იდიოტი, კრეტინი და დებილია-მეთქი. დედაჩემმა ტუჩებზე ხელი მომარტყა, მეტჯერ აღარ გაიმეორო ეგ სიტყვებიო, ღირსია-მეთქი. კიდევ ერთხელ გითქვია მამაშენზე ეგრე და მაგრად მოგხვდება, იცოდეო. საბანი გადავიფარე და კედლისკენ გადავტრიალდი, დედაჩემმა, დაიძინე ეხლავეო, ეხლავე როგორ დავიძინო, როცა დამეძინება დავიძინებ-მეთქი. დედა ოთახიდან გავიდა, მე კიდევ ცოტა ხანი ჭერზე მიწებებულ ფოსფორის ვარსკვლავებს ვუყურებდი. ექვსიდან ხუთი არ ანათებდა, მამაჩემმა, ეს იმიტომ, რომ სინათლე არ მოხვედრია ჯერო, აი, ნახე, ხვალ მთელი დღე დაიტენება და ღამე გაანათებსო, ბიძაჩემმა კი – მგონი, ბრაკი შემოგტენესო. მეც ვფიქრობ, რომ ეს ვარსკვლავები არ გაანათებს, ან, საერთოდ, ოთხი წლის ბიჭს რატომ უნდა აჩუქო ჭერზე მისაწებებელი ვარსკვლავები? მამაჩემმა, გუდიანი კაცებისგან დაგიცავსო. მე კიდევ უკვე დიდი ხანია, რაც ბუების და ეგეთების აღარ მჯერა, მაგრამ რომ არ ვჭამ, ბებიაჩემი “არ მინდა პაპა” – თი მაინც მაშინებს, რათქმა უნდა, არ მეშინია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს “არ მინდა პაპა” მარტო მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვები საჭმელზე არ მინდას ან აღარ მინდას ამბობენ, და რაც მე საჭმელზე უარი მაქვს ნათქვამი, თავმოყვარე ბოროტი კაცი აქამდე გამოჩნდებოდა უკვე. მეორეც, იმიტომ აღარ მჯერა, რომ ეს “არ მინდა პაპა” კედლებიდან გამოდის და ჩვენს ახალ გარემონტებულ ბინაში ვინმემ კედლები რომ გამოამტვრიოს ან თუგინდ შპალერი ჩამოხიოს, მამაჩემი საკუთარი ხელით დაახრჩობს, ასე რომ, “არ მინდა პაპა” რომც არსებობდეს, მე ვერაფერს ვერ მიზამს და საერთოდ, მამაჩემი პოლიციელია და “არ მინდა პაპას” კი არა ნებისმიერს დაიჭერს… ვერ ვიტან მამაჩემს, დათვრება და რაღაც სისულელეებს აკეთებს, მინდა, რომ შევაგინო, მაგრამ ვერ ვაგინებ, ჩემ თავთან მერიდება, გინებისთვის ძალიან პატარა ვარ.
სულ ორი ახალი წელი მახსოვს – შარშანდელი და ეს. ეს ყველაზე საშინელი ახალი წელია. დედაჩემმა და მამაჩემმა საშინელი საჩუქრები მაჩუქეს, ხო, დედაჩემმა და მამაჩემმა. თოვლის ბაბუა რომ არ არსებობს, შარშან გავიგე, არადა, დედაჩემი მთელი წელი მაწერინებდა არარსებული კაცის სახელზე წერილებს. ჯერ წერაც რომ არ ვიცი? რაღაცეებს ვხატავდი. მაინცდამაინც არც ხატვა გამომდის, სამაგიეროდ, კონსტრუქტორებს ვაწყობ კარგად, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, თოვლის ბაბუა კონსტრუქტორებს არ ღებულობსო, მანდ კი დავეჭვდი, თუ თოვლის ბაბუაა და ბავშვები ასე უყვარს, კონსტრუქტორები რატომ არ უნდა მიიღოს-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს.
