The Art of Fiction, 83
როდესაც 1984 წლის თებერვალში სამოცდაცხრა წლის ხულიო კორტასარი ლეიკემიით გარდაიცვალა, მადრიდის გაზეთმა, El Pais-მა, მას ერთ-ერთი უდიდესი სამხრეთამერიკელი მწერალი უწოდა და ორი დღის განმავლობაში თერთმეტი გვერდი დაუთმო მოგონებებს კორტასარის შესახებ და, ასევე, გამოსათხოვარ წერილებს.
კორტასარი 1951 წლიდან პარიზში ცხოვრობდა, მაგრამ რეგულარულად ჩადიოდა მშობლიურ არგენტინაში. 1970-იანი წლების დასაწყისში მწერალი სამშობლოდან ოფიციალურად გააძევა არგენტინულმა ხუნტამ, რომელმაც აკრძალა მისი რამდენიმე მოთხრობა. გასული წლის შემოდგომაზე, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გამარჯვების შემდეგ, კორტასარმა უკანასკნელად მოინახულა თავისი ქვეყანა. კულტურის მინისტრმა არჩია, ოფიციალურად არ შეხვედროდა მას, რადგან კორტასარის პოლიტიკური შეხედულებები უკიდურესი მემარცხენეობით გამოირჩეოდა, მაგრამ ხალხი მწერალს ისე შეხვდა, როგორც სამშობლოში დაბრუნებულ გმირს. ერთ საღამოს, ბუენოს-აირესში, კორტასარმა და მისი მეგობრებმა კინოთეატრში ნახეს ოსვალდო სორიანოს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი “არც – მწუხარება, არც – დავიწყება”. ქუჩაში გამოსული ისინი წააწყდნენ სტუდენტურ დემონსტრაციას, რომელიც მათ შესახვედრად მოძრაობდა. კორტასარის დანახვისთანავე დემონსტრაცია დაიშალა და სტუდენტები მას გარს შემოეხვივნენ. წიგნის მაღაზიები ბულვარებზე ჯერ კიდევ ღია იყო. ახალგაზრდებმა სწრაფად შეიძინეს კორტასარის წიგნები და ავტოგრაფები სთხოვეს მწერალს. კიოსკის გამყიდველმა ბოდიში მოიხადა, რომ კორტასარის წიგნები აღარ ჰქონდა, კარლოს ფუენტესის რომანი გაუწოდა და სთხოვა, მასზე სამახსოვრო წარწერა აღებეჭდა.
კორტასარი დაიბადა 1914 წელს, ბრიუსელში. ომის შემდეგ მისი ოჯახი არგენტინაში დაბრუნდა. ხულიო იზრდებოდა ბანფილდში, ბუენოს-აირესის მახლობლად. მან სკოლის პედაგოგის დიპლომი აიღო და 1940-იანი წლების დასაწყისამდე სოფლის მასწავლებლად მუშაობდა ბუენოს-აირესის პროვინციაში, თან ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ერთ-ერთი პირველი (სიზმრით შთაგონებული) მოთხრობა “დაპყრობილი სახლი” 1946 წელს დაიბეჭდა ჟურნალში, რომლის რედაქტორი ხორხე ლუის ბორხესი გახლდათ. პარიზში გამგზავრებამდე, ანუ 1951 წლამდე, კორტასარი თავის თხზულებებს იშვიათად აქვეყნებდა. პარიზში ის მუშაობდა მთარგმნელად და თარჯიმნად იუნესკოსა და სხვა ორგანიზაციებში; თარგმნიდა ედგარ პოს, დენიელ დეფოს და მარგერიტ იურსენარის ნაწარმოებებს. 1963 წელს გამოქვეყნდა კორტასარის მეორე რომანი, “კლასობანა”, რომელმაც სახელი გაუთქვა მწერალს.
კორტასარი, პირველ რიგში, ცნობილია, როგორც მოთხრობის დიდოსტატი, მაგრამ მისი ოთხი რომანი გამოირჩევა გაბედული ძიებებით ფორმის სფეროში და, იმავე დროს, იკვლევს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების არსებით საკითხებს. მათ შორისაა “იღბლიანები” (1960), “62. ასაწყობი მოდელი” (1968) – რომლებიც ნაწილობრივ ემყარება მისი როგორც თარჯიმნის გამოცდილებას – აგრეთვე – “წიგნი მანუელისა” – სამხრეთამერიკელი დიპლომატის მოტაცების შესახებ. ამასთან, კორტასარის სიყვარული ფანტასტიკისადმი ყველაზე შთამბეჭდავად სწორედ მოთხრობებში გამოვლინდა. მისი ცნობილი მოთხრობა საფუძვლად დაედო ანტონიონის ფილმს – “Blow-Up”. ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა კორტასარის მოთხრობათა ხუთი კრებული, რომელთაგან უკანასკნელია “ძალიან გვიყვარს გლენდა”. მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა მოგზაურობის დღიური “ავტონავტები კოსმოსტრადაზე”, რომელშიც ასახულია მისი მგზავრობა ავტოფურგონით პარიზიდან მარსელში ცოლთან, კეროლ დანლოპთან ერთად. ეს წიგნი ერთდროულად ესპანურ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნდა და კორტასარმა ავტორისეული უფლებები და ჰონორარები ნიკარაგუის სანდინისტურ მთავრობას გადასცა; მას შემდეგ ეს წიგნი ბესტსელერად ითვლება. მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა მისი პოლიტიკურ სტატიათა კრებულებიც ნიკარაგუისა და არგენტინის შესახებ. პარიზში კორტასარი სხვადასხვა რაიონში ცხოვრობდა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჰონორარების წყალობით შეძლო ეყიდა საკუთარი ბინა იმ შენობის Yთავზე, რომლის ქვედა სართულებზე განთავსებული იყო ბითუმად მოვაჭრეთა და ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიები. ეს ხალვათი ბინა, უამრავი წიგნითა და მეგობარ მხატვართა მიერ მიძღვნილი, კედლებზე დაკიდული ფერწერული ტილოებით, კორტასარის მოთხრობებში აღწერილი რომელიმე ამბის ფონი შეიძლებოდა ყოფილიყო.
კორტასარი წარმოსადეგი, 193 სმ სიმაღლის კაცი იყო, კიდევ უფრო გამხდარი, ვიდრე ფოტოსურათებში ჩანს. ინტერვიუს წინ უძღოდა განსაკუთრებით მძიმე პერიოდი, როდესაც კიბოთი გარდაიცვალა მასზე ოცდაათი წლით უმცროსი ცოლი, კეროლი. გარდა ამისა, ხანგრძლივმა მოგზაურობებმა, განსაკუთრებით – სამხრეთ ამერიკაში, დაღალა მწერალი. ჩვენი საუბრის დროს კორტასარი თავის საყვარელ სავარძელში იჯდა და ყალიონს ეწეოდა.
