ამ კორპუსებსაც აქვს სუნი
ამდენი ადამიანის მარტოობის,
ამდენი თვლემის,
ღამის პეპლები რომ მინებს ეხლებიან
და ნაბიჯების ხმა ისმის ქუჩიდან
იმ ერთი მიმავალი კაცის სიჩუმეში.
ამ სიჩუმეს აქვს მანძილი,
რომელიც ტოლია მთების,
მთებზე გადავლილი მწყემსების სტვენის
და ქარის, ფოთოლცვენითურთ,
შენამდე ახლა სიმღერით რომ გამოემართა.
და მხოლოდ შორიდან შემიძლია გავიფიქრო,
როგორ დააწყვე ხელები მაგიდაზე,
როგორ გაშრი
და გაიფიქრე, რა შეიძლება მოხდეს
ზეემკაზე ღამით
ამ პეპლების გარემოცვაში,
ამ ნარნარ ძილში,
თუკი მე ვარ ის ერთი
მიმავალი კაცი…
რა შეიძლება მოხდეს?!..
მარტოობა
შენ უყურებ მაქმანიან მთვარეს,
მანქანებიც ანათებენ ქუჩას,
დაინახავ თითქოს რაღაც მთავარს,
მაგრამ მაინც არაფერი მოჩანს,
რადგან მაინც ამ კორპუსში სახლობ,
მარტოობა – უპატრონო ძაღლი
მოდის შენთან, ჩამოჯდება ახლოს
სასთუმალთან და თავს კედელს ახლის –
მარტოობა. თუმცა რაღაც მთავარს
შორს, შორს, მაგრამ მაინც სახე უჩანს
და უყურებ მაქმანიან მთვარეს,
მანქანებიც ანათებენ ქუჩას.
ჩემს არარსებულ დას
თვალები ყრია გზაზე –
ბნელი დღეების ნუსხა,
უნდა დავძლიო ბრაზი,
მეუბნებიან – ნუ სვამ!
ხელი კანკალებს ცერად,
განსაკუთრებით – ცერი.
თანდათანობით, მჯერა,
მოვა სინათლე ცელით.
მანამდე ცოლი მომთხოვს
ბნელი სიზმრების წმენდას,
სადაც ტკივილით მოხრილს
გიახლოვდები შენ – დას.
დაო, დახარე თავი,
დაო, ილოცე, თუ ხარ.
ხედავ? გაიღო კარი,
კარი გაიღო. ვწუხვარ.
იქით გაჩნდება განცდა
დამარცხებაზე მძაფრი,
როგორც კავშირი გაწყდა
ამ დედამიწის, ამ ცის.
საღამო ხუჭავს თვალებს
საღამო ხუჭავს თვალებს
მოწიწებით და კრძალვით,
როდესაც მოდის თოვლი
მთელი წარსულის ძალით –
თითქოს იქ ვიღაც გაქრა,
გადაიფარა ნისლით…
ვპოულობთ, მაგრამ ვკარგავთ
აწმყოს სხვადასხვა მიზნით.
მერე თეთრდება მიწა
ფიფქებით, მაგრამ – გლოვით,
სიჩუმეს კლავს და იცავს
ხმა დამბაჩების სროლის.
ხოლო დუმილი ხეთა
საღამოს აკრთობს მალე –
მას ძინავს, მაგრამ ხედავს
თავის დახუჭულ თვალებს.
ორუცნობიანი ლექსი
ამ უძილო ღამეებით აივსო ტვინი
და ჩემი თავის ქალა
თითქოს ქვებით სავსე ქვაბია,
ისე დამძიმდა. ოთახში
ეს შავ-თეთრი ტელევიზორი მიყურებს,
როცა გამორთვა მავიწყდება და
შიშინებს. სხვა მხრივ,
შეუმჩნევლად გამყავს დრო –
შიში არა მაქვს. ძილი კი
საუკეთესო საშუალება იქნებოდა
შენი ამბების გასაცნობადაც,
როცა სიზმარი შეხვედრის ადგილია,
ხოლო ჩვენ – ორი უცნობი
ამ უძილო ღამეებით – ქვებით
სავსე ტვინს ვბურღავთ.
ილუზია
გზა ტვინში გადის
და არა ამ მინდორზე,
სადაც ჩამუხლულხარ და გგონია,
რომ წინ გზაა –
უზარმაზარი კონტეინერის ლენტი,
რომელსაც მოაქვს ჩამწკრივებული ლოკოკინები,
შენ კი უნდა აიღო და
სათითაოდ მიამაგრო რაღაც დიდს,
რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენია.
დრო კი ცოტაა –
ხელში გეფშვნება თხელი ნიჟარები
და პეშვებიდან ლორწო დაგდის.