მეორე, რამაც დამაეჭვა, საბავშვო ბაღის ზეიმი იყო. ჩამოძონძილი თოვლის ბაბუა მოგვიყვანეს, რომელიც არყის სუნად ყარდა და მთვრალი მამაჩემივით ბოდიალობდა. არც ერთი ლექსი არ იცოდა ზეპირად და ჩემი წერილებიც არ ჰქონდა წაკითხული, კონსტრუქტორებს რატომ არ იღებ-მეთქი, რომ ვკითხე, პასუხი ვერ გამცა, საბოლოოდ კი, საბავშო ბაღის თოვლის ბაბუა კარისკაცი ელშანა გამოდგა. ეს ყველაფერი ბაღის ტუალეტში გავიგე, ზეიმის მერე ფისი-ფისი მომინდა, აბაზანაში კი თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი კარისკაცი შემრჩა ხელში, თურმე ტუალეტები არევია და მასწავლებლების მაგივრად ბავშვებისაში შემოსულა. საშინელი სანახაობა იყო.
ისე, მასწავლებლებს ტუალეტი რად უნდათ, არ მესმის. ისინი ხო ყაყებს არ აკეთებენ? ყოველ შემთხვევაში, ჩემი მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან. დედაჩემს რომ ვუთხარი, მგონი, თოვლის ბაბუა არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს თოვლის ბაბუა კი არა, ჩვენი კარისკაცი იყო-მეთქი, დამამშვიდა, მართალი ხარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობსო, უბრალოდ, ნამდვილ თოვლის ბაბუს ეხლა არ ეცალა, სხვა ბავშვებსაც ხომ აქვთ ზეიმი და იქ იყოო. ის სხვა ბავშვები ჩვენზე უკეთესები რითი არიან, თოვლის ბაბუ იმათთან რომ წავიდა-მეთქი? ამაზე მამაჩემმა მიპასუხა, სხვა ბავშვების მშობლები უფრო მეტ ფულს იხდიან და ესენი ფულს ისე უჭერენ, ტრაკით კაკალს გაატეხინებო. მერე დედაჩემმა მამაჩემს თვალები დაუბრიალა, რეებს ლაპარაკობო, მამაჩემმა კი თავზე ხელი გადამისვა და დამაწყნარა, ნაღდი თოვლის ბაბუ ჩვენთან ოცდათერთმეტში მოვა, შენ არ ინერვიულოო. მე არ ვნერვიულობდი, მაგრამ მაინტერესებდა, ტაკოთი კაკალი როგორ შეიძლება გაგეტეხა და რა დასამალია, საღამოს სახლში მისულმა ვცადე კიდეც. არაფერი არ გამომივიდა. საშინელი კაცია მამაჩემი, რეებს მასწავლის?
