კოტე ჯანდიერი, კონკიას ღამე, თბილისი. დიოგენე, 2009
ამ კრებულს ბევრი ელოდა. კარგა ხანია კოტე ჯანდიერს წიგნი
აღარ გამოუცია. მიუხედავად იმისა, რომ “კონკიას ღამე” ძირითადად
მკითხველისთვის ნაცნობ მოთხრობებს აერთიანებს, ერთად თავმოყრილი
კიდევ ერთხელ გადაკითხვის სიამოვნებას ჰპირდება ლიტერატურის
მოყვარულთ.
კოტე ჯანდიერი იმ მწერლებს შორისაა, რომლებიც ერთი მოთხრობით გამახსოვრებენ თავს. “საოჯახო ქრონიკა” დღემდე რჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცმელთა ყველაზე საყვარელ ტექსტად. დღესაც მახსოვს მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება. მერე იყო “დაპატიჟება კინოში,” “კონკიას ღამე,” “განსხვავებული კალიბრის ვაზნა…”
კოტე ჯანდიერი არ მიეკუთვნება უხვკალმიან შემოქმედთა რიცხვს, თვეში თითო რომანს და ათ მოთხრობას რომ წერენ. მისი ტიპის მწერლები კალამს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდებათ. სწორედ ასეთი სათქმელი აღმოჩნდა “გლობალიზაცია.” მოთხრობა, რომელიც ავტორმა რადენიმე წლის წინ პირველად ჟურნალ “არილში” დაბეჭდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მწერალია.
“სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი” – წერდა სტეფან მალარმე. კოტე ჯანდიერმა ამ წიგნში მისეული ხედვით შექმნილი სამყარო შემოგვთავაზა. სამყარო, რომლის ღერძიც ადამიანზე გადის. სამყარო, რომელიც ელოდება მკითხველს.
15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, თბილისი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009
ექვსი წელია “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ქართველ მკითხველს ერთ კრებულად აკინძულ წლის 15 საუკეთესო მოთხრობას სთავაზობს. ამჯერად 2008 წლის პერიოდულ პრესასა და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობები შეიკრიბა. ავტორებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია კარგი ნაწარმოების შესაქმნელად, გამომცემლობისა და მკითხველისთვის – ლიტერატურული პროცესის თვალის სადევნებლად.
კრებულის შემდგენელი ლელა ცისკარიშვილია, რომელიც წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა სიახლეს და არსებული “სოუსიდან” არჩევს 15 ყველაზე კარგ ნამუშევარს. შერჩევის პრინციპი ახალი ავტორების აღმოჩენას და სახასიათო ნაწარმოებების მოძიებასაც ითვალისწინებს. ამ მხრივ შარშანდელი წელი საინტერესო აღმოჩნდა. უკვე ცნობილი და “საფირმო” ავტორების გარდა, როგორებიც არიან ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე და ბესო ხვედელიძე, წიგნში ბევრი ახალი სახელიც მოხვდა. ნინო თარხნიშვილს, მიშა ბახსოლიანს, დათო ქარდავას, ვასილ სახვაძეს, ხათუნა თავდგირიძეს, გურამ ნავროზაშვილსა და გურამ მეგრელიშვილს ლიტერატურის მოყვარულნი ლიტსაიტებიდან იცნობენ, ეს კრებული კი მშვენიერი საშუალებაა, ფართო აუდიტორიის წინაშეც წარდგნენ. რაც შეეხება დანარჩენ ავტორებს, მათ ქართველი მკითხველი შედარებით უკეთ იცნობს: ზურაბ ლეჟავას, თეა თოფურიას, არჩილ ქიქოძის, ნიკუშა ანთაძის პროზაული ქმნილებები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში და წიგნებადაც გამოდიოდა. 2008 წლის კრებულში ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი ბოლო მოთხრობაც შევიდა.
თიკა ჭიჭინაძე, ეიფორია, თბილისი. არეტე, 2009
ასეთებს დღეს თბილისში ბლომად შეხვდებით: ძირითადად, ინგლისური და კომპიუტერი იციან, სხედან გაწკრიალებულ ოფისებში, სვამენ ცხელ ყავას და მიბნედილი თვალებით შეჰყურებენ მონიტორს.
ლენა ერთ-ერთი მათგანია. 27 წლის სიმპათიური თბილისელი გოგონა, რომელსაც აქვს კარგი სამსახური, ჰყავს მშვენიერი მეგობრები, თაყვანისმცემლებიც, თუმცა, მის ცხოვრებაში არ არის სიყვარული. ყველაფერი მოულოდნელად იწყება ერთ ბანკომატთან, სადაც ლენა ოცნების მამაკაცს შეხვდება. პარალელურად ვითარდება რომანი ინტერნეტით გაცნობილ ახალგაზრდა ბიზნესმენთანაც.
