ესე (თარგმანი)

ჯონ ბენვილი – ეძღვნება ფილიპ ლარკინს

philip larkin

ინგლისურაიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

1.

ხანდაზმულმა ტომას ელიოტმა ერთხელ შენიშნა, ალბათ, დიდი პოეტი არ გახლავართ, რადგან ეპიკური პოემა არ დამიწერიაო. “ბებერი ოპოსუმი”, რა თქმა უნდა, თვალთმაქცობდა და მოჩვენებითი თავმდაბლობით ნიღბავდა თავის შეხედულებას, თითქოს, ეპიკური პოემა რომ დაეწერა, ნამდვილად ტოლს არ დაუდებდა ჰომეროსს, ვირგილიუსსა და დანტეს. ელიოტის სიტყვები, ერთგვარად, აკნინებს იმ გამოჩენილი პოეტების ღირსებებს, რომლებიც, მისი აზრით, კულტურის დაცემის ეპოქაში მოღვაწეობდნენ. ეჭვგარეშეა, აქ იეიტსი და უოლეს სტივენსი იგულისხმებიან. პროზის ეპოქაში, ამბობდა ელიოტი, თვით საუკეთესო პოეტიც კი ოდენ მცირე მოცულობის ნაწარმოებებს უნდა წერდეს. ყოველივე ამაზე ფილიპ ლარკინი ალბათ მისთვის ჩვეული (ეპისტოლარულ გზავნილებიდან) სალანძღავი სიტყვით უპასუხებდა: სირი.

ლარკინს ყველაზე სიტყვაძუნწი პოეტის სახელი ჰქონდა მოპოვებული. თავისი სამწერლო მოღვაწეობის განმავლობაში – 1930-იანი წლების ბოლოდან 1970-იანი წლების ბოლომდე, როდესაც მას მუზა შემოსწყრა და მხოლოდ იშვიათად უნიშნავდა ხანმოკლე პაემნებს – ლარკინმა გამოაქვეყნა ლექსების ხუთი მომცრო კრებული, შუალედებში კი დიდხანს დუმდა. ამ კრებულებს შორის იყო “ნაკლებად შემცდარი” (1955), “ქორწინებები სამების დღესასწაულზე” (1964) და, ასევე, “მაღალი ფანჯრები” (1974) – როგორც მისი მომწიფებული ხელოვნების კვინტესენცია. იმ სამნახევარი ათწლეულის განმავლობაში მან, აგრეთვე, დაწერა ორი რომანი – “ჯილი” და “ქალიშვილი ზამთარში”, ასევე – მრავალი ესე, მიმოხილვა და რეცენზია, რომლებიც გაერთიანებულ იქნა კრებულებში “ყველაფერი ჯაზის შესახებ” (1970) და “შეკვეთით დაწერილი თხზულებები” (1983), გარდაცვალების შემდეგ კი – წიგნში “დამატებითი მოთხოვნები” (2001).

ლარკინი გახლდათ, აგრეთვე, რედაქტორი “მეოცე საუკუნის ინგლისური პოეზიის ოქსფორდის კრებულისა” (1973), რომელზეც წარმატებით მუშაობდა შვიდი წლის განმავლობაში – ბიბლიოთეკები უყვარდა და მათ მყუდრო ატმოსფეროში თავს ლაღად გრძნობდა. ამ წიგნმა დიდი წარმატება მოიპოვა და რედაქტორს მნიშვნელოვანი ჰონორარიც მოუტანა. იმხანად, 1988 წელს, პოეტის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, მისმა მეგობარმა და ანდერძის ამსრულებელმა ენტონი თუეიტმა ლექსების კრებული გამოსცა. თუეიტი ბევრმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ნაწარმოებები წიგნში ქრონოლოგიური წესით იყო დალაგებული, რასაც ზოგიერთი უწესრიგობად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, ლექსების კრებულმა გააოგნა მკითხველი. ვინ იფიქრებდა, რომ ამ კაცს ესოდენ პოეტური სული ჰქონდა?

საქმე ის კი არ იყო, რომ თუეიტმა აღმოაჩინა პოეტის ახალგაზრდობისდროინდელი შთაგონებული ლექსები, თუმცა აქ მართლაც ბევრი ამგვარი ნაწარმოები იყო (რედაქტორმა განახორციელა ლარკინის შემოქმედების “არსებითი სელექცია”, კერძოდ, ლარკინის ლექსების პირველი კრებული, ჩრდილოეთის ხომალდი, ცალკე ნაწილად გამოყო, ხოლო 1938-45 წლების ადრეული ლექსები კრებულის ბოლოს განათავსა), არამედ ის, რომ ამ კრებულში დაიბეჭდა ლარკინის მრავალი გამოუქვეყნებელი ლექსი – სამოცდაერთი გვიანდელი და ოცდაორი ადრეული ნაწარმოები. მათგან ლარკინს შეეძლო შეედგინა სქელტანიანი ტომი, რომლითაც იამაყებდა საკუთარი თავის მიმართ ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი პოეტი. ძნელად მისახვედრია ლარკინის მიერ მათი უგულებელყოფის მიზეზი, მაგრამ, თავისთავად, მათი უგულებელყოფის ფაქტი მოწმობს, რაოდენ მომთხოვნი და მიუკერძოებელი იყო პოეტი თავისი თავის მიმართ.

