პროზა

ჯაბა ზარქუა – IMEDIN

 

zarqua4343

***

რა სამწუხაროა, რომ მე არავინ მომცემს ნობელის პრემიას და სიკვდილის მერეც არავის ვემახსოვრები, არადა ვიმსახურებ. რატომ ვიმსახურებ? ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

მე ნოე ვარ. ეს სახელი რომ არ მრქმეოდა, ალბათ ფსევდონიმად მაინც ავირჩევდი იმიტომ, რომ შემეფერება. ნოე იყო კაცობრიობის უკანასკნელი იმედი. მეც უკანასკნელი იმედი ვარ.

კარგა ხანია ვიცი, რომ ინფიცირებული ვარ, თუმცა ყურადღება არასდროს მიმიქცევია – ვსვამდი, ვჭამდი, ვყლაპავდი, ვიკეთებდი და ა.შ. ერთ დღესაც, 47 წლის ვარ და ექიმი მეუბნება შემდეგს:

„სამწუხაროდ, დაზიანება არის მძიმე და ჰქვია ცალსახად – ციროზი“.

რა გაეწყობა. ახლა აღარ ვსვამ და აღარ ვჭამ და აღარ ვიკეთებ და აღარ ვყალაპავ, თუმცა დაზიანება შეუქცევადია მაინც და ნელა თუ სწრაფად – პროგრესირებს. ოდესმე აუცილებლად დადგება დრო, როცა ექიმი მეტყვის შემდეგს:

„მიმართეთ ტრანსპლანტოლოგიის ცენტრს და დადექით აღრიცხვაზე. ჩვენი შესაძლებლობები ამოიწურა ისევე, როგორც თქვენი ღვიძლის – საჭიროა გადანერგვა“.

ტრანსპლანტაცია კი ძალიან ძვირი ღირს.

ჩემი ამბავი ყველამ გაიგო. მოდიან და მამშვიდებენ, ზოგი რას მირჩევს და ზოგი რას. ერთ–ერთ ექიმბაშთან მივედი. საზიზღარ ოთახში იჯდა, უგემოვნოდ ჰქონდა გაფორმებული. ქარიზმა საერთოდ არ გააჩნდა, წესიერად ვერ ლაპარაკობდა, სუნი ასდიოდა და მსუქანი იყო.

მისი მოცემული წამალი არ დამილევია, თუმცა ამ კაცის მადლიერი ვარ უზომოდ. რატომ?

ზემოთ ვთქვი, რომ ნოესი არ იყოს, მეც უკანასკნელი იმედი ვართქო. ჰო, ასეა – მე ვარ ნამდვილი უკანასკნელი იმედით მოვაჭრე! არანაირი ექიმბაში, შარლატანი და ა.შ. პირდაპირ და კონკრეტულად – უკანასკნელი იმედით მოვაჭრე. დიახ, მე გამოვიგონე გენიალური პრეპარატი IMEDIN, რომელიც უკვე რეგისტრირებულია და შეგიძლიათ აფთიაქშიც შეიძინოთ. ის კი არადა, ხალათიანი ექიმებიც კი ნიშნავენ.

გაინტერესებთ რისგან მზადდება? საიდუმლოა, თუმცა განა რა აზრი აქვს საიდუმლოებების შენახვას მაშინ, როდესაც უცხო მხარეში ხარ, ტრანსპლანტოლოგიის ცენტრში წევხარ და ელი ხვალინდელ დღეს, როცა უნდა ჩაგიტარდეს ურთულესი ოპერაცია, საიდანაც შეიძლება ვერც გამოძვრე ან გამოძვრე და ერთ კვირაში დაიღუპო. მართალია – არანაირი აზრი არ აქვს საიდუმლოს შენახვას, როცა სიკვდილის წინ უკანასკნელ ჩანაწერს აკეთებ.

***

მიუხედავად კაცობრიობის პროგრესისა, ერთი რამ მაინც არ იცვლება და ეს ერთი რამე არის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი, რომელიც იყო, არის და იქნება ყველაზე ძვირადღირებული. იცით რა არის ეს? უკანასკნელი იმედი. ნებისმიერი ადამიანი მზადაა უკანასკნელ იმედში უკანასკნელი თეთრებიც კი გაიმეტოს. და თუ შენ შეფუთავ ამ „უკანასკნელ იმედს“, მისცემ ხელშესახებ ფორმას, მოახდენ ამ აბსტრაქტული ცნების მატერიალიზაციას, მეტიც – დააკრავ იარლიყს, რომელზეც ლათინური ასოებით ეწერება IMEDIN – წარმატება გარანტირებულია. მარტივია თითქოს, პრიმიტიულიც კი – თუმცა ეფექტური, ფაქტია.

მთავარია რამდენიმე წესის გათვალისწინება, რომლებიც ჩამოვწერე და მინდა უკანასკნელი იმედით მოვაჭრეთა ათ მცნებასავით დავამკვიდრო, როგორც წარმატებისა და ცხონების უეჭველი ფორმულა:

ა) ნუ იქნები სულსწრაფი.

