ლია ლიქოკელი, დევის ცოლის სიცილი (ლექსები), თბ. „საუნჯე“, 2013.
ლია ლიქოკელის ლექსები თავიდანვე უმტკივნეულოდ მიიღო მკითხველმა. უმტკივნეულოდ ანუ ყოველგვარი გართულების გარეშე, შეიძლება არა ერთმნიშვნელოვნად, ერთნაირად, არამედ სხვადასხვაგვარად, მაგრამ კომენტარის გარეშე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ძველ საბერძნეთში პოეტები ლირიკულ ლექსებს აკომპანემენტის თანხლებით წარმოთქვამდნენ. ეს აკომპანემენტი იყო ლირა ან კითარა. მოგვიანებით ეს ინსტრუმენტები დეკლამაციამ ანუ წარმოთქმის ხელოვნებამ შეცვალა. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ლია ლიქოკელის ლექსებს არქაული ელფერი დაჰკრავს და თითქოს ძველბრძნული აკომპანემენტის ექო დაჰყვება.
რამ დაბადა ეს შთაბეჭდილება?
ალბათ, მითის თხზვამ. ლია ლიქოკელის ლირიკული მუზა – ევტერპე, მითის საუფლოში იბადება. ამ მუზას უფრო კონკრეტული მისამართიც აქვს – ქართული მითოსური სამყარო.
ამ სამყაროს თავისი კოსმოსი, თავისი სივრცე და ხელშესახები რეალობა გააჩნია. ეს მართლაც რეალობაა, ზღაპრის რეალობა, რომელიც დაცლილია ჩვეულებრივი ყოფითობისგან და სიზმრის მკრთალი შუქით ივსება. და მაინც: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან სიზმარი და ზღაპრის რეალობა. ორივეშია რაღაც არქეტიპული, რაღაც ქვეცნობიერის წილი, მაგრამ სხვაა ზღაპარი და სხვა არის სიზმარი. რასაკვირველია, პოეტს შეუძლია წაშალოს საზღვარი ამ ორ სტიქიას შორის და ისინი ერთმანეთს განუზავოს, ოღონდ აქ უნდა დავსვათ კითხვა: ხდება კი ეს ლია ლიქოკელის პოეზიაში?
მე ვფიქრობ, რომ ხდება. ამ პოეტურ სამყაროს თავისი წესრიგი, თავისი დაუწერელი კანონები აქვს. ეს არის უჩვეულო პოეტური სამყარო. აქ მოხვედრილი საგნები ერთდროულად ზღაპრისა და სიზმრის ლოგიკას ექვემდებარება. აი, ვთქვათ, ლექსი „ცხვარი“.
ეს უწყინარი, სწორედაც რომ ზღაპრული ცხოველი, ლია ლიქოკელის პოეტურ სამყაროში მოხვედრილი, უჩვეულო იერს იძენს. ის ლირიკული სუბიექტის განუყოფელ ნაწილად იქცევა. მასთან ერთად დადის ქუჩებში, მას ესაუბრება, ტელევიზორში მხოლოდ რეკლამებს უყურებს. ეკრანი თვალებს სტკენს და სათვალე სჭირდება. დაბოლოს, დასაძინებლად ემზადება და იძინებს კიდეც პატრონის მკერდზე თავმიდებული. ასეთია ეს მცირე ისტორია, ყოფიერების ეს ნაფლეთი, რომელშიც ცხვარი პიროვნებად გარდაისახება. მე ვფიქრობ, ეს გარდასახვა პირობითია, რადგან საქმე გვაქვს ლირიკული გმირის „ალტერ ეგოსთან“, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს უწყინარი და უცნაური არსება ლირიკული გმირის ჰიპოსტასია, მისი ქვეცნობიერი სამყაროს ადეპტია, მისი ცხვრული საწყისია. ამგვარია ლია ლიქოკელის მითისთხზვა. ის ჩვეულებრივ ყოფით საგნებსა და არსებებს თავის უჩვეულო სამყაროში ახვედრებს და აქედან იწყება ზღაპრული ფანტაზიის წრიული მოძრაობა. საგანი პროვოცირებას უწევს ლირიკული გმირის ცხოვრებას: „ჩემმა სკამმა გუშინ ფეხი მოიტეხა, / ვერ ვიტყვი, რას ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასეთი მძიმე /, მერე მთელი ღამე ვტიროდით /: სკამს მოტეხილი ფეხი სტკიოდა, მე – მოტეხილი ფიქრი.“
ასე იწყება სკამის ამბავი და მალევე მთავრდება: „ერთხელაც, როცა ფიქრის ყველა ფეხს მოვიმტვრევ, შემომიყუდე შენი დარჩენილი ფეხები“. ეს სკამიც ლირიკული გმირის ჰიპოსტასია, მისი განუყოფელი ნაწილია, მისი ფიქრია. საბოლოოდ, როცა ლირიკული გმირის ფიქრები ფეხებს მოიტეხენ, სკამის ფეხებმა მისი ფიქრის მაგივრობა უნდა გასწიონ.
