პროზა

სილვენ ტესონი – ასფალტი

Sylvain-Tesson

ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა

ფრანგი მწერალი სილვენ ტესონი დაიბადა 1972 წლის 26 აპრილს პარიზში, ჟურნალისტის ოჯახში. განათლებით გეოგრაფმა 1991 წლიდან იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ტიბეტში, ციმბირში, აზიის სტეპებში, ჩინეთში. იყო საქართველოშიც. 2001-2002 წლებში მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში პაკისტანში. 2012 წ. გაიარა ნაპოლეონ ბონაპარტეს გზა მოსკოვიდან პარიზამდე. მოგზაურობს ძირითადად, ველოსიპედით. დაცოცავს მაღლივ შენობებზე.

მისი ნოველების ძირითადი თემაა მოგზაურობის შთაბეჭდილებები.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ესე და ფოტოალბომი.

2009 წელს მისმა ნოველების კრებულმა ,,ძნელი ცხოვრება’’ გონკურის პრემია, ხოლო 2011 წელს ესემ ,,ციმბირის ტყეებში’’ მედიჩის პრემია დაიმსახურა. ნოველა ,,ასფალტი’’ შედის ნოველების კრებულში ,,ძნელი ცხოვრება’’.

 

I

–  არამზადა!

ბოთლების წკარუნის ხმა დისტრიბუტორის მანქანის გამოჩენაზე გაცილებით ადრე ისმოდა ხოლმე. ყოველ საღამოს ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა. ედოლფიუსი გზას უთმობდა სატვირთო მანქანას და ცხვირზე თავის ხილაბანდს იფარებდა, მაგრამ მტვერი ნესტოებს მაინც უვსებდა  და პირში საშინელ გემოს უტოვებდა. ედოლფიუსი ახველებდა, იფურთხებოდა, იხრჩობოდა. მუქი ფერის დორბლის წვრილი ძაფი წვერზე ეკიდებოდა. მაშინ დისტრიბუტორს, მოუპირკეთებელ გზას, თავის ცხოვრებას აგინებდა. როცა იძულებული ხარ მტვერსაც აგინო, ამქვეყნად  დიდს არაფერს უნდა წარმოადგენდე.

მინდვრიდან სახლამდე ედოლფიუსს ნახევარი საათის გზა ედო. შუა სოფელში, ხის სახლში ცხოვრობდა. ზაფხულობით მხარზე ცელგადებული, ზამთრობით კი ბარით ხელში მიუყვებოდა გზას. ნელა მიაბიჯებდა, თამბაქოსა და ქლიავის არყით დამწვარი გული ფართო ნაბიჯებით სიარულის საშუალებას არ აძლევდა. ორმოცდაათი წლის, მაგრამ უკვე დაჩაჩანაკებული კაცი იყო.  ტბის პირას გაშენებულ სოფელ წალკას ირგვლივ მობიბინე გორაკები ერტყა. ვულკანური ნიადაგი, ხასხასა მწვანე ალპური საძოვრები. ქედის მწვერვალიდან ამოფრქვეული ლავა ფერდობის ნაოჭებში ჩაღვრილა. მერე ლავის ნაკადი მდელოს დაუფარავს.

ზაფხულობით ირგვლივ ულამაზესი ყვავილები იშლებოდა. ცხვრები გრძნობდნენ, რომ მთას ვერას დააკლებდნენ და გაღიზიანებულები გაშმაგებით უტევდნენ ბალახს. ფერდობი მთიბავებით ივსებოდა. ცელის ყოველ მოქნევაზე ბოლოქანქარები სანსლავდნენ მწერებს. თიბვა ერთ თვეს გრძელდებოდა.  მთიბავები ცელებს პირს ულესავდნენ. ლითონი ქვაზე წრიპინებდა. ქალებს კახური ღვინით სავსე ვიწროყელიანი დოქები ამოჰქონდათ. არცერთი ქართველი არ აღიარებს, რომ ეს საზიზღარი სითხე  ყვავს დააჩხავლებს. საღამოს თივას ორთვალა საზიდარზე ზვინავდნენ. ყოველ ოჯახს ფერმაში გადაჰქონდა თავისი ნათიბი. ედოლფიუსს საზიდარი არ ჰქონდა, სხვის მინდორში მუშაობდა. დღის ბოლოს შინ ფეხით ბრუნდებოდა, მარტო.

მზე ოქროსფრად ფერავდა მდინარის კალაპოტს. წინათ,  საბჭოთა კავშირის დროს, ედოლფიუსი კომკავშირლებთან ერთად ლენინგრადის ერმიტაჟში იყო. ნახა ჰოლანდიელ ოსტატთა სოფლის პეიზაჟები. ტილოებზე ისეთივე სინათლე იყო, როგორიც აქაა, მაგრამ იქაური სოფლები უკეთ მოვლილი ჩანდა.

სატვირთო მანქანა ბრუნდებოდა და მის უკან ჩამავალი მზის წითელი ფარდა ეკიდა. ედოლფიუსი მტვრის ბუღში გაუჩინარდა და ისევ შეიგინა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, იურის უნდა დალაპარაკებოდა. წალკაზე გამავალი გზა სოფელ ოლიანგის გავლით ბათუმში მიდიოდა. ასკილომეტრიანი გზის გასავლელად, ზღვიდან რომ გაშორებდა, ექვსსაათიანი ნჯღრევა უნდა აგეტანა.  პირველ მოსახვევს ტყეში შეჰყავდი და ჰაერი უმალ ტენიანი ხდებოდა.  გზა ოცდაათჯერ მოუხვევდა და ოლიანგში ჩადიოდა. თურქთა ხოცვა-ჟლეტის დროს  სომხებს იქ რამდენიმე შავი ქვის სახლი აეგოთ. მერე დანგრეული გზა მდინარეს მიუყვებოდა და ხიდებზე გადადიოდა: წინ სამი სასიამოვნო საათი ჰქონდათ. სათევზაოდ ჩერდებოდნენ, თევზს ცეცხლზე წვავდნენ. წითლების დროს საქართველო სამოთხედ ითვლებოდა.