ბ) ნუ იქნები ხარბი.

გ) ნუ გარისკავ.

მართალია ათი არაა, მაგრამ რაცაა ეგაა.

სულსწრაფობა ღუპავს ჩვენს ბიზნესს. უამრავი კონკურენტი ჩამომცილებია გზიდან ამის გამო – შედეგი უნდათ აქ და ახლა, არადა მოთმინება აუცილებელია ჩვენს საქმეში. პოპულარობის მოხვეჭას დრო უნდა. დრო და გარკვეული ხრიკები, რომლებზეც ასევე ვისაუბრებთ.

სიხარბე უფრო მეტს ღუპავს, ვიდრე სულსწრაფობა. სხვების არ ვიცი და მე კონკრეტული მიზანი დავისახე, რომლისთვისაც კონკრეტულ დროში უნდა მიმეღწია: 100 000$! პარალელურად ვასრულებდი ექიმის ყველა რეკომენდაციას, რომ ჩემს დაავადებას მიზნის მისაღწევად დრო მოეცა. დამწყებ სახალხო მკურნალებსაც ვურჩევდი იგივეს. საერთოდ, კარგია როცა საქმეს იწყებ კონკრეტული და ცხადი მიზნისთვის და არა უმიზნოდ.

რაც შეეხება რისკს, ამ პუნქტზე ქვემოთ მოგახსენებთ დეტალურად, რადგან ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია გავამხილო თუ არა პრეპარატის საიდუმლო ინგრედიენტები და წერის პროცესში თუ მივიღე გადაწყვეტილება, აუცილებლად გავამხელ. ზოგადად კი გეტყვით, რომ რისკს მოერიდეთ და გახსოვდეთ, რომ პროდუქტი, რომელსაც ყიდით არის „უკანასკნელი იმედი“ და არა ახალი ღვიძლი, სიმსივნის წამალი და ა.შ. ნუ გეგონებათ, რომ ეს შეგიძლიათ და რასაც სინამდვილეში ჰყიდით, იმას დაჯერდით, საკმარისია თქვენთვისაც და თქვენი პაციენტებისთვისაც. შესაბამისად, ნუ ეცდებით დაუდგენელი ნივთიერებების გამოყენებას, რადგან ამით შეიძლება ავნოთ პაციენტს. ეს კი თქვენს ინტერესში არ შედის, რადგან მკვდარი პაციენტი = მკვდარ იმედებს.

***

როგორი შეპყრობილი ვიყავი იდეით, ღმერთო! მახსოვს ბინა გავყიდე ჩემი საქმისთვის და მომცრო ბინაში გადავედი, გარეუბანში ისიც. მორჩენილი ფულით კი პრესტიჟული ტელეარხების პრესტიჟულ გადაცემებში სიუჟეტების შეკვეთას არ დავერიდე. ამაზე ცოტათი შევჩერდეთ.

ტელევიზიის პრესტიჟი იქ მთავრდება, სადაც ჩნდება ფული. არ დაიჯეროთ, რომ რომელიმე ტელევიზია თქვენს გარეკლამებაზე უარს იტყვის. თუ ეს ასე ხდება, ესე იგი საკმარის თანხას არ სთავაზობთ.

– გამარჯობა. მინდა, რომ ჩემი საქმიანობით დაინტერესდეთ. თქვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ვარ. – არანაირი ნაცნობობა და ნეპოტიზმი. იმეილი მივწერე თავიდან პროდუსერს, დავაინტერესე, შეხვედრაზე დავითანხმე და ერთ–ერთ კაფეში, სადაც სულ 21.60 ლარი გადავიხადე (ორი ესპრესო ჩემთვის, ერთი ლატე მისთვის + მომსახურების საფასური) გავუბი საუბარი. ინტელექტუალი ახალგაზრდა მამაკაცი ჩანდა, თუმცა აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

– გავეცანი თქვენს საქმიანობას. იცით, როგორც ალბათ შეატყობდით, ჩვენი გადაცემა არის ერთგვარი ხარისხის გარანტი. ჩვენთან გასულ ნებისმიერ სიუჟეტზე ვაგებთ პასუხს მაყურებლების წინაშე და არ გვინდა, რომ მცირედი უზუსტობაც კი გაგვეპაროს და ხარისხი გაგვიფუჭდეს.

– რაში უნდა გაგეპაროთ უზუსტობა ჩემს შემთხვევაში?

– იცით, თქვენი საქმიანობა, რბილად რომ ვთქვათ, არატრადიციული მედიცინაა, რომელიც სერიოზულად არ შეიძლ…

– მოკლედ: ვაჩვენებთ სამ პაციენტს, რომელიც კმაყოფილია პრეპარატის; ერთ ექიმს, რომელიც ნიშნავს პრეპარატს; მე, როგორც პრეპარატის გამომგონებელს და ახალი სამკურნალო ალგორითმის შემმუშავებელს და აფთიაქარს, რომელიც ყიდის პრეპარატს და გეტყვით ციფრებს თუ რამდენი იყიდება. ამ ყველაფერში მე გადავიხდი 15 000$–ს.

