Uncategorized

ზვიად რატიანი – წარსული იწყება აქ

zviadi 5454

1

პოეზია,

რა თქმა უნდა,

წყლის ნაყვაა –

 

როგორც რომელიღაც ზოგად წვიმაში

გამოარჩიო,

შეიყვარო

 

ერთი

კონკრეტული

წვეთი.

 

2

ან ხსოვნა უნდა ამერჩია, ან გადარჩენა.

ორივე ერთად არ გამოდის.

ორივე ერთად უკვე იყო.

 

მივმართე ნაცადს – პოეზიას.

არა იმდენად ხსნის იმედით, რამდენადაც – სასაყვედუროდ.

ერთმანეთისგან, რახანია, კარგს არაფერს აღარ ველოდით,

 

დაღუპული ისეც ვიყავი, ყველაფერში დამნაშავე ისედაც იყო.

მან მიმითითა სიკვდილზე და სიყვარულზე,

და შებრუნდა თავის სოროში.

 

3

სიკვდილს ჯიბრზე არ მივმართე –

პრინციპია. მივმართე

ალკოჰოლს, რომელმაც მშთანთქა დიდსულოვნად

 

თავის ადვილ ჯოჯოხეთში –

როგორც ყოველთვის,

და, როგორც ყოველთვის,

 

უკანვე გამრიყა –

სირცხვილის ოფლით განბანილი.

რაც სიცრუეა.

 

4

მივმართე სიყვარულს. სიყვარულო,

ამდენი ტყავი მოვიცვალე,

ორმოცს გადავცდი

 

და არ მესმის,

ნუთუ ახლა უნდა ვიგებდე,

რომ თურმე დღემდე არაფერი გსმენია ჩემზე?

 

5

ან ხსოვნა უნდა ამერჩია, ან გადარჩენა.

წვერი მოვუშვი, თმა გადავიპარსე,

ცალი თვალი ავიხვიე, როგორც მეკობრემ,

 

რომ, ღმერთის გარდა, ვერავის ვეცნე,

და დავემხე მის ხატთან:

ღმერთო,

 

გასაგებია, ცოდვებისთვის ვისჯები ასე,

გასაგებია, სისულელისთვის,

და შენთანაც

 

განა რწმენამ მომიყვანა,

მითუმეტეს – განა სინანულმა,

უბრალოდ სხვა გზა აღარ დამრჩა

 

გარდა იმის,

რაც სიკვდილზე მეტად მზარავს –

პასუხისმგებლობის,

 

და ვიდრე ხსოვნას გადარჩენას ვამჯობინებდე

ან პირიქით, ბარემ იცოდე,

რომ მზად ვარ, ყველაფრისთვის ოდესმე დამსაჯო.

 

რატომ ოდესმე?

თქვა და გადმოვიდა.

 

6

შთაგონებაც, თუ არსებობს, არაფერს ნიშნავს.

ყოველ შემთხვევაში, არაფერ პოეტურს –

ის ჰგავს სმენის გამყინავ სირენას,

 

რომელიც გულისხმობს სახანძრო ან სასწრაფო მანქანას,

რომელიც არ ჩანს, მაგრამ ისმის, და ცალსახად გულისხმობს ამბავს,

რომელიც, თავის მხრივ, არ გულისხმობს (ცალსახად) ტრაგედიას.

 

7

ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ცუდი სიზმარი

ან კარგი ლექსი. ხელში მეჭირა შენი სახე

და რასაც მივუშვერდი, ყველაფერი უმალვე ქრებოდა –

 

ცა, სახლები, ხეები, ხალხი.

გზას მივიკვლევდი ასე და მომწონდა.

და როცა ირგვლივ არაფერი დარჩა გასაქრობი,

 

როცა ასე ცოტაღა მაკლდა

ცუდ სიზმრამდეც, კარგ ლექსამდეც,

ყველაფერი გაავაფუჭე: სახე ჩემკენ შემოვაბრუნე

 

მაგრამ არ მოხდა სასწაული:

გაქრა სახე, დარჩნენ ხელები –

გაწებილები ცუდი ლექსის წყალწყალა სისხლით,

 

და დაბრუნდა ყველაფერი კუთვნილ ცხადში –

ცა, სახლები, ხეები, ხალხი.

 

8

შენც რას გაჯიუტდი, ღმერთო? დამსვი, მაწერინე.

და ბოლოს, როცა არაფერი გამომივა,

ადექი და მაშინ დამცინე. ახლა ხომ ისეც ცუდადა ვარ.

 

ისეთს რას გთხოვ? ფულს ხომ არ გთხოვ –

ფიფქებსა და წვიმის წვეთებს გამოატანო.

გაჩენილი მუქთა ფული მეც კი არ  მინდა.

 

შენ ხომ მაინც ყოვლისშემძლე ხარ.

შესაბამისად – დაუღლელიც.

რომელ ფულიან სამსახურსაც ხელს დაადებ, ყველა აგიყვანს

 

და, ვიდრე დავწერ,

ჩემ მაგივრად იმუშავე. თვითონაც იცი,

რომ არაფერი გამომივა. არაფერს რისკავ.

 

დავწერ, როგორი ცუდი ვარ და თვითონვე ვხვდები.

ხოლო იმაზე, ალაგ-ალაგ კარგიც რომ ვარ

და ვერ ვხვდები, არაფერს დავწერ.

 

გინდაც ვხვდებოდე, სიტყვას გაძლევ, არაფერს დავწერ.

არავისთან წამომცდება, რომ შენ მინახავ.

 

ჩემ მაგივრადაც აკი მოკვდი, სხვების არ იყოს.