თუეიტს წინასწარ უნდა განეჭვრიტა კრიტიკული რეაქცია, რომელიც გამოიწვია 1988 წელს გამოცემულმა “ლექსების კრებულმა”, რადგან ამ წიგნის წინასიტყვაში ის წერდა: “როდესაც შევარჩიე ამდენი გამოუქვეყნებელი ლექსი (თავდაპირველი მჩქეფარე ნაკადიდან ბოლო მოწანწკარე ნაკადულამდე), და, აგრეთვე, ისინი, რომლებიც თვით ლარკინმა გამოაქვეყნა, მაგრამ კრებულებში არ შეიტანა, ვხელმძღვანელობდი იმით, რასაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფილიპ ლარკინის მიერ ავადმყოფობის დროს, 1985 წლის ივლისში (ის ამავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა) დაწერილ ანდერძში მისი სურვილები საკმარისად მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მან ამ ანდერძის ამსრულებლებს, რომელთაგანაც მე ერთ-ერთი ვიყავი, სრული უფლება მისცა, გამოეცათ გამოუქვეყნებელი ხელნაწერები.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლარკინმა დაავალა თავის საყვარელ ქალს, მონიკა ჯონსს, გაენადგურებინა მისი დღიურები. მონიკა ტელეფონით დაუკავშირდა ლარკინის მეორე სატრფოს, პოეტის ყოფილ მდივანს – ბეტი მაკერეთს, და დღიურების მოსპობა სთხოვა. თავის მხრივ, ბეტიმ ოცდაათზე მეტი ტომი გამოიტანა ლარკინის ოფისიდან – ბრაინმორ ჯონსის ბიბლიოთეკიდან (ჰალის უნივერსიტეტში) და საგანგებო მექანიზმის მეშვეობით დაანაკუწა, რასაც მთელი საღამო დასჭირდა. ლარკინის მიმართ ლოიალურად განწყობილ ბეტის არ უცდია წინასწარ წაეკითხა დღიურები, სანამ მათ გაანადგურებდა, “მაგრამ მაინც შევავლე თვალი პაწაწინა ნაფლეთებს. საშინელება იყო. მართლაც არაფრად ვარგოდა”.

თავის მომავალ ბიოგრაფს, ენდრიუ მოუშენს ლარკინმა უთხრა: “როდესაც ვხედავ, როგორ უახლოვდება ჩემი სახლის კარს სიკვდილის ანგელოზი, მაშინ, ტომას ჰარდის მსგავსად, ბაღის ქვედა ნაწილისკენ მივემართები და ცეცხლს ვუკიდებ ყველა ნაწარმოებს, რომლებიც არ მინდა, რომ ვინმემ ნახოს”; მიუხედავად ამისა, კოცონი არ დაუნთია და, მოუშენის თქმით, “რვა ხელნაწერი ტომი მისი ლექსების შავი ხელნაწერებით, აგრეთვე – უამრავი გამოუქვეყნებელი დოკუმენტი და წერილი ხელუხლებლად ეწყო ლარკინის სახლში, როდესაც ის იქიდან გაასვენეს”.

ლარკინს მკაფიოდ არ განუმარტავს, თუ რა ბედი უნდა სწეოდა ამ გადარჩენილ ხელნაწერებს, ხოლო ანდერძის შესაბამისი პუნქტები საკმაოდ ორაზროვანია. ენდრიუ მოუშენმა – პოეტის ლიტერატურული ანდერძის მეორე ამსრულებელმა (მესამე კი მონიკა ჯონსი იყო) – გვითხრა, რომ ადვოკატს სთხოვა, განემარტა ლარკინის სურვილები მისი სიკვდილის შემდეგდროინდელ პუბლიკაციებთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, ანდერძი “შეუსაბამო”, ანუ წინააღმდეგობრივი გახლდათ. ამ აღმოჩენამ საშუალება მისცა ანდერძის ამსრულებლებს, გამოექვეყნებინათ ის, რასაც ღირებულად მიიჩნევდნენ და დაყრდნობოდნენ იმ თვალსაზრისს, რომელიც თვით ლარკინმა, როგორც მსხვილი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, თავის დროზე გამოთქვა თანამედროვე ხელნაწერების დაცვასთან დაკავშირებით: “გამოუქვეყნებელი თხზულება, დაუმთავრებელი ტექსტი, თვით შენიშვნებიც კი ნაწარმოების ჩანაფიქრის თაობაზე, ავსებს ჩვენს ცოდნას მწერლის მიზნების შესახებ”. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ ლარკინის მუდმივ მერყეობას და, ამასთანავე, მისი, როგორც ბიბლიოთეკარის რუდუნებას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მოხერხდა შენარჩუნება მრავალი შესანიშნავი გამოუქვეყნებელი ლექსისა და განსაცვიფრებელი წერილებისა, რომელთა უზარმაზარი ტომი, ანტონი თუეიტის რედაქციით, 1992 წელს გამოქვეყნდა.

1988 წლის ლექსების კრებულის გამო თუეიტი ძირითადად აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და მეცნიერებმა გააკრიტიკეს. 2003 წელს მან გამოსცა ამ კრებულის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელშიც არ შეიტანა ლარკინის ბევრი გამოუქვეყნებელი ლექსი და ახალგაზრდობისდროინდელი ნაწარმოებები. მას არც ქრონოლოგიური მეთოდი გამოუყენებია. მეორე გამოცემის წინასიტყვაში თუეიტი წერდა, რომ წინამორბედმა წიგნმა “ნათლად აჩვენა გამოჩენილი პოეტის შემოქმედებითი განვითარების, გამოცდილების შეძენის, ნაწარმოებების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების შემუშავების, არარელევანტური მხატვრული სახეებისა და ხერხების უგულებელყოფის ან მოდულირებისა და მის მიერ ახალი მწვერვალების დაპყრობის სურათი”.