– როგორ გეკადრებათ… – მითხრა მცირე პაუზის შემდეგ. ცოტათი დაბნეული იყო საუბრის ასე რადიკალური მოტრიალებით. მე კი ვიცოდი, რომ მიდებ–მოდება საქმეს გააფუჭებდა და თუ რამე მინდოდა, პირდაპირ უნდა მეთქვა.

– გასაგებია. ჩემი ბოლო შემოთავაზებაა 20 000$ 10–12 წუთიანი სიუჟეტისთვის. მგონი არაფერი სათაკილო და გასაოცარი ამაში არ არის – ბიზნესი ბიზნესია. რაც შეეხება ტრადიციულ და არატრადიციულ მედიცინას და ა.შ., გთხოვთ იმაში ნუ ერევით, რაშიც ვერ ერკვევით.

ამის მერე ცოტაც ვისაუბრეთ და 20 000$–ზე დავიყოლიე. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რადგან „კვირა“ გახლდათ ყველაზე სანდო, რესპექტაბელური და შემეცნებითი გადაცემა ტელეეთერში, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი რეიტინგი და ამ გადაცემაში 10–წუთიანი სიუჟეტი ნამდვილად დიდ ბენეფიტებს მომიტანდა. ასეც მოხდა – შემდეგ კვირაში ყვითელმა გაზეთებმა დამბეჭდეს, იმის მერე ყვითელმა გადაცემებმა მიმიწვიეს და პაციენტებმაც იმატეს.

მეტსაც გეტყვით, ის სკეპტიკოსი პროდუსერი ბიჭი, რომელიც არატრადიციულ მედიცინაზე მებჟუტურებოდა რაღაცეებს, შემდეგ ჩემი პაციენტიც გახდა. არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდა, უბრალოდ პანიკიორი იყო დიდი ალბათობით. პაციენტებზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით ორიოდ სიტყვას.

არ დაგენანოთ ტელევიზიაში ფულის დახარჯვა და კარგი სიუჟეტის შეკვეთა კარგ გადაცემაში, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი ბიზნესის წარმატება. დიდი მნიშვნელობა აქვს დებიუტს. ცუდი დებიუტი ცუდი განვითარების მომასწავებელია.

შეიძლება ვინმეს სიგიჟედ გეჩვენებათ რომ გავყიდე ბინა და შევუკვეთე სიუჟეტი, მაგრამ ეს სულაც არ იყო სიგიჟე – ეს იყო მგონი ყველაზე სწორი და ფუნდამენტური გადაწყვეტილება, ჩემს საქმეში რაც მიმიღია და ერთი წუთით არ ვნანობ. ან კი რა მაქვს სანანებელი, როცა ეგ ფული ძალიან მალევე უკან დამიბრუნდა.

***

წარმოიდგინეთ ორი სიტუაცია:

1 – შედიხართ ექიმთან, რომელიც გინიშნავთ წამალს შემდეგი სქემით – პირველი ორი კვირის მანძილზე 50 მგ/კგ–ზე დღეში, შემდგომი ერთი კვირის მანძილზე 30 მგ/კგ–ზე, შემდეგ 20 მგ/კგ–ზე და შემდეგი ორი თვის მანძილზე 10 მგ/კგ–ზე შემანარჩუნებელი დოზა. პრეპარატი უნდა მიიღოთ ცხიმიან საკვებთან ერთად, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს. სასურველია მიღებას შორის შუალედი იყოს 11 საათი. უნდა დააყოლოთ უხვად წყალი. პრეპარატი გიჯდებათ თვეში 300$ დაახლოებით.

2 – ექიმი გინიშნავთ პრეპარატს და გეუბნებათ, რომ ერთი კაფსულა უნდა დალიოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მკურნალობა უნდა გააგრძელოთ სადღაც ასე ორი ან სამი თვის მანძილზე. პრეპარატი გიჯდებათ თვეში 30$.

რომელ ექიმთან უფრო მშვიდად იგრძნობდით თავს? ცხადია პირველთან.