ეს წიგნი მისწრებაა მათთვის, ვისაც ფსევდოინტელექტუალურმა ლიტერატურამ თავი მოაბეზრა და განტვირთვა მოენატრა. არ ვიცი, რამდენად მართებულია, თუ რომანს ქალურ საკითხავს ვუწოდებ, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ “ეიფორია” მამაკაცებისთვის უინტერესო იქნება. თიკა ჭიჭინაძის პირველმა ნამუშევარმა მკითხველის ყურადღება უკვე მიიქცია და ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოცემიდან ძალიან მალე იგი ბესტსელერთა სიაში აღმოჩნდა.
მაკა ლდოკონენი, ქიშმიშიანი ამბები, თბილისი, დიოგენე, 2009
იცით ვინ არის კინკაჟუ? ანდა, რას ნიშნავს უცნაური სიტყვები – მოისკილიკიმაჟურა და ჩაისკილიკიმაჟურა? გსმენიათ რამე ზღაპართასხმულაზე? მაშინ მაკა ლდოკონენის მოთხრობების კრებული უნდა წაიკითხოთ, რომელიც სავსეა ქიშმიშიანი ამბებით და მერე როგორი ქიშმიშიანით! ყელს რომ ჩაგიკოკლოზინებთ და ბავშვობის სურნელით აგავსებთ, თოვლის პაპას არსებობაში დაგარწმუნებთ და ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს მოგაძებნინებთ.
მე არ ვიცი, როგორია მაკა ლდოკონენი, თუმცა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ლემურის თვალებიან გოგონად წარმომიდგენია, ცალ ფეხსაცმელზე ქუსლმოტეხილს და იმავ ცალი ფეხით აგურის კედელზე მიყრდნობილს, თავზე თეშდიდები და სუქუნები რომ აწვიმს. კიდევ, მგონია, რომ მაკა კი არა, თავისი მოთხრობის გმირის მსგავსად, მომგონია ჰქვია და ხან ჭროღა ქალქვებს იგონებს, ხან ოცნებების ზანდუკს და ხანაც ნატვრის სუფრას. ქიშმიშიან ამბებსაც იმიტომ თხზავს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და არასოდეს მიატოვონ ქალაქი გრძნობებმა, წელიწადის დროებმა თუ თბილ ქვეყანაში გაფრენილმა ჩიტებმა.
გიორგი ლორთქიფანიძე, იდეაfix, თბილისი, საუნჯე, 2009
“გიორგი ლორთქიფანიძეს ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რაც ჩვენს ლიტერატურაში იშვიათი ხილია – მას საინტერესო ამბის მოფიქრება შეუძლია. ამ ნიჭს ის, რა თქმა უნდა, ჟანრულ ლიტერატურამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მან ამ იოლ გზაზე უარი თქვა, რაც უკვე ეთიკური არჩევანია. ამიტომაც ეს წიგნი ჟანრებს შორისაა “გამოკიდებული”, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ნამდვილად თანამედროვე მწერალია”, – წერს ავტორის შესახებ ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი. თანამედროვე მწერალი თანამედროვე თემებს ეხება – პოლიტიკურ თამაშებს, ზნეობრივ არჩევანსა და პიროვნების როლს ამ ყველაფერში. ყველაზე საინტერესო მაინც “გოჭი სილოვანი შავი ხვრელის წინააღმდეგ”-აა, მოთხრობა-ზღაპარი, სადაც მკითხველი სტილიზებულ სინამდვილეს ამოიცნობს, სხვა პლანეტაზე გადატანილ ჩვენს რეალობას.
15-15, თბილისი, სიესტა, 2009
მკითხველის წინაშეა კიდევ ერთი კრებული, რომლის არსებობას ლიტერატურულ კონკურს ლიბ.გე-ს უნდა ვუმადლოდეთ. წიგნში თავმოყრილია პირველ ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული პროზისა და პოეზიის 15-15 საუკეთესო ნიმუში, რომელთაგან სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზები შემდეგნაირად განაწილდა: პოეზიაში პირველი სამეული შალვა ბაკურაძემ, ეკა ქევანიშვილმა და ალექსა ჩიღვინაძემ დაიმსახურეს, პროზაში – ნინო თარხნიშვილმა, გურამ ნავროზაშვილმა და ალეკო ცქიტიშვილმა. მონაწილეები ძირითადად ინტერნეტსივრცეში “მოღვაწე” ახალგაზრდა ავტორები არიან.