ფილიპ ლარკინის ლექსების ეს ახალი გამოცემა (საუბარია 2003 წლის გამოცემაზე), ნაწილობრივ, საგანგებოდ გამიზნული პასუხია რჩევებზე, რომ წიგნში ლექსების თანმიმდევრობა ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც ლარკინის ლექსებისა ყოველ მომდევნო წიგნში (“ჩემთვის ეს იგივეა, რაც მიუზიკ-ჰოლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსახიობთა ინდივიდუალობას, განსხვავებას გამოსვლების ხანგრძლივობაში, და შესაბამისად აგებს კომიკოსის, ირლანდიელი ტენორის, ქალიშვილების ცეკვების თანმიმდევრობას”)…

ასეთ შემთხვევაში, 2003 წლის ლექსების კრებული უფრო ადრეული წიგნის მაკორექტირებელი ან ჩამნაცვლებელი გამოცემა კი არაა, არამედ – მისი “მეწყვილე”. ეს უჩვეულო მიმართებაა და ისმის კითხვა: როგორ მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში ლარკინი-ბიბლიოთეკარი. მოეწონებოდა თუ დაიწუნებდა? შეიძლება თავისი მეგობარისა და მესაიდუმლისთვის, კინგსლი ემისისთვის ისიც კი მიეწერა, ორივე ლექსების კრებული სირობააო.

Lლარკინმა თვითონვე შეუქმნა მკითხველებს მცდარი წარმოდგენა, თითქოს მცირერიცხოვანი ნაწარმოებების ავტორი იყო. საზოგადოებას ის წარუდგებოდა ხოლმე ტლანქი, უშუალო ინგლისელი კაცის მაცდური ნიღბით, რომელიც დროდადრო, შემთხვევითი გარემოებების კარნახით, გამოსცემდა ნატიფი ლექსების მომცრო კრებულს. მას არ სურდა მონაწილეობა მიეღო ლიტერატურულ ცხოვრებასა და საუნივერსიტეტო საქმიანობაში, ან საჯარო ლექციები წაეკითხა – “არ მსურს საზოგადოებაში გამოვჩნდე და თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს ეს მე ვარ” – და თითქოს რცხვენოდა პოპულარულობისა, სიმწიფის ჟამს რომ ეწვია. ეს მხოლოდ პოზა როდი გახლდათ. ისიც უნდა ითქვას, რომ თუმცა პრესა მას განდეგილად ხატავდა, ჰალის უნივერსიტეტის ბრაინმორ ჯონსის ბიბლიოთეკაში ლარკინი მარჯვედ და ავტორიტარულად ხელმძღვანელობდა მრავალრიცხოვან თანამშრომლებს. ამასთან, ეს იყო შინაგანად გაორებული, მღელვარე, თავმოყვარე, გულჩათხრობილი, არსებითად, მარტოსული პიროვნება (“ვფიქრობ, ცხოვრება მარტოობაა, რომელსაც დროდადრო ამრავალფეროვნებს საზოგადოება და არა – საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელსაც დროდადრო ამრავალფეროვნებს მარტოობა”); გარდა ამისა, ლარკინი გახლდათPმექალთანე მამაკაცი, ერთდროულად – მტაცებელიც და მსხვერპლიც. ის, აგრეთვე, იყო სანდომიანი, კეთილი, თავისებურად ერთგული, მხიარული, ახირებული კაცი.

შესაძლებელია შევაჯეროთ ეს შეფასებები იმ თვალსაზრისებთან, რომლებიც გამოთქმულია პოეტის მრავალრიცხოვან წერილებში. ზოგიერთის აზრით, ეს წერილები უარყოფითად ახასიათებს ლარკინს. რა თქმა უნდა, უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც ის წერდა თავის წერილებში, მართლაც გვაცბუნებს, ისე, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, როდესაც ადრესანტი გულწრფელია. ლარკინის კორესპონდენციაში ასახული თვალსაზრისები პოლიტიკის, რასების, საზოგადოებრივი კლასების შესახებ (განსაკუთრებით – სიცოცხლის ბოლო წლებში) იმდენად აგრესიული და ღვარძლიანია, რომ შეიძლება თმა ყალყზე დაგიდგეს. ხშირად ისინი კომიკურიცაა და შემზარავიც. ლარკინის უკანასკნელი ბიოგრაფი, რიჩარდ ბრედფორდი გვაწვდის ტიპურ ნიმუშს იმ მსჯელობებისა, რომლებსაც ლარკინი წერილებში სთავაზობს თავის მეგობრებს:

1943 წელს მან შესჩივლა [კინგსლი] ემისს…, რომ “ყველა ქალი ჩერჩეტია”, ხოლო 1983-ს შენიშნა, რომ ის ახლდა მონიკას [ჯონსს] საავადმყოფოში “სადაც მხიარული და უმეცარი ექიმები მუშაობენ”. … მისი თვალსაზრისი პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ, არსებითად, მოცემულია სიმღერაში, რომლის ტექსტსაც ის აცნობს ემისს: “მინდა ვნახო, როგორ შიმშილობენ ეგრეთ წოდებული მუშები, რომელთა ხელფასები ყოველწლიურად ორჯერ მცირდება და რომელთა ცოლები ბალახით იკვებებიან…”. მოცალეობის ჟამს ლარკინი, როგორც ჩანს, პოულობდა დროს პორნოგრაფიისთვის და უპირატესობას სადომაზოხიზმს ანიჭებდა: “.. მატკბობს იმის ყურება, თუ როგორ ლოკავენ ერთმანეთს გოგონები, როდესაც მათ როზგავენ”.