ოცდათერთმეტში თოვლის ბაბუა მართლა მოვიდა. მამაჩემი, ბიძაჩემი, ბაბუაჩემი და მათი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან მარტო ქეიფების დროს მოდიოდნენ, უკვე მთვრალები იყვნენ. თოვლის ბაბუას რატომღაც სანტა-კლაუსივით ეცვა, დედაჩემს ვუთხარი კიდეც, ეს თოვლის ბაბუა არ არის, სანტა-კლაუსია-მეთქი. დედამ ისევ თოვლის ბაბუის მოუცლელობა მოიმიზეზა და მითხრა, რომ სანტა-კლაუსი იგივე თოვლის ბაბუაა, ოღონდ ლაპლანდიელიო. რომ ვკითხე, თუ ლაპლანდიელია, ქართულად რატომ ლაპარაკობს-მეთქი, არაფერი არ მიპასუხა. ეს სანტა-კლაუსი უფრო უკეთესია, ვიდრე ბაღის თოვლის ბაბუა, უფრო ახალგაზრდაც არის და თოვლის ბიძიას უფრო გავს და უფრო გამხდარიცაა, თან ბაღის თოვლის ბაბუამ ნუგა და დათუნია კამფეტები და რაღაც საშინელი სათამაშო მომიტანა, ამან კიდევ, რომ გახსნა წითელი ტომარა, იქიდან რა აღარ ამოიღო – დინსტაციური პულტით სამართავი მანქანა, იარაღები, პოლიციელის “ნაბორი”, სახატავი რვეული და ფლომასტერები და ძალიან ბევრი შოკოლადი. არა, სანტა- კლაუსი თოვლის ბაბუას ნამდვილად სჯობს, თან ამ სანტას ვკითხე, ნამდვილი სანტა ხარ თუ მისი შემცვლელი-მეთქი, ნამდვილი ვარო, ყაყებს შვები-მეთქი, არა, რას ამბობო, არც ჩემი მასწავლებლები არ შვრებიან ყაყებს-მეთქი, მაგათაც მივუტან საჩუქრებსო, მაგრამ შენ ამდენი საჩუქარი რომ მიიღე, ლექსები არ უნდა მითხრაო? ვერ ვიტან ლექსებს და სუფრაზე დგომას, მაგრამ ამდენი საჩუქრის მიღების შემდეგ უარს ვეღარ ვიტყოდი. მამაჩემმა სუფრაზე დამაყენა, დედაჩემმა ხელები ფეხების გასწვრივ მიმაბჯენინა, ბებიაჩემმა წელში გამმართა, ბაბუაჩემმა – აბა, ჰე, დაიწყეო და მეც დავიწყე, ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო… ძალიან ცუდად ვამბობ ლექსებს, ჩემი ბაღელები ბევრად კარგად ამბობენ, მაგრამ ტაში მაინც დამიკრეს, ლექსის გამო თოვლის ბაბუამ კიდევ ერთი საჩუქარი, ირმებიანი ჯემპრი მაჩუქა, წინა საჩუქრების მერე ჯემპრი აღარ გამხარებია, ან საერთოდ, რომელ ბავშვს უხარია ჯემპრი? ეს აშკარად ბებიაჩემის საჩუქარი იქნება და უბრალოდ სანტას შეაპარა. კი, ეგრე იქნება.
მამაჩემმა, ბიძაჩემმა და ბაბუაჩემმა სანტა მაგიდასთან მოიპატიჟეს, ის თავიდან უარზე იყო, მეჩქარება, სხვა ბავშვებთანაც ვარ მისასვლელიო, მაგრამ მამაჩემმა დაიჟინა, გინდა თუ არა, ერთი ჭიქა დაგვილიეო. საერთოდ, მამაჩემი რამეს რომ გადაწყვეტს, ვერაფრით ვერ გადააფიქრებინებ, თან როხროხა და ძალიან ბრაზიანი ხმა აქვს, რამეს თუ ვაშავებ, ერთს რომ შემომხედავს, ეგრევე ვჩერდები, მეშინია, არა, კი არ მეშინია, უბრალოდ, რაღაცნაირი გრძნობა მაქვს, არ მინდა, რომ გაბრაზდეს და თავის როხროხა ხმით მეჩხუბოს, როგორც კი მეჩხუბება, ეგრევე ტირილი მივარდება, პრინციპში, ჩხუბიც არაა საჭირო, ერთს რომ დამიბღვერს, ეგრევე ვშინდები, ტირილი მეწყება და უსიტყვოდ ვუსრულებ ყველაფერს. ასე რატომ მემართება, არ ვიცი. დედას, ბებიას, ბაბუას და ბიძაჩემსაც კი იმდენს ვუბედავ, რამდენიც მინდა, მაგრამ მამაჩემს? სიტყვასაც ვერ ვეუბნები.