ჯეისონ ვაისი
ვაისი
თქვენს ბოლო წიგნში – მოთხრობათა კრებულში “დროის მიღმა” – ფანტასტიკური კიდევ უფრო მძლავრად იჭრება რეალურ სამყაროში, ვიდრე ოდესმე. გიგრძნიათ თუ არა, რომ ფანტასტიკური და ყოფითი განუყოფელ მთლიანობას შეადგენს?
კორტასარი
დიახ, ამ უკანასკნელ მოთხრობებში ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეგრეთ წოდებულ ფანტასტიკურსა და ეგრეთ წოდებულ რეალურს შორის მინიმალური მანძილია. ჩემს ძველ მოთხრობებში ეს მანძილი უფრო დიდი იყო, რადგან ფანტასტიკური მხოლოდ ფანტასტიკური იყო, ზოგჯერ – ზებუნებრივიც. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური მეტამორფოზებს განიცდის, იცვლება. ფანტასტიკურის ცნებას, რომელიც არსებობდა გოტიკური რომანის ეპოქაში ინგლისში, მაგალითად, არაფერი აქვს საერთო ჩვენს ახლანდელ წარმოდგენასთან მის შესახებ. გვეცინება, როდესაც ვკითხულობთ ჰორაციო უოლპოლის “ოტრანტოს ციხესიმაგრეს” – თეთრტანსაცმლიანი მოჩვენებების, ციხესიმაგრეში ჯაჭვების ჟღარუნით მოსეირნე ჩონჩხების შესახებ. ამჟამად ჩემი წარმოდგენა ფანტასტიკურის შესახებ უფრო ენათესავება იმას, რასაც რეალობას ვუწოდებთ, შესაძლოა, იმიტომ, რომ რეალობა სულ უფრო მეტად უახლოვდება ფანტასტიკას.
ვაისი
უკანასკნელ წლებში დიდ დროს უთმობდით სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე განმათავისუფლებელი მოძრაობების მხარდაჭერას. ამან ხომ არ დააახლოვა თქვენს წარმოდგენაში ფანტასტიკური და რეალური და უფრო მეტი სერიოზულობა შეგძინათ?
კორტასარი
არ მომწონს თვით “სერიოზულობის” ცნება. არა მგონია, რომ სერიოზული ვიყო, ყოველ შემთხვევაში, იმ გაგებით, რომლითაც საუბრობენ “სერიოზული ქალისა” ან “სერიოზული მამაკაცის” შესახებ. მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგიერთი სამხრეთამერიკული რეჟიმის – არგენტინის, ჩილეს, ურუგვაის და, ახლა, უპირველეს ყოვლისა, ნიკარაგუის – პრობლემებმა იმდენად გამიტაცა, რომ ამ თემის ამსახველ ზოგიერთ მოთხრობაში ფანტასტიკური, ჩემი აზრით, ძალზე დაუახლოვდა რეალობას.Mამიტომ თავს ნაკლებ თავისუფლად ვგრძნობ, ვიდრე – უწინ. ოცდაათი წლის წინ ვწერდი ყველაფერს, რაც მომეპრიანებოდა და მხოლოდ ესთეტიკურ კრიტერიუმებს ვითვალისწინებდი; ახლა, თუმცა კვლავ ესთეტიკურ კრიტერიუმებს ვემყარები (პირველ რიგში, იმიტომ, რომ მწერალი ვარ), მაგრამ ძალზე მაწუხებს სამხრეთ ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაც; ყოველივე ეს – შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად – ხშირად იჩენს თავს ჩემს შემოქმედებაში. ამასთან, ჩემი მოთხრობები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება იდეოლოგიურ და პოლიტიკურ საკითხებს, არსობრივად არ შეცვლილა და კვლავინდებურად ფანტასტიკურ ნაწარმოებებს წარმოადგენს.
ანგაჟირებული მწერლის პრობლემა, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, ისაა, რომ მწერლად დარჩე. თუ ნაწარმოები, უბრალოდ, პოლიტიკური შინაარსისაა, ის შეიძლება ძალზე მდარე იყოს. ასე დაემართა ბევრ მწერალს. აქ წონასწორობის დაცვაა საჭიროა. ვცდილობ, ჩემი ნაწარმოებები ლიტერატურა იყოს, ვცდილობ. მივუახლოვდე იდეალს… გავარღვიო შესაძლებლის საზღვრები. მაგრამ, იმავდროულად, მათში თანამედროვე რეალობაც უნდა იგრძნობოდეს. ამ ბალანსის დაცვა ადვილი როდია. მოთხრობა “დროის მიღმა” ასახავს არგენტინელ პარტიზანთა ბრძოლას – და კინაღამ ავყევი ცდუნებას, მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე მეწერა.
ვაისი
რა გამოხმაურება გამოიწვია ამ მოთხრობებმა? განსხვავებული იყო თუ არა ლიტერატორთა და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ მოღვაწეთა რეაქცია?
კორტასარი
რა თქმა უნდა. სამხრეთამერიკელ მკითხველებს – ბურჟუაზიული წრეებიდან – რომელთაც არ აინტერესებთ პოლიტიკა ან მემარჯვენე ფრთას მიეკუთვნებიან, არც ექსპლუატაციის, ჩაგვრის და ა.შ პრობლემები აწუხებთ, რომლებიც მე მაღელვებს. ისინი სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩემს მოთხრობებში ხშირად პოლიტიკური საკითხებია ასახული. სხვა მკითხველებს – უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს, რომლებიც იზიარებენ ჩემს გრძნობებს, ჩემს სწრაფვას ბრძოლისადმი, და თანაც, უყვართ ლიტერატურა – მოსწონთ ეს მოთხრობები. კუბელები ტკბებიან “შეკრებით”, ნიკარაგუელები კი დიდი სიამოვნებით კითხულობენ “სოლენტინამეს აპოკალიფსს”.
ვაისი
რამ განსაზღვრა თქვენი მაღალი პოლიტიკური აქტივობა?
კორტასარი
სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე სამხედრო შეტაკებებმა და გადატრიალებებმა მაიძულა, უფრო გულმოდგინედ მემუშავა. რაიმე რომ შეცვლილიყო, ცოტას დავისვენებდი და გავაგრძელებდი მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული ხასიათის ლექსებისა და მოთხრობების წერას. მაგრამ ამის საშუალება არა მაქვს.