ედოლფიუსი ფიქრობდა. ვერ გაეგო რატომ იყო, რომ მის სოფელ წალკას ერთადერთი მოუპირკეთებელი, ღორღიანი გზა ჰქონდა, მაშინ როცა ასფალტს მთელი დანარჩენი სამყარო დაეპყრო. აფრიკულ ქალაქებსაც კი, ბარდებს შორის  თავიანთი შავი ენები გამოეყოთ. მთელი კაცობრიობა, უკანასკნელი ზანგიც კი ასფალტზე დააბიჯებდა.  მთელი პლანეტის სოფლები თანამედროვეობას მოეცვა, წალკას კი, საქართველოს უძლეველ, მაგრამ უიღბლო ციხესიმაგრეს უფლება არ ჰქონდა ამ ფერხულში ჩაბმულიყო! აქ, მტვერში,  სისხლიანი ნახველი უნდა ეპურჭყებინათ და ღრანტეების ტალახი ეზილათ.

ედოლფიუსი გულზე სკდებოდა. საქართველო მეძავი ქალივით იყო მომწყვდეული კავკასიონის ძირში და ვის არ დანებებია: თურქებს, რუსებს, ბერძნებმაც კი შეაღწიეს იქამდე ვიწრო ხეობებით.

თუმცა არც დიდების წლები ყოფილა მისთვის უცხო. წინათ თურქებიც მეგობრულად ეკიდებოდნენ. აუღებელი ქრისტიანული ციხესიმაგრეები აგვირგვინებდა ანატოლიის მწვერვალებს და ნინოს ჯვარმა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდეც კი  მიცურა. დღეს ამ ქვეყანას ჩალის ფასი აქვს, გაზეთებში ამას ერების დაკნინებას ეძახიან.

ედოლფიუსი ჭიანჭველების ბუდესთან შედგა. კარგად იცნობდა ამ პატარა ბორცვს. შუა გზის მანიშნებელი სასაზღვრო ბოძივით იყო. ჯიბიდან მათარა ამოიღო და მოყლუპა. დიდმა ყლუპმა ყელი ჩაუწვა. ისევ გადახუხა. ამჯერად სასმელის სიმაგრე იგრძნო, მარჯვენა ხელი პატარა ბორცვს მოუთათუნა. ჭიანჭველები გაგიჟდნენ. ზოგი ხელზე ააცოცდა და დაკბინა. ედოლფიუსმა ჭიანჭველები ჩამოიბერტყა. მწერებმა კანი თავიანთი მჟავით დაუსუსხეს. მან სითხე მარჯვენა ნესტოთი შეისრუტა. ნიშადურის სპირტის შემადგენელმა ელემენტმა სინუსი დაუგლიჯა. კაცი მილულული თვალებით შესცქეროდა ბორცვიდან ჩამავალ ჭიანჭველებს. პროლეტარიატის დარტყმის ძალა იგრძნო.

–  ეს საძაგელი მწერებიც კი ჩვენზე უკეთ გადაადგილდებიან!

ჭიანჭველების ბუდეს ფეხი ჰკრა და პატარა ბაბილონიც დაინგრა.

 

იური ასფალტაშვილი გამგეობის შენობაში მუნიციპალური საბჭოს სხდომას უძღვებოდა. იონჯით დაფარულ მინდორზე აღმართული სტალინის ქანდაკების შესახებ მსჯელობდნენ. სოფელში ხმა აიმაღლეს დავანგრიოთო. არა იმიტომ, რომ ანგარიშს უსწორებდნენ კომუნიზმს, არამედ იმიტომ, რომ ჯართი ბათუმის პორტში ძვირად ფასობდა.

საბჭოს წევრები უსმენდნენ მოადგილეს, რომელიც წინადღის გაზეთში  ნედლეულთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს კითხულობდა.

–  ხმა გაკმინდეთ, თქვე უბედურებო! ამას ბოლო უნდა მოეღოს!

ედოლფიუსმა კარი მიიჯახუნა, აბრა კარზე მიეხეთქა. მდივანმა ქალმა შეჰკივლა.

– ედოლფიუს, თუ რამეს თქმა გინდა, ანასტასია პეტროვნასთან ჩაეწერე და შემდეგ სხდომაზე  მოგისმენთ.

– მასე აღარ გამოვა, იური. წალკის გარდა მთელი პლანეტა მოასფალტებულია, ყველას დასაცინი გავხდით.

– ედოლფიუს, საქმე გვაქვს და ლოთებისთვის არ გვცალია, მოუსვი აქედან!

– ასფალტი გვჭირდება. მთების ტყვეობაში ვართ.

სოფლის საბჭოს წევრმა ვეტერინარმა, რომელმაც თბილისში ჩემპიონობა მოიპოვა ჭიდაობაში, ედოლფიუსი ქუჩაში მოისროლა. მთიბავმა კაცმა წონასწორობა დაკარგა და ტალახში მოადინა ზღართანი. ორმა  ბატმა წვივები დაუკბინა. გამგეობის წევრებმა კარი მიხურეს და სხდომა განაგრძეს.

asfalti 22

II

–   ასი გრამი, – უთხრა ედოლფიუსმა თამარას.

კუთხეში მჯდომს თავისი ჭიქა არაყი ორივე ხელით ეჭირა. 1950 წელს გახსნილი კაფე მაშინ ჰიდროელექტროსადგურის მუშების კულტურის სახლის კაფე იყო. დარბაზი დიდი იყო: იქ ცეკვავდნენ ხოლმე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლენინის პორტრეტი არ ჩამოუხსნიათ. ედოლფიუსი მას მიშტერებოდა. სუსტი განათების გამო ვლადიმერ ილიჩ ულიანოვს ცუდი ფერი ედო.  ჩრდილები მის აზიურ ნაკვთებს გამოკვეთდა. თურქ-მონღოლთა ნაბიჭვარს ჰგავდა. წარმოიდგინეთ, რომ ედოლფიუსი კარგად იცნობდა ბელადის თხზულებათა თვრამეტტომეულს  რუსულ ენაზე, ისე რომ იგი არც გადაეფურცლა. უნდოდა თამარას გამოლაპარაკებოდა. ის თავაზიანი მიმტანი იყო. მაგრამ, კედელზე ჩამწკრივებულ ბოთლებთან ჩადგმული რადიომიმღები რუსულ პოპს გადმოსცემდა. ჯგუფი ,,ტატუ’’ მღეროდა.  ხმამაღალი მუსიკა გამოლაპარაკების საშუალებას არ იძლეოდა. მეზობელ მაგიდებზე უხმოდ სვამდნენ. ედოლფიუსმა თამარას ანიშნა ხმისთვის დაეწია.

–   რა გინდა? – ჰკითხა ქალმა.

–   ასფალტი.

მერე მეზობელ მაგიდასთან მსხდომთ მიმართა:

–   არ დაიღალეთ ამ ღორღზე ნჯღრევით?