ასეა – სქემებში დევს ნდობის გასაღები. თუ გინდა პაციენტის ნდობა მოიპოვო, აუცილებლად უნდა გამოიმუშავო ინდივიდუალურად მისთვის მკურნალობის სქემა, რომელიც რაც უფრო ჩახლართული და რთული იქნება, მით უფრო მოეწონება პაციენტს, რადგან შეექმნება შთაბეჭდილება, რომ სერიოზულ საქმეს აკეთებს. იდეაში ხომ თითქოს მნიშვნელობა არ აქვს ნახევარ ლიტრ წყალს ერთბაშად დალევს თუ დღეში სამჯერ მზარდი დოზებით? ნურას უკაცრავად – გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას აქვს სწორედ. როდესაც პაციენტი მოდიოდა ჩემთან, სახეზე ეტყობოდა, რომ სადღაც გულის სიღრმეში სინდისი ქენჯნიდა და შეიძლება რცხვენოდა კიდეც. ამას უცბად ვამჩნევდი და ისეთ სქემებსა და ალგორითმებს ვახვევდი თავს, რომ ბედნიერი მიდიოდა – „ჰეი, ლამარააა, არ ყოფილა ექიმბაში, არაააა!!!“. მარტივი წესია, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი არ იცავს. იქაა დაღუპული შენი ბიზნესი, როდესაც პაციენტს რაღაც კაფსულას მიუგდებ და ეტყვი როცა უნდა მაშინ დალიოს, ერთხელ ისიც და საკმარისი იქნება და დაუჯდება 5$. მსგავსი არასერიოზული მიდგომით ბევრი პოტენციური სახალხო მკურნალი „დაღუპულა“. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეზარებათ ფანტაზიორობა. მე კი არ მეზარებოდა, რადგან მკაფიო მიზანი მქონდა, რომლისკენაც მივდიოდი და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. თან ისიცაა, რომ ცხოვრებაშიც პედანტი ვარ და დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია ამ ამბებისთვის. ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის, როდესაც გადმოვიღებდი სატიტულო ფურცელს, სადაც ჩემი საკონტაქტო ნომერი და სახელი და გვარი იყო მითითებული, ფონად კი “IMEDIN” ლოგო გახლდათ დატანილი და ვხაზავდი ზედ ათასგვარ სქემას.

– გავეცანი შენს ანალიზებს და ვფიქრობ, რომ შენ ამ კონკრეტული სქემით გჭირდება პრეპარატი იმიტომ, რომ… – და აქ იწყებოდა ზღაპრები კონკრეტული ადამიანის კონკრეტული იმუნოლოგიური თავისებურებების შესახებ, ანალიზების ცრუ ინტერპრეტაცია და ა.შ.

ჩემი მონოლოგების დროს კი შიგადაშიგ პაციენტს შევაპარებდი თვალს, რომელიც თავს მიქნევდა, ფურცელს ჩაკირკიტებდა, სქემას ეცნობოდა და თვალში იმედის ნაპერწკალი უკიაფებდა. ენით აუწერელი თვითკმაყოფილების განცდა მეუფლებოდა ამ დროს.

***

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ წარმატების ლომის წილი დამოკიდებულია ადამიანის ქარიზმაზე და პიროვნულ ნიშან–თვისებებზე. ეს არამარტო უკანასკნელი იმედით მოვაჭრეებს გვეხება, არამედ ზოგადად ადამიანებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ძალიან უნდა გაუმართლოს სტივენ ჰოკინგს ვინმემ ყური უგდოს. პრინციპში, ასეთი მხოლოდ სტივენი იყო, მეორე მსგავსი არ მეგულება, არადა ღმერთმა უწყის რამდენი ეტლზე მიჯაჭვული ფიქრობს სამყაროს მოწყობაზე.

ძალიან გამიმართლა, რომ ბედმა ლამაზად ლაპარაკისა და მჭევრმეტყველების უნარი მარგუნა. ამით კომპენსირდებოდა ის ფიზიკური ნაკლები, რაც გამაჩნდა. პრინციპში, საეჭვოდ სიმპათიური და სტანდარტულად ლამაზი ექიმი, არც ქალი და არც კაცი, ნდობას არ იწვევს პაციენტებში, რადგან სტერეოტიპი მეტყველებს შემდეგს – ლამაზი არ უნდა იყოს ჭკვიანი, მახინჯი უფრო ჭკვიანი იქნება. ხალხს კი მკურნალად ცხადია ჭკვიანი უნდა და არა ლამაზი და საამოდ საცქერი. მადლობა ღმერთს, რომ სილამაზე ჩემთვის არ მოუნიჭებია.

პაციენტს სიამოვნებს, როდესაც უღეჭავ მისი დაავადების შესახებ ცნობებს და აცნობ დაავადების მექანიზმს მისთვის გასაგებ ენაზე. რა მნიშვნელობა აქვს მართალს ეუბნები თუ ტყუილს, სწორ ინტერპრეტაციას აკეთებ თუ არასწორს, აბსოლუტურად არანაირი! მთავარია გაიგოს. მთავარია მესიჯი იყოს მკაფიო და დასამახსოვრებელი. ასე მაგალითად: „შენი ღვიძლის 1/10 რომ დატოვო, ის იფუნქციონირებს სრულფასოვნად. მთავარია ეს 1/10–იც არ განადგურდეს და ჩვენ ამას ვიზამთ“. ან კი ასე: „კიბო არის უჯრედების უკონტროლო გამრავლება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ყველა თქვენს უჯრედს ეცოდინება როდის და რატომ უნდა გამრავლდეს. როცა იმუნიტეტი იძინებს, მაშინ უჯრედებს ეს ავიწყდებათ და იწყებენ უკონტროლო გამრავლებას, რაც შემდეგ გვანადგურებს“ და ა.შ. უამრავი მსგავსი შაბლონი მქონდა მოფიქრებული, რათა პაციენტების ტვინებში სამუდამოდ ჩამებეჭდა ის ინფორმაცია, რაც მჭირდებოდა.