იგივე შეიძლება ითქვას ფოთოლზე, ბეღურებზე, რომლებიც თავს იკლავენ, მუხლუხოზე, ნახშირის უთოზე და ა.შ. ეს საგნები ლია ლიქოკელის წარმოსახვით სამყაროში თავიანთ კუთვნილ ადგილს იკავებენ და ამ სამყაროს კანონებს იზიარებენ. ეს სამყარო ყოველთვის ზღაპრული ან სიზმრისეული როდია, ზოგჯერ უბრალოდ უჩვეულოა, ჩვეულებრივ რეალობას აცდენილი.
იქნებ ლია ლიქოკელის პოეზია ის უძველესი სტიქიაა, რომელიც იუნგისეულ „კოლექტიურ ქვეცნობიერს“ აფხიზლებს და არა აქვს მნიშვნელობა, ის ზღაპრული რეალიებით შეიმოსება თუ სიზმრისეულ სახეს მიიღებს?
მთავარი აქ სწორედ ქვეცნობიერი სამყაროა, რომლის თავისებური „პოეტური პერიფრაზია“ ეს ლექსები. იქნებ ამიტომაც არავის ჰგავს, ქვეცნობიერიდან ამოიზიდება და პიროვნებისეულ სიბრტყეში ვერბალურ სახეს იძენს, ენობრივ ფენომენად ყალიბდება, ანუ ქაოსიდან ისეთ კოსმოსად იქცევა, რომელსაც ჯერ კიდევ მთლიანად არ განუძარცვავს ქაოსის პირველქმნილება, მისი „ცხელი სამოსელი“.
მაინც როგორ აიგება, როგორ ყალიბდება ლია ლიქოკელის პოეტური სამყარო?
მე ვფიქრობ, „გარკვეულ ფაზაში“ პოეტის ფანტაზია თუ წარმოსახვა იწყებს „მოქმედებას“. ეს ხდება მაშინ, როცა ის ქვეცნობიერიდან ამოღწეულ იმპულსს, ნივთს, საგანს, მოვლენას მოიხელთებს. ამის შემდეგ იწყება ოპერირება ქვეცნობიერიდან ამოღწეული რეალიებით.
აი, ვთქვათ, ლექსი „ორი ყვითელი აქლემი“. ამ აქლემებმა პოეტის სიზმრებიდან ამოაღწიეს, ამას თვითონ ავტორი გვატყობინებს. ლია ლიქოკელი გვეუბნება, რომ სიზმარში დაკარგა ორი აქლემი. „დავიარე ჩემი ხრიოკი საძილეთი“ – ამბობს ის. მას გზად უცხო აქლემები ხვდებიან, ხვდებიან აგრეთვე დაუმთავრებელი სიზმრები, რომელთაგან რამდენიმე შეეცოდა და დაასრულა კიდეც. პოეტმა ვერ იპოვა აქლემები, უაზროდ იხეტიალა და უდაბნოში გზადაკარგულმა ბოლოს გამოუვალ ვითარებას გამოღვიძებით დააღწია თავი. აქ კი ახალ თავსატეხს გადაეყარა: „აუცილებლად უნდა ვიპოვო ჩემი ყვითელი აქლემები, თორემ ძალიან მეუცხოება ჩემივე თავი, მგონი, ერთ-ერთის კუზში ვზივარ და ისე გავიპარე მათთან ერთად, არც კი შემიმჩნევია“.
ეს ლექსი პარადოქსულად სრულდება. იგივე მეორდება სხვა ლექსებშიც. პოეტი ეძებს თუ აფიქსირებს თავის გარეთ არსებულ საგანს, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ეს საგანი მისივე განუყოფელი ნაწილი ყოფილა.
ლია ლიქოკელი მითისმთხზველია, მეზღაპრეა, დაუსრულებელი თუ დასრულებული სიზმრების მთხრობელია. მისი წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ მითოსურ პანთეონს მოგვაგონებს. აქ ყოფით-რეალური სამყარო სიზმრებშია გადახლართული და ზოგჯერ ზღაპრულ-ფანტასტიკურ იერს იძენს. საინტერესოა, გაფართოვდება თუ არა მომავალში ამ პოეტის ლირიკული თვალსაწიერი?
რატომ დაისვა ეს კითხვა?
ალბათ იმიტომ, რომ თხრობის ეს მაღალი რეგისტრი მუდმივი განმეორებისას შეიძლება ერთფეროვნების გამომწვევი გახდეს. სავარაუდოდ, უნდა გაფართოვდეს თხრობის რეალურ-ემპირიული და ყოფითი პლანი, რათა ჩაკეტილ წრეში არ აღმოჩნდეს პოეტი. უფრო უბრალოდ რომ ვთქვათ, ალბათ საჭიროა მეტი სისადავე, მეტი დამიწება, მეტი ყოფითი რეალიების შემოტანა. იქნებ ეს მხოლოდ ვარაუდია და არც არის ასე, მაგრამ, ჩემი აზრით, ლია ლიქოკელის სამყაროს უფრო მეტი შეხება უნდა ჰქონდეს დღევანდელ რეალობასთან, რაც თავისებური ნიშნით გამჟღავნდება მის პოეზიაში.
© “არილი”