არ ვიცი, გამოდგება თუ არა ეს არგუმენტი ლარკინის დასაცავად, მაგრამ იქნებ პოეტი იყო მსხვერპლი იმისა, რასაც ჩვენი მაღალზნეობრივი მასწავლებლები “უხეირო მეგობრებს” უწოდებენ? რიჩარდ ბრედფორდი აღნიშნავს, რომ “არსებითად, იმ თვალსაზრისის დამადასტურებელი არგუმენტები, რომ ლარკინი ქალთმოძულე პიროვნება და ფანატიკურად განწყობილი რასისტი იყო, მოიპოვება მის მიმოწერაში კოლინ განერთან და კინგსლი ემისთან”. ემისმა, რომელიც არანაკლებ ახირებული კაცი იყო, ვიდრე ლარკინი, ადრევე უგულებელყო თავისი ახალგაზრდული სოციალისტური შეხედულებები და მიემხრო ერთგვარ რადიკალური ვულგარულ ტორიზმს, რომელიც დროთა განმავლობაში გაიბერა და კარიკატურული ზომები მიიღო; განერმა, რომელიც ლარკინს მოწაფეობის წლების შემდეგ არ ენახა, 1971 წლიდან განაახლა პოეტთან მიწერ-მოწერა. თითოეული მათგანი განამტკიცებდა მეორის უარყოფით თვისებებს. “განერი, – წერს ბრედფორდი, – ტიპური ექსცენტრიკული ინგლისელი იყო, რომელიც გვხვდება არა მარტო ლიტერატურაში, არამედ – ცხოვრებაშიც: საშუალო კლასის ქვედა ფენებიდან გამოსული ამ იდეალისტისა და რეაქციონერის ხიბლს წარმოადგენდა თვითგანადგურებისადმი მიდრეკილება”.

philip larkin5645

2.

1992 წელს ენტონი თუეიტის მიერ ლარკინის წერილების სქელტანიანი ტომის გამოქვეყნებამ, კრიტიკოს კლაივ ჯეიმსის თქმით, ბიძგი მისცა “ბრიყვების შემოტევას”. განსაკუთრებით აღშფოთდა ლიტერატურული ლონდონი. ბრედფორდი იმოწმებს პოეტისა და მეცნიერის, ტომ პოლინის სტატიას “ტაიმსის” ლიტერატურულ დამატებაში, რომ ესაა “სავალალო და ამაზრზენი წერილები, რომლებიც საკმარისი სიცხადით ვერ ააშკარავებს და ვერც მალავს სიბინძურეს ჩვენი ეროვნული სიამაყისა, რომელსაც ლარკინს უწოდებენ. ბრედფორდი გვაუწყებს, რომ ლონდონის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის პროფესორის, ლაიზა ჯარდინის თვალსაზრისით, ის “არ აკრძალავდა ლარკინის შესწავლას, მაგრამ მისი ლექსები ამოღებულ უნდა იქნას სასწავლო გეგმიდან და გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ “შეზღუდული შეხედულებების გამოსავლენად, რომლებიც მათ საფუძველს წარმოადგენს…”

ბრედფორდი, რომელიც ოდნავ არასწორად იმოწმებს ჯარდინის შეხედულებას, შესაძლოა, აზვიადებს ვითარებას – პროფესორს არ გამოუთქვამს ლარკინის შემოქმედების აკრძალვის სურვილი. მაგრამ ჯარდინის 1992 წლის სტატიაში, რომლის გაბედული მულტიკულტურული პათოსი ახლა უკვე მოძველებულად გამოიყურება, ავბედითი ქვეტექსტი შეიგრძნობა. თავგადადებული ფანატიკოსის ეს კადნიერი ანათემა რაღაც საშუალოა ბერდსლის სკოლის დირექტორს, ამაზრზენ მის პრატსა (ნაბოკოვის “ლოლიტადან”), რომლის სკოლას “ძალზე მტკიცედ სჯერა, რომ აუცილებელია მოსწავლეთა მომზადება ურთიერთდამაკმაყოფილებელი ცოლქმრული თანაცხოვრებისა და ბედნიერი დედობისთვის” – და, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროს (1989 წლამდე) რომელიმე ქალი მინისტრის ან პასუხისმგებელი პირის განცხადებას შორის.

პროფესორი ჯარდინი უგულებელყოფს ლექსებს – “არსებითად, ჩვენ დიდად არ გვსურს ლარკინის სწავლება ჩემს (ინგლისური ენის) კათედრაზე” – რადგან არ მოსწონს “ყოველდღიური დისკრიმინაცია, თეთრკანიან ბრიტანელთა უპირატესობის ყოველდღიური მტკიცება” და ისიც, რომ ფასეულობები, რომელთაც ხოტბას ასხამს (მისი აზრით) ლარკინი, ეწინააღმდეგება “ჩვენს განახლებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ცდილობს ჩამოაყალიბოს ჩვენი ყველა სტუდენტი, განურჩევლად მათი წარმომავლობისა, რასისა ან სარწმუნოებისა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ბრიტანული კულტურის ფარგლებში”. ამ კრიტერიუმის თანახმად, შექსპირის შემოქმედების უმეტესი ნაწილი (თუ დავასახელებთ თუნდაც ერთ ნამდვილად თეთრკანიან ბრიტანელ მამაკაცს), ამოღებულ უნდა იქნას სასწავლო გეგმიდან. პროფესორი ჯარდინი ასრულებს თავის მსჯელობას განცხადებით, რომ “ახალი, კეთილგონიერი, მრავლობითი და მულტიკულტურული ბრიტანელი ხალხის განსწავლისას აღარ უნდა დავეყრდნოთ ძველი პრინციპს, როგორც ჭეშმარიტად “ბრიტანული ფასეულობების” საცავს და ცხოვრების უზადო “ბრიტანული წესის” მონუმენტს. აქ მყისვე გვახსენდება ლარკინის სახელგანთქმული ფოტოსურათი, რომელიც მონიკა ჯონსმა 1962 წელს გადაიღო კოლდსტრიმში, შოტლანდიისა და ინგლისის საზღვარზე; პოეტი ზის ქვაზე წარწერით “ინგლისი”, რომელსაც, ჯონსის თქმით, მან ფოტოსურათის გადაღების წინ, გადააფსა და ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება “ცხოვრების ბრიტანული წესის” მიმართ.