ბოლო დროს ვირტუალური სამყარო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ბეჭდურ ლიტერატურულ მედიას. ვირტუალურ ლიტკონკურსთა რიცხვმაც იმატა. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მათი ხარისხი აშკარად ითხოვს გაუმჯობესებას. მეორეს მხრივ, მსგავსი წამოწყება აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას, იმდენად, რამდენადაც საუკეთესო საშუალებაა ახალი ავტორების ასპარეზზე გამოსასვლელად. ეს კრებული მშვენიერი საშუალებაა გაიცნო და შეაფასო ამ სფეროში არსებული ვითარება.
გიორგი მირზაშვილი, წარმტაცი ქალაქი, თბილისი, სიესტა, 2009
გიორგი მირზაშვილი მხატვარია და ეს მის ლექსებშიც იგრძნობა. ვერ იტყვით, სად გადის ზღვარი მის ლექსწერასა და ფერწერას შორის, ან გადის კი საერთოდ? მხატვარი ხომ იგივე პოეტია, რომელიც ფერებით ამბობს სათქმელს, ფერი რომ შემოაკლდება – ბგერებით. ამ შემთხვევაში, გიორგი მირზაშვილის ბგერწერა “წარმტაც” ქალაქს გვიხატავს, ქალაქს, რომელიც ისეთივე უსახურია, როგორც ზამთრის სიცივე, ისეთივე სევდიანი, როგორც მიტოვებული სახლის თუნუქის სახურავი და ისეთივე უხალისო, როგორც უჩუბჩიკო ჩიჩილაკი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეს მისი ქალაქია. ქალაქი, რომელიც “უნდა იცოდე, უნდა იცნობდე, უნდა გიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს, უნდა ცხოვრობდე ამ ქალაქში.”
იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, თარგმნა ციალა კალმახელიძემ. თბილისი. ინტელექტი, 2009
უნგრელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იმრე კერტესის ნაწარმოებები პირველად გამოდის ქართულ ენაზე. წიგნში შესულია ავტორის ორი საკმაოდ ცნობილი თხზულება: “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” და “თვითმკვლელობა”. ასევე ლექცია, რომელიც 2002 წელს ავტორმა ნობელის პრემიის მიღებისას სტოკჰოლმში წაიკითხა.
ჰოლოკოსტი მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა და არცთუ უსაფუძვლოდ. ეს ტკივილი მძიმე პიროვნული გამოცდილებიდან მიიღო, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი, საკონცენტრაციო ბანაკის ენითაღუწერელ კოშმარში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანი არ ყოფილა ეჩვენებინა პიროვნული ტრაგედია. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზების ძიება, რამაც ცივილიზებული ევროპა სიკვდილის ბანაკებამდე მიიყვანა. პირველი მოთხრობა ამ თემაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწერა, თუმცა, 1975 წლამდე ვერ გამოაქვეყნა, რადგან ჰოლოკოსტის თემა იმდროინდელ უნგრეთში ტაბუდადებული იყო. მოთხრობას – “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის მოთხრობა-ტკივილი არდაბადებულ ბავშვზე, რომელსაც არსებობის უფლებას ანტისემიტიზმის უსამართლობით გაწამებული მომავალი მამა ართმევს. “არა!” – ასეთია მთავარი გმირის მოკლე განაჩენი, რომელიც შემაძრწუნებელია თავისი სისასტიკით.
“კადიშის” ერთგვარი გაგრძელებაა რომანი “თვითმკვლელობა.” მთავარი გმირისა და მისი მეგობრების, ისევე, როგორც მთელი საზოგადოების ბედი, წინასწარაა განსაზღვრული იმ არაადამიანური დიქტატურით, რომელში ცხოვრებაც კერტესის ნაწარმოებთა გმირებს უხდებათ.
გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია. გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა. თბილისი. სიესტა, 2008
გერმანული პოეზია მსოფლიო პოეტური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წინამდებარე კრებული მოკრძალებული მცდელობაა, ქართველ მკითხველს შეძლებისდაგვარად გააცნოს გერმანული კაზმული სიტყვიერება, მისი განვითარების ეტაპების შესაბამისად. მართალია, ეს ყველაფერი არ არის ამომწურავი და სისტემური, თუმცა, დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის.
“გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია” სხვადასხვა ეპოქის პოეზიას აერთიანებს. მკითხველი იხილავს როგორც მისთვის კარგად ნაცნობ ავტორებს, – იოჰან ვოლფგანგ გოეთე, რაინერ მარია რილკე, ჰერმან ჰესე, გეორგ თრაქლი, ნოვალისი, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ედუარდ მორიკე, ნიკოლაუს ლენაუ, გეორგ ჰაიმი და ევა შტრიტმატერი. ასევე გაეცნობით ადრეული და შუასაუკუნეების გერმანული ხალხური პოეზიის ნიმუშებსაც.
იუსტაინ გორდერი, ფორთოხლის გოგონა, ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა, თბილისი, სიესტა, 2006
ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის ეს მშვენიერი რომანი 2004 წელს დაიწერა. გახმაურებული “სოფიას სამყაროს” ავტორმა დაწერა წიგნი სიკვდილსა და სიცოცხლეზე, არჩევანის თავისუფლებაზე, ცხოვრების დიდ ლატარიაზე, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს.
15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში – ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა. სიკვდილის წინ მამამ შვილს იდუმალებით მოცული ფორთოხლის გოგონას რომანტიკული ისტორია უამბო, რომელმაც პატარა გეორგი ბევრ რამეზე დააფიქრა.
რომანის ბოლოში გეორგმა უნდა უპასუხოს მამის მიერ დასმულ უკანასკნელ შეკითხვას, რომელიც მისთვის გარდაცვალების შემდეგაც ძალზე მნიშნელოვანია: რას აირჩევდა, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ ჰქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც დაბადებას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს? როგორია 15 წლის ბიჭის არჩევანი, წიგნიდან შეიტყობთ.
სოსო ტაბუცაძე, უბრალო დამატება, რედაქტორი მალხაზ ხარბედია, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009
“თუ მაინც თავი მოვუყარე ამ ტექსტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ყდას შუა მოქცეული, წყობისად განლაგებულნი უფრო მეტს იტყვიან რამდენიმე წლის წინანდელ ლიტერატურულ ცხოვრებაზე და კონტექსტის ძალმოსილების წყალობით, ავტორსა და თავიანთ თავზეც,” – წერს წიგნის შესავალში ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო ტაბუცაძე, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში (ძირითადად 2000 წლის შემდეგ) დაწერილ და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ წერილებს მოუყარა თავი.
ავტორი ამ წერილებს ჩვენი კულტურული ცხოვრების უბრალო
დამატებად განიხილავს. რატომ უბრალო და არა პირდაპირი ან ირიბი?: გრამატიკულად “უბრალო დამატება” წინადადების არამთავარი წევრი კია, მაგრამ აბა უმისოდ დაასკვენით რამეო, – განმარტავს ბატონი სოსო.
ლიტერატურული კრიტიკა, პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუ, ფილოსოფიური რემინისცენციები, ესეები ქართველი და მსოფლიო მწერლობის თანამედროვე და კლასიკოსი ავტორების შესახებ – ასეთია სოსო ტაბუცაძის ლიტერატურული ნააზრევის არეალი, რომელიც ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს.
ივ ტისიე, ევროპის ლექსიკონი თბილისი, სამეცნიერო რედაქტორი: ოთარ ჯანელიძე, რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი, ჯისიაი, 2008.
პოლიტოლოგების, დიპლომატებისა და პოლიტიკური მეცნიერებებით
დაინტერესებული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია. მასში მოთხრობილია ევროპის ისტორია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თანამედროვეობის ჩათვლით. გამქრალი და თანამედროვე სახელმწიფოები 1789 წლიდან დღემდე – ასეთია ამ მასშტაბური გამოცემის გეოპოლიტიკური არეალი.
ცნობილი ფრანგი ლექსიკოგრაფის, ისტორიკოსისა და ტერიტორიული საკითხების სპეციალისტის, ივ ტისიეს ფუნდამენტური ნაშრომი, რომელსაც 2003 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით Verdaguer-ის პრემია მიენიჭა, 2008 წელს უკვე მესამედ გამოიცა განახლებული სახით. სწორედ ეს უკანასკნელი დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს.
ლექსიკონი ხუთი ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ევროპის ტერიტორიული დანაწილების ისტორიულ ქრონოლოგიას, 46 სუვერენული სახელმწიფოს ანბანურ ლექსიკონს; დღეისათვის სამასამდე გამქრალი სახელმწიფოს ანბანური ლექსიკონს; დანართს (სხვადასხვა სახის უცნაურობები, ადგილობრივი თავისებურებანი, ძირითადი დიპლომატიური აქტების ქრონოლოგია და ა.შ.) და 50 ფერად რუკას.
ნანა კობაიძე
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“