ვერც სანტა-კლაუსმა გაუძლო მამაჩემის ბრაზიან მზერას და როხ-როხა ხმას და მაგიდასთან დაჯდა. ბაბუაჩემმა ეგრევე ყანწი მიაწოდა, ჩვენი ყანწები კი სახუმარო საქმე როდია, ყველაზე პატარაშიც კი ლიტრზე მეტი ღვინო ეტევა. სანტამ ყანწს რომ შეხედა, სახე შეეცვალა, ძალიან შემეცოდა, ლაპლანდიელი სანტა ქართულ ღვინოს არ იქნება შეჩვეული-მეთქი, ვიფიქრე. მართალიც აღმოვჩნდი. მაგრამ რაც მან გააკეთა, მაგას ნამდვილად არ ველოდებოდი. ქეიფის დროს ჩვენთან ბევრი უგონოდ მთვრალი, ბევრი გათიშული, ბევრი ჩაძინებული ადამიანი მინახავს, მაგრამ რაც სანტას დაემართა, ჩვენს სახლში პირველად მოხდა. ყანწის მერე ეგრევე განსხვავებული დაალევინეს, მერე ბაბუაჩემის იმ კალოშით დალიეს, რომლითაც ის თბილისში ჩამოვიდა, ამ კალოშს ბაბუა განსაკუთრებულად უფრთხილდება, ასეთი ნივთი ყველას უნდა გვქონდეს, რომ გვახსოვდეს რანი ვართო. აგერ, მე კალოშებით ჩამოვედი და რამდენს მივაღწიეო, ამბობს ხოლმე ბაბუა, მართლაც ბევრს მიაღწია, თითქმის ყოველ კვირა ოცამდე ადამიანს თავისი ფეხსაცმლით ღვინოს ასმევს. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი, ბაბუას ის კი არ მოსწონს, რომ “რანი იყო“ ახსოვს, არამედ ის, რომ მისი კალოშით სვამს ხალხი ღვინოს და თან იჯერებენ, – რაღაც მნიშვნელოვანს, (რა ქვია იმ სიტყვას?) სიმბოლიზმს აკეთებენ, უფრო სწორად, სიმბოლურს.
სანტამ კალოში რომ გამოცალა, მაგიდაზე ხელი დაარტყა და ყვირილი დაიწყო, ჯერ წვერი მოიშორა სახიდან, შემდეგ კოსტუმი გაიხადა, შემდეგ მამაჩემს გადაეხვია, შემდეგ ბაბუაჩემს, ბიძაჩემს, ბებიაჩემს და ბოლოს დედაჩემს წელზე მოხვია ხელი, ხელში აიყვანა და დააბზრიალა, ბოლოს კი საკოცნელად გაიწია. ამაზე მამაჩემი გადაირია, შენო? შენ დედას ასე და ისეო, აგინა, მერე დაარტყა, მერე ისევ აგინა, მერე სანტამ დაარტყა, მერე სანტას ბიძაჩემმა შეაგინა, მერე სანტამ შეაგინა ბიძაჩემს, მერე ბიძაჩემმა სანტას დაარტყა, მერე სანტას მოქნეული მუშტი ბებიაჩემს მოხვდა, მერე ამაზე ბაბუაჩემი გადაირია, სანტა ხელში აიყვანა და იატაკზე დაანარცხა, ზემოდან დააჯდა და კალოში ურტყა. მერე სუფრის წევრებმა ძლივს გააშველეს მოჩხუბრები, მაგრამ სანტა არ წყნარდებოდა, მეო, სულ სანტა-კლაუსი კი არ ვყოფილვარ, ბრელოკა ვარ მასიველიო, ამაზე მე გადავირიე და დედაჩემს მივადექი, აბა, ლაპლანდიიდან არისო, რომ მითხარი-მეთქი? დედაჩემმა, – ეხლა მაგის დროა, თავში ჭკუა თუ გაქვსო? კიდევ მე არა მაქვს თავში ჭკუა? აგერ, ბაბუაჩემი კალოშს ურტყამს ბრელოკას, რომელიც სანტა-კლაუსი მეგონა და თურმე კიდევ მე ვყოფილვარ უჭკუო.