ვაისი
სხვადასხვა დროს გითქვამთ, რომ ლიტერატურა თამაშს წააგავს. რა ასპექტში?
კორტასარი
ჩემი აზრით, ლიტერატურა თამაშის ნაირსახეობაა. ამასთან, ყოველთვის განვმარტავ, რომ უნდა განვასხვაოთ თამაშის ორი ფორმა.L მაგალითად, ფეხბურთი, თავისი არსით, თამაშია; მეორე მხრივ, არსებობს ძალზე ღრმა და სერიოზული ხასიათის მქონე თამაშები. ბავშვები თამაშობენ და ერთობიან, მაგრამ ძალზე სერიოზულად აღიქვამენ თავიანთ ქმედებას. ახლა მათთვის თამაში ისეთივე სერიოზული რამაა, როგორიც სიყვარული იქნება ათი წლის შემდეგ. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი და მშობლები მეუბნებოდნენ, “გეყოფა თამაში, ახლა იბანავეო”, ვხვდებოდი, რომ ეს სრული უაზრობა იყო, რადგან ბანაობას უაზრობად მივიჩნევდი. მას არავითარი ღირებულება არ ჰქონდა, მაშინ, როდესაც მეგობრებთან თამაში სერიოზული საქმიანობა იყო. ლიტერატურაც ამგვარია – ის თამაშია, მაგრამ ისეთი თამაში, რომელსაც შეიძლება მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. შეიძლება ყველაფერი შესწირო ამგვარ თამაშს.
ვაისი
როდის დაინტერესდით ფანტასტიკით? როდესაც ძალზე ახალგაზრდა იყავით?
კორტასარი
ყველაფერი ბავშვობისას დაიწყო. ჩემს თანაკლასელებს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ფანტასტიკურის შესახებ. სამყაროს ისე აღიქვამდნენ, როგორიც ის იყო… ეს მცენარეა, ის – სავარძელი. მაგრამ ჩემთვის სამყარო არ წარმოადგენდა რაღაც განსაზღვრულს. დედაჩემი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ძალზე მდიდარი წარმოსახვა აქვს, მაქეზებდა. იმას კი არ მეუბნებოდა, “გეყო, სერიოზული უნდა იყოო”, პირიქით, მოსწონდა ჩემი ფანტაზიები. როდესაც ფანტასტიკურით დავინტერესდი, მეხმარებოდა და სათანადო წიგნებს მირჩევდა. ედგარ ალან პო პირველად ცხრა წლის ასაკში წავიკითხე. ეს წიგნი მოვიპარე, რადგან დედაჩემი მის წაკითხვას მიკრძალავდა; ფიქრობდა, რომ პოს წაკითხვა ჩემთვის ნაადრევი იყო და არც ცდებოდა. წიგნმა შემაშინა და სამი თვის განმავლობაში ვავადმყოფობდი, რადგან ყველაფერი დავიჯერე… რთული საკითხავია, როგორც ფრანგები ამბობენ ხოლმე. ფანტასტიკურს რეალურად არსებულად მივიჩნევდი. მის არსებობაში არასოდეს დავეჭვებულვარ. სამყარო ხომ სწორედ ასეთია. როდესაც ზოგიერთი წიგნი ჩემს მეგობრებს ვათხოვე, მითხრეს: გვირჩევნია, კოვბოების თავგადასავლები ვიკითხოთო. იმხანად კოვბოები განსაკუთრებით პოპულარულნი იყვნენ. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. ზებუნებრივის, ფანტასტიკურის სამყარო მერჩივნა.
ვაისი
მრავალი წლის შემდეგ, პოს თხზულებათა სრული კრებულის თარგმნის დროს მათში რაიმე ახალი ხომ არ აღმოაჩინეთ?
კორტასარი
ბევრი, ბევრი რამ. დავაკვირდი პოს ენას, რომელსაც ამერიკელებიც და ინგლისელებიც იწუნებენ, რადგან ზედმეტად მაღალფარდოვნად მიიჩნევენ. არც ინგლისელი ვარ და არც ამერიკელი, ამიტომ ის სრულიად სხვაგვარად აღვიქვი. ვიცი, რომ ის, გარკვეულწილად, ძალზე მოძველებულია, ჰიპერბოლურია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს პოს გენიასთან შედარებით. “აშერთა სახლის დაცემაში”, “ლიგეიაში”, “ბერენისში” ან “შავ კატაში” გენიალურადაა ასახული ფანტასტიკური და ზებუნებრივი. გუშინ ედგარ ალან პოს ქუჩაზე მცხოვრებ მეგობარს ვეწვიე. მემორიალურ დაფაზე ეწერა: “ედგარ პო. ინგლისელი მწერალი”. პო ინგლისელი არ ყოფილა! ეს წარწერა უნდა შევცვალოთ და გავაპროტესტოთ!
ვაისი
თქვენს შემოქმედებაში, ფანტასტიკურის მონაწილეობის გარდა, იგრძნობა სითბო და სიყვარული პერსონაჟების მიმართ.
კორტასარი
ძალიან მიყვარს ჩემი პატარა პერსონაჟები. ვფიქრობ, ჩემს რომანებსა და მოთხრობებში ისინი ცოცხლად და დამაჯერებლად მყავს აღწერილი; მიყვარს ისინი. როდესაც მოზარდის შესახებ ვწერ, მეც მოზარდად ვგრძნობ თავს. ზრდასრული პერსონაჟების შესახებ წერისას ასე არ ხდება.
ვაისი
თქვენი პერსონაჟების უმრავლესობა თქვენსავე ნაცნობებს ხომ არ ჰგავს?
კორტასარი
ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ნამდვილად ჰგავს. ხშირად პერსონაჟები ორი ან სამი რეალური ადამიანის ნაერთია. მაგალითად, ერთ-ერთი ქალი-პერსონაჟი ჩემს ნაცნობ ორ ქალს მოიცავს. ამის მეშვეობითY მოთხრობის ან რომანის პერსონაჟი უფრო რთული, უფრო მრავალმხრივი ხდება.
ვაისი
გულისხმობთ, რომ პერსონაჟის “გამსხვილების” მიზნით. ორ მათგანს აერთიანებთ?