როდესაც კლაივ ჯეიმსი განიხილავდა ლონდონში მცხოვრები შავკანიანი ამერიკელი დრამატურგი ქალის, ბონი გრირის რეაქციას ამ სტატიებზე (“მისი თვალსაზრისით, დიდად არ უნდა აგვაღელვოს იმ ფაქტმა, რომ ლარკინი რასისტი გახლდათ – ის ხომ საკმაოდ მდარე პოეტი იყო”), ბოლოს, ჩვეული დახვეწილობითა და ლაკონიურობით ასკვნიდა – თუმცა ბოლომდე ვერ იცავდა პოეტს:

 “ფილიპ ლარკინი მართლაც გახლდათ თავისი ეპოქის უდიდესი პოეტი და ის მართლაც გამოთქვამდა მიუღებელ შეხედულებებს. მაგრამ ლარკინს არ გამოუთქვამს ეს შეხედულებები თავის ლექსებში. ის მზად იყო, პასუხი ეგო თავის პოეტურ შემოქმედებაში გამოხატული თვალსაზრისების გამო, კონფიდენციალურ მიმოწერას კი შუალედურ და ნაკლებად საპასუხისმგებლო სფეროდ მიიჩნევდა. სამწუხაროდ, ლარკინი ცდებოდა. ის ყოველთვის უგულებელყოფდა ვალდებულებებს, რომელიც ეკისრება სახელგანთქმულ ადამიანებს, მათ შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და ვერ ხვდებოდა, რომ სახელგანთქმულ ადამიანს არა მარტო არა აქვს პირადი ცხოვრება, არამედ – არც არასოდეს ჰქონია ის”.

ლარკინის ბრედფორდისეულ ბიოგრაფიას არა უშავს, უინტერესო და ზოგჯერ ზედაპირული რომ არ იყოს. ავტორი ოლსტერის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის პროფესორია და, სხვა თხზულებათა გარდა, მის კალამს ეკუთვნის კინგსლი ემისის ბიოგრაფია. წიგნის “თავდაპირველად მოწყენილობა, შემდეგ კი – შიში” პირველივე გვერდის წაკითხვა გვაეჭვებს, რამდენად კარგად იცნობს ბრედფორდი ლარკინის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასაც კი, რადგან მას მოჰყავს შეიმას ჰინის სიტყვები ლარკინის, როგორც ომისშემდგომი ინგლისის “თითქმის კეთილი, თითქმის გულწრფელი” პოეტის შესახებ და ვერ ხვდება, რომ ჰინი იმოწმებს ციტატას ლარკინის ლექსიდან “საუბარი საწოლში”.

ბრედფორდის ამოსავალი მიზანი, როგორც ჩანს, გახლდათ ლარკინის ენერგიული დაცვა იმათგან, ვინც მიჯნას არ ავლებს ხელოვანის პოლიტიკურ შეხედულებებსა და ესთეტიკურ მრწამსს შორის. წიგნის პირველსავე გვერდებზე ის ქედმაღლურად მსჯელობს პოლინის, ჯარდინისა და სხვათა შესახებ, მაგრამ მალე ასევე უგულებელყოფს ლარკინის თაყვანისმცემელთა თვალსაზრისს და აღნიშნავს, რომ “მწერლის აკვიატებული შეხედულებები, რომლებიც არ შეესაბამება მის [sic] ლიტერატურულ მიღწევებს, შესაწყნარებელია, მაგრამ, ამასთანავე, ნამდვილად მცდარია და მხარდაჭერას არ იმსახურებს”. ის ამჯობინებს ამტკიცოს, რომ ლარკინის აზროვნება და შეხედულებები მრავალფეროვანი იყო:

 “ლარკინი განსხვავებული ადამიანების წინაშე განსხვავებულ როლებს თამაშობდა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ გაკიცხვას იმსახურებდნენ, ხოლო 1992 წლის შემდეგ [სწორედ ამ წელს გამოქვეყნდა წერილები] აღიქვამდნენ მას, როგორც ინგლისელი მამაკაცის ამაზრზენ განსახიერებას. ის თამაშობდა მრავალ სხვა როლსაც, რომლებიც წარმოადგენდა უშუალობის, გაზვიადებისა და თვითპაროდიის უჩვეულო კომბინაციებს. ამის გათვალისწინებით, რატომ უნდა დავასკვნათ, რომ მისი ლექსების ჩვენეულ გაგებას შებღალავს წარმოდგენა ლარკინის, როგორც ჩვენი (მარტინ ემისის თქმით) “უფრო ახალი, უფრო უზადო, უფრო მშვენიერი, უფრო გონივრული სამყაროსგან” განდგომილი პიროვნების შესახებ?”