–   გაჩუმდი ედოლფიუს, – უთხრა თამარამ, –  ხალხს გული გაუწყალე.

–  თქვენ თავს შეხედეთ! მოკვდით თუ რა გჭირთ?  მთელი მსოფლიო ხავერდივით გზებზე დასრიალებს, ჩვენ კი ისიც არ შეგვიძლია, რომ წალკაში ასფალტის დამგები მანქანა ამოვაყვანინოთ.

ხურდა ფული მაგიდაზე დაყარა და ბარიდან გავიდა. კარი რომ მიიხურა, თამარამ რადიოს ხმას აუწია. ბარიდან სახლამდე ხუთასი მეტრი იყო. ედოლფიუსს კარგა ხანს ესმოდა მუსიკის ხმა. ახლა ის გაფუჭებული ფიოდორი, ციმბირული ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი მღეროდა რაღაც დეგენერატობას: ,,გადაჰკარ დილით და მთელი დღე ლაღი იქნები…’’  ედოლფიუსის გოგოები აღმერთებდნენ ფიოდორს.

გამსკდარმა კანალიზაციამ ქუჩა ჭანჭრობად აქცია. ედოლფიუსი ლაფში ამოიგანგლა. რომელიღაც სახლის მესერთან ღორი გააღვიძა. ძაღლები აყეფდნენ. თეთრმა ,,ვოლგამ’’ ჩაუარა ანთებული ფარებით, პერანგზე ტალახი შეაშხეფა. პეტრეს მანქანა იცნო, ყასბის. შარშან შუა სოფელში  ისე ჩაეფლო ტალახში, რომ  ოლიანგიდან ტრაქტორის ამოყვანა დასჭირდათ მის ამოსათრევად.

–  აქამდე სად ბრძანდებოდი,  ფუჰ, როგორ ყარხარ!

ედოლფიუსმა ცოლს არაფერი უპასუხა. ტატიანა და ოქსანა ვიდეოთამაშზე  კამათობდნენ. უნდოდა მისთვის ეკოცნათ. დაუძახა, მაგრამ ყურსაცვამების გამო შანსი არ ჰქონდა. ედოლფიუსის ტყუპები თვრამეტი წლისანი იყვნენ და მამასთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონდათ. ქალაქში წასვლაზე ოცნებობდნენ, მთელი დღე გარეთ დაეხეტებოდნენ. ტელევიზორმა მათ სამყარო გააცნო. სულ ეკრანს იყვნენ მიჯაჭვულები. არ უყვარდათ მინდვრის სურნელი, აშინებდათ ტყის სიბნელე, არ იცოდნენ ძროხის მოწველა. სულ რომ არ გამოშტერებულიყვნენ, მათთვის ქალაქში წასვლის საშუალება უნდა მიეცა.  მათ გამო ედოლფიუსი აუცილებლად დააგებინებდა ასფალტს. ასფალტი მათ გადაარჩენდა.

სოფლის ყველა ახალგაზრდა ბათუმით, ამ მიუწვდომელი ვარსკვლავით იყო შეპყრობილი. იქ, გაჩახჩახებულ ყურესთან, სადაც ბოსფორისკენ მიმავალი, აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩამწკრივებულიყვნენ, გაჩახჩახებულ ბუნგალოებში მწვადებს წვავდნენ. ღამის კლუბებში დილის ექვს საათამდე ირეოდა კოცნას მოწყურებული ხალხი. როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, წალკელი ახალგაზრდები ავტობუსში სხდებოდნენ, ნჯღრევას იტანდნენ და ექვს საათში ქალაქში, ახალ ცხოვრებაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. იქ დარჩენაზე ოცნებობდნენ, უკან დაბრუნება აღარ უნდოდათ. ამ ტენდენციის აღმოსაფხვრელად წალკასაც უნდა აეწყო ფეხი საუკუნისთვის.

შემოდგომამდე ედოლფიუსს საქმე არ ელეოდა. ერთ საღამოს, მინდვრის სამუშაოების შემდეგ სოფლის სკოლაში კრება მოაწყო. მასწავლებელი პრანტისი უმალ მისი მოკავშირე გახდა. მანაც კარგად უწყოდა, რომ მტვრიანი და დამტვრეული გზა ცალმხრივი იყო: ბავშვები ამ გზით მიდიოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ. მოკვდავთათვის გადაადგილება შეუქცევადი პროცესია.

თავიდან გლეხები გაურბოდნენ ინიციატივას. ფიქრობდნენ, რომ ედოლფიუსი და პრანტისი გამგეობაში სკამს უმიზნებდნენ და ინტრიგების ხლართვა დაიწყეს. ცვლილებები არ უნდოდათ. გამგებელი კორუმპირებელი კაცი იყო, მისი მემკვიდრე ალბათ, უარესი იქნებოდა. წალკა იმიტომ გადარჩა, რომ იქ არასოდეს არაფერი შეცვლილა. აგიტატორებს არ ენდობოდნენ. როცა პოლიტიკური დისიდენტი ანა პუგაშვილი საკუთარი ბინის ზღურბლზე მოკლეს, ჩურჩულებდნენ ახია მასზეო. სამეზობლოშიც ყველაფერი მიძინებული იყო. ვულკანების ჩრდილში. სამ კილომეტრზე ახლოს, პატარა სოფლები იყო, სადაც სამი სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები – ბერძნები, სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. ისინი ერთმანეთს ქვაფენილიანი გზებით უკავშირდებოდნენ. ეს მანქანებისთვის ჯოჯოხეთი იყო, ველოსიპედებისთვის – კოშმარი. სომხები ვერ იტანდნენ აზერბაიჯანელებს, აზერბაიჯანელები – ბერძნებს. სიძულვილი ყველას აიძულებდა მშვიდად ეცხოვრა. თუ არადა, სიკვდილი გარდაუვალი იყო.