კორტასარი
არა, ასე არ ხდება. თვით პერსონაჟები მაიძულებენ, ამგვარად მოვიქცე. ანუ, პერსონაჟში ვცნობ ჩემს რომელიმე ნაცნობს, ზოგჯერ – ორსაც, რომლებიც ერთ სახეს წარმოქმნიან. შემდგომ პერსონაჟი თავისი ნება-სურვილით მოქმედებს, ლაპარაკობს… არასოდეს ვიცი, რის თქმას აპირებს რომელიმე მათგანი, როდესაც დიალოგს ვწერ. ამ პროცესს პერსონაჟები თვითონ წარმართავენ, მე კი, უბრალოდ, ვიწერ, რასაც ისინი ამბობენ. ზოგჯერ მეცინება ან ფურცელს ვხევ და ვამბობ, რა სისულელეა-მეთქი, სხვა ფურცელს ვიღებ და თავიდან ვწერ დიალოგს.
ვაისი
ესე იგი, ნაცნობ ადამიანებს არ აღწერთ?
კორტასარი
არა, სულაც არა. ხშირად ამბის შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაქვს, მაგრამ პერსონაჟების თაობაზე არაფერი ვიცი. უცნაური გრძნობა მიჩნდება: ამ სახლში, ამ სოფელში რაღაც უნდა მოხდეს… წერის დროს ვიზუალური წარმოსახვის უნარი მიმძაფრდება. ყველას და ყველაფერს ვხედავ. მაგალითად, ვხედავ სახლს, შემდეგ კი უეცრად, ვიწყებ პერსონაჟების აღწერას. ამ მომენტში ერთ-ერთი პერსონაჟში შეიძლება ვგულისხმობდე ჩემს რომელიმე ნაცნობს. მაგრამ ის ზუსტად არ ემთხვევა პროტოტიპს. საბოლოო ანგარიშში, ჩემი პერსონაჟების უმრავლესობა გამოგონილია. და ეს ჩემი მცდელობების შედეგია. “კლასობანას” პერსონაჟი, ოლივეირა, მნიშვნელოვანწილად, ავტობიოგრაფიულია. ოლივეირა არა ვარ, მაგრამ მისი ცხოვრების ბევრი ეპიზოდი წააგავს ჩემს ადრეულ ბოჰემურ ცხოვრებას პარიზში. მიუხედავად ამისა, მკითხველები, რომლებიც ოლივეირას გააიგივებენ პარიზში მცხოვრებ კორტასართან, შეცდებიან. სრულიად სხვაგვარი ვარ.
ვაისი
იმიტომ, რომ არ გსურთ, თქვენი ნაწარმოებები ავტობიოგრაფიული იყოს?
კორტასარი
არ მიყვარს ავტობიოგრაფიები. არასოდეს დავწერ მემუარებს. სხვისი ავტობიოგრაფიები მაინტერესებს, მაგრამ ჩემი – არა. თუკი ავტობიოგრაფიას დავწერ, გულწრფელი და პატიოსანი უნდა ვიყო. გამოგონილ ავტობიოგრაფიას ვერ მოგითხრობთ. და ეს იქნება ისტორიული ხასიათის თხზულება, ჩემი ცხოვრების მატიანე, რაც მოსაწყენია. გამოგონებას, წარმოსახვას ვამჯობინებ. რა თქმა უნდა, ხშირად, როდესაც რომანის ან მოთხრობის ჩანაფიქრი მაქვს, ჩემი ცხოვრების სიტუაციები და მომენტები შესაბამისად გარდაისახება. მოთხრობაში “დროის მიღმა” აღწერილია ამბავი ბიჭისა, რომელსაც მეგობრის და უყვარს. აქ, არსებითად, ავტობიოგრაფიული სიტუაცია აღვწერე, მაგრამ ნაწარმოებში მაინც ფანტასტიკური ან წარმოსახული დომინირებს.
ვაისი
როგორ იწყებთ წერას? რაიმე კონკრეტული ჩანაწერით, გარკვეული ხატით?
კორტასარი
მოთხრობის ან რომანის წერა შეიძლება ნებისმიერი ეპიზოდიდან დავიწყო. რაც შეეხება საკუთრივ შემოქმედებას, ამბავი დიდი ხნის განმავლობაში მიტრიალებს ხოლმე თავში, ზოგჯერ – კვირების განმავლობაში. მაგრამ თავდაპირველად ის ბუნდოვანია. ესაა ერთგვარი ზოგადი წარმოდგენა ნაწარმოების შესახებ. შესაძლოა წარმომიდგეს სახლი, რომლის ერთ კუთხეშიც წითელი მცენარე დგას, და ისიც ვიცოდე, რომ ამ სახლში მოხუცი კაცი ცხოვრობს. ესაა და ეს. აი, ამგვარად ხდება ხოლმე. გარდა ამისა, სიზმრები მეხმარება. ნაწარმოებით “ორსულობის” პერიოდის განმავლობაში სიზმრები და ხილვები მიმანიშნებს, როგორ განვითარდება მოთხრობა. ზოგჯერ მთელი ნაწარმოები სიზმრად წარმომიდგება. ჩემს ერთ-ერთ პირველ და ყველაზე პოპულარულ მოთხრობას, “დაპყრობილ სახლს”, ღამეულმა კოშმარმა მისცა ბიძგი. დაუყოვნებლივ წამოვდექი საწოლიდან და ჩავიწერე. ჩემი ქვეცნობიერი მუშაობს ხოლმე ნაწარმოებზე, რაც სიზმრებში ვლინდება. როდესაც ვამბობ, რომ ნებისმიერი ეპიზოდიდან შემიძლია დავიწყო წერა, ეს იმიტომაა, რომ არ ვიცი, დასაწყისია ის თუ დასასრული. უბრალოდ, როდესაც წერას ვიწყებ, ეს დასაწყისია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი ხოლმე, ასე დაიწყება თუ არა ნაწარმოები; უბრალოდ, ვწერ და ხშირად მკაფიო წარმოდგენა არა მაქვს დასასრულის შესახებ – არ ვიცი, რა მოხდება შემდგომ. მოვლენები მხოლოდ თანდათანობით, თხრობის განვითარებისას, იძენს მკაფიო კონტურებს და უეცრად დასასრულიც წარმომიდგება.
ვაისი
ამგვარად, ნაწარმოები წერის პროცესში იჩენს თავს?