არასდროს დამავიწყდება ის ექიმბაში, რომელთანაც დიაგნოზის გაგების შემდეგ მივედი – საშინლად მეტყველებდა, ენა ებორკებოდა, უცნაური აქცენტი ჰქონდა. სულ რომ გენიოსი ყოფილიყო, მის ერთ სიტყვასაც არ მოვისმენდი. მის მოწოდებულ წამალსაც კი არ მივიღებდი, ისეთი ანტიპათიით განმაწყობდა.

საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მომაკვდავი პაციენტის სახეზე ღიმილს და მადლიერების შეგრძნებას ამჩნევ. უფრო საოცარი კი პაციენტის თანმხლების სახეზე ათამაშებული თავდაჯერებული ღიმილია, რომელიც თითქოს ამბობს „აი, ხომ გეუბნებოდი, რომ არ მომყვებოდი – მაგარი კაცია!“.

***

რამდენ ვინმეს არ შევხვედრივარ, რამდენი საინტერესო ადამიანი არ მოსულა ჩემთან – ღმერთმა იცის რამდენი მათგანია დღეს ცოცხალი.

ყველაზე ხშირად მაინც მღვდლები მსტუმრობდნენ. მღვდლები და დეპუტატებიც, პრინციპში. ეს ორი ერთ ქვაბში იხარშება.

შეიძლება ვინმეს გეუცნაუროთ, მაგრამ პირადი დაკვირვებით ერთ რამეს წავაწყდი – მღვდლებსა და დეპუტატებს დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც ჭარბ წონასთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებთანაა კავშირში – შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლის გაცხიმოვნება და ა.შ. პრინციპში, არაფერი უცნაური აქ არ არის. ბუნების კანონია – სხვის ზრუნვაზე გადაგებულები ჭარბ ცხიმებს ვერ აუდიან, მათი ბედისწერაა ერთგვარად.

ამ ხალხის ყველაზე მთავარი მოთხოვნა იყო შემდეგი:
– ექიმო, რამე ისეთი წამალი იყოს იქნებ, რომ დალევ და ორგანიზმი გაიწმინდოს, ორგანოები დაიცვას.

ღმერთო ჩემო, ეს ხომ IMEDIN–ია! ძალიან მიხაროდა ასეთი პაციენტების ხილვა, რადგან ვიცოდი, რომ აქ და ახლა არ მოკვდებოდნენ და ხანგრძლივად ივლიდნენ ჩემთან, ჩემგან გასულები კი მეგობრებთან სიამაყით განაცხადებდნენ: „ეჰეი! ოქრო კაცს მიგასწავლი, ხომ მიყურებ? ვსვამ, ვჭამ, არაფერს ვიკლებ და მაინც ჯანზე ვარ“.            რომ არ არსებობდეს ყველაფრის განმკურნავი სუპერაბი, ადამიანები მას აუცილებლად გამოიგონებდნენ. გამოვიგონე კიდეც – IMEDIN.

უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა ეს სეგმენტი განსხვავდება უკანასკნელი იმედის მაძიებელთა სეგმენტისგან. ესენი ცალსახად ბრიყვები და ზარმაცები არიან. იქ კი სხვაგვარადაა საქმე.

ზის მღვდელი ანაფორით, მიყურებს თევზის თვალებით და მეუბნება:
– იცით, შვილო ჩემო, მიწევს დალევა კვირაში რამდენჯერმე. ხომ ხვდებით, იქ მრევლი, იქ დღესასწაული და ა.შ. რთულია, რთულია ამ ქვეყანაში, სხვაგვარად არ გამოდის. არ დალევ და აწყენინებ ხალხს. რა უნდა ქნა რომ არ დალიო და არ ჭამო? მიხვალ სუფრაზე და ისე იჯდები – გეტყვიან რას მოდიოდიო. არ მიხვალ საერთოდ და გეტყვიან რად არ მოხვედიო. ხომ გესმით ჩემი, ძალიან რთულია ეს ყველაფერი. იცით, მინდა რომ რაიმე ისეთი წამალი მივიღო პარალელურად, რომელიც ჯანმრთელობაზე ხელს შემავლებს და ფორმას არ დამაკარგვინებს. ხო ხვდებით არა, ორგანიზმია მაინც – ცეროზი, გეპატიტი, ამბავი… საშიშია კაცო, ვიცი რო არ შეიძლება ასეთი ცხოვრება, მაგრამ სხვანაირადაც არ გამოდის ეს დასაწვავი და რა ვქნა აბა?!