ახლა, ლარკინის წერილების გადაკითხვისას, იოლი არ არის იმის გაგება, თუ რატომ მოხდა, რომ მათი გამოქვეყნების შემდეგ ამდენს საუბრობდნენ ლარკინის ქალთმოძულეობისა და მიზანთროპიის შესახებ. პოეტს არასოდეს დაუმალავს თავისი შეხედულებები, თუმცა, ბუნებრივია, მათ საჯაროდ გაცილებით უფრო ზომიერად გამოხატავდა, ვიდრე – თავის წერილებში. ყველა, ვისაც წაუკითხავს მისი ლექსები “Vers de Société”, “ეძღვნება მთავრობას” ან “წაიღე შინ, ბავშვებისთვის” ჩასწვდება ლარკინის თვალსაზრისს საზოგადოების, პოლიტიკის, ადამიანის – და ცხოველის – არსის შესახებ. როდესაც ინტერვიუებს იძლეოდა, ტკბებოდა ჟურნალისტების იმედგაცრუებით იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა აზროვნებდეს და საუბრობდეს პოეტი: “ყოველთვის მემარჯვენე გახლდით. არ ვიცი რატომ, მაგრამ თუმცა პოლიტიკაში დიდად გათვითცნობიერებული არა ვარ, მემარჯვენეობას გარკვეულ ღირსებებთან ვაკავშირებ, მემარცხენეობას კი – გარკვეულ ნაკლოვანებებთან. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სამართლიანი არაა”.

ბრედფორდის თვალსაზრისით, ის, რასაც აქ ლარკინი ამბობს, შეესატყვისება ხატს რიგითი ინგლისელისა, რომელსაც უყვარს კრიკეტი, თბილი ლუდი, და უნდობლად ეკიდება ცვლილებებსა და უცხოელებს. ლარკინის ლექსებში შეიძლება ხშირად წააწყდეთ იმავე ხატს, მაგრამ მას ახლავს ცუღლუტი და ძალზე ირონიული ღიმილიP- ყოფილა თუ არა ოდესმე უფრო ახირებულად სერიოზული პოეტი, ვიდრე ლარკინი? – რომელიც წერილებში იმდენად ამაზრზენ ღრეჭად იქცევა, რომ უფრო ჰელოუინისთვის დამზადებულ მახინჯ ნიღაბს წააგავს, ვიდრე – ფანატიკოსის გრიმასას.

შესაძლოა, გამოქვეყნებულ კორესპონდენციაში ყველაზე უფრო გასაოცარია აღიარება, რომელსაც შეიცავს ლარკინის წერილი მისი მეგობრის, ისტორიკოს რობერტ კონკვისტისადმი. მთავრობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გრაფინია დარტმუთის დაკვეთით ლარკინს უნდა დაეწერა ანგარიში “ადამიანის საარსებო გარემოს” შესახებ. შედეგად, დაიწერა “Going, Going” – ელეგია, რომელშიც პოეტი სიყვარულით საუბრობს ყოველივე იმაზე, რაც ინგლისში თანდათანობით ქრებოდა – “ჩრდილებზე, მინდვრებზე, ბილიკებზე / რატუშებზე, მოჩუქურთმებულ ქორედებზე”. ლექსის წაკითხვისას დამკვეთებმა დაასკვნეს, რომ პოეტის შთაბეჭდილებები აქ ძალზე მწვავედ იყო გადმოცემული; ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ სატირულ ჟურნალში Private Eye დაიბეჭდა ცნობა იმის თაობაზე, რომ გრაფინიამ მოსთხოვა ლარკინს განსაკუთრებით გესლიანი სტროფის ამოღება, რაზეც ლარკინი დათანხმდა. ლარკინი თავგამეტებით უარყოფდა ამ ფაქტს, მაგრამ კონკვისტს მან მისწერა:

“ხომ არ გინახავთ შეკვეთილი ლექსი, რომელიც დავწერე გრაფინია დარტმუთისთვის ადამიანის საარსებო გარემოს შესახებ? მაიძულა ფეხქვეშ გავგებოდი. ამომაღებინა სტროფი, რომელშიც დიდ ბიზნესს ვესხმოდი თავს. გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ”.

ეს “აღმაშფოთებელი” სტროფი აღდგენილ იქნა, როდესაც ლექსი გამოქვეყნდა მაღალი ფანჯრების ტომში, რასაც არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია.

3.

თუმცა ბრედფორდი, როგორც ჩანს, აპირებდა კორექტივის შეტანას ენდრიუ მოუშენის წიგნში ფილიპ ლარკინი: მწერლის ცხოვრება, მაგრამ ისიც, მოუშენის მსგავსად, სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას გრძნობდა ამბის გადმოცემისას. ბრედფორდისეული თხრობა გაცილებით ნაკლებად დეტალიზებულია, ვიდრე – მისი წინამორბედისა, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე (რომელთაც მოუშენი, მისი გულმოდგინების მიუხედავად, შესაძლოა, ძალზე ზოგადად მონიშნავს) ის უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მოუშენი. კერძოდ, ლარკინის მამის ბრედფორდისეული პორტრეტი გაცილებით უფრო საინტერესო და, ალბათ, უფრო შთამბეჭდავია. სიდნი ლარკინი – პროფესიით ბუღალტერი – საინტერესო ადამიანი, ავტორიტარული ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე და ნაცისტების მგზნებარე თაყვანისმცემელი გახლდათ. თავის სახლში, ბუხრის თაროზე მას ედგა ჰიტლერის მინიატურული ქანდაკება, რომელიც, ღილაკზე თითის დაჭერისას, ნაცისტური მისალმების ჟესტით ხელს მაღლა სწევდა. ანალოგიურად, ფილიპი ამაყობდა იმით, რომ მის მაგიდაზე ჰალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაი გორილას ფოტოსურათი იდგა. მაგრამ სიდნი ლარკინი, კულტურული და განათლებული კაცი, ხელს უწყობდა თავისი ვაჟიშვილის ლიტერატურული ნიჭის განვითარებას.