n.2 მაღაზიის მეპატრონემ, არდემისმა – ერთადერთი მაღაზიისა, რომელიც წალკაში დარჩა მას შემდეგ, რაც n.1 და n.3 მაღაზიები გაკოტრდნენ, –  შეძლო სოფლის უნებისყოფო მცხოვრებთა ერთადერთ სუსტ წერტილს – თავმოყვარეობას  შეხებოდა. ერთ საღამოს ის სკოლაში მივიდა. სხდომათა დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ასფალტის დაგებას. სულ იმაზე წუწუნებდა, რომ დისტრიბუტორები ხშირად ვერ ადიოდნენ მის მოსამარაგებლად. ბათუმელი ბითუმად მოვაჭრე, რომელსაც ის შეკვეთებს აძლევდა, თავს არიდებდა დისტრიბუტორების წალკის დანგრეულ გზებზე გაგზავნას. არ უნდოდა თავისი მანქანების შასი ,,ნეხვში ამოსვრილი მთიელების’’ მოსამარაგებლად დაემტვრია.  დისტრიბუტორებმა არდემისს გაუმხილეს, რომ ასე ეძახდნენ მათ ქალაქში. მან ეს სიტყვები ედოლფიუსს გაუმეორა. შეურაცხყოფილი ედოლფიუსი წამოხტა ერისა და ბერის გასაერთიანებლად. მასწავლებელი სააგიტაციო ფურცლების გაკეთებაში მიეხმარა. ორმა კაცმა მთელი ღამე მოანდომა ასორმოცდაათი ფურცლის სოფლის ღობეებზე გაკვრას. მიმართავდნენ ,,მათ, ვისაც არ სურდა ,,ნეხვში ამოსვრილად’’ დარჩენილიყო’’. მერე მოდიოდა ოციოდე ლირიკული სტრიქონი, რომელიც მოუწოდებდა სოფლის მოსახლეობას ასფალტში ჩაეხრჩოთ ,,იქაურთა’’ შეურაცხყოფა. მოწოდება მოითხოვდა, წალკელები შეკრებაზე მისულიყვნენ. ზეწოლა უნდა მოეხდინათ რეგიონის გამგეობაზე.

ხალხს გულზე მოხვდა შეურაცხყოფა. სააგიტაციო ფურცელს დენთის ეფექტი ჰქონდა. მეორე დღეს ყველა სკოლას მიაწყდა.  ყველას სურდა გზის მოასფალტება. ყველას თავისი დასაბუთება გააჩნდა.

ჯერ ექთანმა გამოთქვა აზრი:

–                    ტალახი, რომელიც მთავარ გზას ფარავს, გაზაფხულზე სიბინძურის ბუდედ იქცევა ხოლმე.

ედოლფიუსის ტყუპები ყოჩაღი გოგოები იყვნენ. ჩამოთვალეს პერსპექტივები, რასაც ქალაქთან დაკავშირება გამოიწვევდა.

–  იზოლაციაში მყოფი წალკა ხელიდან უშვებს თავის მომავალს, – განაცხადა ტატიანამ.

ოქსანამ უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინა. ცოტა ხნის წინ მოესმინა სატელევიზიო დებატები და აფხაზეთის დეპუტატის სიტყვები გაიმეორა, კამერების  წინ  თევზი რომ გაუშვა წყალში.

–  დროა ჩვენი სოფლების მაჯისცემა მსოფლიოს მაჯისცემას შევუწყოთ. მომავალი თაობები დაგვლოცავენ  მსოფლიოსთან დაახლოების გამო.

–  წალკა არ შეიძლება ჩამორჩეს საუკუნის ნაბიჯებს, – გააზვიადა ედოლფიუსმა.

–  მხოლოდ სოფლის ყველაზე  შეძლებულ ფერმერ სიმონსა და შავკულულებიან მღვდელ ილარიონს ჰქონდათ განსხვავებული აზრი.

–  უნიკალური შანსი გვაქვს. წალკის მდებარეობა გვიცავს გარე აგრესიისგან. ასფალტს თუ დააგებთ, უბედურებაც არ დაიგვიანებს.

–  სწორია, – დაემოწმა  ილარიონი, –  დანგრეული გზა ჩვენი გალავანია!

მათ დაუსტვინეს.

ედოლფიუსმა და პრანტისმა სოფლის მოსახლეობის სახელით წერილობითი მოთხოვნა შეადგინეს. როცა გამგებელი მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ არაფერს აპირებდნენ, ისიც შეუერთდა ამ მოძრაობას. რადგან ყველა ერთსულოვანი იყო, არც ის შეწინააღმდეგებია მოასფალტებას. კვირისათვის ტექსტი მზად იყო. ედოლფიუსმა იგი ხმამაღლა წაუკითხა შეკრებილთ.

ეს გახლდათ  თავშეკავებული, ამაღელვებელი და ცოტა სასაცილო საშველად ხმობა პატარა სოფლისა, რომელსაც არ სურდა აღგვილიყო პირისაგან მიწისა. წალკელები ზღვაში ჩავარდნილი კაცივით იქნევდნენ ხელს, ეკიპაჟს რომ არ მიეტოვებინა ისინი. ედოლფიუსმა მოიფიქრა ხსნის მეტაფორა და მოასფალტებული გზა ,,წყალწაღებული კაცისთვის გადაგდებულ თოკს’’ შეადარა. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ულამაზესი სოფელი ყინულოვან ამფითეატრს ესაზღვრებოდა. იქვე იდგა  ძველი ეკლესია ოქტოგონალური გადახურვით, რაც ტურისტებს მოიზიდავდა. გუბერნატორი, რომელსაც მიმართავდნენ, საბაზრო ეკონომიკაზე თავგადადებული კაცი იყო. წერილის ბოლო სტრიქონებმა სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა დაანახა. ზამთრის სპორტი ფეხს იდგამდა საქართველოში. ნავთობით გამდიდრებული აზერბაიჯანელები, თითებბანჯგვლიანი თურქები, ტრაპიზონელი  ვაჭრები და ერზერუმის საპატიო ადამიანები დროდადრო ჩამოდიოდნენ კავკასიის მთებში თოვლისა და ქალების საძებნელად. წალკის სამთო კურორტად ქცევა ძნელი საქმე არ იქნებოდა. ნაძვნარში შალეების ასაგებად ხე უხვად მოიპოვებოდა, სოფელი კი სავსე იყო დედაკაცებით, მოთხილამურეთა გამოსაკვებად კომბოსტოს ფარშირება რომ არ გაუჭირდებოდათ. ამისათვის კი ასფალტი  იყო საჭირო. გამგებელმა ხელი მოაწერა მიმართვას, ბეჭედიც დაუსვა. თხოვნამ ოფიციალური სახე მიიღო. შეთანხმდნენ, რომ ორ დღეში ედოლფიუსი თავად წაიღებდა მას ქალაქის ავტობუსით.

ივნისის თვეში სამუშაოები დაიწყო. ადმინისტრაცია სერიოზულად მოეკიდა ბათუმის მერის სამდივნოში ჩაბარებულ წალკის მოსახლეობის თხოვნას.  დოკუმენტმა მერის მაგიდამდე სხვადასხვა სართულების გავლით მიაღწია და იმ მაგიდაზე დაეშვა, რომელსაც  ზოგი ქაღალდი საერთოდაც  ვერ სცილდებოდა.

