Uncategorized

ლია სტურუა – სამიზნე და სხვა ლექსები

lia sturua 332

სამიზნე

 

არც ერთხელ არ დაბრუნდი იქ,

სადაც მომკალი, სადაც თვალით

მძიმე საგნების გადაწევა შემეძლო,

რომ დამენახა, მათ იქით რა არის,

ან არ დამენახა და მეფიქრა ამაზე

ეს მოგეწონა?

ამიტომ აგიყვირდა ნახატზე

ჩემი ფერი – ნარინჯისფერი?

მერე ლავიწის ძვლებით

დანგრეული სიმრგვალე გენიშნა ცუდად,

თუ უძილობის დროს

მთვარის გარშემო დაწყობილი

სიგარეტის ღერები?

სუნთქვაში იმდენი აღმართი ჩაიყენე,

მათ ავლაში ნარინჯისფერი გამითავდა,

ქოშინი გარეცხილი მელიებით ამევსო

ასეთ შეუხედავს ხომ არ მომკლავდი!

ფერის რესტავრაცია გინდოდა.

ხურმის ხე დაგანახე –

ერთნაირები ვიყავით, სამიზნეების ოჯახიდან.

იარაღზეც შევთანხმდით, დროზეც, სიუჟეტზეც,

მაგრამ ამხელა ნარინჯისფერი მოსავალი –

ჩემი გაცოცხლებული უჯრედები?

როგორ  ყვირიან!

 

და ა.შ.

სიმღერამ ისე მოუხვია,

ისე აშკარად გამოუჩნდა

მრგვალი მუხლები, რომ შეეხო,

ხელი გაგინათდება

რაღას გადახვედი რეჩიტატივზე,

რომელსაც დამრეცი ნაპირები აქვს?

გგონია, ვარდნით ცას გაკაწრავ,

ან მიწას დააჩნდები?

დიდი-დიდი, შემოდგომას სისხლი მიუმატო,

რომ უფრო მკაფიოდ შევიდეს ზამთარში

და სველი თვალებით გააცილონ –

მარტივი სეზონური სევდა,

როცა მძიმე როკი, ლითონის გემოთი…

სიმღერას მუხლები უთავდება,

რეჩიტატივს – გახშირებული სუნთქვა,

ზამთარი მოდის და ა.შ.

 

***

– გეყოფა, წადი!

საკმარისად პარსე

300-იანი დღის მატყლი

კარგად წათლილი თვალებით.

მაინც ვერ აიტან

სამართებელივით დღეების დაჩლუნგებას,

გრძნობის ორგანოებისაც,

ტახტზე რომ გიდევს

და საგნებივით მტვერი ედებათ

გარეთ კი წითელი და სქელი ასოებით

წერია სიცხე…

მოულოდნელ ადგილებში ფხიზლდება ტვინი:

დაბეჟილში, წყლულიანში, აქავებულში,

დიაგნოზს ვერ დაგისვამს,

ანალიტიკური თვალი დახუჭული აქვს,

დუნედ შეგეწინააღმდეგება, როცა მოსთხოვ

ჯვრის ჩამოხსნას,

რომელიც არ გიტარებია

ჭრილობა თუ არ გაქვს,

შიგ ლურსმნები არ იჟანგება,

ჯვარს სისხლის ანალიზიდან

ხომ არ ამოიღებ?

გახსოვს, ქვეყანა რომ

ზაფხულის დროზე გადავიდოდა,

როგორ გიყვარდა ის, მოვლილი ფრჩხილებივით,

წაგრძელებული საღამოები!

ამაზე გააკეთე აქცენტი!

თორემ ისიც ხომ იყო:

პური რომ ითხოვე

და ქვა მოგცეს…

 

ჩემს თვალში დირე

ჩვეულებრივი სახლი, სანამ

კედლები თავის ადგილას დგანან,

სინათლის დოზას მიზოგავენ,

გულზე რომ მომიჭერენ,

უკვე – თავშესაფარი.

მაშინ მომენატრება მინდორი,

რომელიც ერთ საათში მბეზრდება ხოლმე

თავის ნამიან-ბალახიან-ჰორიზონტიანად,

ისევ სივიწროვის სასარგებლოდ.

კედლებიც ცოცხალია,

შიგ თითო ბავშვი ყავთ ჩატანებული –

ქართული არჩევანი,

აქეთ-იქით გადახრების გარეშე

პატიოსნების გასაგონად ვამბობ:

–       თქვენი თვალების ბეწვებისგან

ერთი გაჭირვებული თავი თუ გამოვა

კისერს ვიღა გამოუგონებს?