მოკლედ, იმ დღის მერე არც თოვლის ბაბუის და არც სანტა- კლაუსის აღარ მჯერა. მაგრამ შარშანდელის მიუხედავად, წლევანდელი ახალი წელი მაინც ყველაზე საშინელი იყო. ეს დღე ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. საშინელი კაცია მამაჩემი! მინდა რომ „დებილოზე“ და „იდიოტოზე“ ცუდი რამე ვთქვა, მაგრამ არ შეიძლება, ჩემხელა ბავშვები ცუდ სიტყვებს არ ამბობენ. ბაღში გვყავდა ერთი ბიჭი, იგინებოდა და მერე მაგის გამო ფილტვების ანთება დაემართა. ფილტვების ანთების დროს კი ნემსებს გიკეთებენ, მე კიდევ ნემსების მეშინია, ერთხელ გამიკეთეს ნემსი და ძალიან მეტკინა. რომ მახსენდება, ეხლაც მტკივდება ის ადგილი.
არ მეძინება, ეს ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ, რა საშინელი საჩუქრები მივიღე, გაფუჭებული კედელზე მისაწებებელი ვარსკვლავები და დათუნია ყულაბა, ამას ისევ ბებიაჩემის მოქსოვილი ჯემპრი მირჩევნია. ოთახთან ფეხის ხმები გავიგე, სასწრაფოდ კედლისკენ გადავტრიალდი, ვითომ მძინავს. მთვრალი მამაჩემი იქნება, შემოვა ახლა და დაიწყებს რაღაცეების ბოდიალს, რა გატირებდა, კაცი არ ხარ, ძმები არ ვართ და ეგეთებს. ძმები როგორ ვართ, მამაჩემია და, რას ქვია რა მატირებდა, სატირალი იყო და ვიტირე.
ოთახის კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა, კარადას მიეჯახა და ბარბაცით წამოვიდა საწოლისკენ, ფეხებთან ჩამომიჯდა. ეს უფროსები ვერ არიან ცოტა, ხომ ხედავ მძინავს, რას ჩამომიჯექი, მოვლენ გაგაღვიძებენ და მერე უკვირთ რატომ არ გძინავსო. ეხლაც ეგრე მოხდა. ოთახში შემოსული კაცი ბაბუაჩემი აღმოჩნდა, იმდენ ხანს მეძახა, ბაბუუ, ბაბუუუ, რომ ბოლოს უკვე აზრი აღარ ჰქონდა თავის მომძინარებას, თან ბაბუაჩემს ხმაზე ეტყობოდა, რომ სანამ არ გავხედავდი, თავს არ დამანებებდა, მეც თვალების ფშვნეტით გადმოვტრიალდი და ბრაზიანად ვუთხარი, რა გინდა-მეთქი? გაწყენინეთ შვილო, არაო, – ვერ არიან, მამაჩემი ძმას მეძახის და ბაბუაჩემი შვილს, ბებიაჩემი სულ ურევს ჩემს ასაკს და ყოველთვის ერთი წლით მეტს ამბობს, რატომ შვრებიან ასე, ვერ გავიგე, მგონი, დაავიწყდათ, როგორები იყვნენ ბავშვობაში, ან ბავშვობიდან ასეთები არიან, არ ვიცი. ბაბუაჩემი საკოცნელად გამოიწია, ღვინის და საჭმელების სუნად ყარდა, სუნთქვა შევიკავე, რომ არ გავგუდულიყავი, ეს სუნთქვის შეკავება ჩემმა ბაღელმა გოგომ მასწავლა, იმასაც კოცნიან მთვრალი კაცები და ისიც ვერ იტანს ღვინის სუნს.