იმ წელს მთავრობა, ძირითადად,  ქვეყნის გზების მოპირკეთებით იყო დაკავებული. სახელმწიფომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკულ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც მის ტერიტორიაზე ნავთობსადენს უნდა გაევლო. შეთანხმების ვადები მენავთობეებს აიძულებდა ნავთობსადენის გზაზე ინფრასტრუქტურის  განვითარებაში დახმარებოდნენ ქვეყანას. ასე ჩაერთო წალკის გზის მოასფალტება საქართველოს საგზაო უწყების სარემონტო სამუშაოების ვრცელ პროგრამაში. ედოლფიუსი პირველად აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილას.

ინჟინრებმა დანგრეული გზა მოასწორეს. ბულდოზერის დანამ  ჩამოჭრა დაქანებული ნიადაგი. მუშებმა  ბიტუმიანი ხრეშითა და კლდის ნამსხვრევებით საყრდენი ფენა დააგეს. დაგებულ ფენებს გზის სიმტკიცე უნდა უზრუნველეყო. ედოლფიუსი დაინტერესდა სამუშაოებით, ბრიგადების ცვლით, დაუმეგობრდა ბრიგადირს. მეგობრული ურთიერთობის გამო პატარა საქმეც ჩააბარეს, რომელსაც სრული სერიოზულობით მოეკიდა. უნდა მოეწესრიგებინა მოძრაობა გზის ნახევარ ზოლზე, რომელიც ბრიგადირმა ტრანსპორტის სამოძრაოდ დატოვა. ედოლფიუსს ამრეკლავი ჟილეტი ეცვა, ჩაფხუტი ეხურა და ხელში ხის  პატარა დაფა ეჭირა ოთხასოიანი წარწერით ,,სდექ’’. ზოგჯერ სამი დღე ისე გავიდოდა, რომ ერთი მანქანაც არ ჩამოივლიდა. ედოლფიუსი  მამაცურად იდგა და  როლში შესული ჰორიზონტს გასცქეროდა. როცა ტრანსპორტი უახლოვდებოდა, ავტორიტარული მოძრაობით იქნევდა  დაფას, ყვიროდა ,,სდექ’’ და მანქანას წინ გადაუდგებოდა ხოლმე. მძღოლი დამცინავად ჩამოსწევდა ფანჯარას:

–  ასფალტის საქმე როგორაა, მეგობარო?

–  ჩამოიტანენ.

ჩამოიტანეს.

საყრდენ ფენაში კირი აურიეს და ზედ ბიტუმიანი ბეტონი და ასფალტი დაასხეს. ასფალტის დასხმა ბათუმიდან დაიწყო და წალკისკენ წავიდა. კილომეტრი კილომეტრს მისდევდა. კომპრესორის სატკეპნი  ფენილს ასწორებდა და ედოლფიუსს თბილისელი ებრაელი კონდიტერი გაახსენდა, თავისი შტრუდელების კრემს რომ ასწორებდა ფართოპირიანი დანით. ედოლფიუსს ძალიან მოსწონდა ეს შავი მინანქარი, სიცივეში ოხშივარი რომ ასდიოდა. გამდნარი, ცხელი გუდრონის სუნი ახალისებდა. პროგრესის სურნელს დამწვარი ხორცის გემო დაჰკრავდა.

მუშათა ბანაკი მთის  ძირას მოაწყვეს, საიდანაც მიხვეულ-მოხვეული გზა იწყებოდა. შავი თუნუქის ბარაკებს  ხის ღუმელი  ათბობდა და გენერატორები ანათებდა. იქ ყოველ საღამოს მხიარულება სუფევდა. ხაჭაპურსა და წითელ ღვინოს შეექცეოდნენ და საბჭოთა წლების მოგონებებს უზიარებდნენ ერთმანეთს.

ეს სამშენებლო მოედანი მთელ ქვეყანაში უსაფრთხოების ნიმუშად წარმოადგინეს. ასი კილომეტრის მოასფალტებას მხოლოდ სამი უბედური შემთხვევა მოჰყვა. ერთმა მუშამ, პირველი კილომეტრის გაყვანის აღსანიშნად,  არაყი რომ არ ჰქონდა, ანტიფრიზი გადაჰკრა და ნაწლავები დაიხვრიტა.  მეორე დანაძლევდა, რომ კომპრესორის ჩავლისას რაც შეიძლება დიდხანს  არ გადმოვიდოდა გზიდან და ნაძლევი მოიგო. ბოლოს, მდინარეში გადავარდნილ ექსკავატორზე  ერთი ბრიგადირის გვამი ნახეს. ღამით გამობრუჟულმა ექსკავატორი ,,სურსათის მოსატანად’’ ითხოვა. წალკის გზაზე ახლაც დგას მის მოსაგონრად დადგმული პატარა დაფა.

ასფალტმა წალკამდე 21 ივნისს მიაღწია. თარიღი კარგის მომასწავებელი იყო.  ქართველმა ღმერთებმა ეს მოვლენა ბუნიობას დაუკავშირეს. გამგებელმა თქვა, რომ ,,სოფელს ახლებური ზაფხული დაუდგა’’ და თავისი გამოსვლა დაასრულა ციტატით პაველ ნეფტსკის ნაშრომიდან ,,საბჭოთა კავშირის გუდრონისა და ბიტუმიანი ქვიშების შესახებ’’: ,,დედამიწის სიღრმიდან ზედაპირის დასაფარად ამოღებული ასფალტი წარმოადგენს საჩუქარს, რომელსაც დრო   სივრცის გადასალახად გვთავაზობს’’. თუმცა ვერაფერი გაუგეს, მქუხარე ტაშით დააჯილდოეს. მოიწვიეს ბათუმელი ინჟინრები, სუფსის ტერმინალის მენავთობეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ დიდი საქმის დაფინანსებაში, რეგიონის დეპუტატები და თბილისის მერი. წალკის გზა სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა. სამთავრობო გაზეთები ერთმანეთს ულოცავდნენ იმ საქმის დასრულებას, ,,რომელმაც ქართული სოფელი იმ არენაზე გაიყვანა, სადაც მსოფლიო ტანგოს ცეკვავდნენ’’. ევროპული წამოწყებისადმი მტრულად განწყობილი კომუნისტები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ საქართველოს განვითარებაში ანგლო-ამერიკული კაპიტალი ჩაიდო და სტალინური გაზეთის რედაქტორის ციტატას თუ მოვიშველიებთ, სწუხდნენ, რომ დამფინანსებლების მიერ ჩაფიქრებულზე ნაკლებად შავი ასფალტი ,,ვოლგის’’ ბორბლებს სახელს უტეხდა. ტელევიზიის მთავარმა არხმა  21 ივნისის ცერემონიალი გადაიღო. თბილისიდან მივლინებულმა კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა ედოლფიუსს. სასულე ორკესტრმა მეგრული მელოდიები დაუკრა და სამმართველოს მიერ გათვალისწინებული მარაგის მიუხედავად, 16 საათისთვის ძეხვის ნაჭერიც აღარ დარჩა. კინაღამ ღვინოც შემოაკლდათ და გამგებელი იძულებული გახდა 250 დოლარი ნაღდი ფული გადაეხადა კაფეს მეპატრონისთვის, ხუთი პატარა კასრი ღვინო რომ გაეხსნა. მხოლოდ მღვდელი ილარიონი არ თმობდა თავის პოზიციას. საერთო მხიარულებას არ შეერთებია, თავის ხატთან დარჩა, მერე ზარი შემოჰკრა, როცა სცენაზე ასულმა სოფლის გუნდმა მასწავლებლის მიერ დაწერილი ,,ჰიმნი ასფალტს’’ წამოიწყო:

,,წალკა აღსდგა მკვდრეთით

წყალობითა ასფალტისა

მიძინებული  წალკა

ხვალ ფეხზე წამოდგება

და გააოცებს ყველას’’.

III

ასფალტს დარვინული თვისებები აქვს. მისი სასუქი ცვლის ადამიანების ქცევას.  ასფალტის წყალობით დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირებულმა სოფლის მოსახლეობამ რამდენიმე თვეში სძლია თავის ჩამორჩენილობას. წალკამაც იგრძნო ეს აქსელერაცია და ორ კვირაში მის  ქუჩებს ვეღარ იცნობდით.

ედოლფიუსმა ასფალტი ჭიპლარს შეადარა. უფრო მეტიც, ის იყო აორტა რომელიც განაპირობებდა ზნეობის პულსაციას იქიდან და ალპურ საძოვრებამდე. მომრავლდა შუქ-რეკლამები, ფანჯრის ჩარჩოებში გაჩნდა ნაირგვარი  წარწერები. ერთ დღეს თამარამ ლენინის პორტრეტის ქვეშ გამოაკრა განცხადება: ,,მაღალი სიჩქარის ინტერნეტი’’. ვიტრინებში გაჩნდა ნაწარმი, რომლის არსებობის შესახებ არაფერი გაეგოთ და რომელიც მეტად აუცილებელი აღმოჩნდა: ქალის საცვლები, აკვარიუმი ტროპიკული თევზებისთვის და ველოტრენაჟორი. ავტობუსის გაჩერების ცემენტის ფრონტონზე პეპსი-კოლას რეკლამა ციმციმებდა.

სოფლის ზოგი მცხოვრები ქალაქის გზას გაეჩვია, ზოგმაც ქალაქში მოიკიდა ფეხი. გზაზე მოძრაობა არ წყდებოდა. ახალგაზრდები შაბათ-კვირას ბათუმში მიდიოდნენ და ორშაბათისთვის სოფელში ბრუნდებოდნენ. ქალები შაბათობით საყიდლებზე დადიოდნენ. ედოლფიუსი მინდვრებისკენ მიმავალ გზაზე აღარ ახველებდა.  რამდენიმე დღე მანქანის ჩავლისას ინსტინქტურად იხრებოდა და პირზე ცხვირსახოცს იფარებდა, მაგრამ მერე გადაეჩვია.

შუა ზაფხულში გადაადგილებულთა ნაკადმა მიმართულება იცვალა. სოფლისაკენ მომავალი მძლავრი მანქანების რაოდენობა გაცილებით აღემატებოდა სანაპიროსკენ მიმავალი ძველი მანქანების რაოდენობას. მალე ბათუმის ფეშენებელურ  უბნებში ხმა გავრცელდა, რომ პატარა ხეობაში მიმალული, სიმწვანეში ჩაფლული მყუდრო სავანე ორ ნაბიჯზე ყოფილა. ქალაქელებმა ზემოთ, სოფელში ასვლა გაბედეს. აფთიაქარმა პირველმა მოაწყო გასაქირავებელი ოთახი. მალე სხვებმაც გამოაკრეს ფასები სრულ პანსიონზე დასვენების მსურველთათვის. გამგეობაში საბაგირო გზაზე დაიწყეს ფიქრი. შემოდგომაზე პირველი უცხოელი, ამერიკელი მორმონი ჩამოვიდა. მის თეთრ პერანგს შუაში ზოლი გასდევდა. მორმონს მიმტანი თამარა შეუყვარდა და აღარავის მოქცევას აღარ ცდილობდა. ასე იყო თუ ისე, ასფალტმა ახალი სისხლი მოიტანა, წალკა გამოცოცხლდა.

ედოლფიუსის ტყუპები მთელ კვირას  გზაში ატარებდნენ. ტატიანამ სამუშაო იშოვა ბათუმში მდიდარი ქართველებისთვის ზღვის ნაპირას გახსნილ ბარში ,,სამიჯნურო’’. პარასკევ საღამოდან კვირამდე ,,მარგარიტაში’’ ახალ რუსებსა და თბილისელ ბიზნესმენებს ემსახურებოდა, რომლებსაც ბლაგვცხვირიანი ლაქის ფეხსაცმელები ეცვათ და მინის  საკინძები ეკეთათ.  იისფერთვალება ტატიანა თავის მოკლე შორტს ისე ატარებდა, რომ კლიენტებს აგიჟებდა: გეგონებოდა, დაუშვებელი იყო ქსოვილი  მის კანს შეხებოდა. ჯართის ექსპორტით გამდიდრებულმა ოცდაცამეტი წლის საქმოსანმა ბუსტანმა, რომელიც  ხუთი შაბათ-კვირა ზედიზედ თვალებით ჭამდა გოგოს, მეექვსე კვირას იგი დახლის მეორე მხარეს გაიყვანა.  მთელი ყუთი საუკეთესო შამპანური მოატანინა და კრემისფერი ,,ჰამერით’’ დაასრიალებდა. ტატიანას არ ესმოდა ჯართით ვაჭრობა რატომ იძლეოდა 145-ით სიარულის უფლებას და რა უნდოდა მანქანის წინა სავარძელზე შავსათვალიან გორილას, მაგრამ არაფერი უკითხავს, რადგან ბუსტანი თავაზიანად ეპყრობოდა და არა ისე, როგორც პოსტსაბჭოთა წუმპეში ხდებოდა,  სადაც მაგარ ბიჭებს მხოლოდ ქალებთან სექსი აინტერესებდათ და მათ ისე ელაპარაკებოდნენ, როგორც ძაღლებს.