კორტასარი
სწორია. ეს ჯაზურ იმპროვიზაციას წააგავს. ჯაზის მუსიკოსს რომ ჰკითხოთ, რის დაკვრას აპირებო, დაგცინებთ. მან იცის თემა, ჩვეული აკორდები, შემდეგ კი იღებს თავის საყვირს ან საქსოფონს და დაკვრას იწყებს. თავდაპირველი ჩანაფიქრი აქ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. მუსიკოსი სხვადასხვაგვარი შინაგანი პულსაციების კარნახით უკრავს. ზოგჯერ ეს კარგად გამოსდის, ზოგჯერ კი – არა. მეც ასე მემართება. ზოგჯერ მრცხვენია, რომ ხელი მოვაწერო ჩემს მოთხრობებს. რომანების შემთხვევაში ასე არაა, რადგან მათზე დიდხანს ვმუშაობ; შეიძლება ითქვას, ისინი არქიტექტურული ნაგებობებია. მაგრამ მოთხრობებს თითქოს რაღაც შინაგანი ძალა მკარნახობს. ამიტომ მათზე პასუხისმგებლად საკუთარ Yთავს არ მივიჩნევ. მაგრამ რადგანაც ისინი გარკვეულწილად მაინც ჩემი ნამოღვაწარია, ვფიქრობ, უნდა შევეგუო ამას!
ვაისი
შემოქმედებითი მუშაობის პროცესში რაიმე სიძნელეები ხომ არ ჩნდება ხოლმე?
კორტასარი
ზოგადად, არა, რადგან, როგორც აგიხსენით, ნაწარმოები სადღაც, ჩემში იქმნება. ამდენად, მას იმთავითვე საკუთარი განზომილება, საკუთარი სტრუქტურა აქვს. მაგრამ უკანასკნელ წლებში სამუშაო მაგიდასთან უფრო მეტს ვფიქრობ ხოლმე. უფრო ნელა ვწერ. თანაც – უფრო ეკონომიური მანერით. ზოგიერთი კრიტიკოსი მსაყვედურობს კიდეც ამის გამო. ამბობენ, რომ ჩემი ნაწარმოებები სულ უფრო ნაკლებად პლასტიკურია. მაგრამ, როგორც გითხარით, მინდა მივაღწიო მხატვრული ხერხების მაქსიმალურ ეკონომიურობას, არ ვიცი, უკეთესია ეს თუ უარესი – ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს წერის ჩემეული მანერაა.
ვაისი
თქვენ თქვით, რომ რომანები, ერთგვარად, არქიტექტურული ნაგებობებია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ძალზე სხვადასხვაგვარად მუშაობთ?
კორტასარი
“კლასობანაში”, თავდაპირველად დავწერე თავი, რომელიც ახლა რომანის შუა ნაწილშია. აქ პერსონაჟები სახლის ერთი ბინის ფანჯრიდან მეორეში ფიცრებს გადებენ გადასასვლელად. თვითონაც არ ვიცოდი, რისთვის ვწერდი ამას. ვხედავდი პერსონაჟებს, ვხედავდი სიტუაციას – ეს ბუენოს-აირესში ხდებოდა (მახსოვს, ძალიან ცხელოდა და ფანჯარასთან, ჩემს საბეჭდ მანქანასთან ვიჯექი). ვხედავდი ყმაწვილს, რომლის ცოლი ამ ფიცარზე გადადიოდა, რათა ოლივეირასგან რამდენიმე ლურსმანი გადმოეტანა. აღწერამ ორმოცამდე გვერდი დაიკავა და როდესაც დავამთავრე, საკუთარ თავს ვკითხე:L “რა დავწერე? ეს მოთხრობა არაა. მაშ, რა არის?” და მაშინ მივხვდი, რომ რომანს ვწერდი, მაგრამ ამ ეპიზოდით ვერ დავიწყებდი. დროში უკან უნდა დავბრუნებულიყავი და დამეწერა მთელი წინამორბედი თავი პარიზისა და ოლივეირას შესახებ. ბოლოს, როდესაც მივადექი ამ ეპიზოდს ფანჯარაში გადასვლის შესახებ, თხრობა გავაგრძელე.
ვაისი
მნიშვნელოვანი კორექტივები შეგაქვთ ხოლმე დაწერილში?
კორტასარი
ძალზე უმნიშვნელო. იმიტომ, რომ ნაწარმოებები ჩემს არაცნობიერში ითხზვება და შემდეგ მზა სახით მეძლევა. როდესაც ვხედავ ჩემი ზოგიერთი მეგობრის შავ ხელნაწერებს, სადაც ყველაფერი გადაკეთებული, შეცვლილი, გადაადგილებული და ისრებით აჭრელებულია… არა, არა, არა! ჩემი ხელნაწერები სუფთაა.
ვაისი
ხოსე ლეზამა ლიმამ “პარადისოში” განაცხადა, რომ “ბაროკო… ნამდვილად უყვართ ესპანეთსა და ესპანურენოვან ამერიკაში”. რატომაა ასე?
კორტასარი
ამ საკითხში ექსპერტი არ გახლავართ. გეტყვით, მხოლოდ, რომ ბაროკოს ძალზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამხრეთამერიკულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ის მდიდარ პერსპექტივებს უსახავს შემოქმედს, ფართო გასაქანს აძლევს წარმოსახვას, რომელსაც შეუძლია განვითარდეს ყველა მიმართულებით, სპირალურად, როგორც ბაროკოს სტილით აგებული ტაძარი დეკორატიული ანგელოსებით ან დეკორატიული მუსიკა. მაგრამ ბაროკოს ლიტერატურაში მწერლები თვითკონტროლს კარგავენ – ხუთ გვერდზე აღწერენ იმას, რაც მშვენივრად ჩაეტეოდა ერთში. ერთხანს ბაროკომ მეც გამიტაცა, რადგან სამხრეთამერიკელი ვარ, მაგრამ მას ბოლომდე არ გავყევი. არ მიყვარს მაღალფარდოვანი, ვრცელი წინადადებები, რომლებიც გადაჭედილია ზედსართავებითა და აღწერებით. ვიცი, რომ ეს ძალზე მომხიბვლელია, ძალზე ლამაზია, მაგრამ საჩემო არაა. უფრო ხორხე ლუის ბორხესს ვემხრობი, რომელიც ყოველთვის ბაროკოს მტერი გახლდათ; თითქოს მარწუხით შეკუმშული, ლაკონიური პროზა აქვს. რა თქმა უნდა, მე სხვაგვარი მანერით ვწერ, მაგრამ სწორედ ბორხესმა ჩამიტარა ეკონომიის დიადი გაკვეთილი, მასწავლა – როდესაც ადრეულ ასაკში მისი კითხვა დავიწყე – რომ მწერალმა სათქმელი ეკონომიურად უნდა გადმოსცეს, მაგრამ ეს დახვეწილი, ლამაზი ეკონომია უნდა იყოს. თუ შევადარებთ გაფოთლილ ლამაზ მცენარეს (ბაროკოს) და ძვირფას ქვას, კრისტალს – ჩემი აზრით, ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ლამაზია.