ცხადია, ვუხსნიდი მღვდელს, რომ ასეთი წამალი არსებობდა და მას IMEDIN ერქვა. შემდეგ ვიღებდი პაუზას ინდივიდუალური მკურნალობის სქემის მოსაძებნად, რომელიც გონებაში უკვე კარგა ხნის მოძებნილიც მქონდა, მაგრამ ეს პაუზა მაინც აუცილებელი იყო დამაჯერებლობისთვის. შემდეგ ვუწერდი ფურცელზე რეცეპტს, მიღების წესებს, მკურნალობის ხარნგრძლივობას, ერთი თვით ალკოჰოლისგან თავშეკავებასაც ვურჩევდი საკმაოდ მკაცრად იმ მიზეზით, რომ თითქოსდა 50 მგ/კგ IMEDIN–თან ალკოჰოლის ჭარბად მიღება სახიფათოა, პრეპარატის ნაკლებ დოზასთან კი შეიძლება. ისინი მისმენდნენ, შუბლს ჭმუხნიდნენ და თავს მიქნევდნენ. ერთმა პირდაპირ მითხრა კიდეც:

– მიყვარს, როცა ჩემზე ჭკვიან ადამიანებს ვემორჩილები, ვისაც საქმისა გაეგება. ისიც მიყვარს, როცა მე მემორჩილებიან.

აი ხომ გეუბნებით, ყველაფრით ერთმანეთს ჰგავდნენ ეს მღვდლები და დეპუტატები. ერთნაირი დაავადებებით, ერთნაირი მსოფლმხედველობით, ერთნაირი პრობლემებით…

ისინი იყვნენ ზარმაცები იმიტომ, რომ ცხოვრების წესის შეცვლა არც უნდოდათ და არც შეეძლოთ. ბრიყვები კი იმიტომ იყვნენ, რომ სჯეროდათ სუპერაბების არსებობა. მაშ, ნეტარ არიან მორწმუნენი! ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

ჰო მართლა, კინაღამ დამავიწყდა ზემოთ მეთქვა – IMEDIN ცხადია საიდუმლო, მაგრამ ბუნებრივ ინგრედიენტებზე გახლდათ დამზადებული. არანაირი ქიმია! აი ასე პირდაპირ ეწერა კოლოფზეც. ერთ–ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ განსაკუთრებით მღვდლებში სარგებლობდა დიდი პოპულარობით პრეპარატი, რადგან ისინი რატომღაც სამედიცინო პროგრესს ეჭვის თვალით უყურებდნენ და ერჩივნათ პირველყოფილი მეთოდებით მკურნალობის ილუზია შეექმნათ, ვიდრე რაიმე ბანალური ანტიბიოტიკი დაელიათ. კაცია და გუნებაო, მათი გადასაწყვეტია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგებოდა, მათი ფეხი აღარ იყო ჩემთან და ყველანი მაინც ნორმალურ ექიმებთან გადაინაცვლებდნენ ხოლმე. თუმცა როცა მედიცინა მათთან ვეღარაფერს აწყობდა, ისევ მიბრუნდებოდნენ უძღები შვილები და მე კი, ცხადია, მივუტევებდი მათ ყოველივეს და ხელგაშლილი ვხვდებოდი IMEDIN–ის გაძლიერებული, დარტყმითი დოზებით.

რომ დავუფიქრდი, რაღაცით თვითიდენტიფიკაციას ვახდენდი ამ ხალხთან – განა დეპუტატებიცა და მღვდლებიც უკანასკნელ იმედს არ ჰყიდიან სარფიანად?

***

სულ სხვა კასტა იყო მდიდრები და ინტელექტუალები. ეს ორი მაკვირვებდა ყველაზე მეტად, რადგან მათ ადგილას საკუთარ თავს წარმოვიდგენდი – საკმარისი თანხა რომ მქონოდა, ამ საქმეს ხომ არ მოვეკიდებოდი და პირდაპირ ვიმკურნალებდი წესიერად წესიერ კლინიკაში? მაშ ესენი რაღას ეძებდნენ? განსაკუთრებით სკეპტიკოსი ინტელექტუალებისა მიკვირდა, როგორ ენდობოდნენ ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულებების გარეშე რაღაც პრეპარატს, რომლის ინგრედიენტებიც არ იცოდნენ? ეს ხომ ის ხალხია, რომელიც ექიმის ნათქვამს ათასჯერ გადაამოწმებს სხვადასხვა წყაროებში, მაშ ჩემთან რაღა უნდოდათ?

ასეთი ადამიანები უკიდურესი გაჭირვების ჟამს მოდიოდნენ ჩემთან. ზემოთ ხსენებული მღვდლებისა და დეპუტატებისგან განსხვავებით, ესენი მხოლოდ მაშინ მომადგებოდნენ თავიანთი ცალყბა ღიმილით, როცა ჩემს იქით გზა არ ჰქონდათ და კლასიკური მედიცინის კარები მათთვის სამუდამოდ ჩაკეტილიყო.