შემოდგომის ერთ ორშაბათ დღეს ბუსტანი წალკაში ჩავიდა. ახალგაზრდა ბიზნესმენი ედოლფიუსს შეხვდა, ტატიანას დედას კი ვარდისფერი შროშანების თაიგული მიართვა. ყმაწვილი კაცი მოეწონათ, თუმცა ჩათვალეს, რომ პუტკუნა ბიჭს ნაზი ხელები ჰქონდა. ბუსტანმა პირველად ნახა ცოცხალი ღორი და საღორემ, რომელიც ძველ კულტურის სახლს ემიჯნებოდა, მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგი კვირის ბოლოს ტატიანას წასაყვანად მივიდა, რაც თანდათანობით,  ჩვეულებად იქცა: პარასკევ საღამოს ჩადიოდა, თავისი გლეხის გოგო მიჰყავდა, ორი დღე ზღვის ნაპირას კოცნიდა და ორშაბათ დილით სოფელში აბრუნებდა.

წინათ, დანგრეული გზა ხალხს  ნელა სიარულს აიძულებდა,  გარემოს ყოველ გოჯს ხუთი თითივით იცნობდნენ, უბედური შემთხვევა არასოდეს მომხდარა, დრო ბევრი ჰქონდათ და არჩევანი არ გააჩნდათ. ახალთახალ ასფალტზე სულ სხვაგვარად იყო. ყველა ჩქარობდა, სისხლი უდუღდათ. აქსელერატორი შურს იძიებდა, სოფლის მოსახლეობას ათწლეულების მანძილზე რომ ანჯღრევდნენ ამ გზაზე. ზოგი მათგანი ბრაზობდა კიდეც. რაც უფრო მოცლილები იყვნენ, მით უფრო აწვებოდნენ გაზს. ყველაზე უარესი სრულიად დაუსაქმებლები იყვნენ. ცდილობდნენ სასწრაფოდ გასცლოდნენ ადგილებს, სადაც არაფერი ხდებოდა და კისრისტეხით გარბოდნენ იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდათ.

ბუსტანი ქრონომეტრით ზომავდა თავის მიმოსვლას ქალაქსა და წალკას შორის. თუმცა ,,ჰამერი’’ რეკორდის მოსახსნელად  შესაფერისი მანქანა არ იყო, წალკაში 46 წუთში ჩადიოდა და შედეგის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა. ტატიანას უბედური შემთხვევა არასოდეს ენახა და სიჩქარე არ აშინებდა. გზაში ფეხის ფრჩხილებზე ლაქის  გადასმასაც კი ახერხებდა.

ტრაგედია გზის გახსნიდან ოთხ თვეში, ოქტომბრის ერთ პარასკევს დატრიალდა.  ,,ჰამერი’’ ბათუმისკენ მიჰქროდა. იმ საღამოს ბუსტანს გადაწყვეტილი ჰქონდა 45 წუთზე ნაკლებ დროში ჩასულიყო.  მიხვეულ-მოხვეული გზა გაიარა.  ხეობაში შესულს შეეძლო უფრო სწრაფად ევლო. უკანასკნელ მოსახვევში, ზუსტად ხიდის წინ გზის დათმობა დააგვიანდა  და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთო მანქანას შეასკდა. წამიც არ ჰქონდა დასამუხრუჭებლად, უნებლიე მოძრაობა გააკეთა, ან მოსხლტა. მანქანიდან გადმოცვივდნენ.  არც ერთს არ  უტანჯია. შეჯახების ხმამ ათიოდე წამით აავსო ტევრი და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. მანქანის ძარა ხრჩოლავდა.  ტატიანა ასფალტზე იწვა. შეჯახების გამო აწეული  წითელი კაბის ნაკეცები მისი სხეულის ირგვლივ ყვავილის გვირგვინივით გაშლილიყო.  ,,ყვავილის ფურცლები გზაზე’’, გაიფიქრა მაშველებთან ერთად ერთი საათის შემდეგ მისულმა ექიმმა.

ედოლფიუსს არ გაჰკვირვებია პოლიციის მანქანა მის მინდორს რომ მიადგა. პოლიციელებს უყვარდათ მისი საზოგადოება, ზოგჯერ შინაც სტუმრობდნენ ჭიქა არყის გადასაკრავად. სერჟანტი ნაკვეთის მიწაყრილზე ავიდა.

–  გადახუხავ? ბოთლი ჩანთაში მაქვს, – უთხრა მოხუცმა გლეხმა.

–  ედოლფიუს, საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა, – უთხრა სერჟანტმა.

–  სად?

–  სამოცდამეხუთე კილომეტრზე, ხიდთან.

–  სერიოზული ამბავია?

–  საშინელი-მეთქი,  გეუბნები!

ედოლფიუსს გული შეეკუმშა.

–  ვინაა?

–  შენი გოგო, ტატიანა გარდაიცვალა. ცხედარი ბათუმში წაიღეს, სადაცაა სოფელში ჩამოიტანენ.

 

ტატიანას ცხედარი ღამის ათ საათზე  პოლიციის ფურგონით ჩამოასვენეს და ტყუპების ოთახში დაასვენეს. მეზობლის ქალებმა გოგონას ტანზე გახადეს და თეთრი სუდარა გადააცვეს. სახეზე ცვილის ფერი ედო. აფთიაქარი თავის ბაღში გავიდა კრაზანას დასაკრეფად. ედოლფიუსის  სახლში მისი ძმა, მასწავლებელი, თამარა და მისი მორმონი, სერჟანტი, გამგებელი, ახლობლები და მეზობლები ირეოდნენ. დაიწყო ფორმალობები, ქაღალდების შევსება. სიკვდილი ცხოვრებას ართულებს ხოლმე. შეთანხმდნენ, რომ დაკრძალვა კვირას იქნებოდა. 48 საათი ცხედართან უნდა მსხდარიყვნენ. დედა სავარძელში იყო გადასვენებული, ორი საათის დარდისგან ქუთუთოები ჩალურჯებოდა. ოქსანა მშობლების ოთახში ჩაიკეტა და კარს არ აღებდა. პარმაღზე ედოლფიუსი კონიაკს ეძალებოდა. მღვდელ ილარიონს გზა დაუთმეს. მან ვერცხლის ბეჭდიანი ხელი ასწია და სიჩუმე ითხოვა.