ვაისი
როგორია თქვენი შემოქმედებითი ჩვევები? შეიცვალა თუ არა მათში რაიმე?
კორტასარი
ერთადერთი, რაც არ შეიცვალა და არასოდეს შეიცვლება, ესაა სრული ანარქია და უწესრიგობა. აბსოლუტურად არავითარი მეთოდი არა მაქვს. როდესაც ვწერ, სხვა ყველაფერზე ხელს ვიღებ. ზოგჯერ, როდესაც მოთხრობას ვთხზავ, მომდევნო ორი ან სამი თვის განმავლობაში კიდევ ორს ან სამს ვამატებ ხოლმე. საერთოდ, მოთხრობებს სერიებად ვწერ. ერთი მოთხრობის დაწერის შემდეგ აღგზნებულ მდგომარეობაში ვარ, და მეორეს “ჩავავლებ” ხოლმე. გარკვეული წარმოდგენა მაქვს მის შესახებ, მაგრამ, როგორც გითხარით, ძირითადად, ნაწარმოები თავისთავად “მწიფდება” ჩემში. შემდეგ შეიძლება განვლოს წელიწადმა, როდესაც არაფერს შევქმნი… არაფერს. რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში დიდი დრო გავატარე საბეჭდ მანქანასთან, როდესაც პოლიტიკურ სტატიებს ვთხზავდი. ტექსტებს, რომლებიც დავწერე ნიკარაგუას და არგენტინის შესახებ, ლიტერატურასთან საერთო არაფერი აქვს – ისინი სამხედრო თემატიკას ეძღვნება.
ვაისი
ხშირად გითქვამთ, რომ სწორედ კუბის რევოლუციამ გაგიღვიძათ ინტერესი სამხრეთ ამერიკისა და მისი პრობლემების მიმართ.
კორტასარი
ახლაც ამას ვიტყოდი.
ვაისი
გაქვთ თუ არა საყვარელი ადგილები, სადაც შემოქმედებითი მუშაობა გიადვილდებათ?
კორტასარი
ნამდვილად არა მაქვს. თავიდან, როდესაც უფრო ახალგაზრდა და ფიზიკურად ძლიერი ვიყავი – მაგალითად, აქ, პარიზში, – “კლასობანას” უმეტესი ნაწილი კაფეში დავწერე. ხმაური არ მაწუხებდა, პირიქით, ძალზე მომწონდა კიდეც. იქ კაფეში ძალზე ბევრს ვმუშაობდი – ვკითხულობდი ან ვწერდი. მაგრამ გავიდა დრო და შევიცვალე. როდესაც ვწერ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სიჩუმეს არაფერი დაარღვევს. არ შემიძლია წერა, თუ გაისმის მუსიკა, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მუსიკა სხვაა და წერა – სხვა. მყუდროება მჭირდება; მაგრამ შემიძლია წერა სასტუმროში, ზოგჯერ – თვითმფრინავში, მეგობრის სახლში ან ჩემს საკუთარ ბინაში.
ვაისი
რას იტყვით პარიზის შესახებ? ოცდაათზე მეტი წლის წინ რამ გაგაბედინათ პარიზში გადასახლება?
კორტასარი
რამ გამაბედინა? საამისოდ დიდი გაბედულება არ დამჭირვებია. უბრალოდ, უნდა გამეთვალისწინებინა, რომ პარიზში გადასახლებისა და არგენტინასთან კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში მატერიალურად ძალზე გამიჭირდებოდა. მაგრამ ეს არ მაწუხებდა – ვიცოდი, რომ როგორღაც დავძლევდი სიძნელეებს. პარიზში, პირველ ყოვლისა, იმიტომ გავემგზავრე, რომ ეს ქალაქი, და, ზოგადად, ფრანგული კულტურა, უაღრესად მიზიდავდა. არგენტინაში გატაცებით ვკითხულობდი ფრანგულ ლიტერატურას. ამიტომაც მინდოდა იქ ჩასვლა და რომანებში მოხსენიებული ქუჩებისა და მოედნების მონახულება, ბალზაკის ან ბოდლერის ქუჩებში გავლა… ეს რომანტიკული მოგზაურობა იყო. ძალზე რომანტიკული ვიყავი – და ვარ. ფაქტობრივად, წერისას სიფრთხილე მჭირდება, რადგან შეიძლება გამიტაცოს… არ ვიტყოდი, რომ მდარე გემოვნებამ, მაგრამ – უკიდურესმა რომანტიზმმა. პირად ცხოვრებაში ამგვარი თავშეკავება არ მჭირდება. არსებითად, ძალზე სენტიმენტალური, ძალზე რომანტიკული, მგრძნობიარე ადამიანი ვარ; სიყვარულის დიდი უნარი მაქვს. მაგალითად, მიყვარს ნიკარაგუა და მწამს, რომ სანდინისტები სწორად იქცევიან და კეთილშობილურ ბრძოლას უდგანან სათავეში. ეს მხოლოდ პოლიტიკური იმპულსი როდია, მიყვარს ნიკარაგუელები, ისევე, როგორც კუბელები ან არგენტინელები. ყველაფერი ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. შემოქმედებითი მუშაობის დროს კი თავი უნდა ამელაგმა, განსაკუთრებით – ახალგაზრდობისას. იმხანად მელოდრამატულ თხზულებებს ვწერდი, მართლაც რომ რომანტიკულ, “ვარდისფერი რომანების” მსგავს ნაწარმოებებს. დედაჩემს რომ ისინი წაეკითხა, აცრემლდებოდა.
ვაისი
ითვლება, რომ შემოქმედებითი მუშაობა პარიზში დაიწყეთ. მაგრამ მანამდეც ბევრს წერდით, ხომ ასეა? რამდენიმე ნაწარმოები გამოაქვეყნეთ კიდეც.