მზის ჩასვლამდე როგორ მოასწრებ
მათი კუთვნილი ადგილის პოვნას?
თანაც იცოდე –
დროც ტვინში გადის
და არა ჰორიზონტზე,
ამ მინდვრის ბოლოს,
სადაც ბუზივით მიცოცავს მზერა
საათის ისრის მიმართულებით.
ჩრდილები
ჩრდილები ჩვენი ლაბადებია,
როცა გვცივა და სამოსი არ გვაქვს,
ასეა თითქოს დაბადებიდან –
ჩრდილები, როგორც სამოსი, დაგვაქვს.
მერე ვაგდივართ სიცოცხლის პირას,
ვგავართ ლაყუჩებდახეულ თევზებს,
დღე ენაცვლება დღეს, კვირა – კვირას
და ვხმებით ასე მთვარეზე, მზეზე,
ვპატარავდებით და გვჯერა რაღაც
იმაზე მეტი, რაც უნდა გვწამდეს…
მაგრამ ჩრდილებით ვეხებით ცასაც,
მაგრამ ჩრდილები მიგვყვება ცამდე.
ბედნიერების ხე
ბედნიერების ხე. პატარა.
მაგიდაზე. ტელევიზორთან და
საფერფლესთან. ოთახში.
სადაც მე ვფიქრობ მასზე.
მის შეგრძნებებზე – ხომ შეიძლება
მას ახსოვდეს აღმოცენება?
პირველი ფესვი. ტოტი. ფოთოლი.
შემოდგომა და გაზაფხული.
ზრდა. როგორც ბავშვი იზრდება ჩემი
და ბაღში მიდის. ჩიტები
გარეთ. წვიმა გარეთ. ბაღიც.
ხეებიც. მისთვის ესოდენ უჩვეულოდ
დიდი ხეები და დაფიქრება:
სად არის ღმერთი?
ფანჯრიდან მოჩანს ცა მოღრუბლული.
ზოგჯერ პირიქით – კრიალა და
მიუწვდომელი. საფერფლეს ვავსებ
ნამწვავებით. ვაცარიელებ. ვთიშავ
სამყაროს – ტელევიზორს და
გეუბნები: შეხედე ხეო!
ჩემი ხელებიც ტოტებია
და გარეთ იწევს,
ჩემი ხელებიც აწვება მინას…
სად არის ზუსტი მისამართი
ბედნიერების?
ფრაგმენტი
დღეს დიღმის ველზე გამახსენდი, როდესაც მწყემსმა
კეთილმა კეტით გადარეკა ქარების ფარა.
ვიგრძენი, როგორ გაიტრუნე, როგორ მოგესმა
ჩემი უხეში ჩახველება, თითქოს ფანჯარა
მოვიჯახუნე. ახლა დროა, გამოფხიზლდე და
დაუყვე დაღმართს არაფრისკენ – არ იხმაურებს
არც ერთი წამით ეს დრო, ეს გზა. გაგიძნელდება,
მაგრამ ამაღამ მაინც დაწვავ შოპენგაუერს
და ფერფლშიც ისევ დაინახავ სიკვდილს – შეცდომას.
დღე
ღამე, რომელშიც თვითმფრინავის
ხმაური და ძაღლების ყეფა
განსაკუთრებულ პატივს სდებს
დუმილს, ჩემი ღამეა!
ყოველ შემთხვევაში – ახლა,
როცა ამაზე ფიქრის იქით მე
დასაკარგი არაფერი მაქვს.
ხოლო
გახლეჩილი ბროწეული მაგიდაზე,
რომელსაც ჩემი ცოლის თითები
ახსოვს, ღვივდება სისხლში
და ეს,
იმ დანაკარგთან შედარებით,
რაც ამ დღეს გაჰყვა,
არაფერია.
გათენება
დავიდე თუ არა ეს ღამე
ხელისგულზე, გათენდა და
მერე ჩემ თვალებს ვეუბნებოდი:
ცა თქვენიცაა,
ეს ბეღურები არაფერს არ ისაკუთრებენ,
მხოლოდ ფრთები აქვთ –
უპირატესობა. თქვენ კი
დაიხუჭეთ,
ახლა მაინც,
გრძნობთ?
ხედავთ?
ადამიანი ცას უერთდება და
ასე თენდება
მუდამ.
ფანჯრიდან
ხბოები დადიან ჩემს კორპუსთან –
ჩემსავით ლამაზი ხბოები,
თავს წარმოვიდგენ ორფეოსად
მას შემდეგ, რაც კორპუსს მოვერგე.
ხბოები, როგორც გოგონები,
დადიან ჩემს კორპუსთან და ასე
ტოვებენ კვალად მოგონებას
ახალგაღვიძებულ ქალაქზე.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“