როგორც ჩანს, ლარკინი უხერხულობას გრძნობდა, როდესაც მამამისის შესახებ ესაუბრებოდნენ. მაგალითად, 1979 წლის ინტერვიუში ის განსაკუთრებული თავშეკავებით აღნიშნავს: “გერმანია მამაჩემისთვის რამდენიმე მიზეზის გამო იყო ძვირფასი: გერმანიაში საოფისე მუშაობის მეთოდები შეისწავლა და იქ სიყვარულიც ეწვია”. ლარკინის დედა, ნერვიული და რამდენადმე არამყარი ფსიქიკის ქალი, მთელი მისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ქმარს ძალიან უყვარდა. მოუშენის წიგნში დაბეჭდილია ევა ლარკინის საინტერესო (დაახლოებით 1970 წელს გადაღებული) ფოტოსურათი: ქალი სავარძელში ზის, ხოლო სავარძლის საზურგეზე გადმოხრილი ვაჟიშვილის მზერაში ირეკლება გაბოროტებაც, თავდაცვის სურვილიც და სევდაც; სურათის მეორე მხარეს ლარკინს დაუწერია: “ბედნიერი – მთელი სიცოცხლის განმავლობაში”.

ახლა ლარკინის ცხოვრება უკვე კარგადაა ცნობილი. ის დაიბადა ქოვენთრიში, 1922 წელს. მშობლების მეორე შვილი გახლდათ (ოთხიდან). მშობიარობამ დაახლოებით ერთი თვით დააგვიანა და ბავშვი თითქმის ათ ფუნტს იწონიდა. თუმცა ლარკინი ხანდაზმულობის ასაკში გამელოტდა, მაგრამ, ბედის ირონიით, დაბადებისას “შესანიშნავი შავი თმა ჰქონდა”. პატარა ფილიპი უაღრესად მორცხვი იყო და, სანამ ოცდაათი წლის ასაკს არ გადააბიჯა, ენასაც უკიდებდა. ქოვენთრიში სწავლის დასრულების შემდეგ ოქსფორდში გაემგზავრა. აქ ყოფნა დიდად არ მოსწონდა, სანამ კინგსლი ემისს გაიცნობდა. ლარკინს ახალისებდა ემისის იუმორი და იმიტაციის ნიჭი, თუმცა, ბრედფორდის თქმით, მისივე შინაგანი ძალა და პატივმოყვარეობა თრგუნავდა.

ლარკინი თავდაპირველად რომანებს წერდა. ოცდახუთი წლისას, უკვე ორი რომანი ჰქონდა დაწერილი. ამასთან, უჩვეულო, მყისიერად მოპოვებულმა წარმატებამ ემისის “იღბლიანი ჯიმისა” (1954), რომელიც, ნაწილობრივ მაინც, ლარკინთან ავტორის მეგობრობით იყო შთაგონებული, სულიერად იმდენად გატეხა ლარკინი, რომ მან, ბელეტრისტიკის ნაცვლად, პოეტურ შემოქმედებას მიჰყო ხელი. 1982 წელს ლარკინმა უთხრა The Paris Review-ს ჟურნალისტს: “რომანების წერა გაცილებით უფრო მიზიდავდა, ვიდრე პოეზია. ჩემი აზრით, რომანები უფრო მდიდარი, ფართო, ღრმა და მშვენიერია, ვიდრე – ლექსები”. ამგვარად, ლარკინისთვის პოეტური შემოქმედება იმთავითვე დანაკარგის გრძნობით იყო მოწამლული, რამაც მისი ტრიუმფი პოეზიაში უფრო საოცარი გახადა. იყო კი ასე? მისივე აღიარებით, “დანაკარგი ჩემთვის იგივეა, რაც ნარგიზები უორდსვორთისთვის”.

ლარკინი თითქმის შემთხვევით გახდა ბიბლიოთეკარი. მისი თქმით, ომის დროს “ჩემს სახლში ვიჯექი და მშვიდად ვწერდი “ჯილს”. შრომის სამინისტროდან მომწერეს და ძალზე თავაზიანად მკითხეს, სახელდობრ, სად ვმუშაობდი. დავფრთხი. Birmingham Post-ში ამოვიკითხე, რომ შროპშირის ქალაქის საბჭოში ბიბლიოთეკარი ესაჭიროებოდათ. ამდენად, თხოვნით მივმართე და ამ თანამდებობაზე დამნიშნეს”.