კორტასარი
ცხრა წლის ასაკიდან ვწერდი, მოზარდობის ასაკში და სიჭაბუკისას. ადრეულ სიყრმეში უკვე შემეძლო მოთხრობებისა და რომანების წერა, რომლებმაც დამიდასტურა, რომ სწორ გზას ვადექი. მაგრამ მათი გამოქვეყნება დიდად არ მეპიტნავებოდა. ჩემი ნაწერების მიმართ ძალზე კრიტიკულად განწყობილი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ. მახსოვს, ჩემი თანატოლები, ლექსების ან მომცრო რომანების დაწერისთანავე, გამომცემლებს ეძებდნენ, მე კი ამისგან თავს ვიკავებდი. ზოგიერთი თხზულება შევინახე, სხვები – გადავყარე. ოცდაათზე მეტი წლის ასაკში, საფრანგეთში გამგზავრების წინ, 1951 წელს პირველად გამოვეცი ჩემი მოთხრობების კრებული, “ბესტიარიუმი”, და მალევე გემით გამოვემგზავრე პარიზში. მანამდე გამოვაქვეყნე დიალოგური ფორმის მოკლე თხზულება “მეფეები”, – ჩემმა მდიდარმა მეგობარმა, რომელიც მცირე ტირაჟებით აქვეყნებდა საკუთარ და თავისი მეგობრების თხზულებებს, პრივატულად გამოსცა ის. ესაა და ეს. თუმცა ახალგაზრდობისას კიდევ ერთხელ შევცოდე -P სონეტების კრებული გამოვეცი, მაგრამ – ფსევდონიმით.
ვაისი
თქვენ შეთხზეთ პოეტური ტექსტები ტანგოს ახლახან გამოცემული ალბომისთვის – “ბუენოს-აირესის ტროტუარები”. რა მოგცათ ამ სამუშაომ?
კორტასარი
ნამდვილი არგენტინელი გახლავართ და, უპირველეს ყოვლისა – porteño, ესე იგი, ბუენოს-აირესის – პორტის მკვიდრი. ტანგო ჩვენებური მუსიკაა და ტანგოს ატმოსფეროში გავიზარდე. მას რადიოთი ვუსმენდით, რადგან არგენტინაში სწორედ ჩემი ბავშვობისას გავრცელდა რადიო, რომელიც განუწყვეტლივ გადმოსცემდა ტანგოს. დედაჩემი და დეიდაჩემი ფორტეპიანოზე უკრავდნენ ტანგოს და მღეროდნენ. რადიოთი ვუსმენდით კარლოს გარდელს და იმდროინდელ დიდ მომღერლებს. ამგვარად იქცა ტანგო ჩემი ცნობიერების ნაწილად. ის ჩემს ახალგაზრდობას,Bბუენოს-აირესს მაგონებს. ამდენად, ტანგოთი შეპყრობილი გახლდით, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება მის მიმართ არ დამიკარგავს. არ მივეკუთვნები იმ არგენტინელებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ტანგოზე უკეთესი ამქვეყნად არაფერია. ვფიქრობ, ტანგო, ზოგადად, და, კერძოდ, ჯაზთან შედარებით, ძალზე მდარე მუსიკაა. მდარე, მაგრამ – ლამაზი. იმ მცენარეებს წააგავს, რომლებიც ძალზე უბრალოა, ვერც კი შეედრება ორქიდეას ან ვარდს, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზია. უკანასკნელ წლებში ჩემი მეგობრები აქ ტანგოს უკრავდნენ; ლედრონის კვარტეტის წევრები ჩემი ახლო მეგობრები არიან, ისევე, როგორც შესანიშნავი ბანდონეონისტი, ხუან ხოსე მოსალინი. მათთან ერთად ვუსმენდი ტანგოს და ვსაუბრობდი ტანგოს შესახებ. და აი, ერთხელ შევთხზე ლექსი, რომელიც ტანგოს მუსიკისთვის გამოდგებოდა. შემდეგ კი, როდესაც გამოუქვეყნებელი ლექსები გადავათვალიერე (ჩემი ლექსების უმრავლესობა გამოუქვეყნებელია), ვიპოვე ტანგოსთვის გამოსადეგი რამდენიმე მოკლე ლექსი. ლედრონის კვარტეტმა გამოიყენა ისინი. საპირისპირო გზითაც წავედით: ლედრონმა მომცა მუსიკალური თემა, რომლისთვისაც შევთხზე ტექსტი. ორივე ხერხს მივმართეთ.
ვაისი
თქვენი წიგნებისადმი დართულ ავტობიოგრაფიულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ საყვირზე დაკვრა გიყვართ. დაგიკრავთ თუ არა რომელიმე ჯგუფთან ერთად?
კორტასარი
არა. ეს ლეგენდა გამოიგონა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა პოლ ბლეკბერნმა. რომელიც, სამწუხაროდ, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. იცოდა, რომ მე ცოტათი მეხერხებოდა საყვირზე დაკვრა, თუმცა, ძირითადად, ჩემთვის, ჩემს სახლში ვუკრავდი. ამიტომ ყოველთვის მირჩევდა, გამეცნო მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც დავუკრავდი, მე კი ვპასუხობდი, რომ, ამერიკელებისა არ იყოს, ის არა ვარ, ვინც მათ სჭირდებათ. დიდი ნიჭი როდი მქონდა; უბრალოდ, ჩემი სიამოვნებისთვის ვუკრავდი. ხალისით ვუსმენდი ჯელი როლ მორტონის, ან არმსტრონგის, ან ახალგაზრდა ელინგტონის ჩანაწერებს მკაფიო მელოდიით (განსაკუთრებითY- ბლუზებში, რომელთაც წინასწარი მუსიკალური სქემა აქვთ), და ჩემს საყვირს ვაყოლებდი. მათთან ერთად ვუკრავდი… მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, არა ნიშნავდა მათთან ერთად დაკვრას! ვერასოდეს გავბედე გამეცნო ჯაზის შემსრულებლები; ახლა ჩემი საყვირი სადღაც აგდია. ბლეკბერნმა ყოველივე ეს რომელიღაც საგამომცემლო შენიშვნაში ახსენა და რადგან არსებობს ჩემი ფოტოსურათი საყვირით, ზოგიერთმა ივარაუდა, რომ მართლაც კარგად ვუკრავ. თუ გახსოვთ, ჩემი თხზულებების გამოქვეყნება არ მსურდა, სანამ მათში დარწმუნებული არ ვიქნებოდი; ასევე, არ მსურდა საჯაროდ დამეკრა, სანამ ჩემს საშემსრულებლო ხელოვნებაში დარწმუნებული არ ვიქნებოდი. მაგრამ ეს დღე არასოდეს დამდგარა.
ვაისი
“წიგნი მანუელისას” შემდეგ ახალი რომანი ხომ არ წამოგიწყიათ?