და ჩემ მაგივრად რომ იცოცხლო,

ვიდრე გონზე მოვეგები, რა დაშავდება?

 

(რეებს მასწავლი, ღმერთო, რეებს?

რეებს მაჩვევ? რეებს

მასწავლი?)

 

9

საზარელი წამი იყო –

ვერც დაყვირება მოვასწარი,

ვერც თვალის დახუჭვა.

 

მაგრამ მოხდა სასწაული

და მანქანამ მანქანაში გაიარა

და სვლა განვაგრძე შემოდგომის უხმო წვიმაში

 

და უკანა ხედვის სარკეში

ვხედავდი მეორეს –

რომელიც თოვლში მიღოღავდა.

 

ასე სიზმარშიც კი აღარ ხდება,

ვჩურჩულებდი ეს-ესაა გაღვიძებული

და გადარჩენის სიხარული ვეღარ ახშობდა

 

ხმას, რომელიც ჩამძახოდა:

 

რა შემოდგომა? რა ზამთარი?

ეს გაზაფხულია, გაიგე, ზაფხული!

 

10

მას აქვს უკეთესი წარსულის მოლოდინი.

ასეა. დღითიდღე მიფუჭდება ხასიათი.

მას აქვს სიმართლე. თუნდაც თავისი.

 

როცა პატიობენ, ის რწმუნდება თავის სიმართლეში.

როცა ამხნევებენ, ისევ იპყრობს სასოწარკვეთა.

სასოწარკვეთა? ტყუილია. მე ასეთი ძლიერიც არ ვარ.

 

ის მზად არ აღმოჩნდა ხანგრძლივი ტანჯვისთვის.

ესეც სიმართლეა. მირჩევნია, ირგვლივ ყველა კარგად იყოს;

ჩემ თავს როგორმე მივხედავდი.

 

მას ურჩევნია, არავინ იყოს მის იმედად. ოცნებობს ამაზე.

მას აქვს მკაფიო წარმოდგენა სამომავლო თავისთავზე,

ცხოვრების წესზე და ლექსებზე. რაც ადრე არ ქონდა.

 

მას არ აქვს იმედი, რომ დიდხანს იცოცხლებს.

ტყუილია. მე არასდროს ვაყენებდი პოეზიას

ჩემ თავზე მაღლა.

 

მას უბრალოდ ცუდი დრო უდგას

და ჰგონია, რომ ყოველთვის ასე იქნება.

მას არ აწყენდა ფსიქოლოგის დახმარება, მაგრამ ფულიც შემოელია.

 

შესაძლოა, ცუდი დრო მიდგას.

შესაძლოა, არც ისე ცუდი.

კარგი არ მახსოვს, რომ შევადარო.

 

მას არ აწყენდა მეტი რწმენა,

მაგრამ ვერაფრით დააჯერებ, რომ ურწმუნოა.

მას ენატრება ის წლები და გაღვიძებები,

 

როცა სიზმარი ვერ გამოჰქონდა.

ვაღიარებ. ცოტას ვფიქრობ ჩემს სიკვდილზე.

ალბათ ამიტომ მესახება ის ასე საზარლად.

 

მას არც ისე უსაფუძვლოდ ეჩვენება,

რომ ყველამ და ყველაფერმა მოიძულა

და მეც, მათშორის, მისი მტერი ვარ.

 

სიცრუეა. ვარ სრულიად ჯანმრთელი და სრულფასოვანი.

მე მაქვს მხოლოდ უარესი მომავლის შიში

და უკეთესი წარსულის იმედი.

 

11

ახლა დედამიწა შორსაა. სრული სიშავე,

სადაც ჰკიდიხარ თავდაყირა და უწონადი,

არაა ღამე, არც სიკვდილი. ესაა რისხვა,

 

რომლითაც ცდილობ თავის დასჯას

სამი ძვირფასი და მძინარე არსების გამო,

რომლებიც დედამიწამ გაიტაცა, წაიღო,

 

შენ კი თვალის გაყოლებაც არ შეგიძლია,

რადგან ჰკიდიხარ თავდაყირა და უწონადი

სრულ სიშავეში. ყოველთვის გრძნობდი,

 

რომ ერთხელაც ცუდი კაცი გამოდგებოდი,

მაგრამ გეგონა, რომ ამაში საბოლოოდ დარწმუნებამდე

მეტი დრო იყო დარჩენილი. ყოველთვის გრძნობდი,

 

რომ ერთხელაც არაფერი დაგრჩებოდა დასაწერი

გარდა ისეთი ლექსებისა, სადაც ვერავინ ამოგიცნობს

თავდაყირას და უწონადს, მოქანავეს სრულ სიშავეში.

 

12

არც ცხადში ხდება უკეთესი. უნდა იჩქარო –

როგორმე ტანი აიზიდო,

ვიდრე ჯერაც უწონადი ხარ,

 

უნდა აწვდე

და კბილებით გადაღრღნა ყულფი

ჩაშავებული, უგრძნობი წვივიდან.

 

რაც უფრო დიდხანს გასტანს ვარდნა, მით უკეთესი,

მით უფრო მაღლა დაეცემი.

საოცარია,

 

როცა ყველაზე ცუდად გახდი,

სწორედ მაშინ გაუსწორე ცხოვრებას თვალი

და ვეღარ მიხვდი, რა გაშინებდა.

 

13

მთავარი მაინც ვერ გათვალე:

ვერც უბედურებას მიიღებ ბოლომდე,

როცა ხვდები, რომ ყველაფერი შენი ბრალია.

© “არილი

Facebook Comments Box