ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
მექვიშია
ირგვლივ აღძრული ორომტრიალი მისთვის შეჩვეულ მოვლენად მოჩანს,
რადგან ისედაც სამყარო თითქოს ყოველწამს ფიქრობს მძლავრად შერყევას.
თავგამეტებით მირბის სამხრეთით, ჭირვეული და მოუხეშავი,
დაოკებული შიშით მოცული, როგორც სტუდენტი ვინმე ბლეიკის.
ცხიმის შიშინის ხმას გამოსცემს მთელი ნაპირი. მარცხნივ ჩიტისგან
ტალღების ფარდა დაფრიალებს, ხელს უშლის სვლაში,
თან მოშავო, სუსტი ფეხები მოსარკული რჩება წყლისაგან.
თვალს არ აცილებს საკუთარ კლანჭებს, ისევ მირბის, მიტოპავს წყალში.
– უფრო სწორად, ბრჭყალებს შორის დაგროვებულ ქვიშას დაჰყურებს, –
სწრაფი მიქცევა-მოქცევის გამო აქ იწრიტება ატლანტიკა
(ამ წუთისათვის ყველაფერზე მცირე სიდიდე). ის წინ მიიწევს და აკვირდება
ქვიშის მარცვლებს, წყალი რომ ითრევს.
სამყარო მხოლოდ ნისლია ჯერაც. მერე სამყარო ნაწილაკს ჰგავს,
ფართოვდება და ხდება სუფთა. ახლა წყალი მიიქცევა
თუ მოიქცევა, მექვიშია ვეღარც კი ამჩნევს, რადგან
გეზი აქვს აღებული ერთადერთი მიმართულებით: რაღაც აწუხებს,
რაღაცას ეძებს, რაღაცას მისდევს გაშმაგებული.
საწყალი ჩიტი, შეპყრობილი დევნის მანიით!
მილიონობით ქვიშის მარცვალში ურევია შავიც და თეთრიც, რუჯისფერიც და მონაცრისფროც,
შერეული კვარციტის მარცვლებს – ვარდისფერსა და ამეთვისტოს.
ხუთი აფრენა
ჯერ ისევ ბნელა.
უცნობი ჩიტი ჩამომჯდარა შეჩვეულ ტოტზე,
გვერდით ეზოდან ისმის ყეფა პატარა ძაღლის,
(დაიყეფა მხოლოდ ერთხელ, შეკითხვის ტონით).
და იქნებ, ჩიტმაც დასვა შეკითხვები (როცა ეძინა)
გაუბედავად, ერთი ან ორი.
ამ შეკითხვებზე – თუ შეიძლება, მათ ასე ერქვას –
თავად ახალი დღე გასცემს პასუხს
მიუკიბავ-მოუკიბავად.
უზარმაზარი დილა თენდება, მოსაწყენი და ყველაფრისმჩენი.
ნაცრისფერი შუქი ციმციმებს ხის ყოველ ტოტზე,
ყოველ შტოზე, და ხის ცალ მხარეს
იხატება მეორე ხე – გამჭვირვალეძარღვებიანი…
ჩიტი კვლავ იქ ზის. როგორც ჩანს, ახლა მთქნარების დრო აქვს.
გვერდით ეზოში დარბის შავი პატარა ძაღლი
და უცებ ისმის პატრონის ხმა, გამკაცრებული:
– „უნდა გრცხვენოდეს!“
რა ჩაიდინა, ნეტავ, ასეთი?
გახარებული დახტის და ცელქობს
ხმელი ფოთლების კორიანტელში.
აშკარად ჩანს, მას სირცხვილის შეგრძნება არ აქვს.
ძაღლმა და ჩიტმა კარგად იციან – ყველა კითხვაზე არის პასუხი,
ყველაფერზე უკვე იზრუნეს,
აღარ არის საჭიროება შეკითხვების გამეორების.
– გუშინდელი დღე ერთობ მსუბუქად გადმოებარა დღევანდელობას!
(ის გუშინდელი, ასე მძიმე ტვირთად რომ მაწვა).
© არილი