კორტასარი
სამწუხაროდ, არა, საკმარისად აშკარა მიზეზების გამო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. რომანი მოითხოვს მასზე კონცენტრირებას და გარკვეული დროის, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში თავაუღებლად მუშაობას. ახლა კი ამის საშუალება არა მაქვს. ერთი კვირის წინ არ ვიცოდი, რომ სამი დღით ნიკარაგუაში უნდა ჩავსულიყავი. როდესაც დავბრუნდები, არ ვიცი, რა მელის. მაგრამ ახალი რომანი უკვე შექმნილია, იქ, ჩემს სიზმრებში. ზუსტად ვერ გეტყვით, რაზე იქნება ეს ნაწარმოები, მაგრამ მის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ნამდვილადD მაქვს. ეს იქნება საკმაოდ ვრცელი წიგნი, არც ისე ბევრი ფანტასტიკური ელემენტით, იმავე ჟანრისა, როგორც – “წიგნი მანუელისა”; მაგრამ ეს იქნება არა პოლიტიკური თხზულება, არამედ – წმინდა ლიტერატურული ნაწარმოები. ვიმედოვნებ, მის დასაწერად ვიპოვი ერთგვარ უკაცრიელ კუნძულს. შესაძლოა, უკაცრიელი კუნძული ეს ოთახიც იყოს. და ერთი წელი, ერთ წელს ვითხოვ. მაგრამ როდესაც ის ნაბიჭვრები – ჰონდურასელები, სომოსელები და რეიგანი – ნიკარაგუის განადგურებას ცდილობენ, რა კუნძულზე შეიძლება ლაპარაკი? წერას ვერ დავიწყებ, სანამ გამუდმებით მაწუხებს ეს პრობლემა. ახლა ჩემთვის პრიორიტეტი ესაა.
ვაისი
ეს შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, რადგან მოითხოვს ლიტერატურისა და ცხოვრების დაბალანსებას.
კორტასარი
ჰოც და არაც. ყველაფერი დამოკიდებულია პრიორიტეტების სახეობაზე. თუ პრიორიტეტულია პიროვნების მორალური პასუხისმგებლობა, მაშინ დაგეთანხმებით. მაგრამ ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც ყოველთვის ჩივიან: “ძალიან მინდა დავწერო რომანი, მაგრამ სახლი უნდა გავყიდო, გადასახადები გადავიხადო და ასე შემდეგ. ყველაფერს როგორ მოვაბა თავი?” ან კიდევ: “მთელი დღე ოფისში ვმუშაობ. როდის უნდა ვწერო?” იუნესკოში მთელი დღეები ვმუშაობდი, საღამოობით კი “კლასობანას” ვწერდი. როდესაც ადამიანს წერა უნდა, ის წერს. თუკი ადამიანის მოწოდება მწერლობაა, ის ამ მოწოდების ერთგული რჩება.
ვაისი
უფრო ხშირად მთარგმნელობა გიხდებათ თუ თარჯიმნობა?
კორტასარი
არც ვთარგმნი და არც ვთარჯიმნობ. ძალიან უბრალოდ ვცხოვრობ. ბევრი ფული როდი მჭირდება, რათა ვიყიდო ის, რაც მომწონს: გრამფირფიტები, წიგნები, თამბაქო. ასე რომ, ჩემი ჰონორარები მყოფნის. ჩემი წიგნები იმდენ ენაზე თარგმნეს, რომ საარსებოდ საკმარისი სახსრები მაქვს. მომჭირნე უნდა ვიყო: იახტას ვერ ვიყიდი. მაგრამ რადგან იახტის შეძენის არავითარი სურვილი არა მაქვს……
ვაისი
სახელი და წარმატება სიამოვნებას განიჭებთ?
კორტასარი
მისმინეთ. გეტყვით იმას, რაც არ უნდა მეთქვა, რადგან ამას არავინ დაიჯერებს: წარმატება ჩემთვის სასიამოვნო სულაც არაა. კმაყოფილი ვარ, რომ ლიტერატურით საარსებო სახსრებს ვშოულობ, ამდენად, უნდა შევურიგდე იმას, რომ წარმატებას საჯაროობა მოაქვს, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი სახელი არავინ იცოდა, – გაცილებით უფრო ბედნიერი. ახლა კი ესპანეთსა ან სამხრეთ ამერიკაში ათ მეტრსაც ვერ გავივლი, რომ ვინმემ არ მიცნოს. იწყება ავტოგრაფების თხოვნა, ხვევნა-კოცნა… ეს ყველაფერი საოცრად გულისამაჩუყებელია, რადგან ეს ადამიანები ძირითადად, ძალზე ახალგაზრდა მკითხველები არიან. მიხარია, რომ მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება, მაგრამ კერძო ცხოვრებაში ეს დიდ სირთულეებს მიქმნის. ევროპაში პლაჟზე ვერ გავსულვარ; ხუთ წუთში იქვე ფოტოგრაფი აღმოჩნდება ხოლმე. ისეთი გარეგნობა მაქვს, რომელსაც ვერ შევნიღბავ; ტანდაბალი რომ ვიყო, წვერს გავიპარსავდი და მუქმინიან სათვალეს გავიკეთებდი, მაგრამ ჩემი სიმაღლის, გრძელი ხელების და ა.შ. გამო შორიდან მცნობენ. მეორე მხრივ, ძალზე სასიამოვნო ამბებიც შემმთხვევია. ერთი თვის წინ ბარსელონაში ვიყავი. გოტიკურ კვარტალს ვათვალიერებდი. იქ მშვენიერი ამერიკელი ქალიშვილი ასფალტზე იჯდა, შესანიშნავად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა, რათა ცოტაოდენი ფული ეშოვა. მისმა სიმღერამ ჯოან ბაეზი მომაგონა. ძალიან წკრიალა, სუფთა ხმა ჰქონდა. გოგონას ბარსელონელი ახალგაზრდები უსმენდნენ. ხის ჩრდილში შევჩერდი, რომ მისთვის მომესმინა. დაახლოებით ოცი წლის ლამაზი ჭაბუკი მომიახლოვდა და ღვეზელი შემომთავაზა: “ხულიო, აიღეთ ერთი ნაჭერი”. ავიღე და შევექეცი. თან მადლობა გადავუხადე. მითხრა, ძალიან ცოტა გიწილადეთ იმის სანაცვლოდ, რაც თქვენგან მივიღეო. როგორ გეკადრებათ-მეთქი, შევეპასუხე. ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავცილდით. ასეთი შეხვედრები საუკეთესო ჯილდოა ჩემი ლიტერატურული შემოქმედებისთვის. როდესაც ამგვარი ჭაბუკი ან ქალიშვილი გაგეცნობა და ერთ ნაჭერ ღვეზელს შემოგთავაზებს, ეს დიდებული საზღაურია შემოქმედებითი მუშაობისთვის.
© “არილი”