ბაბუაჩემმა იმდენი მკოცნა რომ უჰაერობისგან კინაღამ გავიგუდე, მერე ღუტუნი დამიწყო. ან ეს ღუტუნი კიდევ რა იციან, გინდა არ გინდა, მაინც გაგაცინებენ, უსამართლობაა! იქნებ სულ არ გეცინება… აი, მე არ მეცინებოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი და ავხარხარდი, ბაბუაჩემმა კი ჩემი სიცილი შერიგების ნიშნად მიიღო, იმდენს კი ვერ მიხვდა, რომ ღუტუნის გამო ვიცინოდი. ბაბუ, არ გვიწყინო, შენი გაბრაზება არ გვინდოდაო, შენ ვინც გაგაბრაზებს, იმას დედას ვუტირებთო. თქვენ გამაბრაზეთ-მეთქი. ბაბუ, მე დედა აღარ მყავს ცოცხალი და სახლში რომ მივალთ, ბებიაშენს ერთი კარგად დავჟეჟავო. ამაზე მართლა გულით გამეცინა. ბაბუამ წვერები მოისრისა და ლაპარაკი გააგრძელა. აი, მე ხომ მაქვს ჩემი კალოში, შენ შეგიძლია ეგ ყულაბა გქონდეს და მამაშენი აიძულო, ყოველ წელს დალიოს მაქედანო. კიდევ ერთხელ გამაცინა, კიდევ ერთხელ მაკოცა, კიდევ ერთხელ შევიკავე სუნთქვა და ბაბუა ოთახიდან გავიდა.
ბაბუას იდეაზე დავიწყე ფიქრი, მშვენიერი ხერხია მამაჩემის დასასჯელად, მაგრამ ყოველ წელს ამ სირცხვილს რა აიტანს? ისევ ცრემლები წამომივიდა, რატომ გამიკეთა მამაჩემმა ასეთი რამე, არ მესმის. დათვრება და ვეღარ ხვდება რას აკეთებს, მეგობრები კი ვერაფერს ვერ ეუბნებიან, ეშინიათ, მამამ არ დაიჭიროს. ბიძაჩემი მამაჩემზე უარესია, მაგან მოიფიქრა, თუ არ მოსწონს ეგ ყულაბა, განსხვავებულად გამოვიყენოთო. მამაჩემს ძალიან მოეწონა ეგ იდეა, პირველი ჩამოტარება ყულაბა ღვინით აავსეს, ყველამ დალია ჩემი სადღეგრძელო, მამაჩემმა თქვა, აქედან ისე ვერ წახვალთ, მაგ ყულაბას თუ ფულით არ აავსებთო! მთვრალმა ბიძიებმა საფულეები ამოიღეს, ძალიან გამიხარდა, იქნებ იმ ფულით მაინც ვიყიდო რამე ნორმალური-მეთქი, მაგრამ მამაჩემმა, ეხლა ხომ განსხვავებული დავლიეთო, მთვრალმა ბიძიებმა – კი დავლიეთო! მამაჩემმა კიდევ, ეხლა მე მინდა, რომ განსხვავებული სასმელით დავლიო განსხვავებულიო. ვერავინ ვერაფერი გაიგო. მამაჩემმა მე გადმომხედა, საშინლად ამიჩქარდა გული, ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მელოდა წინ, მაგრამ რაც მოხდა იმას როგორ წარმოვიდგენდი. რა მინდოდა? დამეჯერებინა დედაჩემისთვის და წავსულიყავი დასაძინებლად. მამაჩემმა ლოყაზე ხელი მომისვა, ჩამიხუტა, მაკოცა და მაგიდაზე ადიო, მითხრა. აუ, კაი რა, მა, აღარ მინდა ლექსების თქმა-მეთქი. მამაჩემმა ერთხელ კიდევ წყნარად მითხრა მაგიდაზე ახტიო, ისევ უარი რომ ვუთხარი, უკვე ბრაზით