სქემების წერისას და ამ ყველაფრის ახსნისას ვაკვირდებოდი მათ და ვამჩნევდი, რომ არც მისმენდნენ წესიერად, მექანიკურად მიქნევდნენ თავს და რაღაცნაირი ფლეგმა სახით მიმზერდნენ. ვხვდებოდი ამ დროს რა შინაგანი ბრძოლების გადატანა უწევდათ, რამხელა დაპირისპირება მიმდინარეობდა მათ ტვინში, როგორ რცხვენოდათ აქ ჯდომა, მაგრამ მაინც ისხდნენ. რაღაცნაირად თანავუგრძნობდი კიდეც მათ, თუმცა სხვა არაფრით დახმარება არ შემეძლო. რთულია მომაკვდავი სკეპტიკოსის ყურება, რომელსაც უწევს უკანასკნელი იმედის ვაჭართან კონსულტაცია. ყოველთვის იჯდა ხოლმე მათ გვერდით ან დედა ან და ან მეუღლე, რომელიც იცრემლებოდა და ამხნევებდა მათ, ისინიც უგერგილოდ და უემოციოდ მხნევდებოდნენ – წესის გულისთვის. ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი ფარსი იყო – ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუმცა არავინ ვიმჩნევდით.

ერთხელ გასვენებაში მოვხვდი, არ მახსოვს ვისი იყო, თუმცა კი რა მნიშვნელობა აქვს. იმის თქმა მინდოდა, რომ იქ ერთ–ერთ მსგავს სკეპტიკოსს წავაწყდი.

– კიბოთი მოკვდა, კობა. – მითხრა სევდიანად.

– ვიცი, სამწუხაროა. – ვუთხარი.

– ჰო, რვა საათზე უწევდა IMEDIN–ის დალევა თურმე, რვას უკლდა თხუთმეტი წუთი, როცა გარდაცვლილა.

არაფერი მიპასუხია ამ მიღმიერი სარკაზმისთვის, ისე გამოვეცალე. თუმცა კი დამამახსოვრდა მწარედ.

***

მდიდრები საერთოდ მაბნევდნენ თავიდან. ადამიანი, რომელსაც თანამედროვე მედიცინის ყველა სიკეთით სარგებლობის ფუფუნება გააჩნია, რატომ სარგებლობს IMEDIN–ით? საკითხავი აი ეს არის. მერეღა ამოვხსენი ეს საიდუმლო.

– იცი ნოე, მე წავიკითხე, უკვე საკმაო ცოდნა დამიგროვდა მედიცინაში და მინდა გითხრა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი მაფიაა! – მითხრა ერთ–ერთმა.

– რა მხრივ?

– აი ახლავე გეტყვი. გგონია კიბოს წამალი გამოგონილი არ არის? ცხადია გამოგონილია, მაგრამ ბაზარზე არ უშვებენ იმიტომ, რომ ჯერ არსებულმა პრეპარატებმა უნდა ამოიღონ დანახარჯები. ბიზნესში გამეგება რაღაც რა, დამიჯერე ასეა. – ამ ორგროშიანი ბრძნადმეტყველების შემდეგ განსაკუთრებით ამაზრზენად იღიმოდა ყოველი მათგანი, ძალიან რთული იყო ამის ატანა.

– მართალი ხართ. – უფრო რთული ამ სიტყვების თქმა იყო.

– რა თქმა უნდა. იცი, FDA, WHO, CDC და სხვა ასეთი ორგანიზაციები შეკრულები არიან და იმართებიან ერთი და იგივე სასტავისგან.

– ვისგან?

– აბა მე რა ვიცი, მკითხავი კი არ ვარ კაცო, ჰაჰა… მე იმას გეუბნები, რაც უეჭველია და ლოგიკურია, თორემ დანარჩენი ჩემი საქმე არაა.

– მართალი ხართ.

– იცი, როდესაც მე პირველად ვიყავი ექიმთან, მითხრა, რომ სამი თვის სიცოცხლე გაქვსო დარჩენილი და მას მერე იმასთან არ მივსულვარ. კი გავიდა ერთი წელი და ცოცხალი ვარ. ინტერნეტში ბევრი ვეძებე და ბოლოს მოგაგენი. მადლობა ღმერთს.

– გაიხარეთ.

– პირიქით, გაიხარე, ნოე. შენ რომ არა, ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდი. ოხ ეს არამზადები ისე, როგორ გვაბოლებენ, ა? როგორ მეზიზღებიან, ოხ, როგორ მეზიზღებიან! მაგათი შემყურე ახლა მიწის ქვეშ ვიდებოდი!

ეგ იყო და ეგ. პატარა კაცებს აქვთ სწრაფვა ყველაფრის ცოდნისკენ. ისინი ჰაერივით საჭიროებენ განცდას, რომ დანარჩენ მსოფლიოზე ჭკვიანები არიან. მათ სურთ, რომ ყველა სფეროში ერკვეოდნენ, რასაც ხელს მოჰკიდებენ, არადა იგივე უშუბლოები არიან, როგორიც იყვნენ ფულის შოვნამდე. მათ რატომღაც ყოველთვის უნდათ იმის დამტკიცება, რომ ბიზნესის გარდა ცხოვრებისეულ საკითხებშიც გაეგებათ და თავიანთი ორიგინალური მოსაზრებებიც გააჩნიათ ამა თუ იმ საკითხზე. არაფერია იმაზე მომაბეზრებელი, ვიდრე ამ „ორიგინალური აზრების“ მოსმენა კვირაში რამდენჯერმე.