მიყრუებულ შროპშირში გატარებული სევდიანი წლების შემდეგ ის ცხოვრობდა კიდევ ერთ პირქუშ ადგილას, სანამ 1950-იან წლებში ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკარად დაინიშნებოდა. თუკი ლარკინმა ოდესმე “იპოვა” თავი, ეს სწორედ ბელფასტში მოხდა. აქ ის დროებით მარტო, ოჯახის გარეშე ცხოვრობდა. კოლეჯის თანამშრომელთა შორის ლარკინმა იპოვა მეგობრები, რომლებმაც მას თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის ახალი გზები აჩვენეს. კერძოდ, ის დაუახლოვდა პეტსი სტრენგს (ქალიშვილობაში ევისს), რომელიც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა პოეტ რიჩარდ მარფის – ფილოსოფიის კათედრის პროფესორს. მოუშენი წერს, რომ ლარკინი მოიხიბლა “მაღალი, ოდნავ ტლანქი პეტსი სტრენგით, რომელიც შესანიშნავი კულინარი იყო, უყვარდა სპირტიანი სასმელები და ძაღლები, ზოგჯერ კი ჩიბუხსაც ეწეოდა”. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ამ სიყვარულის წყალობით (ზოგიერთის აზრით), ლარკინი პირველად ეზიარა იმ სულიერსა და გრძნობად გამოცდილებას, რომელიც სცილდებოდა მისი წარმომავლობითა და მისივე ნევროტული პიროვნებით განპირობებულ საზღვრებს.

პეტსი გახლდათYერთ-ერთი იმ ქალთაგან, რომელთაც ლარკინი ენდობოდა ან რომელთაც ექსპლუატაციას უწევდა, მონიკა ჯონსის ჩათვლით (მონიკასთან მას ყველაზე უფრო ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა). პეტსისთან ერთად, ლარკინის სატრფოები იყვნენ – სხვადასხვა დროს – მისივე კოლეგა ჰალის უნივერსიტეტში, მეივ ბრენანი და მდივანი, ბეტი მაკერეტი. ლარკინს ყოველ მათგანთან ჰქონდა ფიზიკური ურთიერთობა და საკმაოდ მოუხერხებლად ცდილობდა დაემალა თითოეულისთვის თავისი გრძნობები დანარჩენთა მიმართ. ძნელია, მკაცრად არ განვსაჯოთ ის ამგვარი ქცევის გამო, მაგრამ უეჭველია, რომ ყველა ეს ქალი, ლარკინის უღირსი ქცევის მიუხედავად, პოეტის სიკვდილამდე მისი ერთგული იყო. როდესაც ლარკინი საყლაპავი მილის კიბოთი კვდებოდა, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ავადმყოფის საწოლთან, რაც ნამდვილად ადასტურებს მისი, როგორც მამაკაცის ღირებულებას. ეს ძლიერი, ღირსეული ქალები კარგად იცნობდნენ ლარკინის ბუნებას და პატიობდნენ ღალატს.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი ფაქტებია ისეთ უმნიშვნელოვანეს ფენომენთან შედარებით, როგორიც პოეზიაა. ჩვენ არ ვკიცხავთ შექსპირის პიესებს იმის გამო, რომ მან ენ ჰათაუეის ანდერძით დაუტოვა უხარისხო (ხარისხის მიხედვით – “მეორე”) საწოლი; არც ჯეზუალდოს მუსიკას ვგმობთ, თუმცა მან თავისი ცოლი მოკლა. იმ დროს, როდესაც ყეყეჩები ხმას ჩაიკმენდენ, დარჩება შემოქმედება, რადგან იმის მიუხედავად, რომ ფილიპ ლარკინს homme moyen-ად მოჰქონდა თავი, ის ჭეშმარიტი პოეტი გახლდათ. როდესაც 1970-იანი წლების შუა ხანებში მუზამ ის, ფაქტობრივად, მიატოვა – 1974 წელს გამოცემული კრებულის, მაღალი ფანჯრების შემდეგ, ლარკინმა დაწერა მხოლოდ რამდენიმე ლექსი, რომელთა შორისაა მისი უკანასკნელი შედევრი, “დილის სერენადა” – მან თქვა, რომ ისევე განიძარცვა ლექსების წერის უნარისგან, როგორც – თმისგან. არსებითად, ლარკინი, როგორც პოეტი, გამოიფიტა და ბოლო ათი წლის ტანჯვა და მრისხანება, ალბათ, დიდწილად უკავშირდება ამ დანაკარგს. შესაძლოა, ამ ბრიყვთა ქვეყანაში არავის ესმოდა, რას განიცდიდა გენიოსი თავისი შემოქმედებითი უნაყოფობის გამო. ფილიპ ლარკინს ბევრი სულიერი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ მისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მშვენიერება და შემოქმედება, როგორც მშვენიერი ნაწარმოებების შექმნის შესაძლებლობა. ამაში მდგომარეობს მისი სიდიადე.

და, ელიოტის შეხედულების საპირისპიროდ, ლარკინი იყო – და არის – დიდი პოეტი. ისეთი ლექსები, როგორებიცაა “ქორწინებები სამების დღესასწაულზე”, “ბებერი ბრიყვები”, “ეკლესიისკენ” თანამედროვე ეპოსია. მიუხედავად ამისა, ყველასთვის, ვისთვისაც ჯერ უცნობია ეს შესანიშნავი პოეტი, უკეთესი იქნება, თავდაპირველად წაიკითხოს არა ჩამოთვლილი შედევრები, არამედ, მაგალითად, მომცრო ლექსი “გათიბული ბალახი” – ინგლისურენოვანი პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული ლექსი, რომელშიც იგრძნობა ზაფხულისა და კვდომის ხიბლი და უჩვეულოდ ნაზი “რწმენით განკურნება” – ლექსი, რომელსაც ვერ დაწერდა ვერც ერთი ჭეშმარიტად ქალთმოძულე პოეტი.

© არილი


[1] გამოქვეყნდა The New York Review of Books-ში, 2006 წლის თებერვალს.

Facebook Comments Box