის დიდთოვლობას, ან ყინულის ლოლოების მწკრივს სახურავზე, მემაწვნის ხმას გათენებისას…

 

© “არილი

Facebook Comments Box