იცით რა, ახლა რომ ვიხსნებ ყველაფერს ერთად, ვრწმუნდები რომ IMEDIN მართლა უნიკალური პროდუქტია. ეს ისაა, რაც ყველას სჭირდებოდა და არ ჰქონდათ. საერთოდ, მორმწუნე ადამიანებს აქვთ მიდრეკილება აბსტრაქციის მატერიალიზაციისკენ. აი მაგალითად, რომ ჰკითხო უმრავლესობა მათგანს, გეტყვის რომ სული არამატერიალური, მატერიის მიღმა კონდიციაა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასევე უმრავლესობა მათგანს სჯერა სულების გამოცხადებისა თუ ვიდეოფირებზე დაფიქსირების. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ითხოვენ გულის სიღრმეში აბსტრაქტული ცნებების მატერიალურ განსხეულებას მეტი თავდაჯერებულობისთვის და უპირატესობის განცდისთვის. სწორედ აქ გავარტყი მეც – მოვახდინე უკანასკნელი იმედის, ერთი მიმზიდველი აბსტრაქტული ცნების მატერიალიზაცია, შეფუთვა, კომერციალიზაცია და დანარჩენი თავად აეწყო. IMEDIN ყველას სჭირდება.

 

***

უკვე მერამდენედ შემოდის ოთახში თურქი ექთანი და მაფრთხილებს, რომ ძალიანაც ნუ გადავიღლი თავს და მიჯობს მოვემზადო, რამდენიმე საათში საოპერაციოში შემიყვანენ.

„კარგი, კარგი“ ვუქნევ თავს და ვიხმობ ჩემთან: „შეიძლება ეს ფურცელი გააგზავნოთ კონკრეტულ მისამართზე? წერილია“. ექთანი მპირდება რომ ყველაფერს გაარკვევს და პასუხს უახლოეს წუთებში შემატყობინებს.

სანამ ის შემოვა, მე ამ ბოლო წინადადებებს ვწერ. ვფიქრობ, ვის უნდა გავუგზავნო ეს ყველაფერი ან საერთოდ რატომ უნდა გავუგზავნო…“

***

ზაზა ნოეს ერთ-ერთი პაციენტი იყო. უკანასკნელ დოზას იღებდა პრეპარატისას და ცდილობდა ნოესთან დაკავშირებას, რასაც ვერა და ვერ ახერხებდა. უკვე ნერვიულობას იწყებდა – მხოლოდ ნოეს შეეძლო მისთვის საჭირო სქემით პრეპარატის გამოწერა, სხვა ექიმი ვერ დაეხმარებოდა. ნოე კი არ ჩანდა. სამაგიეროდ დღითი-დღე უფრო საჩინო ხდებოდა მისი ქოლანგიოკარცინომა.

როდესაც ზაზამ წერილი მიიღო, ძალიან გაუკვირდა და როცა შეიტყო პირველივე გვერდებიდან, რომ ეს ნოეს ნაწერი იყო – მთლად გადაირია და ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხა ბოლომდე, ეგონა, რომ ბოლოში მაინც ეწერებოდა მკურნალობის გაგრძელების მორიგი ტაქტიკა, ეგონა რომ ნოეს პაციენტი გახსენებოდა და ეს უსტარი გამოეგზავნა, რომლის ბოლოშიც ან შუაში ან სადმე აუცილებლად იქნებოდა მომდევნო ნაბიჯების ინტრუქცია.

„…ზაზა, გადავწყვიტე შენთან გამომეგზავნა ეს ნაწერი. შენ გამახსენდი პირველად. შენ იქნები პირველი, ვინც გაიგებს რისგან მზადდება IMEDIN.

IMEDIN დამზადებულია ნატურალური ხავსისგან.

დამზადების წესი: ვიღებთ მდინარის სიპ ქვაზე მოდებულ ხავსს, ვურევთ წყალში, ვაფასოვებთ და ვყიდით.

პატივისცემით, შენი უკანასკნელი იმედის ვაჭარი, ნოე“.

ზაზამ ბოლო სიტყვები ძალიან ბევრჯერ გადაიკითხა. შემდეგ წამოდგა სავარძლიდან და გაიარ-გამოიარა. ნაწერი მაგიდაზე დადო. მალევე აიღო და თავიდან ბოლომდე ისევ გადაავლო თვალი.

კედლის საათმა რვაჯერ დარეკა. ზაზას გაახსენდა, რომ პრეპარატის მიღება უწევდა. იქვე ედო, მაგიდაზე. აიღო, კაფსულას მზის შუქზე გახედა და გადაყლაპა. ბოლო იყო.

ზაზამ მუცელში ტკივილი იგრძნო. ისევ აიღო ფურცლები, ბოლო სიტყვები კიდევ ერთხელ გადაიკითხა და უახლოესი მდინარისკენ გაეშურა.

07.07.2014

© “არილი

Facebook Comments Box