გადმომხედა და ეგრევე ავხტი მაგიდაზე, მამაჩემმა წელზე ხელი შემომხვია, ძალიან მთვრალი იყო, კინაღამ დამაგდო, ბაბუას რომ არ შევეკავებინე, მაგიდაზე დავეცემოდი და საცივში მთვრალი კაცივით ჩავყოფდი თავს. მამაჩემი თვალებს ვერ ასწორებდა, ისეთი მთვრალი იყო, ორი ჭიქა ლიმონათი დამისხა და დალიეო, მითხრა. ჭიქა მოვიყუდე, მაგრამ მამამ გამაჩერა, სადღეგრძელოს გარეშე დალევა ვის გაუგიაო, თქვენ გაგიმარჯოთ-მეთქი, ვთქვი და ორივე ჭიქა გამოვცალე. მამაჩემმა მაკოცა და მთვრალ კაცებს ყვირილით უთხრა, ესო – ჩემზე ანიშნა – ეს ჩემი ძმა, ჩემი შვილი და ჩემი ვაჟკაცი კაცი არისო, ვინმეს არ გჯერათო? ყველამ – კი, როგორ არა, გვჯერაო, მაგრამ მამაჩემს არ სჯეროდა, რომ იმათ სჯეროდათ, შემომიტრიალდა, ლოყაზე მაკოცა და, მიდი, მამიკო, ანახე შენი აიდი ბარათიო, მითხრა. ისე შემრცხვა, ლოყები ამიწითლდა, თავი ჩავხარე, მამაჩემმა ყბაზე თითი მომადო, სახე ამიწია და ნუ გრცხვენია, ვისი გრცხვენია, ამათიო? ესენი ჩვენი ძმები, შენი ძმაკაცები არიანო, მე ისევ თავი ჩავხარე და მამაჩემმა უკვე მკაცრად მომმართა, გინდა თუ არა, აჩვენე აიდი ბარათიო. ბიძაჩემმა – მიდი, ბიჭი, რა გერიდება, ყველანი კაცები ვართო, მთვრალმა ბიძიებმაც მხარი აუბეს მამაჩემს და ბიძაჩემს და მე ტირილი დავიწყე. მამაჩემმა ძალიან მკაცრად მითხრა, – ნუ ტირიხარ, რა არის სატირალი, კაცი არ ხარ? აჩვენე აიდი ბარათი, ნუ მარცხვენო. ნუ მარცხვენო, ისე მითხრა, რომ შიშისგან კინაღამ ჩავიფსი. ცრემლები მოვიწმინდე, მაგრამ ისევ ვზლუქუნებდი, შარვალი და რეიტუზი ჩავიხადე, საშინლად მინდოდა ფისი, რამ დამალევინა ამდენი ლიმონათი, ახლა აქ რომ ჩავიფსა, მამაჩემი საშინლად მეჩხუბება-მეთქი, ვფიქრობდი. ტრუსიკი ჩავიხადე და ყველამ ტაშის დაკვრა დაიწყო, ეს რამხელა გქონია, შენ გაბია თუ შენ აბიხარო და ეგეთ უზრდელობებს მეუბნებოდნენ. მამაჩემმა კი ყულაბა აიღო და ყველა გააჩუმა. აი, ეს არის ჩემი ვაჟკაციო, კაცია და არაფრის არ რცხვენია და არ ეშინიაო, მე კიდევ ცრემლები წამსკდა, ტრუსიკის ამოწევა დავიწყე, მაგრამ მამაჩემმა გამაჩერა, ყულაბა კუტუსთან მომიტანა და მითხრა, მამი, აქ მოფსი შენი ფისი-ფისებით განსხვავებული, განსხვავებული უნდა დავლიოო. ისე ავნერვიულდი, რომ ფისი თავისით გამეპარა.
ისევ ცრემლები წამომივიდა. ამ დროს ოთახის კარი მამაჩემმა შემოაღო, ატირებული რომ მნახა, კიდევ ტირიხარ შე სირისტიანოო? საშინელი კაცია მამაჩემი, იდიოტი, კრეტინი დებილი და… და დედამოტყნული.
© “არილი”