–  ვიცოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ეს გზა ეშმაკის ენაა. ტატიანა ასფალტის  წამებულია. ვილოცოთ მისთვის.

მერე შეკრებილი ხალხი დალოცა, ყველამ, ქალმაც და კაცმაც პირჯვარი გადაიწერა.  საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიციის თანახმად აუგეს წესი. ღამის 11 საათზე ვიღაცას ვახშამი გაახსენდა. დედა ტიროდა. აცალეს ცრემლად დაღვრილიყო. ედოლფიუსის დამ ოცლიტრიანი წითელი ღვინის ბოცა, პური და ლორი მიიტანა ოჯახის მარაგიდან. მონაცვლეობით მორიგეობდნენ ხან ცხედართან და ხან ლორთან. შუაღამისას შენიშნეს, რომ ედოლფიუსი პარმაღზე აღარ იყო. სერჟანტმა სიბნელეში გასძახა. ოცდაშვიდი გაღვიძებული ძაღლი  ერთდროულად  აყეფდა სოფელში.

*

ედოლფიუსმა ფარების შუქზე ადვილად გააიგივა ადგილი.  საგზაო სამსახურს გზა გაეწმინდა, მაგრამ ნაპირზე თუნუქის ნამსხვრევები დარჩენილიყო.

ხის ზროებსა და მოტეხილ ტოტებს ხშირ ტყეში ზიგზაგი შემოეხაზა. გზის ნაპირას მინის ნამსხვრევები ციმციმებდნენ. კარგად დააკვირდა ადგილს, სადაც ათასჯერ მაინც ჩაუვლია. კონიაკი გონებას უბნელებდა, მაგრამ მტკიცე ხელით მართავდა ექსკავატორს. იმდენჯერ დაკვირვებია მუშებს, რომ მანქანა მისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა. არ გასჭირვებია მისი დაძვრა და იქამდე მიყვანა. M 3222D მოდელის 22-ტონიანი ამერიკული ექსკავატორი გამგეობას ეკუთვნოდა. კაპოტზე თავს იწონებდა შავ-ყვითელი ასოებით დაწერილი სლოგანი  ,,მუხლუხა    ტრანსპორტი პროგრესის მომავალია’’,  საქარე მინაზე კი ,,ხელშესახები გავხადოთ ხვალინდელი სამყარო’’. მეიჯარადემ ეს მარგალიტი გამგებელს დაუთმო, მან კი  ვითომ უბედური შემთხვევა დაუდასტურა და დოკუმენტი  ინაუგურაციის მეორე დღესვე  სადაზღვევო კომპანიას გადაეგზავნა.

ფოლადის ციცხვი ჰიდრავლიკური ბერკეტის მთელი ძალით დაეხეთქა გზატკეცილს, კბილები ხრეშამდე ჩაასო და უზარმაზარი ფილა ამოგლიჯა. მერე კვლავ გაჭიმა მოხრილი მკლავი, ასფალტის ნაგლეჯები ფიჭვების კენწეროებამდე აფრინდა და ციცხვი დაეშვა. ასფალტის ქვედა ფენა ამოიღო და ახალი ფენა ამოტეხა.  მანქანის სავარძელზე მჯდომი ედოლფიუსი ქვითინებდა. ექსკავატორი მეტრობით მიიწევდა წინ და უკან ამოყრილ ხრეშს ტოვებდა. მანქანის ცილინდრები ხურდებოდა, ციცხვის კბილები მიწას კბეჩდა. ყოველი დარტყმა მანქანას არყევდა. შავი მტვერი ედოლფიუსის ლოყებზე ჩამომდინარე ცრემლების ნაკვალევს  ეწებებოდა. ერთ საათში ხიდიდან 300 მეტრი ამოტეხა. მანქანის წინა ბორბლები ხიდის ფენილზე შეაყენა და ციცხვის ექვსი დარტყმით ააფეთქა. ედოლფიუსმა დაიღრიალა, მანქანას მუშტები დაუშინა და ქანცგაწყვეტილი ღამის სიგრილეში გამოვიდა. თავი მდინარეში ჩაყო. მერე ექსკავატორს დაუბრუნდა, შემოაბრუნა, გაჭრილი თხრილი ამოიარა და წალკაში დაბრუნდა.

ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა მანქანას სოფლიდან ორ კილომეტრზე საწვავი გაუთავდა. სინათლეებს გასცქეროდა, აწ უკვე გამოფხიზლებულს, მაგრამ დარდით მკვდარს ხელები ზურგზე შემოეწყო და ოცი წუთი  ფეხით იარა. შური იძია. ზოგი ადამიანი, მაგიდას რომ შეასკდება, მუშტს აბრახუნებს მის კიდეზე, ან ცუდი ამბის გაგებისას ტელეფონს ამსხვრევს. ედოლფიუსი  სხვა კატეგორიას  ეკუთვნოდა,  იმათ, ვინც აზიანებს გზას, რომელზედაც მისი ახლობელი დაიღუპა.

ედოლფიუსმა ასფალტის ამოყრით საკუთარი თავი დასაჯა. თავს შეჰფიცა, რომ მეორე დღესვე წერაქვით შეებრძოლებოდა გზის მთლიანობას, ხელების დაგლეჯამდე დაამსხვრევდა იმ ასფალტის ყოველ გოჯს, რომლის დაგების ინიციატორიც თავად იყო და რომელსაც მისი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მის სახლთან ატეხილი აურზაური მიცვალებულთან ღამისთევას არ ჰგავდა.  შესასვლელთან მანქანები იდგა ანთებული ფარებით. ისმოდა ყვირილი. ედოლფიუსმა დაინახა, რომ ფურგონში რაღაცას დებდნენ. მიუახლოვდა და ფარების შუქზე ისიც შენიშნეს.

–  სად იყავი, შე უბედურო? – მიაძახა  სერჟანტმა.

–  მეორე ტყუპისცალმა, – თქვა მეზობელმა, – დარდისაგან ვენა გადაიჭრა!

–   მაგრამ, შეიძლება გადარჩეს, – შეაწყვეტინა თამარამ.

–  კი, – დასძინა აფთიაქარმა, – ერთ საათზე ნაკლებ დროში თუ ჩავლენ ქალაქში.

© “არილი

Facebook Comments Box