ჩემი დირე თუ არ შევაშველე,

კომპლექსებისგან არ გავათავისუფლე…

 

გვიანი შოუ

ღამე, როცა განსაკუთრებით

გეშინია საწოლის და ეწებები ტელევიზორს,

რომელსაც ინტელექტუალური გადახრა ეწყება:

შოუმენი (ათასსანთლიანი ნათურა შუბლზე)

პროფესორების ჯგუფს (წარმოუდგენელი ვოლტაჟი)

ეკითხება: – შეიძლება ადამიანს აზროვნება ასწავლო?

პროფესორებს თავში კომპასები აქვთ,

შეთავსებით რადიო, დილის 8 საათზე

ჰიმნსაც კი ასრულებს: “ვივა აკადემია! ვივა პროფესორე!”

რა შუაშია ლენინი?

ისარი გაურკვეველ მიმართულებას უჩვენებს –

უფრო სახეებისკენ თავისთავად

კითხვის ნიშანს რომელ ნახვრეტში ჩაუტენი?

ღმერთმა თუ ააშენა, ისედაც,

კონსტრუქციაში ჩააყოლებდა,

თუ არისტოტელემ გამოაგდო თავიდან,

ინსტინქტებს შეკრებენ და აზრს გამოადენენ,

ბუნებისგან აიღებენ მაგალითს,

ოქროსფერი საყვირებიდანაც რომ

დამჭკნარი თირკმელები ცვივა,

ლობიოს მარცვლებივით,

დიალიზით გაუგრძელებენ ჰარმონიას,

რომ სხვა მუსიკაში გადავიდეს, ინფარქტებიანში,

როცა ტანი საწოლიანად გტკივა,

რაც რითმისთვის უხერხულია,

ამიტომ ნათურები, კომპასები, რადიოები,

საგნები თავისთავად! უმწეობა მათ წინაშე,

მაგრამ დროის რომელიღაც ნახვრეტიდან

რუშების გახამებული აპოკალიფსი,

რომელიც სულ სხვა მუსიკასთან მიდის,

სხვა ლექსთანაც! (თავისუფალთან?)

რასაც მიხვდები ამის შესახებ, იტყვი,

ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე.

 

***

წვიმა, თითქმის, მუსიკალური,

შავი ფრაკი აცვია, მოდას არ მისდევს,

ორკესტრიც სხვანაირი გახდა,

შუბლზე ხელმიდებული, ისეთი აღარ,

თითქოს, ჰაერის ბოლო ყლუპი

უკანკალებს ყელში –

კოლექტიური გიჟი იხრჩობა…

სიტყვით თანავუგრძნობ.

ყვავები დაფრინავენ, სველები, მძიმეები,

შავი ტომრებივით

ერთმანეთზე რომ დავაწყო,

ძეგლი გამომივა ასეთი დღის,

როცა სიკვდილი მინდა.

არა თამაში მასთან,

მატარებელს რომ ლოყას მიადებ

და ქარი ამოვარდება,

ან იგივე ლოყა

ნეტარების კუთხეს შეკრავს ბალიშთან,

შორისდებულებით დაგაბოლოებს,

პირიქით, სახით ორკესტრისკენ, სუნთქვით!

ყვავებისკენ – თვალების ნახვრეტებით!

შემხედავენ

და ღიმილი მაქვს შარშანწინდელი…

 

impression                                                                                                                                       

 

სახეზე

ყურიდან ყურამდე გაჭიმული სევდა

ტრადიციული სიცილი ნაპრალებიანი იქნებოდა,

არ ივარგებდა,

ერთი ყურის ადგილი

კიდევ უფრო ნაპრალი,

მის თავზე ყვავები დაფრინავენ…

მინდორს რომ გამოაკლო ხიდი,

ხიდს გიჟი, რა დარჩება? მზე,

მაინც მზე, ყველგან,

განსაკუთრებით თავში…

ყვავების ეპიზოდი ჩრდილივითაა,

მუზეუმივით, რომელსაც არ ჭირდება

ამხელა თავის ტკივილი,

ტკივილის შთაბეჭდილება კიდევ ხო!

კლასიკასთან თანაცხოვრება შეუძლია,

სევდა იქაც არის, ოღონდ,

არა ყურიდან ყურამდე,

მარტო ერთი პირის ფარგლებში,

ლაპარაკიდან კბილები რომ არ ამოცვივდეს,

ასეთი ბეჭედი აზის.

ისიც ბეჭედი არ არის?

ორი ხელოვნური მზესუმზირა.

სოფლის სასაფლაოზე…

© “არილი

Facebook Comments Box